ციტატები
ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
ღვთისმშობლის ხატის ზღვით მობრძანება
ერთხელ, მიმწუხრისას, ათონის ივერთა მონასტრის ბერებმა ზღვაზე ნათლის სვეტი იხილეს. ეს ხილვა რამდენიმე დღე გაგრძელდა. წმიდა მთის მამები შეიკრიბნენ და თქვეს: "რაჲმე იყოს მნთებარე ესე წყალთა შინა?” ზღვის ნაპირზე ჩავიდნენ და ნახეს, რომ ნათლის სვეტი ღვთისმშობლის ხატს ადგა, მაგრამ როცა მიახლოება გადაწყვიტეს, ხატი ზღვის ნაპირს გაშორდა.
ივერთა მონასტერში მოღვაწეობდა ერთი ქართველი ბერი, გაბრიელი (ხს. 12 ივლისს). წმიდა მთის მამებს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და აუწყა, რომ მხოლოდ გაბრიელ ივერიელი იყო ღირსი წმიდა ხატის ზღვიდან გამოყვანებისა. იმავდროულად, დედა ღვთისა თავად გაბრიელსაც გამოეცხადა და უთხრა: "შემოდი ზღვაში, ტალღებზე რწმენით გაიარე და ყველა იხილავს ჩემს სიყვარულს და წყალობას თქვენი სავანისადმი”.
ათონის ბერებმა ქართველთა მონასტერს მიაკითხეს, მოძებნეს გაბრიელი და გალობით და საკმევლის კმევით ზღვის ნაპირთან ჩავიდნენ. გაბრიელი ზღვაში შევიდა, ტალღებზე, როგორც ხმელეთზე ისე გაიარა და წმიდა ხატი ნაპირზე გამოაბრძანა.
ეს მოხდა ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს.
ღირსეული ზიარებით ვხდებით ღმრთისმშობლის ნამდვილი შვილები
კიდევ მომისმინეთ, ჩემო საყვარელო დებო. როდესაც წმიდა წირვა აღესრულება, ჩვენი ტკბილი დედიკო თავის ჩვილს გვაძლევს და ის ჩვენთვის შეიწირება. და რამდენჯერაც ჩვენ ღირსად ვეზიარებით, წინასწარ ნამარხულებნი, ნებაყოფლობითი ღამისთევითა და ლმობიერი ლოცვით მომზადებულები, იესოს ხორცსა და სისხლს ვჭამთ, იმას, რომელიც ღმრთისმშობლის უხრწნელი სისხლიდან მიიღო. აგრეთვე, როდესაც უფლის ხორცს ვჭამთ, გამუდმებით ღმრთისმშობლის რძეს ვწოვთ. შესაბამისად, რა მოგვდის? ვხდებით ღმრთისმშობლის ნამდვილი შვილები და ქრისტეს ძმები და მადლით ღმრთის შვილები. ხოლო რადგან ქრისტე გვყავს გამოუთქმელად ჩვენს სულსა და სხეულში, მაშასადამე – რადგან იგი განუყრელია მამისგან – ჩვენში მამაც არის და სული წმიდაც.
თემა: უფალი იესო ქრისტე, ზიარება, ღმრთისმშობელიავტორი: იოსებ ათონელი (ისიხასტი)
წყარო: წერილები და ლექსები
მე მხოლოდ ტაძრების აშენებისთვის ვლოცულობ და არა მათი შემუსვრისათვისო
ამ დროს მეფობდა სისასტიკით ცნობილი იუსტინიანე II (685-695). მან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის სიახლოვეს სასახლის აშენება გადაწყვიტა და კალინიკეს უბრძანა, ამ ტაძრის დანგრევაზე მიეცა კურთხევა. წმიდა მამამ უპასუხა, მე მხოლოდ ტაძრების აშენებისთვის ვლოცულობ და არა მათი შემუსვრისათვისო. როცა საყდარი მაინც დაარღვიეს, ნეტარმა ცრემლებით ღაღად-ჰყო: "დიდება შენდა, უფალო, ყოველთა დამთმენელო!"
მალე იუსტინიანეს ღვთის სასჯელი დაატყდა თავს: იგი ტახტიდან ჩამოაგდეს და გადაასახლეს ხერსონში.
