ციტატები
ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
საშობაო ეპისტოლე - 2016
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მამანო და დედანო, ძმანო და დანო, მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო!
„დღეს ყოველი დაბადებული იშვებს და იხარებს,
რამეთუ ქრისტე იშვა ქალწულისაგან“ (სადღესასწაულო)
დღეს ხარობს ყოველი სულდგმული, ცა და ქვეყანა, ხარობს ჩვენი სულები და სამყაროც ივსება ანგელოზთა საგალობლით: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“.- რა არის მიზეზი ამ საოცარი სულიერი ზეიმისა?
- ის, რომ მოგვეცა შესაძლებლობა სამოთხისეული ნეტარების მოპოვებისა, დაკარგული სიწმინდის აღდგენისა და სულიერი განახლებისა. დღეს ძე ღვთისა განხორციელდა, რათა ადამიანი ღმერთამდე აღამაღლოს!
„საიდუმლო უცხო და დიდებული ვიხილოთ, ქუაბი ცათა ემსგავსა, ქალწული - ქერუბიმთა, ხოლო ბაგა სახე იქმნა სამყაროისა, რამეთუ დაიტია დღეს ქრისტე ღმერთი, დაუტევნელი, რომელსა ვადიდებთ“ (სადღესასწაულო).
მაშ, მივეგებოთ ახლადშობილ ყრმას და გავხსნათ კარნი გულისანი, რათა ჩვენშიც იშვას ქრისტე.
- ვართ კი ღირსნი, რომ იესო მოვიდეს და დაემკვიდროს ჩვენს გულებში?
- რა თქმა უნდა, არა და არც არასდროს ვიქნებით მზად ამ დიდი საიდუმლოსათვის, მაგრამ მოწყალება და სიყვარული ღვთისა იმდენად მიუწვდომელია და უნაპირო, რომ ეს სასწაული სრულდება. ოღონდ ამას თავისი აუცილებელი პირობაც ახლავს.
- კერძოდ?
- ადამიანი თანაზიარი უნდა გახდეს ღვთაებრივი სიყვარულისა.
- როგორ შევძლოთ ეს?
- წმ. პავლე მოციქული მიუთითებს, რომ ღმერთთან კავშირისათვის ადამიანს უნდა ჰქონდეს ჭეშმარიტი რწმენა, სასოება და სიყვარული. ამათ შორის კი უპირატესად სახელდებს სიყვარულს (I კორ. 13. 13), რადგან რწმენა და სასოება, მხოლოდ ამქვეყნად არსებობს და ჩვენი მიწიერი ყოფისთვისაა აუცილებელი, ხოლო სიყვარული ჰგიეს უკუნისამდე.
- როგორია ღვთაებრივი სიყვარული?
- ახალმა აღთქმამ განაცხადა საოცარი რამ, - „ღმერთი სიყვარულია“ (ინ. 4, 8).
ამის სრული სისავსით უწყება ვერ შეძლო ვერცერთმა რელიგიამ. ქრისტემდეც და შემდგომაც ადამის მოდგმას არ უხილავს ღმერთი, რომელიც მისთვის მსხვერპლად გაიღებდა თავის თავს და ცხონების ერთადერთ გზას გაუკვალავდა.
„შეიყვარეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ“ (ინ. 13, 34); „არავის აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დასდებს თავისი მოყვასისათვის (ინ. 15,13), - ბრძანებს იესო.
ქრისტიანობამ აბსოლუტურად სხვა გაგება შესძინა მოყვასის ცნებას. მართლმორწმუნეთათვის მოყვასია ყველა, - მისი ერის თუ სხვა ეროვნების წარმომადგენელი, ნაცნობი თუ უცნობი, დამნაშავე თუ უდანაშაულო, მდიდარი თუ ღარიბი, კეთილისმყოფელი თუ მტერი!
„მე გეუბნებით თქვენ, გიყვარდეთ თქვენი მტერნი, დალოცეთ მაწყევარნი, კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენს მდევნელთა და შეურაცხმყოფელთათვის, რათა იყოთ თქვენ შვილნი მამისა თქვენისა ზეციერისა“ (მთ. 5, 44-45).
ეს არის მანამდე არსმენილი და არგაგონილი სიტყვები, მანამდე არსად და არასდროს გაცხადებული სიმაღლე ღვთაებრივი სიყვარულისა.
ასეთი სიყვარულით აღსავსე იყო ჩვენი ხალხი საუკუნეთა მანძილზე. ამიტომაც, თავგანწირვით იცავდა იგი მოყვასს, სამშობლოსა და ჭეშმარიტ რწმენას და, ამავე დროს, სისხლით მორწყულ თავის მიწა-წყალზე სითბოს არ აკლებდა უცხოტომელთ. ჩვენს დევიზად იქცა რუსთველის უკვდავი სიტყვები: „მე იგი ვარ... ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს მღერად...“ „სიყვარული აღგვამაღლებს“.
ასეთმა დამოკიდებულებამ, ცხოვრების ასეთმა წესმა გადაგვატანინა ათასგვარი ქარტეხილი და დღემდე მოგვიყვანა. ჩვენ კი როგორ ვცხოვრობთ?
აშკარად ჩანს, რომ მსოფლიო კარგავს ჭეშმარიტი სიყვარულის განცდას და მის ადგილს ვირტუალური გრძნობები და გაყალბებული სიყვარული იკავებს. ასეა აქაც.
სხვადასხვა გატაცებას, რომელიც ადამიანს ხანმოკლე დროით ეწვევა ხოლმე, დღეს სიყვარულს უწოდებენ. იგი, პირველ რიგში, ნამდვილი სიყვარულისაგან იმით განსხვავდება, რომ თავგანწირვის უნარისგან თითქმის სრულად დაცლილია, საკუთარ ინტერესებზეა ორიენტირებული და არსებობს მანამ, ვიდრე ამა თუ იმ პიროვნების ეგოისტურ ზრახვებს რაიმე საფრთხე არ დაემუქრება.
ბუნებრივია, ასეთ გრძნობებზე დამყარებული ურთიერთობა მყიფეა, ხანმოკლე და მას არაფერი აქვს საერთო თავდადებულ, ნამდვილ სიყვარულთან.
მოჩვენებითი სიყვარული არის დღევანდელი ოჯახების რღვევის მთავარი მიზეზიც. ცოლ-ქმარს აღარ შეუძლიათ ერთმანეთს სათანადო პატივი მიაგონ, დადგნენ პირად ინტერესებზე მაღლა და უღელი ერთად გასწიონ. რაკი მათ სიღრმისეული გრძნობები არ აკავშირებთ, მცირედი უსიამოვნებების გამოც ადვილად ამბობენ უარს პასუხისმგებლობაზე და „ახალი სიყვარულის“ ძებნას იწყებენ.
ზოგიერთი ოჯახი შეიძლება არც დაინგრეს, მაგრამ უსიყვარულობამ მუდმივი ჩხუბი და უთანხმოება წარმოშვას; ასეთ გარემოში კი ბავშვები ითრგუნებიან და მძიმე ხასიათი უყალიბდებათ.
აცნობიერებს კი ამას დედ-მამა? აცნობიერებენ, რომ მატერიალური უზრუნველყოფა რომც ჰქონდეთ მათ შვილებს, ბავშვებმა თუ ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან სასწავლებელში, ოჯახში, ვერ დაინახეს ერთგულება, პატივისცემა, პატიების, სხვისთვის მსახურებისა და გულითადობის მაგალითი, თავადაც ამ გრძნობებისაგან დაცლილნი და ნაკლულევანნი იქნებიან, რაც შემდეგ მათ პირად ცხოვრებაზე უარყოფითად იმოქმედებს. მშობლები ამ ცოდვას როგორ გამოისყიდიან?
ქორწინება ეკლესიის ერთ-ერთი საიდუმლოა. ეს არის ქალისა და მამაკაცის თანაცხოვრება სულიერი და ხორციელი ერთობისათვის, რათა ერთმანეთს შეეწიონ იმ მდგომარეობის მისაღწევად, რასაც გულისხმობს განღმრთობა.
ეს პროცესი ჰგავს ოქროს გამოდნობას, რაც ოჯახურ ყოფაში ვლინდება ღვთის სადიდებლად ურთიერთმსხვერპლშეწირული სიყვარულით, განსაცდელთა ერთობლივი დათმენით და მოყვასისადმი მსახურებით.
რა თქმა უნდა, განღმრთობის მიღწევის სურვილი არის ბერ-მონაზვნური ცხოვრების მთავარი აზრიც, ოღონდ ამ შემთხვევაში სრულყოფის პროცესი განსაკუთრებულ მოღვაწეობას გულისხმობს. იგი უფრო რთული გზა არის და ნურავინ იფიქრებს, რომ ეგოისტურად მხოლოდ საკუთარ თავზეა ორიენტირებული. ბერ-მონაზვნობა არის ასკეტური მსახურება ღვთისა და მოყვასისათვის ამ სიტყვის ფართო გაგებით.
წმინდა წერილი ბრძანებს: „შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი“ (დაბ. 1, 27), - როგორი დიდი აზრია ჩადებული ამ წინადადებაში, რომელიც გვიცხადებს, რომ უფლის სადიდებელად მოწოდებული მარტომყოფობაც და ცოლ-ქმრის თანაცხოვრებაც დალოცვილია და ცხოვრების ამ წესის დარღვევა, მოშლა, ან დამახინჯება არ შეიძლება.
უსიყვარულობასთან ერთად ჩვენი ყოფისთვის მეტად დამაბრკოლებელ გარემოებად იქცა ისეთი აზროვნებისთვის ხელშეწყობა, რომლისთვისაც ცოდვა აღარ არის ცოდვა, არამედ - ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა, ხოლო ცოდვის სიყვარული, - თურმე ნამდვილი სიყვარულის ერთ-ერთი სახე. სიტუაცია ისე ვითარდება, რომ უფლის მიერ დადგენილი მცნებების შეცვლაც კი სურთ, რათა ღვთისაგან არ იქნენ მხილებულნი, არამედ, მისაღებნი გახდნენ ყველასათვის. ხოლო ვინც ეწინააღმდეგება ამ პროცესს, დამცირებისა და დაცინვის ობიექტი ხდება.
ეს არც არის გასაკვირი. ჯერ კიდევ ბრძენი სოლომონი წერდა: „ღვთისმგმობელის დამრიგებელი დამცირებას მიიღებს, ბოროტეულის მამხილებელი, - შეურაცხყოფას“ (სიბრძნ. სოლ. 9,7).
როგორც აღვნიშნეთ, ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიაა. რა თქმა უნდა, მას უყვარს ძე შეცდომილიც, ოღონდ მონანული, მაგრამ სძულს ცოდვა. ქრისტე მკვეთრ ზღვარს ავლებს სიკეთესა და ბოროტებას შორის და ამბობს: „არა მოვედ მიფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა“ (მთ. 10, 34). გავიხსენოთ პავლე მოციქულიც: „ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღმრთის სასუფეველს... ვერც მეძავნი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც მემრუშენი, ვერც ჩუკენნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვერც მტაცებელნი“ (I კორ. 6, 9-10).
მათდამი ჩვენი სიყვარული იმით უნდა გამოვხატოთ, რომ ვეცადოთ, როგორმე დავანახოთ მათი ცდომილება. ერთი პიროვნების სწორ გზაზე დაყენებაც კი, კეთილისმყოფელის მრავალ დანაშაულს დაფარავს. თუმცა ამის მიღწევა ადვილი არ არის, მით უმეტეს დღეს, როდესაც ამპარტავნების ხარისხი იმდენად დიდია, რომ ადამიანი ვეღარ იტანს შენიშვნას.
ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ხშირად სხვაში ვხედავთ გამოსასწორებელ ნაკლს და საკუთარი თავი გვავიწყდება. ჯერ კიდევ ძველი ბერძნები ამბობდნენ: „შეიცანი თავი შენი“; რომაელებიც იმეორებდნენ: "NOSCE TE IPSUM" სახარებაც გვარიგებს: „რატომ ხედავ ბეწვს შენი ძმის თვალში, ხოლო შენსაში დირესაც ვერა გრძნობ?“ (მთ. 7, 3).
საკუთარი თავის შეცნობა ზოგიერთს ადვილი ჰგონია და არ იცის, რომ სინამდვილეში პიროვნების სამსახოვნებასთან აქვს საქმე: 1. როგორადაც თვითონ ხედავს იგი საკუთარ თავს. 2. როგორც სხვები ხედავენ მას და 3. როგორიცაა ის სინამდვილეში.
ყველაზე რთული ამ მესამე მდგომარეობის აღმოჩენაა, რადგან ჩვენში არსებული ამპარტავნებით სავსე ეგოისტური „მე“ ჩვენს სისუსტეებსა და მცდარ ნაბიჯებს მუდმივად გამართლებას უძებნის და შემწყნარებელია მათ მიმართ; ეს კი რეალობის შეგრძნებას გვიჩლუნგებს.
გონიერია ის, ვინც სწორად განსჯის უნარს შეიძენს და თავის შინაგან სამყაროში ჩახედვისას არაფრის შელამაზებას არ მოინდომებს. მაშინ მიემსგავსება იგი იმ ჭეშმარიტ მჭვრეტელს, რომელიც უკვე ნათლად ჰხედავს თავისი სულის აქამდე ბუნდოვან, ან თუნდაც სრულიად უცნობ, ფრიად დაზიანებულ სამყაროს და მისი აღდგენისა და განახლებისაკენ ისწრაფვის.
ჩვენი ნამდვილი „მე-ს“ დამახინჯების მიზეზი არასწორ ქმედებებთან ერთად ცუდ-მეტყველება და ცუდი აზრებია. საერთოდ, სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენ კი მისდამი ზერელე დამოკიდებულებას ვიჩენთ და ვერ ვაცნობიერებთ, რომ მას მარადიულ სიკვდილ-სიცოცხლესთან ღრმა კავშირი აქვს.
რატომ აქვს სიტყვას ასეთი დატვირთვა?
წმინდა იოანე მახარებელი მაცხოვარზე საუბრით იწყებს თავის სახარებას და ასე წერს: „პირველითგან იყო სიტყვა“ (ინ. 1, 1).
დიახ, მოციქული, რომელმაც განგვიცხადა, რომ ღმერთი სიყვარულია, სიყვარულთან ერთად, მას სიტყვადაც სახელდებს, რითაც ხაზს უსვამს მაცხოვრის საღვთო, ბუნებით ძეობას და ამასთან ცხადყოფს მამის და მხოლოდშობილი ძის, სიტყვის, შემოქმედებით ძალას, რადგან ძე, როგორც შემოქმედი, მამისაგან ცალკე არ განიხილება: „სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა... და ყოველივე მის მიერ შეიქმნა“(ინ. 1, 1-3).
სამყაროს წარმოშობის შესახებ ბიბლიაში წერია: „თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი. თქვა ღმერთმა: იყოს წყალთა შორის მყარი... და იქმნა ასე. თქვა ღმერთმა: იყოს მნათობები ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, დრო-ჟამის აღმნიშვნელად... და იქმნა ასე“ (დაბ. I, 3,6,7,14,15)...
ანუ სიტყვით ხდება დაბადება, ქმნილებათათვის სიცოცხლისა და ფუნქციის მინიჭება, რაც ღმერთის თვისებაა!
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სიტყვა-სახელს, როგორც პიროვნებისათვის, ისე საგნისა თუ მოვლენისათვის, რადგან მასში ჩადებული შინაარსი ბევრ რამეს განსაზღვრავს. სახელდება თავდაპირველად ყოვლადწმინდა სამების მიერ მოხდა:
„ნათელს ღმერთმა უწოდა დღე და ბნელს უწოდა ღამე,... მყარს ღმერთმა უწოდა ცა, ხმელეთს, - მიწა (დაბ. 1, 5, 8, 10), ადამსაც სახელი მან დაარქვა...
შემდეგ კი ღმერთმა მეტყველების უნარი და სახელდების უფლება, ცოცხალ არსებათა შორის ერთადერთს, თავის ხატად და მსგავსად შექმნილ ადამიანს უბოძა, როგორც შესაქმის გვირგვინს.
ადამმა სახელი დაარქვა პირუტყვებს, ცის ფრინველთ და ველის ცხოველთ, ასევე მის შემწედ შექმნილ ქალს; დაცემის შემდგომ ადამიანმა სახელები უწოდა თავის შთამომავლთ, საგნებს, გარემო-სამყაროს და ა.შ.
სამოთხეში ურთიერთობა ღმერთსა და ჩვენს პირველმშობლებს შორის სრულიად დაუბრკოლებელი იყო და პირველმშობლები ერთიმეორეს აზრისმიერად ეზრახებოდნენ. ცოდვით დაცემის შემდგომ კი ეს კავშირი დაირღვა; ჩვენი გრძნობების გამოსავლენად და ერთმანეთთან ურთიერთობის დასამყარებლად აუცილებელობა გაჩნდა მატერიალური სიტყვისა.
ღმერთის მსგავსად, ადამიანის მიერ წარმოთქმულ სიტყვასაც ძალა აქვს. ოღონდ, უფლისგან განსხვავებით, მისი ძალა შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი.
იცოდეთ, არცერთი სიტყვა უკვალოდ არ ქრება და ღვთის წინაშე ჩვენი მეტყველების გამოც განვისჯებით. ამიტომაც წერს მათე მახარებელი: ყოველი ფუჭი სიტყვისთვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს, რადგან ჩვენივე სიტყვებით განვმართლდებით და ჩვენივე სიტყვებით გავმტყუნდებით (მთ. 12, 36).
ჩვენ კი როგორი უგულისხმონი ვართ! ფუჭ საუბარზე რომ აღარაფერი ვთქვათ ნახეთ, როგორი შემწიკვლებულია ჩვენი ბაგეები დაცინვით, რისხვით, შეურაცხყოფით, ცილისწამებით, სიცრუით, სიტყვის გატეხვით, უმადურობით, ცრუ ფიცით, წყევლით, გინებით...
„ენა მცირე ასოა, და დიდად კი მძლავრობს; აჰა, რა მცირე ცეცხლი ბუგავს დიდ ტყეს“ და „სავსეა მომაკვდინებელი გესლით“ (იაკ. 3, 5, 8).
„ენით ვაკურთხებთ ღმერთს და მამას და ენითვე ვგმობთ ღმერთის ხატად და მსგავსად შექმნილ კაცთაც“ (იაკ. 3, 9). ამიტომაც, თუ ვინმეს „ღმრთისმოყვარე ჰგონია თავი და ლაგამს არ ამოსდებს ენას, იცოდეს, ფუჭია მისი ღვთისმოსაობა“ (იაკ. 1, 26).
ერთმა კაცმა სოკრატეს ჰკითხა: იცი რა უთქვამს შენზე შენს მეგობარს?
სოკრატემ კითხვა შეუბრუნა: „დარწმუნებული ხარ, რომ რის თქმასაც აპირებ, სიმართლეა?
- ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე დარწმუნებული ვარ, რადგან სხვისაგან მოვისმინე.
- რაც უნდა მითხრა, კარგი ამბავია?
- არა, პირიქით.
- ე. ი. შენ უნდა მითხრა რაღაც ცუდი, და არც იცი, ეს რეალობას შეესაბამება თუ არა. სარგებლობის მომტანი თუ მაინც არის?
- ვფიქრობ, არა.
- „თუ ინფორმაცია, რომელიც გინდა მომაწოდო, არ არის არც კარგი, არც მართალი და არც სასარგებლო, რა აზრი აქვს მის თქმას?!“ - უპასუხა სოკრატემ და განეშორა მოსაუბრეს.
დღეს ასე ცოტა ვინმე თუ მოიქცევა.
ჩვენმა ყოფამ ინტრიგას დიდი გასაქანი მისცა, ფაქტობრივად, ცხოვრების წესად აქცია იგი და ადამიანი სრულიად დაუცველი დატოვა. ეს ქვეყანას ძალიან დააზარალებს.
არ შემიძლია არ აღვნიშნო ის სამწუხარო ფაქტიც, რომ დიდი ხანია, ვაჟებიც და ახლა უკვე გოგონებიც საკუთარი მშობლების მისამართითაც არ ერიდებიან ბილწსიტყვაობას და ვერც ხვდებიან, რომ თავის თავს იწყევლიან და სასტიკ სასჯელს განიწესებენ, რადგან მშობლის შეურაცხმყოფელს ღმერთი განსაკუთრებულად სჯის.
საერთოდაც, წახალისება ხდება უცენზურო გამოთქმების და ტირაჟირება ავადმყოფური აზრების. ეს სიკვდილის გზაა, ჯოჯოხეთის წყვდიადისკენ მიმავალი გზა. ღმერთმა ყველა იხსნას ასეთი დაცემისაგან, მისცეთ სიტყვა წმინდა და მართალი და გულისხმისყოფა ბოროტისაგან თავის დასაღწევად.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი საქმე, რაც კი შეიძლება ამქვეყნად აღასრულოს ადამიანმა, არის ლოცვა. იგი საუბარია ღმერთთან, სინანულია, მის წინაშე სულისა და გულის განფენაა. ეკლესიის და სასულიერო პირებისათვის ლოცვა პირდაპირი მოვალეობაა, მაგრამ იგი ასევე მოვალეობაა საერო პირთათვის.
აი, როგორ გვარიგებს მოციქული: „უჭირს რომელიმე თქვენგანს? ილოცოს; ხარობს ვინმე? ფსალმუნი იგალობოს... რწმენის ლოცვა იხსნის სნეულს... და თუ ცოდვები აქვს ჩადენილი, მიეტევება; ილოცეთ ერთმანეთის გამო... ბევრი რამ ძალუძს მართლის ლოცვას“ (იაკ. 5, 13, 15-16).
მართალში კი მაცხოვრის მცნებებით მცხოვრები პიროვნება იგულისხმება, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, სიყვარულით იქნება შემოსილი, რადგან „სიყვარულია სიმტკიცე სრულქმნილებისა“ (კოლ. 3, 15).
ასეთი ადამიანი სხვათაგან დიდად განირჩევა. იგი „სულგრძელია და ტკბილი. სიყვარულს არ შურს, სიყვარული არ ქედმაღლობს, არ ზვაობს, არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ განიზრახავს ბოროტს, არ შეჰხარის უსამართლობას, ყველაფერს იფარავს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს (I კორ. 13, 4-9). სიყვარულის გარეშე კი, ღვთის წინაშე, ნებისმიერი სათნოება აზრს კარგავს და უქმდება. აი, რა სულისშემძვრელ სიტყვებს ამბობს წმ. პავლე მოციქული:
„კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არა მაქვს, მხოლოდ რვალი ვარ მოჟღრიალე... წინასწარმეტყველების მადლი რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო, და მქონდეს სრული რწმენა ისე, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ... მთელი ჩემი ქონება რომ გავყიდო გლახაკთათვის, და დასაწვავად მივცე ჩემი სხეული, სიყვარული თუ არა მაქვს, არარას მარგია“ (I კორ. 13, 1-3).
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ღვთაებრივი სიყვარული მოვიპოვოთ. ეს უნდა იყოს კაცთა მოდგმის ცხოვრების მიზანი. ამიტომაც ბრძანებს წმინდა წერილი: „გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით, - აი, უპირველესი მცნება და მეორე, ამისი მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ (მარკ. 12, 30-31).
როგორც წმინდა იოანე ოქროპირი წერს: „ღმერთმა მრავალი გზა დასახა მასთან მისასვლელად. ზოგნი ქალწულებით ბრწყინავენ, სხვანი ქორწინებით განდიდდნენ, კიდევ სხვანი ქვრივობაში უბიწოების დაცვით შეიმკნენ, ვიღაცამ მიწიერი სიკეთენი სრულად უარყო, ზოგმა, - სანახევროდ;
ცოდვამ გძლია? სინანულით, აღსარებითა და ზიარებით განიწმინდე.
მდიდარი ხარ? - მოწყალება უხვად გაეცი.
თუ გიჭირს და სხვას მატერიალურად ვერ შეეწევი, ავადმყოფს მიხედე, პატიმარი მოინახულე, ჭიქა წყალი მწყურვალს მიაწოდე, მწირი შეიფარე, მტირალთან იტირე, ვინმე სიტყვით ანუგეშე...
თუ ისეთი ღატაკი ხარ და დავრდომილი, რომ ვერავის დაეხმარები, უდვრტვინველად გადაიტანე ეს ყველაფერი და მართალი იობივით უდიდეს ჯილდოს მიიღებ.
ამგვარი იყო სახარებისეული ლაზარეს სათნოება. მას თავისთვის საზრდოც არ ჰქონდა, ვერც ავადმყოფს შეეწეოდა და ვერც საპყრობილეში მყოფს, რადგან უძლურების გამო, წამოდგომის უნარიც არ ჰქონდა, ამასთან ხედავდა სასტიკთა და უსჯულოთა პატივსა და განცხრომას და ერთი სიტყვაც არ დასცდენია გულისწყრომისა, არამედ მხოლოდ მადლობდა ღმერთს ყველაფრისათვის.
აი, ასეთი ცხოვრების გამო დაიმკვიდრა მან აბრაამის წიაღი.“
რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია ხორცისა და სულის ტკივილს გაუძლო ისე, რომ განკითხვაში არ ჩავარდე; ეს მოწამეობის ტოლფასია და სათნოებათა მწვერვალი. ჩვენს დროში ბევრი გაჭირვებულია და დავრდომილიც და თუ ვინმე შეძლებს წმინდა ლაზარესავით უდრტვინველად, მადლობით მიიღოს განსაცდელი, დიდების გვირგვინს მოიპოვებს.
ამ ეპისტოლეში ჩვენი ცხოვრების ზოგიერთ ასპექტს შევეხეთ მხოლოდ. ბუნებრივია, პრობლემები გაცილებით მეტი გვაქვს, ამას ემატება მთელს მსოფლიოში შექმნილი ფეთქებადსაშიში მდგომარეობა, ათასობით უდანაშაულო ადამიანის დაღვრილი სისხლი, დევნილთა სიმწარე და ხვალინდელი გაურკვეველი დღის მოლოდინი... რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მეტად მძიმეა, მაგრამ უფრო საშიში ხორცის მოკვდინება კი არა, სულის წარწყმედაა!
უფალი მოწყალეა. მთავარია, შევიცნოთ თავი ჩვენი, გავაცნობიეროთ, სად არის ოქროს შუალედი, სადამდე უნდა ჰქონდეს ზღვარი ჩვენს ქმედებას, ჩვენს თავისუფლებას, რომ იგი უარყოფითი შედეგის მომტანი არ იყოს. მოვუსმინოთ ერთმანეთს, უარი ვთქვათ კატეგორიულ აზროვნებაზე, უარი ვთქვათ ჩვენს სისუსტეებზე, რათა შევძლოთ სულიერად განახლებული ცხოვრება დავიწყოთ, რომ ჩვენზეც აღსრულდეს პავლე მოციქულის სიტყვები:
„ოდესღაც ზოგიერთი თქვენგანი ცოდვის მონა იყო, მაგრამ განიბანეთ, მაგრამ განიწმინდეთ, მაგრამ განმართლდით უფლის, ჩვენი იესო ქრისტეს სახელით და ღმერთის ჩვენის სულით“ (I კორ. 6, 11).
ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო: ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, უდინნო, ქურთნო, იეზიდნო, ბერძენნო, რუსნო, აზერბაიჯანელნო, სომეხნო, ებრაელნო, ქისტნო, ჩეჩენნო, ლეკნო და ყოველნო შვილნო ივერიისა, ჩვენს სამშობლოში მკვიდრნო და ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, ანთებული სანთლით კვლავაც მივეგებოთ ბეთლემს მიმავალ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელსა და მართალ იოსებს. დავითის ქალაქს უკვე უახლოვდებიან მოგვნი, სადაცაა მწყემსებიც მოისმენენ ანგელოზთა საგალობელს. მაშ, ჩვენც ნუ დავყოვნდებით, სულით მივეახლოთ ახალშობილ ყრმას და მუხლმოდრეკით შევთხოვოთ: შენი ვარ, გვაცხოვნე ჩვენ!
ყველას გილოცავთ შობა-ახალწელს და გისურვებთ, რომ ამ დღეების მადლით მოხდეს ჩვენი განწმენდა, განახლება და სიკეთით აღვსება. შევიყვაროთ და გავიხაროთ ერთმანეთით; მაშინ ღმერთიც შეგვიყვარებს და გვაცხოვნებს.
ღმერთმა დაგლოცოთ და სულიერად აღგამაღლოთ.
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი
ილია II
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი
თბილისი,
შობა ქრისტესი, 2015-2016 წელი
საშობაო ეპისტოლე - 1987
საქართველოს ეკლესიის ღვთივკურთხეულ შვილებს
"ვისაც სურს, იხილოს ღვთაებრივი და მშვენიერი, ჯერ
თვითონ უნდა გახდეს ღვთაებრივი და მშვენიერი" (პლოტინი)
მხოლოდ ადამიანს მიანიჭა არსთა განმრიგემ ხატება თვისი: "და შექმნა ღმერთმან კაცი სახედ თჳსა და ხატად ღმრთისა" (დაბ. 1,27).
თანდათანობით შეიქმნა იგი, სხვა ქმნილებანი კი - წამისყოფით, მხოლოდ მას შთაბერა უზენაესმა თვისი უკვდავი სული: "და შექმნა უფალმან ღმერთმან კაცი მტუერისა მომღებელმა ქუეყანისაგან (ადამი წითელ მიწას - თიხას ნიშნავს) და შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისაჲ და იქმნა კაცი იგი სულად ცხოველად" (დაბ. 2,7).
ამიტომაცაა იგი გვირგვინი ქმნილებისა, ხოლო დანიშნულება მისი - ყველაზე მაღალი და დიადი, ამიტომაცაა ის განღმრთობის ღირსი.
მაგრამ ადამიანმა ბოროტად გამოიყენა თავისუფალი ნება, გაჩენის დღიდან რომ მოემადლა მას. მან უარყო ღვთის მცნება და, იგემა რა ნაყოფი ხისაგან შემეცნებისა კეთილისა და ბოროტისა, დაკარგა ერთობა ღმერთთან, რის გამოც დაკარგა შინაგანი მთლიანობა და სულის მშვიდობა.
პირველქმნილმა ცოდვამ დაარღვია არა მარტო ადამიანის სულიერი წონასწორობა, არამედ სამყაროში არსებული წესრიგი: "ცოდვა შემოხდა სოფლად და მასთან ერთად სიკუდილი".
ცოდვა ფითრივით მოედო ადამიანის სულს, მისი თანდაყოლილი სიკეთის ხარჯზე დაიწყო არსებობა. გაჩნდა შუღლი, მტრობა, სიძულვილი, ძმის მკვლელობა... ბოროტმა ძალამ მდაბალ ვნებათა მსახურად აქცია კაცი.
"ის, რასაც ბოროტება ჰქვია, სხვა არა არის რა თუ არა ნაკლოვანება სიკეთისა, - წერს ნეტარი ავგუსტინე. - ის, რასაც ბოროტება ჰქვია, არის არასრული სიკეთე. ცოცხალ არსებას რაიმე სენი რომ შეეყაროს ან იარა გაუჩნდეს, ეს იარა, ეს სენი ხომ ჯანმრთელობის ნაკლი ანუ არასრული სიჯანსაღე იქნება. ასევე სულიერი ნაკლიც ბუნებრივი სიკეთის დამახინჯებას ნიშნავს. ყოველგვარი ბუნება კეთილია. ეს სიკეთე დიდია, თუ ხრწნილებას არ ექვემდებარება და მცირდება, თუ ნაკლი ან დაზიანება აქვს.
უმეცრისა და გამოუცდელის გარდა სიკეთეს ვერავინ უარყოფს. თუ ბოროტება შთანთქავს სიკეთეს, მაშინ თვითონ ბოროტებაც მოისპობა, რადგანაც მას დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლია. ყოველგვარი ბოროტებისაგან თავისუფალი სიკეთე კი არის სწორედ ნამდვილი, წმინდა სიკეთე (ნეტარი ავგუსტინე. არასუბსტანციურობა ბოროტებისა).
ცოდვა შეიჭრა ჩვენს არსებაში, იქ გაიდგა ფესვი და დამკვიდრდა. პიროვნებაში ერთმანეთს შეეჯახა სიკეთე და ბოროტება. გული მისი კეთილსა და ბოროტს შორის ბრძოლის ასპარეზად იქცა. ეს ბრძოლა სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება.
მშვენივრად წერს წმიდა პავლე: "არა რომელი-იგი მნებავს კეთილი, მას ვჰყოფ, არამედ რომელი-იგი არა მნებავს ბოროტი, მას ვიქმ" (რომ. 7,19).
შინაგანმა გაორებამ ბუნებრივად წარმოშვა ადამიანის ცხოვრების ორი გზა. პირველი ჭეშმარიტებისაკენ მიდის, მეორე შეუცნობელი არყოფნისაკენ.
ჭეშმარიტება ყოფიერების სათავეა, ცხოვრების წყაროა, ქმნადობის მიზეზია. ნათელია იგი დაუღამებელი, სიყვარული დაულევნელი; მას ღმერთს ვუწოდებთ.
ცოდვის, სულიერი სიკვდილის გზას კი შეუცნობელი არყოფნისაკენ მივყავართ. ცოდვა და მისი შედეგი - სიკვდილი ბოროტებაა და როგორც უკვე ითქვა, მხოლოდ სიცოცხლის, სიკეთის ხარჯზე არსებობს. ანგრევს რა სიცოცხლეს, თვითონაც განქარდება, "დაინთქმება ძლევითა" (ესაია).
პიროვნებამ თვითონ უნდა გააკეთოს არჩევანი მათ შორის. ძველი რომაელები ამბობდნენ: Similis simili gaudet - მსგავსი მსგავსს შეჰხარის. ჭეშმარიტად, იდუმალი ძაფები აკავშირებთ მონათესავე სულთ. ისინი გრძნობენ მსგავსებას ურთიერთშორის და მიილტვიან ერთმანეთისაკენ, რათა თავიანთი მისწრაფების შესაბამისი ნაყოფი გამოიღონ.
სახარებაში ვკითხულობთ: "ყოველმან ხემან კეთილმან ნაყოფი კეთილი გამოიღის, ხოლო ხემან ხენეშმან ნაყოფი ხენეში გამოიღის. ვერ ჴელ-ეწიფების ხესა კეთილსა ნაყოფისა ხენეშისა გამოღებად და არცა ხესა ხენეშსა ნაყოფი კეთილი ყოფად" (მათე 7, 17-18).
"ჩვენ ვცანთ და გურწმენა სიყუარული, რომელ აქუს ღმერთსა ჩუენდა მომართ" (I ინ. 4,16), რადგან თვით ძე თვისი საყვარელი გასწირა შემოქმედმან, რათა ვნებებითა და ცოდვებით დამდაბლებული კაცობრიობა ხენეშ ხედ არ ქცეულიყო, რათა აღმდგარიყო დარღვეული კავშირი ადამიანსა და ღმერთს შორის, განახლებულიყო ჩვენი ბუნება და მას უზენაესთან ყოფნის შესაძლებლობა დაბრუნებოდა.
"ამისთჳს გამოცხადნა ძე ღმრთისაჲ რაჲთა დაარღჳნეს საქმენი ეშმაკისანი" (I ინ. 3,8) და ადამიანს დააძლევინოს ცოდვა. იგი ზეციდან მიწამდე დამდაბლდა, რომ კაცი მიწიდან ზეცად აღემაღლებინა. ქრისტე "განკაცდა, რათა ჩვენ განვეღმრთეთ" (ათანასე დიდი).
ბეთლემის მღვიმეში გამობრწყინდა პირველად "ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად" (ინ. I,9). არა სამეფო დარბაზებსა და მეცნიერების წიაღში, არამედ მივარდნილ გამოქვაბულში დაედო სათავე ქვეყნის ახალ ცხოვრებას.
როგორ მწვერვალსაც არ უნდა მიაღწიოს ჩვენმა ცივილიზაციამ, როგორადაც არ უნდა განვითარდეს კაცობრიობა, იგი მაინც ყოველთვის ეახლება და თაყვანსა სცემს ამ მღვიმეს, რადგან აქ დაირწა აკვანი მისი, რომელ არს "გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება" (ინ. 14,6).
ღვთის განკაცების არსი - ადამიანის ღმერთთან შეერთება - ქრისტიანული რწმენის გარეშე ვერ განხორციელდება. რწმენა ანიჭებს ჩვენს ყოფას ღვთიურ აზრს. ოღონდ რწმენა არა ცივი და მკვდარი, არამედ ცოცხალი და მოქმედი, რომელიც ქველი საქმით იცნობა.
სადაც არ არის კეთილი ქრისტიანული საქმე, იქ რწმენასაც ამაოდ დავუწყებთ ძებნას, რადგან "ყოველი, რომელი არა სარწმუნოებით არს, იგი ცოდვა არს" (რომ. 14,23) და პირიქით, სადაც სიკეთის ქმნა ცხოვრების წესია, იქ, უთუოდ, ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრებაა.
"მორწმუნე ის კი არ არის, - გვასწავლის წმიდა იოანე ოქროპირი, - ვისაც ყოველივე სჯერა, არამედ ის, ვისაც სწამს ღმერთი... რწმენა განანათლებს, რწმენა აკურთხებს, რწმენა სულიწმიდის ღირსად ხდის ადამიანს... სადაც რწმენაა, იქაა ძალი, სადაც ურწმუნოებაა, იქ - უძლურებაა. რწმენა სიკეთის სათავეა, რწმენა სიკეთის წყაროა, აღიჭურვე საჭურველითა მხსნელითა".
რწმენა ზეგარდმო ნიჭია, რომელსაც გავყავართ ყოფიერების მიღმა, ტრანსცენდენტურ განზომილებაში, სადაც ღვთისმიერ მხსნელ სიყვარულს ვეზიარებით; მაგრამ ამ სიმაღლეს ვერ მივაღწევთ, თუ ჯერ საკუთარი თავი არ შევისწავლეთ.
თვითშემეცნება გულისხმობს ჩვენი შინაგანი ცხოვრების, ქცევის და მოქმედების დაკვირვებულ განსჯას და მის შეჯერებას ღვთის მცნებებთან, იდეალური ქრისტიანის განზოგადებულ სახესთან. ცხადად უნდა ვიგრძნოთ, რისი ძალა შეგვწევს ან ჩვენს შესაძლებლობებს რა აღემატება. რას ვუმალავთ სხვებს, რას ვუმალავთ საკუთარ თავს...
