საცოდავია ის ერი, რომლის წარსული ბრწყინვალე იყო, ხოლო აწმყო კი ძლიერ ნაკლებია, რომელიც ოდესღაც

საცოდავია ის ერი, რომლის წარსული ბრწყინვალე იყო, ხოლო აწმყო კი ძლიერ ნაკლებია, რომელიც ოდესღაც დიდებულად ცხოვრობდა და ახლა კი ჩამოქვეითებულია! გინახავთ თქვენ თუ არა ძველებური ტაძრები ატენისა, მეტეხისა, წრომისა სამთავისისა, იკორთისა, თიღვისა და სხვანი მრავალნი ძველნი ნაშთნი, რომელნიც ამ ქალაქს გარს ახვევიან? თუ გინახავთ, უსათუოდ იმათის ხილვით გონების თვალწინ გადაგეშლებოდათ ნათელი სურათები ჩვენი წარსულისა ცხოვრებისა და ამასთანავე იგრძნობდით გულში საშინელ ტკივილებს, როცა თვალს გადაავლებდით ჩვენს ახლანდელ უნუგეშო მდგომარეობას; თქვენ უსათუოდ კვნესით წამოიძახებდით; რანი ვყოფილვართ და აწ რანი ვართ! რა ხელოვნურად, რა მშვენიერად არიან აგებულნი ძველნი ტაძარნი. ამისთანა შენობები რომ აღუმართავთ ჩვენს უძველეს წინაპრებს, ალბათ ისინი ყოფილან ძალიან განათლებულნი, ეკონომიურად ღონიერნი, მდიდარნი, მოგეხსენებათ, რომ მტკვრის გაღმა-გამოღმა ძველად წყალსადენები ყოფილა. მინდვრები წყლით საკმაოდ ირწყვებოდა, და ამის გამო მოსავალი უხვი იქნებოდა. სარწყავი წყლის არხების ნიშნებს ახლაც ვპოულობთ, რას მოწმობს ეს, თუ არა იმას, რომ ჩვენს ძველებს ჰქონდათ მაღალი კულტურა? ქვებზე წარწერანი, ტყვაზედ ხელნაწერნი, სასწავლებელთა ნანგრევნი ღაღადებენ, რომ ჩვენში მწიგნობრობა, განთლება მაღლა იდგა, ხოლო ახლა რას წარმოვადგენთ ჩვენ? სადაც ერთ დროს ცხოვრობდა გონიერი, გათვითცნობიერებული, განათლებული, შნოიანი, სუფთალაზათიანად გამოწყობილი, მხიარული, ამაყი ქართველი, იქ დღეს ძლივს საწყლად არსებობს შეუგნებელი, უვიცი, პირდაუბანელი. კისერ-ჩაჟანგებული, ჭუჭყიან, დაფლეთილ ფარაჯაში გახვეული, ფეხშიშველი, ნახევრად მშიერი, დაღვრემილი ქართველი. ესე ყოველივე ძალიან სამწუხაროა. მაგრამ უფრო სატირალი ისაა, რომ ჩვენმა ხალხმა დაკარგა ძველი, მამაპაპური თვისება: ღრმა, მხურვალე სიყვარული ეკლესიისადმი. სად არ ნახავთ ჩვენში საუცხოვო ტაძრებსა? ისინი მრავლად არიან მთებზე, ტყეებში, მინდვრებზე. თუმც ისინი მიტოვებულნი, მინგრეულნი არიან, მაგრამ მაინც ამაყად დგანან და ქვეყანას აუწყებენ უძველს ქართველთა ცხოველ მორწმუნეობას, მაღალ ზნეობას. ჩვენს წინაპრებს რომ არ ჰქონოდათ მხურვალე სიყვარული ღვთისადმი, არც ამდენ და ასე მშვენიერ ტაძრებს ააშენებდნენ და არც ამდენ და ასე დიდ მონასტრებს დააარსებდნენ, როგორც საქართველოში, ისე გარეთაც, სხვა ქვეყნებში. როგორც ახლა ჩვენში შემცირდა სარწმუნოება, ისე პატარა და ულაზათო ეკლესიები შეგვრჩა ხელში და ისინიც მომეტებულად ცარიელნი არიან. აი, ეს ქალაქი ხომ გულია მთელის ქართლისა, მაგრამ აი, როგორის მცირე და ღარიბად მოწყობილ ეკლესიით ვკმაყოფილდებით! ინტელიგენცია, ნასწავლნი დიდი ხანია განშორდა ეკლესიას. უბრალო ხალხმაც კი აიყარა გული ეკლესიაზე. იკლო ჩვენში სარწმუნოებამ და აკი ამიტომ ზნეობაც დაეცა. სადაა ჩვენში სიყვარული? ძმობა? მშვიდობიანობა? კაცს თავის სახლლში ვერ მოუსვენია, გზაზე ვერ გაუვლია, ვერ უშრომნია პატიოსნად ქონების შესაძენად.
    ასე უბედურნი ვართ ქართველები ყოველი მხრითა! რა გვეშველება, ძმანო? ტუ ასეთმა ჩევნმა მდგომარეობამ დიდხანს გასტანა, აღვიგვებით პირისაგან ქვეყანისა. როგორ დავაღწიოთ თავი ამ საშინელ ბედსა? როგორ, რითი, ამის თქმა ადვილია, ამის გაგებისათვის დიდი სიბრძნე არაა საჭირო. მოქმედება უნდა. ნათქვამს ასრულება უნდა. დავუბრუნდეთ ეკლესიას; ძველებურად, მამაპაპურად შევიყვაროთ იგი. ჩვენი ხსნა გადაგვარებისაგან ეკლესიასთან მჭიდროდ დაკავშირებულია. მეტი ყურადღება მივაქციოთ სოფელსა და შევიტანოთ შიგ სწავლის, ჭეშმარიტის მეცნიერების ცხოველმყოფელი სხივები. როდის იქნება ის დრო, რომ ჩვენი სოფლელები კვირაუქმე დღეებში, ღვთისმსახურების შემდეგ, თავს მოიყრიან ერთად და დაიწყებენ გაზეთებისა და წიგნების კითხვას და იმსჯელებენ საზოგადო საქმეებზე? დავეხმაროთ ერთიმეორეს. შეძლებულებმა გამოვიღოთ წილი ჩვენი ქონებისაგან და ძმათათვის სასიკეთო საქმეებს მოვახმაროთ. ცოტ-ცოტა მაინც გადავდოთ საზოგადო კეთილდღეობისათვის, ჩვენი ხალხის წელში გამართვისათვის, წინმსვლელობისათვის ფული და ფულია საჭირო.
 
0