ღვთის წმინდანები ახლობლები არიან მორწმუნეთათვის და ყველაზე გულწრფელი და კეთილი მეგობრების მსგავსად მზად არიან შეეწიონ მორწმუნესა და ღვთისმსახურს, როცა იგი სარწმუნოებითა და სიყვარულით ითხოვს შველას. ამ დროებით სოფელშიაც გვყავს გულშემატკივრები, მაგრამ სანამ მათ ხმას მივაწვდენთ და სანამ ისინი რამეს შეიძლებდნენ, ხშირად კარგა ხანი გადის. სულიერი მეოხების მოსახმობად არც ვინმეს გაგზავნაა საჭირო, და არც ლოდინი: იწყებს თუ არა მორწმუნე ლოცვას, ისინი მაშინვე გულის კართან ჩნდებიან, დაუყოვნებლივ ეძლევა მლოცველს შემწეობა, სულიერს ვგულისხმობ. რასაც ვამბობ, გამოცდილებიდან ვამბობ და ვგულისხმობ იმ ხშირ შეწევნას, რომელიც გაჭირვებისას წმინდანების ქომაგობითა და განსაკუთრებით კი ჩვენი ყოვლადწმინდა დედის, ღვთისმშობლის მეოხებით გვეძლევა განსაკუთრებული განსაცდელების ჟამს. მაგრამ ზოგიერთებმა იქნება თქვან: ეს იმიტომ ხდება, რომ კაცს უბრალოდ სწამს, ან მტკიცედ სჯერა, რომ თავს დააღწევს გასაჭირს და მაინცდამაინც წმინდანების შემწეობას ეს რატომ უნდა მიეწეროსო. ეს ასე არ გახლავთ და აი რატომ: თუ არ შევავედრებ წმინდანს ლოცვისას ჩემს გასაჭირს და თუკი არ ვიხილავ მათ გულის თვალით, რაგინდ მტკიცედაც არ უნდა ვიყო დარწმუნებული, რომ წმინდანების გარეშე, ისედაც მეშველება რამე, ვერანაირ შეღავათს ვერ ვეღირსები. შევიგნე, აშკარად ვგრძნობ, რომ მეოხება წმინდანებისაგან მეძლევა, ცოცხალი რწმენა მაკავშირებს მათთან. ეს საქმე სწორედ ისეთი რიგით მიმდინარეობს, როგორც ნებისმიერი ამსოფლიური საქმე. ჯერ გულის მტკიცე მორწმუნე თვალით ვხედავ ჩემს შემწეებს, მერე, რაკიღა გულით ვხედავ, ძლიერად ვითხოვ შველას. ამ მეოხება-შემწეობას არანაირი გარეგნული ნიშანი არ გააჩნია, მაგრამ უაღრესად საგრძნობია სულისათვის. იქვე მტკიცედ ვრწმუნდები, რომ ეს შემწეობა სწორედ მათგან იყო. ზუსტად ისე, როგორც მავანი ექიმის გულმოდგინებით განკურნებულმა იცის და სჯერა, რომ მისი გამრთელება რაღაც შემთხვევისა ან სხვა ექიმის მკურნალობის შედეგი კი არაა, არამედ მხოლოდ და მხოლოდ და სახელდობრ, იმ მავანი ექიმის დამსახურებაა. ეს ყველაფერი ძალიან უბრალოდ ხდება, თვალია მხოლოდ საჭირო, დაინახო.
როდის უნდა ჩავთვალო ჩემი აზრები გმობად?
-როდესაც გონებაში წარმოგვიდგება ბილწი სურათები ქრისტესთან, ღვთისმშობელთან, წმინდანებთან, საღვთო და წმიდა საგნებთან, თვით ჩვენს სულიერ მოძღვართან დაკავშირებით და სხვა - ამის მსგავსი, ესაა გმობის ზრახვები. ასეთი ზრახვების თქმაც კი არ შეიძლება ვინმესთან.
-არც მოძღვართან?
