ღირსი მაქსიმე აღმსარებელი
ხსენება 13 აგვისტოს (ახალი სტილით: 26 აგვისტოს)
ღირსი მაქსიმე აღმსარებელი დაიბადა 580 წელს კონსტანტინოპოლში, ქრისტიანთა ოჯახში. სიყმაწვილეში მან მრავალმხრივი განათლება მიიღო: სწავლობდა ფილოსოფიას, გრამატიკას, რიტორიკას, საღვთისმეტყველო დიალექტიკას. სახელმწიფო სამსახურში ჩამდგარი მაქსიმე თავისი განსწავლულობისა და კეთილსინდისიერების წყალობით, იმპერატორ ჰერაკლეს (610-641) პირველი მდივანი გახდა, მაგრამ სამეფო კარის ცხოვრება ამძიმებდა მას, ამიტომ ქრისოპოლისის სავანეს (ბოსფორის ნაპირზე) მიაშურა და მონაზვნად აღიკვეცა. წმიდანმა საძმოს გულწრფელი სიყვარული დაიმსახურა და მალე მონასტრის წინამძღვარი გახდა. 633 წელს, იერუსალიმელი პატრიარქის, სოფრონის (ხს. 11 მარტს) თხოვნით მაქსიმე ალექსანდრიაში გაემგზავრა.ამ ხანებში წმიდა სოფრონმა სახელი გაითქვა მონოთელიტთა ერესის წინააღმდეგ შეურიგებელი ბრძოლით. მას შემდეგ, რაც IV მსოფლიო კრებამ (451 წ.) დაგმო მონოფიზიტობა, რომელიც იესო ქრისტეში მხოლოდ ერთ (ღვთაებრივ) ბუნებას აღიარებდა, მონოთელიტებმა შემოიტანეს სწავლება ერთი ღვთაებრივი ნებისა და ერთი (ღვთაებრივი) ქმედების შესახებ, რასაც უარყოფილი მონოფიზიტური ცრუსწავლების აღიარებამდე მივყავდით. მართლმადიდებლობის ბრძოლას მწვალებლურ სწავლებებთან აძნელებდა ის გარემოება, რომ აღმოსავლეთის სამი საპატრიარქო ტახტი მონოფიზიტთა ხელში აღმოჩნდა: კონსტანტინოპოლის ეკლესიას სერგი განაგებდა, ანტიოქიისას - ათანასე, ალექსანდრიისას კი - კვიროსი. კონსტანტინიპოლიდან ალექსანდრიაში მიმავალ ღირს მაქსიმეს გზად კრეტაზე უნდა გაევლო. სწორედ აქ დაიწყო მისი მქადაგებლური მოღვაწეობა. ალექსანდრიაში და მის მახლობლად ღირსმა მამამ ექვსი წელი დაჰყო. მაქსიმე აღმსარებელი მხურვალედ იცავდა მართლმადიდებლობას და მის ქადაგებებს დიდი წარმატება ჰქონდა სხვადასხვა წოდებისა და ფენის ადამიანებს შორის.
638 წელს გარდაიცვალა პატრიარქი სერგი, 641 წელს კი - იმპერატორი ჰერაკლე. ქვეყანაში გამეფდა მრისხანე და სასტიკი კონსტანციუს II (642-648), მონოთელიტთა მომხრე. ღირსმა მაქსიმემ კართაგენს მიაშურა და ქალაქსა და მის შემოგარენში კიდევ ხუთი წელი იქადაგა. 647 წელს მაქსიმე აფრიკაში დაბრუნდა. 649 წლის ოქტომბერში შედგა კრება, რომელსაც ას ორმოცდაათი დასავლელი ეპისკოპოსი და მართლმადიდებლური აღმოსავლეთის ოცდაჩვიდმეტი წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის - მაქსიმე აღმსარებელიც. კრებამ დაგმო მონოთელიტობა. როცა კონსტანციუს II კრების დადგენილებას გაეცნო, ბრძანა, შეეპყროთ პაპი მარტინე და ღირსი მაქსიმე. ღირს მაქსიმეს სამშობლოს ღალატში დასდეს ბრალი და საპყრობილეში ჩააგდეს.
656 წელს მაქსიმე თრაკიაში გადაასახლეს, შემდეგ კი კონსტანტინოპოლში გადაიყვანეს. ღირსი მამა საშინლად აწამეს თავის ორ მოწაფესთა ერთად: სამივეს ენა ამოაჭრეს, მარჯვენა ხელი მოჰკვეთეს და დასავლეთ საქართველოში გადაასახლეს. აქ სასწაული აღესრულა: მოწამეებს ლაპარაკისა და წერის უნარი დაუბრუნდათ. წმიდა მაქსიმემ იწინასწარმეტყველა თავისი აღსასრული და მშვიდობით მიიცვალა 662 წლის 13 აგვისტოს. წმიდანი ქალაქ ცაგერში დაკრძალეს, მის საფლავზე ღამღამობით სამი ლამპარი ინთებოდა და მრავალი კურნება აღესრულებოდა.
მოწამე ანასტასი მაქსიმე აღმსარებლის მოწაფე იყო და მასთან ერთად იდევნებოდა მონოთელიტთაგან. მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრება წმიდა ანასტასიმ შემოგვინახა. იგი გარდაიცვალა 662 წელს.