დიდება ღმერთსა სრულმყოფელსა ყოვლისა კეთილისასა! დიდი ისტორიული დღე გაგვითენდა. 26 მაისი სამუდამოდ და

დიდება ღმერთსა სრულმყოფელსა ყოვლისა კეთილისასა!
    დიდი ისტორიული დღე გაგვითენდა. 26 მაისი სამუდამოდ და საშვილიშვილოდ დარჩება ფრიად მნიშვნელოვან დღედ. აღსრულდა ჩვენი უდიდესი ნატვრა, ჩვენ ნეტარხსენებულთა წინაპართა მუდმივი ლტოლვილება. ღმერთმა განუსველოს იმ თავდადებულ მამულიშვილებს, რომელთაც თავი შესწირეს სამშობლოს კეთილდღეობისთვის და თავგანწირულად იბრძოდნენ ჩვენი ქვეყნის განთავისუფლებისათვის. დიდი წვალების შემდეგ იშვა ჩვენი თავისუფლება, და ობლის კვერისავით გვიან გამოცხვა.
    მადლობა ღმერთს! ასი წლის მონობის ბორკილი აეხსნა მრავალტანჯულ ქართველ ხალხს. ეს უდიდესი აქტი ერთხმად მიიღო ყველა წოდების ქართველმა, მიუხედავად პარტიებისა და რწმენისა. აღსრულდა მუდმივი ნატვრა საქართველოსი. 26 მაისს 5 საათზე გაისმა პირველი თავისუფალი სიტყვა თავისუფალ საქართველოში. მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა გვაკისრებს დიდ ზრუნვას და დიდ მოქალაქეობრივ სიბრძენ-სიფხიზლეს თხულობს ჩვენგან.
    ერთოებაში არის ძალა, და თუ ასეა, ეხლანდელი მომენტი მითუმეტეს მოითხოვს ყველასაგან ძმურ შეერთებას და შრომას.
    თავისუფლება ის წმინდა და ტკბილი დესის ძუძუა, რომელმაც გამოგვზარდა ჩვენ და კაცად გვაქცია. როდესაც კაცს უბედურება თავზედ დაატყდება დაჰკარგავს მას, ველური კაცის ხარისხზედ ჩამოდის იგი. მონობისთანა მწარე ხვედრი დედამიწამ არ იცის. თავისუფლებას ბინა აქვს თავისუფალი კაცის გულში. იგი დამაგვირგვინებელია ჩვენი ცხოვრებისა. თავისუფლება ღმრთიური ნიჭია.
    ჭეშმარიტი მამულიშვილი მოვალეა, თუ პოლიტიკური გარემოება მოითხოვს, იარაღით ხელში დაიცვას მამაცმა მამულიშვილმა მოპოებული თავისუფლება. "კაცი ჯაბანი რიტი სჯობს, ამბობს უკვდავი შოთა, დიაცსა ქსლისა მბეჭველსა და სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა".
    მაშ, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!
    გაუმარჯოს თავისუფალ ქართველ ხალხს!
    გაუმარჯოს ყველა იმ ერებს, რომელნიც ჩვენთან ერთად იცხოვებენ თავისუფალ საქართველოში!
    მიიღე ეს უძველესი ბაირაღი, რომელიც დიდი სიფრთხილით დაცული იყო ერთს ქართველ ოჯახში და რომელიც არაერთხელ ჩვენ წინაპართა ძლევამოსილი მოუტანიათ სამშობლოში, - გაუფრთხილდეთ მას, როგორც ეროვნულ სიწმინდეს.
    ლოცვა კურთხევა და მადლი უფლისა ჩვენისა გიძღოდეთ და მარად ჰფარვიდეს ქართველ ერს. ამინ.
 
0