ღირსი სერაპიონ საკვირველთმოქმედი - გარეჯის ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი

მოიხსენიება 24 აგვისტოს (ახალი სტილით: 6 სექტემბერს)
ღირსი სერაპიონ სასწაულთმოქმედი იყო გარეჯის უდაბნოს წმიდა იოანე ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი. საქმითა და სიტყვით ძლიერ, მოღვაწეობით გამორჩეულ, დიდ მმარხველსა და მლოცველ წმიდა მამას ღვთისგან სასწაულთქმედების ნიჭი ჰქონდა მიმადლებული.

[]ერთხელ ღირსი სერაპიონი მონასტრის ძმებთან ერთად ქალაქში წავიდა საქმეზე. წინ მიმავალ მსახურებს, რომლებსაც საღმრთო მსახურებისათვის საჭირო ნივთები მიჰქონდათ, ავაზაკები შემოხვდნენ და გაძარცვეს. ისინი უკან გაიქცნენ და, შეწუხებულებმა, წინამძღვარს აუწყეს ყოველი. "დიდია ღმერთი, არ დავანებებ არაწმიდა წარმართებს სიწმიდეების მიტაცებას", - თქვა წმიდა სერაპიონმა, მოიმარჯვა კვერთხი და მარტო გაედევნა მძარცველებს. ავაზაკებმა როგორც კი დაინახეს სერაპიონი, სახედარი ტვირთით იქვე დატოვეს და თვითონ კლდე-ღრეში მიიმალენენ. შემდგომ ავაზაკებს უთქვამთ: "ვინ იყო ის მონაზონი, რომელიც ჩვენ გამოგვიდგა, რადგან ვნახეთ ცეცხლი, რომელიც მისი კვერთხიდან გამოდიოდაო".

სხვა დროს []ნეტარი სერაპიონი თავის სენაკში ლოცულობდა. მოულოდნელად გარეთ გამოვიდა შეწუხებული და ძმებს უთხრა: "ვაი, ვაი, მონასტრის მსახურები ავაზაკებს გადაეყარნენ". ეს თქვა და მაშინვე სენაკში შევიდა, დახშო კარი და მხურვალე ლოცვა დაიწყო. ორიოდე საათის შემდეგ მონასტრის მსახურები შეწუხებულები მოვიდნენ და თქვეს, გზაზე ავაზაკები შეგვხვდნენ, ჩვენ სახედრები ტვირთითურთ მივატოვეთ და გაქცევით ვუშველეთ თავსო. ცოტა ხნის შემდეგ დატვირთული სახედრებიც დაბრუნდნენ მონასტერში ადამიანთა თანხლების გარეშე. ღვთის მადლითა და ღირსი სერაპიონის წმიდა ლოცვით უვნებლად დაბრუნებული მსახურები ადიდებდნენ ღმერთს, რომელმაც მამა სერაპიონს დაფარული გამოუცხადა თავისი სიმდაბლისა და სიკეთისათვის.

სათნოებით გამორჩეული მონასტრის წინამძღვარი გადადგა, დიდი სქემა შეიმოსა და დაყუდებულ მოღვაწეობას შეუდგა. მუდმივი მეტანიებისა და ფეხზე დგომისაგან წმიდანს ფეხები ისე დაუავადდა, რომ დგომა აღარ შეეძლო. მალე მას ამქვეყნიდან გასვლის მოახლოებაც ეუწყა და ძმებს სთხოვა, მისი გვამი ეკლესიის შესასვლელში, მის მიერვე წინასწარ მომზადებულ საფლავში დაემარხათ, რათა ტაძარში ყოველ შემსვლელ-გამომსვლელს მისთვის გადაევლო. წმიდა სერაპიონი 1747 წელს აღესრულა. ანდერძისამებრ დაკრძალეს ტაძრის შესასვლელში.

"რამეთუ ესევითარი სიმდაბლე აქუნდა გულისა მაღალსა მას სათნოებითა მაღალსა სერაპიონს, რომელ იყვის რა სოფელსა შინა, თვისითა ხელითა მუშაკობნ ვენახსა მონასტრისასა და თვით ტვირთითა ჰკრებნ სკორესა ვენახისათვის. და დღესა ერთსა ეტვირთა რა გოდრითა სკორე სერაპიონს და მოაქუნდა ვენახად, შეემთხვა კაცი ღმრთისა, წმიდა მღვდელმთავარი ნინოწმიდელი იოსებ, ჰუნესა ზედა მჯდომარე. ამან ღირსმან დადგა გოდორი იგი და იგი წმიდა გარდამოხდა ცხენისაგან, მეტყველი: "ნუ შრომასა შეიმთხვევ, მამაო წმიდაო". ხოლო იგი იტყოდა: "რად არა მოჰკუდები ფერხთა ქვეშე შენთა ყოვლად ნეტართა მახარებელთა მშვიდობისათა წმიდაო მეუფეო". ურთიერთარს შეემთხვივნეს და მოწყლედ ამბორს-უყვეს საღმრთოითა სურვილითა და სიყვარულითა. და შემდგომად ამან წარიღო სკორე იგი ვენახად და წარემართა გზასა თვისსა.

