ფუფუნება - ციტატები, გამონათქვამები
ფუფუნება - ციტატები, გამონათქვამები ფუფუნება, გამონათქვამები, ციტატები
შენთვის რა არის სავსე მუჭა?
რამდენი სჭირდება ადამიანს?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძნელია და ამავე დროს ძალიან ადვილი. რაც უფრო შორს არის პიროვნება ღვთისაგან, მით უფრო ძნელია მისთვის ამის განსაზღვრა, რადგან იგი იმაზე კი არ ფიქრობს, რამდენი ეკუთვნის, არამედ სულ უფრო მეტის შესაძენად ეძებს გზებს და ყველა გზა მისთვის დასაშვებია. ჭეშმარიტი სიბრძნე გვასწავლის, რომ სიმდიდრე ძალიან ადვილად იქცევა მორალურ სიღატაკედ.
მოთხოვნილებებსა და შესაძლებლობას შორის წონასწორობა
ფუფუნებაში ჩავარდნილი კაცის ბედი
როცა ჩვენ მივდივართ ჩვენი მომავლისკენ, აი ეს გზა და განცდები, რომლებიც ჩვენ გვეუფლება ამ ბრძოლაში, ეს არის ბედნიერება. ის კი არ არის ბედნიერება, ფუფუნებაში რომ არიან და აღარ იციან რა ქნან. ფუფუნებაში ჩავარდნილი კაცი ნარკოტიკებს მიეძალება, ღვინოს, ალკოჰოლს, გართობას, დროსტარებას მიეძალება და დაიღუპება. ესენიც მიზეზებია, რომლებსაც თავისი ბედი მოჰყვება.
თემა: ფუფუნებაავტორი: მამა ვალენტინი მორდასოვი
წყარო: მოძღვრის ძალზე სასარგებლო რჩევები მრევლისათვის
ჯერ კიდევ ძველი ბერძნები და რომაელები ამბობდნენ, სიმდიდრეში დიდი საფრთხე დევსო. პოეტი პროპერციუსი წერდა: "მე ვხედავ რომს, ამაყ რომს, უდროოდ სიკვდილის სარეცელზე მწოლს, თავისი აყვავებული ცხოვრების მსხვერპლს". დაახლოებით იმავეს ამბობდა სატირიკოსი იუბენალი: "ფუფუნებამ, ომზე უფრო საშიშმა, მოიცვა რომი... მას შემდეგ, რაც რომში აღარ არის ღატაკი, იგი ვნებასა და ცოდვაში დაინთქა".
რთული და ეკლიანია სიმართლის გზა, მაგრამ მადლმოსილია, რადგან ერთადერთია, რომელსაც ადამიანი საუკუნო ცხოვრებაში მიჰყავს. მართალია, არსებობს სხვა გზებიც, მიმზიდველნი თავიანთი მიწიერი სიმშვენიერით, სიმდიდრით, ფუფუნებით, კეთილმოწყობით, მაგრამ ეს გზები საუკუნო ნეტარებას გამორიცხავენ და ადამიანი წარსაწყმედელში მიჰყავთ.
"არასწორი ბერი"
ერთ მონასტერში ეგვიპტელი გლეხი დასახლდა, რომელმაც სამონასტრო ცხოვრების სწავლა ყველაზე მკაცრი მოსაგრისგან მოინდომა.
-მირჩიე ვისთან წავიდე, უდაბნოში ყველაზე მკაცრი მოსაგრე რომ იყოს, - სთხოვა წინამძღვარს.
წინამძღვარმა აბბა რომაელთან გაგზავნა და უთხრა:ის ცალკე სენაკში, ჩვენი მონასტრიდან მოშორებით ცხოვრობს და მოთმინების ნიჭის დაუნჯებაში სხვებზე მეტს მიაღწია.
ეგვიპტელი, აბბა რომაელის სენაკში მივიდა და თვალებს არ დაუჯერა: ის ფეხშიშველი, დაუძლურებული, ჩამოძონძილ-კაბიანი ბერის ხილვას მოელოდა. მის ნაცვლად კი იხილა გულთბილი ადამიანი, სუფთა ტანსაცმელსა და კოხტა სანდლებში გამოწყობილი, უცხოელის მანერაზე.
"ეტყობა, წინამძღვარმა დამცინა, - განაწყენდა ეგვიპტელი, - ამას ისიც ეტყობა, რომ "არასწორი ბერია", რადგან მონასტრიდან შორს დაუდია ბინა".
მაგრამ უკვე შებინდებულიყო, ამიტომ ეგვიპტელს ღამის გათევა აბბა რომაელთან მოუწია. ეგვიპტელი უფრო მეტად დაღონდა, როცა იხილა, რომ ბერს შავკანიანი მონაც კი ჰყავდა. მსახურმა მათ სუფრაც კი გაუშალა, ვახშამზე მოხარშული ბოსტნეული და ცოტაოდენი ღვინო მიართვა; ვახშმის შემდეგ დასაძინებლად საწოლზე ჭილობი გაუშალა.
-ილოცე ჩემთვის, მამაო, - დილაადრიან სთხოვა ეგვიპტელმა მასპინძელს და საჩქაროდ უკან, მონასტერს მიაშურა. მაგრამ აბბა რომაელმა, რომელსაც ღვთისგან ადამიანების აზრების ამოკითხვის ნიჭი ჰქონდა ბოძებული, სტუმარს კვალდაკვალ თავისი მონა დაადევნა და მისი გზიდან მობრუნება დაავალა.
