
ავტორი:
წმ. იოანე კრონშტადტელი
თემა: რწმენა
იმედს, რომ ისმენს უფალი ჩვენს ლოცვას და მოგვცემს, რასაც ვითხოვთ, რწმენა უნდა ედოს საფუძვლად: უნდა გვწამდეს ღვთის სიკეთისა და უშურველობისა, რადგან ღმერთი მოწყალეა, უხვია და კაცთმოყვარე. აქვე გავიხსენოთ უთვალავი მაგალითი მისი სიკეთისა - ჩვენი ცხოვრება იქნება ეს, თუ სხვებისა (წმიდა წერილი, წმიდათა ცხოვრება). ჩვენს ლოცვას წარმატება რომ ჰქონდეს, მვედრებელს ლოცვის დაწყებამდე მტკიცედ, მთელი გულით უნდა სწამდეს, რომ ისმენს უფალი მის ლოცვას. ხშირად გვეძლევა სასურველი და განსაკუთრებით მაშინ, თუკი თხოვნა ჩვენს ცხონებას ეხება. და ეს ამბავი (ნათხოვნის მიღება), უსათუოდ მას, ღმრთის მადლს უნდა მიეწეროს და არა რაღაც შემთხვევითობას. და განა რა შეიძლება მოხდეს ყობლისმპყრობელი ღვთის სამყაროში მის გარეშე? ნამდვილად რომ ვერაფერი. რა იქნება, მისი ნების გარეშე, როგორ ბრძანებს მოციქული: "ყოველი მის მიერ შეიქმნა, და თვინიერ მისსა არცა ერთი რაი იქმნა, რაოდენი-რაი იქმნა" (იოან.1,3). ბევრი წყვეტს ლოცვას, აქაოდა, ჩემს თხოვნას ღმერთი არ ისმენსო, ზოგი ამბობს, ღმერთმა ჩემს გარეშეც კარგად იცის, რა მჭირდებაო, ლოცვა რა საჭიროაო და ამასობაში ავიწყდებათ მთავარი: "ითხოვდეთ და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით და ჰპოვოთ; ირეკდით და განგეღოთ თქუენ" (მთ.7,7). ჩვენი თხოვნა და ლოცვა ჩვენივე რწმენის განმტკიცებისთვისაა საჭირო, რადგან სწორედ ასე თუ ვცხონდებით "რამეთუ მადლითა ხართ გამოხსნილ სარწმუნოებისა მიერ, და ესე არა თქუენგან, არამედ ღმრთისა ნიჭი არს" (ეფ.7,7) და კიდევ "ჰე დედაკაცო, დიდ არს სარწმუნოება ეგე შენი" (მთ.15,28). მაცხოვარი მხოლოდ იმიტომ ითხოვდა მხურვალე ლოცვას, რომ განეძლიერებინა ამ ქალის რწმენა; ზოგოერთები კი იმასაც კი ვერ ხედავენ, რომ საერთოდ არა აქვთ სარწმუნოება, ანუ არ გააჩნიათ ის, რაც სიცოცხლესავით აუცილებელია. ისინი, ურწმუნოები, ცილს სწამებენ ღმერთს, ეშმაკის ნაშიერნი არიან და არ იმსახურებენ ღვთის სიკეთეს, განწირულები არიან. ამიტომაა, ლოცვისას ხურდეს უნდა კაცის გული ღვთის სიკეთეების მიღები სურვილით, ვარვარებდეს უნდა გული ღვთის სიყვარულში, რომ ჭვრეტდეს ღვთის უკიდეგანო სიკეთეებს ადამის მოდგმის მიმართ, რომელიც მზადაა მამობრივი სიყვარულით შეისმინოს თითოეული მათგანის ყველა ლოცვა. და "უკეთი თქუენ უკეთურთა იცით მისაცემელი კეთილი მიცემად შვილთა თქუენთა, რაოდენ უფროისღა მამამან თქუენმან ზეცათამან მოსცეს კეთილი, რომელნი სთხოვდენ მას" - (მათ.7,11).