ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: თეატრი კინო
936. როგორ ამხელენ წმ. მამები იმ მორწმუნეებს, რომელთაც უყვართ თეატრალურ წარმოდგებებსა და სხვადასხვა გასართობ სანახაობებზე დასწრება?
ნუთუ არ გეშინია შენ, ადამიანო, ერთი და იმავე თვალებით უმზირო თეატრის სცენას, სადაც საზიზღარი დრამები თამაშდება და ამ წმიდა ტრაპეზს, რომელზედაც საშინელი საიდუმლონი აღესრულება? ერთი და იმავე ყურებით უსმინო მეძავი ქალის ბილწსიტყვაობას და წინასწარმეტყველთა და მოციქულთა დამმოძღვრელ სიტყვებს? ერთი და იმავე გულით მიიღო მომაკვდინებელი შხამი და წმიდა ზიარება? განა აქედან არ იწყება ცხოვრების გარყვნა, საქორწინო კავშირის რღვევა, დავა და შფოთი ოჯახებში? როდესაც სანახაობებზე მიღებული შთაბეჭდილებებით შინ მობრუნდები და გემოთმოყვარეობითა და უბიწოების მკვლელი ვნებებით შეპყრობილი შენს მეუღლეს იხილავ, უკვე აღარ გესიამოვნება მისი დანახვა. მაცდუნებელი სახეების ცქერით დატყვევებულს უკვე გეზიზღება იგი, შენივე ცხოვრების კეთილკრძალული მეგობარი და შეურაცხმყოფელი სიტყვებით ამკობ მას, იგონებ რა ათასგვარ მიზეზს ჩხუბისა და უთანხმოებისათვის. მაგრამ რაღას ვამბობ ცოლსა და ოჯახზე? თავად ეკლესია აღარ იქნება შენთვის ისეთი სასურველი და სიტყვებს სიწმინდისა და უბიწოების შესახებ უგულისყუროდ დაუგდებ ყურს. ეს სიტყვები მოძღვრება როდი იქნება შენთვის, არამედ მსჯავრად გადაგექცევა. ამიტომაც, გთხოვთ ყველას, გაექეცით თეატრალურ წარმოდგენებსა და გასართობ სანახაობებს. რადგან ყოველივეს, რაც იქ ხდება, სულის წარწყმედისა და მარადიული სასჯელისაკენ მიჰყავხართ.