ციტატები
ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
საშობაო ეპისტოლე - 1985
საქართველოს სამოციქულო ეკლესიის სულიერ შვილებს:
"ყოვლითა დაცვითა დაიცევ გული შენი, რამეთუ
ამისგან გამოვლენ წყარონი ცხოვრებისანი" (იგავ. 4, 23)
ყოვლადსამღვდელონო მიტროპოლიტნო, მთავარეპისკოპოსნო და ეპისკოპოსნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერნო და მონოზონნო, ღვთივკურთხეულნო სულიერნო შვილნო ჩვენი წმიდა ეკლესიისა, მკვიდრნო საქართველოჲსა და მცხოვრებნო მის ფარგლებს გარეთ! "მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, და სიყუარული ღმრთისა და მამისაჲ, და ზიარებაჲ სულისა წმიდისაჲ თქუენ ყოველთა თანა. ამინ" (2 კორ. 13,13).
აღსრულდა ძველი წინასწარმეტყველება წმიდა ესაიასი მაცხოვრის ამ სოფლად მოვლინებასთან დაკავშირებით: "აჰა, ქალწულმან მუცლად იღოს და შვეს ძე, და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ" (ეს. 7,14).
ახლად შობილი ყრმის, იესო ქრისტეს სახით ღვთაებრივი სიყვარული გადმოვიდა ქვეყნად, რათა ადამიანი საუფლო დიდების თანაზიარი გამხდარიყო. ღვთის განკაცების დიად საიდუმლოს ბოლომდე ვერასდროს შეიცნობს ჩვენი გონება. უფალმა განხორციელებით ცხადყო თვისი უნაპირო სიყვარული კაცთა მოდგმისადმი, სიყვარული, რომელი არს აღმადგინებელი, მკურნალი, შემაკავშირებელი, გადამრჩენელი. ბეთლემის გამოქვაბულის ბაგაში მწოლი ჩვილი მაცხოვარი მარადიული მაგალითია თავმდაბლობისა, მასწავლებელი თანადგომის, ძმობის, თანასწორობის, თანხმობისა და სიყვარულისა.
ამ სათნოებით რომ შევიმოსოთ, ჯერ საკუთარ სულში ჩახედვა უნდა შევძლოთ, უნდა შევიცნოთ თავი თვისი; Nosce te ipsum, - როგორც ძველი რომაელები იტყოდნენ; ერთი შეხედვით, ეს იოლი საქმეა, მაგრამ სინამდვილეში მრავალთათვის ქცეულა იგი ლოდად შებრკოლებისა. ბრძენთ უთქვამთ: ადამიანში სამი პიროვნებაა: პირველი - როგორ წარმოიდგენენ მას სხვანი, მეორე - როგორი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე და მესამე - რასაც სინამდვილეში წარმოადგენს.
როდესაც მთელი სიმართლით დაინახავ საკუთარ შინაგან სახეს, უკვე იოლად გადაჭრი მრავალ საკითხს, ადვილად იპოვი შენს ადგილს ცხოვრებაში. საკუთარი თავის ძიების პროცესში აუცილებლად წამოიჭრება მარადიული კითხვები: ვინ ვარ, რატომ ვარ დედამიწაზე, რა არის ჩემი მოწოდება? ღვთისმეტყველთა განმარტებითა და ქრისტიანთა შეხედულებით, ადამიანი ღვთის იდეა და ქმნილებაა ამქვეყნად, ყველაზე სრულყოფილი, მაგრამ მაინც განვითარებადი. სრულქმნის პროცესი პიროვნების თავისუფალი ნებით იწყება დედამიწაზე და შემდეგ მარადიულ სამყოფელში გრძელდება. კაცს აქვს თავისი დანიშნულება საწუთროში და ღვთის ნების განსახორციელებლად გააჩნია კიდეც შესაბამისი სასიცოცხლო სწრაფვა და მოთხოვნილება, ოღონდ ამისთვის საჭიროა მთელი ჩვენი შესაძლებლობების გამოყენება, ნიჭისა და მადლის გამომზეურება.
"უფლის წყალობით, ყოველივე ისეა მოწყობილი, რომ თითოეული ადამიანი მონაწილეობს სულიერ წინსვლაში თავისი არჩევანის თანახმად. მარადიულ ცხოვრებას ვეზიარებით ღვთის კურთხევით, ოღონდ დამსახურებისამებრ. წინსვლა ხორციელდება არა მარტო შემოქმედის ნებითა და წყალობით, არამედ ადამიანის თანაქმედებითა (სინერგია) და ძალითაც მსგავსად ამისა, ღვთის ნების სრულ განხორციელებას, თავისუფლებასა და განწმენდის მთელ სისავსეს მოვიპოვებთ არა მარტო ჩვენი შესაძლებლობებით, ძალითა და სიმტკიცით, არამედ სულიწმიდის შემწეობითა და მეოხებით", - ვკითხულობთ ღირსი მამა მაკარი დიდის შრომებში (ვრცელი ეპისტოლე, გვ. 238).
მიზანს რომ მივაღწიოთ, ყოველი წუთი გონივრულად უნდა მოვიხმაროთ. დრო სწრაფწარმავალია; "აწმყო იმდენად ხანმოკლეა, რომ გვეჩვენება, საერთოდაც არ არსებობს იგი. თითქოს დაბადებამდევე დაასრულაო სიცოცხლე", - წერდა სენეკა. ჩვენ კი არ ვაფასებთ დღევანდელ დღეს, ყველაფერს მერმისისთვის გადავდებთ ხოლმე; ბრძენი სოლომონი გვასწავლის: "ნუ იქადი ხუალისა დღისათვის, რამეთუ არა უწყი, რასა შობს შემომსვლელი დღე" (იგავ. 27, 1).
ხშირად ისეც ხდება, რომ პიროვნება თავის უნარს ფუჭად ახმარს რაღაც წვრილმანებს, საკუთარი ნებით ეჯაჭვება მატერიალურ სამყაროს, წვალობს, იტანჯება. ტანჯვის მიზეზი კი ის არის, რომ დაკარგული აქვს სულიერობა, კავშირი მასთან, ვინც არის სიცოცხლის და სიხარულის მომნიჭებელი; თუ არ აღვზრდით ჩვენში სულიერ ფასეულობებს: ღვთის რწმენასა და მისგან გამომავალ სიკეთეს, არ ექნება აზრი და მიზანი ჩვენს ფიზიკურ ძალას, ჯანმრთელობას, გონებრივ განვითარებასა და თვით სიყვარულის უნარსაც კი. აუცილებელია პიროვნების სულიერი და ფიზიკური მონაცემების ჰარმონიული განვითარება და არა მისი ცალკეული შესაძლებლობების წინ წამოწევა. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შევძლებთ ვიყოთ ღირსეული მემკვიდრენი ჩვენი დიდებული წინაპრებისა, რომელთა ღვაწლნი და საქმენი საამაყოდ გვაქვს მიჩნეული.
ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ვიყოთ სულიერ და მატერიალურ ღირებულებათა არა მარტო მომხმარებელნი, არამედ, უპირველეს ყოვლისა, შემქმნელნი. ამ პრინციპით უნდა აღვზარდოთ ჩვენი შვილებიც.
მამათა და შვილთა დამოკიდებულების საკითხი რთულია. ზოგიერთი ფილოსოფოსი გამოთქვამს მცდარ აზრს, თითქოს, ახალი თაობა ძველის მიმართ ყოველთვის ქვეცნობიერი სიძულვილითაა განმსჭვალული. ეს ასე არ არის. ახალგაზრდის ფსიქოლოგია მყიფეა, სინდისი - თავანკარა წყაროსავით სუფთა; უყვარს სიმართლე, ეძიებს ჭეშმარიტებას, ესწრაფვის იდეალს, აღვსილია ენერგიით და მზადაა ბოროტებასთან საბრძოლველად; მაგრამ, როცა მშობლებში, პედაგოგებში და საერთოდ მათში, ვინც წვრთნიდა და არიგებდა, იდეალს ვერ იპოვის, ღიზიანდება, დრტვინავს და სიმკაცრეს იჩენს. იგი მოუმზადებელია ცხოვრებისათვის, ვერ ითვალისწინებს იმ დაბრკოლებებს, რაც ჩვეულებრივია მიწიერი ყოფისა და ადამიანთა ურთიერთობისათვის. ყოველივე ეს იწვევს უიმედობას, გულგატეხილობას... და ჩნდება ნაპრალი თაობათა შორის.
ყოველ ახალ თაობას, რა თქმა უნდა, აქვს თავისი აზრები, ინტერესები, რომელთაც ხშირად ვერ იზიარებენ უფროსები მაგრამ თუ მამებსა და შვილებს აკავშირებთ ერთი სარწმუნოება, ერთი მსოფლმხედველობითი პოზიციები, იდეალი და მიზანი, თუ უფროსები სამაგალითონი არიან, ცალკეულ შეხედულებათა სხვაობის მიუხედავად, შვილები მამათა საქმის ერთგული გამგრძელებელნი ხდებიან.
შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოების სიჯანსაღის საზომი ახალგაზრდობაა. იგი ყოველთვის იყო და არის ყოფის უშუალო მონაწილე, დიად საქმეთა თანაზიარი. მისი ცხოვრების ჭეშმარიტების გზით წარმართვა აუცილებელია, რადგანაც ახალგაზრდები ერის სასიცოცხლო ძალას წარმოადგენენ.
ჩვენი ქალიშვილები და ჭაბუკები დაინტერესებულნი არიან სულიერი საკითხებით, ეძიებენ შინაგანი ფერისცვალების გზებს, მაგრამ გამოუცდელობით ზოგჯერ შეცდომა მოსდით. ამის გამოვლინებაა თუნდაც ის, რომ ამ ბოლო დროს ახალგაზრდობის ნაწილი გაიტაცა აღმოსავლურმა რელიგიებმა და მათგან გამომდინარე ისეთმა მიმდინარეობებმა, როგორიცაა ინდუიზმი, ბუდიზმი, იოგა, თეოსოფია, ანთროპოსოფია და სხვა.
ინდუიზმი მრავალღმერთიანობას აღიარებს, კაცს ღვთის ნაწილად სახავს, ხოლო მის აზროვნებას მხოლოდ ერთიანი მთელისგან მომდინარედ მიიჩნევს. ამ სწავლების მიხედვით, გაუგებარია, რატომღა არსებობს ცოდვა, რომლის გამოც ასე ხშირად ეწინააღმდეგება ადამიანი შემოქმედს, რა აზრი აქვს სულთა გადასახლებას, რაც მათი რწმენის შემადგენელი ნაწილია და სხვა.
ბუდიზმი უფრო მწყობრი მოძღვრებაა. თავის დროზე მან დიდი როლი შეასრულა აღმოსავლეთის ქვეყნების სულიერ განვითარებაში, ჩაუნერგა რა ჩინეთის, ინდოჩინეთის, ტიბეტის, იაპონიის ბუნებით მებრძოლ ხალხებს აზრი მშვიდობის, მორჩილების, გულმოწყალების, სახიერების, ჭირში ურთიერთთანადგომის შესახებ. ბუდიზმი ადამიანს თუმც მოუწოდებს თავგანწირვისაკენ, სიყვარულისა და სიკეთისაკენ, მაგრამ ფაქტიურად უარყოფს ღვთის არსებობას, უარყოფს ადამიანის უკვდავი პიროვნული სულის იმქვეყნიურ ცხოვრებას.
თეოსოფიისა და ანთროპოსოფიის წარმომადგენლები ეყრდნობოდნენ აღმოსავლურ რელიგიებს და ცდილობდნენ მათთან შეეთანხმებინათ ქრისტიანობა. მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა. დღეს დასავლეთში ამ სახის ლიტერატურით ცოტა ვინმეღაა დაინტერესებული.
აღნიშნულ მიმდინარეობებს შორის სხვაობა მნიშვნელოვანია, მაგრამ მათ ერთი რამ აკავშირებთ და აერთიანებთ. ესაა მეტად საშიში და არარეალური განდიდება პიროვნებისა, მასში ჩანერგვა აზრისა თავისი უნაპირო შესაძლებლობების შესახებ, რაც სინამდვილეში ადამიანთა სისუსტეზე თამაშია. მაგალითად, იოგას ერთგული მიმდევრებისათვის უცილობელი ზეადამიანური შესაძლებლობების მიღწევა და მადლმოსილების გამოვლინებაა, ის კი ავიწყდებათ, რომ სასწაული შეიძლება მოხდეს არა მარტო ღვთის შეწევნით, არამედ ბოროტი ძალითაც. გავიხსენოთ თუნდაც წმიდა მოსესა და მისი მოწინააღმდეგე ეგვიპტელ გრძნეულთა საოცრებანი და მოვიგონოთ მაცხოვრის სიტყვები: "ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს" (მათ. 12,39).
ქრისტიანული სწავლებით, წმინდანობა არ ნიშნავს სნეულთა განკურნვის, წინასწარმეტყველებისა და სხვა სასწაულთა მოხდენის აუცილებელ უნარს. წმიდა მამები ყოველთვის ერიდებოდნენ ამის მისაღწევად ზრუნვას, ანდა ამგვარი შესაძლებლობების ჩვენებას. მათთვის მთავარი სულიერი სრულყოფა - მოყვასისადმი თავგანწირული სიყვარულისა და ღმერთთან შესაძლებელი სიახლოვის მოპოვება იყო.
სასწაულმოქმედების ბოროტ ძალას იყენებს მაგია და ოკულტიზმიც, რათა თავის უძირო ჭაობში მიიზიდოს შეცდომილნი. "... ვაი მათდა, რომელნი იტყვიან ბოროტსა კეთილად, და კეთილსა ბოროტად, რომელნი დასდებენ ბნელსა ნათლად, და ნათელსა ბნელად, და რომელნი დასდებენ მწარესა ტკბილად, და ტკბილსა მწარედ", - წერს წმიდა ესაია წინსწარმეტყველი (ეს. 5,20).
აღმოსავლურ რელიგიებში ადამიანის ღმერთამდე ამაღლებისა და თვით მასზე უფრო მეტად საკუთარი თავის განდიდებისაკენ სწრაფვა ეყრდნობა ჰიპნოთერაპიისა და ფსიქიკის უკიდურესად აღგზნების მეთოდს. იგივე საფუძველი უდევს ალკოჰოლით, მორფითა და სხვა გამაბრუებელი ნივთიერებებით ამ ცხოვრებისაგან განდგომის იდეას. განსხვავება ის არის, რომ აქ შედარებით გამარტივებული გზაა მოძებნილი, ყველასთვის ადვილად ხელმისაწვდომი საშუალებებია გამოყენებული, ოღონდ ამ მოჩვენებითი ნეტარებისთვის მსხვერპლად შენი და შენი შვილების ჯანმრთელობა უნდა გაიღო, სული უნდა გასწირო. ამ საწამლავით დაავადებულნი სჩადიან დანაშაულს, რომელიც თვითმკვლელობის ტოლფარდია და სულიწმიდის გმობას ნიშნავს. "ხოლო სულისა წმიდისა გმობაჲ არა მიეტეოს კაცთა" (მათ. 12, 31), - ბრძანებს მაცხოვარი.
ლოთები, ნარკომანები საკუთარი ხელით შეგნებულად ისპობენ უფლისგან მომადლებულ უნარსა და შესაძლებლობებს, რომელთა გონივრული გამოყენებითა და ყოველდღიური სულიერი შრომის წყალობით უნდა განეხორციელებინათ დიადი მიზანი - მოემზადებინათ სული მარადიული ნეტარებისთვის.
სამწუხაროდ, ჩვენი ახალგაზრდობის ნაწილი ამ უმძიმესი ცოდვის მსხვერპლია, დღეს ისე, როგორც არასდროს, ადამიანები ეძიებენ იოლ გზებს მატერიალურ სიკეთეთა შეძენის მიზნით, იოლადვე უნდათ მიაღწიონ წინსვლას სულიერ ცხოვრებაშიც, მაგრამ სწორედ აქ ცდებიან; დაბნეულნი და შეცდომილნი სინათლის ნაცვლად ბნელის გავლენის ქვეშ ექცევიან და ეჩვენებათ უკუნი ნათლად.
"მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს... რომელი არა შევალს კარით ეზოსა ცხოვართასა, არამედ სხჳთ კერძო შევალს, იგი მპარავი არს და ავაზაკი" (იოან. 10,91), - გვასწავლის ჩვენთვის ვნებული, დაფლული და მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი და გვეუბნება: "მე ვარ ნათელი სოფლისაჲ. რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდეს ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხორებისაჲ" (იოან. 8,12). ამ გზით, ქრისტეს ერთადერთი გადამრჩენელი გზით, ვიდოდნენ ჩვენი წინაპარნი. მას უნდა შევუდგეთ ჩვენც და აღვასრულოთ მცნებანი მისნი. ამიტომაც აუცილებელია, ვიცნობდეთ წმიდა წერილს - ბიბლიას, რომლის მეოხებითაც უფალმა მოგვაწოდა ცოდნა ჩვენი მიწიერი ყოფის იმგვარად წარმართვისათვის, რომ ღირს ვიქმნეთ იმ ქვეყნად სასუფევლის დამკვიდრებისა.
საღვთისმეტყველო განათლებისა და სულიერი წინსვლის მისაღწევად ასევე დიდმნიშვნელოვანია წმიდა მამათა: იოანე ოქროპირის, ბასილი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველის, გრიგოლ ნოსელის, ეფრემ ასურის, იოანე დამასკელის, გრიგოლ პალამას, ანტონ დიდის, წმიდა თეოდორიტეს, წმიდა თეოფანეს, გიორგი მცირის, იოვანე ზედაზნელის, გიორგი და ექვთიმე მთაწმიდელთა, გრიგოლ ხანძთელის... და ყოველთა სხვათა დიდთა მოძღვართა ცხოვრებისა და შრომების გაცნობა. ისინი იყვნენ ბიბლიის არა მარტო შესანიშნავი მცოდნენი და შემოქმედებითი უნარით დაჯილდოებულნი, არამედ, უპირველეს ყოვლისა, დიდი სულიერობით გამორჩეულნი, რადგანაც ათობით წელი ჰქონდათ გატარებული განმარტოებით ლოცვასა, მკაცრ მარხვასა და განდეგილობაში. შემდეგ კი მათ თავიანთი გამოცდილება გადასცეს მოწაფეებს და შრომებისა და წერილების სახით გაგვიზიარეს ჩვენ, ქრისტიანებს.
წმიდა მამათა სწავლანი მიზნად ისახავს ადამიანის ღმერთთან დაახლოებას, ნეტარებასა და წარუვალ სიხარულს. "გიხაროდენ მარადის უფლისა მიერ, კუალად გეტყჳ: გიხაროდენ" (ფილიპ. 4,4), - გვარიგებს პავლე მოციქული.
განა შეიძლება ჩვენი სიხარული იყოს მუდმივი, როცა გარშემო ამდენი მწუხარება, გაჭირვება, ავადმყოფობა, გაღიზიანება და შფოთია, როცა სულ ახლოს ჩაივლის ხოლმე სიკვდილი და გრძნობ, მალე შენც შეგეხება? მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ ეს სიტყვები ეკუთვნის იმ ადამიანს, ვინც მრავალჭირნახული ცხოვრება განვლო და მოწამეობრივად აღესრულა. სწორედ იგი, ქრისტიანობის ქადაგებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მეტად დამაშვრალთაგანი, დაჟინებით და თანაც არაერთხელ მოგვიწოდებს მარადიული სიხარულისკენ, იმ სიხარულისკენ, რომელსაც ვერავითარი მიწიერი განცდა ვერ განაქარვებს, იგი იესოს [?]სობით მოენიჭა კაცთა მოდგმას.
"გახარებ თქუენ სიხარულსა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა, რამეთუ იშუა დღეს თქუენდა მაცხოვარი, რომელ არს ქრისტე უფალი, ქალაქსა დავითისსა" (ლუკ. 2,10-11). - ამ სიტყვებით მიმართა ანგელოზმა შობის ღამეს ბეთლემელ უბრალო მწყემსებს. თითქმის ოცი საუკუნეა, რაც კაცობრიობა ისმენს ზეციურ უსხეულო ძალთა საგალობელს, პირველად იმ იდუმალ ღამეს რომ მოეფინა დედამიწას: "დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა და ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ" (ლუკ. 2,14). ამ ხნის მანძილზე დიდი ძვრები მოხდა ადამიანთა სამყაროში, შეიცვალა პიროვნება, მისი შეხედულებანი სულიერ და მატერიალურ ფასეულობებზე, მაგრამ უცვლელი და ჩვენთვის ახლა უფრო აუცილებელი გახდა ანგელოზთა ამ სადიდებლის მოწოდება მშვიდობისა და ურთიერთსიყვარულისაკენ, რადგანაც დღეს მსოფლიო თავისი არსებობის მეტად საშიშ პერიოდში შევიდა. მეცნიერება და ტექნიკა დიდი ტემპით მიიწევს წინ; თუ არ მოხდა პიროვნების გონიერი და სულიერი საწყისის შესაბამისი სისწრაფით განვითარება, სიცოცხლე ქვეყნად ბირთვული კატასტროფის საბედისწერო საფრთხის წინაშე დადგება.
გვწამს, უფალი და ხალხის კეთილი ნება არ დაუშვებს, რომ ჩვენი აყვავებული დედამიწა ნაცარტუტად იქცეს.
ქრისტესმიერნო დანო და ძმანო!
სულიერი სიხარულით აღვსილი, გულითადად მოგესალმებით და მოგილოცავთ ქრისტეს შობის დიად დღესასწაულს. დაე, ყოვლისშემძლე ღმერთმა არ მოგიშალოთ მშვიდობა, ჭეშმარიტი სიყვარული და სიხარული მარადიული.
"მოწყალებანი და სარწმუნოებანი ნუ მოგაკლდებიან შენ; შეიბნ იგინი ყელსა შენსა და დაწერენ იგინი ფიცართა გულისა შენისათა და ჰპოო მადლი წინასწარგანზრახვად კეთილისა წინაშე ღმრთისა და კაცისა" (იგავ. 3,3-4).
გწამდეთ, არა ხართ მარტო; გიხაროდეთ, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!
საშობაო ეპისტოლე - 2024
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ
„იხარებდით მართალნი, მხიარულ იყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე, ქალაქსა დავითისსა, ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (უძველესი იადგარი)
მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან დღემდე ყველა, ვინც სათნო ეყო ღმერთს, - წმინდა მამანი და დედანი, ის ოჯახები, რომელთა მემკვიდრეობაშიც ინება უფალმა განხორციელება, მოვიხსენოთ წმინდანები, რომელთაც წინასწარ გვიქადაგეს ღვთის სიტყვის ხორცშესხმა და ის უცნობი მოძღვარნი და ერისკაცნი, რომელნიც ქრისტეს მოსვლის მოლოდინს სასოებით გადასცემდნენ თაობებს.ესენი ძირითადად იყვნენ იმ პერიოდის მსოფლიოში ჭეშმარიტი ღვთის მადიდებელი ერთადერთი ერის, ისრაელის, შვილნი. მართალია, იშვიათად სხვა ხალხებშიც არსებობდნენ სულიერებით გამორჩეული პიროვნებები, მაგრამ მხოლოდ ამ წიაღმა შეძლო უწყვეტად შეენარჩუნებინა კავშირი ღმერთთან და ჩირაღდნად ქცეულიყო მთელი წარმართული კაცობრიობისთვის; იმ კაცობრიობისთვის, რომელმაც არაერთი ცივილიზაცია შექმნა და რომელსაც საოცარი მიღწევები ჰქონდა ფილოსოფიაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, მწერლობაში, ხელოვნებაში...
მაინც რით შეძლო, ერთი შეხედვით, უბრალო ერმა გამორჩეული ყოფილიყო ასურეთის, ბაბილონის, სპარსეთის, ეგვიპტის, კრეტა-მიკენის, ბერძენთა, რომაელთა და სხვა იმპერიებთან შედარებით?
ამ იმპერიებში დაკარგული იყო უმთავრესი, - ჭეშმარიტი ღვთის ცოდნა. ამა თუ იმ სფეროში გამოვლენილი დიდი განვითარების მიუხედავად, წარმართული საზოგადოება უდიდესწილად იყო ძალადობრივი, ჩაგვრითი, ეგოცენტრული, - თავის თავზე ორიენტირებული.
ჩვეულებრივი ამბავი იყო, რომ ძლიერი ხელისუფალი თუ პიროვნება იმონებდა სუსტს; იმპერატორებს სხვათა ტერიტორიებისა და მათი ძალაუფლების ხელში ჩაგდების დაუოკებელი სურვილი ამოძრავებდათ; იყო გაუთავებელი ომები, შური, ღალატი, ვერცხლისმოყვარეობა, აღვირახსნილი ცხოვრება და გაუკუღმართებული ურთიერთობები; ადამიანის ღირსება - გათელილი და გაუფასურებული, დაბალი ფენის მამაკაცები და, განსაკუთრებით, ქალები - მოხმარების საგნად ქცეულნი.
ყოველივე ამას კიდევ უფრო ამძაფრებდა ის გარემოება, რომ წარმართული „ღმერთებიც" მიწიერნი იყვნენ, რომელთათვისაც, უცხო არ იყო ადამიანური ვნებანი. სულიერი ხსნა კი არსად ჩანდა და სიცოცხლესაც არ ჰქონდა აზრი.
ასეთ მძიმე გარემოში, მართალია, დიდი დაცემებით, მაგრამ მაინც ახერხებდა იაკობის მოდგმა თავის წიაღში დაეცვა ცხოვრების საღვთო, სარწმუნოებრივი წესი, მოყვასის სიყვარული, შეენარჩუნებინა მესიის მოსვლის მოლოდინი, მოლოდინი გადარჩენისა და განცდა იმისა, რომ ამქვეყნადაც ყველაფერი და თვით სამეფო საყდარიც ზეციურ უფალს უნდა ეკუთვნოდეს და იგი უნდა იყოს ერის წინამძღოლი; რომ ხელისუფალნიც, მოძღვარნიც, წარჩინებულნიც და რიგითი მოქალაქენიც, - თავისი მოვალეობისამებრ, მის ნებას უნდა აღასრულებდნენ.
ეს ყოველივე მთელი სისავსით მეფეთა შორის ყველაზე ნათლად წმინდა დავით წინასწარმეტყველს ჰქონდა გაცნობიერებული.
როდესაც იგი შაბათობით აღთქმის კიდობნის წინ ლოცვად დგებოდა, სამღვდელოებისა და ერის წინაშე ხმამაღლა შეჰღაღადებდა ხოლმე შემოქმედს:
„შენი მეფობა (ღმერთო), მეფობაა ყველა საუკუნეზე და შენი სუფევაა ყველა თაობაზე“ (ფს. 144, 13) „უფალს ეკუთვნის მეფობა და ის არის ხალხთა მბრძანებელი“ (ფს. 21, 29) და სხვა.
მან ეს ლოცვები, რომლებიც ზეციური მეუფისა და მისი სასუფევლისადმი იყო მიმართული, სავალდებულოდ დაუწესა თავის შთამომავალ მეფეებსაც და ხალხსაც.
აღსანიშნავია ისიც, რომ საუკუნეთა მანძილზე რომელ ქვეყანასაც ისრაელის მცირერიცხოვან ერთან ჰქონდა შეხება, თუნდაც იგი დამპყრობელი ყოფილიყო, ისრაელი ჭეშმარიტი სარწმუნოების მქადაგებლობით მაინც მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა მასზე და საყოველთაო გადარჩენის მოლოდინს აღვიძებდა ყველაში.
შეგახსენებთ ერთ მონაკვეთს ბაბილონის ცნობილი მეფის ცხოვრებიდან:
ბაბილონის იმპერიის ზეობის პერიოდში მას ნაბუქოდონოსორი განაგებდა. მან მრავალი სამეფო დაიმორჩილა, მათ შორის, იუდეაც და დაპყრობილი ქვეყნებიდან მძევლად წაიყვანა ხელისუფალთა შვილები და ნიჭიერი ახალგაზრდები. ყმაწვილებს შორის იყო დანიელიც იუდეადან, - წინასწარმეტყველური ნიჭით დაჯილდოებული, გონიერი, მოსეს სჯულის მტკიცე დამცველი ჭაბუკი.
ერთხელ ნაბუქოდონოსორმა უცნაური და მრავლისმთქმელი სიზმარი ნახა. შეძრწუნებულს გამოეღვიძა და მის ასახსნელად თავისი სამფლობელოს ყველა მისანს, ქურუმს, მოგვსა და ვარსკვლავთმრიცხველს უხმო. უნდოდა, მათგან სიმართლე მოესმინა, ამიტომაც, მეტად უცნაური რამ მოსთხოვა: მათ უნდა გამოეცნოთ, თუ რა სიზმარი იხილა მბრძანებელმა, და აეხსნათ მისი მნიშვნელობა; წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას სიკვდილი და სახლ-კარის გადაწვა ემუქრებოდა.
სასახლის შეშინებულმა ბრძენკაცებმა შეჰბედეს მეფეს და უთხრეს: მსგავსი რამ არავის არასდროს მოუთხოვია. თქვენს სურვილს კაცთაგან ვერავინ შეასრულებსო.
ნაბუქოდონოსორმა ყველას წამება ბრძანა.
ვიდრე მისი განკარგულება აღსრულდებოდა, წინასწარმეტყველმა დანიელმა ითხოვა მეფესთან შეხვედრა და, სიკვდილმისჯილთა გათავისუფლების სანაცვლოდ, სიზმრის ახსნა აღუთქვა, რადგან მან და მისმა მეგობრებმა ზეციური ღმერთისგან გამოითხოვეს შემწეობა ამ საიდუმლოს გასაგებად და უფალმაც დანიელს განუცხადა დაფარული.
ჭაბუკმა უთხრა მეფეს, რომ სიზმრით უფალმა აუწყა იმ დღეთა და ხელმწიფებათა შესახებ, რომლებიც მის შემდეგ იქნებოდნენ. კერძოდ, იხილა დიდი და საოცრად ელვარე, მაგრამ საშინელი შესახედაობის ქანდაკება, კერპი, რომელსაც თავი ოქროსი ჰქონდა, ხელები და მკერდი, - ვერცხლის, მუცელი და თეძოები, - სპილენძის, ხოლო ქვედა კიდურები, - რკინისა და, ნაწილობრივ, თიხის. შორიახლოს იყო მთა, საიდანაც თავისით, ხელისუკვრელად, ლოდი დაგორდა, კერპს რკინისა და თიხის ფეხებზე დაეცა და იგი ერთიანად შემუსრა. შემდეგ ეს ლოდი დიდ მთად იქცა და მთელი დედამიწა აღავსო.
ჭაბუკმა წინასწარმეტყველმა ისიც განუმარტა მბრძანებელს, რომ ნანახი კერპი ოთხი იმპერიის სიმბოლო იყო. ოქროს თავი მას და ბაბილონს განასახიერებდა, დანარჩენები კი, შედარებით ნაკლებნი, იმ იმპერიებს, რომლებიც ბაბილონის შემდეგ აღორძინდებოდნენ (იგულისხმება სპარსეთის, საბერძნეთის, რომის) და რომ მეოთხე იმპერიის ზეობისას ამქვეყნად მოიწეოდა მეუფება მარადიული და ჭეშმარიტი, რომელიც შემუსრავდა ყველა სამეფოს დედამიწაზე, თვითონ კი უკუნისამდე იარსებებდა.
ნაბუქოდონოსორი გაოცებული და შეძრული იყო მოსმენილით. იგი დაემხო მიწაზე და აღმოთქვა: „ჭეშმარიტად, ღმერთთა ღმერთია თქვენი ღმერთი და მეფეთა მეუფე.“ შემდეგ კი დანიელი დანიშნა თავის კარზე მთავარ მრჩევლად.
მართალია, მეფემ აღიარა ძლიერება ჭეშმარიტი ღვთისა, რომლის სიდიადე სხვა დროსაც კიდევ რამდენჯერმე იხილა, მაგრამ წინაპრების კერპებს მაინც ვერ განეშორა, თუმც იუდეველთა რწმენის პატივისმცემელი გახდა და აღარ აიძულებდა მათ ბაბილონის პანთეონისთვის ეცათ თაყვანი.
ამ ამბებზე მთელი ბაბილონი საუბრობდა, - ხალხიც, სიკვდილს გადარჩენილი მოგვებიც და სხვა ბრძენნიც ისტორიებს თაობიდან თაობებს გადასცემდნენ.
