
ავტორი:
წმ. იოანე კრონშტადტელი
თემა: მამაო ჩვენო
სულით და ჭეშმარიტებით მოუდრიკეთ ქედი ღმერთს. გულწრფელი ხარ? როცა ამბობ: წმინდა იყავნ სახელი შენი. ნამდვილად გსურთ? ღვთის სახელი გაბრწყინდეს სხვებისა და შენი კეთილი საქმეებით? იძახი მოვედინ სუფევა შენი და გსურს კი, ნამდვილად ღვთის სუფევა, გინდა კი, ჭურჭელი იყო სული წმინდისა და არა საცავი ცოდვისა? ამბობ: იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედაო, მაგრამ, უფრო საკუთარ ნებას ხომ არ ეძებ ვიდრე ღვთისას? ხო, კი, ევედრები: პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, მაგრამ გულში ეს ხომ არ დევს: მაგას არ ვითხოვ, ეგ თხოვნის გარეშეც მაქვს, ეგ ღატაკებმა ითხოვონო? ან იქნებ სიძუნწით მეტი გვინდა გვქონდეს და მცირედი არ გვკმარა, ან იმით, რაც ღმერთმა მოგვცა, არ ვკმაყოფილდებით, არ ვმადლობთ უფალს ყველაფრისათვის, არადა, გვმართებს, ნამდვილად გვმართებს მადლიერება. როცა ითხოვ ღვთისგან: მოგვიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, როგორც ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, იქვე იქნებ ასე ფიქრობ: ღმერთმა კი არა, მე თვითონ ვიცი რა ცოდვილიც ვარ, არა მგონია სხვებზე უარესად ვცხოვრობდე, ცოდვების მიტევებაც არ მესაჭიროებაო; და გულში კი განრისხებული, გაბრაზებული ხარ მავანზე? იცოდე, ამით თავხედურად ცრუობ ღვთის წინაშე. ამბობ: ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსაო, მაგრამ პირიქით ხომ არაა, იქნებ ლოცულობ, არც კი აცლი მოსვლას განსაცდელს, თავით მიექანები ცოდვისაკენ? ემუდარები: მიხსენი ბოროტისაგანო, მაგრამ ერიდები კი მზაკვრობას, საერთოდ, ყველა სახის ბოროტებას, რომელთა უფროსიც ეშმაკია? დააკვირდი, შენი გული და ენა სხვა და სხვას არ ამბობდეს. გაფრთხილდი, არ ცრუობდე ლოცვისას, ღვთის წინაშე. ერთი იფიქრე მუდამ, როცა უფლის ლოცვას, ან ნებისმიერ ლოცვას კითხულობ: ეთანხმება კია შენი გული იმ ყველაფერს, რასაც ენა ამბობს?