ღმერთმა თავისი არსებობის მოწმობა დატოვა ყველაფერში
ვცხოვრობთ ამ სოფელში, რომელიც ღმერთმა ჩვენს დროებით სამყოფლად განსაზღვრა. უფალმა თავისუფლება მოგვანიჭა, რათა ვისარგებლოთ ამქვეყნიური სიკეთეებით. ამასთანავე თავისი არსებობის მოწმობა დატოვა ყველაფერში, რასაც კი ვხედავთ და აღვიქვამთ, რომ ჩვენი გონიერებით დიდება და პატივი მივაგოთ მას და დიდებული ძღვენი – ჩვენი გულითადი სიყვარული მივართვათ.
ქრისტემ, ჩემმა ნათელმა და ჯვარცმულმა სიყვარულმა, რომელიც ჩვენი ცოდვების გამო ჯვარზე ამაღლდა, ბოროტი გველების მიერ მოწყლულ სულთა მხსნელმა განგვკურნოს ჩვენც ცოდვის იარებისგან.
დიდება შენდა, ღმერთო, ჩემდამი მომადლებული დიდი წყალობისთვის! მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაზე კარგი არაფერი მიკეთებია, უფალი მაინც ანუგეშებს და ამხნევებს ჩემს სულს. ზოგჯერ ღვთის სიყვარულის კურთხეული ცვარი მოქმედებს ჩემს ულმობელ სულზე. ოჰ, როგორ შვებას ჰგვრის ამ უბადრუკ სულს! ის ისვენებს და ცხოვრებისა და განსაცდელების სიმძიმის შემსუბუქებას გრძნობს. ოჰ, ნეტავ თქვენი ლოცვით ღირსმყოს ღმერთმა, რომ ღვთის სიყვარულის ჩემთვის სასურველ საგრილობელში საუკუნო განსვენება ვპოვო!
ყველაფერში საკუთარი თავის იძულებით მოვიხვეჭთ ღვთის სიყვარულს
თავი ვაიძულოთ, შვილებო, რადგან ღვთის სიყვარულს უდებებით და სიზარმაცით კი არა, გულმოდგინებით, მორჩილებით, მოთმინებით, ძვირუხსენებლობით, მდუმარებით, ლოცვით და ყველაფერში საკუთარი თავის იძულებით მოვიხვეჭთ.
როგორც ჰაერის გარეშე შეუძლებელია სიცოცხლე, ასევე მარადიულ ცხოვრებაში შეუძლებელია ღმერთთან ყოფნა, თუკი ღვთის სიყვარულის კეთილსურნელოვანი და ტკბილი ჰაერით არ ვისუნთქეთ.
ღვთის შიში მეთაურისა და კაპიტნის მსგავსად სინანულის გემზე აგვიყვანს, გადავცურავთ ამ ცხოვრების „ბინძურ“ ზღვას და ღვთაებრივი სიყვარულის ღვთაებრივ ნავსაყუდელში შეგვიძღვება.
ვინც ქრისტეს სიყვარულით საზრდოობს, მისი ქრისტესმიერი ცხოვრება ძალზე ნაყოფიერი ხდება. იესოს მოყვარული სულები სხვა სამყაროს, ცათა სასუფევლის სულიერი ჰაერით სუნთქავენ. ისინი ამ ცხოვრებაშივე იგემებენ იმ წყაროს წყალს, რომელიც ღვთის მადლის საყდრიდან მოედინება!