მოძღვართან საკმარისია თუ იტყვი: "გმობის ზრახვები მაქვს ქრისტეს, ღვთისმშობლის, წმინდანების, ჩემი სულიერი მოძღვრის მიმართ". არცერთი ეს გმობა და ცოდვა ჩვენი არ არის, არამედ ეშმაკისაგან მოდის. ამიტომ სულაც არ არის საჭირო, რომ ეშმაკის ცოდვების გამოც ჩვენ ვწუხდეთ. როდესაც დამწყები ბერი ვიყავი, ეშმაკი რაღაც დროის განმავლობაში მინერგავდა გმობის აზრებს - ეკლესიაშიც კი. ეს მეტისმეტად მაშფოთებდა: ბოროტი გმობის სიტყვებს ჩამაგონებდა წმინდანების მიმართ, იყენებდა ყველა იმ ბილწსიტყვაობას და გინებას, რასაც სხვებისგან ჯარში ყოფნისას ვისმენდი. "ეს ზრახვები ეშმაკისგანაა - მარიგებდა ჩემი მოძღვარი - რადგან ადამიანს ასე აღელვებს გმობის აზრები, რომელიც წმინდანებთან დაკავშირებით მოსდის გონებაში, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ეს აზრები მას კი არ ეკუთვნის, არამედ გარედანაა შემოსული". მაგრამ მაინც ძლაიან ვღელავდი; როცა გმობის აზრები შემომესეოდა, მივდიოდი წმ. იოანე ნათლისმცემლის სამლოცველოში, დავეცემოდი მისი ხატის წინაშე, რომელიც კეთილსურნელებას გამოსცემდა. როდესაც კვლავ ჩნდებოდა მსგავსი აზრები, მე ისევ წინამობედის ეკვდერში ვისწრაფოდი და ხატისაგან კვლავ კეთილსურნელება გამოდიოდა. ერთხელ საღვთო ლიტურღიის აღსრულებისას, ეკვდერში ვლოცულობდი, როდესაც მგალობლებმა "წმიდაო ღმერთო" წამოიწყეს, ჩემი ადგილიდან მეც ჩუმი ხმით ავყევი მათ, უეცრად დავინახე, რომ მთავარი ტაძრის კარიდან როგორ ცდილობდა ეკვდერში შემოვარდნას უზარმაზარი, საშინელი ძაღლისთავიანი მხეცი. ურჩხულმა შემომხედა, და როდესაც ნახა, რომ "წმიდაო ღმერთოს" ვგალობდი, ორჯერ ბოროტად დამემუქრა თათით. მე მგალობელ ბერებს შევხედე, ვიფიქრე, რომ შესაძლოა, იმათაც დაინახეს მხეცი, არა! არავის არაფერი შეუმჩნევია... შემდეგ მომხდარის შესახებ მოძღვარს ვუამბე, "მაშ ნახე, ვინ ყოფილა ეს? - მომიგო მან - ეს სწორედ ისაა, ახლა დამშვიდდი?"
თემა: გმობის აზრები, ზრახვები, გულისსიტყვებიავტორი: ბერი პაისი მთაწმინდელი
წყარო: წყარო სულიერი ბრძოლა
მნებავს არა იგი, რათა მიცავდეთ თქვენ, არამედ თვით მე გფარვიდეთ
ზღვიდან გამოსვენებული ხატი ივერთა მონასტრის საკურთხეველში შეასვენეს. მეორე დილით კანდელის ასანთებად მისულ ბერს ღვთისმშობლის ხატი იქ აღარ დახვდა. შეშინებულმა მამებმა ხატი მონასტრის კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს, ჩამოაბრძანეს და ისევ საკურთხეველში შეასვენეს. ასე განმეორდა რამდენჯერმე. ყოვლადწმიდა ქალწული გამოეცხადა წმიდა გაბრიელს და უთხრა: "გამოუცხადე ძმათა, რათა ამიერიდან უმეტეს არღარა განმხდიდნენ მე, რამეთუ მე მნებავს არა იგი, რათა მიცავდეთ თქვენ, არამედ რათა თვით მე გფარვიდეთ თქვენ, არა მხოლოდ ამა ცხოვრებასა შინა, არამედ მომავალსაცა და ვიდრემდე იხილვებოდეს სავანესა ამას შინა ხატი ჩემი, არა მოგაკლდეს თქუენ მადლი და წყალობა ძისა ჩემისა".
ბერები გამოუთქმელი სიხარულით აღივსნენ, იქვე ააგეს პატარა ტაძარი სადიდებლად ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა და საკვირველთმოქმედი ხატი შიგ დაასვენეს.
