მტრობა - ციტატები, გამონათქვამები
მტრობა - ციტატები, გამონათქვამები მტრობა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
თუ გული სავსეა რწმენით, სასოებით, სიყვარულით, თუ იქ ადგილი არა აქვს შურსა და მტრობას, თუ გულს შეუძლია წყენის პატიება და ეგოიზმის ნაჭუჭში არ ჩაიკეტება, თუ მას სხვათა ტკივილის გაზიარება და მათთვის დახმარების ხელის გაწვდენა შეუძლია, შეიმოსება ჭეშმარიტი ბედნიერებით, რომელსაც დრო ვერ განაქარვებს, რადგან ასეთი გული სულიწმიდის ტაძრად იქცევა.
ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის მტერი არ არსებობს?
- მტერი არსებობს და მისი სახელი არის ბოროტი სული, ეშმაკი, რომელიც თავისი მიზნების განსახორციელებლად იყენებს ცალკეულ პიროვნებებს, განსაკუთრებით ურწმუნოთ. აი, ვინ უნდა გვძულდეს და მოვიძაგოთ. მისი გავლენის ქვეშ მოქცეული ადამიანები კი, - გვიყვარდეს და გვებრალებოდეს, როგორც სნეულნი და ვეცადოთ, ვუმკურნალოთ მათ წყლულებს.
დაფიქრდი, რომელ საფეხურზე დგახარ!
რაც შეეხება მტერთან მიმართებაში ჩვენს დამოკიდებულებას, აქ განვითარების ოთხი საფეხური არსებობს: პირველი - შეურაცხმყოფელს შენც სათანადო პასუხს სცემ (რაც ძველაღთქმისეული ანგარიშსწორებაა, - "კბილი კბილისა წილ" და ახალი აღთქმისთვის მიუღებელია); მეორე - მოყენებული გულისტკივილისათვის სამაგიეროს არ მიაგებ, მაგრამ შინაგანად მრისხანებ; მესამე - დამცირებას უდრტვინველად იტან; მეოთხე - შენს მიმართ ჩადენილ უსამართლობას აღიქვამ, როგორც შენს სხვა ცოდვათა გამოსასყიდს, მადლიერი ხარ უფლისა და შინაგანად ხარობ. დაფიქრდი, რომელ საფეხურზე დგახარ და მიხვდები როგორი ქრისტიანი ხარ.