ქრისტიანული რწმენა გვასწავლის სიკეთის გარჩევას ბოროტებისაგან, გვეხმარება ჩავწვდეთ ჩვენი სულის სიღრმეს და ვიგრძნოთ მასში ორი დაპირისპირებული ძალის არსებობა, მათი ბრძოლა; გვეხმარება, რათა დავძლიოთ შინაგანი გაორება და განწმედის საშუალებით - მონანიების, ლოცვის, მარხვის, აღსარების წმიდა ზიარების გზით ვპოვოთ განკურნება სულთა ჩვენთა, აღვადგინოთ კავშირი ღმერთთან და შევიმოსოთ მისი ძალით და მადლით.
საიდან დავიწყო გლოვა? - კითხულობს ცოდვათა სიმრავლით სულშეძრული წმიდა ანდრია კრიტელი.
რით დავიწყო გლოვა? რით დავიწყო სულიერი განახლება? ეს კითხვები დგას თითოეული ჩვენგანის წინაშე.
შეგახსენებთ, ზოგიერთ მომაკვდინებელ ცოდვას, ალბათ, ყველაზე გავრცელებულს და მათზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას.
უპირველესი და უმძიმესი ცოდვა არის ურწმუნოება. "რომელსა ჰრწმენეს და ნათელ იღოს, ცხოვნდეს, ხოლო რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს" (მარკ. 16,16), - ბრძანებს მაცხოვარი.
რწმენის ნიჭი ყოველ ადამიანს აქვს მომადლებული, ოღონდ მრავალი ცხოვრებისეული და ფსიქოლოგიური ფაქტორის გამო ზოგი აღიარებს მას და ზოგი არა. ღვთის უარყოფა დამღუპველი, მომაკვდინებელი სენია, რადგან იგი ხურავს გულს და არ უშვებს შიგ მას, ვინც მოვიდა შენთან, მოვიდა და "გახარა მშვიდობაჲ თქუენ, შორიელთა და მახლობელთა" (ეფ. 2,17); გონებას ბინდით ბურავს, რათა ბნელში ამყოფოს სული შენი, წაგართვას მადლი და ნიჭი ღვთით მომადლებული, "რამეთუ მადლითა ხართ გამოხსნილ სარწმუნოებისა მიერ, და ესე არა თქუენგან, არამედ ღმრთისა ნიჭი არს" (ეფ. 2,8).
ურწმუნოება, ღვთის უარყოფა, იგივე ღვთის გმობაა. ეს არის სიყვარულის წყაროს დაშრეტა, ადამიანის უკიდურესი დაცემა, მისი დაღუპვა, "სიკუდილი იგი მეორე".
მეორე მძიმე ცოდვა, რომელმაც კაცობრიობა მოიცვა, არის ამპარტავნება. ეს ის ცოდვაა, ანგელოზები რომ დაღუპა და ბოროტ სულებად აქცია. ამ ცოდვამ განაძევა ადამ და ევა სამოთხიდან. იგი საძირკვლამდე ანგრევს კაცის სულს.
ამპარტავნების სათავე პატივმოყვარეობაშია, ეგოიზმში, საკუთარი უპირატესობის დამკვიდრებაში. ამპარტავნებით შეპყრობილი ადამიანი მთელ ქვეყანას თავისი სურვილების დაკმაყოფილების ასპარეზად თვლის, ბუნების ძალნი, მის სამსახურში მყოფად წარმოუდგენია. ასეთი ადამიანისათვის სხვა პიროვნებას არავითარი ღირებულება არა აქვს, მოყვასი და მახლობელი მისთვის იმდენად არსებობს, რამდენადაც მას სჭირდება.
წმიდა მამები ამბობენ, რომ როგორც წყალი ვერ გაჩერდება შემაღლებულზე, ისე ღვთის მადლი ვერ დამკვიდრდება ამპარტავანის სულში. "თუ გაქვს სიმდიდრე უთვალავი, - გვაფრთხილებს წმ. ბასილი დიდი, - მიეკუთვნები მძლავრი სახელმწიფოს მოქალაქეთა რიცხვს, თუ დაჯილდოებული ხარ ჯანმრთელობით და სილამაზით, - მუდამ გახსოვდეს, მიწა ხარ და მიწად მიიქცევი. ყვავილისა და ბალახისებრ დაჭკნება ყოველი, რაიც ხელთ გიპყრია".
ამპარტავნება საძაგელია, დამამცირებელია, დამამდაბლებელია კაცისა, რადგან იგი დაპირისპირებაა მთელ ქვეყანასთან, გამიჯვნაა ადამიანებისაგან, თვით ღვთისაგან. მისგან გათავისუფლება მხოლოდ სიმდაბლით შეიძლება. წმიდა მამები ამბობენ: თუ თავს ჯოჯოხეთის სიღრმემდე დაიმდაბლებ, ზეცამდე ამაღლდები. თუ ამპარტავნება შენი ცამდე ამაღლდა, ჯოჯოხეთამდე დაგცემს.
სიმდაბლე საკუთარი თავის შეცნობით მოიპოვება, სიყრმითგან ჩადენილი ცოდვების მხილებითა და აღიარებით. ღირსი ისიხი წერს: "სამსონზე ძლიერნი არა ვართ, არც სოლომონზე უფრო ბრძენნი, არც ნეტარ დავითზე გონიერნი, პეტრეზე მეტად ღვთისმოყვარენი. ნუ მივენდობით საკუთარ თავს, რამეთუ საღვთო წერილი გვაუწყებს - თუ მხოლოდ საკუთარ თავს მიენდობი, დაეცემი საშინელი დაცემით", რადგან "ამპარტავანთა შეჰმუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი" (იაკ. 4,6).
მესამე ცოდვა ვერცხლისმოყვარეობაა. "ვერცხლის მოყუარება თაყუანისცემა არს კერპთა, და ასული არს ურწმუნოებისა, წინასწარმეტყუელ არს უძლურებისა, ცრუ მოშიში არს სიბერისაგან, მაუწყებელ არს სიყმილისა... დედა არს ყოველთა ბოროტთა... გარნა რომელმან მოიგო სიყუარული, მან განაბნინა საფასენი" (იოანე კიბისაღმწერელი).
ადამიანმა ღმერთი დაკარგა და სიმდიდრე გააღმერთა. ვერცხლის მოყვარეს არაფერი ჰყოფნის; ყველაფერი ეცოტავება. მისთვის ყველაფერი იყიდება: "სიყვარული ღვთისა და მოყვასისადმი, სახელი და ღირსება, სინდისი და პატიოსნება. იგი არ ფიქრობს, რომ მთელი სიმდიდრე, ოქრო და ვერცხლი აქ დარჩება, მიჯნის აქეთ, რომ მარტო თავის საქმეებს წაიღებს თან, რომელთაც მოჰკითხავენ, განსჯიან და კუთვნილს მიუზღავენ. ეს უბრალო ჭეშმარიტება თითქოს ყველამ იცის, მაგრამ ცოტა ვინმეღა თუ მისდევს მას. ადამიანმა თავი დაიბორკა მდაბალი ვნებებით, წვრილმანებით, ხელ-ფეხი შეიკრა, დაემონა ნივთებს, განუდგა მარადიულ იდეალებს, ღვთაებრივს, სულიერს, მშვენიერს, გადააფასა ფასეულობანი, მაგრამ არა თავის სასარგებლოდ. სიმდიდრისკენ სწრაფვამ იგი გააღატაკა.
ვერცხლისმოყვარეობიდან უშუალოდ წარმოიშვა მეოთხე ცოდვა - შური.
ყოველი შრომა და ყოველი წარმატება წარმოშობენ ადამიანთა შორის შურს და იგია ამაოება ამაოებათა. შური ქვენა გრძნობაა, ის შეურაცხყოფს ადამიანის ღირსებას. მოშურნეს ყველაფერი შურს. მოყვასის სიმდიდრე, მისი მდგომარეობა, თანამდებობა, წარმატება. შური აღავსებს მას სიძულვილით, ნგრევის ჟინით, ის მზად არის გაანადგუროს სხვისი კეთილდღეობა. "ხოლო უკუეთუ შური მწარე გაქუნდეს და ჴდომა გულთა შინა თქუენთა, ნუ იქადით და სტყუით ჭეშმარიტებასა ზედა. არა არს ესე სიბრძნე ზეგარდამოსრული, არამედ ქუეყანისაჲ, მშჳნვიერი და საეშმაკოჲ" (იაკ. 3,14-16).
შური სხვათათვის არ წარმოადგენს საფრთხეს, იგი უპირველეს ყოვლისა, ვნებს თვით მოშურნეს და, როგორც რკინას ჟანგი, ხრავს ადამიანის სულს (ბასილი დიდი). "შენ მტერი ხარ არა სხვისი, - ამბობს წმიდა კვიპრიანე, - არამედ შენი სულის ხსნისა. ყველას, ვისი შურიც შენ თან გსდევს, შეუძლია გაგექცეს, ხელიდან გაგისხლტეს, მაგრამ საკუთარ თავს ვერსად გაექცევი, სადაც არ უნდა იყო, მტერს ვერ დაემალები, მან შენს გულში დაიბუდა და შენში მყოფი სენი არ მოგასვენებს" (წმ. კვიპრიანე. "საკვირაო საკითხავი").
ღმერთმა შეიწყალოს და განათავისუფლოს ყოველი ადამიანი ამ ბოროტებისაგან.
ზოგი ფიქრობს, რომ ყოველგვარი ურთიერთობა მამაკაცსა და ქალს შორის ცოდვაა. ეს ასე არ არის. ქორწინება ღვთისაგან კურთხეული საიდუმლოა, მაგრამ სიძვა ერთერთი უმძიმესია სხვა მომაკვდინებელ ცოდვათა შორის, მისგან გამომდინარეობს ყოველი სხვა არაბუნებრივი კავშირი. იგია სიბილწე არა მარტო ხორციელი, არამედ სულიერი. ის ამახინჯებს ადამიანის სულს და გონებას, მის ფსიქიკას, უკარგავს ჭეშმარიტების აღქმის უნარს, მრუდე გზით წარმართავს ცხოვრებას. ფართოდ გავრცელებული თეორიები მორალური და სექსუალური თავისუფლების შესახებ, ხელყოფაა ბუნებისა, დამღუპველია ადამიანისა.
ქორწინება, ოჯახი, შვილები, ერის კეთილდღეობაზე ზრუნვა, - ყოველი ზნესრული ადამიანის ცხოვრების წესია. იგი გულისხმობს მამაკაცსა და ქალს შორის უმწიკვლო ურთიერთობას, ურთიერთნდობას, ურთიერთთავგანწირვას, ურთიერთმსხვერპლგაღებას.
"სიწმიდეში დავანებულია ნათელი და სიხარული და მშვიდობა და მოთმინება, სიძვაში კი მწუხარება, ვაება, უძღები ძილი და წყვდიადი" (ეფრემ ასური). მეძავთა და მემრუშეთა "სასუფეველი ღმრთისაჲ არა დაიმკვიდრონ" (I კორ. 6,10). რადგან ხორცი ჩვენი სიძვას კი არა, უფალს ეკუთვნის, "არა უწყითა რამეთუ ჴორცნი ეგე თქუენნი ასონი ქრისტესნი არიან?.. არა უწყითა, რამეთუ ჴორცნი ეგე თქუენნი ტაძარნი თქუენ შორის სულისა წმიდისანი არიან... ადიდეთ უკუე ღმერთი ჴორცითა მაგით თქუენითა, რომელი-იგი არს ღმრთისაჲ" (I კორნ. 6,15,19-20), - გვასწავლის პავლე მოციქული.
როდესაც იესო ქრისტეს მოუყვანეს მემრუშე დედაკაცი, რათა იგი ქვებით ჩაექოლათ, იესო "თითით ქუეყანასა წერდა და არარას ეტყოდა". შემდეგ მოუწოდა პირველ უცოდველს, დაეკრა ქვა ცოდვილისათვის და "კუალად ქვე დადრკა და წერდა ქუეყანასა" და ოდეს მხილებულნი თითო-თითოდ გაიკრიფნენ, მან კვლავ განაგრძო თითით ხაზვა და დუმილი. "და დედაკაცი იგი დგა შორის".
ქვე-დადრეკილი მაცხოვარი თითით ხაზავს მიწაზე ჩვენთვის შეუცნობელს და ფიქრობს ჩვენთა ცოდვათა გამო. შემდეგ ეუბნება განზე მდგომ ქალს, შეძრულს უფლის წყალობითა და საკუთარი სიცოცხლის გადარჩენით, "არცა მე განგიკითხავ შენ. წარვედ და ამიერითგან ნუღარა სცოდავ" (იოანე 8,4-11).
ამიერიდან ნუღა სცოდავო, გვითხრა უფალმა, და მე არ განგიკითხავო შენ. მაგრამ ადამიანს აქვს უცნაური თვისება, დაიხშოს ყურნი სმენად, გამუდმებით სცოდოს თვითონ, სხვანი კი განიკითხოს.
"განკითხვა მიტაცება არს მხოლოდშობილისა პატივისა და დამაქცეველი სულისა" (იოანე კიბისაღმწერელი). ამ ცოდვით ყველაზე მეტად ისინი არიან დამძიმებულნი, საკუთარ თავს კარგად რომ არ იცნობენ, არ იციან, რა არის ჭეშმარიტი სინანული და ბოლოს, არ იციან, საქმენი ეშმაკისანი, რომელიც ყოვლის ღონით ცდილობს ჩვენი სულის დაღუპვას.
ხშირად კაცი ცხადად დიდ ბოროტ საქმეთ იქმს, მაგრამ უფრო მეტ კეთილს - ფარულად; ჩვენ კი მას მხოლოდ განვიკითხავთ. განმკითხველი აუცილებლად ჩავარდება იმ ცოდვაში, სხვას რომ უძრახა და სასჯელსაც მკაცრს მიიღებს. "რამეთუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, - გვაფრთხილებს მაცხოვარი, - განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ" (მათე 7,2).
თუ ადამიანში არ არის სიძულვილი და ბოროტება, იგი ლოცვით შეეწევა დაცემულს.
მაშ, მოვიზღუდოთ თავი, რადგან "ვითარცა ამპარტავნება თავით თვისით თვინიერ სხვისა ვნებისა შემძლებელ არს წარწყმედად ჩვენდა, ეგრეთვე განკითხვა მოყვასისა მარტოდ შემძლებელ არს სრულიად წარწყმედად ჩვენდა" (იოანე კიბისაღმწერელი).
ჩავიხედოთ ჩვენს სულში და მთელის გულით შევსთხოვოთ უფალს: "მომანიჭე მე განცდაჲ თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, ვითარცა კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ" (ეფრემ ასური).
სხვა კიდევ ბევრი ცოდვა გვაწევს მხრებზე. მათზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება და უნდა ვილაპარაკოთ კიდეც, რადგან "ცხად არიან საქმენი ჴორცთანი, რომელ არიან: არაწმიდებანი, ბილწებანი, კერპთ-მსახურებანი, მწამლველობანი, მტერობანი, ჴდომანი, შურობანი, გულისწყრომანი, წვალებანი, შფოთებანი, კაცის კვლანი, ლირწებანი, მთვრალობანი, სიღოდანი და მსგავსნი ამათნი. რომელსა წინაჲსწარ გეტყვი თქუენ, ვითარცა პირველ გარქუ, ვითარმედ ესევითარისა მოქმედთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკვიდრონ" (გალ. 5,19-21).
ალბათ, ბევრი თქუენგანი იკითხავს, განა შესაძლებელია უცოდველი ცხოვრება?
მართალია, უცოდველი მხოლოდ უფალია, ადამიანი კი მიდრეკილია ცოდვისაკენ, მაგრამ არ არსებობს ცოდვა, ღვთის სიყვარულს რომ აღემატებოდეს და ჭეშმარიტი სინანულით, აღსარებითა და ზიარებით მისი შენდობა არ შეიძლებოდეს.
ჩვენი სული პირვანდელ სახეს დაიბრუნებს და მშვენიერ ბაღს დაემსგავსება, თუ განუწყვეტლივ მოვუვლით მას, მოვაშორებთ ეკალ-ბარდსა და სარეველას, გავწმენდთ ჭუჭყისაგან, თუ მოვიმკით ნაყოფს სულისა.
"ხოლო ნაყოფი სულისა არს: სიყუარული, სიხარული, მშვიდობაჲ, სულგრძელობაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ, მყუდროებაჲ, მოთმინებაჲ" (გალატ. 5,22-23).
ბედნიერია, ვინც თავისი ცხოვრების გზად "გზა ჭეშმარიტი" აირჩია, ვინც არა მარტო ხორცისთვის ზრუნავს, თუ რა ჭამოს, რა სვას და რა შეიმოსოს, არამედ ემზადება საუკუნო ცხოვრებისათვის.
ღმერთმა გაგვიხსნა სრულყოფის კარი და თუ მისი ნათლით გაბრწყინებულნი, რწმენითა და სიყვარულით აღვსილნი წარვმართავთ კაცობრიობის პროგრესს, ჩვენს მომავალს საფრთხე არ დაემუქრება.
დღეს, როგორც არასდროს მთელი კაცობრიობა ესწრაფვის მშვიდობას, მშვიდობას ბირთვული იარაღის გარეშე. სიკვდილის იარაღი ადამიანმა დააგროვა ისეთი რაოდენობით, რომ ძალის პოლიტიკით საუბარი უკვე შეუძლებელია. აუცილებელია ახალი პოლიტიკური აზროვნება; მორატორიუმი, რომელიც ბირთვულ აფეთქებებზე ცალმხრივად ხორციელდება ჩვენი ქვეყნის მიერ, სწორედ ამ ახალი აზროვნებით იყო ნაკარნახევი.
გულისტკივილით შეხვდა მსოფლიო საზოგადოება ამერიკის შეერთებული შტატებისაგან ამ დიდმნიშვნელოვანი წინადადების უგულებელყოფას. ყველამ უნდა გაიგოს, რომ მორატორიუმის უარყოფა საერთაშორისო დაძაბულობის შენელების უარყოფაა.
გვწამს, დედამიწაზე ადრე თუ გვიან აიკრძალება ბირთვული გამოცდები, რადგანაც უარი ამ ნაბიჯის გადადგმაზე, თვითმკვლელობას ნიშნავს.
ყოვლადსამღვდელონო მწყემსთმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ძმანო და დანო ჩემნო, მოგვეახლა ბრწყინვალე დღესასწაული - დღე ღვთის უნაპირო სიყვარულის გამჟღავნებისა, დღე კაცობრიობის უშრეტი სიხარულისა, ბეთლემში იშვა უფალი, მაგრამ დღეს იგი იბადება ყოველი ჭეშმარიტი ქრისტიანის გულში. მოვემზადოთ, რათა მივიღოთ იგი ჩვენი არსების განწმედილ ტაძარში და ეგოს იქ უკუნისამდე.
"ამისთვის შობილ ვარ და ამისთვის მოვივლინე სოფლად რაჲთა ვწამო ჭეშმარიტი. ყოველი, რომელი ჭეშმარიტებისაგან იყოს, ისმინოს ხმისა ჩემისა", - ბრძანებს იესო ქრისტე. დიდ არს ჭეშმარიტება ესე. იგია ჭეშმარიტება მარადიული სიყვარულისა; იგია ჭეშმარიტება ღვთისა და ადამიანის შესახებ, რომელიც გვიჩვენებს გზას საუკუნო ნეტარებისას და გვყოფს ჩვენ უფლად თავისა ჩვენისა. "სცნათ ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ" (იოანე 8,32), - ვკითხულობთ საღმრთო წერილში.
ყველას გილოცავთ მაცხოვრის შობის დღესასწაულს.
დაე, მშვიდობამ და სიყვარულმა დაივანოს თქვენს გულებში, თქვენს ოჯახებსა და მთელს მსოფლიოში.
ღმერთი მშვიდობისაჲ და სიყვარულისაჲ და ჭეშმარიტებისა იყავნ თქუენ თანა მარადის.
თბილისი,
ქრისტეს შობა,
1986/87 წწ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
საშობაო ეპისტოლე - 1993
ივერიის წმიდა მიწის ღვთივკურთხეულ შვილებს
"აჰა, მოვალ ადრე. მტკიცედ იპყარ რაცა გაქვს,
რათა არავინ წარგტაცოს გვირგვინი შენი" (გამოცხ. 3,11)
მშვიდობა, სიხარული და კეთილდღეობა მოგმადლოთ, მოწყალე და სახიერმა უფალმან.
განგვეშორა მძიმე წელი. წელი დიდი იმედებისა და დიდი განსაცდელისა. მწუხარებამ უფრო მეტად დაგვაახლოვა ღმერთს და ერთმანეთს და მეტი სიბრძნეც შეგვძინა, რადგან დაგვაფიქრა არა მარტო პურის არსებობაზე, არამედ მარადიულ ღირებულებებზეც.
სულიერმა და მატერიალურმა გაჭირვებამ დაგვანახა, რომ არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა, ოღონდ აუცილებელია განვითარების ახალი გზების მოძებნა, აუცილებელია, უპირველეს ყოვლისა, ღვთის სასოებით საკუთარ თავზე დაყრდნობა და ჩვენი შესაძლებლობების წარმოჩენა.
წინააღმდეგობების მიუხედავად გასულმა წელმა იმედი ჩაგვისახა, ამიტომაც, მართალია, სულიერი ტკივილით, მაგრამ ღვთის შეწევნის რწმენით ვხვდებით უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს - შობას უფლისას.
შობა ქრისტესი - ეს არის მისტიური აქტი, რომელსაც ბოლომდე ვერასდროს ჩავწვდებით. იგია გამოვლინება ადამიანისადმი ღვთის უსაზღვრო სიყვარულისა და მისთვის თავგანწირვისა; აქტი ღვთისა და კაცის შეერთებისა.
უფალი მოგვიახლოვდა, რათა ჩვენც აღვდგეთ და მივიდეთ მასთან. იგი არ ითხოვს სიმდიდრესა და მაღალ თანამდებობას, არც ოქროს, გუნდრუკსა მურს, რაც მოგვებმა მიართვეს ბეთლემში ახლადშობილს. მისთვის ძვირფასი მხოლოდ ჩვენი გულია. ამიტომაც თითოეულს მოგვმართავს: შვილო, მომეც გული შენი.
რად სურს ღმერთს ჩვენი გული? - მხოლოდ იმიტომ, რომ შეძლოს ჩვენს სულში დაივანოს და თავისი უსაზღვრო სიყვარულით, სიწმიდით და სიმშვიდით გაგვათბოს, დაგვიბრუნოს დაკარგული მადლი და ჩვენთვის ჯვარცმული, კვლავ ჩვენთან ერთად შეხვდეს ჩვენი ცხოვრების ტკივილს, ჩვენთან ერთად დაითმინოს და ევნოს, რათა გვაცხონოს და მარადიული ნეტარების ღირსი გაგვხადოს.
დიდება შენდა უფალო, გმადლობთ უფალო.
მაგრამ, ღმერთო, შენ ხომ იცი ჩვენ ვინ ვართ, რამეთუ ქმნილნი ხელთა შენთანი ვართ. იცი, რომ გული ჩვენი არის არაწმიდა; ოდითგან შეგთხოვთ დავით წინასწარმეტყველის სიტყვებით: "გული წმიდაჲ დაბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა" (ფს. 50,12), "მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა" (ლოცვა).
გმადლობ, უფალო, რომ გვაჯილდოვებ სინანულის გრძნობით, ცოდვის შეგრძნების უნარით და გამოსწორების სურვილით - შენსკენ სწრაფვით.
მეოცე საუკუნე უხეში მატერიალიზმის თაყვანისცემის ხანაა. ესაა დრო, როცა ცდილობდნენ ადამიანებისთვის შეექმნათ წარმოდგენა, თითქოს მატერიალური ყოფის გარდა სხვა სიცოცხლე არ არსებობს და რომ სულიერი მოვლენები ოდენ ჩვენი ტვინისა და ნერვული სისტემის გამოვლინებებია.
რა იყო მიზეზი ღმერთის დავიწყებისა?
პირველ რიგში ამპარტავნება. ადამიანური შესაძლებლობების არასწორი აღქმა, სულიერი დაცემა.
ჯერ კიდევ პლინიუს უმცროსი წერდა: ადამიანის ბუნება გაყალბებულია, რადგან მასში უკიდურეს სულიერ სიღატაკესთან შერწყმულია უსაზღვრო ამპარტავნება.
პასკალი ადამიანს განიხილავდა, როგორც "მოაზროვნე ლერწამს" (ანუ შინაგანად არამყარს), როგორც სამყაროს სივრცეში გაბნეულ ქვიშის მარცვალს, რომლის სიძლიერე სულიერობასა და აზროვნებაშია; და თუ ეს მადლი დაიკარგა, მარცვალიც განქარდება. სამწუხაროდ, არა მარტო ცალკეული ადამიანები, არამედ მთელი რიგი ქვეყნები მსხვერპლნი გახდნენ ამ მარტივი ჭეშმარიტების დავიწყებისა.
გერმანელი ფილოსოფოსი პაულსენი შენიშნავს: ძნელია უარყო მატერიალიზმი არა იმიტომ, რომ იგი სიმართლეს ქადაგებს, არამედ იმიტომ, რომ ძნელია დაუპირისპირდე წმინდა წყლის სისულელეს.
საოცარია, რომ მატერიალიზმის მიმდევართა შორის იყვნენ განათლებული და ზოგჯერ გენიალური ადამიანებიც, რაც მაჩვენებელია იმისა, რომ, მართალია, გენიოსობა ღვთის დიდი მადლია, მაგრამ მთავარი მაინც ნიჭის სწორად წარმართვაა. მრავალია მაგალითი იმისა, თუ რა საშინელი შედეგი მოაქვს გაუკუღმართებულ გენიას.
დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ მატერიალიზმი შობს ტოტალიტარიზმს, ჩვენ კარგა ხანია ვცხოვრობთ ასეთ დროში. ტოტალიტარიზმის მიზანია ადამიანის სრული გარდაქმნა იდეოლოგიური წყობის შესაბამისად. პიროვნების შეცვლა ხდება მის მოქმედებაზე და, რაც მთავარია, აზროვნებაზე მკაცრი კონტროლის დაწესებით. ტოტალიტარიზმი კარნახობს ყველას, როგორ უნდა იფიქრონ და ითხოვს უსიტყვო მორჩილებას, რაც ნიშნავს ინდივიდუალობის, პიროვნული საწყისის გაქრობას.
ამ მოვლენამ საკმაოდ ღრმა კვალი დააჩნია ჩვენს შინაგან სამყაროს. პოსტტოტალიტარულ დროში ყველაზე რთული სწორედ სულიერი მონობიდან განთავისუფლების, ღვთივმომადლებული ინდივიდუალური თავისუფლების მოპოვების, პასუხისმგებლობის შეგრძნებისა და ავისა და კარგის სწორად გარჩევის პროცესი იქნება.
მატერიალიზმის დღემდე არსებული ფორმა თანდათან უკანა პლანზე გადადის და ადგილს უთმობს მის სხვა სახეს - ტექნოკრატიზმს და ეკონომიკას.
საზოგადოების ზრუნვა ეკონომიკის წინსვლისათვის არ არის საშიში, თუ მასთან ერთად განვითარდება ადამიანის სულიერი და ინტელექტუალური შესაძლებლობები: ჭეშმარიტი სარწმუნოება, ეკლესიურობა, ზნეობა, მეცნიერება, ხელოვნება.
ჩვენ არ გვაქვს უფლება თანამედროვე ცივილიზაციის ყველა უბედურების საწყისად მეცნიერება დავსახოთ. ადამიანი უბრალოდ სულიერად მოუმზადებელი შეხვდა მეცნიერულ აღმოჩენებს. პიროვნების სულიერი განვითარების პროცესი მეტად ჩამორჩა ტექნიკურ პროგრესს და რადგან ერთი მეორეს არ განაპირობებს, დაირღვა წონასწორობა; ამან კი წარმოშვა საშიშროება და ჩვენს წინაშე დააყენა მრავალი გადაუჭრელი პრობლემა.
ამიტომ დღეს, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიზრუნოთ ერის სულიერი ამაღლებისათვის, რომ სათანადოდ მომზადებულნი შევხვდეთ დასავლეთის ქვეყნების "უცხო კეთილდღეობას", თორემ იმ მადლსა და თვითმყოფადობასაც დავკარგავთ, რაც წინაპართაგან რაღაც ფორმით დღემდე მაინც შევინარჩუნეთ.
სულიერება ხალხში თავდაპირველად გზას იკვლევს ცალკეულ მადლმოსილ პიროვნებათა წყალობით, შემდეგ კი ეს ნიჭი ეფინება მთელს ერს და ამაღლებს მას, ამიტომაც პიროვნების როლი ქვეყნის ცხოვრებაში უდიდესია.
არიან ადამიანები ღვთის ნიშნით გამორჩეულნი, რომელნიც თესენ სიყვარულს, სათნოებას, ქმნიან, აშენებენ, იწვიან და სხვას გზას უნათებენ. არიან პიროვნებანი დემონური ბეჭდით დაღდასმულნი - დამანგრეველი ძალით აღვსილნი.
მსოფლიო ისტორია იცნობს მრავალ მაგალითს იმისას, თუ როგორ ნადგურდებოდა მასები, იქცეოდა სახელმწიფოები განდიდების მანიითა და ეშმაკეული ამპარტავნებით შეპყრობილი "გენიალური უტვინოების" ხელში, რადგან ისინი, როცა ასპარეზიდან მიდიოდნენ და იღუპებოდნენ, ღუპავდნენ ხალხსაც.
სიწმიდე კი სიმშვიდით მოქმედებს, იგი არ ხმაურობს, არ ყვირის. ამიტომაცაა, რომ ზოგჯერ მთელი წლების თუ საუკუნეების შემდეგღა აღწევს ჩვენამდე სიტყვანი და დარიგებანი ღვთისსათნო და ბრძენ ადამიანთა, გმირული საქმეები ჩვენს წინაპართა. ისინი შეუმჩნევლად უცვლიან ელფერს ჩვენს შინაგან სამყაროს და იდუმალ გავლენას ახდენენ ჩვენს ყოფაზე.
ერთ-ერთი მაგალითი ამისა არის ცხოვრება XVII ს-ში რუმინეთში მოღვაწე, ჩვენი სახელოვანი თანამემამულე ანთიმოზ ივერიელისა, რომელმაც მთელ მსოფლიოს უჩვენა სიწმიდის, მოყვასის სიყვარულის და თავისუფლებისათვის ბრძოლის მაგალითი და რომელიც რუმინეთის ეკლესიამ 1992 წელს წმინდანად შერაცხა.
დღეს განსაკუთრებით ხშირად ვლაპარაკობთ თავისუფლებაზე. თავისუფლება ზოგს თავაშვებული ცხოვრების უფლება ჰგონია, ზოგს დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქეობა; უმთავრესი კი ავიწყდებათ იმიტომ, რომ ამ ცნებაში ხშირად გარეგნულ, მიწიერ გაგებას გულისხმობენ და არ ფიქრობენ მის შინაგან პროცესზე - სულიერ თავისუფლებაზე.
ზნეობრივი თავაშვებულობა ცოდვის მონობაა, წმ. პავლე მოციქული წერს: "თავისუფლებისათვის ხართ ძმანო ხმობილნი, მაგრამ ხორციელი განცხრომისთვის ნუ მოიხმართ თავისუფლებას, არამედ სიყვარულით ჰმონებდეთ ერთმანეთს" (გალატ. 5,13).
რაც შეეხება ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ზრუნვას, ხალხის სულიერი ამაღლების გარეშე იგი მეტად ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს, რადგანაც ერი თავისი უმეცრების და უზნეობის მსხვერპლი გახდება.
პოლიტიკური თავისუფლება მძიმე ცოდვათაგან თავისუფალმა საზოგადოებამ უნდა მოიპოვოს, ეს ღვთის კანონია. ასე რომ, ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა ამავე დროს თითოეული ჩვენგანის შინაგან სრულყოფას, შინაგან თავისუფლებას ითხოვს.
უფალმა კაცი ხატად და მსგავსად თვისსა შექმნა, მაგრამ დაცემის შემდეგ ადამიანის სუფთა სულს შეერია სხვადასხვა ცოდვა და დაბინდა იგი. ის, ვინც შეძლებს ცოდგათაგან განწმენდას, ხდება თავისუფალი, თავისი თავის უფალი, ღვთის მსგავსებით შექმნილი თავისი უბიწო სულის პატრონი. ამიტომაც წერენ ბრძენნი: შეიძლება მონობაში იყო, მაგრამ თავისუფლება ვერ წაგართვან და შეიძლება თავისუფლებაში განცხრომით ცხოვრობდე და მონა იყო, თანაც იმდენი ბატონის, რამდენი მანკიერი თვისებაცა გაქვს.
ადვილი არ არის ჩვენს მდაბალ ვნებებსა და აზრებზე, ჩვენში მიმდინარე სულიერ და ფიზიკურ პროცესებზე გამარჯვება. ჩვენი სული ვიდრე ხორცის ტყვეობაშია ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის დაუსრულებლად იქნება და ვაი მას, ვინც ბოლომდე მდაბალ ვნებათა მსახურად დარჩება.
წმიდა წერილი გვაფრთხილებს: საქმენი ხორცთანი არიან: "სიძვა, უწმინდურება, ბილწება, კერპთმსახურება, მწვალებლობა, მტრობა, შუღლი, შური, რისხვა, განხეთქილება, სიძულვილი, მკვლელობა, მემთვრალეობა" და სხვა მისთანანი. წინასწარ გეტყვით,... რომ "ამის მოქმედნი ვერ დაიმკვიდრებენ ღმრთის სასუფეველს" (გალატ. 5,19-21).
სამწუხაროდ ეს მანკიერებანი ახასიათებს ჩვენს საზოგადოებას და მიუხედავად ამისა გვსურს დამოუკიდებლობა. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა განვთავისუფლდეთ ცოდვის მძიმე უღელისგან; ეს კი შესაძლებელია მხოლოდ ეკლესიის მადლით.
ძალიან ბევრს არ ესმის ეკლესიის ძალა და მნიშვნელობა. წმიდა მამებმა კი, რომლებიც შიგნიდან ხედავდნენ ეკლესიის სიდიადეს, ჯერ კიდევ IV საუკუნეში ასე გამოთქვეს მისი არსი: "მწამს ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია"... რამეთუ მხოლოდ ასეთი ეკლესიის დამაარსებელი და თავი არის იესო ქრისტე.
"ამას კლდესა ზედა აღვაშენო მე ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას" (მათე 16,18) - ბრძანებს უფალი. ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ ეკლესია მუდმივ ბრძოლაში იქნება ბოროტებასა და ცოდვასთან, მაგრამ ჯოჯოხეთის ძალებიც კი ვერაფერს დააკლებენ, რადგან ეკლესია არის წმინდა და გამოსყიდულია უფლის სისხლით. სულიწმიდა ტრიალებს ტაძარში და განწმენდს ყოველივეს და ყველას. ვინც რწმენითა და სიყვარულითაა მოსული. "ნეტარ ხარ შენ ეკლესიავ მართლმორწმუნეთა, რამეთუ მეფემ მეფეთამან დაიდგინა შენში სავანე. ურყევია შენი საძირკველი, რამეთუ უფალი მცველ შენდა არს. ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოგერევიან და მგელნი მტაცებელნი ვერ შეგმუსრავენ და ვერც სიმტკიცეს შენსას შეასუსტებენ. ო, მშვენიერო და ბრწყინვალე სახლო უფლისა, რა დიდებული ხარ შენ!" - წერს წმ. ეფრემ ასური.
ეკლესიამ მისცა საქართველოს ისეთი საოცარი პიროვნებანი, როგორნიცაა: წმ. ნინო, განმანათლებელი ივერიისა, წმ. იოანე ზედაზნელი, დავით გარეჯელი, შიო მღვიმელი, ანტონ მარტყოფელი, წმიდა მეფენი: მირიანი და ნანა, ვახტანგ გორგასალი, არჩილი და ლუარსაბი, დავით აღმაშენებელი, თამარი, ქეთევან წამებული, დემეტრე თავდადებული და სხვანი მრავალნი, სათნონი ქრისტესნი. და, საერთოდ, ყველაფერი ის, რითაც ჩვენ ვამაყობთ ოცსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, ეკლესიური ცხოვრების, ეკლესიური აზროვნების გამოვლინებაა.
როდესაც თანამედროვე ისტორიკოსები და ზოგჯერ ღვთისმეტყველნიც ეკლესიაზე წერენ, უფრო ხშირად მის გარეგნულ მხარეზე ამახვილებენ ყურადღებას ან წარსულის მიხედვით აფასებენ მის როლს. ეკლესია გაცილებით იმაზე დიდია, ვიდრე ჩვენ გვგონია. ეკლესია მისტიური სხეულია უფლისა. ეკლესია მასში მყოფი მრევლი კი არ არის მხოლოდ, ან დედამიწაზე მცხოვრები მორწმუნენი, არამედ, უწინარეს ყოვლისა, უფალი, ღვთისმშობელი მარიამი, ანგელოსთა დასი და წმიდანთა მთელი კრებული შეერთებული მლოცველთა ჯგუფთან; ამიტომაც არის ტაძარი - ცა დედამიწაზე.
ის საშინელი მოვლენები, რაც ჩვენს გვერდით ხდება: მკვლელობა, ძალადობა, ძარცვა, ვერაგობა, თავაწყვეტილი ვნება... შედეგია ურწმუნოებისა და არასულიერობისა.
ამიტომ დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა ჩვენი ხალხის, ჩვენი ახალგაზრდობის, ბავშვების, ინტელიგენციის გაეკლესიურება. "ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეული ტაძარია თქვენში დამკვიდრებული სულიწმიდისა, რომელიც გაქვთ ღმრთისაგან და არ ეკუთვნით თქვენს თავს?... ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულითა და სულით" (I კორინ. 19,20).
