ადამიანი - ციტატები, გამონათქვამები
ადამიანი - ციტატები, გამონათქვამები ადამიანი, გამონათქვამები, ციტატები
ადამიანი სამოთხიდან გამოაძევეს და გადასახლებაში ამოყო თავი
ვინც უკეთ ხედავს და ნაკლებად დაბნელებულია, უნდა აპატიოს და თანაუგრძნოს ერთსულ, ერთარსება მოყვასს, თავის ძმობილს. ღმერთს ხომ კაცი თავდაპირველად იმისთვის არ შეუქმნია, რომ ასე იტანჯოს და იწვალოს, არამედ ანგელოზთა მსგავსად შექმნა, ოდნავ განსხვავდებოდა ანგელოზებისგან. ედემის სამოთხეც რომ შექმნა, სწორედ კაცი დაადგინა იქაურ მეფედ, რათა თავისი ნებით, არჩევნითა და თვით ხელმწიფებით წარემართა [თავისი ცხოვრება], ხოლო შეზღუდული მხოლოდ ერთი მცნებით იყო, ესეც, რათა გამოჩენილიყო, რომ სხვის, აღმატებულის მიერ იმართება. ის კი ეშმაკმა შეაცდინა და ღმერთის თანასწორობა მოანდომა, რის გამოც სამოთხიდან გამოაძევეს და ამ გადასახლებაში ამოყო თავი, სადაც ტკივილი და ეკალ-ბარდის მომკა განუწესა ღმერთმა მთელი ცხოვრება.
თიხა თვლის, რომ თიხაზე ბრძენია
თიხა ვართ და გვავიწყდება. თიხა თიხას ჰპარავს, თიხა თიხას ლანძღავს, თიხა თიხას ცილს სწამებს, თიხა თიხაზე თავს იმაღლებს, თიხა თიხას ამდიდრებს, თიხა თიხაზე უფროსობს, თიხა თიხას სცემს, თიხა თიხას ციხეში ამწყვდევს. ზოგადად, თიხა თვლის, რომ თიხაზე ბრძენი, ძლიერი, მდიდარი, კეთილშობილი, პატიოსანია, რადგან თავისი არსების უმეცარი და უგნურია – არ იცის, საიდან სად აღმოჩნდა, როგორ დაიბადა, რა დანიშნულება აქვს, სად დაასრულებს ყველაფერს, რა ელის შემდეგ. რადგან ეს ყველაფერი დავიწყებამ და უმეცრებამ ჩანთქა და [სულიერი] უგრძნობლობის ქაოსში ჩავცვივდით, ამიტომაც სააქაოშიც ვიტანჯებით და საიქიოშიც.
ცოდვით დაცემის შემდგომ ადამიანებში გაჩნდა ბედნიერებისა და სიამოვნების მიღების სხვადასხვაგვარი მოთხოვნილებანი, რაც დროთა განმავლობაში იცვლებოდა, თუმცა უმთავრესი ყოველთვის მაინც იყო სიმდიდრის დაგროვების სურვილი, პატივმოყვარეობა, სიამეთმოყვარეობა, თანამდებობისკენ სწრაფვა, აზარტული თამაშობანი, მრუშობა, სასმლით ან ნარკოტიკით გატაცება და ა.შ. ამგვარ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება არათუ მარადიულ ნეტარებას ანიჭებს ადამიანს, არამედ ამქვეყნადვე, წუთიერი სიამოვნებების ნაცვლად, სხეულისა და სულის უმძიმეს დაავადებებს იწვევს.
45. ყოვლადკმაყოფილმა ღმერთმა ქმნილებანი არმყოფობიდან ყოფად მოიყვანა არა იმიტომ, რომ რატომღაც ეს მისთვის საჭირო იყო, არამედ იმისთვის, რომ ისინი, თავიანთი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ღვთიური ნეტარების თანაზიარნი ყოფილიყვნენ და გაეხარათ. თავად ღმერთი ხარობდა თავის საქმეთა გამო, რადგან მათ მხიარულებსა და სიხარულით აღუვსებელთ []ხედავდა.
