ნეტარი მუზა ქალწული

მოიხსენიება 16 მაისს (ახალი სტილით: 29 მაისს)
ნეტარი მუზა ქალწული (V) ზნეკეთილობით გამოირჩეოდა. წმიდა გრიგოლ დიოლოღოსმა მის შესახებ არქიდიაკონ პეტრეს მოუთხრო ის, რაც წმიდანის ძმისგან, პროვასგან გაეგონა. ერთხელ ნეტარს ძილში გამოეცხადა ყრმებით გარშემორტყმული ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი და ჰკითხა: "გსურს ჩემთან წამოხვიდე და ამათ გვერდით იცხოვრო?" "მსურს", - უპასუხა გოგონამ. "ცუდი არაფერი ჩაიდინო, თავი აარიდე მხიარულებას და საბავშვო თამაშობებს. 30-ე დღეს მოვალ და წაგიყვან". ამ გამოცხადების შემდეგ მუზა ძალიან დასერიოზულდა, მთელ დღეებს ლოცვასა და მარხვაში ატარებდა, მისი საქციელით გაკვირვებულ მშობლებს ნეტარმა მოუთხრო თავისი ხილვის შესახებ. 25-ე დღეს მუზა დასნეულდა, 30-ე დღეს კი კვლავ იხილა ღვთისმშობელი. "მოვდივარ, დედოფალო", - დაიძახა გოგონამ და მიიცვალა.