ჩვენდა სამწუხაროდ, უმრავლესობას დაკარგული აქვს დანაშაულის შეგრძნებისა და განცდის უნარი და თავი უცოდველი ჰგონია. ეს კი ამ პიროვნებათა დაბალი დონის მაჩვენებელია. ადამიანი, რაც უფრო მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე, მით უკეთ ხედავს თავის თავს და აქედან გამომდინარე - თავის ცოდვებსაც, (უცოდველი არავინაა) და ეუფლება გრძნობა სინანულისა და სურვილი გამოსწორებისა.
ეკლესიის მთავარი არსი იმაშია, რომ აქ მღვდლის საშუალებით ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა, ყველა ჩვენი უწმინდურების მიზეზის - ცოდვისგან განთავისუფლებისა; ამქვეყნად მხოლოდ მოძღვარს აქვს ღვთისგან მინიჭებული მადლი ცოდვათა გახსნის და მიტევებისა. აღსარებით და ზიარებით პიროვნებაში ხდება სულიერი ფერისცვალება, შინაგანი წონასწორობის აღდგენა. ღმერთი მწუხარებისაგან გათანგულს ნუგეშს აძლევს, შურისძიების სურვილით შეპყრობილს - მიტევების მადლს, აფორიაქებულს - სიმშვიდეს, დაჩაგრულს - სულიერ ძალას.
"მე ვსუფევ მაღალში, - ბრძანებს უფალი, - და სიწმინდეში, მაგრამ მე ვარ ტანჯულთანაც და სულით გლახაკთან, რათა ცხოველვყო გლახაკთა სული და ცხოველვყო ტანჯულთა გული" (ესაია 57,15); "მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ" (მათე 38,6-7).
ასეთი დაღლილი არასდროს ყოფილა ადამიანთა მოდგმა, არასდროს ყოფილა კაცობრიობა ასეთი კატაკლიზმების წინაშე: ინგრევა ქვეყნები და სისტემები, მსწრაფლ იცვლება მოვლენები, რაც ნიშანია იმისა, რომ ჟამი ახლო არს. "აჩრდილს მიუყვება ადამიანი, მაგრამ ამაოდ ფუსფუსებს, აგროვებს და არ იცის, ვის დარჩება" (ფს. 38,6-7).
წარსული განვლილია, მომავალი არ ჩანს, აწმყო კი მეტად ბუნდოვანია, ერთადერთი ნუგეში არის უფალი. "მე თქუენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა" (მათე 28,20) - ჩაგვესმის მისი სიტყვები.
ხშირად მეკითხებიან, თუ როგორ ვხსნით რელიგიური თვალსაზრისით დღევანდელ ჩვენს მდგომარეობას.
ამჟამად საქართველოში ომია, გარეშე მტრისაგან თავსმოხვეული ომი, ხელოვნურად შექმნილ კონფლიქტთა სერია. ჩვენ ვიცავთ არა მარტო საზღვრების მთლიანობას, არამედ რწმენას, კულტურას, ისტორიას, ტრადიციებს ჩვენი ხალხისა და ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ სხვა ერთა წარმომადგენლებისა.
მართალია, ყველას გვიჭირს, მაგრამ იმედი გვაქვს, ერთად დავძლევთ ამ სიძნელეებს და აუცილებლად გავიმარჯვებთ. ღმერთი არ დაუშვებს საქართველოს გაყოფას. ივერია ღვთისმშობლის წილხვედრია და ათასობით წმიდანთა სისხლით განბანილი მათი ლოცვა შეგვეწევა.
ექსტრემისტებისა და სეპარატისტების მიზეზით მრავალი ახალგაზრდა მოკვდა. დაიღუპნენ ქართველები, აფხაზები, ოსები, რუსები, სომხები, აზერბაიჯანელები და სხვანი. ცრემლმა და სიკვდილმა შეაბიჯა ბევრ ოჯახში, დაქვრივდნენ ახალგაზრდა დედები, დაობლდნენ ბავშვები... ბევრი ახალგაზრდა დახეიბრდა.
მე მინდა ვუთხრა ყველას, აქ მყოფს და იმქვეყნად წასულს (ისინიც ხომ ცოცხლებია და ესმით ჩვენი): დიდია თქვენი ღვაწლი ქვეყნის წინაშე და დიდი იქნება ჯილდოც თქვენი უფლისგან ბოძებული. თქვენ ხომ თავისუფლებისათვის, სარწმუნოებისა და სამშობლოსათვის, ჩვენი ნათელი მომავლისათვის იბრძოდით; თქვენ იბრძოდით წყვდიადისა და უმეცრების წინააღმდეგ. ჭეშმარიტად დიდია თქვენი მსხვერპლი და ამდენად თქვენი დამსახურებაც ღვთისა და სამშობლოს წინაშე.
ჩვენ იმედით ვუყურებთ მომავალს და გვჯერა, რომ გონიერება, სიყვარული, სიკეთე და ძმობა გაიმარჯვებს.
ეს ერთი მხარე მოვლენისა, რაც შეეხება მის სულიერ არსს, მინდა გითხრათ, რომ ადამიანებს ხშირად მაშინ მიაჩნიათ თავი ბედნიერად, როცა ყველაზე უბედურნი არიან. არის პირიქითაც.
ომი, გაჭირვება - სინამდვილეში მოწოდებაა სინანულისა და განწმენდისაკენ; იგია საშუალება ხანგრძლივი ძილისაგან ჩვენი გამოღვიძებისა და ღმერთთან დაახლოებისა. ხილულ მწუხარებაში ყოველთვის უხილავი მადლი იმალება. "როგორც თესლის აღორძინებისათვის აუცილებელია წვიმა, ისე ჩვენთვის ცრემლები. როგორც მიწას სჭირდება დამუშავება, რომ კეთილი ნაყოფი გამოიღოს, ისე ჩვენს სულებს - მწუხარება და განსაცდელი, რომ დარბილდეს ჩვენი სიმკაცრე და დაიძლიოს ჩვენი ამპარტავნება" (იოანე ოქროპირი), რაც განსაკუთრებით გვახასიათებს ჩვენ.
ოქრო და ვერცხლი მაღალი ტემპერატურის გარეშე მინარევებისაგან ვერ განიწმინდება, ასევე ვერც ჩვენი სული - მწუხარების გარეშე.
მახსენდება მაკაბელთა წიგნის შემდეგი ადგილი: "ეს სასჯელი დასაღუპავად კი არა, ჩვენი ხალხის გამოსაფხიზლებლად იყო გამიზნული. ბიწიერებას ხომ დიდი ხანი არ ეძლევა და იმთავითვე სასჯელით აღიკვეთება, სწორედ ესაა დიდი წყალობის ნიშანი.
რაც შეეხება სხვა ხალხებს, ღმერთი მოთმინებით აყოვნებს მათ დასჯას, ვიდრე ისინი მთლიანად არ აივსებიან ცოდვებით. ჩვენ კი ასე არ გვექცევა იგი. არ ელის ჩვენი ცოდვების სავსებას, რომ მერე შური იძიოს ჩვენზე. ამიტომაც არ მოუკლია ჩვენთვის მოწყალება და თუმცა უბედურებით კი გვსჯიდა, მაინც არ გაუწირავს თავისი ხალხი" (II მაკაბ. 6,12-16).
ასე რომ დღეს საქართველოში მიმდინარე მოვლენები არის ნელი და მტკივნეული პროცესი "უძღები შვილის" დაბრუნებისა. ჩვენს სულიერ მდგომარეობაზეა დამოკიდებული, რამდენად მალე განვთავისუფლდებით სასჯელისაგან. სიძნელეებს არ უნდა შევუშინდეთ, რადგან ღვთის ძალა სწორედ რომ უძლურებაში ცხადდება, ოღონდ უფალს უნდა მივენდოთ სრულად, თავშეწირვამდე.
მიწიერი ჩვენი ცხოვრება უდაბნოში მოგზაურობაა. ჩვენ აქ მხოლოდ მგზავრები ვართ: დღე დღეს აუწყებს მარადიულობის კარიბჭესთან ჩვენს მიახლოებას; მთავარია, იქ წარვდგეთ ღირსეულად. ღვთის დიდი წყალობაა, რომ არ ვიცით ჩვენი აღსასრულის დღე, რათა ყოველთვის გვახსოვდეს სიკვდილი და ყოველი დღე გავატაროთ ისე, თითქოს იგი იყოს უკანასკნელი. ამაშია სიბრძნე. ჯერ კიდევ ანტიკური დროის დიდმა პიროვნებამ, პლატონმა, სიბრძნის მოყვარება - ფილოსოფია განმარტა, როგორც მზადება სიკვდილისათვის.
"მართალთათვის და ცოდვილთათვის სიკვდილი იგივეა, რაც მკვდარი ზღვა ძველ აღთქმაში ებრაელთა და ეგვიპტელთათვის. პირველთათვის იგი იყო გადასასვლელი აღთქმულ ქვეყანაში, ხოლო მეორეთათვის - მიზეზი სიკვდილისა. მსგავსად ამისა, მართლის სიკვდილი არის დასაწყისი ნეტარი მარადიულობისა - აღთქმული ქვეყნისა; ცოდვილთათვის კი - მიზეზი მეორე სიკვდილისა - მარადიული სატანჯველისა" (სულიერი მდელო).
ეს საუკუნე ღვთისგან ხალხს სინანულისთვის მიეცა. ფუტუროლოგნი ამტკიცებენ, რომ თუ კაცობრიობამ კიდევ იარსება XXI საუკუნეში, იგი მეტად რელიგიური ასწლეული იქნება, რადგან ხალხი დაიღალა, უღვთოდ დაცარიელდა ტაძარი სიყვარულისა.
დღეს კი ჩვენ ვართ მოწმე არამარტო თანამედროვე ისტორიის ტრაგიზმისა, არამედ მოახლოებული აპოკალიფსური დროისა. სულ უფრო მკვეთრად ჩაგვესმის სიტყვები: "მე ვარ ანი და ჰოე, იტყჳს უფალი ღმერთი, რომელი არს და რომელი იყო და რომელი მომავალ არს, ყოვლისა მპყრობელი" (გამოც. 1,8).
ღვთის მოწყალების იმედით აღვსილი ყველას გულითადად გილოცავთ ქრისტეს შობის დღესასწაულს. დამდეგი ახალი წელი, დაე, იყოს ყველასათვის მშვიდობის, კეთილდღეობისა და სიკეთის მომტანი, წელი სიყვარულისა და შერიგებისა: "განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ" (რომაელთა 13,12).
"იშვა ყრმა, მოგვეცა ძე... და ეწოდა სახელად... ღმერთი ძლიერი, მშვიდობის მთავარი" (ესაია 9,5), "ღმერთმან მშვიდობისამან სრულგყოთ თქვენ ყოველი კეთილი საქმის მის ნებისაებრ აღსასრულებლად და იყოს თქვენში ის, რაც სათნო ჩანს მის წინაშე" (ებრ. 13,20-21). "რომელმან სძლოს, ესრეთ შეიმოსოს სამოსელი სპეტაკი" (გამოცხ. 3,5).
გიხაროდეთ, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი, ამინ.
ქრისტეს შობა,
თბილისი.
1992-1993 წწ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
საშობაო ეპისტოლე - 1996
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ შვილებს:
ჰე, მოდი, უფალო იესო (გამოცხ. 22,20).
ყოვლადუსამღვდელოესნო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონაზონნო, ძმანო და დანო, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს მკვიდრნო და ჩვენი დალოცვილი სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო ძვირფასო თანამემამულენო:
მშვიდობა და კურთხევა თქვენდა ღვთისა - მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, სამებისა ერთარსებისა და განუყოფელისა.
"იყავით ჩემში, და მე ვიქნები თქვენში, როგორც ნასხლავი თავისთავად ვერ გამოიღებს ნაყოფს, თუკი არ შერჩა ვაზს, ასევე თქვენც, თუკი არ დარჩებით ჩემში" (იოანე 15,4), - ბრძანებს მაცხოვარი.
მთელი ჩვენი ცხოვრება - ეს არის უფალთან შეხვედრისათვის მზადება. თუ ადამიანში არ ხდება პროცესი სულიერი განწმენდისა და ფერისცვალებისა, ეს შეხვედრა სამწუხარო შედეგით დამთავრდება. მიუხედავად იმისა, სწამს თუ არა ღმერთი პიროვნებას, უნდა მას თუ არა წარდგომა წინაშე უფლისა, ეს შეხვედრა აუცილებლად მოხდება; მან პასუხი უნდა გასცეს შემოქმედს ყველა თავისი საქციელის გამო, რათა საუკუნო ნეტარება ან მარადიული ტანჯვა დამსახურებისამებრ მიეგოს.
გვიახლოვდება ქრისტეს შობის სიხარულით აღსავსე ბრწყინვალე დღესასწაული. ეს არის ზეიმი, რომელიც მორწმუნე ქრისტიანის სულს სიყვარულით ასხივოსნებს და გულს იმედით განათბობს, რადგანაც მასში იშვება ქრისტე - სასოება ჩვენი.
სახარებაში ვკითხულობთ: "და მწყემსნი იყვნეს მასვე სოფელსა, ველთა დგებოდეს და ჴუმილვიდეს საჴუმილავსა ღამისასა სამწყსოსა მათსა. და აჰა ანგელოზი უფლისაჲ დაადგრა მათ ზედა, და დიდებაჲ უფლისაჲ გამოუბრწყინდა მათ, და შეეშინა მათ შიშითა დიდითა. და ჰრქუა მათ ანგელოზმან მან უფლისამან: ნუ გეშინინ, რამეთუ აჰა ესერა გახარებ თქუენ სიხარულსა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა: რამეთუ იშვა დღეს თქუენდა მაცხოვარი, რომელ არს ქრისტე უფალი, ქალაქსა დავითისსა. და ესე იყოს თქუენდა სასწაულად: ჰპოოთ ყრმაჲ იგი შეხუეული და მწოლარე ბაგასა. და მეყსეულად იყო ანგელოზისა მის თანა სიმრავლე ერთა ცისათაჲ, აქებდეს ღმერთსა და იტყოდეს: დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ, და კაცთა შორის სათნოებაჲ" (ლუკა 2,8-14).
საოცარია, უფლის განხორციელების შესახებ პირველად უბრალო მწყემსებს ეუწყათ და არა მეფეთ ან სხვა დიდებულთ ამა ქვეყნისა.
ებრაელი მწიგნობრები დასცინოდნენ და ამცირებდნენ მწყემსებს, რადგანაც მათ ცხოვრების განსაკუთრებული პირობების გამო მოსეს კანონის დარღვევა უხდებოდათ. სწორედ ჩინებულთაგან დაწუნებულნი გახდნენ ღირსნი სხვათა უწინარეს ეცათ თაყვანი ღვთაებრივი ყრმისათვის.
იუდეველთა ტრადიციით იმ ოჯახში, სადაც ვაჟი დაიბადებოდა, ნათესავები იკრიბებოდნენ და ახალი წევრის შემატებას საგალობლებით, სიმღერითა და მხიარულებით აღნიშნავდნენ. მაცხოვარს არათუ ეს წესი დააკლდა, არამედ სახლიც კი არ მოიძებნა მისი შობისათვის. იგი ქვეყნიერებას მოევლინა გამოქვაბულში, იქ, სადაც უამინდობისას მწყემსები საქონელს აფარებდნენ ხოლმე. ამ სოფლისაგან ყოველგვარ პატივს მოკლებულ ახლადშობილ ძე ღვთისას ზეციური საგალობელი ანგელოზებმა უგალობეს.
წმ. იოანე ღვთისმეტყველი ღვთის განხორციელების გონებით მიუწვდომელ ამ მოვლენას ასე გადმოგვცემს: "და სიტყუაი იგი ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა ჩუენ შორის, და ვიხილეთ დიდებაჲ მისი, დიდებაჲ ვითარცა მხოლოდ-შობილისაჲ მამისა მიერ, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა" (იოანე 1,14).
მადლი და ჭეშმარიტება - როგორი ახლობელი და ამავე დროს შორეულია ისინი ჩვენთვის. მადლის შესახებ ლოცვაში ვკითხულობთ, რომ იგი არის ძალა "სნეულთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი".
წყარო და უშუალო სათავე მადლისა არის ყოვლადწმიდა სამება. მადლი ღვთისა იცავს და განათბობს მთელ ხილულ და უხილავ სამყაროს, ხოლო მადლი ყოველ მორწმუნე ქრისტიანს მისი ღირსებისა და სულიერი სიწმინდის შესაბამისად მიეცემა, ოღონდ, პიროვნებამ მისი მოპოვება უნდა მოინდომოს და გული მისი მიღებისათვის განიწმინდოს. ამიტომაც არ უნდა იფიქროთ, თითქოს მადლის მონიჭება ჩვენი ნების გარეშე ხდება.
სწორედ მადლი უდევს საფუძვლად კათარზისის, განწმენდის პროცესს, გონების გაბრწყინება-გაცისკროვნებას, სულიერ მჭვრეტელობას. წმ. მამები ამბობენ, რომ მადლი მადლობის შეწირვისას, მადლიერებით აღვსებისას, თავმდაბლობის, მსხვერპლის გაღების, მოთმინებისა და სიმშვიდის გამოვლენისას გვეძლევა.
მადლი და ჭეშმარიტება - ეს არის საუნჯე, რომლის მოხვეჭა ყველა ადამიანისათვის აუცილებელია. მხოლოდ მათი წყალობით მოვიპოვებთ ნამდვილ თავისუფლებას და მხოლოდ ამ გზით ვეზიარებით უფალს. მოციქული პავლე წერს: "უფალი სულია, ხოლო სადაც არის სული უფლისა, იქ თავისუფლებაა" (2 კორინ. 3,17). თუ ჭეშმარიტებას შევიცნობთ, თავისუფლებისაკენ მიმავალი გზაც გაგვეხსნება. მაცხოვარი ბრძანებს: "და შეიცნობთ ჭეშმარიტებას, და ჭეშმარიტება განგათავისუფლებთ თქვენ" (იოანე 8,32). ჭეშმარიტება! როგორი სასურველი და აუცილებელია იგი თითოეული ჩვენგანისათვის. ჭეშმარიტება გვახარებს და აღგვიძრავს სევდას, აღგვაფრთოვანებს და გვანაღვლიანებს.
კაცთა ცნობიერებაში ჭეშმარიტება ყოველთვის ღვაწლისა და თავდადების შარავანდედით იყო მოსილი. დიახ, ვიწრო და ეკლიანია ჭეშმარიტებისაკენ მიმავალი გზა. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რა მრავალფეროვანი და რთულია ცხოვრება. ჩვენი ყოველდღიური ყოფა ნათლად გვიჩვენებს, რომ ის, რაც მისაღები და სასარგებლოა ზოგიერთებისათვის, სხვათათვის ზიანის მომტანია. ღირსი მამა ანტონ დიდი ბრძანებს: "ილოცეთ, რომ მოგცეთ უფალმა მადლი, ნათელი ხედვა და გონიერება, რათა სიკეთე და ბოროტება, უცდომელად განასხვაოთ". არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი ნაცვლად ჭეშმარიტების შეცნობისა, ხშირად პირიქით იქცევა, თავისი ბნელი მიზნებისათვის სახეს უცვლის და ამახინჯებს მას.
ასე რომ, ადვილი არ არის სწორად ცხოვრება. მაგრამ, "რაც არ უნდა ძნელი იყოს ჭეშმარიტებისაკენ მიმავალი გზა, მას ყოველთვის მოაქვს შვება და თავისუფლება". ფილოსოფოსები ამბობენ, რომ ჭეშმარიტება მსგავსია სინათლისა, რომელიც ავადმყოფ თვალებს აღიზიანებს. ადამიანებმა შეიძლება სიმართლეზე თვალი დახუჭონ, დაიხშონ გონება და გული, შეიძლება სასიკვდილოდ გასწირონ სიმართლის პირში მთქმელი, მაგრამ თვით სიმართლეს ვერავინ მოსპობს და იგი ბოლოს მაინც გამარჯვებას იზეიმებს. კაცობრიობის ისტორია ამისი ნათელი დადასტურებაა.
საიდუმლოება დროისა - რამდენი რამ არის მასში აუხსნელი, ჩვენთვის დაფარული. ცნობილი რუსი ფილოსოფოსი პეტრე ჩაადაევი ამბობდა: "ღმერთს არ შეუქმნია დრო, მან ამის უფლება ადამიანებს მიანიჭა". მაგრამ ხშირად ნათლად აღვიქვამთ იმასაც, რომ ზოგიერთი მოვლენა თითქოს თავისთავად, ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ ვითარდება.
ეს იმიტომ, რომ მსოფლიო პროცესებს ღვთის ნებასთან შერწყმული ადამიანის შემოქმედებითი უნარი უდევს საფუძვლად. უფალი ყოველივეს ადამიანთან ორმხრივი კავშირით - სინერგიით წარმართავს, ოღონდ ადამიანის შემოქმედებითი სწრაფვა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ღვთის ნებას, და თუ ეს ასე არ ხდება, იწყება გზა დაღუპვისა.
ქრისტიანული სარწმუნოების ღრმა გაცნობიერება საშუალებას იძლევა ჩავწვდეთ ისტორიის ფილოსოფიურ შინაარსს, ისტორიულ მოვლენათა მისტიურ აზრს. არ შეიძლება წარსულისა და მომავლის გარეშე მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრება. ისტორიული გამოცდილების გააზრება და გათვალისწინება ყოვლად აუცილებელია. ამიტომაც, სულიერი თვალით ღრმად უნდა შევისწავლოთ წარსული, რომ სამომავლოდ სწორი დასკვნები გავაკეთოთ.
ჩვენი ცხოვრება სავსეა დაცემითა და აღდგომით. თუ ვმხიარულობთ, მწუხარებისთვის უნდა ვემზადოთ, თუ შეჭირვებულნი ვართ, ღვთის მოწყალებას უნდა ველოდოთ. სიხარული და მწუხარება მუდმივად მონაცვლეობენ ჩვენს ცხოვრებაში. ისეთი საზოგადოების შექმნა, სადაც ყველა ბედნიერი იქნება, უტოპიაა, რადგან, როგორც ნათქვამია, ქვეყანა სამოთხე არ არის, არამედ ადგილი - სამოთხიდან განდევნილთა.
ჩვენი ხალხიც დაცემისა და აღდგომის სპირალურ გზას მიჰყვება. მოსახლეობამ გადაიტანა ურწმუნოებისა და ნგრევის უმძიძესი პერიოდი, რომელსაც ტოტალიტარულს ვუწოდებთ. საშინელი იყო ეს 70 წელი, მაგრამ არის აზრი, რომ რუსეთში მართლმადიდებლობა სწორედ რევოლუციის წყალობით გადარჩა. მოსახლეობამ ვაჟკაცურად გაუძლო რბევას, საშინელ ნგრევას, შიმშილსა და განუკითხავ ტერორს. ქვეყანა უნაპირო მკვდარ უდაბნოს ჰგავდა, რომლის ტრამალებში ადამიანთა სულები უნუგეშოდ დახეტიალობდნენ. თუმცა, რაც უფრო მძიმე იყო წამება, მით უფრო იზრდებოდა სურვილი თავისუფლებისა. კრძალავდნენ რა ჭეშმარიტ სარწმუნოებას, იდეოლოგები ახალი ცრუ კერპებისა და იდეალების შექმნით ხერგავდნენ გზას ჭეშმარიტებისაკენ, მაგრამ ყოველივე ეს სწრაფად იმსხვრეოდა, რადგან საფუძველი მათი დაჭაობებული, უმადლო და უსულო იყო.
ცნობილი ფილოსოფოსი, ალექსი ლოსევი ასე აღწერს ამ პერიოდს: "ქვეყანა დაფლეთილი და ჯვარცმულია, ნაწილებად დამსხვრეული, საყოველთაო და აბსოლუტური გათიშვა ერთმანეთისაგან, როდესაც A მხოლოდ არის A და მეტი არაფერი. სრული განცალკევება ყოველი A-სი და მისი გაწირვა მარადიული მარტოობისათვის. ყოველგვარი ნათესაური კავშირის გაწყვეტა, მარადიული მტრობა და გაყოფა. ყოფის დამსხვრეული ნაწილების მარადიული და აუცილებელი გარეგნული სიცივე, გარეგნულ და შინაგან სულიერ სამყაროსთან სრულიად შეუთანხმებელი, რკინის ბორკილები ნათესაური სითბოს ნაცვლად, მექანიზმი - ცხოვრების მაგიერ, საშინელი ბედისწერა - თავისუფლების სანაცვლოდ; მარადიული უღიმღამო ყოფა და კანონთა სიმკაცრე, - აი შენი ცხოვრება ადამიანო" (ა. ფ. ლოსევი, 1990, გვ. 227).
ასეთი ყოფის მემკვიდრენი ვართ ჩვენ. ამიტომაც ვხდებით დღეს მოწმენი მძიმე ცოდვებით დაცემისა: მკვლელობის, ძარცვის, საშინელი ამპარტავნებისა და შურის, ოჯახის დარღვევის, მრუშობა-გარყვნილების და სხვა უარყოფითი ფაქტების გამოვლენისა.
მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის ხანაში, მოზღვავებული ინფორმაციისა და სწრაფადცვალებადი მოვლენების გავლენით ადამიანმა თითქოს დაკარგა თავისი ადგილი, დაკარგა შეგნება თავისი ღირსებისა, როგორც ღვთის ხატებისა და დედამიწაზე მისი მადლისა და ჭეშმარიტების მთავარი მატარებლისა.
ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი საზოგადოება მადლს მოკლებულია. უნებურად იბადება კითხვა: შესწევს კი უნარი ამდენი დაცემისაგან გათანგულ ადამიანს კვლავ აღდგომისა და განახლებისა. ან იქნებ გამოსავალი უკვე აღარ არის?
თუ პიროვნება დამცირების და შეურაცხყოფის ქურაში გაივლის, დაინახავს თავის უღირსებას, სულიერ ჭუჭყს და გაუჩნდება სურვილი ფერისცვალებისა, დაიწყება იდუმალი და საოცარი პროცესი განწმენდისა და ამაღლებისა. მხოლოდ ტკივილითა და ჩვენს თავში ჩაღრმავებით მოვიპოვებთ სიმდაბლეს, რაც არის სათავე წინსვლისა. ჩვენი ხალხი დღეს ამ ეტაპს გადის და, მადლობა უფალს, სახარებისეული უძღები შვილის მსგავსად თანდათან უბრუნდება ღმერთს. ყოველი განსაცდელი ან გაჭირვება ღრმა აზრს შეიცავს და თავისებურ ხიბლს ატარებს. ტკივილის შემდეგ აუცილებლად მოდის შვება, მოულოდნელი სიხარული და პირიქით, რაც აწონასწორებს ჩვენს ცხოვრებას. ამიტომაც ამბობენ არაბები: "გამუდმებული მზიანი დღეები უდაბნოს ქმნიანო". და მართლაც, ადამიანები, რომელნიც მწუხარების გარეშე განლევენ წუთისოფელს, ძალიან ხშირად უდაბნოს ემსგავსებიან. მუდმივი წარმატებისა და წინსვლის საფრთხე კი იმაში მდგომარეობს, რომ იგი პიროვნებაში ამპარტავნებას, დამოუკიდებლობის გრძნობას აძლიერებს და აღვივებს ცრუ აზრს, თითქოს ღვთის დახმარების გარეშე შეგვწევდეს უნარი ვიყოთ განმგებელნი ჩვენი ყოფისა.
მხოლოდ ცხოვრების მძიმე პერიოდებში და უბედურების ჟამს ვაცნობიერებთ ხოლმე, რამდენად უსუსურნი და უმწეონი ვართ და როგორ აუცილებლად გვჭირდება შეწევნა ღვთისა.
ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი წერდა: "მე ხშირად მიწევდა ღვთის წინაშე მუხლებზე დადგომა, რადგან უბრალოდ სხვაგან წასასვლელი გზა აღარ მქონდა".
დიახ, ჩვენთვის აუცილებელია მტკიცე სულიერი საყრდენი, სულიერ რეალობაზე დაფუძნებული საძირკველი. ამ საძირკველზე იდგნენ ჩვენი დიდი წინაპრები რომელთაც შექმნეს და დაგვიტოვეს ის განუმეორებელი სულიერი კულტურა, რომელიც დღესაც სიამაყით გვავსებს. ადამიანებს აუცილებლად უნდა დავუბრუნოთ ძალით წართმეული რწმენა და ჭეშმარიტი სიყვარული. მხოლოდ რწმენა და სიყვარული გაათბობს ჩვენს გაყინულ და გაქვავებულ გულებს.
ოცი საუკუნის წინ იესო ქრისტეს მიერ მსოფლიოს მიენიჭა ღვთაებრივი მადლი და ჭეშმარიტება. მოვედი არა განსჯისათვის, არამედ ცხოვრებისათვის სოფლისა. - ბრძანებს იგი. მან ახარა და უჩვენა გაწამებულ კაცობრიობას, რომ ღმერთი არის სიყვარული, ამიტომაც ვის უნდა მივმართოთ ჩვენ, სიყვარულისაგან განძარცვულებმა, თუ არა მას, ვინც დაამტკიცა, რომ იგი არის გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე, მხოლოდ მას ძალუძს გვიწყალობოს ის, რაც ასე გვჭირდება და სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენთვის.
საკუთარი ჯვრის სიმძიმისაგან დაღლილთ ჩაგვესმის სიხარულისა და იმედისმომცემი სიტყვები უფლისა: "მოდით ჩემთან ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენებთ თქვენ. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, რადგან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს. რამეთუ უღელი ჩემი ტკბილია და ტვირთი ჩემი მსუბუქი" (მათე 11,28-30).
ვმადლობთ ღმერთს ჩვენზედ მოღებული წყალობისათვის, იმ სიხარულისა და მწუხარებისათვის, რაც მოგვიტანა გასულმა წელმა. მართალია, 1995 წელი მძიმე იყო, - გაჭირვებამ, შიმშილმა, ავადმყოფობამ მრავალი ოჯახის კარი შეაღო, მაგრამ ამავე დროს, იგი იყო გადამწყვეტი და მეტად მნიშვნელოვანი: ჩამოყალიბდა სახელმწიფო სტრუქტურა, წინა პარლამენტმა შეძლო ძალების კონცენტრირება და მიიღო მეტად მნიშვნელოვანი კანონი - სახელმწიფო კონსტიტუცია; არჩეულ იქნა პრეზიდენტი; ახალი შემადგენლობა პარლამენტისა და მინისტრთა კაბინეტისა; შეიქმნა ქართული ჯარი, მიმოქცევაში შევიდა ქართული ფული; ამუშავდა რიგი წარმოებებისა, გაჩნდა ჩვენი პროდუქცია, ქვეყანაში თანდათან დამყარდა წესრიგი... რაც ყველას გვახარებს და იმედს გვაძლევს.
კარგია, რომ ჩვენმა ახალგაზრდობამ სერიოზულად მოჰკიდა ხელი ეკონომიკის შესწავლას, თუმცა შეცდომებს, ალბათ, ვერ გავექცევით.
როდესაც ახალი ტიპის მეურნეობების შექმნაზე ვმსჯელობთ, უნდა ვიცოდეთ წარმოების არა მარტო მეთოდები და შესაძლებლობანი, არამედ მოხმარების ზღვარიც. ცხოვრება უნდა დავინახოთ ისეთად, როგორიც ის სინამდვილეშია, უნდა შევისწავლოთ მისი კანონები, რათა არარეალური გეგმები არ დავსახოთ.
სერგეი ბულგაკოვი, ცნობილი რუსი ფილოსოფოსი, თავის წიგნში "მეურნეობის ფილოსოფია" ჩვენს ყოველდღიურ საზრდელს ქვეყნიურ ხორცთან ზიარებას უწოდებს და ასე წერს: "თუ საჭმელი მიუხედავად მისი სახისა და რაოდენობისა, არის ზიარება მიწიერ ხორცთან, ღვინისა და პურის სახით მიღება ქრისტეს ხორცისა და სისხლისა, არის ზიარება მაცხოვრის სხეულთან. მატერიალური საზრდელი მიწიერ წარმავალ ცხოვრებას ახანგრძლივებს, ევქარისტიული ტრაპეზი კი მარადიულ სიცოცხლესთან გვაკავშირებს" (გვ.86, 1912 წ.).
ასე რომ, ადამიანისთვის, ორივე ფრიად საჭიროა, ოღონდ აუცილებელია მათი შეთანხმებული მოქმედება, რათა ჩვენი გონებისა და შრომის ნაყოფმა ჩვენს სულს ზიანი არ მოუტანოს.
მინდა მივმართო ჩვენს ახალგაზრდებს, დამწყებ ბიზნესმენებსა და ბანკირებს: მიზნად ნუ დაისახავთ ქონების დაგროვებას, აირჩიეთ ის სპეციალობა, რომელიც თქვენს შინაგან სამყაროს შეესაბამება და გიყვართ; თუ თქვენ სრულად გამოავლენთ თქვენს ინტელექტს, თქვენს გონებრივ თუ ფიზიკურ შესაძლებლობებს, სიკეთის მომტანი იქნებით ქვეყნისთვისაც და საკუთარი თავისთვისაც. დაიწყეთ მცირედით, რათა დიდს შეეჭიდოთ; თუ შეცდომას დაუშვებთ, სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემით, არამედ, უნდა გეყოთ ძალა და ნებისყოფა ყველაფრის თავიდან დაწყებისთვის. მინდა პატარა მაგალითი მოგიყვანოთ:
ერთ საქმიან ადამიანს უბედურება დაატყდა თავს; მთელი მისი წარმოება ერთ დღეში დაიწვა და განადგურდა. ის სასოწარკვეთილი დაბრუნდა სახლში, დაჯდა მაგიდასთან და მწარედ ატირდა. მისი ქალიშვილის კითხვაზე, თუ რას განიცდიდა ასე ძალიან, მამამ უპასუხა: "შვილო, ყველაფერი დავკარგე, ყველაფერი ცეცხლმა შთანთქა". გოგონამ უნდოდ შეხედა და უთხრა: "როგორ თუ ყველაფერი დაკარგე, განა მე და დედა შენთან არა ვართ და ეს ცოტაა შენთვის?" კაცი მიხვდა, რომ მწუხარებას აზვიადებდა და შერცხვა შვილის, მუხლი მოიყარა ხატების წინაშე, მადლობა შესწირა უფალს და დამშვიდდა.
კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ მრავალი ადამიანი ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას, აშენებენ ტაძრებს, აღადგენენ მონასტრებს, ეხმარებიან გაჭირვებულთ. მათი ყურადღება მინდა მეცნიერებისა და კულტურის მსახურებს მივაპყრო. ინტელიგენციამ მძიმე ტოტალიტარული რეჟიმის დროს სულიერი დეგრადაციისაგან იხსნა ჩვენი ხალხი. სამწუხაროდ დღევანდელ რთულ პირობებში, ყველაზე დაუცველი სწორედ ეს ფენა აღმოჩნდა და ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს მასზე ზრუნვა; რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს პენსიონერები, მარტოხელები, უსახლკარონი, ობლები...
ჩვენს ეკლესიასთან ფუნქციონირებს რამდენიმე უფასო სასადილო. მარტო კარის წმ. გიორგის ეკლესიის ეზოში მდებარე მოწყალების სახლი ყოველდღიურად უფასოდ 3000-მდე ადამიანს აპურებს. ამ ღვთისსათნო საქმეს ხელმძღვანელობს ოჯახი, რომელმაც ორი სათაყვანებელი შვილი დაკარგა, მაგრამ ღვთის შიში და სიყვარული შეიძინა.
ეკლესიას განსაკუთრებით აწუხებს უპატრონოდ დარჩენილ იმ მოზარდთა ბედი, რომელთაც თავიანთი ცხოვრება ქუჩას დაუკავშირეს. ფერისცვალების მონასტრის ახალგაზრდა წინამძღვარს, იღუმენია მარიამს, მის სულიერ დებს და მორწმუნე ახალგაზრდებს ასეთი ბავშვების მოძიება და მოვლა-პატრონობა აქვთ დავალებული. მცხეთის რაიონის სოფ. ძეგვში მდებარე შენობაში მათ უკვე 40-მდე მოზარდი შეიკედლეს, მშობლიური მზრუნველობით უვლიან მათ და ცდილობენ ცხოვრების უფსკრულის პირას მდგარი პატარები სწორ გზაზე დააყენონ.
ბათუმში გახსნილია უპატრონო მოხუცებულთა სახლი.
სამცხე-ჯავახეთის გაჭირვებულ ოჯახებს დიდ დახმარებას უწევს საპატრიარქოსთან არსებული საქველმოქმედო ცენტრი "ლაზარე", რომელსაც ამერიკული მართლმადიდებლური ქრისტიანული ორგანიზაცია "10CC" აფინანსებს.
საქართველოში ფუნქციონირებს ორი სასულიერო აკედემია, ოთხი სასულიერო სემინარია, საეკლესიო გიმნაზიები და სასწავლებლები.
წარსული წელი საქართველოს ეკლესიისთვის მეტად მნიშვნელოვანი, და შეიძლება ითქვას, ისტორიული იყო: სახელმწიფოს მეთაურის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ერთობლივი დადგენილებით, ეკლესიის ეგიდით შეიქმნა გელათის მეცნიერებათა აკადემია, მის პირველ პრეზიდენტად არჩეულ იქნა - ცნობილი მეცნიერი მაგალი თოდუა, აკადემიკოს-მდივნად - ბატონი მიხეილ ქურდიანი, ახლადარჩეულ აკადემიკოსთა შორის არის პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი. ვიმედოვნებთ, ეს აკადემია ხელს შეუწყობს ჩვენი სამეცნიერო საზოგადოების დაახლოებას ეკლესიასთან, განამტკიცებს ცოდნისა და რწმენის კავშირს და კეთილისმყოფელ გავლენას იქონიებს ფართო საზოგადოებაზე.
ფრიად სასიხარულო მოვლენაა, თბილისში წმ. სამების სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობის დაწყება, ხოლო 18-19 სექტემბერს სვეტიცხოველში გაფართოებული საეკლესიო კრების ჩატარება (45 წლის შემდეგ), რომელმაც მიიღო და დაამტკიცა ახალი საეკლესიო დებულება და სხვ.
