ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: ღვთის აღიარება
498. რა არის სჯულის აღსარება?
აღსარება სჯულისა ორნაირია: სიტყვით და საქმით. სიტყვით ღმერთს ის აღიარებს, ვიცნ ენით წარმოთქვამს ქრისტეს სახელსა და მის სარწმუნოებას, ხოლო საქმით ის, – ვინც ცხოვრებითა და საქმეებით გამოხატავს იესო ქრისტეს სახარების ერთგულებას.
499. რამდენად სათნოა ღვთისათვის, მხოლოდ სიტყვით რომ ვაღიარებდეთ უფალს?
ვისაც სურს სათნო ეყოს უფალს, ორივე აღსარება უნდა აღასრულოს, ე.ი. სიტყვა და საქმე შეაერთოს. ვინც მხოლოდ ენით აღიარებს უფალს, ხოლო საქმით მისი მცნებების წინააღმდეგია, იგი არა თუ ქრისტიანი არაა, არამედ მოღალატეა ქრისტესი. მაცხოვარი გვასწავლის: „არა ყოველმან, რომელი მეტყოდეს მე, უფალო, უფალო და შევიდეს სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან აღასრულნეს სიტყვანი ჩემნი“.
500. როგორი ცხოვრების წესით ვაღიარებთ ქრისტეს?
გახსოვდეს, რომ მთელი შენი არსებით – სულითა და ხორცით – ქრისტეს ეკუთვნი, მისი სისხლით გამოსყიდული ხარ, მასთან შეერთებული, ნათლობისთანავე მისი სახელი გეწოდება, თუ კეთილად იცხოვრებ, ქრისტეს აღიარებ, უკეთუ შესცოდავ და არ მოინანიებ, მისი მოღალატე ხარ. ქრისტეს აღიარებ მაშინ, თუ გლახაკს, შენზე გაჭირვებულ ძმას შეეწევი; მისი მოღალატე ხარ, თუ მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავ. ქრისტეს ადიდებ, თუ მოყვასი, რომელიც მან შეიყვარა და მისთვის სისხლი დათხია, შენც გიყვარს; ქრისტეს უარყოფ, თუ მოყვასთაგან რომელიმე მოიძულე. ქრისტეს აღიარებ მაშინ, როცა ყოველთვის სიმართლეს ამბობ და არასოდეს იტყუები, ხოლო ღალატობ, უკეთუ მზაკვრულად იქცევი, მოყვასს ჯერ იუდასავით ამბორს უყოფ და შემდეგ ყიდი. გახსოვდეს, რა პატიოსან სასყიდელს აღუთქვამს ქრისტე მის აღმსარებლებს. რა არის იმაში დიდი და საკვირველი, რომ სახელი ქრისტესი რამდენიმე ადამიანის წინაშე აღიარო, მაშინ იგი ანგელოზთა წინაშე, ხოლო მეორედ მოსვლისას კი მთელი სამყაროს წინაშე აღიარებას აღგითქვამს.