წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
ქალის ბუნება მამაკაცისაგან უმთავრესად იმით განსხვავდება, რომ იგი უმატესად გულითა და გრძნობით ცხოვრობს, ხოლო მამაკაცი - გონებით. ქალი მაშინაა კმაყოფილი და ბედნიერი, როცა ქმრის, ძმისა და თუ სხვა მახლობელის მიმართ უხვად იღებს სიყვარულს, ანუ როცა სხვას აბედნიერებს. ღმერთმა მას მამაკაცისაგან განსხვავებული თვისებანი იმიტომ მისცა, რომ მოვალეობაც განსხვავებული აქვს. ძველებური აღზრდა ქალს სწორედ თავისი მოვალეობის, დანიშნულების აღსრულებისათვის ამზადებდა. პირველ რიგში, გასაოცარი იყო სიყვარული და ერთობა ქალისა ქმრისადმი იმ შემთხვევაშიც კი, როცა ქმარი უღირსი იყო. დღეს შინიდან გამოსული და განათლებული ქალი ხშირად შეურაცხყოფს მეუღლეს, თუ იგი ქცევითა და ღირსებით მასზე ნაკლებია. მეორე - ასევე გასაოცარი და საკვირველი იყო ძველ წესზე აღზრდილი ქალების თავშეწირული სიყვარული შვილებისადმი. მათი მესამე ღირსება სიმდაბლე და სიმშვიდე იყო. ზოგიერთები იმდენად თავმდაბალნი იყვნენ, თუმცა მთელ სიცოცხლეს მახლობელ და საყვარელ ადამიანებს სწირავდნენ, ამაში ვერაფერ განსაკუთრებულსა და უჩვეულოს ვერ ხედავდნენ. ამას ემატებოდა მათი დაუცხრომელი შრომა და დაუძინებელი ზრუნვა ოჯახისათვის. მსგავსად დაუღალავი ფუტკრისა.
რა დაუფასებელი საუნჯე იქნება საზოგადოებისათვის ის ქალი, რომელშიც ძველებური აღზრდის ეს საყვარელი თვისებანი სწავლა-განათლებასთან იქნება შერწყმული. ხოლო თუ ქალებმა ნაცვლად ზემოთჩამოთვლილი თვისებებისა, დაფანტული ცხოვრება, განცხრომა, თავის მოწონება და გარეგნული შემკობა შეიყვარეს, ეს ფრიად სამწუხარო და ჩვენი ერის მომავლისათვის ფრიად მავნებელი აღმოჩნდება.
ზოგიერთ ქალს ჰგონია, რომ ოჯახის რჩენა მხოლოდ მამაკაცის მოვალეობას წარმოადგენს. ეს შეხედულება უმართებულოა. დიდად საქები და მადლიანია ის ქალი, რომელიც თავისი შრომით შეეწევა ქმარს ოჯახისა და შვილების რჩენაში. ბრძენი სოლომონის სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ მხნე ქალი გვირგვინია ღმრთისა, ქალი, რომელიც სიზარმაცითა და უსარგებლო სამკაულების სიყვარულით გამოირჩევა, ქმრისთვის ყელზე ჩამოკიდებული ლოდია, რომელიც აღრჩობს მას.
დროთა განმავლობაში სახე იცვალა აღზრდამ, მდგომარეობამ და ყოფაქცევამ ქალისა. ადრე უმეტესწილად აღზრდა ქალისა შინაური იყო, შინ ხდებოდა. დედ-მამის ზედამხედველობის ქვეშ. იგი სწავლობდა საღმრთო წერილს, დავითნსა და ჟამნს, საეკლესიო გალობას, შინაურ საქმეებს. ასე რომ, მათ მომავალი ცხოვრებისათვის კეთილგონივრულად ამზადებდნენ, ე.ი. წინასწარ აჩვევდნენ იმას, რაც მომავალ ცხოვრებაში ელოდებოდათ.
ბოროტი დედაკაცის ქმარს პირი მჭმუნვარე აქვს და გული დაწყლულებული, ხოლო კეთილი ქალის ქმარი მხიარულია და დიდხანს ცოცხლობს ქვეყანაზე. როგორც ძველ, ისე ახალ აღთქმაშიც დედაკაცის მორცხვობა, მდუმარება, კეთილობა, მყუდროება, ოჯახის მურნეობა და ოჯახზე მზრუნველობა ყოველთვისმოსაწონი იყო. ქრისტიანი ქალის მნიშვნელობა ის არის, რომ სიწმინდის, პატიოსნებისა და ზნეობის მცველი, განმამტკიცებელი, გამავრცელებელი და ქრისტიანული ცოლ-ქმრობის, მამა-შვილობის, ოჯახური ცხოვრების დამყარებული და ამღორძინებელი იყოს.