ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: მღვდლობა
576. რა უფლება მიანიჭა ღმერთმა მღვდელმსახურთ?
ვინც გააცნობიერა ჯერ კიდევ სისხლსა და ხორცში მყოფი კაცის ნეტარ, უკვდავ ბუნებასთნ სიახლოვის მნიშვნელობა, მისთვის ნათელი უნდა იყოს, რა პატივით შემოსა წმინდა სულმა მღვდელმსახური. მათი მეშვეობით აღესრულება მღვდელმოქმედება და სხვა მსახურებანი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი სრულყოფისა და ცხონებისათვის. ხალხს, ჯერაც ამ სოფელში მიმოქცეულთ, ენიჭებათ განმგებლობა ზეციურისა, უფლება, რომელიც ღმერთს თავისი ანგელოზებისა და მთავარანგელოზებისთვისაც არ უბოძებია. მათთვის არ უთქვამს: „რაოდენი შეჰკრათ ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა, და რაოდენნი განჰხსნათ ქუეყანასა ზედა, ხსნილ იყოს იგი ცათა შინა“ (მათ. 18.18). მეუფეთ მიწაზე მხოლოდ სხეულის შეკვრის უფლება როდი ეძლევათ. ეს საკვრელი აქაც შებოჭავს სულს და იმ სოფელშიაც გაჰყვება. აქ მღვდლების ნამოქმედარს, იქ, ცაში, ღმერთი დაასრულებს და შეხედულებებს მონათა თვისთა დაამტკიცებს მეუფე. განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთმა მათ ყველა ზეციური უფლება მიანიჭა? და კიდევ: „უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრეთ, შეპყრობილ იყვნენ“ (იოან. 20.23). განა არსებობს ამაზე დიდი უფლება–მოსილება?