ღირსი ევთიმი (მჭედელაშვილი) - ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი
ხსენება 8 აგვისტოს (ახალი სტილით: 21 აგვისტოს)
წმიდა ევთიმი (მჭედელაშვილი) წარმოშობით კახეთიდან იყო, იგი 1725 წლის ახლო ხანებში დაიბადა სოფელ წინანდალში.როგორც ჩანს, ევთიმი ადრეულ ასაკშივე აღკვეცილა მონაზვნად გარეჯის მრავალმთის უდაბნოს, წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში. ამ დროს მონასტრის წინამძღოლი იყო სიწმიდითა და სასწაულთმოქმედებით ცნობილი სერაპიონი (ხს. 24 აგვისტოს), რომლის ირგვლივაც შემოკრებილი ღირსი და ღმერთშემოსილი მამები დაუცხრომლად მოღვაწეობდნენ ღვთის სადიდებლად და ქვეყნის სასარგებლოდ. ლავრაში ფართოდ იყო გაშლილი სამწერლობო და მწიგნობრული მოღვაწეობა, იქ განისწავლა ევთიმი ლოცვისა და მარხვის სათნოებებში და საფუძვლიანად დაეუფლა ღვთისმეტყველებასა და ფილოსოფიას.
დიდი მოღვაწე, მეუდაბნოე და სიწმიდით სავსე ევთიმი გარეგნულად ტანდაბალი და სუსტი იყო. საოცრად თავმდაბალი მოღვაწე გამორჩეულად უყვარდა მეფე ერეკლეს (1798). სწორედ მას მიანდო მეფემ მისი შვილის, საქართველოს ბოლო მეფის, გიორგი XIII ( 1800) სულიერი აღზრდა.
1774 წელს მონასტრის წინამძღვრის, წმიდა სერაპიონის გარდაცვალების შემდეგ ძმებმა იღუმენად ევთიმი აირჩიეს. წმიდანი საოცრად უთავსებდა ერთმანეთს მონასტრის ძმების სულიერ დამოძღვრას და სამეფო კარის დაძაბულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ქრისტიანული მსოფლმხედველობის დამკვიდრებას. როგორც ცნობილია, მისი მოძღვრობის ქვეშ მყოფი მეფე გიორგი უაღრესად ღვთისმოშიში და ღრმად განათლებული ღმრთისმეტყველი იყო. წმიდა ევთიმის მსგავსად მეფე გიორგი საუბარში და ოფიციალურ მიწერ-მოწერაში ხშირად ხმარობდა სიტყვებს "ქრისტეს ღვთის მადლითა", იგი ქრისტიანულ ღვთისმეტყველთა და მოღვაწეთა "მოძღურებასა წარმოსთქვამდა ესრეთი ძალითა და ესრეთ მადლიანად, რომელ სმენელთა აღატირებდა... წინამძღუარი ნათლისმცემლის უდაბნოსა ევთიმი, უწოდებდა სულიერსა თვისსა მოწაფესა მეფის ძეს გიორგის, მოძღურად თვისსა". ღირსი ევთიმი ურჩევდა მეფე გიორგის, ერთმორწმუნე რუსეთთან მეგობრობას - "რათა მისცეს სამეფო რუსეთსა ხელმწიფეთა მფარველობასა".
[]ერთხელ ევთიმი ხაშმში წასულა მონასტრის ერთ-ერთი ბერის, ამფილოქეს თანხლებით. მამები გზაში ლეკებს დაუტყვევებიათ და თან წაუყვანიათ გამოსასყიდის გადახდის მიზნით. მაღალი, გრძელი წვერებითა და წარმოსადეგი გარეგნობის მქონე ბერი ამფილოქე ლეკებს მონასტრის წინამძღოლი ჰგონებიათ. სუსტი და საოცრად თავმდაბალი ევთიმი კი "მიჰყავდათ ქვეითად და იტყოდნენ მისთვის უპატიოდ: მაგისთვის რასა მოგუცემენო". მეფე გიორგის გამოუსყიდია ტყვეები და საკმაოდ დიდი თანხა გადაუხდია წმიდა ევთიმის სანაცვლოდ.
1797 წელს თბილისში შავი ჭირის ეპიდემიამ იფეთქა და მთელ ქართლ-კახეთში გავრცელდა. "დიდი იყო დროთა ამათ ტყება და ვაება დიდთა და მცირედთა, ობოლთა და ქვრივთა. მონასტერნი და უდაბნონი, რომელთაცა წინა უძღოდა ევთიმი, მოძღვარი მეფისა მიეშველენ გაბნეულთა პურითა და ღვინითა, საჭმელითა და საქონლითა. მეუდაბნოეთა გარდაიქცენ ხელად ღვთისა და განგებულებისა მისისა... ლოცვა და ვედრება მათი განწმედდა ქრისტიანეთა გონებასა და განამხნევებდა მას, რათა უძლოს განსაცდელსა".
