სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები
სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები
სიყვარულით შეერთებული ღვთაებრივი სამკუთხედი
ადამიანებს სხვადასხვა ხასიათი, გემოვნება და მოთხოვნილება აქვთ: ის, რაც ერთისთვის ცხოვრების მთავარი მიზანია, მეორესთვის - ნაკლებად მნიშვნელოვანია და პირიქით. მაგრამ არის რაღაცა, რაც მატერიის საზღვრებს სცილდება, რაც ყველა ადამიანს ესოდენ სურს, თუნდაც ამას აშკარად არ ამხელდეს და ეს მისი გულის საიდუმლო იყოს. ის, რაც ყოველ კაცს ასე სჭირდება - სიყვარულია. სიყვარულია სწორედ ის გრძნობა, იდუმალი და საოცარი, რომლის კალთაშიც სულის გათბობა ყოველ ჩვენთაგანს, მკვლელიც რომ იყოს, ასე სწყურია. ადამიანის ღვთისადმი სიყვარული - მისი უმაღლესი ფორმაა. ყველაზე სრულყოფილად და უშუალოდ ეს გრძნობა ბერმონაზვნობაში ვლინდება, სადაც ღვთისადმი სიყვარული მთელი მიწიერი ცხოვრების ქვაკუთხედია. ამ სიყვარულმა არ იცის არც გაყალბება, არც ღალატი, თუმცა ბევრს ითხოვს, მაგრამ სანაცვლოდაც უხვად იძლევა.
ის, ვისაც სწორად სწამს და აღიარებს წმიდა სამებას, ვინც მიიღო საიდუმლო ნათლისღებისა, ვინც შეერთებულია ღმერთთან და მოყვასთან სიყვარულით, ემორჩილება და აღიარებს სჯულის კანონებს, ვინც ეზიარება ტაძარში შესრულებულ წმიდათა საიდუმლოთა, რომელნიც სამღვდელოების მიერ წმიდა მოციქულთაგან მიღებული მადლით აღესრულებიან.
მხოლოდ ასეთ გულში დაივანებს უფალი
გსურს უფალთან შეხვედრა, მასთან ყოფნა? მაშ, შეიყვარე „ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა... და შეიყუარე მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი“ (მთ. 22, 37–39), რადგანაც მხოლოდ ასეთ გულში დაივანებს უფალი, ოდენ აქ პოვებს იგი სულს, რომელიც მას სიყვარულით ენათესავება.
„უკუეთუ ვინმე თქუას, ვითარმედ მიყუარს ღმერთი და ძმაჲ თჳსი სძულდეს, მტყუარ არს, რამეთუ რომელსა არა უყუარდეს ძმაჲ თჳსი, რომელი იხილა, ღმერთი, რომელი არა უხილავს, ვითარ ძალ-უც შეყუარებად?“ (1 ინ. 4, 20), - გვასწავლის იოანე ღვთისმეტყველი. მოყვასში, ანუ საერთოდ ადამიანში, უპირველეს ყოვლისა, ღვთის ხატება უნდა დავინახოთ, როგორც წარუხოცელი ბეჭედი ღვთის ძეობისა, უნდა დავინახოთ უნარი ღვთისადმი მიმსგავსებისა.
ჩვენ რაღას შევთავაზებთ ახლადშობილ ქრისტეს?
სახარებიდან ვიცით, აღმოსავლელმა მოგვებმა ბეთლემში შობილ მაცხოვარს თაყვანისცემის ნიშნად მიართვეს ოქრო, გუნდრუკი და მური. ჩვენ რაღას შევთავაზებთ ახლადშობილ ქრისტეს? ერთ საშობაო ლოცვაში წერია: მიუძღვენით მას რწმენა ნაცვლად ოქროისა, სიყვარული კეთილსურნელოვანი ნელსაცხებლის მაგიერ და საქმენი კეთილნი საკმევლისა წილ, ანუ მიართვით მას ცხოვრება თქვენი.