ავტორი:
დავით ეპისკოპოსი
თემა:
ქრისტიანობა
ღმერთს უყვარს ყველა ადამიანი განურჩევლად; ის მზად არის, ყველას შეუერთდეს. მოჰფინოს მას თავისი
ღმერთს უყვარს ყველა ადამიანი განურჩევლად; ის მზად არის, ყველას შეუერთდეს. მოჰფინოს მას თავისი ცხოველმყოფელი მადლი და ნეტარყოს იგი. მსგავსად იმისა, როგორც მეგობრის სულიერნი განწობილებანი გადმოგვეცემიან ხოლმე ჩვენ, მსგავსად იმისა, როგორც სიყვარული საყვარელი ადამიანისა გვახარებს, მსგავსად იმისა, როგორც მეგობარი თავისის სიახლოვით გვინელებს და გვიქრობს მწუხარებასა, სწორედ ისე ცხოვრება უზენაესისა გადადის ადამიანის სულში. ქრისტიანე ივსება ამ ღვთაებრივი ცხოვრებით, რომელიც გამოიხატება იმ ნათლოვან გრძნობებში, იმ განწყობილებებში, რომელთაც პავლე მოციქული უწოდებს სულის ნაყოფთა, სახელდობრ, სიყვარულში, სიხარულში, მშვიდობაში, სარწმუნოებაში, მყუდროებაში, მარხვაში, მოთმინებაში (გალატ. 5, 22). ამისთანა კაცი თავის ცხოველ და კეთილ განწყობილებაში ზეციურ მამასთან პოულობს ამ ცოდვით სავსე ქვეყანაში არსს სიტკბოებისა და სულის კმაყოფილებას; ის მაგრად, სწორად, მხნედ და მხიარულად მიდის ცხოვრების ეკლიან გზაზე; ვერაფერი მას ვერ შეაჩერებს და გზას ვერ დააკარგვინებს; ის თამამად და მედგრად ებრძვის სხვადახვა დაბრკოლებათა და იცილებს მათ თავიდგან. ეწევიან მას უბედურებანი. ის ტანჯვათა ცეცხლშიც უვნებელად და ბრწყინვალის სახით გადის. შეუმცირდება მას ცხოვრების საშუალება, იძულებულ იქნება, დასჯერდეს გამხმარ მჭადსა. მაშინაც იგი ბედნიერია; ის აღამაღლებს თავის გონებასა და გულს ღვთისადმი და მხურვალე ლოცვაში ხორციელ საზრდოს ნაცვალყოფს სულიერი საზრდოთი, და მისი სული ძღება. ივსება სიხარულით და მის სხეულს ძალა ემათება. დასცემს მას სასტიკი სენი, აეშლება მას ტკივილები, მაშინაც იგი მოსვენებული და ბედნიერია; მისი სული აღფრთოვანდება ღვთისადმი, მის წინ იხსნება ცა და ის ხედავს დიდების ტახტზე მჯდომარეს, და იქიდან გადმოდის მასზე საოცარი დამატკბობელი ცხოველი წყალი, გამომანელებელი სიცხისა და დამაამებელი წყლულებისა. გარემოიცავენ მას ყოველ მხრიდამ მტერნი, შეავიწროებენ და დაუწყებ მას შემუსვრასა? მაშინაც იგი დამშვიდებულია: ის აღმართავს თავის გონებასა და გულს ღვთისადმი, მწუხარეთა ნუგეშის მცემელისადმი, და მისი გულის სიღრმიდან იწყებს ციმციმით დენას, წყარო სასიხარულო გრძნობათა, რომელნიც მთელ მის არსებაში ვრცელდებიან და დევნიან მისგან ჭმუნვარების ღრუბლებს და აძლევენ მას სიმხნესა და სიმაგრეს გარეგან უბედურებათა ატანაში. წაართმევს მას სიკვდილი გულითად, საყვარელ მეგობარს, ანუ ნათესავსა? - მაშინაც არ ირღვევა მისი მშვიდობიანობა; ის ზეცაში სჭვრეტს ღმერთს და მისი ტახტის მახლობლად ის ხედავს თავის ძვირფას მიცვალებულსა. დიახ, მხოლოდ ქრისტესთან ცხოვრებაში იპოვება ბედნიერება ნამდვილი, წარუვალი, სამარადისო, რადგან უცვალებელი და მარადმყოფია ის, რომლიდგანაც იგი წარმომდინარეობს. ქრისტესებრი ცხოვრება, - აი, რას უნდა მივაპყროთ ჩვენ ჩვენი სულიერნი ძალნი, ეს დაუფასებელი საუნჯე ყველასთვის მისაწვდომია. ის მისაწვდომელია როგორც ნათელმოსილი გონების პატრონისთვის და მაღალი განათლებისატვის, ისე უბრალო, უსწავლელი ადამიანისთვისა; ის მისაწვდომია როგორც დიდი სიმდიდრის მფლობელისთვის, ფუფუნებისა და განცხრომაში მცხოვრებისათვის, ისე დაძონძილ ტანისამოსში გახვეულისთვისაც და შეძლებული ოჯახიდან ქუჩაში გადაყრილი პურის ნატეხების მჭამელისათვის; ის მისაწვდომია, როგორც თავისუფალი ადამიანისათვის, ისე მონობის უღელში გაბმულისატვისაც; ის მისაწვდომელია როგორც ძალ-ღონით, სიცოცხლით და მშვენიერებით აღსავსე ადამიანისთვისაც, ისე გარეგან ღირსებათა მოკლებულისთვისაც.
|