ავტორი:
ეპისკოპოსი ზენონი
გამოკვეთილად განსახილველ საკითხად მივიჩნიეთ ქორწინებაც. ადამიანის სრულფასოვანი ცხოვრება
გამოკვეთილად განსახილველ საკითხად მივიჩნიეთ ქორწინებაც. ადამიანის სრულფასოვანი ცხოვრება წარმოუდგენელია ისეთი პირადი სივრცისა და სამყაროს გარეშე, როგორიცაა ოჯახური გარემო. ნიშანდობლივია, რომ ამ თვალსაზრისით გარკვეული ასაკობრივი და სქესობრივი მოწიფულობის შედეგად ხდება სურვილის აღძვრა და შეაბამისად, დასახული მიზნის განხორციელებაც. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მეუღლის ყოლის სურვილი ყოველთვის ფიზიოლოგიურ მოწიფულობასთან არ არის დაკავშირებული, ასეტი მიდრეკილება პიროვნებაში შეიძლება ადრეულ ასაკშიც გაჩნდეს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ძნელი სათქმელია, რომ იგი პირად ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას წარმოადგენს, ასევე ნაკლებ დამაჯერებელია, ეს სურვილი ოჯახური ყოფიერების აუცილებლობის გააზრებიდან მომდინარეობდეს. მისაღები იქნება, თუ ვიტყვით, რომ როდესაც ადგილი აქვს ადრეულ ასაკში მსგავსი სურვილის გამოვლენას, საქმე გვაქვს მიმბაძველობითი მოსურნეობის ისეთ შემთხვევასთან, რომელიც დაკავშირებულია გარეგნულ მომხიბვლელობასთან და ეს შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს. ურიგო არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ეს დაკავშირებულიაბავშვური ფანტაზიებისა და წარმოსახვების არსებობასთანაც. დავუბრუნდეთ ურთიერთშეუღლების თემის ჩვენთვის საინტერესო ასპექტებს. მინდა აღვნიშნო, რომ განსხვავებულ სქესთა ურთიერთლტოლვის არსობრივ-მიზეზობრივი ძიება არ მაქვს მიზნად დასახული. ეს მომდინარეობს იქიდანაც, რომ მისი სამეცნიერო ან შემეცნებითი თვალსაზრისით ახსნის მცდელობა საკმაოდ დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. მიმაჩნია, რომ იგი უდიდეს საგანმანათლებლო-ინფორმაციულ მარაგს და კვლევა-ძიებით გამოცდილებას მოითხოვს. ამიტომ დავკმაყოფილდეთ ბიბლიური ცნობით, სადაც გადმოცემული და მოთხრობილია მამაკაცისა და ქალის ურთიერთშეუღლების, ერთმანეთთან დაკავშირების, მათი ურთიერთლტოლვის პირველსაწყისები და მიზეზები. ხაზგასმით აღსანიშნავია შემდეგი: იგი წარმოადგენს საღმრთო შემოქმედებით პრეროგატივას. ამდენად არის რა ბუნებრივად არსებული, მასშია დაფუძნებული ჩვენი ფიზიკური არსობის დასაბამი.
|