ასე რომ, წარსული წელი, მიუხედავად მრავალი წინააღმდეგობისა და ტკივილისა, ჩვენი ერისა და ეკლესიისათვის მაინც მეტად ნაყოფიერი იყო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დავკმაყოფილდეთ მიღწეულით, არა, წინ მრავალი საქმე გველოდება.
ჩვენ მომავალს იმედით ვუყურებთ, რადგან ივერია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველით არის დაცული და მაცხოვრის კვართით კურთხეული. მთავარია ჩვენს გულში იშვას უფალი და გაიღოს კარი მის მისაღებად.
ღმერთმა ძე თვისი გამოგვიგზავნა, რათა მისი არცერთი მორწმუნე არ დაღუპულიყო, არამედ მოეპოვებინა მარადიული ცხოვრება, რადგან ქრისტეში არის სიცოცხლე და სიცოცხლე იგი არის ნათელი კაცთა (იოანე 1,4). ეს ნათელი განგვაშორებს ბნელს; იგია ნათელი იმედისა და სიხარულის მომტანი, და ამავე დროს, მამხილებელი, განწმენდისაკენ მომწოდებელი. იესოსმიერი ნათლით უნდა შევხედოთ ჩვენს თავს და გამოვიკვლიოთ იგი, თუ გვსურს სწორად ვიცხოვროთ, სწორად შევაფასოთ მოვლენები და თვით ჩვენ გავხდეთ ძე ნათლისა.
უფლისმიერი სიხარულით აღვსილნი ყველას გულითადად გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს და ახალ წელს. ჩემი მისალმება და სიყვარული მინდა გადავცე ყველას, - საქართველოს მკვიდრთ და სამშობლოს გარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეთ. ამ დიდებულ დღესასწაულს ვულოცავ სამაჩაბლოს მკვიდრ ჩვენს ნატანჯ სულიერ შვილებს; ვულოცავ აფხაზეთიდან დევნილ და აფხაზეთში მყოფ ჩვენს დებსა და ძმებს - ქართველებს, აფხაზებს, რუსებს ბერძნებს, სომხებს...
პირადად ჩემთვის აფხაზეთი მეტად ძვირფასია, თერთმეტი წლის მანძილზე ვიყავი მღვდელმთავარი ამ ეპარქიისა და კარგად მახსოვს ის სითბო, ურთიერთპატივისცემა და მეგობრობა, რაც სუფევდა ქართველებს, აფხაზებს და სხვა ერის წარმომადგენელთა შორის. ამ სიყვარულის მოსპობას ვერავითარი მტრული ძალა ვერ შეძლებს, რადგან იგი ხელოვნურადაა შექმნილი, ის ურთიერთობები კი - ბუნებრივად აღმოცენებული.
მამობრივი სიყვარულით ვულოცავ ყველა გაჭირვებულს: ავადმყოფებს, ქვრივ-ობლებს, პატიმრებს, მშიერთ, განსაცდელში მყოფთ.
გახსოვდეთ, უფალი მოწყალეა; წმიდანების და პირადად თქვენი ლოცვით მიიღებთ, რასაც წრფელი გულით ითხოვთ. მთავარია, არ დაკარგოთ სასოება, სიყვარული და რწმენა და არ დაივიწყოთ მაცხოვრის სიტყვები: "ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძიებდეთ და ჰპოვებთ, დააკაკუნეთ და გაგიღებენ" (მათე 7,7).
"ღამე განგვშორდა და დღე მოახლოვდა" (რომ. 13,12). დროა გავიღვიძოთ.
გიხაროდეთ, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!
ქრისტეს შობა,
თბილისი,
1995-1996 წელი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
საშობაო ეპისტოლე - 1990
კურთხეული ივერიის მართლმადიდებელ ქრისტიანებს
და სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
გამოეცხადა... უფალი სოლომონს და... უთხრა: მთხოვე, რა გინდა,
რომ მოგცე შენ. უთხრა სოლომონმა: მიანიჭე შენს მორჩილს გული გონიერი...
რათა სიკეთე გაარჩიოს ბოროტებისაგან. (მესამე მეფეთა 3,5,9)
დღეს სასოებით ვხმობთ: გიხაროდეთ, - ემმანუელი მობრძანდება! გიხაროდეთ წარმართნო და შეინანეთ, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი. "ჰე, მოვედ, უფალო იესო" (გამოცხადება 22,20).
მაცხოვარი მუდამ ჩვენთან არის "ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა" (მათე 28,20), მაგრამ ამ სიახლოვეს განსაცდელისა და მწუხარების ჟამს უფრო ნათლად ვგრძნობთ; ნათლად ვგრძნობთ ავადმყოფობის სარეცელზე მყოფნი, ხილულ და უხილავ მტერთან მბრძოლნი.
მართალია, მწუხარება სიმწარესთან არის დაკავშირებული მაგრამ ამ დროს მარადიულობის საიდუმლოსაც ეზიარება ადამიანი. მისი აზროვნება სამყაროსა და ისტორიის ჰორიზონტალური აღქმიდან ვერტიკალურში გადადის.
თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ ერს თავისი ბედი აქვს. ისტორია ყველას კუთვნილ ადგილს უჩენს და შესაფერის მოთხოვნებს უყენებს.
გასული წელი ჩვენთვის მძიმე გამოცდის წელი იყო. მაგრამ, ამავე დროს, იგი იყო წელი სულიერი ამაღლებისა. ჩვენ კიდევ ერთხელ ნათლად დავინახეთ, ვინ ვართ, რისთვის მოვედით ამქვეყნად, საით მივდივართ...
დაიმსხვრა იდეალები, რადგან ისინი არამყარ საფუძველზე იყო დაშენებული, ჩვენ კი მარადიული გვეგონა.
დაიმსხვრა ილუზიები იმიტომ, რომ ისინი მოწყვეტილნი იყვნენ ღმერთსა და სიყვარულს. საშინელი ნგრევისა და ქაოსის შემდეგ უფალმა კვლავ აღამაღლა ადამიანის დაცემული სული, დაგვიბრუნა რწმენა და სიყვარული, ღირსება და დიდება.
ამ განცდით ვხვდებით დღეს ქრისტეს შობის არამიწიერ სიხარულს; მისი მადლის გარეშე არ უნდა დარჩეს არავინ. ოღონდაც ეს ზეიმი, ეს სიხარული მხოლოდ გარეგნულ ფორმებში არ უნდა გამოიხატოს.
დღეს ჩვენ სიღრმისეული აზრით სულიერად უნდა მივსწვდეთ ბეთლემის გამოქვაბულს - მაცხოვრის შობის ადგილს და ძალისაებრ ჩვენისა განვიცადოთ იქ აღსრულებული ღვთის დიდი საიდუმლო.
უფალი ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელი საოცარი სიმდაბლით განეცხადა მსოფლიოს, რათა ყველასთვის დაენახვებინა ჭეშმარიტების, სიმართლის, სიყვარულის სიდიადე, სიდიადე მარადიულ ღირებულებათა, რომელთაც ვერაფერი დაფარავს, ვერავითარი ძალა ვერ შეცვლის, ვერ განაქარვებს.
იგი, რომელი არის ანი და ჵ, დასაბამი და დასასრული ყოველთა (გამოცხადება 21,6), იგი, რომელი არის მეფე მეფეთა და უფალი უფლებათა, იშვა ბეთლემს გამოქვაბულში. მან უარყო მეფის სასახლე, ოქროს ტახტი, დიდება მიწიერი და წარუდგა ქვეყანას ბაგაში მწოლი.
ერთი შეხედვით როგორი სუსტი და დაუცველი ჩანს ყრმის სიცოცხლე მისდამი მტრულად განწყობილ ამ სამყაროში. მაგრამ არა. მის სისუსტეში სულ სხვა სიძლიერეა, მის სიმდაბლეში - სხვა სიდიადე, მის მორჩილებაში - სულ სხვა სიკეთე. იგი მოვიდა სოფლად, რათა სძლიოს მის ბოროტებას. იგი მოვიდა სოფლად, რათა გაათბოს ჩვენი გაცივებული, დაშრეტილი გულები და აღავსოს იგინი დაკარგული სიყვარულით.
თვით შობის ღამის ზეცაა ამის მოწმე: "და მეყვსეულად იყო ანგელოზისა მისთანა სიმრავლე ერთა ცისათაჲ, აქებდეს ღმერთსა და იტყოდეს: დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა და ქვეყანასა ზედა მშვიდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ" (ლუკა 2,13-14).
აი, მიზანი ღვთის განხორციელებისა.
უფლის განკაცების მადლით განიპო კრეტსაბმელი ადამიანის გონებისა და სულის უგრძნობლობისა. ბეთლემელი მწყემსები გახდნენ ღირსნი, პირველთ ეხილათ უბრალო გამოქვაბულის არამიწიერი დიდება და თაყვანი ეცათ ღვთაებრივი ყრმისათვის.
დღესაც მაცხოვრის შობის დღეა. მაგრამ ვინ პოვებს მას, რომ თაყვანი სცეს და შეუვრდეს?
მხოლოდ წმიდანი გულითა, რადგან მსგავსი მსგავსს შეიცნობს. წმიდა სახარებაც ბრძანებს: "ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ".
და სად იხილავენ მას?
- საკუთარ გულში.
ისევე როგორც სუფთა წყალში მკვეთრად აირეკლება ტყე, მზე, ცა, ასევე სუფთა გულში აისახება ღმერთი.
ასეთი გული სულიერად ბეთლემის გამოქვაბულს ემსგავსება. ასეთ გულში იშვება მაცხოვარი და არა მარტო იშვება, მუდმივად დაივანებს იქ.
ღმერთი არის შემქმნელი ჩვენი გულისა. იგი განსწმედს და განაახლებს მას, ოღონდ ხელი არ უნდა შევუშალოთ და ჩვენი ნება არ უნდა დავუპირისპიროთ მის მაცხოვნებელ და აღმადგინელ ძალას. ეს კი გულისხმობს ღვთის მცნებების, ღვთის კანონების აღსრულებას.
მოსე წინასწარმეტყველს ეგვიპტიდან ებრაელთა გამოსვლის ორმოცდამეათე დღეს შემოქმედისგან მიეცა კაცთა მოდგმის გადამრჩენელი, ჩვენი სულის ამამაღლებელი ათი კანონი, რომელთა დაცვა ყველა მორწმუნის ვალია. სწორედ მათ მინდა შევეხო საშობაო ეპისტოლეში.
პირველი ოთხი მცნება გვასწავლის, როგორი უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება უფლისადმი, ხოლო დანარჩენი ექვსი გვიხსნის ადამიანებთან, მოყვასთან სწორი თანაცხოვრების პრინციპებს.
პირველი მცნება: მე ვარ უფალი ღმერთი შენი და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი ჩემსა გარეშე.
ეს მცნება მოითხოვს, რომ ჩვენ გვწამდეს, გვიყვარდეს, ვსასოებდეთ და თაყვანს ვცემდეთ ჭეშმარიტ ღმერთს.
დღეს, როგორც არასდროს, სწორედ ეს კანონია დარღვეული. ურწმუნოება, ღვთის არსებობისადმი ეჭვი, ეჭვი სულის უკვდავებისა... ბინდავს ადამიანთა გულსა და გონებას. ზოგიერთნი მისდევენ მისნობას, ჯადოქრობას, ხშირია მწვალებლობა, მკრეხელობა, მღვდლისადმი, ეკლესიის სიწმიდისა და წმიდა საიდუმლოთადმი უსულგულო დამოკიდებულება. ხშირია გულგატეხილობა და სასოწარკვეთილობა, რადგან ადამიანები ღვთის ნაცვლად იმედს ამყარებენ მათზე, რომელნი არიან ძლიერნი ამა სოფლისანი, ანდა საკუთარ მაღალ თანამდებობასა და სიმდიდრეზე.
ყოველივე ეს არის პირველი მცნების წინააღმდეგი ცოდვები.
რომ შევიცნოთ ღმერთი, აუცილებელია, ვიკითხოთ წმიდა წერილი, წმიდა მამათა შრომები, უნდა ვიაროთ და ვილოცოთ ეკლესიაში, შევისწავლოთ ღვთის ქმნილება - ბუნება და კაცთა მოდგმის ისტორია, შევისწავლოთ ჩვენი სულიერი სამყარო. მაშინ ვიგრძნობთ შემოქმედის უნაპირო სიყვარულს, სიბრძნესა და მიუწვდომლობას, მაშინ ვიგრძნობთ, რომ "უფალი ღმერთი ერთ არს" და შევიყვარებთ მას ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა და ყოვლითა ძალითა ჩვენითა (მარკოზი 2,29-30).
მეორე მცნება: არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი მისი, რაოდენი არს ცათა შინა და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.
ეს კანონი კრძალავს ჭეშმარიტი ღვთის ნაცვლად ფიზიკური სხეულების, არასულიერი საგნების, ცის მნათობების, ცხოველების, ფრინველების თაყვანისცემას. ქრისტიანისთვის კერპთმსახურებად ითვლება ასევე ცოდვითი მიდრეკილებებისადმი მონობა: ბევრნი ესწრაფვიან სიმდიდრის შეძენას, რადგან მათი კერპი არის სიმდიდრე; ზოგი პატივმოყვარეობის ავადმყოფური სენით არის შეპყრობილი; ზოგს მთავარ საქმედ ხორციელი სიამოვნება გაუხდია; სხვანი ლოთობენ, აზარტულ თამაშს მისდევენ... ღმერთი და მისი მსახურება კი აღარ ახსოვთ. თვით ცოდნის შეძენის დაუოკებელი სურვილი, მეცნიერულ აღმოჩენათა სიმრავლე ფასს კარგავს, თუ მას რწმენა და სიყვარული არ განსაზღვრავს, რადგან ასეთი ცოდნა შეიძლება დიდი ბოროტების მომტანი გახდეს.
მაშ, იყავით ბრძენნი, თავშეკავებულნი, თავმდაბალნი და ღვთისმსასოებელნი.
ზოგიერთი სექტანტური მიმდინარეობა წმიდანთა თაყვანისცემის გამო ადანაშაულებს მართლმადიდებელ ეკლესიას და ამას კერპთაყვანისმცემლობად გვითვლის.
ჩვენი პასუხი ასეთია: ხომ გვწამს, რომ ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთს ლოცვით შეეწიონ (რასაც სექტანტები არ უარყოფენ), ხომ გვწამს სულის უკვდავება და იმ ქვეყნად მარადიული ცხოვრება; და თუ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთისთვის ლოცვა, რატომ არ შეუძლიათ ღვთის წინაშე ჩვენთვის მლოცველნი და მვედრებელნი იყვნენ: ღვთისმშობელი დედა, წმიდა ნინო, წმიდა გიორგი და სხვანი. თავისი ღვაწლითა და სათნო ცხოვრებით მათ ხომ უფლისაგან განსაკუთრებული მადლი მოიპოვეს და ამდენად ღმერთი მათ თხოვნას უფრო არ ისმენს? რა თქმა უნდა, ეს ასეა.
სექტანტები ასევე განგვიკითხავენ ხატების გამო. მათ არ მოსწონთ, რომ ხატთან ვიჩოქებთ და ვემთხვევით მას. სინამდვილეში ჩვენ თაყვანსა ვცემთ არა ფიცარს ან საღებავს, არამედ იმ პირველსახეს, რომელიც გამოსახულია ხატზე; აზრობრივად ჩვენ სწორედ მას ვემთხვევით და მხოლოდ მის წინაშე ვიყრით მუხლს. ხატი არის სარკმელი ცისა.
ბიბლიიდან ვიცით, ათი მცნების მომღებელ მოსე წინასწარმეტყველს თვით ღმერთმა უბრძანა ტაძარში ქერუბიმების ოქროს ორი გამოსახულების დადგმა, რაც მან აღასრულა კიდეც.
ედესის მთავარს, ავგაროზს, იესო ქრისტემ გაუგზავნა თავისი სახის ხატი, ხელთუქმნელად სახელდებული.
ისტორიიდან ცნობილია, რომ ლუკა მახარებლის მიერაა დაწერილი ღვთისმშობლის რამდენიმე ხატი...
წმიდანთა და ხატთა სასწაულთმოქმედი ძალის მრავალი მაგალითია ცნობილი. გავიხსენოთ თუნდაც ივერიის ღვთისმშობლის ან "ღირს არს ჭეშმარიტად" სახელდებული ღვთისმშობლის ხატის სასწაულები; გავიხსენოთ, როგორ აღდგა მკვდრეთით მიცვალებული წმიდა ელისე წინასწარმეტყველის ძვლის შეხებისას. ეს ფაქტი ხომ წმიდა წერილშია დამოწმებული.
ასე რომ, მართლმადიდებელთადმი წაყენებული ბრალდება არასამართლიანია და მწვალებლურ აზრს შეიცავს.
მესამე მცნება: არა მოიღო სახელი უფლისა ღმრთისა შენისა ამაოსა ზედა.
დანაშაულია, როცა უბრალო და უსარგებლო ლაპარაკისას ღვთის სახელს ახსენებენ. კიდევ უფრო დიდი და მძიძე ცოდვაა, თუ ღვთის სახელით ტყუილად იფიცებენ. ღვთის გმობა, ღვთის სამართლის განკითხვა, ლოცვისას უგულისყურობა, აღთქმის დარღვევა... ყველაფერი ეს არის მესამე მცნების წინააღმდეგი.
ღვთის სახელი დიდი კრძალვითა და შიშით უნდა წარმოვთქვათ. გაიხსენეთ, თუ როგორ აღგვიწერს ესაია წინასწარმეტყველი თავის ხილვას: "ვიხილე უფალი მჯდარი ამაღლებული, ზეაღმართულ ტახტზე, და მისი კალთები ავსებდა ტაძარს. თავით სერაფიმები ედგნენ, ექვს-ექვსი ფრთა ესხა თითოეულს; ორით სახეს იფარავდნენ, ორით ფეხებს იფარავდნენ, ორით ფრენდნენ და... ამბობდნენ: წმიდაა! წმიდაა! წმიდაა საბაოთ უფალი! მისი დიდებით სავსეა ქვეყნიერება" (ესაია 6,1-3).
აი, როგორი მოწიწებით მსახურებენ ღმერთს ზეციური ძალები. მითუმეტეს ჩვენ მეტი რიდი და თაყვანისცემა გვმართებს.
მეოთხე მცნება: მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა ჰყავ იგი, ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე, შაბათი, არს უფლისა ღვთისა შენისა.
ბიბლიაში წერია, რომ ღმერთმა ექვს დღეში შექმნა სამყარო, მეშვიდე დღეს კი დალოცა იგი, აკურთხა და საქმისგან დაისვენა. ეს მეშვიდე დღე იყო შაბათი.
ქრისტიანები უქმობენ შაბათსაც და კვირასაც, რადგან კვირა იესო ქრისტეს აღდგომისა და ჩვენი ხსნის დღეა.
მეოთხე მცნების დარღვევით სცოდავენ ისინი, რომელნიც ამ დღეებში არ უქმობენ, არ ზეიმობენ. დღესასწაული ყოველთვის წინადღის საღამოდან იწყება. თუ მორწმუნე ხარ, ამ დროს ყველა საქმე უნდა დატოვო და ეკლესიაში წახვიდე, რათა მიიღო ღვთის კურთხევა. დღესასწაულისა და კვირის წირვაზე დასწრება ხომ ყოვლად აუცილებელია. წირვისას იკითხება და იგალობება სპეციალური ლოცვები, რომელიც დიდი ძალის მიმცემია რწმენითა და სიყვარულით მოსულთათვის.
სამწუხაროდ, დღეს ხშირია ოჯახები, რომელთა წევრები გამუდმებით მუშაობენ, არ იციან შაბათ-კვირა და დღესასწაული. ისინი, როგორც წესი, უბარაქონი და უმადლონი არიან, რადგანაც მათზე არ არის ღვთის ლოცვა-კურთხევა.
მეხუთე მცნება: პატივი-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა.
ეს მეტად მნიშვნელოვანი მცნებაა. მშობლების პატივისცემაზეა დამოკიდებული შვილების კეთილდღეობა. წმიდა წერილი გვასწავლის, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს დედ-მამის დალოცვას, ოღონდ დალოცვა უნდა იყოს დამსახურებული, მშობლების დაფასებით მოპოვებული.
განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება ავადმყოფ, ხანდაზმულ, დაუძლურებულ მშობლებს. არადა ზოგიერთი თავიდან იშორებს მათ და მოხუცებულთა თავშესაფარში გზავნის. ეს საშინელი სისასტიკეა.
მშობლები წუხან, ტირიან შვილების უდიერი საქციელის გამო, თუმცა უმეტესწილად თვითონ არიან დამნაშავენი, რადგან ქრისტიანული რწმენითა და სიყვარულით არ გაზარდეს ისინი.
დედ-მამის უპატივცემულობის მიზეზით შვილები შემდეგ სხვადასხვა ავადმყოფობით იტანჯებიან: მათ ოჯახში არ არის სიმშვიდე და სიყვარული.
ყველას უნდა ახსოვდეს: როგორც თვითონ ექცეოდა მშობლებს, ისე მოექცევიან მას მისი შვილები.
მეხუთე მცნება ასევე გულისხმობს კეთილ დამოკიდებულებას უფროსი ადამიანების, ახლობლების, მოძღვრების მიმართ. მაგრამ თუ მშობელი, ან ნებისმიერი სხვა პიროვნება ჩვენგან ღვთის საწინააღმდეგო საქმის აღსრულებას ითხოვს, არა ვართ ვალდებულნი, დავემორჩილოთ მას.
მეექვსე მცნება: არა კაც ჰკლა.
მკვლელობა საშინელი დანაშაულია. სხვისი სიცოცხლის ხელმყოფი სცოდავს არა მარტო ადამიანის, არამედ ღვთის წინაშეც, რადგან ჩვენ არა გვაქვს უფლება ღვთის მიერ მონიჭებული სიცოცხლე მოვუსპოთ კაცს.
ამ ცოდვის ჩამდენი ადამიანი ამქვეყნადაც დიდად დასჯილია. გავიხსენოთ, პირველი მკვლელი, კაენი, რომელმაც თავისი ძმის, აბელის, სისხლი დაღვარა, ადგილს ვერ პოულობდა ახლობლების წრეში. ამიტომაც სხვაგან გადაიხვეწა და იქ ტანჯვაში დალია თავისი დღენი, ხოლო ამ ცოდვის გამო სასჯელი მთელ მის მოდგმაზე გადავიდა. ასევეა ახლაც.
მკვლელობის განსაკუთრებული სახეა აბორტი. ამ დროს თვით დედა ხდება მკვლელი საკუთარი შვილისა. სამწუხაროდ, ბევრნი ვერ გრძნობენ დანაშაულს, არადა ამისთვის მკაცრად დაისჯებიან. რა თქმა უნდა, დაისჯება ისიც, ვინც აბორტს აკეთებს.
დიდი ცოდვაა კანონი სიკვდილით დასჯის შესახებ, რადგან ჩვენ ამით ბოროტებას კი არ ვსპობთ, არამედ ვამრავლებთ მას. "ბოროტებას ბოროტებით ვერ განკურნავ, - გვარიგებს ბასილი დიდი, - მას მხოლოდ სიკეთით შეიძლება უწამლო". ჰუმანურ, სამართლებრივ სახელმწიფოში არ შეიძლება არსებობდეს სასჯელის ეს არაადამიანური სახე.
საშინელი ცოდვაა თვითმკვლელობა. იგი პროტესტია ღვთის ნების წინააღმდეგ და სულიწმიდის გმობად ითვლება. თვითმკვლელი, თუ იგი ფსიქიურად დაავადებული არ არის, საბოლოოდ წარიწყმედს სულს. მისთვის ლოცვაც კი არ შეიძლება.
ფიზიკურის გარდა, არის სხვა სახის მკვლელობაც: შეურაცხყოფით, ცრუმოწმეობით, დასმენით, ცილისწამებით... წმიდა იოანე ღვთისმეტყველი წერს: "ყოველსა რომელსა სძულდეს ძმაჲ თჳსი, იგი კაცის-მკვლელი არს და იცით, რამეთუ ყოველსა კაცის-მკვლელსა არა აქუს ცხორებაჲ" (I იოანე 3,15).
ღმერთმა ყველა დაიფაროს ამ საშინელი ცოდვისაგან.
მეშვიდე მცნება: არა იმრუშო.
ეს მცნება კრძალავს არაკანონიერ, დანაშაულებრივ ურთიერთობას ქალსა და კაცს შორის. აქ შედის შემდეგი ცოდვები: სიძვა, მეძაობა, სისხლის აღრევა, გარყვნილება, ცოლ-ქმრული ცხოვრების დამახინჯებული სახეები...
"სიძვაჲ და ყოველი არა-წმიდებაჲ... ნუცაღა სახელ-ედებინ თქუენ შორის" (ეფესელთა 5,3), - გვაფრთხილებს მოციქული პავლე. ადამიანს დიდი თავშეკავება მართებს; უფალი ბრძანებს: თუ კაცი ნდომით შეხედავს ქალს, მან უკვე იმრუშა თავის გულში (მათე 5,27-28).
არაწმიდა ფიქრები, სურვილები, უხამსი სიმღერები და ხუმრობები, ზედმეტი გართობა, უზნეო სანახაობანი, ნაყროვანება, სასმელის უზომო სმა... არის ცოდვა, რომელიც მეშვიდე მცნების დარღვევითა და მძიმე დანაშაულით მთავრდება. დანაშაულს კი მოსდევს ღვთის სასჯელი.
მერვე მცნება: არა იპარო.
არავის აქვს უფლება აიღოს ის, რაც მას არ ეკუთვნის. აქ შედის შემდეგი ცოდვები: ქურდობა, ანუ სხვისი ნივთის, სხვისი საკუთრების მალულად აღება; ძარცვა - სხვისი ქონების ძალით მიტაცება; მკრეხელობა - ღვთისთვის მიძღვნილი, შეწირული ნივთებისა და საერთოდ საეკლესიო ქონების მითვისება ან მოპარვა; მექრთამეობა, მევახშეობა (როცა პროცენტით გასცემენ ფულს), მუქთახორობა...
ზოგჯერ ქურდები და დამნაშავენი თავიანთი საქციელის გამართლების მიზნით სახარებიდან იშველიებენ იმ ავაზაკის მაგალითს, რომელიც მაცხოვართან ერთად აწამეს და რომელიც მასთან ერთად სამოთხეში მოხვდა. ავაზაკი შეწყნარებულ იქნა, რადგან სიკვდილის წინ მოასწრო მონანიება. მან მთელი არსებით იგრძნო თავისი განვლილი ცხოვრების სიმძიმე და განაჩენიც სამართლიანი გამოუტანა თავს და თავის ამხანაგს, რომელსაც მასთან ერთად აწამებდნენ. ჯვარზე გაკრული ის მიუბრუნდა მაცხოვარს და უთხრა: "ჩვენ სამართლად ღირსი, რომელი ვქმენით, მოგვეგების".
იმდენად ძლიერი იყო მასში სინანული, რომ ცოდვით დამძიმებული მისი გული განიწმიდა და იგრძნო ის, რასაც სხვები ვერ ხვდებოდნენ; იგრძნო, რომ მის გვერდით ღმერთი ეწამებოდა; ამიტომაც სთხოვა: "მომიჴსენე მე, უფალო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა" (ლუკა 23,41-42).
და მიუგო იესომ: "ამენ გეტყჳ შენ: დღეს ჩემთანა იყოს სამოთხესა" (ლუკა 23,43).
ეს მაგალითი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ყველა ცოდვიდან შეიძლება ამაღლება და განწმენდა; და რომ ღვთის მოწყალებას არა აქვს საზღვარი.
მეცხრე მცნება: არა-ცილი სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა.
ეს მცნება ჩვენგან მოითხოვს სიმართლის გზით სვლას. მძიმე ცოდვად ითვლება: ცრუმოწმეობა, ცილისწამება, დაბეზღება, მოძმის განკითხვა...
ღირსი მამა ანტონი დიდი წერს: ურჩხულის ენა ნაკლებ საშიშია, ვიდრე ენა ცილისმწამებელისა, რადგან ასეთი კაცი ჩხუბსა და განხეთქილებას აგდებს მშვიდობით მცხოვრებ ადამიანებს შორის, თესავს ბოროტებასა და ღვარძლს ახლობლებში, არღვევს ერთობას. ვინც ასეთ პიროვნებას სახლის კარს გაუღებს, თვითონაც ცოდვის მორევში ჩავარდება. ასეთ კაცთან ურთიერთობა მკვლელთან ურთიერთობას ნიშნავს.
ცილისმწამებლის ენა მსგავსია გველის შხამისა. უმჯობესიც კია გველისა და მორიელის გვერდით ცხოვრება, ვიდრე ცილისმწამებელთან ახლო ყოფნა, რადგანაც იგი თავისი სენით სხვასაც აავადებს და ისინი ერთად განიკითხებიან ღვთის სამსჯავროზე. ღმერთი მოწყალეა, მაგრამ იცოდეთ, ცილისწამების ცოდვა ძნელად შეენდობა კაცს. ამიტომაც, "ნუ შეგრცხვებათ ასეთი ადამიანებისაგან განზე განდგომისა, თორემ მათი შხამით თქვენც დაავადდებით" (ანტონი დიდი).
მეათე მცნება: არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვეს მოყვასისა შენისა.
ეს მცნება მოითხოვს, კმაყოფილნი ვიყოთ ჩვენი ხვედრით, ჩვენი მდგომარეობით, რათა ხელი არ დაგვრიოს სულის ფითრმა - შურმა. შური პირველყოვლისა ზიანს აყენებს მას, ვინც ამ სენითაა შეპყრობილი.
სხვა ცოდვა უფრო უხეშია და სულშიც ისე არ ღვივდება, როგორც შური, - წერს ბასილი დიდი, - შური კი ისე ჭამს კაცის გულს, როგორც ჟანგი რკინას... შური არის წუხილი სხვის სიკეთესა ზედა.
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი კი ასე გვაფრთხილებს: შური წყლულია სულისა და საწამლავი მისი. იგია - ერთ-ერთი ყველაზე უსამართლო და, ამავე დროს, სამართლიანი ვნება. უსამართლო იმიტომ, რომ კეთილთა სიმშვიდეს არღვევს, სამართლიანი კი იმიტომ, რომ შინაგანად ახმობს მას, ვის სულშიც ბუდობს.
ჩვენ განვიხილეთ ათი მცნება, რათა ერთხელ კიდევ გვეგრძნო მათი სიდიადე და აუცილებლობა თითოეული ჩვენგანისათვის. ეს მცნებები ეკუთვნის მთელ მსოფლიოს და ისინი, ისევე როგორც შესაქმის აქტი, შედეგია ღვთაებრივი სიყვარულისა.
ზოგჯერ კითხულობენ რად შექმნა ღმერთმა ქვეყანა, სადაც ამდენი უსამართლობა და მწუხარებააო?
ღმერთი სიყვარულია. მას არ შეუძლია იყოს მარტოობაში. სიყვარული ეძებს სხვას, რომ უყვარდეს და სურს, თვითონაც იყოს სხვისაგან შეყვარებული.
ამიტომაცაა შესაქმის აქტი ღვთაებრივი ბუნების გამოვლინება.
რაც შეეხება უსამართლობას, იგი მოდის არა ღვთისაგან, არამედ ადამიანისაგან. ადამიანს აქვს მონიჭებული თავისუფალი ნება. სიკეთისა და ბოროტების ქმნის სრული შესაძლებლობა, არჩევანის უფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში ის უფლის ხელში უბრალო მანქანა, იარაღი იქნებოდა.
მთავარია ჩვენ გადავწყვიტოთ, რას ვამჯობინებთ: სიკეთის ვიწრო, ეკლიან, მაგრამ გადამრჩენელ ბილიკს, თუ ცოდვის ფართო გზით სვლას. ზოგჯერ ისიც ჭირს, გაარკვიო რა არის ცოდვა და რა - მადლი. ამიტომაც შესთხოვს ღმერთს სოლომონ ბრძენი: მოანიჭე შენს მორჩილს გული გონიერი, რომ სიკეთე გაარჩიოს ბოროტებისაგანო (3 მეფეთა 3,9).
გულის სიბრძნე მცნებათა დაცვით მოიპოვება: მაგრამ უმთავრესი მათ შორის არის შიში უფლისა.
"შიში უფლისაი - დასაბამი სიბრძნისაი" (ფსალმუნი 110,10). "შიში უფლისაჲ - დასაბამი სიკეთისაჲ (წმ. ისააკ ასური), - ბრძანებენ წმიდანნი.
ეს შიში განსხვავდება ადამიანური შიშისაგან. იგია რწმენასა და სიყვარულზე დაფუძნებული გრძნობა: გრძნობა, რომელიც პიროვნებას გადაარჩენს ცოდვითი მიდრეკილებებისაგან და ღირსყოფს მას ღვთაებრივ სიყვარულთან ერთად გახდეს მონაწილე კაცობრიობის ხსნისა. ამისთვის გაიღო ღმერთმა უდიდესი მსხვერპლი: "ძეცა თჳსი მხოლოდშობილი მისცა მას (სოფელს), რათა ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ" (იოანე 3,16).
ძე ღვთისა, იესო ქრისტე, მოვიდა ჩვენთან, რათა, როგორც ერთი ფილოსოფოსი წერს, ნათლად დაგვენახა და მკვეთრად შეგვეგრძნო ჩვენი სისუსტე, ჩვენი უძლურება ყველაზე უმნიშვნელო საკითხებშიც კი და დავლოდებოდით გამოწვდილ ხელებს, რომელიც ფეხზე დაგვაყენებდა.
მაცხოვარი იშვა, ხსნის გზა განათდა. მაშ, შევიმოსოთ მისი რწმენით და მისი მადლით, რამეთუ ყოველი, რომელი შობილ იყოს ღმრთისაგან, სძლევს ქვეყანას. და ეს არის მთელი ქვეყნის მძლეველი ჩვენი რწმენა (I იოანე 5,4).
ქრისტე იშვა - ადიდებდეთ მას!
ქრისტე ზეცით გარდამოხდა - მიეგებეთ!
სიყვარულით გილოცავთ ყველას ქრისტეს შობის დიად დღესასწაულს. შევსთხოვ ღმერთს, სულიერად ფეხზე დადგეს საქართველო: ვიყოთ ერთობით ღმერთთან და ერთმანეთთან "ვიხარებდეთ და ვიშვებდეთ და მივსცეთ მას დიდებაჲ, რამეთუ მოვიდა ქორწილი კრავისაი" (გამოცხადება 19,7).
ჩვენთან არს ღმერთი!
ქრისტეს შობა,
თბილისი,
1989-1990.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
საშობაო ეპისტოლე - 2001
ოჯახის მაღალი დანიშნულება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ღვთისმოყვარე ერთგულ შვილს:
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ღვთისმოყვარე ერთგულ შვილს:ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონაზონნო, ქართლ-კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, სამაჩაბლოს, დიდაჭარის, აფხაზეთის, მთიანეთის, საინგილოს, გურია-სამეგრელოს, სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის – სრულიად საქართველოს მკვიდრნო, სამშობლოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო.
"მადლობა ღმერთს, რომელიც გვაძლევს ძლევას ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ" (I კორ. 15,57).
აღსრულდა დიადი საიდუმლო – უფალი უფლებათა, მომნიჭებელი მშვიდობისა და სათავე სიმართლისა, მეუფე მეუფეთა "გამოჩნდა ხორცით" (I ტიმ. 3,16). მადლობას ვსწირავთ მას ჩვენი ხსნისათვის გაღებული უდიდესი მსხვერპლისათვის და იმ მზრუნველობისათვის, რასაც იგი საუკუნეთა მანძილზე იჩენდა და იჩენს ჩვენ უღირსთა მიმართ.
საქართველოს ისტორია სავსეა ღვთის უშურველი წყალობითა და დიდი განსაცდელებით, ჩვენს საწვრთნელად და გამოსასწორებლად რომ უშვებდა უფალი ჟამითი ჟამად.
დიდება და მადლობა მას ყველაფრისათვის.
როგორც ცნობილია, საზოგადოებრივი წყობა ორი საფუძვლიდან ერთ-ერთს ეყრდნობა – ან ღვთის განგებულებას, ან ხალხის სურვილს.
შუა საუკუნეების ევროპამ უარყო რა ტრადიციული წესები, ხალხის ნება წამოწია წინ და წამოაყენა ლოზუნგი – ძმობა, ერთობა, თავისუფლება. ერთი შეხედვით ეს მშვენიერი მოწოდება მალე ცარიელ ფრაზად იქცა, რადგან არ იყო გათვალისწინებული რეალობა იმისა, რომ სინამდვილეში ადამიანები არ არიან თანასწორნი და არც თვისებებითაც ერთნი; ამიტომაც ჩვენთვის დამახასიათებელ თვისებებზე დაყრდნობით სიმართლის და სამართლიანობის მიღწევის მცდელობა მცდარია.
როდესაც დასავლეთში სოციალური რევოლუცია საბოლოოდ გაიმარჯვებს, - წერდა ჯერ კიდევ XIX ს-ში ცნობილი ფილოსოფოსი ვ. სოლოვიოვი, - დაინახავენ, რომ სინამდვილეში ამ გამარჯვებას ნაყოფი არა აქვს, რომ შეუძლებელია მიწიერ ყოფაზე დაფუძნებული, ურთიერთთანხმობაში მყოფი საზოგადოებრივი წყობის აშენება; დაინახავენ, რომ სწორედ ადამიანის ნების დამკვიდრების სურვილი არის სათავე დიდი განსაცდელისა და პესიმიზმით შეპყრობილი საზოგადოება მოემზადება მიიღოს ჭეშმარიტი რელიგია. ეს იქნება გარდამავალი ეტაპი რელიგიური წარსულიდან რელიგიური მომავლისაკენ.
ოდენ ჭეშმარიტ რელიგიას აქვს უნარი განაახლოს ჩვენი სულიერი სამყარო, რადგან მხოლოდ მასში არის შესაძლებელი ადამიანთა ნებაყოფლობითი დაქვემდებარება ზნეობრივი საწყისისადმი, რომელთან მიმართებაშიც ყველა თანასწორია (ტომი III, გვ.14).
