
ავტორი:
წმ. ეფრემ ასური
თემა: სინანული
დღე საწუთროდან მსწრაფლ განსვლას გიხმობს, ამგვარად: "სწრაფად გადი ჩემგან", და ღამე სამკვიდრებლის დატოვებას გიბრძანებს. დრო გეუბნება: "გაათავისუფლე აფგილი". ცისკარი გდევნის ვიდრე მწუხრამდე და ღამე გდევნის გათენებამდე. ესენი არ დაცხებიან, ვიდრე ცხოვრებიდან არ გაგაძევებენ. რატომ გძინავს ასე უგუნურად, შენი მტრები და შენი სულის მეძიებლები ფხიზლობენ და გამალებით ცდილობენ შენს გაყვანას ამ ქვეყნიდან! დრონი სწრაფად გადასცემენ შენს თავს ერთიმეორეს - წინა ჟამი უკანას. დღეები და თვეები თავიანთი ძალის შესაბამისად აკლებენ დროს შენს ცხოვრებას და წელიწადი დიდ ნაწილს მოარღვევს შენი ცხოვრების ნაშენებს. შენი მდევარი სწრაფია, მრავალია და მყისვე აკლებს შენს დღეებს, რომლებიც დათვლილია. შენი ცხოვრება ჟამიერია და მიდრეკილია, როგორც წყალი ჩანჩქერში, და როგორც აჩრდილი მზის დასვლისას. სინანული ამაოდ ქცეულა შენთვის, ის განშორებულია შენგან, ცოდვა კი ახლოს არის. შენ ყოველდღიურად აღასრულებ მას და ამბობ: ხვალ მოვინანიებ. "ხვალ" კი ფრიან შორს არის შენგან და ვაითუ არც დადგეს. რომელ დღეს აპირებ მონანიებას, გვითხარი, რომ ჩვენც ვიცოდეთ ის დღე და შენთან ერთად გავიხაროთ. შენ მიერ აღთქმული დღე რომ დადგება, შენ მაშინაც დააყოვნებ სინანულს. მრავალმა დღემ განვლო ბოროტმოქმედებაში და შენი დღე აღარ მოიწია. მრავალი ჟამი იცვალა, შენი სინანულის ჟამი კი აქამდე არ ჩანს