მათ წინასწარმეტყველ დანიელისგანვე იცოდნენ, რომ ის სიზმრისეული ლოდი შვიდ შვიდათეულში, ანუ 490 წელიწადში განეცხადებოდა სამყაროს; ამიტომაც, როდესაც ეს დრო დადგა და იხილეს უჩვეულო ვარსკვლავი, მოგვებმა იგრძნეს ჟამის მოახლოება; სამეფო ძღვენი, - გუნდრუკი, ოქრო და მური, თანაწარიღეს და ვარსკვლავს გაჰყვნენ დასავლეთისკენ მიგებებად მესიისა.
და მართლაც, ნაბუქოდონოსორის სიზმრის მეოთხე სამეფოს, რომის იმპერიის, ბატონობის პერიოდში, I საუკუნეში, იუდეაში, დავით მეფის ქალაქად წოდებულ ბეთლემში, კაცობრივი ბუნების მიღებით, ადამის მოდგმის გადასარჩენად მოგვევლინა ძე ღვთისა. იგი სიმბოლურად დანიელ წინასწარმეტყველის სიზმრის ლოდია (დან. 2. 45), რომელიც თავისთავად მოსწყდა მთას (იგულისხმება მისი უბიწოდ შობა ღვთისმშობლისგან) და დედამიწა აღავსო.
ქვაბულში, პირუტყვის ბაგაში, მწოლი ჩვილი - უფალი იესო ქრისტე საოცარი სიმდაბლით წარუდგა მსოფლიოს, რათა თავისი ხორციელი მყოფობის პირველივე წუთებიდან კაცობრიობისთვის მიეცა მაგალითი თავმდაბლობისა, უბრალოებისა და თავისი ქმნილებისადმი განუზომელი სიყვარულისა.
იესოს ამქვეყნად მობრძანებით, ერთი მხრივ, აღსრულდა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველება, მეორე მხრივ კი, გარკვეული აზრი მიეცა თვით წინაქრისტიანულ ეპოქათა მიღწევებსაც, რადგან ღმერთთან მარადიული თანამყოფობის შესაძლებლობის მოტანით, აზრი მიეცა სიცოცხლეს; ამასთან, ქრისტეს ეკლესიის სახით, სათავე დაედო მაცხოვნებელ წიაღს, რომელსაც მიწიერი წარმომავლობა არა აქვს, ზეციურია, ღვთისგანაა დაფუძნებული და წარუვალი, თუმცა ამქვეყნად მყოფობს.
ეკლესიის წევრი შეიძლება გახდეს ყველა, ვინც სამოთხეში ჩადენილი ცოდვით შებღალულ შემოქმედის ხატებასა და მსგავსებას თავის თავში განაახლებს, ანუ ღვთისა და ადამიანის ჭეშმარიტი სიყვარულით აღვსილი (იგულისხმება ნებისმიერი ადამიანი და არა მხოლოდ თავისი ერის წარმომადგენელი, როგორც ეს ძველ აღთქმაში იყო), ყოვლადწმინდა სამების სახელით მონათლული და აღსარებითა და ზიარებით მასთან დაკავშირებული, მაცხოვრის მცნებებით ახალ ცხოვრებას დაიწყებს.
„არა არს ჰურიაება, არცა წარმართება, არა არს მონება, არცა აზნაურება, არა არს გარჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქვენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესოს მიერ“ (გალ. 3, 28), - აი, ყოვლად აღმატებული სწავლება, რომელმაც მახვილივით განკვეთა ძველი სამყარო.
შეიყვარე მოყვასი, ვითარცა თავი თვისი და შეიყვარე მტერიც! შეუნდე მონანულს, „არავის მიაგოთ ბოროტი ბოროტისა წილ, კეთილს ცდილობდეთ ყველა ადამიანის წინაშე; თუ შესაძლებელია, თქვენის მხრივ, ყველა ადამიანთან მშვიდობით იყავით (რომ. 12, 17-18).
თუ გსურს პირველობა ან უპირატესად ყოფნა, გახდი ყველას მსახური (ანუ - თავმდაბალი ყველას მიმართ), დაიცავი გულის სიწმინდე, ნუ გააკეთებ სიკეთეს საჩვენებლად და გაეცი მოწყალება უშურველად, სამაგიეროს მიღების სურვილის გარეშე; იცხოვრე სხვისთვის, როგორც ცხოვრობ საკუთარი თავისთვის, ხოლო ვინც შეძლებს, თავი გაწიროს სხვისთვის, იგი უმაღლეს სათნოებას მოიპოვებს. – ასეთი რამ მანამდე არ სმენია კაცობრიობას.
ეს იყო მაცხოვრისგან ადამიანთა აზროვნების რადიკალურად შემობრუნების შეთავაზება, შეთავაზება სულ სხვა სიმაღლისა, სულ სხვა დიდებისა; გაცხადება მისთვის ჭეშმარიტი ღვთისა და ჭეშმარიტი ადამიანობისა.
კაცობრიობას ეს რომ გაეცნობიერებინა და თითოეულ ჩვენგანს ამისთვის მიეღწია, იესო გახდა სრული ადამიანი (ცოდვის გარეშე), რათა ჩვენ გავმხდარიყავით მადლით ღმერთნი;
ეს ურთულესი პროცესია და დიდ ძალისხმევას ითხოვს, რადგან ცხოვრების გზაზე ნებისმიერ ადამიანს მრავალი დაბრკოლება ხვდება, მითუმეტეს - მართლმორწმუნეს.
შეიძლება თქვენ დიდ ცოდვაშიც ჩავარდეთ და მძიმე ვითარებაში აღმოჩნდეთ, მაგრამ იცოდეთ, გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს!
არასდროს იფიქროთ თვითმკვლელობაზე, არ მისცეთ სულს ამ დამღუპველი სისუსტის დაშვების უფლება. ჩვენ სიცოცხლე იმიტომ მოგვეცა, რომ წარმავალი სიცოცხლიდან მარადიულ სიცოცხლეში გადავინაცვლოთ! გახსოვდეთ, სინანულს უდიდესი ძალა აქვს და მას სასწაულის მოხდენა ძალუძს.
ამიტომაც, არ შეეგუოთ დაცემას და ღვთის იმედი მუდამ გქონდეთ.
გწამდეთ, უფალი ყოველგვარ ტკივილს სიკეთედ და ჩვენი სულიერი წინსვლის საშუალებად აქცევს, თუ ლოცვითა და სინანულით დავითმენთ განსაცდელს და მაცხოვრის სწავლებით წარვემართებით.
* * *
ქრისტიანულმა სარწმუნოებამ უდიდესი წვლილი შეიტანა და გადამწყვეტ ფაქტორად იქცა მრავალი ქვეყნის ისტორიაში, მათ შორის, ევროპის და სხვა სახელმწიფოთა ფორმირებაში; მაგრამ, უფლის მეორედ მოსვლამდე, ანუ მარადიული სასუფევლის დამყარებამდე, მუდმივად იქნება ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის, მუდმივად დაგვჭირდება სულ უფრო მეტი ძალისხმევა სიწმინდის დასაცავად, რადგან ეს დაპირისპირება თანდათან უფრო მასშტაბურ ხასიათს იღებს.
ავიღოთ თუნდაც ჩვენი დრო.
სამყარო ყოველთვის წინააღმდეგობრივი იყო, მაგრამ დღევანდელ კონფლიქტებსა და ომებს თან სდევს რეალური საშიშროება იმისა, რომ ნებისმიერი მათგანი მსოფლიო კატასტროფად იქცეს და მთელი კაცობრიობა გაანადგუროს. ამიტომაც ყველას, ჩვენი შესაძლებლობებისამებრ, გვმართებს ზრუნვა მშვიდობისთვის. ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი და მთელი მსოფლიო.
მოგეხსენებათ ისიც, რომ ბოლო საუკუნეებში შესუსტდა ჭეშმარიტი რწმენა და იმძლავრა უღმერთობამ; შემოქმედის ადგილი ადამიანმა თავისი თავით ჩაანაცვლა. წინ წამოიწია პრინციპმა, - ჩემი მორალი და შეხედულება განსაზღვრავს ჩემს რწმენას; მაშინ, როდესაც სწორედ რწმენა ღვთისა და მისი მცნებები განსაზღვრავს მორალსაც და შეხედულებებსაც.
დღეს, როგორც არასდროს, გაჩნდა რეალური საშიშროება იმისაც, რომ ადამიანის ეგოცენტრულობამ საფრთხე შეუქმნას იმ მიზანს, რისთვისაც საერთოდ დავიბადეთ, რადგან მსოფლიო ტექნოლოგიურად ვითარდება, მაგრამ მას ჩვენი სულიერი წინსვლა ჩამორჩება და ვდგებით მრავალი ფსიქოლოგიური და ბიოეთიკური გამოწვევის წინაშე.
ჩვენს ცხოვრებაში უკვე განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ხელოვნური ინტელექტიც, რასაც სამეცნიერო წრეებში მანქანური სწავლებით მიღებული ხელოვნური ინტელექტის მოდელს უწოდებენ.
ცნობილია, რომ ხელოვნური ინტელექტი არის კაცობრიობის მიერ დაგროვილი ცოდნის ჯამი, კოლექტიური ცოდნა, რომელიც ალგორითმებით იძლევა შესაბამის ინფორმაციას. ამ საშუალებით ადამიანს ექნება წვდომა მრავალგვარ მონაცემებზე მისთვის სასურველ ნებისმიერ სფეროში, რაც ტექნოლოგიურ წინსვლას კიდევ უფრო დააჩქარებს.
ხელოვნურ ინტელექტს აქვს პოტენციალი, უდიდესი გარდატეხა შეიტანოს ჩვენს ცხოვრებაში და მთლიანად შეცვალოს ჩვენი ყოველდღიურობა, თუმცა, ადამიანის სულიერი განვითარების გარეშე, მოსალოდნელი უარყოფითი შედეგებიც აუცილებლად გასათვალისწინებელია.
უფრო და უფრო მკვეთრად დგება კითხვა: შეძლებს ადამიანი, გააერთიანოს ქრისტიანული ცხოვრების წესი და თუნდაც ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები და ღვთის სადიდებლად მიმართოს იგი? თუ თავის თავში დაჯერებული, თავისივე ქმნილებით მოხიბლული და მასზე მიჯაჭვული ადამიანი ღმერთს კიდევ უფრო განეშორება?
ვფიქრობ, მეტად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგების და იმ სპეციალისტების შეხედულებების გაცნობა, რომელთაც ხელოვნურ ინტელექტთან აქვთ შეხება, რადგან უახლოეს მომავალში ყველა ამ ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდება და აუცილებელია, ჩვენი საზოგადოება მომზადებული შეხვდეს მას.
ერთი რამ კი ცხადია: თითოეული ჩვენგანი უნდა ისწრაფოდეს პიროვნული სრულყოფილებისკენ, რაც უპირველეს ყოვლისა, ღვთის შეცნობის და მისი ჭეშმარიტების წვდომის სურვილს გულისხმობს.
ღმერთი ლოგიკურ კატეგორიებზე მაღლა დგას, ადამიანური გონება მას ვერ მისწვდება, ვერც კაცობრივი ცოდნის მთლიანი ჯამით და ვერც ინფორმაციის სისავსით, ამიტომაც, ცოდნასთან ერთად, საჭიროა რწმენა და ღვთიური მადლით აღვსება, რომ ადამიანი წარმართულ მდგომარეობას არ დაუბრუნდეს.
* * *
ღვთის ერში, ძველი აღთქმის წიაღში, დაიბადა დედათა შორის კურთხეული, ყოვლადწმინდა ქალწული, რომლის მიერაც იშვა მაცხოვარი სოფლისა, - ადამისა და ევას ცოდვათა და ცრემლთა აღმხოცველი.
უფალი მოვიდა ამქვეყნად, რათა კვლავ გაეგრძელებინა განსწავლა კაცობრიობისა, როგორც ამას ედემში, ჩვენს პირველმშობლებთან მიმართებაში იქმოდა.
ქრისტიანობის ისტორია სავსეა ჭეშმარიტად განსწავლული ადამიანებით, რომელთა შრომებიც სიბრძნის ულევი წყაროა.
გავიხსენოთ მოციქულები, აგრეთვე, წმინდა მამები: ბასილი დიდი, გრიგოლი ღვთისმეტყველი, იოანე დამასკელი, იოანე ოქროპირი, ეფრემ ასური და სხვანი მრავალნი.
გავიხსენოთ სოლომონ ბრძენიც და მისი სიტყვები: „მან (ღმერთმა) მომცა მე არსებულთა უტყუარი ცოდნა, რათა შემეცნო სამყაროს წყობა და სტიქიათა მოქმედება, დასაბამი, დასასრული და შუახანი, მზებუდობათა მონაცვლეობა და არეთა შენაცვლებანი, წელიწადის ბრუნვა და ვარსკვლავთა განლაგება, ცხოველთა ბუნება და მხეცთა თვისება, ქართა ქროლვა და კაცთა ზრახვანი, მცენარეთა მრავალფეროვნება და ფესვების ძალა. ყოველივე შევიცანი, დაფარულიც და განცხადებულიც, რადგან სიბრძნემ განმსწავლა, ყოველთა შემოქმედმა“ (სიბრძნე სოლომონისა 7, 17-21).
მოვიხსენოთ ადამიც, რომელსაც, ყველასგან განსხვავებით, სამოთხისეული განსწავლა, შემდგომ კი, ჩადენილი ცოდვის გამო, ღრმა სინანული ჰქონდა.
ამიტომაც მან და მისმა შვილმა, სეითმა, მთელი ცოდნა და ძალისხმევა ღმრთის სათნოყოფისთვის და მარადიულ ნეტარებაში დაბრუნებისკენ მიმართეს; განსხვავებით კაენისა და მისი შთამომავლებისაგან, რომელთაც ღმერთი დაივიწყეს და თავისი მონდომება ამქვეყნიური კეთილდღეობისკენ წარმართეს; აღარ ზრუნავდნენ სულზე და სიკვდილის შემდგომი მდგომარეობაც აღარ აინტერესებდათ.
კაცობრიობაც მთელი თავისი განვითარების მანძილზე ამ ორ გზას შორის მერყეობდა და მერყეობს.
როგორი იქნება ჩვენი არჩევანი?
თუ შევძლებთ სწორი ურთიერთობები ვიქონიოთ ღმერთან, ადამიანთან, ბუნებასთან, მიკრო და მაკრო კოსმოსთან, ვერავითარი ტექნოლოგიური მიღწევა ვერ გაგვაუცხოებს შემოქმედისგან, არამედ მათი მართებულად გამოყენების შემთხვევაში, იგი იქცევა ჩვენი გონებრივი და სულიერი წინსვლის დიდ საშუალებად.
ამიტომაც, დღეს ყველაზე მეტად გვესაჭიროება მაცხოვრის შობის საიდუმლოს გაცნობიერება, რადგან დედამიწაზე განხორციელებული ქრისტე ყოველ დროს და ყველა ეპოქაში გვწინამძღვრობს, გვიჩვენებს სწორ გზას და გვანიჭებს ხსნას.
იგია სრული სიყვარული და სიკეთე, სრული ცოდნა, მშვიდობა და სიბრძნე, რომელიც მარადიულად და დაუსრულებლად განაახლებს, განაბრძნობს და განწმენდს მის თანაზიართ.
ყველას, ვინც მაცხოვრის შობის სიხარულით ცოცხლობს, ვულოცავ ამ დიდებული დღის შემობრძანებას. ვულოცავ ზეციურ და მიწიერ სამყაროს, სრულიად საქართველოს, თითოეულ თქვენგანს; ვულოცავ ხელისუფალთ, უცხოეთში მყოფ თანამემამულეთ, ჩვენს ერთგულ მრევლსა და სასულიერო პირებს! ვულოცავ ჯარისკაცებს, სპორტსმენებს, მეზღვაურებს, ექიმებს და ქვეყნის კეთილდღეობისათვის ყველა სხვა დამაშვრალს; ვულოცავ მოხუცებსა და ახალგაზრდებს, სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მოსწავლეებს, განსაკუთრებით კი, ბავშვებსა და ახალშობილებს; ვულოცავ პატიმრებს, სნეულებაში მყოფთ და მშობლების მზრუნველობას მოკლებულთ...
ყველას გლოცავთ და გახარებთ მხსნელის მოვლინებას!
სულიერად განმტკიცდით და გაძლიერდით, და არაფრის შეგეშინდეთ!
უფალთან არ დაგეკარგებათ თუნდაც ერთი გულითადი ლოცვა და სინანულის ცრემლის ერთი წვეთიც კი.