აქ იერარქია თუმცა მკვეთრადაა დაცული, მაგრამ მოქმედებს უმაღლესი პრინციპი: "ვისაც უნდა პირველყოფა, იყოს იგი ყველას მსახურ" (მარკ. 10,44); იმიტომაცაა ჭეშმარიტი ქრისტიანული სარწმუნოება მომნიჭებელი ნამდვილი თავისუფლების, თანასწორობისა და ძმობისა, რომ იგი თვითდამკვიდრების უარყოფის პრინციპს ეფუძნება: "რომელმან წარიწყმიდოს სული თვისი მოყვასისათვის, მან პოვოს იგი", - ბრძანებს მაცხოვარი.
ძველ აღთქმაში ღვთისაგან ადამიანისთვის ბოძებული შეუფასებელი სიმდიდრე სამოთხე იყო, რომელშიც იგი ღვთის მოწყალებით ცხოვრობდა, მაგრამ ადამიანმა ვერ შეიფერა ეს საოცარი საჩუქარი და იგი თავისი ყოფის აუცილებლობად და უფლებად მიიჩნია, რის გამოც ამპარტავნებით შეპყრობილი, მწარედ დაისაჯა. გაძევებული ადამიანის ცხოვრება იმდენად დასცილდა თავის პირველ მდგომარეობას, რომ სამოთხისეულ ყოფასთან შედარებით მისი მდგომარეობა სრულიად მიუღებელი გახდა; ამიტომაც კაცთათვის გაქრა და დაიფარა ედემი და იგი ზეცაში იქნა გადატანილი. ადამიანის სამყოფელად კი იქცა მიწა, სადაც ბუნებაცა და ცხოველებიც პირველქმნილი ცოდვის ბეჭდით დაიდაღნენ.
სამოთხე დაიკარგა და ძველი სახით მისი დაბრუნება შეუძლებელი გახდა. მიწიერმა ედემმა ადამიანის სულში გადაინაცვლა და ზეციური სამშობლოს ანარეკლად იქცა. ამიტომაც უგუნურებაა საზოგადოების ნაწილის დაუსრულებელი მცდელობა, ხელოვნურად შექმნან სამოთხე დედამიწაზე. რამდენი რევოლუცია ახსოვს კაცობრიობის ისტორიას, მაგრამ ყოველი მათგანი წარუმატებელი იყო. ეს ასეც უნდა მომხდარიყო, რადგან ადამიანის ბუნების დაცემამ ისეთი მასშტაბური სახე მიიღო, მიწიერ სამოთხეზე ფიქრიც კი დაუშვებელია და თუ მსგავსი მსჯელობა მაინც სადმე თავს იჩენს, ის აუცილებლად გულისხმობს "სამოთხეს", ოღონდ უღმერთოდ.
ნამდვილი სამოთხის კარი კი, არა თვითდამკვიდრების მოსურნე ადამიანის წყალობით გაგვეღო, არამედ ამქვეყნად ჩვენი ხსნისათვის განხორციელებული ღმერთის, იესო ქრისტეს თავგანწირული სიყვარულის წყალობით.
შობა ქრისტესი არის უმთავრესი მოვლენა კაცობრიობის ისტორიისა. პატარა ქალაქი ბეთლემი იქცა არა მარტო ქრისტიანთა, არამედ მთელი სამყაროს ცენტრად. აქ საფუძველი ჩაეყარა ახალ ედემს, ზეციურ სამოთხეს დედამიწაზე, რომლის პატრონიც არის არა ადამი – პიროვნება, არამედ ახალი ადამი – ღმერთკაცი იესო ქრისტე.
ახლადშობილი მარადიული ყრმის დაბადებით ღმერთმა კვლავ დაიწყო ცხოვრება კაცთა შორის. ბეთლემში შეერთდა ცა და დედამიწა, მოხდა შერიგება შემოქმედთან და ამის წყალობით ერთი შეხედვით ღვთისგან მიტოვებულ და შერყვნილ ჩვენს ხორციელ სამოსში ნათლისღებით განახლებულმა სიცოცხლემ იფეთქა; ამ სასწაულს მეორედ შობა, ანუ ჩვენს სულში ქრისტეს დაბადება ჰქვია.
უნებურად გვახსენდება ამ საოცარ ადგილთან დაკავშირებული ბიბლიური მოვლენები. ბეთლემთან ახლოს არის საფლავი ძველი აღთქმის დიდი მამის, იაკობის საყვარელი მეუღლის, რაქელისა; აქვეა რამას ნანგრევები: ადგილი, სადაც სრულიად უდანაშაულო 14000 ყრმის სისხლი დაიღვარა. აი, ის მინდვრებიც, სადაც სიკეთით სავსე რუთი თავის დედამთილთან ერთად ხორბლის ნარჩენებით ირჩენდა თავს და სადაც შემდეგ მისი შვილთაშვილი – ყმაწვილი დავითი, ყრმობის წლებს ატარებდა.
ბეთლემის მთები, გამოქვაბულები და ხეობები დავითის სულით არის გაჯერებული. აქ გალობდა თავის საოცარ ფსალმუნებს, აქ უვლიდა ცხვრის ფარას, აქ მოიძია იგი წინასწარმეტყველმა სამუელმა და სცხო მირონი მეფობისა. ამიტომაც ეწოდა ამ ადგილს დავითის ქალაქი.
აქვე, აღმოსავლეთით მდებარეობს ის ველი, ის ადგილი, სადაც გაიგონეს მწყემსებმა ანგელოზთა საოცარი საგალობელი: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება".
დიახ, ბეთლემში, დავითის ქალაქში, იშვა მესია, მხსნელი სოფლისა და აღსრულდა ძველი აღთქმის უმთავრესი წინასწარმეტყველება. მაშინ იუდეველთა სამეფოს უცხო ტომის წარმომადგენელი, კეისრის ერთგული მსახური და ამასთან მრისხანე ტირანი, ჰეროდე მართავდა: ქვეყანაში ზნეობა მეტად დაცემული იყო; ცოლქმრული ურთიერთობა – დარღვეული და შებილწული; შვილებისადმი მშობლების დამოკიდებულება – გულგრილი და ხშირად დანაშაულებრივი; ღარიბების ყოფა – ცხოველებისაზე უარესი; იმპერატორი კი განდიდებული – ვითარცა ღმერთი.
მიუხედავად საერთო სავალალო მდგომარეობისა, ისრაელში სიწმინდით გამორჩეული მორწმუნენიც იყვნენ. სწორედ მათ შორის გამოარჩია შემოქმედმა ის პიროვნებანი, რომელნიც მსოფლიოს გარდაქმნის თანამონაწილეებად იქცნენ.
თავდაპირველად ღვთის საიდუმლო ორ ოჯახში განცხადდა. ამ უდიდესი წყალობის ღირსნი გახდნენ ლევიტელთა შთამომავალნი – ელისაბედი და ზაქარია – იოანე ნათლისმცემლის მშობლები და დავითის შთამომავალნი, ნაზარეთის მკვიდრნი, მარიამი და მისი დამწინდველი მართალი იოსები.
ცოლ-ქმრის ურთიერთობა, ოჯახის რაობა, მაცხოვრის მოვლინებამ სულ სხვა სიმაღლეზე აიყვანა. ამიტომაც ამ ეპისტოლეში განსაკუთრებული ყურადღება აღნიშნულ საკითხს მინდა მივაქციო. ოჯახის იდეალად იესო ქრისტემ დასახა მისი და ეკლესიის დამოკიდებულება: "როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ცოლებიც – თავიანთ ქმრებს ყველაფერში, ვინაიდან ქმარია ცოლის თავი, ისევე როგორც ქრისტე თავია ეკლესიისა".
ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, ისევე როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და მისცა თავი თვისი მისთვის" (ეფ. 5,23-25).
სახარებიდან ნათლად ჩანს, რომ ადამიანთა შორის არცერთ ურთიერთობას არა აქვს ისეთი მაღალი დანიშნულება, როგორც ცოლ-ქმრის ურთიერთობას, რომელთა წმიდა კავშირიც უფლისაგან განუყოფელი თანაცხოვრებისთვისაა დალოცვილი.
ქალზე დიდად არის დამოკიდებული, თუ რამდენად იღბლიანი იქნება ქორწინება. ამიტომაც თავიდანვე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმას, თუ ვის ირჩევს ადამიანი ცხოვრების თანამგზავრად. ასევე გასათვალისწინებელია ის წინაპირობანი, რაც განსაზღვრავს ამ კავშირს. თუ ოჯახის შექმნას მხოლოდ ხორციელი ვნება, ან ანგარება განსაზღვრავს, ფაქტობრივად იგი თავიდანვე განწირულია დარღვევისათვის, რადგან მიწიერ, წარმავალ ღირებულებებზეა დაფუძნებული.
გარეგნულმა სილამაზემ, - წერს წმიდა იოანე ოქროპირი, - მიჩვევა იცის და დროთა განმავლობაში მის მიმართ ინტერესი იკარგება, ხოლო მშვენიერება სულისა პიროვნებას ყოველდღიურად განმაახლებელ ძალას ანიჭებს და მიმზიდველს ხდის მასთან ურთიერთობას. ამ სილამაზეს ვერც სიბერე, ვერც ავადმყოფობა ვერ წაშლის.
ღვთისმოშიშება, თავმდაბლობა, სიბრძნე, კეთილზნეობა... – ის თვისებებია, რომელიც კარგი ოჯახის არსებობისთვის აუცილებელ საფუძველს ქმნის. გავიხსენოთ ნეტარი ავგუსტინეს დედა, რომელსაც არ უჭირდა უხასიათო მეუღლესთან საერთო ენის გამონახვა და ამიტომაც მასთან ხშირად მიდიოდნენ მეზობელი ქალები, რათა ესწავლათ, როგორ ახერხებდა იგი ქმართან მშვიდობიანი ურთიერთობის შენარჩუნებას.
- როცა მეუღლე უხასიათოდაა, ცუდ განწყობილებაზე, გაღიზიანებული და რაიმეს არასწორად ამბობს, - არიგებდა იგი ახლობლებს, არ ვეკამათები, არამედ მოთმინებით ვლოცულობ, რომ ღმერთმა მოხედოს და სიმშვიდემ დაისადგუროს მის გულში. მართლაც, მალე ყველაფერი წყნარდება და პრობლემები იხსნება. ეს რჩევა ყველა დროში და ყველა სიტუაციაში შედეგის მომტანია.
ასევე აუცილებელია, რომ ქორწინება ეკლესიის (ანუ ღმერთის) მიერ იყოს ნაკურთხი, თუმცა ესეც არ არის საკმარისი. საჭიროა შემდგომში მეუღლეებმა თავიანთი ცხოვრება ისე წარმართონ, რომ ღვთის მადლი არ განეშოროთ და მათი კავშირი ურთიერთ სიხარულის მოტანის ნაცვლად ათას უბედურებათა წყაროდ არ იქცეს.
მეფე და დედოფალი, - ასე უწოდებენ ჯვარდაწერილთ. ეს არ არის ახლად შეუღლებულთათვის ერთი-ორი დღის ვადით მინიჭებული სახელწოდება. საერთოდ, ოჯახში, მამა უნდა მეფობდეს და დედა - დედოფლობდეს.
ის, რომ მამა აღიარებულია ოჯახის თავად და ავტორიტეტად, აიძულებს მას, ყოველი ნაბიჯი მოზომოს, რათა შეინარჩუნოს თავისი მდგომარეობა და შვილებისა და მეუღლის წინაშე არ დამცირდეს. ამასთან უპირატესობა ავალდებულებს, განსაკუთრებულად იზრუნოს როგორც მეუღლეზე, ისე შვილებზე და საჭიროების შემთხვევაში მათ დასაცავად სიცოცხლეც არ დაიშუროს.
რაც შეეხება უშუალოდ ცოლქმრულ ურთიერთობებს, აქ მეუღლეთა შორის თანასწორობაა. ქმარი არ არის პატრონი თავისი სხეულისა, არამედ ცოლი; და ასევე, ცოლი არ არის განმგებელი თავისი სხეულისა, არამედ ქმარი. ქმარს არა აქვს უფლება განეშოროს ცოლს მისი დასტურის გარეშე და ასევე ცოლს – ქმრის უნებართვოდ. შევნიშნავთ იმასაც, რომ დღეს, ზოგიერთი ფილმისა და ჟურნალ-გაზეთის გავლენით, ოჯახური ურთიერთობის სიწმინდე მეუღლეთა შორის დარღვეულია. არადა, გაუკუღმართებული დამოკიდებულებანი მოქმედებს ფსიქიკაზე, არღვევს ჭეშმარიტ სიყვარულს და აუცილებლად იწვევს დიდ გართულებებს ცოლ-ქმარს შორის, რადგან ღმერთი სჯის ადამიანებს ამ ყველაზე სათუთი და მაღალი გრძნობების შელახვისა და შერყვნისათვის.
ღმერთი ასევე პასუხს მოსთხოვს მეუღლეთ ღალატისათვის. იგი მეორე ნახევრის წინაშე ჩადენილ ისეთ დიდ ცოდვადაა მიჩნეული, რომ წმ. წერილი, რომელიც ადამიანებს თვით ყოვლად უხასიათო, შურიან, ანჩხლ, ლოთ მეუღლესთან შეძლებისდაგვარად მშვიდობიან თანაცხოვრებას ურჩევს, ასეთ შემთხვევაში განქორწინების ნებას იძლევა.
ოჯახში ნორმალური ცხოვრების დამკვიდრებისთვის აუცილებელია უფროსის პატივისცემა, იერარქიის დაცვა, მოთმინების უნარი. ასევე, უდიდესი სათნოებაა თავდადება. ღირსეული მეუღლენი ერთმანეთისა და შვილებისადმი სწორედ მსხვერპლშეწირული სიყვარულით ცხოვრობენ, რაც მოყვასისადმი მათ ქრისტიანულ დამოკიდებულებას განაპირობებს.
ოჯახში დიდი პრობლემები იქმნება, თუ მისი რომელიმე წევრი ლოთობს, ან ნარკომანია. იგი, ერთი მხრივ, სასიკვდილო განაჩენს უმზადებს თავის სულს, მეორე მხრივ, გამოუსწორებელ დაღს ასვამს, გარშემომყოფთა (განსაკუთრებით კი ბავშვების) შინაგან სამყაროს. მართალია, ძნელია ამ სენისაგან განთავისუფლება, მაგრამ ღვთის წყალობით მიუღწეველი არაფერია; თუ ოჯახის სხვა წევრები შეძლებენ ცხოვრების სწორი წესის შენარჩუნებას და ურთიერთსიმძიმის ტვირთვას, ბოროტის გავლენისაგან სულის დახსნა გაადვილდება.
ნარკომანიაც და ლოთობაც დღეს ჩვენი ახალგაზრდობის ნაწილისათვის დამახასიათებელ საშინელ რეალობად იქცა. ამას სხვადასხვა გარემოება უწყობს ხელს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი უსაქმურობაა; არადა არ შეიძლება, რომ ადამიანმა არ იშრომოს. ისეთი ცნობილი მამებიც კი რომელნიც ათეულ წლობით განდგომილ ცხოვრებას ეწეოდნენ და პურითა და წყლით საზრდოობდნენ, შრომას თავიანთი ყოფის აუცილებელ პირობად თვლიდნენ და სხვათაც ურჩევდნენ, რაიმე ხელობას დაუფლებოდნენ, ლოცვა და შრომა ყოველდღიურ წესად ექციათ.
სამწუხაროდ, ჩვენი ხალხის დიდ ნაწილში დაკარგულია განცდა იმისა, რომ უშრომლად ნაშოვნი ლუკმა საწამლავია; რომ ის, რაც ჩვენი ოფლით არ არის მოპოვებული, არ გვეკუთვნის და ეშმაკის მიერ შემოთავაზებული თვალისმომჭრელი საცდურია. ასეთი შხამით ნასაზრდოები ცალკეული ადამიანი თუ ოჯახი ბედნიერი ვერასოდეს იქნება.
ოჯახური ცხოვრება მეტად რთულია და მის კეთილდღეობას მრავალი სხვა პირობა განსაზღვრავს. დღეს, როდესაც სამსახურებრივი დატვირთვის გამო მამის მსგავსად დედაც გამოსულია სახლიდან, ბავშვის აღზრდაში ძალიან დიდ ადგილს იკავებს სკოლა. სკოლა და მისი გარემო მოზარდისთვის მეორე ოჯახია, სადაც, ერთი მხრივ, ხდება განმტკიცება შინ ნასწავლი ჩვევებისა და, მეორე მხრივ, გადაფასება იქ შეძენილი ცოდნისა. ამასთან, სკოლა ის ადგილია, სადაც მოზარდში ყალიბდება მოყვასისადმი დამოკიდებულების ძირითადი ფორმები.
"შეიყვარე ღმერთი ყოვლითა გულითა, გონებითა და ყოვლითა სულითა შენითა. შეიყვარე მოყვასი შენი ვითარცა თავი თვისი", - ბრძანებს უფალი. აი, ამ ორ მცნებაზეა დაფუძნებული ქრისტიანული ზნეობისა და აზროვნების მთავარი არსი. ამიტომაც ძალიან დიდია პასუხისმგებლობა პედაგოგებისა, რადგან მათ წინაშე და მათი ზედამხედველობით ათასობით ბავშვის – საქართველოს მომავლის შინაგანი სამყარო ყალიბდება. ჩვენს სკოლებსა და სასწავლებლებში კი არ ასწავლიან, მაგალითად, მოზარდები სხვადასხვა სიტუაციებში როგორ უნდა მოექცნენ მშობლებს, და-ძმებს, მეგობრებს; რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ მათ ავადმყოფთა, მოხუცთა, უცხოთა, თვისტომთა, საკუთარი მტრებისა თუ სხვათა მიმართ ავისმქმნელთათვის; არ ასწავლიან იმას, თუ რა არის სინამდვილეში ბოროტება, რა – სიკეთე; რისთვის არის ადამიანი ამქვეყანდ გაჩენილი, რა უნდა იყოს მისი ცხოვრების მიზანი და რატომ?
არადა ამ კითხვებზე სწორი პასუხის გაცემა ხშირად პედაგოგებსაც არ შეუძლიათ, რაც გასაკვირი არ არის, რადგან ისინი ათეისტური ყოფის პირობებში გაიზარდნენ. ამიტომაც დღეს განსაკუთრებით დიდია როლი ეკლესიისა და მოძღვრისა; როგორც ცალკეულ ოჯახს, ისე სკოლას თავისი მოძღვარი უნდა ჰყავდეს, რათა მისი დახმარებით, სულიერი საუბრებით, ლოცვით, აღსარებითა და ზიარებით ყოველმა ადამიანმა თავისი ცხოვრებით შექმნას ჯვარი, რომლის ვერტიკალი დაუსრულებლად ღვთისაკენ მიემართება, ჰორიზონტალური ხაზი კი – მოყვასისაკენ.
ბოლოს თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო კაცობრიობის, ალბათ, ყველაზე დიდ ცოდვაზე – აბორტზე.
ბავშვები ხელს შეგვიშლიან, არა გვაქვს საშუალება მათი რჩენისა, ზედმეტი პრობლემები შემექმნება, მინდა ცხოვრებისაგან მეტი სიამოვნება მივიღო – აი მიზეზები, რომლებიც განაპირობებს აბორტის გაკეთებას. მაგრამ სიამოვნების ნაცვლად ამ ცოდვის ჩამდენ მეუღლეთა ცხოვრება თანდათან წამებად იქცევა: შვილები მშობლებს აღარ ემორჩილებიან, ბავშვები ავადმყოფები ჩნდებიან, თვითონ დედ-მამას კი სხვადასხვა დაავადება ახსენებს თავს, გულგრილი ხდება მათი ურთიერთობაც და ღალატი ცხოვრების წესად ექცევათ. ან კი როგორ შეიძლება მშვიდობა და კეთილდღეობა იქნას მოპოვებული ასეთი საშინელი ცოდვის საფასურად.
ხშირად აბორტს უმნიშვნელო დანაშაულად თვლიან იმის გამო, რომ ამის მოქმედნი მრავლად არიან და მიმბაძველობა დამნაშავეთ პასუხისმგებლობისაგან თითქოს ათავისუფლებს; მიაჩნიათ ისიც, რომ რაკი ბავშვი ჯერ დედის მუცელშია და არ დაბადებულა, ადამიანის გრძნობა და თვისებები არა აქვს, ამასთან იგი აღიქმება, როგორც დედის სხეულში რაღაც მცირე ნაწილი, რომელსაც მშობელი სურვილისამებრ შეიძლება თავისუფლად მოექცეს. ასეთი ფიქრი უდიდესი შეცდომაა.
ეკლესიის მიერ იმთავითვე აღიარებული ფაქტია და თანამედროვე მედიცინაც მეცნიერულად ამტკიცებს იმას, რომ ადამიანი დამოუკიდებელ არსებობას ჩასახვისთანავე იწყებს და იგი ამ მომენტიდან უკვე პიროვნებაა. აღარაფერს ვამბობთ 7, 10, 12 კვირის ნაყოფზე, რომლის ქმედებანიც ადამიანური თვისებების აშკარა გამოვლინებით ხასიათდება. ამიტომაც არანაირი მნიშვნელობა არა აქვს სამი თვის (უფრო მეტის, თუ უფრო ნაკლების) მუცელში მყოფ ყრმას მოკლავს დედა, თუ უკვე გაჩენილ სამი თვის (გინდაც 10, 20, 30 წლის) შვილს. რატომ არის ნებადართული და ჩვეულებრივ მოვლენად მიღებული პირველი ფაქტი, მეორე კი დიდ დანაშაულად მიჩნეული და საერო სამართლის სასჯელს დაქვემდებარებული? ეს ხომ ანომალიაა.
ტექნიკის განვითარებამ შესაძლებელი გახადა თანამედროვე ამერიკელი მეცნიერის ბერნარდ ნათანსონის მიერ გადაღებული ფილმის ("უხმო ყვირილი") საშუალებით ჩვენი თვალით დაგვენახა და გვეგრძნო, ის შემაძრწუნებელი შიში და ტკივილი, რასაც სიკვდილის მოლოდინში მუცელში მყოფი ყოვლად უმწეო ნაყოფი განიცდის. რა შეედრება იმ ცოდვის სიმძიმეს, როცა ესა თუ ის პიროვნება საკუთარი შვილის უმოწყალო მკვლელი ხდება; აბორტის გამო პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც დედას, ისე მამას (თუ ეს მისი თანხმობითაც მოხდა). ჩვენი საზოგადოება სავსეა შვილისმკვლელი მშობლებით და ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ მათ ცოდვის შესატყვისი განცდა არა აქვთ.
დღეს ჩვენი ქვეყანა მრავალი პრობლემის წინაშე დგას. გადაუჭრელი და გამოსასწორებელი ბევრი საკითხია, რომელიც საზოგადოებისგან სწრაფ რეაგირებას ითხოვს, მაგრამ არაფერს არ ექნება აზრი, თუ ჩვენ ამ საშინელი სენისგან არ განვთავისუფლდებით, თუ ჩვენს მომავალზე სერიოზულად არ ვიზრუნებთ. უნდა, უპირველეს ყოვლისა, დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა თვისების მატარებელი იქნება ის თაობა, რომლის დედაც, მამაც, ბებიაც, დეიდაც და, საერთოდ, გარშემო მყოფთა წრე, უსასტიკეს მკვლელობათა ჩამდენია. ეს ცოდვა ბუმერანგივით მოუბრუნდება ყველას.
მე მჯერა, რომ სინდისის ხმა გაიღვიძებს თქვენში. არ არსებობს დედა, რომელიც ქვეცნობიერად მაინც არ გრძნობდეს, ჩადენილი ცოდვის სიმძიმეს და მწუხარება და სირცხვილი არ აშფოთებდეს მის სულს.
ჩვენო დედებო, ჩვენო მშობლებო, საყვარელო სულიერო შვილებო, ნუ ჩაიდენთ შვილის მკვლელობის უსაშინლეს დანაშაულს; ნიშნად იმისა, რომ ჩვენი ერი ნელა, მაგრამ მაინც უბრუნდება ჭეშმარიტების გზას, ნიშნად ახლადშობილი მაცხოვრისადმი ჩვენი გულწრფელი სიყვარულისა, დადეთ პირობა, რომ აღარ დაუშვებთ, თქვენს წიაღს შეფარებული, თქვენს იმედად მყოფი, თქვენდამი საოცარი სიყვარულით განმსჭვალული თქვენი ნაშიერის უმოწყალო მკვლელობას.
მინდა ერთი იგავი გავიხსენო: მდიდარი გავლენიანი კაცი თავის სახლში სარკმელთან ახლოს იჯდა, როცა გაიგონა ჭიშკართან მდგომი ბერის სიტყვები, ყარაულს რომ ეუბნებოდა: შემიშვი ამ სასტუმროში, ცოტა ხანს მინდა აქ გავჩერდეო. ის კი ეწინააღმდეგებოდა და პასუხობდა, რომ ეს სახლი კერძო ბინა იყო და არა სასტუმრო. მდიდარი კაცი თვითონ გამოვიდა ბერთან და მსახურის სიტყვები დაადასტურა.
ბერმა მას ჰკითხა, თუ ვისი აშენებული იყო ეს შენობა.
- პაპაჩემის, - იყო პასუხი.
- მის შემდეგ ვინ ცხოვრობდა აქ?
- მამაჩემი და მისი ოჯახი, ახლა კი მე ვარ.
- და შენს შემდეგ ვინ უპატრონებს აქაურობას?
- ჩემი შვილი.
- ჩემო ბატონო, განა ეს სახლი არ არის სასტუმრო, რომელშიც უკვე ამდენმა ადამიანმა იცხოვრა?
მდიდარი მიხვდა ბერის ნათქვამის სიღრმეს, შინ მიიპატიჟა იგი და გულითადად უმასპინძლა.
მართლაც, ჩვენი მიწიერი ყოფა მგზავრობას ჰგავს; ამიტომაც ვისაც არ ახსოვს, რომ იგი სტუმარია წუთისოფლისა და დღეს თუ ხვალ მარადიულ ცხოვრებას უნდა ეზიაროს, გამოუსწორებელ შეცდომებს უშვებს; ხოლო ვისაც შესწევს ძალა, მოსწყვიტოს თვალი მიწიერ საცდურთ და იგი ზეცას მიაპყროს, იგრძნობს, რომ "ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლისა და ხორცის მიმართ, არამედ... ამ წუთისოფლის სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ". მაშ ავიღოთ ფარი რწმენისა, რომლითაც შევძლებთ ბოროტის გავარვარებული ისრების მოგერიებას, ავიღოთ ჩაჩქანი ხსნისა და მახვილი სულისა – სიტყვა ღვთისა (ეფ. 6,12).
ამქვეყნად ჩვენი მგზავრობის პერიოდში დასრულდა ქრისტიანული მსოფლიოს 2000-წლოვანი ისტორია. იწყება დროის ათვლა მესამე ათასწლეულისა.
დაე, ჭეშმარიტი სარწმუნოების, უფლისმიერი მშვიდობის, ღმერთთან შერიგებისა და ერთობის, სულიერი სიხარულისა და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს იგი თითოეული ჩვენგანისათვის, ჩვენი ქვეყნისა და მთელი მსოფლიოსათვის.
მწამს, რომ თუ 2000 წლის წინ ცოდვით დაცემულ ისრაიტელთა შორის აღმობრწყინდა ისეთი თვალშეუდგამი სიწმიდე, რომელმაც თავის წიაღში დაიტია უფალი ჩვენი იესო ქრისტე, გარდამქმნელი კაცობრიობის ცხოვრებისა, ჩვენს ერშიც (რომელიც ღმერთმა მოსიყვარულე გულით დააჯილდოვა), არ დაილევა კეთილგონიერ ადამიანთა და გამორჩეულ სასულიერო პირთა, ღვთისსათნო ოჯახთა სიმრავლე და მათი პირადი მაგალითითა და ლოცვით, თითოეული ჩვენგანის ზრუნვით, გადარჩება და განბრწყინდება სრულიად საქართველო.
გაიხარეთ, რამეთუ "ჩვენთან არს ღმერთი".
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი,
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
შობა ქრისტესი
თბილისი, 2000-2001.
საშობაო ეპისტოლე - 2007
ქართული იდეის ორი უმთავრესი სვეტი
"შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა, ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა; შეიყვარე მოყვასი, ვითარცა თავი თვისი" (მთ. 22,37,39).
ქრისტესმიერ საყვარელნო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონაზონნო, პატივცემულო ხელისუფალნო, მართლმორწმუნენო, მკვიდრნო საქართველოისა და სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, სიყვარული და სიხარული განგმრავლებოდეთ, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!აღსრულდა ყოვლადწმინდა სამების საღვთო განგება, ახდა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველება, - "ღმერთი გამოჩნდა ხორცით" (I ტიმ. 3,16). მაცხოვარი მოვიდა წუთისოფელში, რომელიც ძალადობით, დაპირისპირებითა და ბოროტებით არის სავსე. მოვიდა, რათა სრულიად გარდაექმნა იგი. თვინიერ ცოდვისა, მიიღო ჩვენი დაცემული ბუნება, რათა საღმრთო სიყვარულის ძალით ჩვენი შინაგანი ფერისცვალება მოეხდინა, შეიმოსა ადამიანური სხეულით, რათა კაცთა მოდგმა მარადიული ტანჯვისაგან ეხსნა.
ბეთლემში შობილი ყრმისაკენ მიმავალი გზა ხსნილია ყველასათვის. ერთნი ცოდნისა და ინტელექტის, ანუ მოგვთა გზით მიდიან; სხვანი განსაცდელისა და მწუხარების ბილიკს მიუყვებიან; მესამენი, მწყემსთა მსგავსად, თავმდაბლობითა და ლოცვით მიემართებიან. რა თქმა უნდა, არსებობს სხვა გზებიც.
საზოგადოების ნაწილი კი საპირისპირო მიმართულებით მიდის და ბნელეთისაკენ მიექანება, თუმცა ამას თავიდან თითქმის არავინ აცნობიერებს, რადგან ეშმაკი ათასგვარი საცდურით აბრუებს ადამიანებს და ცოდვის ჭაობში ღრმად ითრევს.
ჩვენს დროში მისი ქმედება კიდევ უფრო დახვეწილი გახდა და სიკეთისა და ბოროტების გარჩევა კიდევ უფრო გაჭირდა. ამიტომაც აუცილებელია, კარგად გავაცნობიეროთ, რა გარემოში ვცხოვრობთ, რომელი ტენდენციებია მნიშვნელოვანი, რა არის მისაღები და რა უარსაყოფი, ქვეყნისთვისაც და ჩვენთვისაც რა არის პირველი რიგის ამოცანა, რა – შემდეგ გასაკეთებელი საქმე?
ტელევიზიის, მობილური კავშირგაბმულობის, კომპიუტერისა და ინტერნეტის განვითარებამ მანძილი და დრო მკვეთრად შეამცირა. ეკონომიკა თანდათან კარგავს მხოლოდ ეროვნულ-სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას და იქმნება ტრანსნაციონალური კომპანიები, რომელთაც, ძირითადად, საკუთარი მიზნები ამოძრავებთ და არა სახელმწიფო ინტერესები. მიმდინარეობს კულტურათა ასიმილაციის პროცესიც. ეს ყველაფერი მრავალსახოვანი გლობალიზაციის გამოვლინებაა.
ასეთ ვითარებაში ჩვენი ხალხი პრობლემების წინაშე დადგა. ეს არის დროის გამოწვევა. კონკრეტული ძალა არ ჩანს, მაგრამ ცრუ თავისუფლებაზე დაყრდნობით, მასმედიის საშუალებებით (სერიალებით, მდარე ტელეპროდუქციით) ხდება ზემოქმედება ჩვენი საზოგადოების, განსაკუთრებით კი მომავალი თაობის ცნობიერებაზე, რათა მასში დაინერგოს არაეროვნული, არაქრისტიანული მსოფლმხედველობა, რაც შედეგად გამოიწვევს ჩვენი ეთნოფსიქიკის შეცვლას და ერთიანი ქართველი ერის დაშლასა და გადაგვარებას.
უნდა გავაცნობეროთ, რომ შეტევა ხორციელდება თითოეული ადამიანის აზროვნებაზე, ამიტომაცაა ყოველი ჩვენგანის გული და გონება ამ ბრძოლის ასპარეზი. ესა თუ ის პიროვნება ან რჩება ქართველად, ან, თავისი შინაგანი სისუსტისა და მიმბაძველობის გამო, იცვლის ღირებულებათა სისტემას.
ეს ისეთივე მნიშვნელობის ომია, როგორც ჩვენს მამა-პაპათ გამოუვლიათ.
მოგმართავთ ყველას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, შეინარჩუნეთ ჩვენი თვითმყოფადობა, ჩვენი ტრადიციული ქრისტიანული ცხოვრების წესი. გახსოვდეთ, მთავარი ბრძოლა ბოროტთან მოგებულია. უფალი ბრძანებს: "ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა” (ინ. 16,33). მაშ, იბრძოლეთ, ჩვენი გმირი წინაპრების მსგავსად, რათა საკუთარ თავში და თქვენს გარშემო დაიცვათ თქვენი წილი საქართველო. დღეს ეგ ომია თქვენი დიდგორი, თქვენი ბასიანი.
უნდა იცოდეთ, რომ ქართული იდეა ორ უმთავრეს სვეტს ეყრდნობა. ესაა სულიერი ღირებულებები (რაც გულისხმობს მართლმადიდებლურ სარწმუნოებას და მის წეს-ჩვეულებებს) და ეროვნულ-კულტურული ფასეულობები, რითაც ასე მდიდარია ჩვენი ქვეყანა.
ქართულმა იდეამ რომ ხორცი შეისხას და განვითარდეს, საჭიროა გაერთიანდეს, სახელმწიფოს, საზოგადოებისა და ეკლესიის ძალისხმევა.
ახლა კი შევჩერდები იმ მიმართულებებზე, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს:
ტერიტორიული მთლიანობა მუდამ იყო ქვეყნის პრიორიტეტი. იგი დღესაც ჩვენი ხელისუფლებისა და ყოველი ჩვენგანის მთავარი საზრუნავია. თანამედროვე ეტაპზე ასევე მნიშვნელოვანია საერთაშორისო ურთიერთობები და მსოფლიო თანამეგობრობაში ღირსეული ადგილის დამკვიდრება. თუმცაღა, უპირველეს პრობლემად მაინც საქართველოს ერთიანობისათვის ზრუნვა რჩება და არ არსებობს მისი სანაცვლო სხვა ღირებულება.
ქვეყნის განვითარების აუცილებელ პირობას ეკონომიკური სიძლიერე წარმოადგენს. ეს ის მთავარი საკითხია, რომელიც ჩვენმა სახელმწიფომ დროულად უნდა გადაჭრას. ამასთან, ჩვენ უნდა მოვძებნოთ ჩვენი ადგილი მსოფლიო ეკონომიკურ სივრცეში.
არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველოს გააჩნია მეტად ძვირფასი ბუნებრივი რესურსი მტკნარი წყლის სახით, რომლის მნიშვნელობაც და ღირებულებაც ახლო მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. ამიტომ, ვფიქრობთ, საყოველთაო პრივატიზაციის პროცესში, ეს ბუნებრივი რესურსი და მისი ექსპლოატაცია აუცილებლად სახელმწიფო სექტორში უნდა დარჩეს და გამოყენებულ იქნას ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის.
ცნობილია, რომ მთელ მსოფლიოში მოთხოვნილება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებზე მკვეთრად გაიზარდა და დიდი მოგების მიღების მიზნით მოდიფიცირებული და გენური ინჟინერიით მიღებული პროდუქტების წარმოებაზე ორიენტირებული ქვეყნების სოფლის მეურნეობა მაღალ სტანდარტებს ვეღარ აკმაყოფილებს. ჩვენ საერთაშორისო ბაზარს უნდა შევთავაზოთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. ეს დიდ მოგებას მოუტანს ხალხს და ააღორძინებს სოფელს.
ზოგიერთმა პატარა სახელმწიფომ თავი დაიმკვიდრა მოწინავე ტექნოლოგიების ათვისებით. მაგ., სამხრეთ კორეამ, ისრაემა, ფინეთმა... ეკონომიკის ამ დარგში სერიოზული განაცხადისათვის ჩვენს ქვეყანასაც გააჩნია ინტელექტუალური რესურსი. ქართული ფუნდამენტური მეცნიერული სკოლები აღიარებული იყო როგორც ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, ისე მის ფარგლებს გარეთაც. ასე რომ, ჩვენი მეცნიერული პოტენციალი შეიძლება პრაქტიკულად იქნას გამოყენებული, თუკი მას სათანადო პირობები შეექმნება.
საერთოდ, მეცნიერებასა და განათლებას ქვეყნის განვითარებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან სწავლის პროცესში ხდება მომავალი თაობის ფორმირება პიროვნებებად. ამიტომაც სკოლა და, ზოგადად, სასწავლებელი მარტო ცოდნას კი არ უნდა აძლევდეს მოზარდს, არამედ მან უნდა აღზარდოს იგი და თავისი ქვეყნის ღირსეულ მოქალაქედ ჩამოაყალიბოს. ამ საქმეში მეტად დიდია ოჯახისა და ეკლესიის როლი. სასწავლებელი, როგორც ხალხის მიერ დაქირავებული დაწესებულება, ვალდებულია, თავისი საქმიანობა საზოგადოების ინტერესების შესაბამისად წარმართოს და რადგანაც საზოგადოებას ფაქტობრივად ოჯახთა ერთობლიობა და ეკლესია (რომლის წევრია ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა) შეადგენს, განათლების სისტემა ეკლესიისა და ოჯახის ტრადიციულ ღირებულებებს უნდა შეესაბამებოდეს (ვისაც სურვილი აქვს განსხვავებულ გარემოში აღზარდოს შვილები, შეუძლია ეს კერძო სასწავლებლებში განახორციელოს). ეს არის სწორედ იმის საწინდარი, რომ მომავალი თაობა ავაცილოთ თუნდაც ისეთ საშინელ სენს, როგორიც ნარკომანია და სხვა მანკიერებანია.
ნარკომანია ჩვენი დიდი ტკივილია, რომელიც ერის სულიერ და დემოგრაფიულ გენოციდს იწვევს. ჩვენ არაერთხელ შევხებივართ ამ თემას და ყოველთვის აღვნიშნავდით, რომ ამ მიმართულებით პირველი რიგის ამოცანას პრევენციული ნაბიჯების გადადგმა წარმოადგენს. ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევქმნათ ნარკოტიკის მიმართ უარყოფითი განწყობა. უნდა დავანგრიოთ ცრუ სტერეოტიპი იმის შესახებ, თითქოს ნარკომანობა პრესტიჟულია.
