
ავტორი:
წმ. ილია მართალი
თემა:
საქართველო
რა არ გადაგვხდენია თავს, რა მტრები არ მოგვსევიან, რა ვაივაგლახი, რა სისხლის ღვრა, რა ღრჭენა კბილთა
რა არ გადაგვხდენია თავს, რა მტრები არ მოგვსევიან, რა ვაივაგლახი, რა სისხლის ღვრა, რა ღრჭენა კბილთა არ გამოგვივლია, რა წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩვენს თავზედ და ყველას გავუძელით, ყველას გავუმაგრდით. შევინახეთ ჩვენი თავი, შევირჩინეთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მიწა-წყალი. ლანგ-თემურებმა ჩვენს საკუთარ სისხლში გვაბანავეს და მაინც დავრჩით და გამოვცოცხლდით. შაჰ-აბაზებმა ჩვენის კბილით გაგვაგლეჯინეს ჩვენი წვრილ-შვილნი და მაინც გამოვბრუნდით, მოვსულიერდით, აღა-მაჰმად-ხანებმა პირქვე დაგვამხეს, ქვაზედა არ დაგვიყენეს, მოგვსრეს, მოგვჟლიტეს და მაინც ფეხდეზ წამოვდექით, მოვშენდით, წლეში გავსწორდით. გავუძელით საბერძნეთს, რომსა, მონღოლებს, არაბებს, ოსმალ-თურქებს, სპარსელებს, რჯულიანს და ურჯულოს და დროშა ქართველობისა, შუბის წვერით, ისრით და ტყვიით დაფლეთილი, ჩვენს სისხლში ამოვლებული, ხელში შევირჩინეთ, არავის წავაღებინეთ, არავის დავანებეთ, არავის შევაგინებინეთ. ცოდვა არ არის, ეს დროშა ახლა ჩრჩილმა შესჭამოს, დაგვმა დაგვიჭრას?.. დრო-ჟამი ამას გვიქადის.
|