ღირსი იოანე ზედაზნელის და მისი 12 მოწაფის საქართველოში შემოსვლა
ერთხელ ღირს იოანეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, მოწაფეთა შორის თორმეტი ბერი აერჩია და მათთან ერთად საქართველოში წასულიყო, რათა ქრისტეს სჯული განემტკიცებინა. წმიდა იოანემ ღვთისმშობლის ბრძანება თავის მოწაფეებს გამოუცხადა. ხანგრძლივი მარხვისა და ლოცვის შემდეგ ღვთის მინიშნებით მოწაფეთაგან თორმეტი გამოარჩია: შიო, დავითი, ანტონი, ისე, იოსები, თადეოზი, სტეფანე, ისიდორე, მიქაელი, პიროსი, ზენონი და აბიბოსი. უდაბნოში დარჩენილებს თავის ნაცვლად მოძღვრად ბერი ექვთიმე დაუტოვა, თვითონ კი ძმებთან ერთად საქართველოში წამოვიდა.
საქართველოს მეფეს და კათოლიკოსს ანგელოზისგან ეუწყათ შუამდინარეთს აღმობრწყინებულ წმიდა მამათა საქართველოში მობრძანების შესახებ. მცხეთას მოახლოებულ მამებს წინ მიეგებნენ მეფე ფარსმანი და კათოლიკოსი ევლავიოსი კრებულითურთ.
საერთოდ, გაზეთში ხატის დაბეჭდვა არ შეიძლება, მაგრამ თუ მაინც დაიბეჭდა, მოვერიდოთ უწმინდურ ადგილას შეტანას. ნურც წმიდა ტაძარში შევიტანთ გაზეთს, რომელშიც გარყვნილი სიტყვები წერია, ეს სიბინძურე, როგორც სიმყრალე, ისე ადის უფლის ტახტამდე.
ღმრთისმშობლის ბრძანებით 12 ასურელი მამა საქადაგებლად სხვადასხვა მხარეს განაწილდა
ერთ ღამეს წმიდა იოანეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, თავისი მოწაფეები სხვადასხვა მხარეს გაეგზავნა საქადაგებლად. მეორე დღეს მან შეკრიბა ისინი, უამბო, რაც იხილა და უთხრა: "სარგებლისათვის ამის ქუეყანისა წარმოგუავლინნა უფალმან ღმერთმან ჩუენმან იესუ ქრიტემან, რამეთუ ახალ ნერგ არიან კაცნი ესე ამის სოფლისანი, ამისათჳსცა ჯერ არს, რაჲთა წარხჳდეთ კაცად-კაცადი და განამტკიცებდეთ ძმათა, რომელთა აღუარებიეს ქრისტე, უფალი ჩუენი".
მხოლოდ გაბრიელ ქართველმა შეძლო ხატთან მიახლოება
ერთხელ, საღამოს, ათონელმა ბერებმა ზღვაზე ნათელი სვეტი იხილეს. ეს ხილვა რამდენიმე დღეს გაგრძელდა. წმიდა მთის მამები შეიკრიბნენ, ზღვის ნაპირზე ჩავიდნენ და ნახეს, რომ ზეციური ნათელი ღვთისმშობლის ხატს ადგა. მამები ნავით შევიდნენ ზღვაში, მაგრამ როცა მიუახლოვდნენ, "შორს ივლტოდის ბრწყინვალება იგი მათგან და იყვნენ მჭმუნვარე ამისთვის". ბერები ლოცვად დადგნენ და უფალს შეჰღაღადეს, გამოეცხადებინა თავისი წმიდა ნება. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა მამებს და აუწყა, რომ მხოლოდ გაბრიელ ქართველი იყო ღირსი მისი წმიდა ხატის გამოყვანებისა, იმავდროულად იგი გამოეცხადა ღვთისმოშიშ ბერს და უთხრა: "შემოდი ზღვაში, ტალღებზე რწმენით გაიარე და ყველა იხილავს ჩემს სიყვარულს და წყალობას თქვენი სავანისადმი".
მამები მივიდნენ ივერთა მონასტერში, მოიკითხეს და მოძებნეს მთაში დაყუდებული მონაზონი. ბერებმა წმიდა მამა ზღვაში შეუშვეს. ცეცხლმნთებარე ხატიც მიუახლოვდა წმიდა გაბრიელს. მან წმიდა ხატი გულზე მიიქვა, ფეხით გაიარა ტალღებზე და სიწმინდე ნაპირზე გამოაბრძანა. იმ ადგილას, სადაც ხატი დაასვენეს, მაკურნებელმა წყარომ ამოხეთქა, რომელიც დღემდე აგრილებს სიცხისგან დაღლილ ბერებს და მლოცველებს.
ეს სასწაული აღესრულა ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს.