ცოდვა და სიკვდილი - ციტატები, გამონათქვამები
ცოდვა და სიკვდილი - ციტატები, გამონათქვამები ცოდვა და სიკვდილი, გამონათქვამები, ციტატები
ბოროტებას შესაბამისი ბოროტი შედეგი მოჰყვება. ცოდვის შედეგია ღვთისგან განდგომა, სიყვარულის, მშვიდობისა და ბედნიერების დაკარგვა, სულიერი სიღატაკე, სიკვდილი... "ცოდვაჲ სოფლად შემოჴდა და ცოდვისა ძლით სიკუდილი" (რომ. 5, 12).
სიკეთის მოკლებით გაჩენილ ცოდვათა ერთობლიობა არის ადამიანის ბუნების დაცემული მდგომარეობა, რომელსაც შედეგად მოჰყვა სიკვდილი. ყოველივე ეს კი ათასწლეულების მანძილზე იმემკვიდრა კაცთა მოდგმამ.
ვინც ხორციელ ვნებებსა და გულისთქმებს ღვთის მადლით დასთრგუნავს და თავის სულში ახალ ადამს ააღორძინებს, განთავისუფლდება ცოდვის ხრწნილებისაგან, სიკვდილის მონობისა და შიშისაგან.
ღმერთმა ადამიანს მიანიჭა უკვდავება და ამავე დროს - თავისუფალი ნება. არჩევანი ჩვენზეა, რას მივყვებით: სიმართლის საქმეთ - სიწმიდეს, თუ ცოდვის გზას - სიკვდილს?
განახლებული ცხოვრება კი დედამიწაზევე უნდა დავიწყოთ, რომ „სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში ცოდვისა და სიკვდილის რჯულისგან განგვათავისუფლოს“ (რომ. 8, 2).
ცოდვის საშიშროება მუდმივად არსებობს. იგი ჩასაფრებული კართან გვიცდის, როგორც მრისხანე გაფრთხილება სიკვდილისა, ამიტომაც სიფხიზლის მოდუნება არავის ჰმართებს.
ზიარებით, ისევე როგორც აღსარებით, მივეახლებით ცოდვაზე და სიკვდილზე უძლიერეს, მარადიულ და ყოვლის მომცველ სიყვარულს ღვთისას.
სიკვდილი შედეგია ცოდვისა და ისინი ერთმანეთის გარეშე არ არსებობენ; ხოლო ვინაიდან მაცხოვარი უცოდველი იყო, მას ვერც სიკვდილი დაეუფლა და ვერც ჯოჯოხეთი; პირიქით, ორივე იძლია და განქარდა.