დავითს ჰქონდა დიდი შეცდომებიც, მაგრამ ჰქონდა გულმხურვალე, გულწრფელი, სულისშემძვრელი სინანული და ეს განცდა იმდენად ძლიერი იყო მასში, რომ სჭარბობდა ცოდვათა სიმძიმეს და მაგალითი გახდა დაცემულთა წამოდგომისა. თავმდაბლობისა და გულშემუსვრილობის გამო მიეცა მას წინასწარმეტყველების მადლი და უფალთან პირდაპირი საუბრის ძალმოსილება, რითაც იქცა მეფობის, ღვთისმსახურებისა და წინასწარმეტყველების ნიჭთა შემომკრებად. ამ თვისებათა გამო დაფასდა დავითი ღვთის თვალში.
მათთვის, ვინც ღირსეულად მოემზადება, შიშით, ღრმა და ჭეშმარიტი სინანულით მიიღებს იესოს ხორცსა და სისხლს, ეს სიწმიდე იქნება განმწმენდელი ცეცხლი, გარდამქმნელი და აღმადგინებელი სულისა.
მეძავიც, ქურდიც, ამპარტავანიც, მოშურნეც, ლოთიც, შეურაცხმყოფელიც და მოძალადეც... გულწრფელი სინანულით, აღსარებითა და ზიარებით მთელ ჭუჭყს იცილებს და ბოროტებას ასამარებს.
სინანული არის სინდისის განმწმენდელი და აღმადგინებელი ძალა, სულიერი სიმშვიდის მომნიჭებელი და სასწაულთმოქმედების უნარის მქონე მადლი, ღვთის მოწყალების გამღები ერთადერთი კარი.
გავიხსენოთ მეზვერე ზაქე წმინდა სახარებიდან. უფალთან შეხვედრამ იგი ისე შეცვალა, რომ უფალს აღუთქვა, მებაჟეობისას ხალხისგან უსამართლოდ წართმეულ ზედმეტს ოთხწილად დაუბრუნებდა უკან ყველას, რადგან იგრძნო თავისი დანაშაულის სიმძიმე. ღმერთს უყვარს გულწრფელად მონანული ასეთი ადამიანი; უყვარს იმდენად, რომ მისი მოწყალება ფარავს ყველაზე დიდ და მძიმე ცოდვებსაც.