გწამდეთ, ყველაფრის მიუხედავად, იესო ქრისტეს ყოველთვის ჩვენთვის მაცხოვნებელი გზით მივყავართ; ამიტომაც მუდამ იყავით მადლიერნი მისი და გქონდეთ სასოება.
ვინც ღმერთი ჰპოვა, უმთავრესი შეიძინა; ღმერთს განშორებული სული კი კვდება, როგორც სულს გაყრილი სხეული.
და კიდევ, - ყველა და ყველაფერი უძლურია იქ, სადაც უფალი თავის ძალას ავლენს.
„უპირატეს ჟამთა მამისგან შობილსა ძესა და ქალწულისაგან ხორცშესხმულსა, ყრმანი აქებდით, მღვდელნი უგალობდით და ერნი უფროისად აღამაღლებდით უკუნისამდე“ (ძლისპირი), ამინ!
ბეთლემში შობილი იესოს სიყვარულით თქვენთვის მლოცველი,
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
თბილისი, ქრისტეშობა, 2024
სააღდგომო ეპისტოლე - 1988
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის
ღვთისმოყვარე და ღვთივკურთხეულ სამწყსოს
"მე ვარ აღდგომაჲ და ცხორებაჲ. რომელსა ჰრწმენეს ჩემი,
მო-ღათუ-კუდეს, ცხოვნდესვე" (იოანე 11,25)
ღმერთმა ინება და ღირს გვყო, რომ დღეს კვლავ გვეგრძნო ღვთაებრივი საიდუმლო სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებისა - ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომისა.
მათე მოციქული გვამცნობს, თუ როგორ ახარა უფლის საფლავთან გათენებისას მისულ მენელსაცხებლე დედათ ღვთის ანგელოზმა: ნუ გეშინინ თქუენ, ვიცი, რამეთუ იესოს ნაზარეველსა ჯუარ-ცუმულსა ეძიებთ, არა არს აქა, რამეთუ აღდგა... და ადრე წარვედით და უთხართ მოწაფეთა მისთა, ვითარმედ აღდგა მკუდრეთით (მათე 28,5-7).
მას შემდეგ აი უკვე ოცი საუკუნეა, რაც ქრისტეს აღდგომის სიხარული თაობიდან თაობას გადაეცემა. ამ არამიწიერი, ულევი სიხარულით აღვსილი მეც სიყვარულით მოგილოცავთ:
ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !
აღდგა იგი ახლობელთა და შორეულთა, დიდთა და მცირეთა, ძლიერთა და უძლურთათვის, რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხოვრებაჲ საუკუნოჲ (იოვანე 3,15).ჩვენთვის, ადამიანებისათვის, ჩვენი ხსნისა და ცხოვრებისათვის აღესრულა ეს ყოველივე. ადამიანი ხომ ყველაზე ძვირფასია ქმნილებათა შორის. იგი არის დიადიც და ძალიან მცირეც. მასშია ზეცის სიმაღლე და სიმდაბლე ჯოჯოხეთისა. ცხოვრება განსაცდელია; მიზანი - განღმრთობა. ოღონდაც მარადიული ნეტარება ამქვეყნიური ყოფით, ღვთის მცნებისა და ნების აღსრულებით უნდა დავიმკვიდროთ, ჩვენი კუთვნილი ჯვრის უდრტვინველი ტარებით უნდა მოვიპოვოთ.
ცხოვრების გზაზე ჩვენს გვერდით მრავალი სხვაც მოაბიჯებს. ჩვენ ერთმანეთისაგან ჯვრის სიმძიმე განგვასხვავებს. ზოგის ჯვარი ძნელად სატარებელია, ზოგისა - მსუბუქი, "ურთიერთარს სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ შჯული იგი ქრისტესი" (გალატ. 6,2), - გვარიგებს მოციქული პავლე.
ვაკეთებთ კი ამას? - სამწუხაროდ, ხშირად არა.
ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში ვკითხულობთ: "განიშორეთ თქუენგან პირველისა მისებრ სლვისა თქუენისა ძუელი იგი კაცი, განხრწნილი გულის თქუმისა მისებრ საცთურისა, და განახლდებოდეთ თქუენ სულითა მით გონებისა თქუენისაჲთა და შეიმოსეთ ახალი იგი კაცი, ღმრთისა მიერ დაბადებული, სიმართლითა და სიწმინდითა ჭეშმარიტებისაჲთა. ამისთჳს განიშორეთ ტყუილი, იტყოდეთ ჭეშმარიტსა კაცად-კაცადი მოყუასისა თჳსისა თანა, რამეთუ ვართ ურთიეთარს ასოებ" (ეფეს. 4,22-25).
ძველი კაცი კვლავ ჩვენშია, ჩვენ შორისაა.
ცოდვამ გაყო კაცთა მოდგმა. გაყო ამპარტავნებით, სიძულვილით, მრისხანებით, შურით, ცილისწამებით... ხშირად არ ძალგვიძს, დავძლიოთ ეს გამთიშველი ძალა, რომელიც ჩვენს ხედვას არასწორ მიმართულებას აძლევს და რომლის გამოც პიროვნების ცხოვრების ნამდვილ სახეს დამახინჯებულად აღვიქვამთ და მას მივიჩნევთ რეალურად.
სულიერი სრულყოფის კიბეზე ორ მადლს აყავს ადამიანი: უკვდავებასა და სიწმინდეს.
ორ ძალას შთაყავს კაცი ჯოჯოხეთამდე: ცოდვასა და სიკვდილს.
სიკვდილი და უკვდავება! რა ხშირად იმყოფებიან ისინი გვერდიგვერდ. ხშირია მათი თანაარსებობა ერთ ოთახშიც კი, მშობლებსა და შვილებს, დებსა და ძმებს შორის (ძნელია, მაგრამ მათ რომ ერთად ცხოვრება შეძლონ, ერთმანეთის სიმძიმე უნდა იტვირთონ, უნდა დაუთმონ ერთმანეთს).
ღმერთმა ადამიანს მიანიჭა უკვდავება და ამავე დროს - თავისუფალი ნება. არჩევანი ჩვენზეა, რას მივყვებით: სიმართლის საქმეთ - სიწმიდეს, თუ ცოდვის გზას - სიკვდილს?
ცნობილი ფილოსოფოსის ვლადიმერ სოლოვიოვის სტატიაში "ცხოვრების სულიერი საფუძვლები" წერია: "ჩვენ ცოდვის სამ მთავარ სახეს ვიცნობთ: მგრძნობელობითს - ხორციელ ცოდვას ანუ ავხორცობას, რომლის საწყისი ფორმა შობს ცოდვას, ხოლო ჩადენილი ცოდვა - სიკვდილს. შემდეგ მოდის ბუნებითი ცოდვა - თავდაჯერებულობა ანუ თვითგანდიდება. მას თან სდევს ცდომილება, შეცდომისას კი სიჯიუტე სათავეა ტყუილისა და სიცრუისა. და ბოლოს ჩვენი სულისმიერი ცოდვა - ძალაუფლების მოყვარება, რასაც ძალმომრეობამდე მივყავართ. ძალმომრეობა კი მთავრდება მკვლელობით. ასეთია გზა ცოდვისა".
თუ მოვლენებსა და საკუთარ თავს მთელი სიღრმით დავუკვირდებით, შიში შეგვიპყრობს: იქნებ ცოდვამ ისე დაგვრია ხელი, რომ უკვე ვეღარ შევძლებთ გამოსწორებას და აღარ არის ხსნა ჩვენთვის?
გადარჩენა ძნელია, მაგრამ არა შეუძლებელი და იგი უფალმა მოგვანიჭა. მისი მადლი რწმენით მიმღებ დავრდომილთა აღმადგინებელია, ნაკლულევანთა აღმავსებელი, ესაა ჩვენი განმათბობელი ღვთაებრივი სიყვარული, რომელსაც არა აქვს საზღვარი. იგია წყალობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა მამისა და ზიარება სულისა წმიდისა.
სიყვარული მრავალგვარად განისაზღვრება. მის შესახებ მსჯელობენ ღვთისმეტყველნი, ფილოსოფოსნი, მწერლები, სოციოლოგები... ცნობილია, თუ როგორ ვლინდება იგი ჩვენში, გარემო სამყაროში, მაგრამ კითხვას: კონკრეტულად რა არის სიყვარული? - დღემდე ვერავინ გასცა პასუხი. ეს იმიტომ, რომ სიყვარული ღვთაებრივი წარმოშობისაა; იგიც ღმერთივით შეუცნობელი და გამოუთქმელია, ისეთივე დაუსაბამო და უსასრულოა, როგორც უფალი.
დიახ, სიყვარული მარადიულია, ოღონდ საუკუნეთა მანძილზე იგი განსხვავებული ძალით იჩენდა ხოლმე თავს.
მაცხოვრის ამქვეყნად მოსვლამდე სიყვარული იმდენად იყო კაცთა შორის გამოვლენილი, რამდენადაც შეეძლოთ მათ ამის დატევა. უფალმა თავისი განხორციელებით, ცხოვრებით, ჯვარცმითა და აღდგომით ადამიანი სულიერი სრულყოფის ახალ საფეხურზე აიყვანა, ზეციური ნათლით განაბრწყინვა, ღვთაებრივ სიყვარულს აზიარა.
მას რომ მივეახლოთ, სიტყვით და საქმით ქრისტიანულად უნდა ვიცხოვროთ, უნდა დავძლიოთ ვნებები და ცოდვისმიერი მისწრაფებები, მაშინ სული ჩვენი იქცევა სპეტაკ ტაძრად და უფალი ღირს გვყოფს, მასში დაივანოს.
ამ სულიერ ბრძოლაში გამარჯვება გმირობის ტოლფარდია.
წმიდა მოციქული პავლე გვარიგებს: მთელი ქონება რომ გლახაკთ დაურიგო, ხორცი შენი რომ ცეცხლს მისცე გვემად, ადამიანთა და ანგელოზთა ყველა ენა რომ შეისწავლო, წინასწარმეტყველის ნიჭითაც რომ იყო დაჯილდოებული და ქვეყნის ყველა საიდუმლოს ფარდა ჰქონდეს შენთვის ახდილი, რომ გქონდეს ყოველგვარი ცოდნა და რწმენა, მთების გადაადგილებაც რომ შეგეძლოს და სიყვარული კი არ გქონდეს, მაინც უხმარი სპილენძი იქნები, არარაობა იქნები შენ (I კორინ. 13,2), რადგან არ იქნება შენში მთავარი მხსნელი ძალა - სიყვარული, რომელიც არის მომცველი ყოველთა მცნებათა და აღსრულება მათი.
სიყვარული არ ეძიებს თავისას, რადგან თავისუფალია თავისმოყვარების ეგოისტური გრძნობისაგან. "სიყვარული სულგრძელ არს და ტკბილ, სიყვარულსა არა შურნ, სიყვარული არა მაღლოინ, არა განლაღნის, არა სარცხვინელ იქმნის... არა განრისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი, არა უხარინ სიცრუესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა, ყოველსა თავს-იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ" (I კორინ. 13,4-7).
ღმერთი, მოყვასი და მე - აი, ის ღვთაებრივი სამკუთხედი, რომელიც სიყვარულით უნდა იყოს შეერთებული. თუ ამ სამთაგან თუნდაც ერთი რგოლი დაირღვა, დაირღვევა თვით სიყვარული. დამდაბლდება იგი, ავხორცობად გადაიქცევა და ბოლოს განქარდება კიდეც.
ის, ვისი ცხოვრებაც ღვთის რწმენასა და სიყვარულზეა დაფუძნებული, აუცილებლად იქნება ღვთის მოშიში, პატივს მიაგებს მშობლებს, შეიყვარებს მოყვასს, არ მოიპარავს, არ ხელყოფს სხვის სიცოცხლეს, არ დასწამებს ცილს ადამიანს, თავისუფალი იქნება შურისგან, იცხოვრებს ეკლესიურად და უსურვებს ყველას მას, რაც თავისი თავისთვის უნდა, რადგან ჭეშმარიტი სიყვარული მოიცავს ქრისტიანის ცხოვრების ყველა მხარეს, განსაზღვრავს და საფუძვლად ედება ურთიერთობას პიროვნებასა და შემოქმედს შორის, ადამიანთა შორის.
სიყვარული ღვთისა და კაცისა, სიყვარული ადამიანთა შორის გამოვლენილი - აი მთავარი თემა სახარებისა.
სიყვარულისა და მოწყალების შესანიშნავ მაგალითებს ვხვდებით წმიდა მამათა ცხოვრებაშიც. აი ერთი მათგანი:
იყო ვინმე სერაპიონი, წარმოშობით ეგვიპტელი. გამოირჩეოდა იგი ქვეყნიურ კეთილდღეობათა მიმართ გულგრილობით, ამიტომაც შეარქვეს მშვიდი, აუღელვებელი. წერა-კითხვა რომ ისწავლა, მთელი წმიდა წერილი დაიზეპირა და თავის მთავარ საქმედ სახარების ქადაგება აირჩია.
ერთ ქალაქში ოც მონეტად მონად დაუდგა წარმართ მსახიობებს. მათთან ერთად ცხოვრობდა, მათთვის შრომობდა და თან გამუდმებით უქადაგებდა ღვთის სიტყვას. ბოლოს მიაღწია იმას, რომ ყველანი გააქრისტიანა და დაარწმუნა, დაეტოვებინათ წარმართთა თეატრი.
როცა ისინი მოინათლნენ, გადაწყვიტეს, მონობიდან გაეთავისუფლებინათ სერაპიონი. მაშინ ღირსმა მამამ უთხრა, რომ იგი მონა არ ყოფილა და რომ ემსახურებოდა მხოლოდ მათი გადარჩენისა და ჭეშმარიტების გზაზე დაყენებისთვის. მსახიობებმა სთხოვეს სერაპიონს, რომ მათთან დარჩენილიყო და სულიერი მამობა გაეწია, მაგრამ უარი მიიღეს. წმიდა სერაპიონმა დაუბრუნა ის ოცი მონეტა, თვითონ კი გაემგზავრა სხვა ქალაქებისა და სოფლებისაკენ სხვა გაჭირვებულთა დასახმარებლად.
ხშირად გაიგონებთ ნათქვამს: სიყვარული უნდა გვქონდეს, მაგრამ სამართლიანობაც აუცილებელიაო.
როცა სიყვარულზე, მშვიდობაზე, ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულებაზე და მათ შორის კეთილგანწყობაზე ვსაუბრობთ, ვერ დავივიწყებთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა სამართლიანობა.
სამართლიანობა არ არის მხოლოდ იურიდიული ან განყენებული ფილოსოფიური აზროვნების გამოვლინება, არამედ ჩვეულებრივი, ცხოვრებისეული ზნეობრივი გრძნობა.
და მაინც, რა არის სამართლიანობა?
ზოგიერთები სამართლიანად მიიჩნევენ მხოლოდ მას, რაც შეესატყვისება მათ აზროვნებასა და უფლებებს. ანუ სამართლიანია ის, რაც მათთვის ხელსაყრელი და სასარგებლოა.
სამართლიანობა იმ კაცისა, ვინც მხოლოდ თავის უფლებებს იცავს და არ აქცევს ყურადღებას სხვათა გაჭირვებას, სხვათა წუხილს, რა თქმა უნდა, ვიწრო ეგოიზმიდან მოდის.
ჭეშმარიტი სამართალი შეიძლება იყოს მხოლოდ იქ, სადაც წონასწორობაა ჩემსა და სხვას შორის. ვექცევი თუ არა სხვას ისე როგორც საკუთარ თავს. ეს კი გამოცდილებით ვიცით, რასაც ნიშნავს: იმის მიუხედავად, კარგია ჩვენი საქციელი თუ ავი, თავი მაინც გვიყვარს და შეცდომებსაც ადვილად ვპატიობთ.
სამართლიანობა მოითხოვს, ასეთივე დამოკიდებულება გვქონდეს სხვათა მიმართ. ეს არის ადამიანთა ურთიერთობის გაცილებით მაღალი და სრულყოფილი საფეხური, დაფუძნებული სიყვარულზე და მოწყალებაზე. იგი აღემატება სამართლიანობის მდაბალ სახეს, რომლის ნიღაბს ხშირად ისინი იფარებენ, რომელთაც არა აქვთ თანაგრძნობა და სიყვარული მოყვასისა და განიკითხავენ მათ.