32. წმიდა ძალნი ერთმანეთისადმი განათლების გადაცემით ადამიანის ბუნებასაც გადასცემენ მათში არსებულ სიკეთესა და ცოდნას. სიკეთეში უგულისხმება ღმერთს მიმსგავსებული სიკეთე, რომლითაც თავის თავსაც სიკეთეს უყოფენ, ერთმანეთსაც და მათზე მდაბალ არსებებსაც, რითაც მათ ღვთივსათნოს ხდიან; ცოდნას კი იმისას გადასცემენ, რომ ღმერთი უზენაესია, რამეთუ "შენ, - ამბობს წინასწარმეტყველი, - უფალო უკუნისამდე ჰგიე" (ფს.91, 9). ისინი ან ხორციელ არსებათა შესახებ ასწავლიან რაღაც უღრმესს, ან უხორცო არსებათა შესახებ რაღაც უზუსტესს, ან განგების შესახებ რაღაც უცხადესს, ან სამსჯავროს შესახებ უგარკვეულესს.
31. სულიერ ძალთა შორის ზოგი მასაზრდოებელი და მზრდელია, ზოგი - წარმომსახველი და განმზრახველი. ბოლოს, ზოგი - გონიერი და მოაზროვნე. პირველ მათგანს მცენარეები მიეკუთვნება, მეორეს პირველთან ერთად, ცხოველები, ხოლო მესამეს, პირველ ორთან ერთად, - ადამიანი, პირველი ორი ძალა ხრწნადია, ხოლო მესამე -უხრწნელი და უკვდავი.
29. ყველა ქმნილება ან გონიერი და ჭკვიანია და თავის თავში გააჩნია საპირისპირო, ე.ი. სიკეთე და ბოროტება, ცოდნა და უმეცრება, ან სხვადასხვა სხეულის მქონეა, ისეთი საპირისპირო შედგენილობით, როგორიცაა: მიწა, ჰაერი, ცეცხლი და წყალი. პირველი სრულიად უსხეულო და არანივთიერია, თუმცა კი ზოგი მათგანი სხეულს უკავშირდება, მეორე კი მხოლოდ ნივთიერებებისა და გარეგნული სახისაგან შედგება.
28. ელინები ვარაუდობდნენ რა, რომ ქმნილებათა ბუნება დასაბამიდან ღმერთთან იყო და რომ მათ ღვთისაგან მხოლოდ თავიანთი თვისებები მიიღეს, ამბობდნენ, რომ ქმნილებათა ბუნებას არაფერი გააჩნია საპირისპირო, არამედ საპირისპირო მხოლოდ მათ თვისებებშია. მაგრამ ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ერთ მთლიან ღვთიურ ბუნებას, როგორც მარადიულს, უკიდეგანოსა და ყველა სხვა არსებისათვის მარადისობის მიმინჭებელს, არაფერი გააჩნია საპირისპირო. ქმნილებათა ბუნებას კი არყოფნა უპირისპირდება და მათი მარადიულობა ან არყოფნა თვით ღვთის ნებაზეა დამოკიდებული. მაგრამ რადგანაც ღვთის მადლი უცვალებელი და მოუშლელია, ამიტომ ქმნილება, როგორიც ყოველთვის იყო, ისეთივე იქნება, თუმცა კი, მას მომავალი ყოვლისმპყრობელი ძალით მოსილს, როგორც ითქვა, გააჩნია თავისი საპირისპირო - არყოფნა, რადგან ღვთის მიერ არყოფნიდან ყოფნადაა მოყვანილი და ღვთისავე ნებაა, იარსებებს თუ არა იგი.
27. ღმერთს, როგორც თავისთავად არსებულს, თავისთავად კეთილსა და ბრძენს, ანდა უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, როგორც ყველაზე უზენაეს არსებას, არაფერი გააჩნია საპირისპირო. მაგრამ ქმნილებებს, როგორც მხოლოდ თანაზიარობითა და მადლის წყალობით არსებულთ, თვით ყველაზე გონიერთ და სიკეთისა და სიბრძნის მადლის მქონეთაც კი, გააჩნია საპირისპირო, კერძოდ, ყოფნა და არყოფნა, სიკეთისა და სიბრძნის ნიჭი და ბოროტება და უმეცრება. მათი მარადიულობა და არყოფნა შემოქმედს ხელეწიფება, ხოლო ღვთის მადლისა და სიბრძნის თანაზიარობა და არათანაზიარობა გონიერ ქმნილებათა ნებაზეა დამოკიდებული.