სინანული - ციტატები, გამონათქვამები
სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები
არა არს კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს
ღრმად მორწმუნე ქრისტიანმაც შეიძლება დაუშვას გარკვეული შეცდომები, ვერ გაუმკლავდეს გამოწვევებს, გამოიჩინოს სულმოკლეობაც... მაგრამ არ უნდა შეშინდეს, რადგან „არა არს კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს“. მან სინანულით, აღსარებითა და ზიარების მადლით უნდა უწამლოს თავის სულიერ იარებს და, ღვთის იმედით, კვლავ უშიშრად განაგრძოს ცხოვრების გზა.
ყველაფერი ეს მხოლოდ ჩვენი სიკეთისთვის მოგვეცა
სინანულს ვერ ავცდებით
წმინდა იოანე ოქროპირი წერს: როგორი ცხოვრებითაც არ უნდა ვიცხოვროთ, სინანულს ვერ ავცდებით; ის, ვინც ამქვეყნად ცდილობს სინანულით უწამლოს თავისი სულის ცოდვით გამოვლინებებს, მარადიულად იხარებს, ხოლო ვინც ამ ქვეყანად შეჰხარის დროებით წარმავალ სიკეთეთ და ყველა საშუალებით მათ მოპოვებას ესწრაფვის მხოლოდ, აუცილებლად ინანებს საუკუნოდ.
თუ გიჭირს და სხვას მატერიალურად ვერ შეეწევი
ცოდვამ გძლია? სინანულით, აღსარებითა და ზიარებით განიწმინდე.
მდიდარი ხარ? - მოწყალება უხვად გაეცი.
თუ გიჭირს და სხვას მატერიალურად ვერ შეეწევი, ავადმყოფს მიხედე, პატიმარი მოინახულე, ჭიქა წყალი მწყურვალს მიაწოდე, მწირი შეიფარე, მტირალთან იტირე, ვინმე სიტყვით ანუგეშე...
თუ ისეთი ღატაკი ხარ და დავრდომილი, რომ ვერავის დაეხმარები, უდრტვინველად გადაიტანე ეს ყველაფერი და მართალი იობივით უდიდეს ჯილდოს მიიღებ.
ამ მდგომარეობას მტირალ სიხარულსაც უწოდებენ
ჭეშმარიტი და ღრმა სინანული არ გულისხმობს უიმედო გლოვასა და სასოწარკვეთას, რადგან ამ დროს ხდება მთელი სისავსით გაცნობიერება ღვთაებრივი სიყვარულისა და, რა თქმა უნდა, საკუთარი უძლურებისაც. წმიდა მამები ამ მდგომარეობას მტირალ სიხარულსაც უწოდებენ; მას, მართლაც, მოაქვს სიხარული, ნუგეში და მშვიდობა სულისა, თანაც ისეთი, რომელსაც ამქვეყნიური ვერანაირი ნეტარება ვერ შეედრება.
მეძავმა ქალმა წმინდანის ცდუნება სცადა
ერთხელ, ერთმა მეძავმა ქალმა გარყვნილ ადამიანებში დაიქადნა, რომ შესძლებდა ეცდუნებინა თავად მარტინიანეც, ვისი კეთილმსახურების ამბავიც მთელს ქალაქს მოედო. იგი წმიდა მამის კელიას ღამით მიადგა მწირის სახით და თავშესაფარი ითხოვა. მარტინიანეს შეებრალა ქალი და შეივრდომა. მაგრამ აი, ცბიერმა სტუმარმა სხვა, ძვირფასი სამოსელი ჩაიცვა და მოსაგრის ცდუნება დაიწყო. მაშინ ნეტარი მამა გარეთ გავიდა, კოცონი დაანთო და გავარვარებულ ნაკვერცხლებზე შიშველი ფეხებით შედგა, თან საკუთარ თავს ეუბნებოდა: "გიმძიმს, მარტინიანე, ამ დროებითი ცეცხლის გაძლება? როგორღა გაუძლებ დემონის მიერ შენთვის გამზადებულ მარადიულ ცეცხლს?!" ამ სანახაობით თავზარდაცემულმა მეძავმა შეინანა თავის შეცოდება და წმიდანს შესთხოვა, ცხონების გზაზე დაეყენებინა. მარტინიანეს კურთხევით, იგი ბეთლემში, წმიდა პავლას მონასტერში გაემგზავრა, სადაც 12 წელი ცდილობდა მკაცრი მოღვაწეობით სინანულის ღირსი ნაყოფის გამოღებას.