და მიერითგან წმიდა იგი ეპისკოპოსი ილოცვიდა... მეტყველი: "... წმიდა იგი სანატრელი მამა სკორესა ტვირთველი მუშაკობდა ძმათათვის, რომლისათვის იგი სიმდაბლით ამაღლდების ღრუბლითა სასუფეველად... ხოლო ოდეს მოხუცდა ნეტარი იგი მამა სერაპიონ, დაუტევა სიმდაბლით წინამძღრობაი და აირჩია დაყუდებაი... უმეტესად განამრავლა მარხვა და ლოცვა, რომელ ყოვლადვე საქმე მისი ლოცვა იყო მაღალხედვათა შინა შექცეულ.

[]ერთხელ ღამის სამ საათზე წმიდა სერაპიონი ეკლესიაში "ილოცვიდა ამაღლებულისა გონებითა... მივიდა ერთი ბერი მის ნეტარისა და აუწყა, ვითარმედ: "მამაო ყოვლადპატიოსანო, ძმა იგი უძლური წარვალს უფლისად. და მამანი ყოველნი მუნ არიან და ხილვაი შენი ჰნებავს". ხოლო იგი ნეტარი ამაღლებულისა გონებითა იყო და სიტყვა არა მიუგო. და შემდგომად მცირედისა სხვუა ბერი მივიდა და ჰრქუა: "მამაო წმიდაო, სარწმუნოდ უწყოდენ ღირსებამან შენმან, რომელ ძმა იგი მოკვდების". მაშინ ჰრქუა მან: "წარვედ შვილო და მეცა მოვიდე". და კუალად დაეყოვნა მას ლოცვასა შინა ერთი ჟამი ოდენ. და მოკვდა ძმა იგი უძლური თვინიერ ხილვისა მისისა. და ოდეს სრულ ჰყო მან ლოცვაი, წარვიდა კვერთხითა თვისითა ნელიად მოხუცებული იგი მამა. და შეემთხვია ძმათაგანი და ჰრქუა: "ნუღარა მოშურები, მამაო, რამეთუ მოკუდა ძმა იგი. ესმა რა ესე სერაპიონსა, დიდად შეელმა გულსა მისსა. და უკუნ იქცა მოსწრაფედ ეკლესიადვე და შევიდა წმიდად საკურთხეველად. და დააგდო თავი თვისი წინაშე წმიდისა ტრაპეზისა და შუბლსა ქვეყანად სცემდა და მრავლითა გოდებითა იტყოდა, ვითარმცა თვით ყოფილიყო მიზეზი სიკვდილისა მისისა. და ილოცა რა მყოვარ ჟამ და მოიღო ღმრთისა მიერ მადლი გულსავსებისა, წარვიდა სენაკად მიცვალებულისა მის. და იგინი განამზადებდეს წესისაებრ დამარხვად. შევიდა იგი ნეტარი აღდუღებულის გულითა და ხმა უყო სახელდებით მკუდარსა მას". მოხდა სასწაული - გარდაცვლილი მონაზონი გაცოცხლდა და კიდევ ერთი წელი იცოცხლა წმიდა სერაპიონის ლოცვით.

[]"და ოდეს მიიწია ნეტარი ესე მამა სიღრმედ სიბერისა, მრავალთაგან მოღვაწებათა ფერხნი მისნი მოუძლურდეს და არღარა ძალ-ედვა ზე დგომაი, არამედ ჯდომით და წოლითცა ილოცვიდა მარადის ღმრთისა მიმართ... წინასწარმცნობელობისა მადლითა განათლებული სერაპიონი მივიდა მონასტრის წინამძღვარ სვიმეონთან და თვალცრემლიანმა უთხრა: "ჰოი სასურველო მამაო, მომცენ ხელნი ეგე წმიდანი, რათა ამბორს-უყო, რამეთუ მსუროდა რათამცა ამათ ხელთა მიერ წმიდათა მიცემულ ვიყავ დაძველებული ესე მიწაი მიწასა და აწ უწინარეს ჩემსა შენ წახვალაა ნეტარსაუკუნოდ ცხოვრებად? წარხვალ შენ, მამაო, გარნა არცა მე დავადგრე აქა თვინიერ შენსა, არამედ მოსწრაფედ შეგიდგეს და მიგდევდეს შემდგომად შენისა ღირსებისა სული ჩემი". ესრეთ ლმობიერითა ცრემლითა ამბორს უყვეს ურთიერთას სანატრელთა მათ ამბორისყოფითა უკანასკნელითა". წინამძღვრის გარდაცვალების ერთი კვირის შემდეგ გარდაიცვალა სერაპიონიც "და დამარხედ მრავალმოღვაწე გვამი მისი საფლავსა მას შინა, რომელიცა თვით განემზადა სიმდაბლით ეკლესიისა კარიბჭეთა შორის, რომელ ყოველსავე ეკლესიად შესლვად მნებებელსა ვერვის ძალ-ედვას თანაწარსლვა, არამედ ყოველთა მიერ ფერხითა იზერგნეოდეს საფლავი მისი სრულისა სიმდაბლისათვის მისისა". ნეტარ სერაპიონს კელიაში ორი მტრედი ჰყავდა, რომლებიც წმიდანის ხელიდან იკვებებოდნენ. სერაპიონის გარდაცვალების შემდეგ მტრედებიც გაფრინდნენ და უკან აღარ დაბრუნებულან.

სერაპიონი "რომელმანცა მაღალითა სიწმიდითა განატარა ქვეყნიერი ესე ცხოვრებისა სარბიელი" მშვიდობით მიიცვალა 1757 წლის 25 (7.09) აგვისტოს.