გაგვითენდა! როგორც არის, ცა გაგვეხსნა! ბოლოს ჩვენთვისაც დაირეკა ბრწყინვალე აღდგომის სალიტანიო

გაგვითენდა! როგორც არის, ცა გაგვეხსნა! ბოლოს ჩვენთვისაც დაირეკა ბრწყინვალე აღდგომის სალიტანიო მხიარული ზარები! საქართველო აღდგა, ჩვენი სათაყვანო სამშობლო უკვე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არის გამოცხადებული!
    როგორც მკვდრეთით აღდგომილსა ქრისტემ თვისი საფლავის კარიდან გადააგორა ლოდი, ისე დღევანდელმა საქართველომ მოიხსნა მონობა, ასი წლის განმავლობაში მძიმე ლოდად რომ აწვა მკერდზე, ულმობელად, რომ ბორკავდა მას და უსულო ცხედარს ამსგავსებდა...
    ასეტი ბედნიერება მინდორში არ გვიპოვია; ამას მივაღწიეთ, როგორც კურთხეული ქართველი ერის მედგარი და გონიერი, ხანგრძლივი მეცადინეობით, ისე ჩვენი სასოების, იესო ქრისტეს წყალობით, ჩვენი სამშობლოს დაუცხრომელი მეოხებით, წმიდა ღმრთისმშობლის ფარვამცველობით, ჩვენი სულიერი დედის, - მოციქულთასწორი ნინოსი და ჩვენი სისხლისა და ხორცის, ლუარსაბისა და ქეთევანის - საქართველოს კეთილდღეობისათვის მარადდღე ღმრთის წინ მხურველა შუამდგომლობით!
    ქება და სახელი შენ, ქართველო ერო, დიდება და თაყვანისცემა, ტკბილო იესო, წმიდით დედით შენითურთ, მადლობა და შვილებრივი სიყვარულით მარად ხსენება თქვენ, ჩვენო გაუქრობელნო სულიერნო ლამპარნო, მოციქულო ნინო, დავით აღმაშენებელო, უკვდავო თამარ, ქეთევან და სხვანო!..
 
0