-განა რაიმე დამრჩა შენთან? - ჰკითხა ეგვიპტელმა, რომელსაც სწყინდა, რომ ამ "არასწორი" ბერის სენაკში უკან დაბრუნება მოუწია.
-მთხოვე, რომ შენთვის მელოცა, მაგრამ საკუთარ თავზე არაფერი გიამბია, - უთხრა ამბამ, - მიამბე, ძმაო, რომელი ქალაქიდან მოსულხარ მონასტერში?
-მე ქალაქელი არა ვარ, მთელი ჩემი ცხოვრება სოფელში გავატარე, სადაც დარაჯად ვმუშაობდი, - უხალისოდ მიუგო ეგვიპტელმა.
-ეს კეთილი საქმეა, - თავი დაუქნია რომაელმა, - მე კი, მდაბალი, უდაბნოში დიადი რომიდან ჩამოვედი, სადაც მეფის კარზე თვალსაჩინო თავადი ვიყავი. მითხარი, სად გეძინა, როცა მინდორში დარაჯობდი?როგორი საწოლი გქონდა?
-რა საწოლი შეიძლება გქონდეს მინდორში? - მხრები აიჩეჩა ეგვიპტელმა, მთელი ჩემი ცხოვრება ხის ძირში, მიწაზე მეძინა; მონასტრის სენაკში უკეთესი პირობები მაქვს.
-მართლა? მე კი სუფთა ოქროს საწოლი მქონდა და უძვირფასესი საფარველები მეფარა. ახლა კი, მათ ნაცვლად, უფალმა ეს ჭილობი მიბოძა. მითხარი, მინდორში როგორ საკვებს მიირთმევდი და რომელ ღვინოს სვამდი?
-რა ღვინო! - ამოიხვნეშა ეგვიპტელმა, - თითქმის ყოველ დღეს ხმელ პურს ვჭამდი მცირეოდენი მარილით და წყალს ვაყოლებდი. ბევრ ბოსტნეულს მხოლოდ მონასტერში გავუსინჯე გემო პირველად.
-აბანო თუ იყო შენს სოფელში? - ჩაეძია აბბა.
-არა, მამაო, მე ღარიბ სოფელში ვცხოვრობდი, სადაც აბანო არ გვქონდა; ყველანი მდინარეში ვბანაობდით; მაგრამ ამას რატომ მეკითხები?
მე კი უამრავი ძვირფასი ტანსაცმელი მქონდა, - მცირეოდენი დუმილის შემდეგ წარმოთქვა აბბამ, - მათ ნაცვლად კი ეს უბრალო კაბა მმოსია. გარდასულ დროში ჩემს სახლში ყოველდღიურად ბრწყინვალე წვეულებები იმართებოდა და სიფრის გაწყობაში ბევრი ოქრო იხარჯებოდა. ახლა კი ყოველივე ამის ნაცვლად, უფალი მცირეოდენ ბოსტნეულსა და ღვინოს მაძლევს. კეთილსურნელებით შეზავებული აუზებისა და აბანოების ნაცვლად, ახლა თავად ვისხამ ფეხებზე მცირეოდენ წყალს და უძლურების გამო სანდლებს ვატარებ. მუსიკისა და სიმღერების მოსმენის ნაცვლად ღამით 12 კანონს ვასრულებ. გთხოვ, ძმაო, ნუ განმიკითხავ ჩემი ცხოვრების წესის გამო! როცა 20 წლის წინათ რომიდან უდაბნოში მოვედი და ეკლესიის მახლობლად დავეყუდე, წინამძღვარმა ჩემი ვინაობა შეიტყო, მონა მომიჩინა და საზრდოს ყოველდრე მონასტრის სატრაპეზოდან მიგზავნის.
როცა ეგვიპტელმა ეს ამბავი მოისმინა, ძლიერ შეწუხდა და წამოიძახა:
-შემინდე, მამაო, რომ აზრით შევცოდე შენს წინაშე და გულში განგიკითხე! თავიდანვე როგორ ვერ მივხვდი?! მე ერში დიდი გაჭირვება გამოვიარე და მონასტერში მოსვენებისთვის მოვედი. აქ მაქვს ყველაფერი ის, რაც ერში მაკლდა. შენ კი ნებაყოფლობით თქვი უარი ფუფუნებაზე და განზრახ მწუხარება შეიმთხვიე, დიდებისა და სიმდიდრის ნაცვლად სიღატაკე და შეჭირვება აირჩიე. ჭეშმარიტად, ეს მხოლოდ წმიდა ადამიანს ძალუძს!
ამ დღიდან ეგვიპტელი ბერი აბბა რომაელს დაემოწაფა და არასოდეს შეჰპარვია ეჭვი იმაში, რომ მისი სახით უდაბნოში უდიდესი ბერი ჰპოვა
ის ადამიანი, ვინც თავს ქრისტიანად ხმობს და, ამასთან, ყველანაირად ცდილობს თავი დააღწიოს სიღარიბეს, არ არის ჭეშმარიტი მორწმუნე. ვინც სიმდიდრესა და ფუფუნებით ცხოვრების მოპოვებას ესწრაფვის, მას არ სურს იყოს ნამდვილი ქრისტიანი, რამეთუ ჭეშმარიტი ქრისტიანისათვის შეუძლებელია ამქვეყნად უპოვარებისა და გაჭირვების გარეშე ცხოვრება.