აი, რას ბრძანებს წმიდა თალასი:
"ვითარცა ჭაობსა შინა არა იპოვების ნელსაცხებელი, ეგრეთვე არცა სულსა შინა ძვირისმოჴსენისასა, სუნნელებაჲ სიყვარულისაჲ. სიკუდილი სულისაჲ არს სიძულვილი მოყვასისაჲ და ესე აქუს და ამას იქმს ძჳრისმეტყველისა სული".
განმკითხველნი უფრო ხშირად ისინი არიან, რომელნიც შურის ტყვეობაში იმყოფებიან, ანდა საკუთარ თავს არ იცნობენ. თითოეული ჩვენგანი ხომ მონაა ცოდვისა. გაფაქიზებული მზერა ადვილად ამჩნევს საკუთარი შინაგანი სამყაროს ნაკლოვანებას და ეს ათავისუფლებს მას სხვათა განსჯისაგან.
უდიდესი მოღვაწე, გრიგოლ ღვთისმეტყველი წერს: "მე შენ მოგმართავ, სხეულო ჩემო, განუკურნელო, ფარისეველო შენ მტერო ჩემო და მოძულეო. შენ ნადირი ხარ ვერაგულად მომფერებელი, საკვირველი ცეცხლი განმყინველი. და იქნებოდა სასწაული უდიადესი, ოდესმე მაინც, თუნდაც რომ ბოლოს, კეთილგანწყობა შენი მეხილა.
შენც, სულო ჩემო, ვინ ხარ, სით მოხვალ? ვინ მოგცა ტვირთი ხორცის ზიდვისა, ვინ მიგაჯაჭვა ამ ცხოვრებას და გაიძულა, გამუდმებით ისწრაფოდე დედამიწისკენ?
და თუ შენ, სულო, დაატარებ შენში ზეციურს, რა იქნებოდა, გაგემხილა საწყისი შენი. თუ შენ სუნთქვა ხარ ღვთაებრივი და მისი წილი, როგორც შენ ფიქრობ, მაშ, განუდექი სიცრუეს და გიწამებ მაშინ, როს მცირე ბიწიც შენს სიწმიდეს არ შეეხება" (გრიგოლ ღვთისმეტყველი, მ., 1844, გვ.260-261).
ჩვენ რაღა გვეთქმის?!
ამქვეყნად გამეფებული წესი ცხოვრებისა შეიძლება სამ საფეხურად წარმოვიდგინოთ.
პირველი საფეხური ძალისაა. იგი გულისხმობს სუსტთა და ძლიერთა შორის ბრძოლას არსებობისა და გადარჩენისთვის, როცა პირველნი მსხვერპლად ეწირებიან მძლავრთა ამა სოფლისათა, და ეს უკანასკნელნი კი ამას თვლიან ნორმალურ მდგომარეობად.
მეორე საფეხური კანონის საფეხურია. იგი არ ცნობს განსხვავებას პიროვნებებს შორის და ამართლებს პრინციპს, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ ძველი რომაელები ამბობდნენ: Dura lex, sed lex - მკაცრია კანონი, მაგრამ კანონია. კანონი ყველას უყენებს გარკვეულ პირობებს და სჯის, ვინც არ ემორჩილება მის წესებს.
მესამე საფეხური არის სიყვარულისა და თანაგრძნობისა. იგია გზა ქრისტიანული მოწყალებისა, როცა ერთნი გასცემენ ღვთის სადიდებლად, სხვანი კი იღებენ ასევე ღვთის სადიდებლად, ისე რომ არ შელახონ ერთმანეთის ღირსება. აქ მეფობს სული ქრისტესმიერი ძმური ერთობისა, რომელმაც არ იცის კეთილ საქმეში უკან დახევა, რათა აღსრულდეს სიტყვები უფლისა: რომელი გთხოვდეს შენ, მიეც და რომელსა უნდეს სესხებად შენგან, ნუ გარე-მიიქცევი (მათე 5,42).
საქმეში გამოვლენილი ქრისტიანული სიყვარული შინაგანი სრულყოფით მოიპოვება, რომლის მისაღწევად წმიდა იოანე კიბის აღმწერელმა ოცდაათ სულიერ საფეხურზე ამაღლების აუცილებლობა გვიჩვენა.
ქრისტიანული სიყვარული სათავეს იღებს იქ, სადაც მთავრდება ეგოიზმი და იწყება თავდადებული მსახურება მოყვასისათვის, ოღონდ ისიც უნდა ვიცოდეთ, ვის როგორ დავეხმაროთ.
ხომ უაზრობაა, ფული მისცე მდიდარს, რომელსაც ესაჭიროება მორალური შეწევნა, უფრო დიდი შეცდომა კი ისაა, რომ ავადმყოფ, მშიერ და უსახლკარო კაცს მხოლოდ ზნეობრივი დახმარება შევთავაზოთ.
კარგად არც მაშინ ვიქცევით, როცა ვცდილობთ, სხვას იძულებით მოვახვიოთ ჩვენი აზრები, ჩვენი შეხედულებები, თუნდაც რომ სწორი იყოს ისინი.
მთავარია, ჩვენ შევქმნათ იმის პირობები, რომ პიროვნება თვითონ მივიდეს ჭეშმარიტებამდე, თვითონ იგრძნოს, თვითონ აღმოაჩინოს სინამდვილე.
მე მინდა შოტლანდიელი ფილოსოფოსის - ბიატის ცხოვრების ერთი ფურცელი შეგახსენოთ.
მას ჰყავდა ვაჟი, რომელიც ძალიან უყვარდა და სურდა, მისთვის სასულიერო განათლება მიეცა. ამიტომაც ცდილობდა, ღვთის სიყვარული თავიდანვე გაეღვივებინა მასში.
როდესაც ბავშვს 5-6 წელი შეუსრულდა და კითხვა ისწავლა, მამამ ასეთი გამოცდა ჩაუტარა: ბაღის ერთ კუთხეში, ხნულზე, ისე, რომ არავის დაენახა, შვილის სახელი დაწერა, კვლებში ყვავილების თესლი ჩაყარა, მერე მიწა მიაყარა და გაასწორა. რამდენიმე დღის შემდეგ ბიჭმა მამასთან მიირბინა და გახარებულმა უთხრა, რომ ბაღში თავისი სახელი ნახა ყვავილებით დაწერილი. მან გაიცინა და ისეთი სახე მიიღო, თითქოს ამას დიდ ყურადღებას არ აქცევდა. ბიჭი არ მოეშვა და აიძულა, წაჰყოლოდა იმ ადგილის სანახავად. როცა მივიდნენ, მამამ თავშეკავებით თქვა, რომ ამაში საკვირველი არაფერი იყო და იგი შემთხვევითობას მიაწერა. ბიჭი არ დაეთანხმა.
მაშ, მიგაჩნია, რომ შენი სახელი თავისით არ დაწერილა აქ? - ჰკითხა მამამ.
დიახ, - მტკიცედ მიუგო პატარამ.
ბოლოს მამამ აღიარა, თუ როგორ დათესა კვლებში ყვავილების თესლი და დაუმატა, რომ მსგავსად ამისა, არც სამყარო და მასში დაცული გასაოცარი წესრიგია თავისით შექმნილი, რომ იგი გამოვლენაა ღვთაებრივი გონისა და სიყვარულისა, ქმნილება ღვთის ხელისა.
დიახ, ცა, მიწა, ზღვა... მთელი კოსმოსი დიდი და ბრწყინვალე წიგნია უფლისა, რომელშიც უსიტყვოდაა განცხადებული ღმერთი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ამ წაგნის კითხვა, რომ სწორად ვიცხოვროთ. სწორად კი ვიცხოვრებთ მაშინ, თუ მართლმადიდებელი ეკლესიის კანონებს აღვასრულებთ.
სათნო ვეყოთ ღმერთს, - აი ჩვენი ნეტარება.
ვიყოთ მუდამ მასთან - აი, ჩვენი მოწოდება.
"უმეტეს ყოველთა შეიყვარეთ ღმერთი, - გვარიგებს ეფრემ ასური, ვისაც წრფელი გულით უყვარს იგი, მისი გონება მუდამ ზეცისკენ ისწრაფვის, იქიდან იღებს ის სულიერ საზრდოს, იქიდან ნათლდება, იქიდან ივსება იგი ღვთაებრივი სიყვარულის სიტკბოებით".
მწერლები, სოციოლოგები, ფილოსოფოსები დღეს აყენებენ კითხვას: აქვს კი მომავალი სიყვარულს? და თუ აქვს, როგორი იქნება იგი?
ჩვენ ვცხოვრობთ მატერიალურ-ტექნიკური პროგრესის საუკუნეში, მატერიალურ სიუხვეთა დაგროვების ხანაში, როცა ხშირად გვავიწყდება ჩვენი უკვდავი სული, გვავიწყდება სიყვარული, ზნეობრივი ღირებულებები.
ვერც ვგრძნობთ, რომ გვაკლია სულიერი საზრდელი, ნდობა და კეთილგანწყობა. ადამიანი გახდა როგორღაც გულქვა, დაუნდობელი, ჩაიკეტა თავის თავში.
ქრისტიანული ერის მეოცე ასწლეულმა ღრმა კვალი დატოვა კაცობრიობის ისტორიაში. ეს არის ამაყი საუკუნე, საუკუნე ნგრევისა და შენებისა, საუკუნე სავსე ტკივილით, ტანჯვით, ღირებულებათა გადაფასებით, გამორჩეული დიდი მიღწევებით და ამავე დროს სულიერი სიღატაკით ნიშანდებული. საუკუნე ბრძოლისა და განყოფისა.
მიუხედავად ყოველივე ამისა, ჩვენ ვართ იმედით, რომ აზროვნების წინსვლასთან ერთად, ღვთის კურთხევით, სულიერადაც განვვითარდებით, ვპოვებთ ჩვენში ძალას, რომ განვთავისუფლდეთ მატერიის მონობისაგან, ტექნიკის შემოტევისაგან და ჩვენი გონების ამპარტავნებისაგან, გვწამს, რომ შევძლებთ ღვთის, საკუთარი თავისა და მოყვასის დანახვას.
დღეს ბევრს ვლაპარაკობთ გარდაქმნაზე. მადლობა ღმერთს, რომ ეს პროცესი დაიწყო. მაგრამ ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ გარდაქმნა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს სულსა და აზროვნებას უნდა შეეხოს და მერე უნდა გამოვლინდეს გარეგნულ ფორმებში.
თუ არ შეიცვლება ჩვენი შინაგანი სამყარო, ჩვენი ყველა მცდელობა ამაო იქნება. უნდა ვეცადოთ, აღვზარდოთ ადამიანი შემოქმედებითად, ისე, რომ იგი გრძნობდეს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, აღიქვამდეს ჩვენს სახლს, დედამიწას, როგორც ერთიანს, მთლიანს, რომლის ჭერქვეშ ყველამ მშვიდობიანად უნდა იცხოვროს.
მაგრამ არც მხოლოდ მშვიდობიანი ყოფა არის საკმარისი. აუცილებელია ცხოვრება რწმენით, იმედით, სიყვარულით, ანუ მაცხოვრის მცნებებით.
თუ ვერ განვეშორებით მტრობას, ვერაგობას, ბოროტებას, შურსა და რისხვას და ყოველ საქმეთ ღვთისა და ჩვენს შეურაცხმყოფელს, ვერც აღდგომის დღესასწაულის ძალას ვიგრძნობთ.
დღეს უფალი, მართალია, გვიხმობს სიხარულად, მაგრამ იგი, უპირველეს ყოვლისა, მოგვიწოდებს სინანულისთვის, სიყვარულის, თანაგრძნობისა და მოწყალებისთვის, ლოცვის, მარხვისა და ცოდვათა შენდობისათვის. ამიტომაც წერს ძველ მოღვაწეთაგან ცნობილი აბბა ევაგრე, რომ უფლის პასექი ბოროტების სიკეთით შეცვლააო.
მეც გისურვებთ ამ ღვთის სათნო ფერისცვალებას, ძველი კაცის ძველი სამოსელის ქრისტეს სიყვარულის ახალი ბრწყინვალე სამოსით შეცვლას, რათა დაიმკვიდროთ სასუფეველი ღვთისა.
"აღდეგ რა ქრისტესთან ერთად, - ბრძანებს გრიგოლ ღვთისმეტყველი, - ახალ ქმნილებად იქმენ, რომელი განმზადებულ არს კეთილ საქმეთა აღსრულებად. დე, განახლდეს სრულად ცხოვრება შენი და გზა შენი მოღვაწებისა განახლდეს სრულად".
სააღდგომო ეპისტოლე წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველისვე სიტვებით მინდა დავამთავრო: "შეკრიბეთ საუნჯე დაუსრულებელთა საუკუნეთათვის... დროში აშენებულს დროვე დაარღვევს".
ყოვლადუსამღვდელოესნო მიტროპოლიტნო, მთავარეპისკოპოსნო და ეპისკოპოსნო, ღირსნო წინამძღვარნო და დიაკონნო, ღვთისსაყვარელნო ბერ-მონოზონნო, ღვთივკურთხეულნო ივერნო, საზღვარგარეთ მცხოვრებო თანამემამულენო, შვილნო საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა, გილოცავთ წმიდა პასექის დიად დღესასწაულს.
მოვედით და იხარებდით ტრაპეზსა ზედა ქრისტეს აღდგომისასა. "ვიყუარებოდეთ ურთიერთას, რათა ერთობით აღვიარებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა".
ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა
ჭ ე შ მ ა რ ი ტ ა დ ა ღ დ გ ა !
აღდგომა ქრისტესი,
თბილისი, 1988 წ.
სააღდგომო ეპისტოლე - 1996
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმოყვარე და ღვთივკურთხეულ შვილებს
მოიშორეთ ყველა თქვენი შეცოდება, რაც ჩაგიდენიათ;
შეიქმენით ახალი გული და ახალი სული. რადგან არ
მახარებს მე მომაკვდავის სიკვდილი, ამბობს უფალი ღმერთი,
აბა მოიქეცით და იცოცხლეთ (ეზეკ. 18,31-32)
ღვთის შემწეობით ჩვენ განვლეთ მაცხოვნებელი დღენი დიდი მარხვისა, - ჟამი თვითჩაღრმავებისა და თვითანალიზისა, კიდევ უფრო ღრმად შევიცანით აზრი ჩვენი ცხოვრებისა და საქმიანობისა, მისტიური და ღვთაებრივი შინაარსი მომხდარი მოვლენებისა და ჩვენი როლი ამ მოვლენებში. ჩვენს წინაშე ფრიად ძნელი ამოცანა დგას: ამ რთულსა და წინააღმდეგობებით სავსე სამყაროში, ყოველივე იმას, რაც ახლა ხდება, აუცილებლად ზუსტი და სამართლიანა შეფასება უნდა მივცეთ, რათა ვიცოდეთ, საით წავიდეთ.
ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდვს, რომ ყოველი სიტყვა, ჩვენს მიერ თქმული, ან დადებით, ან უარყოფით ენერგიას შეიცავს, რომელთაც არა მხოლოდ ჩვენ ვატარებთ, არამედ ჩვენს გარშემოც, ჩვენს მახლობლებსა და ნაცნობებზეც ვავრცელებთ. რა ხშირად არ გვაქვს ჩვენ ეს შეგნებული და უაზროდ წარმოთქმულ სიტყვებში ვიძირებით, გვაგიწყდება რა სიტყვები მაცხოვრისა: ყოველი სიტყუაჲ უქმი, რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუაჲ მისთჳს დღესა მას სასჯელისასა. რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო (მათე 12,36-37).
ამიტომ დიდი ყურადღება და სიფრთხილე გვმართებს იმის მიმართ, თუ რას ვამბობთ, ან ვაკეთებთ. ყოველი ჩვენი სიტყვა და მოქმედება ჩვენი მაცხოვნებელი უნდა იყოს და ამავე დროს სამყაროს წინაშე ჩვენს რწმენას ღვთისა, - რწმენას მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრისა, უნდა გამოხატავდეს. რაც არ უნდა მძიმე ცხოვრება ჰქონდეს, დღესასწაულს წმიდა პასექისა მორწმუნე ქრისტიანისათვის ყოველთვის განსაკუთრებული სიხარული მოაქვს. ამ არამიწიერი სიხარულით აღსავსე ყველას სიყვარულით გილოცავთ დიდ დღესასწაულს სიხარულისა და სასოებისა:
ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !
