ადამიანი - ციტატები, გამონათქვამები
ადამიანი - ციტატები, გამონათქვამები ადამიანი, გამონათქვამები, ციტატები
მედიდურობა მხოლოდ ყვრიმლისცემით და დაცემით მდაბლდება.
ბუნების გავლენა ადამიანზე
როდესაც შემოქმედმა თიხა შექმნა, მასალად [ბუნების] ოთხი ელემენტი გამოიყენა: მშრალი, სველი, ცხელი და ცივი. შესაბამისად, ყოველ წუთს იძულებით მიჰყვება ამ ელემენტების ცვალებადობას: შრება, სველდება, ცხელდება, ცივდება. ხოლო თუ რომელიმე ელემენტის თვისება იმატებს, სხეული სნეულდება და შედეგად სულიც იტანჯება. გონებას აღარ შეუძლია თავისი გონებრივი ფუნქციები აამოძრაოს, რადგან სხეულთან ერთად კოჭლობს. მზის სიცხის გამო სხეული გამოშრება — გამოშრება გონებაც. როცა წვიმს, სხეული სველდება და მოდუნდება – გონებაც დუნდება. თუ ქარი უბერავს, სხეული ცივდება და ნაღველს მეტად გამოყოფს – ბნელდება გონება და ფანტაზია-წარმოსახვები ჭარბობს.
ვინ ხარ, ადამიანო, რომ ტრაბახობ და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა გაქვს?
აჰა, ერთი უხილავი მიკრობი შეგეყრება და მაშინვე სნეულდები, უძლურდები და საფლავში ჩადიხარ. ამპარტავანო მოკვდავო, ხომ ხედავ, უცნობ ქვეყანაში შენს წასაყვანად სიკვდილი მოდის და მას ყოველგვარი შეპასუხების გარეშე ემორჩილები. განა შეგწევს ძალა უარყო, წინ აღუდგე, გაექცე იმას, რაც ამ საშინელ ჟამს ხდება? არა! უკიდურესი უძლურება! მაშინ რას იქადი, თიხის ადამიანო, უუნარო, საწყალობელო და უვარგისო? რა გაბადია, რაც ღმერთს არ მოუცია შენთვის? განა, როცა მოისურვებს, არ წაგართმევს? თუ ხვდები, რომ ასეა, ქედი მოიდრიკე, დამდაბლდი და ცხონდები.
როცა ადამიანი სათანადოდ შეინანებს, სინდისი წყვეტს მხილებას
შეუძლებელია ადამიანმა ცხოვრების გზა ისე განვლოს, რომ სადმე არ წაიბორძიკოს. ადამიანი მისთვის დამახასიათებელი უყურადღებობის გამო ბორძიკობს, რადგან, ერთი მხრივ ეშმაკი, მეორე მხრივ ხორცი, სხვა მხრიდან კი სოფელი მუდმივ დაბრკოლებებს უქმნიან ცხოვრებაში. ამიტომ, როცა დაეცემა, მაშინვე უნდა წამოდგეს და შენდობა ითხოვოს. როცა ადამიანი სათანადოდ შეინანებს, მაშინ სინდისიც, რომელიც აქამდე აწუხებდა, შეწყვეტს მხილებას.
ადამიანი უნებისყოფო, სუსტი, მერყევი და ცვალებადია. ის იოლად ეცემა. უფალმა ეს იცის, რადგან მან შეგქმნა, მან გაქცია ადამიანად. მაგრამ, ამავე დროს, სინანულის ნიჭიც მოგცა და წამოდგომის ძალასაც გიბოძებს. რატომ არ იქცევი ასე? როცა უფალი სინდისით გამხელს და წმინდა წერილით მოგიწოდებს შეინანო, შენ კი უარს ამბობ, მაშინ განკითხვა და სასჯელი იწყება.
ამის გამო კაცი გამოუთქმელ სიხარულს, სიტკბოებასა და მხიარულებას შეიგრძნობს
ღმერთი უსაზღვრო გონია, ადამიანური გონება კი შეზღუდულია. როცა ადამიანის პატარა გონება გონიერი ლოცვით უსაზღვრო გონებას – ღმერთს – უერთდება, ის ღვთაებრივ და ნეტარ ენერგიას ეზიარება და თვითონაც ნეტარი ხდება. ამის გამო კაცი გამოუთქმელ სიხარულს, სიტკბოებასა და მხიარულებას შეიგრძნობს, უტკბესი ცრემლები კი მის სულს ათბობს და ღვთაებრივი ნუგეშით აღავსებს.
ადამიანის ბუნებაში არსებული ყველა სამწუხარო მოვლენა იმ დაცემის ნაყოფია, რამაც თავდაპირველი უკვდავებიდან ადამიანი მოკვდავად აქცია. ღმერთკაცი იესოს გამომხსნელმა მსხვერპლმა ადამიანში არსებული ცოდვის სჯული განზრახ არ გააუქმა მისი განსწავლისა და სხვა მრავალი მაცხონებელი მიზეზის გამო, ამ გზით ადამიანი საუკუნო სიკეთეთა ბრძენ მემკვიდრედ რომ ექცია.