ნარკომანობა სირცხვილია!
ნარკომანი არის ავადმყოფი, საცოდავი, ლაჩარი, სუსტი ადამიანი, რომელიც ეშმაკის ბადეშია მოხვედრილი და, ნარკოტიკზე მიჯაჭვულობის გამო, ხშირად ბოროტებასაც სჩადის, ციხეში ხვდება და თავის მდგომარეობას კიდევ უფრო იმძიმებს.
მინდა, ნაწილობრივ ციხეში არსებულ მდგომარეობასაც შევეხო.
დღეს იქ მძიმე პირობებია. ცივილიზებულ ქვეყნებში ციხე გამოსწორების ადგილს წარმოადგენს. იმედია, ჩვენი პენიტენციალური სისტემაც მალე ამ სტანდარტებს დაუახლოვდება. ამისთვის კი, პირველ რიგში, უნდა გაიმიჯნოს საშიში ბოროტმოქმედი ეკონომიკური თუ სხვა, შედარებით მსუბუქი სახის, დანაშაულის ჩამდენისგან. კარგი იქნება, თუ ასეთი პატიმრებისათვის აღდგება სასჯელის მოხდა მიმაგრების ადგილებში და ამისთვის საქართველოს მაღალმთიანი დაუსახლებელი რეგიონები გამოიყენება. ეს, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს პატიმართა გამოსწორებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნას და, მეორე მხრივ, - ამ ტერიტორიის სოციალურ-ეკონომიკურ ათვისებასა და განვითარებას.
რაც შეეხება მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევთ, ციხეში მათთვისაც უნდა არსებობდეს ისეთი გარემო, რომელიც შეუქმნის მათ განწყობას ცხოვრების წესის შეცვლისა.
ვფიქრობთ, პენიტენციალურ სისტემაში შრომის დანერგვა და სასულიერო პირის უფრო აქტიურად ჩართვა დიდ შედეგს მოიტანს, რისი გამოცდილებაც უცხოეთის ქვეყნებში კარგა ხანია აქვთ.
ცნობილია, რომ ციხის გავლენა მის გარეთაც ვრცელდება. ზოგიერთისთვის კრიმინალური მსოფლმხედველობა ერთგვარ დადებით მოვლენასაც კი წარმოადგენს, რაც შეცდომაა. ეს არის ღმრთის მცნებების უარმყოფელი დიდი ცოდვა. ეს არის დანაშაული მოყვასის წინაშე. წმიდა პავლე მოციქული გვასწავლის: "ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღმრთის საუფეველს?.. ვერც მპარავნი, ვერც მტაცებელნი..." (I კორ. 6, 9-10).
სამწუხაროდ, ქუჩა, უბანი, გარემო, ზოგჯერ მავნე ჩვევების განვითრებას უწყობს ხელს, რაც მათში ცრუ ღირებულებების დამკვიდრებით არის გამოწვეული. ახალგაზრდების ნაწილი, მიმბაძველობით ან თავისი წრის ზემოქმედებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ იქცევა. თუმცა ბევრი მათგანი ეკლესიაში დადის (ხოლო ვინც არ დადის, რწმენის მიმართ პატივისცემა მაინც აქვს), მაგრამ ეს სათანადოდ ვერ აისახება მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე. სამეგობროებში არსებულ ასეთ მდგომარეობაზე, მისი თითოეული წევრი არის პასუხისმგებელი, განსაკუთრებით კი ისინი, რომელნიც ყველაზე დიდი გავლენით სარგებლობენ. ისინი კარგად უნდა დაუფიქრდნენ თავიანთ ცხოვრებას, რათა, ნებსით თუ უნებლიეთ, ეშმაკის მსახურნი არ გახდნენ.
საზოგადოება ისეთია, როგორი ავტორიტეტებიც ჰყავს მას.
ფაქტია, რომ ღირსეული პიროვნებები ჩვენთან სათანადოდ არ არიან დაფასებულნი. მათ ნაცვლად წინ წამოწეული არიან ისეთი ადამიანები, რომელთაც მნიშვნელოვანი არაფერი აქვთ გაკეთებული (ყოველ შემთხვევაში დღეისათვის), ან ისინი, რომელნიც უგულებელყოფენ სულიერ ღირებულებებს. ახალგაზრდები უფრო იცნობენ ტელეშოუების გმირებს, ვიდრე მათივე თაობის ნიჭიერ პოეტებს, მხატვრებს, კულტურის მოღვაწეთ, მეცნიერებს და, ზოგადად, ღირსეულ ადამიანებს. ეს ძირითადად მასმედიისგან მომდინარე ნაკლია და იგი უნდა გამოსწორდეს.
მიუხედავად ასეთი პრობლემებისა, პიროვნებასა და საზოგადოებას მაინც ბევრი რამის შეცვლა შეუძლიათ.
XX საუკუნის დასაწყისში, გასაბჭოების პერიოდში, როცა აქტიურად შეუტიეს ტრადიციულ ღირებულებებს, ახალგაზრდა მამულიშვილებმა, რომლებიც შემდეგ ცნობილი საზოგადო მოღვაწენი გახდნენ (პავლე ინგოროყვა, კონსტანტინე გამსახურდია, ვახუშტი კოტეტიშვილი, ალექსანდრე აბაშელი), ჩამოაყალიბეს "ჩოხოსანთა" საზოგადოება. ეროვნული სამოსის ტარება იყო ერთგვარი პროტესტის ფორმაც და მათი მსოფლმხედველობის დემონსტრირების საშუალებაც. შემდგომ პერიოდში ამ მაგალითს, მართალია ერთეულებმა, მაგრამ მაინც სხვებმაც მიბაძეს. დღეს ეს მოძრაობა ახალ ეტაპზე გადავიდა და საზოგადოების ფართო ფენა მოიცვა. მისასალმებელია, როდესაც ცნობილი ადამიანები საერო და საეკლესიო დღესასწაულებზე ეროვნულ ტანსაცმელს იცვამენ (ეს კარგი ტრადიცია ევროპის ბევრ ქვეყანაში დიდი ხანია არსებობს). სულ უფრო იზრდება ახალგაზრდების რიცხვი, რომელნიც ჩოხით იმოსებიან და ჯვრისწერის დროსაც ამ სამოსს იცვამენ. დღეს ჩოხოსანთა საზოგადოებას გაცილებით მეტის გაკეთება ძალუძს, ვიდრე მის წინამორბედთ.
რა თქმა უნდა, ჩვენ მარტო ეროვნული სამოსის ტარებით არ უნდა შემოვიფარგლოთ. როგორც აღვნიშნეთ, აუცილებელია ავაღორძინოთ ქართველი კაცის ჩვეული ცხოვრების წესი. საჭიროა, თუნდაც ჩვენი ყოფისათვის ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის პირვანდელი სახით აღდგენა, როგორიცაა ქართული სუფრა. დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ იგი ისევე, როგორც სხვა ტრადიციები, გარკვეულწილად, შეილახა; სინამდვილეში კი მისი არსი მთლიანად ქრისტიანულია და გამორიცხავს როგორც თრობას, ისე დღეს არსებულ სხვა მანკიერ გამოვლინებებს. კარგად აღზრდილი ადამიანი არ დათვრება და ამით თავს არ დაიმცირებს.
ეკლესიური ცნობიერებიდან გამომდინარე, კარგია, რომ ჩვენს სუფრაზე თანდათან მკვიდრდება სადღეგრძელოთა შინაარსი და ტრადიცული თანმიმდევრობა, რაც იწყება უფლის სადიდებლით და მთავრდება ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხსენებით. ამასთან ყოველი სადღეგრძელო დალოცვაა, ლოცვის ერთგვარი სახეა. ქართული სუფრის ღრმა სულიერ ხასიათზე მიუთითებს ისიც, რომ ყოველთვის ხდება გარდაცვლილთა მოხსენიება.
ქრისტიანული სუფრა არის ადამიანთა ერთობისა და თანადგომის, ჭირისა და ლხინის გაზიარების ადგილი, სადაც უფალი მყოფობს. ამიტომაც პურობა იწყება და მთავრდება ლოცვით.
ქართული სუფრა არის ქრისტიანული სიყვარულისა და ურთიერთპატივისცემის გამოხატვის უნიკალური ინსტიტუტი.
ყოველ ერს, ისევე როგორც ცალკეულ პიროვნებას, ღმრთისაგან სხვადასხვა მადლი და ნიჭი აქვს ბოძებული და მასზეა დამოკიდებული, თუ როგორ გამოიყენებს მათ.
ქართველმა კაცმა სიყვარულის ნიჭი განავითარა.
ახალ აღთქმაში ღმერთის ყველაზე მთავარ თვისებად სწორედ სიყვარულია დასახელებული. "ღმერთი სიყვარული არს" (I ინ. 4,8). აქვე ვკითხულობთ: სიყვარული ყოვლისმომცველია, არ ამპარტავნობს, არ ზვაობს, სულგრძელია და ტკბილი, არ მრისხანებს, ყოველივეს ითმენს, არავისი შურს, ჭეშმარიტებით ხარობს, იგი ადამიანის მთავარი მამოძრავებელი ძალაა, რომელიც უკვდავებასთან არის წილნაყარი. იმედი და რწმენა სიკვდილის შემდეგ განქარდება, ხოლო სიყვარული მარადიულად იარსებებს.
პავლე მოციქული იმასაც ბრძანებს, რომ თუ სიყვარული არა გვაქვს, ფუჭია ქველმოქმედებაც, სასწაულთმოქმედების უნარიც, მოსაგრეობაც, თვით მოწამეობრივი აღსასრულიც კი, რადგან უსიყვარულოდ ყველა სიკეთე უქმ იქნების.
გავიხსენოთ სახარება: იუდამ გასცა მაცხოვარი, პეტრემაც სამჯერ უარყო იგი. შემდეგ ერთმაც შეინანა და მეორემაც, მაგრამ იუდა წარწყმდა იმიტომ, რომ უსიყვარულო იყო ქრისტესთან გატარებული მისი ცხოვრება და, აქედან გამომდინარე, უნაყოფო მისი სინანული; პეტრეს სინანული კი სწორედ მისი მხურვალე სიყვარულის გამო იქნა შეწყნარებული.
მიუხედავად სხვადასხვა სირთულისა და განსაცდელისა, სიყვარული ნეტარებასთან და სიხარულთან არის დაკავშირებული; და რაც უფრო დიდია სიყვარული, მით მეტია ნეტარებაც და სიხარულიც.
ყველაზე აღმატებულია ღმერთის სიყვარული.
ამ სიყვარულის დამტევნელნი დიდი სულიერი მოღვაწენი არიან, რომელნიც მძიმე მოსაგრეობის პარალელურად, ღმრთეებრივ ნათელთან ლოცვითი თანაზიარებით უსაზღვრო ნეტარებას ამქვეყნადვე აღწევენ.
სამშობლოსა და ერის ჭეშმარიტად მოყვარული ადამიანებიც დიდ სიხარულს გრძნობენ, როდესაც თავიანთ მიზანს, თუნდაც სიცოცხლის ფასად, ერთგულად ემსახურებიან.
შეიძლება ითქვას, რომ მოყვასის სიყვარული ერთგვარად პირველი საფეხურია. იოანე ღმრთისმეტყველი ბრძანებს: "ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, როგორღა შეიყვარებს ღმერთს, რომელსაც ვერ ხედავს?" (ინ. 4,20).
ღმერთი, სამშობლო, მოყვასი, - ეს არის ერთმანეთისაგან გამომდინარე იერარქია და უწყვეტი ჯაჭვი; თუ ღმერთის ადგილი სხვა რამემ, თუნდაც სამშობლომ დაიკავა, ზემოთ აღნიშნული თანამიმდევრობა ირღვევა და პატრიოტიზმი უკვე ხელოვნურად გამოგონილ ღირებულებებს ეფუძნება, რომელთაც შეიძლება კარგი სახელიც ერქვას, მაგრამ შედეგად ისეთ მანკიერ გამოვლინებებს ვიღებთ, როგორიცაა ფაშიზმი, რასიზმი და შოვინიზმი, ან კიდევ ტრადიციული ფასეულობების სრულ უარყოფას – კოსმოპოლიტიზმს. ამ ორ უკიდურესობას გამორიცხავს ღმრთის რწმენა, რომელიც ჭეშმარიტ პატრიოტიზმს განაპირობებს.
მოციქული გვასწავლის: “ვინც ამბობს, რომ უყვარს ღმერთი, მაგრამ სძულს თავისი ძმა, ცრუობს" (I ინ. 4,20). ამდენად, მხოლოდ ღმერთის სიყვარული ხიბლია და თავს იტყუებს იგი, ვისაც ეს ასე ჰგონია. ოდენ მოყვასის სიყვარული კერპთაყვანისმცემლობაში გადადის; საკუთარი თავისადმი გადამეტებული სიყვარული კი ეგოიზმსა და ნარცისიზმს შობს.
ადამიანი სიყვარულის ღმრთეებრივ ნიჭს მაშინ ეზიარება, როცა ამ გრძნობას თავისი “მე”-დან მოყვასისაკენ მიმართავს. გაცილებით დიდ სიმაღლეზე კი მაშინ ადის, როდესაც მოყვასს, როგორც საკუთარ თავს, ისე შეიყვარებს; "არავის აქვს იმაზე მეტი სიყვარული, ვინც სულს დასდებს თავისი მეგობრებისთვის" (ინ. 15,13), - ბრძანებს უფალი.
მოყვასისათვის სიყვარული და თავდადება ქართველი კაცის ცხოვრების წესად იქცა და, ბუნებრივია, მისი საახლობლო წრე მეტად ფართოა. იგი მოიცავს სისხლისმიერ და ნათელმირონობით ნათესაობას, მეჯვარეობას, მოყვრობას, მოგვარეობას, მეზობლობას, მეგობრობას და სხვ. ასეთი ურთიერთობა უნიკალურია როგორც ქრისტიანულ სამყაროში, ისე მთელ მსოფლიოში. ფაქტია, რომ ქართველ კაცს არა აქვს მოწინააღმდეგის სიძულვილი, რაც ბოლო პერიოდის მოვლენებმაც დაადასტურა. მაგალითად, ძმათამკვლელი ომი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ჩვენს ხალხში დაპირისპირებული მხარეების მიმართ გაბოროტებაში არ გადაზრდილა და იგი დღესაც მზად არის მათთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარებისათვის. ამის მიზეზი კი ისაა, რომ შენდობისა და პატიების, საკუთარი შეცდომების აღიარებისა და სხვისი მწუხარების გაზიარების დიდი უნარი გვაქვს. ეს კარგად ჩანს "ვეფხისა და მოყმის" ბალადაშიც.
ტოლერანტობა ჩვენი ბუნებიდან მომდინარეობს და მისი სწავლა არასოდეს დაგვჭირდება.
დაიწყო ახალი 2007 წელი, რასაც ოფიციალური სახელმწიფო კალენდრით თითქმის მთელი მსოფლიო აღნიშნავს, თუმცა შეიძლება ბევრი ვერც აცნობიერებს, რომ ეს წელთაღრიცხვა მაცხოვრის დაბადებას უკავშირდება.
დიახ, 2007 წლის წინ აღსრულდა ქრისტეშობის საიდუმლო, - "ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა ძე თვისი მხოლოდშობილი" (ინ. 3,16). დაუსაბამო იგი დროში იშვა, ყოვლისმპყრობელმა და ყოვლისშემოქმედმა მონის სახე მიიღო, რათა მისი სიყვარულით აღვსილნი და ამაღლებულნი საღმრთო წიაღს კვლავ ვზიარებოდით.
საერთოდ, ღმრთის ყველა ქმედებას მხოლოდ სიყვარული განაპირობებს.
ადამის და ევას სამოთხიდან გამოძევების მიზეზიც სიყვარულიდან მომდინარეობს. მათ ღმერთის ყოვლისმომცველ სიყვარულში შეეპარათ ეჭვი და რადგან შემოქმედის მცნება დაივიწყეს და ეშმაკს დაუჯერეს, ისინი საკუთარი ნებით მოაკლდნენ საღმრთო სიყვარულს, რაც უფალთან მათ ერთობას განაპირობებდა; ხოლო დაცემულ მდგომარეობაში მყოფნი უკვდავების ხის ნაყოფის შეჭმით მარადიულად რომ არ წარწყმედილიყვნენ, უფალმა თავისი სამყოფლისაგან განარიდა.
მაცხოვარმა განკაცებით დედამიწაზე ის სიყვარული მოიტანა, რომლის მსგავსიც მანამდე კაცობრიობამ არ იცოდა და რომელთანაც თანაზიარებით მოგვეცა სამოთხეში დაბრუნების შესაძლებლობა. "ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ" (ინ. 13,34), - ოღონდ აუცილებელია, რომ მოვიპოვოთ სიწმინდე და შევიმოსოთ ჭეშმარიტი სიყვარულით, რადგან ამ თვისებების გარეშე ღმერთს ვერ მივემსგავსებით და ჩვენივე ნებით, საკუთარ თავს მის მაცხოვნებელ მადლს განვაშორებთ.
საუკუნეთა მანძილზე საქართველო გადაარჩინა მოყვასის, ღმრთის, მამულისადმი თავდადებულმა ქრისტიანულმა სიყვარულმა, რისი მაგალითიც აურაცხელია ჩვენს ისტორიაში. როგორი იქნება ჩვენი ხვალინდელი დღე დამოკიდებულია იმაზე, თუ ჩვენ როგორ არჩევანს გავაკეთებთ, მივიღებთ ბოროტის მიერ შემოთავაზებულ მოჩვენებით სიყვარულსა და ცრუ ღირებულებებს, თუ ცოდვასა და სიკვდილზე გამარჯვებული ღმერთის მხარეზე დავდგებით. ჩვენი ადგილი კარგად რომ გავაცნობიეროთ, უნდა გავარჩიოთ – ჩვენი მისწრაფებანი და ქმედებანი შეესაბამება თუ არა უფლის სწავლებას.
ღმერთო ძლიერო, სიტყვაო, უწინარეს ყოველთა საუკუნეთა მამისაგან შობილო და ქალწულისაგან მარიამისა ხორცშესხმულო, მოიხილე მაღლით ერსა ზედა წილხვედრსა დედისა შენისასა და ისმინე მუხლმოდრეკით თხოვნა ესე: გევედრებით, გვიხსენ ცოდვათაგან და ბოროტთა განზრახვათაგან ჩვენთა, გული განგვისპეტაკე, გონება განგვინათლე, სული განგვიწმინდე, შეცდომილნი მოგვაქციენ, სულიერნი და ხორციელნი სნეულებანი ჩვენნი განკურნენ და შეგვზღუდენ საღმრთოითა შჯულითა შენითა; მოიხილე ჩვენზედა, სახიერო, და სიყვარულითა შენითა უოხჭნოითა დაცემულნი კვალად აღგვადგინენ და ტაძრად სულისა წმიდისა გამოგვაჩინე, რათა ვიყოთ ჭეშმარიტნი მსახურნი მოყვასისა, მამულისა და ღმრთისა.
სახელისა შენისათვის, აღდეგ, უფალო, შეწევნად ჩუენდა და დააყენე კუერთხი უშჯულოთა; გარე-წარაქციე ყოველნი მტერნი და მაჭირვებელნი ჩუენნი, რომელთა განიგდეს წილი სამკვიდრებელსა შენსა ზედა. მოიხსენე ვედრება დედისა შენისა და ყოველთა წინაპართა ჩვენთა, რომელთა იღუაწეს სახელისა შენისათვის და დასთხიეს სისხლი თვისი; მათი ლოცვით აღადგინე მამული ჩვენი – საქართველო – პირველსავე დიდებასა და დაიცევ საზღვარნი მისნი უცხოთესლთა ზედა მოსვლისაგან.
ჰე, უფალო, იხილე და მოხედე ვენახსა ამას და განამტკიცე ესე, რომელი დაასხა მარჯუენემან შენმან, რათა ჩუენცა ყოველნი, მკვიდრნი ღმრთივკურთხეული ივერიისა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებნი ქართველნი, შენს ზეციურ ნათელსა და საღმრთო სიყვარულს ზიარებულნი, ვგალობდეთ:
"დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება".
თქვენთვის მლოცველი
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ქრისტეს შობა
თბილისი, 2007 წ.
თემა: სიყვარული, სიყვარული მოყვასისადმი, შობაავტორი: ილია II
წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III)
საშობაო ეპისტოლე - 1995
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმოყვარესა და ღვთივკურთხეულ შვილებს:
უფალი ბრძანებს: "გააძლიერეთ ღონემიხდილი ხელები და
მოკვეთილი მუხლები გაიმაგრეთ, უთხარით გულშემდრკალთ:
გამაგრდით, ნუ გეშინიათ! აჰა ღმერთი თქვენი, მოვა შურისგება,
ღვთის საზღაური: ის მოვა და გიხსნით თქვენ" (ესაია 35,3-4).
სამყაროს ღრმა ძილით ეძინა, როცა ბეთლემელ მწყემსებს ესმათ ანგელოზთა გალობა - სადიდებელი ახლადშობილი მაცხოვრისა: დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.
ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ მხოლოდ ჭეშმარიტი თაყვანისცემა ღვთისა არის სათავე ქვეყნად მშვიდობისა და კეთილდღეობისა, ადამიანთა შორის კეთილგანწყობისა და ურთიერთგაგებისა.
თუ წარმართნი ასწავლიდნენ, რომ "ომი მამაა ყოვლისა, მეფე ყოველთა" (ჰერაკლიტე ეფესელი), ხოლო ებრაელნი - "თვალი თვალისა წილ, კბილი კბილისა წილ"-ო (გამოსვლათა 21,24), მაცხოვარმა დედამიწაზე სიყვარული და შერიგება მოიტანა.
ადამიანმა, და მითუმეტეს ქრისტიანმა, სიყვარულის კანონით უნდა იცხოვროს და განაგდოს თვისგან სიძულვილი და წინააღმდეგობის სული. წმ. იოანე ღვთისმეტყველი წერს: ვისაც სძულს ძმა ანუ მოყვასი თვისი, ბნელსა შინა არს. მართლაც, მტრობის, სიძულვილისა და მრისხანების ტყვეობაში მყოფისგან ნათელი განშორებულია, ამიტომაც იგი გარე სამყაროს არასწორად აღიქვამს და ვერ გრძნობს, რომ სხვისი მტრობით, სინამდვილეში ბოროტად საკუთარ თავს ექცევა, რადგან ამ დროს გაცილებით დიდ ვნებას თავის სულს აყენებს.
ზოგჯერ მსოფლიოში თუ ცალკეულ ქვეყნებში ვხედავთ, როგორ ზეიმობს უსამართლობა, გაუტანლობა, ბანდიტიზმი. შორს წასვლა არ დაგვჭირდება. შეხედეთ, ჩვენს გვერდით ადამიანები როგორ ადვილად სჩადიან დანაშაულს: არ ერიდებიან მკვლელობას, ძარცვას, ქურდობას. იქმნება ტერორისტული ჯგუფები, ფულის, თუ თანამდებობის გულისთვის სიცოცხლეს უსწრაფებენ ერთმანეთს. შემდეგ კი ბოროტების ჩამდენნი თვითონაც ისეთივე საშინელი სიკვდილით კვდებიან როგორიც სხვას განუმზადეს, უფრო მეტიც, ისინი არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ სულიერადაც იღუპებიან.
არ შეიძლება ძარცვით და ადამიანის სისხლის ფასით მოიპოვო პური არსობისა. გახსოვდეთ, დანაშაული დაუსჯელი არ რჩება ამქვეყნად. უფალი მკაცრად მიაგებს ყველას საზღაურს. ცოდვა მძიმე ტვირთად აწვება არა მარტო ბოროტების ჩამდენთ, არამედ მათ შვილებს, ახლობლებსა და შთამომავლობას.
ჩვენ ჩვენი ცხოვრებით გარეულ ზეთისხილს დავემსგავსეთ, რომელიც მართალია, ნაყოფს იძლევა, მაგრამ ნაკლებად ვარგისს. ასეთი ყოფა ბევრს უკარგავს საკუთარი ხალხისა და საერთოდ ადამიანის რწმენას. მაგრამ ამ დროს გვავიწყდება, რომ ყოველი ადამიანი ღვთის ხატებაა და უფლის ბეჭედი ყველაზე დაცემული მდგომარეობიდან წმიდანად და დიდ მოღვაწედ ამაღლების შესაძლებლობას აძლევს, რა თქმა უნდა, თუ ამას თვითონ მოინდომებს.
გავიხსენოთ ისიც, რომ თითქმის ყველა ღირსეულსა და სულიერობით გამორჩეულ შვილს ამა თუ იმ ქვეყნისა, ხშირად გასტეხია გული თავისი ხალხის გამო. მოვიგონოთ პავლე მოციქულის სიტყვები რომაელთა მიმართ ეპისტოლედან: "ვამბობ: ნუთუ ღმერთმა განიშორა თავისი ხალხი? არამც და არამც, არ განუშორებია ღმერთს თავისი ხალხი, რომელიც წინასწარ იცნო. ან, იქნებ არ იცით, რას ამბობს წერილი ელიასათვის? როგორ შესჩივის იგი ღმერთს ისრაელის გამო: უფალო, შენი წინასწარმეტყველნი მოკლეს და შენი საკურთხეველნი დაანგრიეს; მეღა დავრჩი და ეძიებენ ჩემს სულს".
მაგრამ რას ეუბნება მას პასუხი ღმრთისა? - მე დავიტოვე შვიდი ათასი კაცი, რომელთაც არ მოუყრიათ მუხლი ბაალის წინაშე. ასე ამჟამადაც, მადლის მიერი არჩევანით გადარჩა ნაშთი (რომ. 11,1-5).
უფალი არასდროს მიატოვებს თავის ქმნილებას, რადგან უყვარს იგი. სინამდვილე უნდა დავინახოთ, მაგრამ სასოწარკვეთილებას არ უნდა მივეცეთ. უნდა გვახსოვდეს, რომ მიწა სამოთხე როდია, არამედ ადგილი სამოთხიდან განდევნისა, - როგორც ეს ერთმა ღვთისმეტყველმა ბრძანა.
ვიდრე დედამიწა და კაცობრიობა იარსებებს, სიკეთე და ბოროტება, მწუხარება და სიხარული, სასოება და იმედის გაცრუება, ომი და მშვიდობა ყოველთვის გვერდიგვერდ იქნება, რადგან პიროვნებაში ბნელი საწყისის მთელი ძალაა დაფარული და მასშივეა მთელი ძალა ნათლისა (შელინგი). დღეს ჩვენი ქვეყანა ნათელსა და ბნელს შორის ბრძოლის ასპარეზია. დიდი მსხვერპლი იქნა გაღებული, მაგრამ, მადლობა ღმერთს, უფლისა და მრავალრიცხოვან წმიდანთა შეწევნით ბოროტების არტახებისგან თანდათან ვთავისუფლდებით. ეს ყოველივე უნდა გაგვევლო, რადგან ჩვენი ცხოვრებით დავიმსახურეთ იგი.
დამდაბლებით, ცხოვრების ქურაში გატარებით, ამპარტავნებისა და პატივმოყვარეობის ცოდვისგან გვკურნავს მაცხოვარი და გვეხმარება, რომ თავმდაბლობა, შინაგანი სიმშვიდე და წონასწორობა მოვიპოვოთ.
შევეცადოთ ნათლის მსახურნი გავხდეთ. რამეთუ სადაც ნათელია, იქ ღმერთია და სადაც ღმერთია, გზაც არის. "მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე" (იოანე 14,6). - ბრძანებს უფალი.
მაგრამ ამ სიმაღლეზე რომ ავიდეთ, აუცილებელია გვქონდეს ღრმა სინანული.
რა არის სინანული? სინანული განმწმენდია, განწმენდის გარეშე კი ვერ მივუახლოვდებით ღმერთს.
სინანული, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ სულში ჩაღრმავებაა, ეს არის სწრაფვა სულისა აღიქვას საკუთარი თავი ისეთად, როგორიც იგი სინამდვილეშია შეიცნოს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.
ჩვენ კი ხშირად თვალს ვარიდებთ ჩვენს სულში დაბუდებულ უარყოფით თვისებებს, და თუ აღმოვაჩენთ ხოლმე მათ, ადამიანური სისუსტით ვამართლებთ. ასეთი განსჯა არასწორია და აშკარა დაღუპვისკენ გვიბიძგებს.
შენ არათუ უნდა ხედავდე შენში არსებულ ცოდვას, არამედ უნდა გძულდეს იგი და ებრძოდე, ხოლო თუ ცოდვა არ გაღელვებს და დაუმეგობრდი მას, მაშ იცოდე, სული შენი განსაცდელშია და მარადიული სიკვდილის საფრთხე ემუქრება.
სინანულის გამოვლენის მეორე საფეხურზე ადამიანი ცხოვრების შეცვლის გადაწყვეტილებას იღებს. ცხოვრების შეცვლა! სათქმელადაა ადვილი, ხოლო განხორციელება მისი მეტად ძნელია.
უპირველეს ყოვლისა, უფალს გონების განკურნება და ჩვენი ფიქრის სიკეთისკენ წარმართვა უნდა ვთხოვოთ, რადგან აზროვნებაზე მეტად ბევრი რამაა დამოკიდებული. ცოდვა ხომ ჯერ გონებაში იბადება და თუ მას თავიდანვე არ შევებრძოლეთ, გულში გადავა და მთელ ჩვენს არსებას მოედება.
ჭეშმარიტი სინანული კი ადამიანის არა მარტო აზროვნებას, არამედ მოქმედებასაც ცვლის.
თითოეულ ჩვენგანსა და მთელს ერში სინანულმა უნდა გაიღვიძოს. სინანული აუცილებელია არა მარტო ჩვენთვის, ქართველებისთვის, არამედ ყველა ხალსისათვის. მის გარაშე ერიც და ქვეყანაც სულიერად კვდება, ფიზიკურად აღიგვება პირისაგან მიწისა და მოისპობა, ვითარცა სიცოცხლის ხისთვის უვარგისი, გამხმარი ტოტი. სინანული გადარჩენაა, რასაც მრავალი მაგალითი გვიდასტურებს.
დღეს ბევრს მსჯელობენ, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა, საითკენ უნდა წარიმართოს იგი: აღმოსავლეთისკენ თუ დასავლეთისაკენ.
დასავლეთი არის სამყარო, სადაც ყველაფერი ნებადართულია და სადაც ძალმომრეობა ბატონობს. იგი მატერიალურად ძლიერია, მაგრამ სულიერად მწირი, რადგან ფული იქ კერპადაა ქცეული. მიწიერმა კეთილდღეობამ არ უნდა მოგვხიბლოს. წარსული ბევრი რამის მასწავლებელია. ჯერ კიდევ ძველი ბერძნები და რომაელები ამბობდნენ, სიმდიდრეში დიდი საფრთხე დევსო. პოეტი პროპერციუსი წერდა: "მე ვხედავ რომს, ამაყ რომს, უდროოდ სიკვდილის სარეცელზე მწოლს, თავისი აყვავებული ცხოვრების მსხვერპლს". დაახლოებით იმავეს ამბობდა სატირიკოსი იუბენალი: "ფუფუნებამ, ომზე უფრო საშიშმა, მოიცვა რომი... მას შემდეგ, რაც რომში აღარ არის ღატაკი, იგი ვნებასა და ცოდვაში დაინთქა".
რა თქმა უნდა, ევროპაში კარგიც ბევრია, მაგრამ ეს კარგი ჩვენთვის უცხოა და ძნელად მისაღები.
სულიერად ასევე უცხოა ჩვენთვის აღმოსავლეთი. ჩვენი მწუხარება და სიხარული ვერ ერგება მისი აზროვნების წესს, თუმც მიმზიდველია მისი კულტურა და უძველესი ფილოსოფია.
მაღალი კულტურა და განვითარებული ტექნიკა ხალხის ბედნიერებისათვის არ არის საკმარისი: არის ღირებულებანი, რომელიც ამა თუ იმ ერის ცხოვრებაში საუკუნეობით იქმნებიან და ყალიბდებიან და რომელთა დაკარგვაც დანაშაულია. ჩვენთვის ასეთია: მართლმადიდებლური სარწმუნოება, მოციქულთაგან ბოძებული, მუსიკა, - ყველას რომ აღაფრთოვანებს, ჩვენი ენა და დამწერლობა, იდუმალებით სავსე და დიდებული; გასაოცარი ხელოვნება, ხატწერა, არქიტექტურა, ჩვენი მშვენიერი წეს-ჩვეულებანი.
აღმოსავლეთის ან დასავლეთის რომელი ტრადიციები შეედრება მათ? სამწუხაროდ, ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ, რა სიმდიდრის მფლობელნი ვართ.
ჩვენი ხელოვნების უიშვიათესი შედევრები და სულიერი საგანძური დანაწევრებული და გაბნეულია. მათზე სრული წარმოდგენა ჩვენც კი არა გვაქვს, რომ აღარაფერი ვთქვათ უცხოეთიდან ჩამოსულ სტუმრებზე.
მიმაჩნია, რომ ჩვენი ხალხისა და განსაკუთრებით ახალგაზრდობის სულიერი აღზრდისა და ამაღლების მიზნით უნდა დაარსდეს კულტურის დიდი ცენტრი, სადაც ბინას დაიდებს სასულიერო და საერო ხელოვნების გამორჩეული ნიმუშები, მოეწყობა დროებითი და მუდმივი გამოფენები თანამედროვე ქართველი და უცხოელი ოსტატებისა.
კულტურის ამ ცენტრში ცალკე ადგილი უნდა დაეთმოს ქართულ არქიტექტურას, უნდა დაარსდეს მინანქრის, ჭედურობის, ხეზე კვეთის, ქარგვის, ქსოვის, ქვის დამამუშავებელი სახელოსნოები. ყოველივე ამისთვის, ვფიქრობ, შესაფერისი რუსთაველის პროსპექტზე მდებარე ყოფილი მთავრობის სასახლის შენობა იქნება. ამ შემთხვევაში იგი არა მარტო საგამოფენო ადგილად, არამედ ჩვენს სულიერ და ზნეობრივ სკოლადაც იქცევა.
როდესაც ჩვენი კულტურის თვითმყოფადობის შენარჩუნებაზე ვლაპარაკობთ, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვა გვსურს და სხვისგან აღარაფრის სწავლა აღარ გვჭირდება. არა, ჩვენ გონიერ, შრომისმოყვარე ფუტკარს უნდა დავემსგავსოთ, რომელიც ნექტარს მხოლოდ იმ ყვავილებისგან აგროვებს, რომელიც თაფლისთვისაა გამოსადეგი.
სასიხარულოა ის ფაქტი, რომ საქართველოში დაარსდა საერთაშორისო ცენტრი "აღმოსავლეთ-დასავლეთი", რომლის პრეზიდენტიც სახელმწიფოს მეთაური, ბატონი ედუარდ-გიორგი შევარდნაძე ბრძანდება. მიმაჩნია, რომ ეს ცენტრი ბევრს გააკეთებს მიმდინარე პროცესების შესწავლითა და გაანალიზებით და, რაც მთავარია, გამოძებნის გზებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობისათვის.
დღეს ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე მწვავედ დგას საკითხი, თუ როგორ დავძლიოთ სულიერი, პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები და როგორ დავაღწიოთ თავი შექმნილ ვითარებას.
და მაინც, ყველაზე საშიში სულიერი კრიზისია, რადგან ტოტალიტარულმა რეჟიმმა ღრმა კვალი დაგვიტოვა: ურწმუნოება, სულიერობის ნაკლებობა, დანგრეული ტაძრები და მონასტრები, ადამიანთა დამახინჯებული შინაგანი სამყარო, რომელიც განმაცოცხლებელ ხელს ელოდება.
გაცილებით ადვილია ეკლესიის აგება და ეკონომიკის აღდგენა, ვიდრე სულის დარღვეული ტაძრის აშენება. ჩვენი მიზანია, ადამიანი უფალთან მივიყვანოთ, დავუბრუნოთ მას რწმენა არა ზოგადად ღმრთისა და აქედან გამომდინარე, საერთოდ რელიგიისა, არამედ ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სარწმუნოება, რომლითაც ცხოვრობდნენ და ცხონების ღირსი ხდებოდნენ ჩვენი დიდი წინაპრები.
ზოგიერთი ფიქრობს, რომ ამ საკითხებისთვის ზრუნვა მხოლოდ სასულიერო პირთა საქმეა. ის კი ავიწყდებათ, რომ ხალხი და ეკლესია, რომლის თავიც უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანდება, განუყოფელია.
ამიტომაც ამ პრობლემის მოგვარებისთვის ზრუნვა ერსაც ჰმართებს, ბერსაც, და რა თქმა უნდა, ხელისუფლებასაც. ჩვენი გაუკუღმართებული ცხოვრების წესს ტელევიზორის ეკრანი კიდევ უფრო მეტი სიმდაბლისკენ უბიძგებს. შერყეულია ოჯახის საძირკველი, ცხოველურ ინსტინქტებამდეა დასული უფაქიზესი გრძნობები, მოდებულია ნარკომანია, რაც პიროვნების დაცემასა და დეგრადაციას უწყობს ხელს. საშიშროებას ისიც აღრმავებს, რომ აღმოსავლეთიდან თუ დასავლეთიდან ჩვენი ქვეყნისაკენ (და არა მარტო ჩვენი ქვეყნისაკენ) სხვადასხვა სექტის და რელიგიის წარმომადგენელთა დიდი ნაკადი დაიძრა. ისინი ხელგაშლილად ფინანსდებიან საზღგარგარეთ არსებული მათი ცენტრებიდან. ჩვენთვის უცხო მქადაგებლები საჩუქრებით იტყუებენ მართლმადიდებლებს და თავს სხვადასხვა ცრუ სწავლებებს ახვევენ.
ისინი უარყოფენ ეროვნულობას, სამშობლოს, სარწმუნოებას, სიწმიდეთ, ტრადიციებს, განმკითხველი კი არავინა ჩანს.
ის, ვინც ჭიშმარიტ რწმენას განუდგება და ვინც თავისი დაუფიქრებლობით სულიერ ღირებულებებს მიწიერ სიკეთეზე გაცვლის, ღვთისა და მამულის წინაშე მოღალატეა.
განა შეიძლება მშვიდად ვუყუროთ, რელიგიური დაპირისპირების ნიადაგზე თუ როგორ ირღვევა ოჯახები საქართველოში? განა შეიძლება დავდუმდეთ მაშინ, როცა ამ მიზეზით სისხლი იღვრება? თუ ეს პროცესი სასწრაფოდ არ შეჩერდა, იგი უცილობლად შემაძრწუნებელ შედეგებს გამოიღებს. მარტო ჩვენ ამ საშიშროებას ვერ გავუმკლავდებით, საჭიროა მთელი ძალების კონსოლიდაცია. მე დიდი პატივისცემით მივმართავ ჩვენს ხელისუფლებას, კულტურის მუშაკებს, ჩვენს ინტელიგენციას, ახალგაზრდობას, - დაფიქრდით საქართველოს ხვალინდელ დღეზე, თუ ეს შემოსევა დროზე არ აილაგმა, თუ არ დაწესდა კონტროლი პრესაზე, ტელევიზიასა და რადიომაუწყებლობაზე, და თუ დროზე არ გადაიკეტა გზა ცრუ სწავლებათა გავრცელებისა, ჩვენი ხალხი ომის გარეშეც დაიღუპება.
დიდი გასაჭირია ეკონომიკის სფეროშიც. შიმშილმა, სიღატაკემ და სიცივემ უკვე მრავალ ოჯახში დაისადგურა. განსაკუთრებით დამძიმდა ქალაქის მოსახლეობის მდგომარეობა, რადგან იგი ხელფასსა და პენსიაზე ცხოვრობს და მიწის პატარა ნაკვეთიც კი არა აქვს, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტები მოიყვანოს. სიღარიბე მძიმე ტვირთად დააწვა ყველას, მაგრამ მდგომარეობიდან გამოსასვლელი გზების ძებნაც მანვე გვაიძულა.
ქართველები გლობალურად ძალიან კარგად ვაზროვნებთ, ვადგენთ გენიალურ გეგმებს, მაგრამ, როგორც წესი, ვერ ვახორციელებთ მათ, რადგან სწორად საქმის დაწყება, დიდისგან მცირის, მაგრამ მნიშვნელოვანის, გამოყოფა გვიჭირს. ჩვენში, როგორც ჩანს, თეორიული აზროვნება სჭარბობს პრაქტიკულს.
ჩვენი გონება, ძველებურად ტოტალიტარული რეჟიმის პრინციპებით მუშაობს, ვერ ვთავისუფლდებით მისი გავლენისგან, ვერ ვიჩენთ ინიციატივას, არ ვეძებთ ახალ გზებს, ველოდებით რას გვიკარნახებენ სხვები და რითი დაგვეხმარებიან...
ფილოსოფოსი ს. ბულგაკოვი წერს: "მტკიცება არ სჭირდება იმ ფაქტს, რომ სამეურნეო საქმიანობა არასოდეს არ არის ინდივიდუალური. ცალკეული ადამიანი, როგორც გენეტიკური არსება მემკვიდრეა მასზე წინ არსებულ თაობათა სამეურნეო გამოცდილებისა და ამავე დროს მუშაობისას თანამედროვე კაცობრიობის გავლენასაც განიცდის ("მეურნეობას ფილოსოფია", გვ. 275).
ამიტომ ჩვენც გვმართებს გამოვიძიოთ, რას საქმიანობდნენ ჩვენი წინაპრები. დღეს, როცა ნედლეულისა და მანქანა-დანადგარების ნაკლებობა ასე მწვავედ იგრძნობა, ფაბრიკა-ქარხნები ერთ დღეში ვერ ამუშავდება. კრიზისიდან გამოსვლისთვის, უპირველეს ყოვლისა, უნდა დამუშავდეს მიწა, ჩვენი მარჩენალი. ხალხი ჯერ შიმშილისგან უნდა ვიხსნათ, შემდეგ კი შეგვეძლება წარმოების თანდათანობით აღდგენასა და განვითარებაზეც ვიფიქროთ. ამის უგულებელყოფა შეუძლებელია.
ყველა გრძნობს, რა ძნელია მიწის გამოყენების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, მითუმეტეს მძიმეა მიღება მიწის პრივატიზაციის კანონისა.
ვფიქრობ, ჩვენ ამ საკითხში იმ ქვეყნების გამოცდილება უნდა გავიზიაროთ, რომელთაც მსგავსი პერიოდი გაიარეს. თუ მათ რჩევას დავეყრდნობით, ჯერ მიწის დროებითი მფლობელობის 10-15 წლიანი გარდამავალი პერიოდი უნდა გამოვაცხადოთ. ამ გარდამავალ პერიოდში მიწა სოფლის და ქალაქის მოსახლეობას გაყიდვის უფლების გარეშე უნდა დაურიგდეს. საქართველოს იმ რაიონებმა, რომელიც მიწის ნაკვეთებით მდიდარია, უნდა გამოყოს და ქალაქელებს გადასცეს ფართობები დროებითი სარგებლობისთვის. ნაკვეთი იმხელა მაინც უნდა იყოს, რომ ოჯახი სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ერთი წლის განმავლობაში უზრუნველყოს. ამასთან, ასეთი მიწის მფლობელებს გაერთიანების უფლებაც უნდა ჰქონდეთ, რათა მიწა შეერთებული ძალით დაამუშაონ.
ეკონომისტებმა და სხვა სპეციალისტებმა უნდა შეიმუშაონ და მოსახლეობას მარტივი და კონკრეტული რეკომენდაციები მიაწოდონ, რათა მიწაზე შრომას შეუჩვეველ ადამიანებს სწორი ორიენტაციის არჩევაში დაეხმარონ.
მინდა მოვუწოდო ყველას: წარსულით ცხოვრება არ გამოგვადგება, ბრძენნი გვარიგებენ: "ნუ იძიებთ, რით სჯობს წარსული დღევანდელ ჩვენს ყოფას, რადგან გონივრული არ არის ეს კითხვა" (ეკლესიასტე 7,10). ნუ შეგეშინდებათ სიძნელეების, ნუ დაიწყებთ ცხოვრების იოლი გზების ძიებას, რადგან ის, რაც ადვილად მოიპოვება, არა მხოლოდ ადვილადაც იკარგება, არამედ ხშირად კაცისთვის ზიანიც კი მოაქვს.
დოვლათის შექმნა ყველამ უნდა ისწავლოს. გამოიჩინეთ ინიციატივა, სრულად გამოავლინეთ ღვთისგან თქვენთვის ბოძებული ნიჭი, გონებამახვილობა. ნუ დაელოდებით სხვის შეწევნას, პირიქით, თუნდაც გიჭირდეთ, მაინც მიეხმარეთ სხვას, ვინც თქვენზე კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და გახსოვდეთ ბიბლიის სიბრძნე: "გამცემი ხელი ცარიელი არ დარჩება, ზარმაცის ხელს სიღარიბე მოაქვს, მუყაითისას კი - სიმდიდრე" (იგავნი 10,4).
მინდა განსაკუთრებით მივმართო მათ, ვინც იოლი გზების ძიების სურვილით დღეს საქართველოს ტოვებს და საცხოვრებლად საზღვარგარეთ მიდის, თქვენ დიდ შეცდომას უშვებთ, რადგან იქ უკეთესი ხვედრი არ გელოდებათ. მიუხედავად ყველაფრისა, უცხო გარემოში თქვენ მაინც უფრო ნაკლებად იქნებით დაცულნი, რადგან სამშობლოში ახლობლები, ნათესავები, მეგობრები გყავთ, რომელნიც განსაცდელის ჟამს გვერდში დაგიდგებიან, იქ კი ვინ იქნება თქვენი გულშემატკივარი?
აუცილებლად დადგება დრო უკან დაბრუნებისა და დაგისვამენ კითხვას, სად იყავით მაშინ, როცა სამშობლოს უჭირდა?
საზღვარგარეთ შეიძლება სასწავლებლად ან საქმიანი ვიზიტით წასვლა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში აქაური სიძნელეებისთვის თავის არიდების მიზნით, - ეს მოქალაქისთვის უღირსი საქციელია.
არ შეიძლება სულით დაცემა, შენში და შენს გარშემო მხოლოდ ცოდვის მორევის დანახვა და ვერ შემჩნევა სიწმინდისა; არ შეიძლება ერის სულიერი ამაღლების რწმენის დაკარგვა, არ შეიძლება ღალატი და უმოქმედობა.
მოციქული იოანე ღვთისმეტყველი სიცოცხლის ბოლო წლებში ხშირად შეაგონებდა მსმენელებს: შვილებო, გიყვარდეთ ერთმანეთი. როდესაც ჰკითხეს, რატომ იმეორებდა ამ ფრაზას ასე ხშირად, უპასუხა: სახარების მთელი აზრი ამ სიტყვებშია ჩადებულიო. ამიტომაც ბრძანებს იგი: "ღმერთი სიყვარული არს" და ამით საცნაურ ყოფს სიყვარულს, როგორც უფლის უპირველეს თვისებას.
შემოქმედებითი უნარი მხოლოდ იმ პიროვნებებში გამოვლინდება სრულად, ვის გულშიც მოყვასის სიყვარული მეფობს. მიუძღვენით ერთმანეთს სიყვარული, "ურთიერთარს სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ შჯული იგი ქრისტესი" (გალატ. 6,2).
ჩვენ კი, ჩვენი არასწორი საქციელით, ხშირად ტვირთის შემსუბუქების ნაცვლად ერთმანეთს ჯვარს კიდევ უფრო ვუმძიმებთ. არადა როგორი მყიფეა ადამიანი, როგორი ნაზია მისი უკვდავი სული. ომისდროინდელ ერთ მაგალითს მოვიტან: ფაშისტებმა სხვებთან ერთად ერთი პიროვნებაც დააპატიმრეს. არ დაუკლიათ მისთვის წამება, ცემა, დამცირება, ბოლოს საკონცენტრაციო ბანაკშიც მოათავსეს, მაგრამ მისი სიმტკიცე ვერ გატეხეს. ტყვეობიდან განთავისუფლების შემდეგ ამ კაცმა შემთხვევით გაიგო, რომ ციხეში საკუთარი შვილის დასმენით მოხვდა: ამ ფაქტმა მასზე ისე იმოქმედა, რომ სულიერად დაიმსხვრა და მოულოდნელად გარდაიცვალა.
მთელი ცხოვრების მანძილზე ჩვენ სიკეთისა და ბოროტების არჩევანის წინაშე ვდგავართ, საით წავიდეთ მარჯვნივ თუ მარცხნივ: "ადამიანის წინაშეა სიცოცხლე და სიკვდილი და რომელსაც მოისურვებს, ის მიეცემა" (ზირაქი 15,17).
წმიდა მეთოდიოს ოლიმპიელი წერს, რომ ყველაზე დიდი სიკეთე, რაც ღვთისგან ადამიანს მიენიჭა, თავისუფალი ნებაა, რომელიც მასზე რაიმე ძალდატანებას გამორიცხავს.
სამოთხის მცნება კაცს იმისთვის მიეცა, რომ მისი თავისუფალი ნება გამოცდილიყო. უფლის მორჩილების შემთხვევაში იგი იმაზე მეტს მიიღებდა, ვიდრე მანამდე ფლობდა, ანუ კიდევ უფრო დიდ ზნეობრივ სრულყოფას მიაღწევდა.
ადამიანური ყოფის მთელი აზრიც ზნეობრივ ამაღლებასა და სრულყოფაშია, რაც ღმერთთან და მოყვასთან კავშირით უნდა განხორციელდეს. სწორედ ამ ერთობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მიუთითებს პავლე მოციქული ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში: "იარებოდეთ ისე, როგორც შეშვენის ხმობას, რომლითაც ხართ ხმობილნი, მთელი ქედმოდრეკილობით, თვინიერებით და დიდსულოვნებით; სიყვარულით შეიწყნარეთ ერთმანეთი. ეცადეთ შეინარჩუნოთ სულის ერთობა მშვიდობის საკვრელით" (ეფესელთა 4,1-3).
თუ გვსურს დღევანდელ რთულ და მძიმე დროს გავუძლოთ და არ დავკარგოთ მშვიდობა ჩვენს სულში, შინ და გარეთ, და გვინდა დავძლიოთ ყველა წინააღმდეგობა და გავუმკლავდეთ მოსალოდნელ განსაცდელს, - ამ კანონით უნდა ვიცხოვროთ.
ქრისტესმიერ საყვარელნო დანო და ძმანო, საქართველოში მცხოვრები ყველა ერის წარმომადგენელნო, საზღვარგარეთ მცხოვრებნო ქართველნო, ჩვენი მეოხის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მფარველობას მინდობილი, ყველას გულითადად გილოცავთ ქრისტეს შობის დიად ზეიმს და დამდეგ ახალ წელს. დაე, იყოს იგი ჩვენთვის და მთელი მსოფლიოსათვის წელი მშვიდობისა და სიყვარულისა, კეთილდღეობისა და ურთიერთგაგებისა.
მჯერა, მალე გადაივლის შავი ღრუბელი, საქართველო და ქართველი ხალხი გამთლიანდება, მოხდება ჩვენი სულიერი ფერისცვალება და ვიტყვით იმ დღეს: "გმადლობთ, უფალო, რომ განმირისხდი; რომ დაცხრა რისხვა შენი და მანუგეშე. აჰა, უფალია ჩემი ხსნა... უფალია ჩემი ძალა... ის იყო ჩემი მხსნელი" (ესაია 12,1-2).
იყავნ, უფალო, წყალობაი შენი ჩვენზედა, ვითარცა ჩვენ შენ გესავთ (ფს. 32,22). ამინ.
თბილისი,
ქრისტეს შობა,
1994-1995 წწ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
საშობაო ეპისტოლე - 2010
ქრისტეს მიერ საყვარელნო ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო მკვიდრნო საქართველოისა და უცხოეთში მცხოვრებნო ჩვენო სულიერო შვილებო!
"ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა" (ინ. 16,33).
"სოფელი ცდილობდა დავეჭირე, მაგრამ ვერ დამიჭირა" (გრიგოლ სკავაროდა)
რატომ განკაცდა უფალი? და რატომ არის დედამიწაზე მის მოვლინებასთან დაკავშირებით ასეთი დიდი სიხარული? დაუსაბამო იგი ხორციელ იქმნა, რათა ცოდვის მორევში დანთქმული კაცობრიობისათვის ხსნის გზა ეჩვენებინა და ყოფიერების ჭაობში შთაფლულთათვის სიკეთისა და ბოროტების გარჩევა ესწავლებინა; იგი განკაცდა, რომ გვეზეიმა საკუთარ თავზე გამარჯვება და კვლავ მარადიული ნეტარებისა და სიცოცხლის შესაძლებლობა მოგვცემოდა.
საერთოდ, ადამიანი ნეტარებისათვის არის ღვთისგან შექმნილი. ამიტომაც ბედნიერებისა და სიამოვნებისაკენ ლტოლვა მისი ბუნებრივი თვისება და სურვილია; ბედნიერება და სიამოვნება კი, სიყვარულს უკავშირდება.
ნებისმიერ პიროვნებას ყველაზე მეტად უყვარს ის, რაც ყველაზე მეტად სურს და ყველაზე მეტად სურს ის, რაც მას ყველაზე მეტ სიამოვნებას, სიხარულსა და ბედნიერებას ანიჭებს.
ვიდრე ადამი და ევა სამოთხეში მყოფობდნენ მათი ნეტარება ღმერთთან კავშირიდან მომდინარეობდა. ღმერთთან უშუალო კავშირი იყო მათი უმთავრესი მოთხოვნილებაც და ბედნიერების წყაროც.
ცოდვით დაცემის შემდგომ კი შეიცვალა მათი ბუნება, აღქმისა და აზროვნების წესი, რადგან უფლის სიყვარულით სავსე მათი გონება, გული და ნება შეიბილწა ბოროტი ძალის დაჯერებით და მისი ნების აღსრულებით.
ამიტომ დაკარგეს ადამმა და ევამ სამოთხე და ღმერთი, როგორც ნეტარების უშრეტი წყარო და მიწიერი ყოფით მიიღეს ის, რაც მათს დაცემულ სულიერ მდგომარეობას შეეფერებოდა. ცოდვით დაცემის შემდგომ ადამიანებში გაჩნდა ბედნიერებისა და სიამოვნების მიღების სხვადასხვაგვარი მოთხოვნილებანი, რაც დროთა განმავლობაში იცვლებოდა, თუმცა უმთავრესი ყოველთვის მაინც იყო სიმდიდრის დაგროვების სურვილი, პატივმოყვარეობა, სიამეთმოყვარეობა, თანამდებობისკენ სწრაფვა, აზარტული თამაშობანი, მრუშობა, სასმლით ან ნარკოტიკით გატაცება და ა.შ.. ამგვარ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება არათუ მარადიულ ნეტარებას ანიჭებს ადამიანს, არამედ ამქვეყნადვე, წუთიერი სიამოვნებების ნაცვლად, სხეულისა და სულის უმძიმეს დაავადებებს იწვევს.
ბრძენს უთქვამს - მსგავსი მსგავსს შეჰხარისო. და მართლაც, ამქვეყნიურ ცხოვრებაშივე ყოველი ადამიანი თავისი ნებით ირჩევს გზას და ისწრაფვის ცათა სასუფევლის ან ბოროტების მეუფებისაკენ.
როგორც წმ. გრიგოლ ნოსელი წერს "კაცი შორის ორთა საქმეთასა არს: ცოდვისა და სათნოებისა". იგი ან კერპთმსახურია ან ღვთისმსახური, ან სიძვისმოქმედია ან სიწმინდის მატარებელი, სიმართლეს ესწრაფვის ან უსამართლობას, არის ამპარტავანი ან თავმდაბალი. ერთ-ერთის საბოლოო გამარჯვება მეორის უცილობელ მოსპობას ნიშნავს, რადგან "ღმრთისმსახურებისა დამტკიცებაჲ სიკუდილი არს კერპთმსახურებისაჲ, ეგრეთვე სიმართლისა მიერ მოიკვლის უსამართლობაჲ"... და ა.შ.
ყოველი ადამიანი უნდა ეცადოს, ამქვეყნადვე იპოვოს ღმერთი და მისდიოს მის გზას. ეს კი მხოლოდ მაშინ მიიღწევა, თუ უფლის ნებას (რაც მის მცნებებშია განცხადებული) ჩვენი პიროვნული ნებაც შეუერთდება; ანუ, თუ ვიცხოვრებთ სახარებისეულად. ღვთაებრივი და ადამიანური ნების თანხვედრას სინერგია ეწოდება; სწორედ იგია ზეცად აღმყვანებელი უდიდესი ძალა, რომელიც ყველა დაბრკოლებას დაგვაძლევინებს და ამქვეყნადვე გვაგრძნობინებს, რომ "სასუფეველი ჩვენშია". "ითხოვდით და მოგეცეს თქვენ, ეძიებდეთ და ჰპოვოთ, ირეკდით და განგეღოს თქვენ", - ბრძანებს მაცხოვარი.
მაგრამ ხშირად ადამიანები, რომლებიც თავს მორწმუნეებად მიიჩნევენ, ვერ აღწევენ იმას, რასაც ლოცვაში ითხოვენ. რატომ ხდება ეს?!
იაკობ მოციქულის ეპისტოლეში ვკითხულობთ: "ითხოვთ და არ გეძლევათ, რადგან ბოროტად ითხოვთ, რათა თქვენი ვნებები დაიკმაყოფილოთ" (იაკ.4.2). დიახ, ადამიანების ნაწილს მიაჩნია, რომ სწამთ ღმერთი, და ამავე დროს ერთმანეთს ეჯიბრებიან მიწიერი კეთილდღეობის მოსაპოვებლად, ან შურთ, ცილს სწამებენ და განიკითხავენ სხვას, რაც მათს ლოცვას ძალას უკარგავს.
ზოგჯერ, ესა თუ ის პიროვნება, ერთი შეხედვით, მართლაც კარგ საქმეს აღასრულებს: შემოსავლის ნაწილს გასცემს, გაჭირვებულებს ეხმარება, ტაძარსაც აშენებს... მაგრამ თუ ყოველივე ამას თავის გამოსაჩენად აკეთებს და სიკეთით ამპარტავნობს, რა თქმა უნდა, მიუღებელი იქნება უფლისათვის და არც ასეთი ადამიანის ლოცვა შეისმინება. ზემოთქმული ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ღმერთი ამქვეყნიური კეთილდღეობის სრული უარყოფისკენ მოგვიწოდებდეს ყველას. რა თქმა უნდა - არა, რადგან უფალი ჩვენგან მხოლოდ იმას ითხოვს, რომ არ გავხდეთ ხორციელ მოთხოვნილებათა მონები და მხოლოდ მიწიერი კეთილდღეობა არ იქცეს ჩვენს მამოძრავებელ ძალად; მაგრამ თუ თანამდებობას, ძალაუფლებას, სიმდიდრეს და ჩვენს სხვა შესაძლებლობებს არა საკუთარი "მეს" წარმოსაჩენად, არამედ უფლის სადიდებლად (რადგან ყოველივე მისგან გვეძლევა) და მოყვასის მსახურებისათვის გამოვიყენებთ, ღვთისსათნოდ ვიცხოვრებთ. წმიდა წერილი გვასწავლის:
"სიყვარული სოფლისაჲ ამის, მტერობა არს ღმრთისა (იაკ, 44). "ვერვის ხელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად... ვერ ხელ-ეწიფების ღმრთისა მონებად და მამონაჲსა" (მთ. 6,24).
მაშ, "დაემორჩილენით ღმერთსა და წინა აღუდექით ეშმაკსა", მიეახლენით მას და მოგეახლოს თქვენ (იაკ. 4,7).
მეტად სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ცოდვითი მიდრეკილებები სულ უფრო და უფრო ღრმად იდგამს ფესვს ჩვენს ყოფაში. ცოდვა, როგორც ხორცმეტი, ადამისა და ევას დაცემიდან მოყოლებული მუდამ არსებობდა, მაგრამ ადამიანს ჰქონდა სინანულიც. სულშეძრული დავით წინასწარმეტყველი ასე წარმოაჩენს ამ მდგომარეობას: "ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის".
დღეს კი ცოდვა ცოდვად აღარ მიიჩნევა და იგი ლამის ადამიანის ბუნებრივ მოთხოვნილებად წარმოგვიდგინონ. ამ აზრს, რომლის დამკვიდრებასაც უცხოეთში უკვე კარგა ხანია ცდილობენ, ჩვენთანაც ეძლევა გასაქანი. ცოტა ხნის წინ უცხოური სერიალებით დაიწყეს ხალხის ცნობიერების გადაგვარება, ახლა კი ჩვენი მოქალაქენი გამოჰყავთ უზნეობის დემონსტრირებისათვის. ცოდვის საკუთარ თავში მიღებითა და შეთვისებით ადამიანს სრული გამოფიტვა ემუქრება. ამაზე კი პასუხს აგებს ყველა, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ამისკენ უბიძგებენ ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილ ადამიანს; მაცხოვარი ბრძანებს: "ვაი მის კაცისა, რომლისაგან მოვიდეს საცდური... (მთ. 18,7) მისთვის აჯობებდა წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვის უფსკრულში ჩაეძირათ" (მთ. 18,6) ასევე საშინელია სხვა მომაკვდინებელი ცოდვებით დამძიმებული ადამიანების ხვედრიც.
შეუძლებელი და შეუთავსებელია იყო ქრისტიანი და ამავე დროს - ნარკომანი, ქრისტიანი და - ლოთი, ქრისტიანი და - მრუში, ქრისტიანი და - ქურდი... ამგვარ საქმეთა მოქმედნი თავს ნუ მოიტყუებენ და ნუ ინუგეშებენ, ისინი ცათა სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ.
ადამიანი თავისი დაცემული ბუნებით ცოდვისკენაა მიდრეკილი და შეიძლება ის, ნებით თუ უნებლიედ, სხვადასხვა ცოდვაში ჩავარდეს, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს მონანიებისა და გამოსწორების სურვილი, რწმენა უფლისა და ღმერთი აუცილებლად დაეხმარება და მიანიჭებს მაცხოვნებელ მადლს.
ეპისტოლეში ასევე მინდა, შევეხო ჩვენი საზოგადოებისთვის აქტუალურ და მტკივნეულ ზოგიერთ სხვა საკითხსაც და, პირველ რიგში, ყურადღებას გავამახვილებ თანამედროვე ადამიანის სულიერ და ინტელექტუალურ მხარეზე. განათლების რეფორმისას დაშვებულმა შეცდომებმა შედეგად მოგვიტანა ის, რომ მოზარდები ცოდნის შეძენის სურვილს უკვე ნაკლებად ამჟღავნებენ. სამეცნიერო მოღვაწეობა კი არაპრესტიჟულად მიაჩნიათ, რადგან ხედავენ რომ ინტელიგენციას სათანადო დაფასება არა აქვს (ისინი ხომ საშუალო ფენის დონეზეც კი ვერ ინახავენ ოჯახს).
ეს მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს. მეცნიერების განვითარების გარეშე ქვეყანას არა აქვს მომავალი, რადგან ერის სულიერებისა და განათლებისა ერთ-ერთ უმთავრეს ძალას სწორედ ისინი წარმოადგენენ.
ჩვენ თავს ვხრით და დიდად ვაფასებთ იმ თავდადებას, რომელიც კომუნისტური რეჟიმის პერიოდში გამოიჩინეს ჩვენმა მეცნიერებმა და ათეისტური ყოფის მიუხედავად, შეძლეს ხალხისათვის სწორი ორიენტირების შენარჩუნება.
გავიხსენოთ ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე ჯავახიშვილი, პავლე ინგოროყვა, დიმიტრი უზნაძე, თედო სახოკია, გრიგოლ ლორთქიფანიძე, შალვა ნუცუბიძე, ივანე ბერიტაშვილი, მაქსიმე შარაძე, ფილიმონ ქორიძე და სხვა მრავალნი. მიუხედავად იმისა, რომ ისინი იყვნენ შევიწროვებულნი, დამცირებულნი და ყოველდღე ელოდნენ დაპატიმრებას..., მათ არა მარტო დაიცვეს, არამედ გაამდიდრეს ჩვენი ეროვნული ფასეულობანი, დაიცვეს როგორც თავისი, ისე ქვეყნის ღირსება.
ჩვენ უნდა გვქონდეს ჭეშმარიტებაზე დაფუძნებული ანალიტიკური აზროვნების უნარი, რომ გავარჩიოთ, რა არის მისაღები და რა უარსაყოფი, გავიაზროთ, როგორ დავძლიოთ ესა თუ ის პრობლემა, რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ადრე დაშვებული შეცდომები აღარ გავიმეოროთ და შევძლოთ მომავლის სწორი პროგნოზირება. ჩემი დიდი ხნის ოცნებაა, სკოლაში იყოს ანალიტიკური აზროვნების კურსი, რათა მოზარდი თაობა ადრეული ასაკიდანვე მიეჩვიოს განსჯისა და სწორი ნაბიჯების გადადგმას.
ვფიქრობ, აუცილებელია ისეთი საგნის შემოღებაც, რომელსაც, ძირითადად, აღმზრდელობითი დანიშნულება ექნება. ეს საგანი ისევე უნდა ისწავლებოდეს როგორც სხვა საგნები, მაგ: ისტორია, ფიზიკა, ლიტერატურა, მათემატიკა..., რათა მომავალი თაობა მოვამზადოთ ცხოვრებისათვის.
იგი უნდა მოიცავდეს ურთიერთობის კულტურას ოჯახში და ნათესავებთან, ურთიერთობას მეგობრებთან და თანატოლებთან, უფროს და უმცროს თაობასთან, აქ უნდა ისწავლებოდეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და სუფრასთან ქცევის წესები, რთული სიტუაციების დაძლევის გზები და, რა თქმა უნდა, ცოდნისა და შრომის სიყვარული.
შრომის გარეშე ცოდნას ვერ შევიძენთ და ვერც მოვიხმართ; შრომის გარეშე ვერ შევქმნით ვერც სახელმწიფოს. ადამიანის ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია როგორც ინტელექტუალური, ისე შემოქმედებითი და ფიზიკური შრომა. თუმცა ზოგიერთს მიაჩნია, რომ ფიზიკური შრომა ამცირებს პიროვნებას. ეს არასწორი შეხედულებაა. იგი ღვთისაგან ადამიანის კეთილდღეობისა და ჯანმრთელობისათვის დადგენილი ცხოვრების წესია.
გარდამავალმა პერიოდმა, რომელიც თითქმის 20 წელია გრძელდება, მრავალი პრობლემის წინაშე დაგვაყენა. განსაკუთრებით ის, რომ ჩვენს წარსულსა და დღევანდელობაზეც ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს ძირძველი ქართული მიწები ჩვენი მეზობელი ერების ისტორიული სამკვიდრებელი იყო; და ამით შუღლი და დაპირისპირება ითესება დიდი ხნის მანძილზე მშვიდობითა და ურთიერთგაგებით მცხოვრებ ჩვენს ხალხებს შორის. მაგალითად, ოსები კომპაქტურად არიან დასახლებულნი საქართველოს სხვადასხვა კუთხეებშიც, და ეს ტერიტორია ისეთივე საქართველოა, როგორც ცხინვალის რეგიონი. ე.წ. სამხრეთ ოსეთი და სხვა ავტონომიებიც კომუნისტური რეჟიმის დროს შექმნილი ხელოვნური წარმონაქმნია.
მიუხედავად მომხდარისა, მჯერა, ქართველები, აფხაზები, ოსები და სხვანი, მკვიდრნი საქართველოისა, იყვნენ და კვლავაც დარჩებიან ძმებად და დადგება ის კურთხეული დღე, როცა ჩვენ ურთიერთს შევუნდობთ ძმათაკვლის ცოდვებს და ერთად ავაგებთ შერიგების ძეგლს, რომელიც იქნება გაფრთხილება მომავალი თაობებისათვის, რომ მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდეს.
ქართველი ადამიანი ბუნებით მოსიყვარულე და შემწყნარებელია. ტოლერანტობა ჩვენ წიგნებიდან არ გვისწავლია, ეს ჩვენი თვისებაა. ამის ნათელი გამოხატულებაა ის, რომ საუკუნეთა მანძილზე ამ მიწაზე უპრობლემოდ ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც მეგობრობითა და მოყვრობით არიან ქართველ ხალხთან დაკავშირებულნი. ჩვენი ხასიათის ნათელი გამოხატულებაა ვაჟკაცობითა და მებრძოლი სულით განთქმული მხარის, საქართველოს მთიანეთის დიდებული შვილის, ვაჟა-ფშაველას საოცარი სიტყვები:
"ბალახი ვიყო სათიბი, არა მწადიან ცელობა, ცხვრადვე მამყოფე ისევა, ოღონდ ამშორდეს მგელობა". დიახ, შინაგანად ასეთია ქართველი კაცი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი ოდესმე შეეგუება სამშობლოს ერთიანობის ხელყოფას. სამშობლო დედამიწის ის ადგილია, რომელიც ამა თუ იმ ადამიანს, ამა თუ იმ ერს ღვთის განგებულებით ებოძა.
სამშობლო, რა თქმა უნდა, არის გარკვეულ საზღვრებს შორის არსებული ტერიტორია, ის ბუნება, ის წიაღისეული, ის ფლორა და ფაუნა, რასაც ეს ტერიტორია მოიცავს, მაგრამ სამშობლო არის კიდევ უფრო სხვა... სამშობლო შენი წინაპრების ძვლებით გაპოხიერებული მიწაა, შენი ენით გაჯერებული ჰაერია, შენი გენით, შენი ხასიათით დატვირთული გარემოა. აქ, ამ სივრცეში მყოფობს მთელი ისტორია ერისა და ქვეყნისა, და ეს ყოველივე თითოეულ ჩვენგანთან უხილავი, მაგრამ ძალიან ძლიერი ველით არის დაკავშირებული.
ამიტომაც, სამშობლოს არა აქვს ოდენ მიწიერი, მატერიალური სახე. მის განსაკუთრებულობას დიდად განაპირობებს ისიც, თუ რამდენად მრავალრიცხოვანი წმინდანთა დასი ჰყავს ერს სულიერ მეოხად ღვთის წინაშე. ამ მხრივ, საქართველოს თითქმის ვერავინ შეედრება. სამშობლოსათვის გულანთებული გმირები საქართველოს არასოდეს დაელევა.
ჩვენს ერს ქართული ენის სახით უდიდესი საუნჯე აქვს და მას თითოეული ჩვენგანი უნდა გაუფრთხილდეს; ჩვენს ენაში განცხადებულია ჩვენი ისტორია, ჩვენი მსოფლაღქმა და აზროვნების წესი. ენა არ არის მარტო კომუნიკაციის საშუალება. დააკვირდით, მაგალითად, ასეთ სიტყვებს: წუთისოფელი, სამშობლო, დედამიწა, გარდაცვალება, თავისუფლება, განათლება და სხვა... თითოეული მათგანი როგორი ფილოსოფიური სიღრმითაა დატვირთული! ქართული ენის სისავსეს, მის დიალექტთა და კილო-კავთა მრავალფეროვნება, ქართველი კაცის განცდის სიღრმე და მდიდარი სულიერი სამყარო განაპირობებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სიძველის და საუკუნეთა მანძილზე განცდილი ცვლილებების მიუხედავად, არ გაწყვეტილა კავშირი ძველ და თანამედროვე ქართულ ენას შორის, რაც მის დიდ სიცოცხლისუნარიანობაზე მეტყველებს.
ჰოი ჩვენო ენავ, ჩვენი მწუხარებისა და სიხარულის მესაიდუმლევ, ცისარტყელასავით მშვიდობისმომფენო, მყინვარივით სპეტაკო და თერგივით მშფოთვარევ. ჩვენო ხელთუქმნელო სვეტო, ცამდე ამაღლებულო, საუკუნეთა ქარტეხილში გამოვლილო ლერწამო, საძირკველო და მტკიცე ფუძევ ჩვენო, ჩვენთა საუნჯეთა შემქმნელო და დამცველო, მთების ძლიერებავ, მეფევ და დარაჯო ჩვენი ერის რწმენისა, ერთობისა და მთლიანობისა.
არაერთხელ მოუნდომებია ავისმდომელს შენი შელახვა, შენი მოსპობა. დღესაც, როდესაც ჩვენს წინაშეა უმნიშვნელოვანესი ამოცანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა, თანდათან იზრდება მეორე, არანაკლები საფრთხე ენობრივი დაშლისა; არიან ისეთი ძალები, რომელნიც ნაკლებად მოაზროვნე ადამიანებს უბიძგებენ, რომ ითარგმნოს ბიბლია ან სხვა წიგნები მეგრულად, სვანურად, ლაზურად და მოამზადონ ნიადაგი იმისათვის, რომ ახლო მომავალში ქართული ენის ეს განშტოებანი უკვე ცალკე ენებად გამოაცხადონ. მსოფლიოში ვრცელდება რუქები და კვალიფიკაციები, თითქოს საქართველო აჭარლების, ლაზების, სვანების, მეგრელების, თუშების და სხვათა ხელოვნური გაერთიანებაა, თითქოს ყველას ჩვენ-ჩვენი ენა და კულტურა გვაქვს. ამით უნდათ ჩვენი ერის სხვადასხვა ეროვნულ გაერთიანებებად წარმოჩენა. აქედან კი სახელმწიფოს დაშლამდე ერთი ნაბიჯია.
კაცობრიობა ახალი ტიპის დაპირისპირებაზე, - ინფორმაციულ ომზე გადავიდა და იგი ძირითადად, მასმედიის საშუალებით ხორციელდება. აშკარაა, რომ ჩვენს წინააღმდეგ სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს ინფორმაციული ომი და ამ ყოველივეს შესაბამისი საშუალებებითვე უნდა გაეცეს პასუხი. ჩვენი საზოგადოება ეკლესიისგან მრავალწლიანი გაუცხოების შემდეგ კვლავ უბრუნდება რწმენას და ეს ბუნებრივი, თანდათანობითი პროცესია. მართალია, აღდგა გარეგნული სახე ჩვენი ქრისტიანული ცხოვრებისა: აშენდა მრავალი ტაძარი, ეკლესიები გაივსო ხალხით, გამრავლდა სასულიერო პირთა რიცხვი, ჩვეულებად იქცა საეკლესიო წესებისა და საიდუმლოებების აღსრულება (ნათლობა, წესის აგება, ჯვრისწერა, სახლის კურთხევა...), მაგრამ დღეს უკვე აუცილებელია ჩვენი საზოგადოების უფრო სიღრმისეულ სულიერ განვითარებაზე ზრუნვა. ჩვენ გამოვედით ეგვიპტიდან - ცოდვის მონობიდან, მაგრამ აღთქმულ მიწაზე, სულიერ იერუსალიმში ჯერ არ შევსულვართ. უდაბნოს გზაზე ჩვენი მსვლელობისას ზოგჯერ თავს იჩენს ცოდვითი ცდომილებანი. ამის ყველაზე მკაფიო გამოხატულებაა ჯვარდაწერილ წყვილთა ხშირი განქორწინება, ნარკომანია და აბორტი. არ შემიძლია არ შევეხო ახალგაზრდებში გავრცელებულ ერთ მეტად მძიმე სენსაც - ბილწსიტყვაობას; რატომღაც ასეთი მეტყველება მათში კარგ ტონად და ვაჟკაცობად ითვლება. სინამდვილეში კი, ეს არის დაბალი კულტურისა და აზროვნების ადამიანების შინაგანი სამყაროს გამოვლინება. ყმაწვილები ხშირად საკუთარ დედასაც შეურაცხყოფენ და ზოგჯერ ვერც აცნობიერებენ, რას ამბობენ. ეს არის უკიდურესი სიბილწე და უდიდესი ცოდვა, რითაც ადამიანი ეშმაკის თანაზიარი ხდება. საერთოდ, ყოველი სიტყვისათვის ადამიანი პასუხს აგებს ღვთის წინაშე. განსაკუთრებით კი სასტიკად დაისჯებიან მშობლების მაგინებელნი. ეს დანაშაული იმდენად მძიმეა, რომ ძველ აღთქმაში დედ-მამის მხოლოდ ავადმახსენებელნიც კი ქვით იქოლებოდნენ.