ჩვენ გვიხარია, რომ იძლია სიკვდილი და რომ მაცხოვრის სიკვდილითა და აღდგომით აღსრულდა დიდი საიდუმლო - გამოსყიდვა კაცთა მოდგმისა; გვიხარია, რომ ყოველ ჩვენგანს შეუძლია პავლე მოციქულთან ერთად გაიმეოროს სიტყვები: სადა არს, სიკუდილო, საწერტელი შენი? სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაჲ შენი? (1 კორ. 15,55). ამიტომაც ვისმენთ ასეთი სიხარულით აღდგომის დიდი კანონის სიტყვებს: სიკვდილითა სიკვდილისა შემუსრვასა ჯოჯოხეთისასა დღეს ვდღესასწაულობთ, დასაბამსა და მიზეზსა ახლისა ცხოვრებისასა უგალობთ (გალობა ზ. პასექისა).სიკვდილი სხვადასხვა სახისაა: ხორციელი სიკვდილი, რომელიც ჩვენ ერთმანეთს დროებით განგვაშორებს, იგი ამავე დროს კარიბჭეა ახალი, მარადიული ცხოვრებისა. ყოველ ადამიანს უნდა ახსოვდეს, რომ ეს დღე და წუთი ელის და მისი მოსვლისთვის უნდა ემზადებოდეს. სწამს ადამიანს თუ არა, სურს მას ეს თუ არა, სიკვდილის ზღურბლიდან ახალი, მარადიული ცხოვრება იწყება, რომელშიც იგი სამაგიეროს დამსახურებისამებრ მიიღებს. ვაი მათ, რომელნიც მიწიერ ტკბობათა გამო სულიერ სიკვდილს ეზიარებიან, რომელსაც წმ. წერილი მეორე სიკვდილს უწოდებს: ნეტარ არს და წმიდა, რომელსა აქუნდეს ნაწილი აღდგომისა მას შინა პირველისა. მათ ზედა მეორესა მას სიკუდილსა არა აქუს ხელმწიფებაჲ (გამოცხ. 20,6).
ადამიანის სულიერი და ფიზიკური მდგომარეობა დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ მისი გონება და გრძნობები საითკენაა მიმართული.
ადამიანის შემმეცნებელნი უნარნი - გონება და გრძნობა, ერთმანეთისაგან არა მხოლოდ თავიანთი ფუნქციებითა და შემეცნების სფეროებით, არამედ იერარქიული მდგომარეობითაც განსხვავდებიან. გონებამ, როგორც უფრო მაღალმა საწყისმა, გაბატონებული მდგომარეობა უნდა დაიკავოს, ყველა ჩვენი გრძნობისმიერი მოძრაობა გააკონტროლოს და იმ საზღვრებში მოაქციოს, რომელიც მათ ღმერთმა დაუდგინა.
წმ. აბა თალასე წერს: "გრძნობა გონებას მიეც მსახურად და არ მისცე მას დრო, რათა იგი გაართოს" (სათნოებათა სიყვარული, 3,316).
საკითხი გონებისა და გრძნობების ურთიერთმიმართებისა ფრიად აქტუალურია ჩვენთვის, ჩვენი ხალხისათვის, რადგან ჩვენ ბუნებით ზედმეტად მგრძნობიარენი ვართ. სამწუხაროდ გონებამ და გრძნობებმა ადგილები გაცვალეს, ამიტომ ხშირად ჩვენში თავდაუჭერელი და აულაგმავი გრძნობები გონებაზე ბატონობენ და იმონებენ მას. სწორედ ამის გამო მოგვდის ამდენი შეცდომა. ამიტომაც კვლავ ვუბრუნდები იდეას, რომელიც ერთხელ უკვე გამოვხატე: ჩვენმა საშუალო სკოლებმა და უმაღლესმა სასწავლო დაწესებულებებმა ლოგიკური და ფილოსოფიური აზროვნების კურსი უნდა შემოიღონ, ამ გზით ჩვენი ახალგაზრდობა ლოგიკურ აზროვნებას ისწავლის და ის შეცდომები აღარ მოუვა, რომელნიც ხშირად საბედისწერონი ხდებიან. ჩვენი მთავრობისა და განათლების სამინისტროს მიერ ეს საკითხი სერიოზულად უნდა იქნეს შესწავლილი. ქრისტიანული იდეალი არა პასიური, არამედ აქტიური გონებაა. აუცილებელია ძიებანი, განათებანი და აღმოჩენანი. ადამიანს ყოველთვის უნდა ჰქონდეს გრძნობა დაუკმაყოფილებლობისა და სწრაფვა სიახლისაკენ.
უნებლიედ მახსენდება სიტყვები წმ. მოციქულის, იოვანე ღვთისმეტყველის გამოცხადებიდან: თქუა მჯდომარემან მან საყდარსა ზედა: აჰა ესერა ყოველსავე ახალ-ვჰყოფ (21,5). ახლად დაბადებისა და განახლებისათვის ყოველი ქრისტიანია მოწოდებული, პავლე მოციქული მოგვიწოდებს: განიძარცუეთ ძუელი იგი კაცი საქმით მისითურთ და შეიმოსეთ ახალი იგი, განახლებული მეცნიერებად მსგავსად ხატისა მის დამბადებელისა მისისა (კოლას. 3,9-10).
ხელახლა დაბადება - ეს განუწყვეტელი განახლება, წინსვლითი, პროგრესული მოძრაობაა, მადლითა და მეცნიერებით ადამიანის შეუნელებელი ზრდაა სულიერი და ინტელექტუალური თვალსაზრისით ვიდრე იგი, როგორც ხატი ღვთისა, სრულყოფას მიაღწევდეს. პავლე მოციქული განახლების პროცესს ასე წარმოგვიდგენს: შეიმოსეთ უკუე, ვითარცა რჩეულთა ღმრთისათა, წმიდათა და საყუარელთა, მოწყალებაჲ, შეწყნარებაჲ, სიტკბოებაჲ, სიმდაბლე, სიმშვიდე, სულგრძელებაჲ, თავს-იდებდით ურთიერთარს და მიჰმადლებდით თავსა თჳსთა, უკუეთუ ვისმე ჰქონდეს ვისთჳსმე ბრალი. ვითარცა იგი ქრისტემან მოგმადლა თქუენ, ეგრეცა თქუენ მიჰმადლეთ მათ; და ამას ყოველსა ზედა სიყუარული, რომელი-იგი არს სიმტკიცე სრულებისაჲ (კოლას. 3,12-14). შემთხვევითი როდია, რომ პავლე მოციქული სრულყოფის პროცესს მოწყალებით იწყებს. ჩვენი სულიერი აღმასვლა სწორედ მისგან უნდა დავიწყოთ: მშიერი უნდა დავაპუროთ, მტირალს ნუგეში ვცეთ, სნეულნი მოვინახულოთ, უსახლკარონი შევიფაროთ.
სულიერი სრულყოფის გზაზე მეორე ნაბიჯად პავლე მოციქულს სიტკბოება (სახიერება) მიაჩნია. ეკლესიის ძველი მამების განმარტებით სიტკბოება იმგვარი სათნოებაა, რომლის მფლობელისთვისაც მეზობლის სიკეთე ისევე ძვირფასია, როგორც საკუთარი. ისტორიკოსი იოსებ ფლავიოსი ამ სიტყვას ძველი აღთქმის პატრიარქის ისააკის დასახასიათებლად იყენებს, რომელიც უდაბნოში ჭებს თხრიდა და სხვებს აძლევდა (დაბ. 26,17-25), რათა მეზობლებთან ომი არ მოსვლოდა. ამ შემთხვევაში არა თუ შური არ არსებობს, არამედ სხვების მიმართ იმგვარი კეთილგანწყობილებაა გამომჟღავნებული, როცა მეორე ადამიანის სიხარული საკუთარ სიხარულად აღიქმება.
შემდეგი საფეხური სიმდაბლეა. ძველად ბრძენი ადამიანები ამბობდნენ, რომ ქრისტიანობის საფუძველი სიმდაბლეა. ქედმაღლობის საპირისპიროდ ბრძენთა სიმდაბლე იმის შეგნებას გულისხმობს, რომ ღმერთი შემოქმედია, ხოლო ადამიანი - ქმნილება. როგორ გვაკლია ჩვენ სიმდაბლე და როგორ გვჭირდება იგი! წმიდა მამები სიმდაბლის გზაზე მიგვითითებენ: "იღვაწე იმისთვის, რომ შენი გულის ზრახვანი დაამდაბლო და ღმერთი გულის თვალებს აგიხელს, რათა ჭეშმარიტი ნათელი იხილო. თავმდაბლობის გარეშე ჭეშმარიტი მოღვაწეობა შეუძლებელია (ბარსონოფი და იოვანე, 1885 წ. 3.207).
ადამიანის სულიერი თუ მორალური დაცემის მიზეზს ამპარტავნება წარმოადგენს. იგივე წმიდა მამები გვასწავლიან, რომ დიდი აზრი, რომელსაც წინ თავმდაბლობის სიმშვიდე არ უძღვის, არა ღვთისაგან, არამედ ეშმაკისაგან მომდინარეობს. უფალი ჩვენთან სიმშვიდის ჟამს მოდის, ხოლო ყოველივე მტრული, შფოთითა და ამბოხებით აღესრულება.
სრულყოფის შემდგომი საფეხური სიმშვიდეა. ეკლესიასტე წერს: თვინიერს დიდი ცოდვებიც მიეტევება (10,4), ხოლო მაცხოვარი ამბობს: ნეტარ იყვნენ მშჳდნი, რამეთუ მათ დამკჳდრონ ქუეყანაჲ (მათე 5,5). ბედნიერია ადამიანი, რომელიც ღვთისგან ამგვარი სათნოებით შეიმოსა.
შემდეგ პავლე მოციქული სულგრძელებისკენ მოგვიწოდებს, ოღონდ არა უბრალოდ მოთმინებისაკენ, არამედ ჭეშმარიტად სულგრძელებისაკენ, რადგან მთელი ჩვენი ცხოვრება გამოცდას წარმოადგენს. ადამიანი, რომელსაც სულგრძელება აქვს, ყოველგვარ ტანჯვას დაითმენს. ბრძენი მეფე სოლომონი წერს: სულგრძელი კაცი დიდ არს გონებითა, ხოლო სულმოკლე ძლიერად უგუნურ (იგავ. 14,28). ყოველგვარი უსიამოვნება, რომელიც კი სულგრძელ ადამიანს ატყდება თავს, სწრაფად ქრება. ის, ვინც სულგრძელია, სიმშვიდეს ყოველთვის ინარჩუნებს: უკეთუ ზიანს აყენებენ, მტკიცეა ვითარცა კლდე, ხოლო უკეთუ შეურაცხყოფენ, ურყევია ვითარცა სვეტი და ამ შეურაცხყოფაზე მაღლა დგება. სულგრძელი ადამიანები, რომელნიც შინაგან, სულიერ სიმშვიდეს ყოველ ჟამს ინარჩუნებენ, ბრძენნი არიან და ხშირად დიდად იწოდებიან. ადამიანური სულგრძელება ღვთის სულგრძელებას უნდა ემსგავსებოდეს, რომელიც ჩვენს ცოდვებს არა თუ ითმენს, არამედ გვპატიობს კიდევაც, თუ მოვინანიებთ.
როგორც პავლე მოციქული გვასწავლის, სრულყოფის სრულყოფილებას სიყვარული წარმოადგენს. რა ბევრს ვლაპარაკობთ მასზე და რა ცოტა ვიცით მის შესახებ! იოვანე ღვთისმეტყველის თქმით, ღმერთი სიყვარულია. ადამიანი რაც უფრო შორდება ღმერთს, მით უფრო შორდება სიყვარულსაც.
წმ. იოვანე ოქროპირი წერს, რომ სიყვარული მსასოებელია, სჯერა და ითმენს, ხოლო წმ. ეფრემ ასური შეგვაგონებს: "ნეტარია ადამიანი, რომელშიც ღვთის სიყვარული სუფევს, რადგან იგი ღმერთშემოსილია. ვისშიც სიყვარულია, ის თავის თავს არავისზე მაღლა არ აყენებს, არავის ექიშპება, არც არავისი შურს და არც სიძულვილით იმზირება, არც სხვისი დაცემა უხარია, ხოლო დაცემულს კი არ შეურაცხყოფს, არამედ თანაუგრძნობს... გასაჭირში ჩავარდნილი მოძმე არ ეზიზღება, პირიქით, მფარველობას უწევს და მზადაა მისთვის თავი გაწიროს".
თავგანწირული სიყვარულის რამდენი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია ჩვენი ისტორიიდან! ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებაც ამგვარი მაგალითებითაა აღსავსე. ადამიანები განსაკუთრებით გასაჭირში შეიცნობიან. 1886 წლის 10 იანვარს ბისკაის ყურეში ძლიერი ქარიშხლის დროს დაიღუპა ინგლისური ხომალდი "ლონდონი", რომელზეც ორასზე მეტი კაცი იმყოფებოდა. ხომალდი ნელა იძირებოდა, მგზავრთა შორის ამტყდარ შფოთსა და ხმაურში ლოცვის სიტყვებიც გაისმოდა. ბოლო წუთებში, როცა ხომალდს უკანასკნელი ნავიც მოხსნეს, რათა რამდენიმე კაცი მაინც გადარჩენილიყო, საოცარი რამ მოხდა: ადამიანები ერთმანეთს ნავში ადგილს უთმობდნენ, მაგრამ ამას კიდევ უფრო საკვირველი ფაქტი მოჰყვა: ერთმა ქალმა, რომელიც ხომალდზე დარჩა და დასაღუპად იყო განწირული, პალტო გაიხადა და ნავში მყოფთ გადაუგდო სიტყვებით: მე ეს უკვე აღარ მჭირდება. ცივა, რომელიმე თქვენგანმა ჩაიცვასო. ამ ქალში იმის განცდამ, რომ თვითონ იღუპებოდა, ხოლო სხვა ცოცხალი რჩებოდა, შური ვერ აღძრა და მასში სასოწარკვეთილების ნაცვლად სიყვარულმა იმძლავრა (ე. ბერსიე, "რჩეული საუბრები"). ეს გასაოცარი და ამაღელვებელი გმირობა მუდამ იცოცხლებს, როგორც მაგალითი თავგანწირული სიყვარულისა; რა მშვენიერია ადამიანი და რა დიდ სულიერ სიმაღლეს შეუძლია მიაღწიოს მან!
ჩვენი სამყარო მრავალფეროვანი და წინააღმდეგობებით აღსავსეა; ერთი მხრივ, - შთამაგონებელი მაგალითები ჭეშმარიტი რწმენისა, ერთგული და თავგანწირული სიყვარულისა, მაგალითები სიკეთისა და სამართლიანობისა, ხოლო მეორე მხრივ, სამწუხარო მაგალითები ურწმუნოებისა და მისგან გამომდინარე შედეგებისა, მაგალითები სულიერი და ზნეობრივი დაცემისა, სრული გამიწიერებისა და მხოლოდ საკუთარი ცხოველური ინსტინქტებისათვის არსებობისა. აქედან მომდინარეობს სხვადასხვა ინტერესები, მისწრაფებანი და გაუგებრობანი ადამიანთა შორის. გაითიშნენ არა მხოლოდ ადამიანები, არამედ ადამიანის შინაგანი სამყაროც გაიყო. პავლე მოციქული წერს, რომ იგი ხშირად აკეთებდა იმას, რაც არ უნდოდა. ადამიანის შინაგანი სამყაროს გაყოფას ჩვენს ცხოვრებაში აქტიურად შემოჭრილმა სეკულარიზმმაც შეუწყო ხელი, ჩვენი ცხოვრება რელიგიურ და საერო ცხოვრებებად სწორედ მან გათიშა. დღევანდელი მსოფლიო ხშირად ადამიანის ღირსებებს მისი ხელფასით აფასებს: ჩვენ ხშირად გვიფიქრია იმაზე, არსებობს თუ არა გამოსავალი ამ ჩიხიდან? არსებობს! ამისთვის აუცილებელია შინაგანი სიმშვიდე, ღმერთთან მიახლოვება, დამორჩილება მდაბლისა ამაღლებულისადმი და წარმავალისა წარუვალისადმი. თქმა ამისა ადვილია, მაგრამ გაკეთება ძნელი. ამიტომაც გვეუბნება მაცხოვარი, რომ სასუფეველი შრომით, საკუთარი თავის იძულებით მიიღწევა. არ შეიძლება ყოველივეს მატერიალური მოგების თვალით შევხედოთ; ადამიანის ცხოვრება ჭეშმარიტებისა და ჩვენი სიცოცხლის აზრის მუდმივ ძიებას უნდა წარმოადგენდეს; ყველა ჩვენი საქმე ღვთისკენ უნდა იყოს მიმართული. პროფესიის არჩევანის, ოჯახის წინაშე პასუხისმგებლობის, მეგობრობის მნიშვნელობის, მტრობის დამღუპველობის ღრმად გააზრებამ ადამიანი ღმერთთან უნდა მიიყვანოს. სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას არა მატერიალური ინტერესებით, არამედ, უწინარეს ყოვლისა, მაღალი სულიერი ღირებულებებით უნდა ვიხელმძღვანელოთ. ჩვენ ტოტალიტარული რეჟიმი გადავიტანეთ, რომლის დროსაც ადამიანი მხოლოდ შემსრულებელს წარმოადგენდა. იგი მოკლებული იყო ღვთისგან ბოძებულ თავისუფლებას, რადგან რაიმე პირადი ინიციატივის გამოჩენა არ შეეძლო; მისი პირადი ინტერესები მთლიანად საზოგადოებრივს ექვემდებარებოდა, ხოლო საზოგადოებრივი ადამიანთა მცირე ჯგუფს ემსახურებოდა. ამ რეჟიმის მესვეურებს ჩვენი სოციალურ-პოლიტიკური სისტემის მონებად გადაქცევა სურდათ.
