ადამიანი - ციტატები, გამონათქვამები
ადამიანი - ციტატები, გამონათქვამები ადამიანი, გამონათქვამები, ციტატები
ჩვენს ცხოვრებაში სიტყვა "მე" განსაკუთრებულად დომინირებს
ამპარტავნება და ეგოიზმი არის უფლისგან განდგომილი ადამიანის მკვეთრი მახასიათებელი. დაცემის შემდეგ ჩვენს პირველმშობლებში თავდაპირველად სწორედ ეს მიდრეკილებები გაჩნდა და მათი პირადი ურთიერთობებიც მყისიერად დაამახინჯა: ერთმანეთზე და გარემოზე ზრუნვა, ღმერთზე მინდობა... საკუთარ თავზე მინდობამ და ეგოცენტრიზმმა შეცვალა.
ბოროტი ძალისგან თავს მოხვეული ეს მანკიერება დღემდე ჩვენს მთავარ პრობლემას წარმოადგენს და ამიტომაც არის, რომ, როგორც ერთი ღვთისმეტყველი ამბობს, ჩვენს ცხოვრებაში სიტყვა „მე“ განსაკუთრებულად დომინირებს.
მხოლოდ ადამიანი მოიცავს ფიზიკურსა და სულიერს
გასაოცარია ყველაფერი, რაც ჩვენს პირველმშობლებამდე შეიქმნა: უმცირესი ნაწილაკები იქნება ეს, მცენარეები, ფრინველები, ცხოველები, ზღვის ბინადარნი თუ ციური სხეულები... ისინი დიდი მრავალფეროვნებით, დიდი უნარებით, დიდი თავისებურებებით გამოირჩევიან, მაგრამ მათი მოქმედებები და შესაძლებლობები იყო და არის შეზღუდული.
მხოლოდ ადამიანი მოიცავს ფიზიკურსა და სულიერს, მიკრო და მაკრო სამყაროს და ძალუძს შეიყვაროს უფალი, როგორც თავისი ნაწილი ამქვეყნადაც და მარადისობაშიც.
ასეთი დიადია თითოეული თქვენგანი!
ადამიანი არის გვირგვინი ქმნილებისა!
ბიბლიისა და წმ. მამათა სწავლანის მიხედვით, კაცი არის განსაკუთრებული მოვლენა, გვირგვინი ქმნილებისა, მეფე და უფალი ამა სოფლისა, მიკროკოსმოსი, მომცველი თავის თავში ყოველივე არსებულისა, რადგანაც ორი სამყაროს - სულიერისა და ხორციელის - მიჯნაზე დგას; ერთი მხრივ, იგი შემოფარგლულია სივრცით და დროით; არის გარკვეულ ეპოქაში რომელიმე ერის წარმომადგენელი ამა თუ იმ ქვეყნიდან, თუმცა, ამავე დროს, შეუძლია სულიერად მოსწყდეს კონკრეტულობას, განსაზღვრულ გარემოს და იცხოვროს იდეათა და განყენებული აზროვნების სფეროში, სადაც ჭეშმარიტების, მშვენიერების, სამართლიანობის, სიყვარულის, ბედნიერების ძიების სურვილი მისი მუდმივი თანამგზავრი იქნება.