წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

სასარგებლოა, რომ ჩვენში სიკვდილის ხსოვნა განვაცხოველოთ სასაფლაოზე მისვლით, ავადმყოფთა მონახულებით,

სასარგებლოა, რომ ჩვენში სიკვდილის ხსოვნა განვაცხოველოთ სასაფლაოზე მისვლით, ავადმყოფთა მონახულებით, ახლობელთა გარდაცვალებისა და დაკრძალვაზე დასწრებით, ჩვენს მიერ ნანახი და გაგონილი თანამედროვე სხვადასხვანაირი სიკვდილის ხშირი გახსენებით... შევიგნოთ ჩვენი მიწიერი ცხოვრების ხანმოკლეობა და ყოველი მიწიერი მონაგებისა და უპირატესობის ამაოება; შევიგნოთ საშინელი მომავალი მათი, რომელნიც მხსნელსა და ხსნას უგულებელყოფენ და რომელთაც თავი სრულიად მიუძღვნეს ცოდვასა და ხრწნილებას, – განვაშოროთ ჩვენი გონებრივი თვალნი ამქვეყნიურ მაცდურ და თავბრუდამხვევ სილამაზეს, რომელიც მარჯვედ იპყრობს ადამიანის სუსტ გულს მისადმი სიყვარულითა და მსახურებით; თვალი მივაპყროთ საშინელ, მაგრამ მხსნელ სანახაობას – ჩვენს მოსალოდნელ სიკვდილს. დროულად ვიტიროთ ჩვენი თავი, განვიწმიდოთ, განვიბანოთ ცრემლებითა და აღსარებით ჩვენი ცოდვები, რომელნიც ჩაწერილნი არიან სოფლისმპყრობელის წიგნებში. მოვიხვეჭოთ სულიწმიდის მადლი – ეს ბეჭედი, ეს ნიში რჩეულისა და ცხონებისა: იგი აუცილებელია საჰაერო სივრცეში თავისუფალი სვლისათვის და ზეციურ კარიბჭესა და სავანეში შესვლისათვის...
    სამოთხიდან განდევნილნო! ჩვენ დედამიწაზე არც სამხიარულოდ, არც სადღესასწაულოდ, არც სათამაშოდ არ ვიმყოფებით, არამედ – რათა რწმენით, სინანულითა და ჯვრით მოვკლათ ჩვენი მკვლელი – სიკვდილი და დავიბრუნოთ დაკარგული სამოთხე.
    დაე, მოწყალე ღმერთმა მიანიჭოს ამ სიტყვების მკითხველსა და შემდგენელს მიწიერ ცხოვრებაში სიკვდილის ხსოვნა, რათა მისი ხსოვნით, ყოველგვარ ამაოებაზე უარის თქმით და მარადისობისთვის ცხოვრებით განაგდოს სიკვდილის სისასტიკე, როცა დადგება მისი ჟამი, და მიიცვალოს ნეტარ, მარადიულ, ჭეშმარიტ ცხოვრებაში. ამინ.
 
0