ყოველივე ეს შედეგი იყო რევოლუციისა, რომელსაც ძველის ნგრევით თითქოსდა უსამართლობისა და უკანონობის მოსპობა სურდა, სინამდვილეში კი საკუთარ შვილებს იწირავდა. გავიხსენოთ, რომ უფალმა ეკლესია მაშინ დააარსა, როცა რომის იმპერიაში მონობა და ჩაგვრა ბატონობდა. ეკლესიას ხალხისათვის რევოლუციისა და მეფეთა ჩამოგდებისაკენ არ მოუწოდებია, არამედ იგი ადამიანებს სინანულსა და ფერისცვალებას უქადაგებდა. მიუხედავად ამისა, ეკლესიის სულიერი ზეგავლენისა და ადამიანურ ღირებულებათა გადაფასების შედეგად მონობა თავისთავად შეუძლებელი გახდა. ამერიკელმა მართლმადიდებელმა ღვთისმეტყველმა დეკანოზმა ალექსანდრე შმემანმა შესანიშნავად თქვა: ამ სამყაროში ერთადერთი ჭეშმარიტი რევოლუციონერი წმიდა ადამიანიაო.
არ უნდა ვიქცეთ ტყვეებად ძველისა, აუცილებელია ახალი იდეების წარმოშობა და მათი ცხოვრებაში განხორციელება. იდეა შინაგანი ხედვაა, ყველა ის სიკეთე და ბოროტებაა, რომელნიც შიგნიდან მომდინარეობენ.
თუ ადამიანი ღმერთშემოსილია, მასში კეთილი იდეები იბადება, ხოლო თუ მისი შინაგანი სამყარო ბოროტი ძალითაა აღსავსე და თავისთავში ეშმას ატარებს, მაშინ იგი ბიწიერ იდეებს შობს, რომელთაც ფილოსოფიაში "დაცემული იდეები" ეწოდებათ.
კეთილსა თუ ბოროტ იდეებს ადამიანი სიტყვებით გამოთქვამს და ეს სიტყვები უკვე დადებითი ან უარყოფითი ძალებითაა აღსავსე. აი, ამ დროს სრულად ვლინდება ღვთისგან მინიჭებული თავისუფლება ადამიანისა: მან ბოროტება უნდა განაგდოს და სიკეთე აირჩიოს, განხორციელებული კეთილი იდეები პირველ რიგში თავისი თავის, ხოლო შემდეგ სხვების მიმართაც კეთილისმყოფელია. ზუსტად ასევე, ბოროტი, სატანისეული იდეები, პირველ ყოვლისა, თავის თავზე, ხოლო შემდეგ სხვებზეც უარყოფითად მოქმედებს. ადამიანმა სიბნელისაგან თავის დასაღწევად სანთლები უნდა მოძებნოს, ამ დროს იგი თავისი ნებით ხდება სინათლის ან სიბნელის მატარებელი. პავლე მოციქული ქრისტიანებს ასწავლის: რამეთუ იყვენით ოდესმე ბნელ, ხოლო აწ ნათელ ხართ უფლისა მიერ; ვითარცა შვილნი ნათლისანი, ვიდოდეთ (ეფეს. 5,8). ნათელი საშუალებას გვაძლევს გავარჩიოთ, რა არის სათნო ღვთისათვის და რა არა. ქრისტეს ნათელი წყლულს არა მხოლოდ წარმოაჩენს, არამედ კურნავს კიდევაც, რის შედეგადაც ადამიანის განახლება ხდება.
პროცესი განახლებისა ბავშვობაში უნდა დაიწყოს, რისთვისაც განსაკუთრებული ყურადღება ოჯახს უნდა მივაქციოთ. ძველ დროში სულიერობას საფუძველი ოჯახში ეყრებოდა. ბავშვი ხედავდა და ისმენდა როგორ ლოცულობდნენ მშობლები, იმახსოვრებდა საალერსო სიტყვებს დედისა, აფასებდა მათ პატიოსნებას; საღამოობით, როცა მთელი ოჯახი შეიკრიბებოდა, ლიტერატურული საღამოები ეწყობოდა; აღფრთოვანებით ისმენდნენ ზღაპრებს, უსმენდნენ მუსიკას, კითხულობდნენ წმინდანთა ცხოვრებებს. შაბათ-კვირას მშობლებს შვილები ყოველ მიზეზს გარეშე ტაძარში მიჰყავდათ. გარდა ამისა, ოჯახის ყველა წევრს თავისი მოვალეობა ჰქონდა. დღეს ეს ყოველივე მოშლილია და აღდგენას საჭიროებს. სასკოლო პროგრამაში აუცილებლად უნდა შევიდეს კურსი საოჯახო ეთიკისა. ამით ჩვენს ბავშვებს წესრიგს, პატიოსნებას, პირად ჰიგიენას, სამუშაოს გეგმაზომიერად განაწილებას შევასწავლით.
ბავშვი უნდა შევაჩვიოთ, რომ თავისთვის სამუშაო გეგმა შეადგინოს: წლიური, თვიური და კვირეული. მან ყრმობიდანვე უნდა შეაგროვოს წიგნები და იკითხოს. ყოველ ოჯახს თავისი ბიბლიოთეკა უნდა ჰქონდეს. არიან ადამიანები, რომელნიც მთელი წლის მანძილზე წასაკითხ წიგნთა კატალოგებს წინასწარ ადგენენ. ტელევიზორი თითქმის სრულიად ნთქავს ჩვენს თავისუფალ დროს, რადგან ხშირად უსარგებლო გადაცემებსაც ვუყურებთ. მშობლებმა ბავშვებს ტელევიზორის ცქერის დროც უნდა გაუკონტროლონ და განუსაზღვრონ. ტელეგადაცემები ხომ, სამწუხაროდ, ჩვენს ბავშვებს არა თუ ზრდიან, არამედ სულიერად ასახიჩრებენ. ჩვენ ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ, მაგრამ მოსაუბრეს ცოტას ვუსმენთ და კიდევ უფრო ცოტას ვაკეთებთ.
ზოგჯერ განმარტოებითაც უნდა დავტკბეთ, რათა ყურადღება შინაგან ცხოვრებაზე გადავიტანოთ და უმაღლესი რეალობის არსებობა ვიგრძნოთ. სწორედ საკუთარ თავთან განმარტოებისასაა შესაძლებელი ურთიერთობის დამყარება ღმერთთან, სწორედ ამგვარი მარტოობისას იბადება დიდი იდეები. ახლა ადამიანის განახლების, ახლად დაბადების ფრიად რთული პროცესი მიმდინარეობს. მაცხოვარი ნიკოდიმოსთან საუბარში ამგვარ პროცესს მეორედ შობას უწოდებს (იოვანე 3,3).
ღვთის შემწეობით უნდა აღდგეს ჩვენი გონებისა და ნების ფუნქციები, რომელნიც ჩვენს სულს უნდა დაექვემდებარონ. როგორც ღირსი ისაკი ამბობს, სულისა და გონების შერწყმა უნდა მოხდეს. მადლობა ღმერთს, ეს პროცესი ჩვენს ხალხში უკვე დაწყებულია. მაცხოვრის ჯვარზე სიკვდილითა და აღდგომით ადამიანის ღმერთთან, ქმნილებისა შემოქმედთან შერიგება და განახლება მოხდა.
ყველას გულით გილოცავთ წმიდა აღდგომის უდიდეს დღესასწაულს.
ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !
მკვდრეთით აღდგომილმა მაცხოვარმა, ვარსკულავმა ბრწყინვალე განთიადისა (გამოცხ. 22,16), დაე ყველა განგვაახლოს და მშვიდობა, სიყვარული, სიხარული და კეთილდღეობა მოგვანიჭოს.პირველ იგი წარჴდა, აჰა ესერა იქმნა ყოველივე ახალ (2 კორინ. 5,17).
ღმერთი მშვიდობისა და სიყვარულისა იყოს თქვენთანა. ამინ.
აღდგომა ქრისტესი,
თბილისი, 1996 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
საშობაო ეპისტოლე - 2003
საჭიროა კავშირი ოჯახს, სკოლასა და ეკლესიას შორის.
"შობამან შენმან, ქრისტე მაცხოვარ, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა..."
"დიდ არს ღმრთის მსახურებისა იგი საიდუმლო, აღსრულდა! ღმერთი გამოჩნდა ხორცით" (I ტიმ. 3,16).
საქართველოს სამოციქულო წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ შვილებს:
ქვეყანას მოევლინა ლოგოსი – ძე ღვთისა, აზრი და გონება ყოველთა ხილულთა და უხილავთა. მისი შობის შესახებ ღირსი ეფრემ ასური ასე წერს: "ქალწული მარიამი ჩვენთვის იქცა ზეცად – ღვთის საყდრად, რამეთუ მასზე გარდამოვიდა და მასში დაემკვიდრა უზენაესი ღვთაება; და შეიმოსა ხორცით უფალი, რათა მის მიერ მოგვნიჭებოდა ხსნა."წმიდა იოანე მახარებელი კი ბრძანებს: "მის თანა ცხოვრება იყო და ცხოვრება იგი იყო ნათელ კაცთა. და ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს და ბნელი იგი მას ვერ ეწია" (ინ. 1, 4-5).
ეს ნათელი მარად იბრწყინებს, რადგან იგია დაუსაბამო სიყვარული, უნაპირო, ყოვლისმომცველი, მიუწვდომელი და მაცხოვნებელი; და ეფინება იგი ჩვენს ძალმომრეობითა და შიშით, სიძულვილითა და მონობით, შურითა და ბოროტებით სავსე ყოფას და ამ ჭუჭყისგან ათავისუფლებს ყველას, ვინც უფალს მიანდობს თავის გულს – თავის "დიდ გონებას" (ასე უწოდებდა გულს დიდი ფიზიოლოგი პავლოვი). 2000 წელია კაცობრიობას აქვს შესაძლებლობა ამ საოცარ მადლთან ზიარებისა და განწმენდისა, მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ ნაწილი აცნობიერებს ღვთის ამ უჩვეულო წყალობის მნიშვნელობას და იწყებს სვლას ზეცად აღმყვანებელ კიბეზე.
ჩვენს ცხოვრებას ძირითადად ჩვენს გულში მიმდინარე პროცესები განსაზღვრავს, აქ კი ნათელთან ერთად წყვდიადიც მკვიდრობს და მათ შორის მუდმივი დაპირისპირებაა. ხშირია შემთხვევა, როცა გვინდა ვიყოთ სიკეთის მხარეს, მაგრამ არ გვყოფნის ძალა ცოდვებთან საბრძოლველად და ვმარცხდებით. ასეთ სიტუაციაში მთავარია, არ შევურიგდეთ ცოდვას, არ მივიღოთ და არ შევიტკბოთ იგი. ცოდვა უცხოა ჩვენი ბუნებისათვის, რადგან ბოროტისაგან მომდინარეობს, და თუ გულით მოვინდომებთ, მისგან ღვთის შეწევნით აუცილებლად განვთავისუფლდებით.
ადამიანის ცხოვრება გზასა ჰგავს, რომელიც შეიძლება იყოს მოკლე, ან ხანგრძლივად სასიარულო, მაგრამ ორივე შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ, რომ ეს გზა არ იქნება იოლად სავალი და მხოლოდ სიხარულის მომნიჭებელი. არც იმას უნდა ვფიქრობდეთ, რომ იგი იქნება აუტანლად მძიმე და დამთრგუნველი.
მიწიერი ჩვენი ყოფა სინამდვილეში გამოცდაა და ჩვენ ვალდებულნი ვართ ეს გამოცდა ჩავაბაროთ. ამას კი მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ვიცხოვრებთ რწმენით, სასოებითა და სიყვარულით. ეს არ არის ადვილი, მითუმეტეს დღეს, როდესაც ყველანი ვხედავთ, რომ, მიუხედავად ტექნიკური პროგრესისა, ჩვენს გარშემო ყოველდღიურად ჩნდება ახალ-ახალი პრობლემები. სულიერ კრიზისს თან სდევს პოლიტიკური, ეკონომიკური, ეკოლოგიური კრიზისი.
სამწუხაროდ, მეცნიერულ-ტექნიკურ განვითარებასთან ერთად ხდება ადამიანის ინდივიდუალური სახის დაკარგვა, უფასურდება სიცოცხლე, იქმნება ისეთი მექანიზმებიც, რომელიც თითქმის აღარ ემორჩილება ადამიანის კონტროლს და ფაქტობრივად მისთვის მტრულ ძალად შეიძლება იქცეს. ყოველივე ამის პარალელურად კაცობრიობა აყალიბებს ერთიან კონტროლირებად ტექნოლოგიურ სისტემას. ამ სისტემას კი აუცილებლად სჭირდება ჭეშმარიტი სარწმუნოებით აღვსილი, სიყვარულით, ნებისყოფითა და პასუხისმგებლობის გრძნობით დაჯილდოებული ადამიანები, რაზეც ნაკლებად ფიქრობენ.
მიგვაჩნია, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას უნდა ჰქონდეს მჭიდრო კონტაქტი მეცნიერებთან და ის სასიცოცხლო და, შეიძლება ითქვას, საბედისწერო საკითხები, რომელიც აღელვებს მსოფლიოს, ეკლესიის ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს.
დადგა დრო, როდესაც თანამედროვე ცივილიზაციის პრობლემების საღვთისმეტყველო და ფილოსოფიური გადაწყვეტა სასიცოცხლოდ აუცილებელი შეიქნა. ამ მხრივ ჩვენს ეკლესიაში პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა. ის ურთიერთობა, რომელიც ბოლო დროს ჩამოყალიბდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიას, სასულიერო და საერო უმაღლეს სასწავლებლებს, მეცნიერებათა აკადემიებსა და სხვა სამეცნიერო-კულტურულ ცენტრებს შორის იმედის მომცემია და, ვფიქრობთ, კარგ შედეგს გამოიღებს. ჩვენ მეგობრულ ხელს ვუწვდით ჩვენს ინტელიგენციას და მოხარულნი ვიქნებით, თუ შევძლებთ ერთმანეთთან ვითანამშრომლოთ ქვეყნის საკეთილდღეოდ. საზრუნავი კი მრავლადაა.