მე ვთხოვ ჩვენს ახალგაზრდებს, საერთოდ უარი თქვან ბილწსიტყვაობაზე და განსაკუთრებით კი, დედასთან მიმართებაში. ერთად შევთხოვოთ ღმერთს, მოგვანიჭოს მადლი "უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი, რათა, ღვთის შეწევნით, შევძლოთ ცოდვათაგან გათავისუფლება: "მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ სახიერო სულნი ჩვენნი".
ამ ბრწყინვალე დღეს ყველა ჩვენგანის წინაშე დგას კითხვა: იშვება თუ არა ბეთლემს შობილი მაცხოვარი ჩვენს გულშიც? უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი დაიბადა არა დიდებულ სასახლესა და სამეფო პალატებში, არამედ ყველასგან მიტოვებულ უბრალო ბაგაში და ამით მაგალითი უჩვენა და თავმდაბლობისკენ მოუწოდა მთელ კაცობრიობას. მუდამ უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ "ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო თავმდაბალთ მოსცემს მადლს". რატომ არის ასე?!
იმიტომ, რომ ადამიანს მხოლოდ საკუთარი ძალით, სიკეთის გაკეთება არ ძალუძს და ამის ნიჭი მას მხოლოდ უფლისაგან ეძლევა. ვინც ასე არ ფიქრობს და წარმატებებს მხოლოდ საკუთარ თავს მიაწერს, ამპარტავნების მორევში იძირება. ღმერთი მას ტოვებს და ის უფლებები და შესაძლებლობები, რომელიც ღვთისაგან ჰქონდა ბოძებული, ერთმევა; ამის ნათელი მაგალითია მეფე საული, რომელიც თავიდან თვით უფლისაგან იყო გამორჩეული, მაგრამ საკუთარი ნებით ამპარტავნების ცოდვა დაეუფლა, და ბოლოს, მეფობაც დაკარგა და, მასთან ერთად, ყველაფერიც. საულის მსგავსად, დავით წინასწარმეტყველიც ისრაელის მეფედ იყო დადგენილი, მაგრამ თავისი თავმდაბლობით იგი თაობებისათვის სინანულის მაგალითად დარჩა. ხალხისათვის ყოველთვის ის წინამძღოლია პატივსაცემი და საყვარელი, რომელიც ღირსეულია და თავმდაბალი.
საქართველოს ისტორიაში ამის არაერთი მაგალითი გვაქვს. გავიხსენოთ წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი, თავმდაბლობის ნიმუშია მისი "გალობანი სინანულისანი". წმიდა თამარი - თავისი ხელსაქმით გლახაკთათვის საზრდელის მიმცემი და დაუცხრომელი ლოცვით სამშობლოს დამცველი მეომრებისათვის შემწე. ბერად შემდგარი ჩვენი დიდებული მეფეები - დემეტრე I, დავით X, თეიმურაზ I... თავმდაბლობით და თავისი უბრალო ცხოვრებით გამორჩეული იყო მეფე ერეკლე II. როდესაც ძალაუფლების და დიდების მწვერვალზე მყოფი ხელისუფალნი თავმდაბლობის ასეთ უჩვეულო მაგალითს გვიჩვენებენ, რამდენად უფრო მეტად გვმართებს ეს ჩვენ?! როგორც წმიდა წერილი გვასწავლის, ძველ აღთქმაში ყველაზე მშვიდი და თავმდაბალი მოსე წინასწარმეტყველი იყო, რომელსაც სწორედ ამ თვისების გამო მიეცა შესაძლებლობა, ჰქონოდა ღმერთთან უშუალო ურთიერთობა; ახალ აღთქმაში და, საერთოდ, ყველაზე თავმდაბალი ადამიანთა შორის ღვთისმშობელია. იგი სიწმინდისა და ამ განსაკუთრებული მადლის გამო შეიქმნა ღირსი გამხდარიყო დედა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. სამყაროს შემოქმედი - ღმერთი ეტვირთა და წიაღი თვისი ცათა უვრცელეს ეყო. თითოეული ჩვენგანის და საერთოდ, ჩვენი ერის უმთავრესი პრობლემა ის არის, რომ გვაკლია თავმდაბლობა და გვგონია, რომ ჩვენი ძალებით, ჩვენი ჭკუითა და უნარით შევძლებთ წარმატებების მიღწევას, რაც მადლის მოპოვებაში ხელისშემშლელ გარემოებად იქცევა. ღმერთის გარეშე თვით ანგელოზებსაც არ ძალუძთ არარა, მითუმეტეს ჩვენ.
ამ დიდებულ დღეს მუხლმოდრეკით, უმორჩილესად შევთხოვ ყოვლადწმიდა სამებას, მოგვანიჭოს თავმდაბლობა და თითოეული ჩვენგანის გული ჰყოს ბეთლემის ბაგად, რომელშიც იშვება ღმერთ-კაცი იგი - იესო ქრისტე. დიდება შენდა, უფალო, მაცხოვარო ჩვენო, რომელი განცდასა ჩვენთა ცოდვათასა მოგვანიჭებ და დაცემულთა აღგვადგინებ! დიდება შენდა, უფალო, რომელი აღგვავსებ ჩვენ მადლითა შენითა და გვაზიარებ საუკუნო ნეტარებასა შენსა!
დიდება და მადლობა შენდა, უფალო, რომელი აღგვავსებ სიხარულითა, სიყვარულითა და იმედითა შენითა! გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, შვენიერო შროშანო, რომლისაგან გამობრწყინდების მაცხოვარი. გიხაროდენ, რომლისა მიერ წყევაი მოაკლდების, გიხაროდენ, სიწმიდისა ტაძარო, ძისა შენისა მადლისა მომფენელო. ქართველნო და ყოველნო ერთგულნო მკვიდრნო საქართველოისა! - "ითხოვდით და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით და ჰპოვოთ; ირეკდით და განგეღოს თქუენ" (მათე, 7,7).
არ დაეცეთ, არ შედრკეთ, არ შეუშინდეთ დროს, არ დაკარგოთ იმედი ღვთისა, იმედი მომავლისა; არ დაკარგოთ სიყვარული მოყვასისა; იყავით მოყვარენი შრომისა და ცოდნისა!
"ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა". იხარეთ ორსავე სოფელსა შინა.
ჩვენთან არს ღმერთი!
ქრისტესშობა. 2010 წ.
საშობაო ეპისტოლე - 2011
ქრისტეს მიერ საყვარელნო ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო მკვიდრნო საქართველოისა და უცხოეთში მცხოვრებნო ჩვენო სულიერო შვილებო!
აი, უკვე 2011 წელია, გვესმის ანგელოზთა საოცარი საგალობელი: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება", რათა ჩვენც, იუდეის მწყემსთა და აღმოსავლელ მოგვთა მსგავსად, მივეახლოთ და თაყვანი ვსცეთ ბეთლემის ცივ გამოქვაბულში, ბაგასა შინა მწოლ უჩვეულო ყრმას და გავიხაროთ სიხარულითა დიდითა, რადგან ეს დღე არის საწყისი ცოდვის ბორკილთაგან ჩვენი გათავისუფლებისა და სულიერი თვალ-მარგალიტით გამშვენებისა, დღე იმ აღთქმის აღსრულებისა, რომელსაც ათასწლეულების მანძილზე ელოდა კაცთა მოდგმა, წინასწარმეტყველთა და მართალთა მთელი თაობები;
როგორი უბრალოებით წარუდგა სოფელს შემოქმედი ცათა და ქვეყანისა, რათა გონებისთვის მიუწვდომელი თავმდაბლობითა და მსხვერპლშეწირული სიყვარულით განკაცების პირველი წუთებიდანვე მომაკვდინებელი დარტყმა მიეყენებინა ამპარტავნებით შეპყრობილი ეშმაკისათვის. ო, როგორ ეშინოდა ბოროტს ამ ჟამის დადგომის! მან მეფე ჰეროდეს სახით და მისი საშუალებით მოინდომა, არ დაეშვა დედამიწაზე ღვთის ამ სასწაულის აღსრულება და ამიტომაც გასცა ბრძანება, მოეკლათ ყველა ახალშობილი, რომელთა რიცხვმაც თოთხმეტიათასს მიაღწია; მწარედ სტიროდა რაქილი შვილთა თვისთა. მაგრამ ამ მცდელობის მიუხედავად, განგებულება ღვთისა მაინც განცხადდა და კაცობრიობისათვის ზეცის კარიბჭენი განიხვნა.
რათა გავაცნობიეროთ აღნიშნული სიტყვების მნიშვნელობა შეგახსენებთ, რომ ჩვენი დაუძინებელი მტერი, - ბოროტი სული (რომელიც თავდაპირველად ნათლითმოსილი ანგელოზი იყო), ამპარტავნების ცოდვის გამო თავის მიმყოლ ანგელოზებთან ერთად ზეცის თვალშეუდგამი სიმაღლიდან ქვესკნელამდე დაემხო, რადგან შემოქმედის მიერ ნაბოძებ სიკეთეთა მითვისება და ღმერთთან გატოლება მოინდომა.
გავიხსენოთ ადამი და ევაც; ისინი ბედნიერად ცხოვრობდნენ სამოთხეში, მაგრამ ამპარტავნების გამო, ეშმაკის მიერ ცდუნებულებმა, ღმერთობა ისურვეს; დაივიწყეს უფლის მცნება, იგემეს აკრძალული ხის ნაყოფი და მკაცრადაც დაისაჯნენ, - მაშინვე დაკარგეს მადლი შემოქმედთან სიახლოვისა, დაკარგეს სამოთხე და როგორც თვითონ, ისე მათი შთამომავალნიც ხრწნილებასა და სიკვდილს დაექვემდებარნენ.
ამპარტავნება - ეს არის უპირველესი, უდიდესი და უსაშინლესი ცოდვა, რომელსაც თითქმის ყველა ადამიანში ჰქონდა და აქვს მეტ-ნაკლებად ფესვი გადგმული და სწორედ იგი არის მთავარი დამაბრკოლებელი მიზეზი ღმერთთან ჩვენი მიახლებისა. ამიტომაც ამ ეპისტოლეში აღნიშნულ ცოდვაზე გავამახვილებ ყურადღებას.
რა განაპირობებს მის განსაკუთრებულობას? უპირველეს ყოვლისა ის, რომ იგი შობს ყველა სხვა სიბილწეთ. წმიდა მამები ამბობენ, რომ თორმეტი ვნება არსებობს და ვინც მათ შორის უმთავრესს, ამპარტავნებას, თავისი ნებით მიიღებს, მისი საშუალებით დანარჩენ თერთმეტსაც თავისთან განუმზადებს ადგილს, მაშინ როდესაც სხვა მანკიერებანი, პირველ რიგში, მის საპირისპირო სათნოებებს აუკუღმართებენ. მაგალითად სიძვა - სიწმინდეს, შური - სიყვარულს, ნაყროვანება - თავშეკავებულობას და ა.შ.
უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ადამიანმა შეიძლება დაძლიოს ყველა ცოდვითი მიდრეკილება და მიხვდეს, რომ ეს თუ ის ვნება აღარ აწუხებს, მაგრამ ამას ვერასოდეს იტყვის ამპარტავნების შესახებ; მან ყველგან და ყოველთვის შეიძლება დაგვიგოს მახე და მსწრაფლ განაქარვოს წლების მანძილზე ჩვენი ღვაწლით მოპოვებული მადლი.
ამასთან, სხვა ცოდვები შედარებით ნელი მოქმედებისაა, ხოლო ამპარტავნება, როგორც კი ტახტს დაიდგამს ადამიანის სულსა და გულში, იმ წამსვე ღუპავს მას. მდგომარეობის გამოსწორებისთვის კი ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო. განასხვავებენ ორი სახის ამპარტავნებას, - ხორციელს და სულიერს. ხორციელია, როცა ამა თუ იმ პიროვნებას თავი მოაქვს სხვადასხვა მიწიერი, ამქვეყნიური სიკეთით, მაგ., სიმდიდრით, სილამაზით, თანამდებობით, ჯანმრთელობით, სიძლიერით და ა.შ. ხოლო თუ იგი თვითკმაყოფილებას განიცდის ცოდვებთან ბრძოლაში მიღწეული წარმატებებით, მაშინ სახეზე გვაქვს ამ სენის ყველაზე მძიმე ფორმა, - სულიერი ამპარტავნება. ზოგიერთი გულწრფელად იკითხავს: მე თუ ჭკვიანი ვარ და ჩემს საქმიანობაში წარმატებული, თუ დამოუკიდებლად შევძელი ქონების შეძენა ან გავლენის მოპოვება, ვისი დამსახურებაა ეს, თუ არა ჩემი? წმიდა მამები ამ კითხვაზე მათ ასე პასუხობენ:
შენ შეგეძლო გეამაყა იმით, შენს შობამდე რომ გეარსება და გქონოდა რამე, მაგრამ რადგან ღმერთის შექმნილი ხარ და არარსებობიდან არსებობაში შემოსული, ყველა სიკეთე, რაც შეიძინე, ღვთის საჩუქარია და ნაკლებად შენი დამსახურება. შესაბამისად, თუ მოიძიებ ისეთ რამეს, რაც გაგიკეთებია გონებისა და გულის გარეშე, შენი ნამოქმედარია, დანარჩენი კი უფლის მიერაა ნაბოძები და ტყუილად ითვისებ.
თუ კარგად დააკვირდები, შეიცნობ, რომ შენი მარტო შენი ნებაა, რომ შენია მხოლოდ სურვილი და არჩევანი იმისა, თუ ვის დაუმორჩილებ ყოველივეს, რითაც უფალმა დაგაჯილდოვა.
ადამიანი ან მიდრეკილია უფლისკენ, ან ეშმაკისკენ ანუ საკუთარი თავის განდიდებისკენ.
თუმცა, პირველ ეტაპზე, ამპარტავანნიც ღვთისადმი მადლიერებას სიტყვით გამოხატავენ, გულში კი მხოლოდ საკუთარ თავს განადიდებენ. შემდგომ საფეხურზე მათ არათუ თავისი ღვაწლის წარმოჩენა "ერიდებათ", არამედ სხვათა დამსახურებასაც ხშირად საკუთარ თავს მიაწერენ; ამცირებენ გარშემომყოფთ, აზვიადებენ ყველაფერს და ითხოვენ გამორჩეულ პატივს. გულწრფელი აღსარება მათთვის თითქმის უჩვეულო რამაა.
არადა, ერთი შეხედვით, თითქოს როგორი ადვილია შენს თავში ღმერთის მყოფობა აღმოაჩინო და მისდამი მადლიერებით განიმსჭვალო.
რომ დავიბადეთ და დავდივართ, რომ ვხედავთ, ვსუნთქავთ და გვიყვარს, რომ ვაზროვნებთ და შეგვიძლია ამა თუ იმ საქმის კეთება, ეს ხომ მისი წყალობაა?! ხომ შეიძლება ერთ წუთში დავკარგოთ თვალის ჩინი, ან განსჯის უნარი ან მოძრაობის შესაძლებლობა..., და მერეღა მივხვდებით, რა უმადურნი ვყოფილვართ.
იაკობ მოციქული გვაფრთხილებს და გვმოძღვრავს, რომ "ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი" (იაკ.4,6).
არ წერია, რომ ასევე შემუსრავს მაგ, ქურდებს, ცრუთ, სათამაშო ბიზნესით დაკავებულთ, მრუშებს, ლოთებს..., მართალია, მათი შეცოდებანიც ფრიად სერიოზულია და სასჯელსაც დიდს მოიწევენ, მაგრამ ამის ჩამდენთ აქვთ ერთი უპირატესობა, - ისინი მოქმედებენ თავისი თავის ან სხვა ადამიანების წინააღმდეგ. ამპარტავანნი კი, თავისი თავხედობითა და უმადურობით, აშკარად უპირისპირდებიან შემოქმედს.
როგორ დავაღწიოთ თავი ამ საშინელ მდგომარეობას? თავმდაბლობა არის ერთადერთი წამალი ამპარტავნებისაგან განკურნებისა. თავმდაბლობას მოვიპოვებთ, თუ საკუთარ თავს, ჩვენს "მე"-ს უარვყოფთ და ღვთისადმი მადლიერებით აღვსილნი, სიმშვიდითა და ღირსებით შევხვდებით ქებასაც და დამცირებასაც, სიხარულსაც და ტკივილსაც, უსამართლობასა და შეურაცხყოფას. ამასთან, ჩვენი შინაგანი სამყარო ისე უნდა წარვმართოთ, რომ სხვა ჩვენზე უკეთესად, უფრო გონიერად და უპირატესად მიგვაჩნდეს, ჩვენ მიერ აღსრულებული კეთილი საქმეები კი, - უფლის წყალობად და არა საკუთარ დამსახურებად.
მაშინ შეიმუსრება ჩვენი სიამაყე და პატივმოყვარეობა და მის ადგილზე თავმდაბლობით მოპოვებული ღვთის მადლი დაივანებს. რა თვისებები განასხვავებთ ამპარტავანთ და თავმდაბალთ? თუ ამპარტავანი თავის ნაკლოვანებებს საერთოდ არ ხედავს ან როგორც უმნიშვნელოს, ისე წარმოაჩენს (არ არის გამორიცხული, იქამდეც კი მივიდეს, რომ ამით იამაყოს), თავმდაბალი მცირე ცოდვასაც მტკივნეულად განიცდის, წუხს და არ მალავს მას არც მოძღვრის და არც ადამიანების წინაშე.
ამპარტავანი, კეთილდღეობის შემთხვევაში, კიდევ უფრო ამაყი ხდება, განსაცდელის ჟამს კი ხვედრს ემდურის, გაბოროტებულია, სიმშვიდეს ვერსად პოულობს და სასოწარკვეთილებისკენაა მიდრეკილი. თავმდაბალი კი მწუხარებასაც და სიხარულსაც ერთნაირად იღებს, მიღწეულით არასოდეს კმაყოფილდება და სულიერ კიბეზე ზეაღსვლას სულგრძელებითა და მოთმინებით განაგრძობს.
ამპარტავანნი მაჭირვებელთ ბოროტებით პასუხობენ და თუ ამას საქმით ვერ აღწევენ, ცილისწამებას არ ერიდებიან. ღვთისსათნონი კი, ავისმქმნელთათვის ლოცულობენ და ცდილობენ, სიკეთით უპასუხონ, რადგან ბოროტება მხოლოდ სიყვარულით იკურნება და იციან, რომ ეს არის სათნო წინაშე ღვთისა. ჩვენს დროში განსაკუთრებით ზეიმობს ამპარტავნება, რადგან მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებამ ადამიანი თავის თავზე შეყვარებული და თავდაჯერებული გახადა.
მას კიდევ უფრო გაუმყარდა ილუზია იმისა, თითქოს, საკუთარ ძალებზე დაყრდნობით ყველაფერი შეუძლია გააკეთოს და, აქედან გამომდინარე, შემოქმედის ადგილიც დაიკავოს.
ისეთ დღესასწაულებსაც კი, როგორც შობა ან აღდგომაა, ისინი თავისი თავისთვის იწყობენ და ყველაფერს გარეგნულ ელფერს აძლევენ, ხოლო მათი არსი საერთოდ არ აინტერესებთ.
ბეთლემს შობილი ყრმა ყოველ წელს შეახსენებს მსოფლიოს, რომ ხსნის გზა თავმდაბლობითა და უბრალოებით იწყება.
კიდევ ერთ მომენტზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას: რამდენჯერ შეგვხვედრიან ადამიანები, რომლებიც თავს დიდად მორწმუნეთ არ მიიჩნევენ, მაგრამ მრავალ კარგ საქმეს აკეთებენ და, ერთი შეხედვით, სამაგალითონიც არიან; მაგრამ თუ კარგად დავუკვირდებით, ღვთისაგან ყველაზე მეტად დაცილებულნი სწორედ ისინი არიან, რადგან მათს გულსა და სულში, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, ამპარტავნებას აქვს ღრმად ფესვი გადგმული; ამიტომაც, თავის თავს შეჰხარიან და ამით ტკბებიან. თითქოს როგორი ადვილია, რომ მათ დამოკიდებულება შეცვალონ და ყველაფერი თავის ადგილზე დადგეს - მაგრამ არა, ნებისმიერი ცოდვისგან გათავისუფლება უფრო ეადვილებათ, ვიდრე ამ ნაბიჯის გადადგმა.
ამიტომ უწოდებს ნეტარი ავგუსტინე ურწმუნოთა სიკეთეთ "მბრწყინავ ცოდვებს," - გარეგნულად თვალისმომჭრელთ, შინაგანად კი ეშმაკის ქმედებებს.
ასეთ ადამიანთა მსგავსი იყო ჩვენი ხალხის მდგომარეობა ათეისტურ პერიოდში. სამოცდაათწლიანმა კომუნისტურმა რეჟიმმა ღმერთის რწმენის გარდა, წინ წამოსწია თითქმის ყველა ადამიანური სათნოება და ამით, ამპარტავნების საშინელი სენი კიდევ უფრო მეტად გააღრმავა საზოგადოებაში. დღეს, მართალია, რთულ პირობებში გვიწევს ცხოვრება, მაგრამ ამას თავისი დიდი დადებითი მხარეც აქვს - ჩვენ გვამდაბლებს უფალი და გვაჩვენებს, რომ თავის მოსაწონი არაფერი გვაქვს; გვაჩვენებს იმასაც, რომ ღვთის გარდა, იმედი არავისი და არაფერისა არ უნდა გვქონდეს.
ერის გამოღვიძებისა და ღვთისკენ შემობრუნების პროცესი, ნელა, მაგრამ მაინც მიმდინარეობს. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ბოროტი ადვილად არ თმობს პოზიციებს და ახალ-ახალ მოულოდნელობებს გვთავაზობს, მაგ., მცირე, მაგრამ აქტიური ჯგუფი მოქალაქეებისა, უზნეობით ამაყობს, ცოდვას ცოდვად არ მიიჩნევს და ცდილობს, სხვებიც თავისი მსგავსი გახადოს; სამწუხაროდ, ამას ჩვენი მასმედიის საშუალებებიც ხშირად მხარს უბამენ, "სიმართლის" სახელით ავხორცობისა და სისასტიკის პროპაგანდას ახორციელებენ და ამით, ბოროტს დიდ სამსახურს უწევენ.
ღმერთის გზით მავალი ადამიანები კი, თავმდაბლობასთან ერთად, ესწრაფვიან, მოიპოვონ მადლი, რასაც წმიდა გრიგოლ პალამა ხელთუქმნელ ენერგიას უწოდებს. ეს ის ენერგიაა, რომელიც ნათლის სახით მაცხოვრის ფერისცვალებისას მოციქულებმა თაბორის მთაზე იხილეს.
შევნიშნავთ, რომ ღვთის ამ წყალობით აღვსების შესაძლებლობა ყველას თანაბრად აქვს, - ნასწავლსაც და უბირსაც, მდიდარსაც და ღარიბსაც, ქალსაც და მამაკაცსაც, მოხუცებულსაც და ახალგაზრდასაც, ოღონდ, ეს გულით უნდა მოვინდომოთ და სიკეთით, სულიერი და ფიზიკური შრომით განვამშვენოთ ჩვენი ცხოვრება.
დიახ, მადლმოსილება ადამიანის პიროვნული მდგომარეობაა და იგი უფლის საჩუქარია, მის სიდიდეს თავმდაბლობის ხარისხი განსაზღვრავს, ანუ რამდენადაც თავმდაბალია ადამიანი, მით უფრო მეტი მადლის დამტევია იგი. მადლი, როგორც ღვთის არსების გამოვლინება, მისი ყველა თვისების მატარებელია. იგი არ არის მოძალადე, არამედ მაშინვე განეშორება ცოდვის ჩამდენს (რადგან ცოდვა-მადლი ურთიერთგამომრიცხავნია), სინანულით შემუსვრულ გულს კი, კვლავ უბრუნდება და წყალობით ავსებს. ცოდვა-მადლს კიდევ ერთი თვისება აქვს, რაც ჩვენმა წინაპრებმა ასე გამოთქვეს: "მადლი ჰქენი, ქვაზე დადე, გაიარე, წინ დაგხვდებაო" და კიდევ "პაპის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოჭრა კბილიო".
ასე რომ, ადამიანი თავისი ქმედებებით, საკუთარ თავსაც და თავის შთამომავალთაც უმზადებს ერთგვარ სულიერ საგზალს, - ცუდს ან კარგს. მეცნიერებაში არსებობს ენერგიის მუდმივობის კანონი, რომლის მიხედვითაც, დამტკიცებულია, რომ სამყაროში არაფერი იკარგება, არამედ ერთი სახეობიდან მეორეში გადადის; იგივე ითქმის სულიერ სფეროზეც; ოღონდ, აქ ჩვენ ვგულისხმობთ ამქვეყნიურ ყოფას, თორემ უფლის წინაშე, ყველა მხოლოდ საკუთარი ცხოვრების მიხედვით განისჯება.
მაგალითისთვის გავიხსენებ ერთ მოვლენას, რომელიც, მართალია, სულის ცხონების საკითხს არ ეხება, მაგრამ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია. XVII ს-ის I ნახევარში ირანში მოღვაწეობდა გამუსულმანებული უნდილაძეების დიდად გავლენიანი ოჯახი, რომელთაც ღრმა კვალი დატოვეს სპარსეთის კულტურულ-პოლიტიკურ ასპარეზზე. ისინი უზარმაზარი ქონებისა და ძალაუფლების მფლობელნი იყვნენ; ეს გავლენა კი, სპარსულ საქმეთა ერთგულების გამო მოიპოვეს.
ქრისტიანული თვალთახედვით, ისინი, ერთი შეხედვით, რა თქმა უნდა, ღვთისაგან განდგომილნი იყვნენ, რადგან თავის მიწიერ კეთილდღეობას ყველაფერი ანაცვალეს, მაგრამ მდგომარეობა მთლიანად შეიცვალა, როდესაც საქმე სპარსელთა საქართველოზე ლაშქრობას შეეხო.
სამშობლოს ტკივილმა და სიყვარულმა მათს გულში დარჩენილი მადლის ნაპერწკალი ალად აქცია და მამაც და შვილებიც ისე გააძლიერა, რომ უარი თქვეს შაჰის დავალების შესრულებაზე, სანაცვლოდ კი, დათმეს ქონებაც, თანამდებობაც, თავისი და თავის ყველა შთამომავლის სიცოცხლეც სამშობლოს შეწირეს.
მაშინ როდესაც, მათ თანამედროვე ქართველთა შორისაც უფრო ადრეც, შემდგომაც და დღესაც იყვნენ და არიან ადამიანები, რომლებიც სიმდიდრისა და ძალაუფლების მოპოვებისათვის უკან არაფერზე იხევენ და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედთაც გვერდში უდგანან.
საერთოდ, ეკლესია ღვთაებრივი მადლის საუნჯეა. უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მას გადასცა ძალაუფლება ცოდვათა შეკვრისა და გახსნისა. ანუ ღვთაებრივი მადლის მოხვეჭა და სასუფევლის დამკვიდრება მართლმადიდებელ ეკლესიაშია შესაძლებელი, რადგან იგია მაცხოვრის მისტიური სხეული, რომელიც ღვთაებრივი მადლით ზეციურ, მოზეიმე ეკლესიას უკავშირდება და ეს ურთიერთობა ლოცვით ხორციელდება.
მე არაერთხელ მითქვამს, რომ საქართველო ღვთის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშაა.
უფლისა და ზეციურ ძალთა გარდა, ჩვენ შემწედ, უპირველეს ყოვლისა, გვყავს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, დედა და მფარველი საქართველოსი, მსოფლიო მართლმადიდებელ წმინდანთა დასი და, რა თქმა უნდა, ჩვენი ეკლესიის უთვალავი წმინდანი, აგრეთვე, სამოთხის მკვიდრი სხვა ჩვენი ღირსეული წინაპრები. ამაშია მადლი და ძალა ჩვენი ქვეყნისა. მაგრამ მათი შეწევნა რომ მივიღოთ, განწმენდილი გულით აღვლენილი ლოცვა უნდა შევწიროთ, რათა მოხდეს სინერგია, - ადამიანური და ღვთაებრივი ძალის შერწყმა და ღვთის მოწყალების კარის განღება.
როგორც აღვნიშნეთ, ადამიანის ცხონებას მისი პირადი ნება განსაზღვრავს, ქვეყნის კეთილდღეობას კი - მადლმოსილი ადამიანების სიმრავლე, რათა სიძნელეების დაძლევა შევძლოთ.
გარდა სულიერისა, სიძნელეები სხვაც მრავლად გვაქვს: მასიური უმუშევრობა, ჩვენი მოსახლეობის უცხოეთში მიგრაცია, საშუალო და უმაღლესი განათლების დაბალი დონე, პატიმრების რიცხვის ზრდა, საბაზრო ეკონომიკისა და ბიზნესის, სოფლის მეურნეობის პრობლემები...
მეტად სამწუხაროა, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, ერის ერთიანობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებიც ემატება. როგორც ცნობილია, XIX ს-ის ბოლოს მეფის რუსეთის იმპერიაში შემუშავდა "მეცნიერული" კონცეფცია (დაყავი და იბატონეს პრინციპის გათვალისწინებით) საქართველოში მეგრულ-ლაზურ-ქართულ-სვანური ენებისა და კულტურების დამოუკიდებლად არსებობის შესახებ.
ეს პროცესი, მეტ-ნაკლებად ფარულად, კვლავაც მიმდინარეობს და, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ უცხო ქვეყნების ინტერესებს ემსახურება. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, დავიცვათ ჩვენი ერთობა, ისევე როგორც ამას აკეთებდნენ ჩვენი წინაპრები. ოღონდ, როგორც დიდი ილია ამბობს, დღეს არის არა ხმლის, არამედ წიგნისა და კალმის ომი.
პრობლემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჭიროა საზოგადოების ძალისხმევა, რათა შეიქმნას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და ვებ-გვერდები, რომელიც სათანადო პასუხს გასცემს როგორც ტერიტორიული მთლიანობის, ისე ქართველი ერის დაშლის მოსურნეთ. ამ საქმეში დიდი სამსახური შეიძლება გაწიონ უცხოეთში მყოფმა ჩვენმა თანამემამულეებმა; მათ ვებ-გვერდები იმ ენაზე უნდა გააკეთონ, რომელ ქვეყანაშიც ცხოვრობენ. ამით ისინი სამშობლოს ინტერესებს შესაძლებლობისამებრ დაიცავენ.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმასაც, რომ ა.წ. 21 დეკემბერს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დადგენის შესახებ;
ეს არის ისტორიული რეალობის საჯაროდ კიდევ ერთხელ განცხადება და თქმა იმისა, რომ აფხაზეთი ყოველთვის იყო საქართველოს განუყოფელი ნაწილი, ხოლო აფხაზეთის მოსახლეობა - საქართველოს ეკლესიის სულიერი შვილები, რასაც მოწმობს წერილობითი წყაროები და აქ აღმართული უძველესი ტაძრები. იგივე ითქმის ცხინვალის რეგიონის შესახებაც.
აღვნიშნავთ იმასაც, რომ ისტორიის მანძილზე, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მიუხედავად, საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის საზღვრები არ შეცვლილა. იგი, ღვთის წყალობით, სულიერად თითქმის ყოველთვის ინარჩუნებდა ათასწლეულობით ჩამოყალიბებულ მთლიან სხეულს ჩვენი ქვეყნისა და ეს დღესაც ასეა.
ის, რაც ჩვენსა და აფხაზებს, ჩვენსა და სამაჩაბლოს (ცხინვალის რეგიონი) ოსებს შორის მოხდა, შედეგია პოლიტიკური ინტრიგებისა და მას ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობასთან საერთო არაფერი აქვს.
ჩვენ გვაკავშირებს სისხლით ნათესაობა, საუკუნოვანი თანაცხოვრება, ნათელ-მირონობა, მეგობრობა და მრავალრიცხოვანი შერეული ოჯახები, რაც იძლევა იმედს იმისას, რომ ადრე თუ გვიან აღდგება და განახლდება ძველი ურთიერთობა და მეგობრობა აფხაზებთანაც და ოსებთანაც.
შევეხები მთის პრობლემებსაც; მოგეხსენებათ, საქართველო ოდითგან მთისა და ბარის ერთობით იყო ძლიერი. ბარს მთა იცავდა, მთას კი ბარი განამტკიცებდა. გახსოვთ თუნდაც შაჰ-აბასის შემოსევა, როდესაც კახელების საარაკო მამაცობის მიუხედავად, რიცხვით მრავალმა მტერმა ეს მხარე მაინც დაიკავა, მთიელების სახალხო ლაშქარი შეიყარა და თავგანწირული ბრძოლით სპარსელნი განდევნა. ბახტრიონის აჯანყების სახელით ცნობილმა ამ მოვლენამ, არა მარტო ბარი იხსნა სრული იავარქმნისაგან, არამედ მთიულეთი და თუშ-ფშავ-ხევსურეთიც გადაარჩინა.
სამწუხაროდ, კომუნისტურ პერიოდში, საქართველოს მთიანეთი დაიცალა და დღეს მიტოვებულია არა მარტო სოფლები, არამედ მთელი კუთხეები; კერძოდ: თუშეთი, ხევსურეთი, ფშავის ნაწილი, რაჭა..., სადაც ზაფხულის პერიოდის გარდა, მოქმედ სოფლებში თითო-ოროლა ოჯახი ან სულაც, ერთი ადამიანი სახლობს.
არადა ამ ტერიტორიების განსაკუთრებულობას ისიც განაპირობებს, რომ ისინი საზღვრისპირა რეგიონებია და მათ სტრატეგიული დანიშნულებაც აქვთ. ვინაიდან არსებული მდგომარეობის მთავარი მიზეზი სოციალურ-ეკონომიკური პირობებია, სახელმწიფოებრივი თანადგომისა და მატერიალური მხარდაჭერის გარეშე, ბუნებრივია, მოსახლეობის დაკავება ვერ მოხერხდება.
ეკლესია, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, ცდილობს, წვლილი შეიტანოს აღნიშნული მხარეების გამოცოცხლების საქმეში და, ამ მიზნით, აქ მონასტრებს აარსებს.
მთის თემის აქტუალობიდან გამომდინარე, ამ რამდენიმე თვის წინ, შედგა ჩემი მოგზაურობაც თუშეთსა და ხევსურეთში და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ აღმოსავლეთ მთიანეთს (და რაჭასაც) დროულად უნდა გაეწიოს სერიოზული დახმარება, თორემ შემდეგ, ათჯერ მეტი ძალისხმევა იქნება საჭირო მდგომარეობის გამოსასწორებლად.
ჩვენ ადრეც შევთავაზეთ ხელისუფლებას და ახლაც შევახსენებთ, რომ იქნებ ერთ-ერთ საქმედ იქცეს აქაურ დაუსახლებელ ტერიტორიებზე მცირე დანაშაულის მქონე პატიმრებისთვის მიმაგრების ადგილებისა და სოფლების მოწყობა (თავისი მეურნეობებით), რაც დასაქმების პრობლემასაც ნაწილობრივ გადაწყვეტს და დაცულ ზონებსაც შექმნის.
ბუნებრივია, აქ უნდა ასევე განვითარდეს მესაქონლეობა, მეცხვარეობა, მეფუტკრეობა, მეთევზეობა, ხელსაქმე, მიწის ერთობლივი დამუშავებისათვის კი, უნდა შეიქმნას კოოპერატივები.
სვანეთში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში განხორციელებული სახელმწიფო პროგრამები იმედს იძლევა, რომ ეს საკითხიც აქტუალური გახდება და მდგომარეობა გამოსწორდება.
სულ ორიოდე სიტყვით შევნიშნავთ იმასაც, რომ ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, მიწას, სასარგებლო წიაღისეულს, წყალს და ტყეს, ასევე მუზეუმებსა და არქივებს, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ და მათი გაყიდვა-გასხვისება არ შეიძლება. საჭიროა, სახელმწიფოს მიერ შემუშავებულმა კანონებმა დაიცვას ერის ეს საუნჯე.
ჩვენ ზემოთ მრავალ რთულ თემას შევეხეთ, რომელთა მოგვარებაც ხელისუფლებას ევალება, მაგრამ თითოეულ ჩვენგანზეც დიდი პასუხისმგებლობაა დაკისრებული.
ეს ლიტონი სიტყვები არ არის.
ყველამ ვისაც უნდა, ღვთის შვილად იწოდებოდეს, ზრუნვა პირველ რიგში მადლის მოხვეჭისათვის უნდა დაიწყოს, რომ ერთობლივი ძალით ღმერთის მფარველობა მოვიპოვოთ (ცალკეულ პირთა მადლმოსილება ქვეყნის გადარჩენისა და განვითარებისათვის არ არის საკმარისი; გავიხსენოთ მართალი ლოთი და პირისაგან მიწისა აღგვილი სოდომ-გომორი), ვინაიდან ყველა ჩვენი პრობლემა, სინამდვილეში, ღვთაებრივი მადლის ნაკლოვანებებიდან მოდის. მე მომავალს იმედით ვუყურებ, რადგან, ვიმეორებ, ქვეყანაში მიდის სულიერი გამოღვიძების რთული და განმწმენდელი პროცესი;
უფალი თავისი იდუმალი, მტკივნეული, მაგრამ გადამრჩენელი გზებით გვატარებს, რათა, თითოეული ჩვენგანი, ვითარცა მამასთან დაბრუნებული დამდაბლებული და შეჭირვებული უძღები შვილი, გულში ჩაიკრას და სიხარულით აღვსილმა, საზეპურო სუფრა გაშალოს.
საყვარელნო დანო და ძმანო, არჩევანი თქვენზეა, საქართველოს ბედიც თქვენზეა დამოკიდებული.
ამ იდუმალებით მოცულ ღამეს ჩვენც გავყვეთ ბეთლემისკენ მიმავალ დიდებულ ვარსკვლავს და სიხარულით აღვივსოთ, რამეთუ ჩვენთვის იშვა ემმანუელი, ყრმა ახალი, პირველ საუკუნეთა ღმერთი!
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
შობა ქრისტესი
თბილისი, 2011 წ