პლატონ იოსელიანის ცნობით, ერეკლე მეფის გარდაცვალების შემდეგ 1798 წელს ივლისის თვეში მეფედ ახლადნაკურთხი გიორგი XIII დროს ნიქოზისა ეპისკოპოსმან ათანასი უბრძანა დაუსვენოს ეკლესიაში ძელი ჭეშმარიტი, - სიდიდით განთქმული ყოველგან, რათა დააფიცონ ამირეჯიბნი, თავადნი და მოდავენი მათნი იმერეთისა მესაზღვრენი. აღიღეს ტრაპეზიდან ძელი ჭეშმარიტი ესე ოქროსა ბუდეში ჩადებული მკლავისა სიგრძე და ალავერდისა ძელისა ჭეშმარიტისა მიხედვითა ორგზის დიდი და ასვენეს გარე ეკლესიისა საწიგნესა ზედა. შემდგომად ფიცისა და შფოთისა შორის გლეხთა და თავადთა დაივიწყეს ეკლესიისა მცველთა აღებად ძელისა ჭეშმარიტისა საწიგნოდან და დაკრძალვა ტრაპეზსა ზედა". ამ დროს დაიკარგა, იმპერატორ კონსტანტინე დიდის მიერ მეფე მირიანისადმი მიძღვნილი "საუკუნოობითა დაცული" ძელი ჭეშმარიტი. ამ ამბავმა ყველა ძალიან დაამწუხრა. კათალიკოსისა და მეფის ბრძანებით დიდხანს ამაოდ ეძებდნენ სიწმიდეს.
ევთიმის კურთხევით მეფე გიორგი XIII ძელი ჭეშმარიტის მოძიების პარალელურად აქტიურად ცდილობდა საქართველოში დაებრუნებინა "ჯვარი წმიდისა ნინოსი - საუნჯე ქართველთა ქართველთავე"
გარეულ და შინაურ მტერთაგან მუდამ შეჭირვებული მეფე გიორგი სასიკვდილოდ დასნეულდა. მეფის მოძღვარი ევთიმი ამხნევებდა მეფეს და ამზადებდა საუკუნო მეუფესთან - ქრისტესთან შესახვედრად. 1800 წლის "შობისა დღესა 25 დეკემბერსა დასდგეს კარავი ნაკურთხი პირისპირ ოთახისა მისისა, (მეფე გიორგისა) და იწყეს წირვა; თვით მეფე მწოლარე ცხედარსა დიდითა მხურვალებითა ისმენდა ლიტურღიასა და თვით წარიკითხა დღისა ამის სამოციქულო. ლიტურღია აღასრულა მოძღვარმან მისმან არქიმანდრიტმან ევთიმი; იოანე ნათლისმცემლისა უდაბნოისა მოძღვარმან".
27 დეკემბერს მეფემ კვლავ მოუწოდა მოძღვარსა თვისსა წინამძღვარსა ევთიმის; სთხოვა უკითხოს ლოცვანი ანგელოზისა მფარვალისა. ავედრებდა სულსა მოძღვარსა თვისსა, რომელსაცა ესავდა დიდად, ვითარცა კაცსა წმიდასა და ქვეყნიერად ანგელოზად ხმობილსა მეფისაგან და ესრეთვე ცნობილსა ყოველთაგან... დილით დასდვეს კარავი და სწირა თვით ევთიმემან და კვალად ეზიარა მეფე დიდითა ცრემლთა დენითა და ვედრებითა". 28 დეკემბერს დილის 11 საათზე წირვის გამოლოცვის შემდეგ მეფემ სული განუტევა. მეფეს ადრევე დაეტოვებინა ანდერძი, რომელიც ნათლისმცემლის მონასტერში, იოანე ნათლისმცემლის ხატის წინ დაკიდებულ ვერცხლის კანდელში იყო დაცული. მეფე გიორგი მონასტერში, ამ ხატის წინ ითხოვდა დასაფლავებას, მაგრამ დედოფალმა, რუსეთის გენერალმა და სამეფო კარისკაცებმა "არღა ინებეს აღსრულება ანდერძისა სურვილისაებრ თვით მეფისა და დასდვეს, რათა მეფეთა საძვალესა შინა იქნას გვამი მისი დასაფლავებული.
მეფის გარდაცვალების შემდეგ ქვეყანაში შიდა არეულობებიც დაიწყო, რომელიც მეტნაკლებად მონასტრებშიც აისახა. დევნა დაუწყეს ევთიმისაც და ცილისმწამებლურ საჩივრებსაც უგზავნიდნენ მის შესახებ რუს ჩინოვნიკებს. ერთ-ერთი ასეთი საჩივრის გამო რუსმა ჩინოვნიკმა წმიდა ევთიმი "მრავლად საგიო და უპატიო ჰყო სტუქსა უშვერად, მოიხსენა მწარედ და განაჩინა განშორება მისი წინამძღვრობისაგან უდაბნოისა. ევთიმი არა იგლოვდა ესრეთსა განჩინებასა... და იტყოდა: "ჭეშმარიტად ღირსი არს მუშაკი სასყიდლისა; მომეგო მე ჯერისაებრ. სოფელსა შინა მყოფსა მომხვდა მე სოფლისა მათრახი, ღმერთო ჩემო! ნუ მიმცემ მე უმეტესსა სასჯელსა; მოქმედება ჩემი და მეცადინეობა რუსთა მოყვანისა არა იყო ორგულებაი ქვეყნისა".
1804 წლის 8 (21) აგვისტოს წმიდა ევთიმიმ მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. დაასაფლავეს მეფე გიორგისთვის დასამარხად განკუთვნილ ადგილას, იოანე ნათლისმცემლის ხატის წინ. მონასტრის სიგელ-გურჯები მას "მრავალღვაწლმშრომელად" მოიხსენიებს.