მტრობა - ციტატები, გამონათქვამები
მტრობა - ციტატები, გამონათქვამები მტრობა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
უნდა ვიცოდეთ, რომ სიყვარული არ ნიშნავს უმოქმედობას, რომ ჩვენ ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ ღირსების დაცვა და პატივმოყვარეობა, თავდაცვა და ძალადობა, სიმართლის თქმა და განკითხვა, მხილება და დაბეზღება, დათმენა და სისუსტე.
შეუძლებელია, შენი სახელმწიფოს მტრების მიმართ იყო გულგრილი და არ დაიცვა ქვეყანა, მისი წარსული და მომავალი როგორც სიტყვით, ისე ფიზიკურადაც.
შეუძლებელია, სიწმინდის ტოლფასად ცოდვის აღიარებას გაიძულებდნენ და ეს დაუშვა.
შეუძლებელია, მეგობარს, ზოგადად ადამიანს სასიკვდილოდ იმეტებდნენ, ან თუნდაც... უსამართლოდ ეპყრობოდნენ და თანადგომა არ გაუწიო მას.
უკიდურესობები არაფერში არ ვარგა, მით უმეტეს, აზროვნებაში. ამ სფეროში უკიდურესობებს მივყავართ ან ფანატიზმამდე, ან ფსევდო-ლიბერალიზმამდე. ორივე გადახვევაა ჭეშმარიტებიდან და, ამდენად, მიუღებელიც.
ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის მტერი არ არსებობს?
- მტერი არსებობს და მისი სახელი არის ბოროტი სული, ეშმაკი, რომელიც თავისი მიზნების განსახორციელებლად იყენებს ცალკეულ პიროვნებებს, განსაკუთრებით ურწმუნოთ. აი, ვინ უნდა გვძულდეს და მოვიძაგოთ. მისი გავლენის ქვეშ მოქცეული ადამიანები კი, - გვიყვარდეს და გვებრალებოდეს, როგორც სნეულნი და ვეცადოთ, ვუმკურნალოთ მათს წყლულებს.
- ცოდვა, რა თქმა უნდა, არ არის ის, თუ ასეთ დამნაშავეს სამართლებრივ ფარგლებში პასუხს მოთხოვ, მაგრამ ეს ურთიერთობის შედარებით დაბალი დონეა.
საერთოდ კი, შენ უნდა მოინდომო, მას აუხსნა საქმის რეალური ვითარება, რომ გაღიზიანება დაიძლიოს; მაგრამ თუ ეს ქმედება ამაო გამოდგა, იგივე ახლა სხვათა საშუალებით გააკეთე; ხოლო თუ შედეგი ამ შემეთხვევაშიც ვერ მიიღე, ეცადე ღვთის სადიდებელად დაითმინო ცილისწამება, რითაც შენს სხვა მრავალ ცოდვას აღხოცავ და სულიერადაც ამაღლდები; მაშინ "მტრის" შხამიანი ქმედებების მიღმა დაინახავ, რომ შენი შეურაცხმყოფელი, ფაქტობრივად, თავისი ნებით წირავს თავს შენი განწმენდისათვის და ამასთან, უღირსი საქციელის გამო, საკუთარ თავს გაუცნობიერებლად, ღვთის რისხვას უმზადებს.
განა რა უნდა იყოს ამაზე მეტი სასჯელი მისთვის! შენ კი, თუ გონიერი ხარ, ასეთ პიროვნებაში დიდ კეთილისმყოფელს აღმოაჩენ, შეიბრალებ და შეიყვარებ მას.
ასე რომ, ჩვენი პირადი მტრის შეყვარება შესაძლებელია!
რაც შეეხება მტერთან მიმართებაში ჩვენს დამოკიდებულებას, აქ განვითარების ოთხი საფეხური არსებობს: პირველი - შეურაცხმყოფელს შენც სათანადო პასუხს სცემ (რაც ძველაღთქმისეული ანგარიშსწორებაა, - "კბილი კბილისა წილ" და ახალი აღთქმისთვის მიუღებელია); მეორე - მოყენებული გულისტკივილისათვის სამაგიეროს არ მიაგებ, მაგრამ შინაგანად მრისხანებ; მესამე - დამცირებას უდრტვინველად იტან; მეოთხე - შენს მიმართ ჩადენილ უსამართლობას აღიქვამ, როგორც შენს სხვა ცოდვათა გამოსასყიდს, მადლიერი ხარ უფლისა და შინაგანად ხარობ. დაფიქრდი რომელ საფეხურზე დგახარ და მიხვდები როგორი ქრისტიანი ხარ.
არიან პიროვნებანი, ბოროტის ქმნის სურვილით შეპყრობილნი, ღვარძლით აღვსილნი, რომელნიც ირგვლივ სიძულვილს თესენ, და სხვაშიც მხოლოდ ბოროტებას ხედავენ. გავიხსენოთ ერთდროს კეთილი მეფე საული, შურის და ეჭვის ნიადაგზე ისე დაეცა, წმ. დავით წინასწარმეტყველის მოკვლა სურდა, თუმც მხოლოდ მისი ფსალმუნები კურნავდა მის სულს.
ასეთი ადამიანები სიყვარულის ნაკლულევანების გამო იტანჯებიან. მათ, მართალია, ხშირად მწუხარება მოაქვთ მოყვასისათვის, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც საკუთარ თავს მტრობენ, რადგან სულიერი სიხარულისთვის სიცოცხლეშივე მკვდარნი არიან, იმქვეყნად კი უცილობელ სატანჯველს იმზადებენ.