მსოფლიოს გლობალური კომპიუტერიზაციის პროცესის ფონეზე ინეტრნეტი და სხვა საინფორმაციო საშუალებანი ხშირად ავრცელებენ ნეგატიურ დამთრგუნველ ინფორმაციებს, თესენ შიშს ხვალინდელი დღისადმი, არყევენ საუკუნეთა მანძილზე დამკვიდრებული ცხოვრების სულიერ საფუძვლებსა და აღვიძებენ მდაბალ ინსტინქტებს. შედეგიც სახეზეა, - თანამედროვე ადამიანისათვის, რომელსაც არ აქვს ჭეშმარიტი სარწმუნოება, ყოველივე ნებადართულია: მრუშობაც, აბორტიც, მკვლელობაც, ძალადობაც და ზნეობრივი დეგრადაციის სხვა გამოვლინებებიც. მეტად სამწუხაროა, რომ ასეთი აზროვნების დანერგვას, გარკვეულწილად ხელს უწყობს სატელევიზიო პროგრამები და ჟურნალ-გაზეთები. არის დიდი მცდელობა იმისა, რომ ამორალური ყოფა ჩვენში ადამიანური ურთიერთობების ნორმად იქცეს. საქმე იქამდე მივიდა, რომ სასკოლო პროგრამებში ნატურალიზმამდე დასული სექსუალური აღზრდის კურსის შეტანაც მოისურვეს. ჩვენ უნდა ვასწავლოთ ადამიანებს სულიერი აღქმა მოვლენებისა, რათა მათ დამოუკიდებლად შეძლონ სათანადო პასუხი გასცენ დროის გამოწვევებს: პირველ რიგში უნდა დავიცვათ ადამიანის სული, მისი ფსიქიკა და შინაგანი ბუნება.
არ უარვყოფთ იმ ფაქტს, რომ ზნეობრივი სიმახინჯეები ყოველთვის იყო, მაგრამ ადრე ამ თემებზე საუბრისაც კი რცხვენოდათ; ადამიანები აცნობიერებდნენ, რომ ეს არის ცოდვა და მრავალი მათგანი ჩადენილ დანაშაულს ინანიებდა. ახლა ყოველივე ეს დაშვებულია და ლამის პროგრესულ მოვლენადაც არის მიჩნეული.
რჩება ერთი გამოსავალი: უნდა შევძლოთ ახალგაზრდებში ყოველივე ნეგატიურისა და უზნეობისადმი იმუნიტეტის გამომუშავება და მათთვის მყარი მორალური საფუძვლის შექმნა. ადრეც არაერთგზის მითქვამს, რომ დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა კავშირი ოჯახს, სკოლასა და ეკლესიას შორის. ვფიქრობ, ხელისუფლება თვითონ უნდა იყოს ამით დაინტერესებული, რადგან, პროცესები თუ ასე განვითარდა, საფრთხე, უპირველეს ყოვლისა, ოჯახსა და სახელმწიფოს ემუქრება.
მიგვაჩნია, რომ უწინარესად უნდა აიკრძალოს პორნოპროდუქციის ლეგალიზაცია და ყაჩაღობისა და ძალადობის სიუჟეტების მქონე ფილმების ჩვენება, ამასთან არ უნდა დავუშვათ სექსუალური აღზრდის შესახებ ცალკე საგნის სწავლება; ამ მხრივ ბავშვებს ეთიკური ნორმების დაცვით სათანადო ცოდნა შეიძლება მიეცეს ანატომიისა და ზოგადი ბიოლოგიის გაკვეთილებზე.
განა არ არის დრო სერიოზულად დაფიქრდეს ხელისუფლებაც, ეკლესიაცა და ინტელიგენციაც ქვეყანაში დანაშაულებებისა და თვითმკვლელობათა რიცხვის კატასტროფული ზრდის მიზეზებზე? ჩვენ ვალდებულნი ვართ ვიზრუნოთ ერის მომავალზე. ვფიქრობ, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებული საკონსტიტუციო შეთანხმება უნდა იქცეს ქვეყნისთვის სასარგებლო ერთობლივი მუშაობის საფუძვლად, უნდა დროულად მოხდეს ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის რეალიზება ცხოვრებაში, თუკი გვსურს ავაშენოთ განვითარებული დემოკრატიული სახელმწიფო, ზნეობრივი საფუძვლებით.
მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი ნეგატიური მოვლენებისა, პესიმიზმი არ უნდა დაგვეუფლოს. პრობლემები ყოველთვის იყო და იქნება; მთავარია, ჩვენ შევძლოთ მათი გადალახვა. "დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მათთან ერთად", - ამბობდნენ ძველი რომაელები. წარსული და მომავალი აწმყოშია, ეს დღე ჩვენ გვეკუთვნის, ჩვენია ეს ძნელად სავალი გზა, რომელიც ერთად უნდა განვვლოთ. არ უნდა ვაიდეალებდეთ წარსულს და არც შიშით უნდა შევყურებდეთ მომავალს. საქართველო ბევრჯერ მდგარა სრული დანგრევისა და განადგურების საფრთხის წინაშე, მაგრამ ღვთით აღვმდგარვართ და გავძლიერებულვართ. მთავარია, უფლის მოწყალება და მისი მფარველობა კვლავაც დავიმსახუროთ.
უკეთუ ჩვენში ქრისტე იქნება და ჩვენს წარსულსა და მომავალს იგი აღავსებს, ნათლად გავაცნობიერებთ ჩვენი ყოფის არსს და იმასაც, თუ ვინ ვართ სინამდვილეში, საით მივდივართ და რა უნდა ვაკეთოთ. მშვენივრად წერს პავლე მოციქული: "... გინა თუ სოფელი, გინა თუ ცხორება, გინა თუ სიკუდილი, გინა თუ აწინდელი ჟამი, გინა თუ მერმე იგი ჟამი – ყოველივე თქუენი არს. ხოლო თქუენ – ქრისტესნი, ხოლო ქრისტე – ღმრთისა" (Iკორ. 3,22-23). ასეთი სულიერი სიმაღლე მხოლოდ დაუცხრომელი ძიებით, ტანჯვით, სულიერი და ფიზიკური შრომით მიიღწევა. დიახ, მწუხარებით, გაჭირვებით, ფიზიკური და ინტელექტუალური ყოველდღიური შრომით ადამიანი სულიერად იწრთობა და მის გულში ნათელსა და ბნელს შორის მიმდინარე ბრძოლის პროცესიც სასურველი გამარჯვებით მთავრდება. ამიტომაც განსაცდელს და სხვადასხვა სიძნელეს არ უნდა შევუშინდეთ. უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ მათი დაძლევითა და ჩვენი სულიერი ამაღლებით შევძლებთ გავხდეთ მკვიდრნი ზეცისანი, ოღონდ დრო არ უნდა დავკარგოთ.
დროს უნდა ვაფასებდეთ, როგორც ღვთის წყალობას და მისი გამოყენება უნდა შეგვეძლოს. დროს უნდა აღვიქვამდეთ არა მარტო როგორც ზოგად გამოვლინებას, არამედ როგორც თითოეული ჩვენგანისათვის ამქვეყნიური ცხოვრებისათვის მოცემულ გარკვეულ პერიოდს, რომლის განმავლობაშიც უნდა მოვასწროთ ყოველივე იმის აღსრულება, რის გაკეთებასაც ვფიქრობთ და ვგეგმავთ, რადგან არ ვუწყით, როდის წარვდგებით მარადიულობის კარიბჭესთან. ჩვენთვის განკუთვნილი ჟამი მიწიერი ცხოვრებისა აღვსილი უნდა იყოს სიკეთით, ოჯახისა და სამშობლოსათვის სასარგებლო შრომით, სულიერებით და არა მხოლოდ გართობითა და კომერციული საქმიანობით.
ჩვენი ცხოვრება მრავალ უმნიშვნელოვანეს მხარეს მოიცავს. მათ შორის ერთ-ერთი მთავარია ადამიანთა შორის ურთიერთობის საკითხი. თანამედროვე კაცი იმითაცაა განსხვავებული, რომ ზედმეტად თვითდაჯერებულია, არ ერიდება სიცრუეს, შეურაცხყოფას და, ამავე დროს, მკაცრია სხვათა მიმართ. ჩვენ არაერთხელ ვართ მომსწრენი იმისა, თუ არგუმენტირებული საწინააღმდეგო პოზიციის მიუხედავად თავის აზრს ჯიუტად როგორ ამტკიცებს ესა თუ ის პიროვნება და მხოლოდ საკუთარ თავს მიიჩნევს ჭეშმარიტების მქადაგებლად. ბოროტი სულის მიერ შეპყრობილი და ამპარტავნების ცოდვით მოცული ასეთი ადამიანი უარყოფს სხვათა ყველა მოსაზრებას და მტრობისა და შეურიგებლობის ცოდვაში ეფლობა. ასეთს უფალი ტოვებს და განერიდება, რადგან სძაგს ულმობელი გული.
ყოველი ადამიანი შეცოდებათა მორევშია დანთქმული და რომ არა ღვთის დიდი მოწყალება, ცათა სასუფევლის ღირსი ვერავინ გახდებოდა. უფლის საოცარი მოწყალება ჩვენდამი გვავალდებულებს ვიყოთ მიმტევებელნი მოყვასისადმი და ვისაც ეს უნარი არ გააჩნია, მას წილი არა აქვს ღმერთთან. უფალი ბრძანებს: "უკეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან. ხოლო უკეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი" (მთ.6,14-15). ერისკაცს და მით უმეტეს მღვდელს, რომელსაც არ ძალუძს წყენა აპატიოს და შეურიგდეს მოყვასს, მკაცრად მოჰკითხავს მაცხოვარი.
იყო ასეთი შემთხვევა: III საუკუნეში ანტიოქიაში ორი ცნობილი ადამიანი ცხოვრობდა – მღვდელი საპრიკიოსი და ერისკაცი ნიკიფორე, რომლებიც ერთმანეთთან დიდად მეგობრობდნენ; ასე რომ, ხალხს ისინი ძმებად მიაჩნდა. გავიდა ხანი და სატანის ცდუნებით მათ შორის ურთიერთობა დაირღვა და ძველი სიყვარული მალე მტრობამ შეცვალა. გარკვეული ხნის შემდეგ ნიკიფორემ შეინანა თავისი მოქმედება და შენდობა სთხოვა საპრიკიოსს, მაგრამ მღვდელმა არ შეუნდო იგი და მასზე კვლავ გულძვირად დარჩა. ამ დროს რომის იმპერატორებმა ვალერიანემ (245-259 წ.წ.) და გალიენმა (260-268 წ.წ.) ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყეს. ანტიოქიაში სასამართლოში ერთ-ერთი პირველთაგანი მღვდელი საპრიკიოსი მიიყვანეს, რომელსაც, რადგან თავი ქრისტიანად მტკიცედ აღიარა, სიკვდილი მიუსაჯეს. როდესაც საპრიკიოსი განაჩენის აღსასრულებლად მიჰყავდათ, ნიკიფორე კვლავ ცრემლით სთხოვდა შენდობას და ეუბნებოდა: შენ მალე წმიდა მოწამე გახდები, უფლის გვირგვინს მიიღებ და გევედრები, ნუ დამტოვებ პატიების გარეშეო; მღვდელმა გული გაიქვავა და თხოვნა არ შეიწყნარა. აი, ამ დროს, მოწამეობრივ აღსასრულამდე რამდენიმე წუთით ადრე, მას ღვთის მადლი უცებ განეშორა და გაქრა მისი სიმტკიცეც; უფლისადმი ერთგულების გრძნობა სიკვდილის შიშმა შეცვალა; მან უარყო ქრისტე და მსხვერპლი შესწირა კერპებს.
ნიკიფორე კი, რომელმაც ყოველივე იხილა, აღივსო მადლით და უშიშრად შესძახა ჯალათებს: "მე ვარ ქრისტიანი, მე მომკალითო". მის შესახებ სასწრაფოდ მოახსენეს მმართველს და მანაც ბრძანა, რომ საპრიკიოსის ნაცვლად ნიკიფორე ეწამებინათ.
მოყვასისადმი მიუტევებლობის გამო საპრიკიოსის სული ჯოჯოხეთის სიბნელეში დაინთქა, წმიდა ნიკიფორეს ხსენებას კი ძველი სტილით 9 თებერვალს მთელი ქრისტიანული სამყარო აღნიშნავს. აღსრულდა წმიდა წერილის სიტყვები: "უფალი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო მდაბალთა მიანიჭებს მადლს". ეს მაგალითი განსაკუთრებით აქტუალურია ჩვენს დროში, როცა ირგვლივ მტრობა და სიძულვილია გაბატონებული.
მაშ, ისწრაფეთ შერიგებისა და ერთსულოვნებისაკენ, ისწავლეთ ერთმანეთის მოსმენა და პატიება, ისწავლეთ საკუთარი ცოდვებისა და შეცდომების დანახვა და სინანული, და თქვენი ცხოვრება სწორი გზით წარიმართება. წმიდა იოანე ოქროპირი წერს: "უფალი არასოდეს უარყოფს წრფელ სინანულს სათნოების გზაზე დაბრუნების მსურველი, თუნდაც უკიდურეს ბიწიერებამდე დაცემული ადამიანისა. ღმერთი ზურგს არ აქცევს ასეთ ცოდვილს, პირიქით, იახლოვებს მას და ყოველივეს იქმს, რათა მას თავდაპირველი პატივი დაუბრუნოს და უმეტესიც მიაგოს".
აქვე მინდა ორიოდე სიტყვით ვთქვა ღვთისმსახურთა შესახებაც. სასულიერო პირი, ვიდრე მას აქვს უფლება მღვდელმოქმედების აღსრულებისა, ღვთაებრივი მადლის და ძალის მატარებელია. მას შეუძლია აკურთხოს და შეუძლია, აგრეთვე, დასაჯოს ადამიანი; შეუძლია შეუნდოს ცოდვები, შეუძლია არც შეუნდოს; ყოველივე დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი სინანულით მიდის მასთან ესა თუ ის პიროვნება. ამის უფლება იესო ქრისტემ მოციქულებს მიანიჭა და იგი მართლმადიდებელ ეკლესიაში ხელთდასხმით თაობიდან თაობას გადაეცემა. რაც შეეხება მოძღვრის პირადულ ცოდვებს, ისინი მღვდლობის მადლს ჩრდილს ვერ მიაყენებენ; თუმცა ცოდვების გამო სასულიერო პირს ღვთის წინაშე პასუხი უფრო მკაცრად მოეკითხება, ვიდრე ერისკაცს.
დიახ, მოძღვარი ღვთაებრივი ცეცხლის მატარებელია და ამიტომაც არ შეიძლება იხუმრო მღვდელმსახურზე, დაამცირო, ან განიკითხო იგი და, მით უფრო, დასცინო მას, რადგან შენ ამით შეურაცხყოფ არა რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას, არამედ იმ მადლს, რომელიც ღვთის ნებით მასზე არის გარდამოსული. მოვიყვან მაგალითს ეპისკოპოს გრიგოლ ნეოკესარიელის ცხოვრებიდან. ერთხელ ამ მღვდელმთავარს შემოხვდა სამი ახალგაზრდა, რომელთაც მისი მოტყუება განიზრახეს. ერთ-ერთი მათგანი მიწაზე დაწვა და მიცვალებულივით ხელები გულზე დაიკრიფა, დანარჩენებმა კი მწუხარე სახეები მიიღეს. როდესაც ეპისკოპოსი მათთან მივიდა, ფულისა და მიცვალებულისათვის რაიმე გადასაფერებლის მიცემა სთხოვეს. ეპისკოპოსმა მისცა თავისი ზედა სამოსი და თანხაც. როცა უგუნურმა ახალგაზრდებმა ეპისკოპოსი გააცილეს, დასცინეს: მასში რომ უფლის სული ყოფილიყო, მიხვდებოდა, რომ მის წინაშე ცოცხალი ადამიანი იწვაო. თავისი ხუმრობით ნასიამოვნებმა ყმაწვილებმა მწოლიარე მეგობარს მოუწოდეს, რომ ამდგარიყო, მაგრამ იგი არ გაინძრა. იფიქრეს, ალბათ, ჩაეძინაო და შეანჯღრიეს, თუმცა ამაოდ – იგი მართლაც გარდაცვლილიყო. ასეთი იყო სასჯელი ღვთისა და მათ სიცილი ტირილად შეეცვალათ.
სულიერი ცხოვრება ძალიან რთულია, მაგრამ მადლმოსილი. ცნობილი ათონელი მოღვაწე, ღირსი სილუანე გვარიგებს: "თუ გინდა, რომ გქონდეს სიმშვიდე, ყველა უნდა გიყვარდეს როგორც საკუთარი თავი და ყოველთვის მზად უნდა იყო სიკვდილისათვის. როდესაც სულს სიკვდილი ახსოვს, იგი ხდება მორჩილი და სრულიად მიეცემა ღვთის ნებას. მას ყველასთან მშვიდობა სურს, ყველას სიყვარულს ესწრაფის... მორჩილის სული მსგავსია ზღვისა, რომლის ზედაპირსაც ჩაგდებული ქვა წუთიერად ოდნავ თუ ააღელვებს და მის სიღრმეში დაინთქმება. ასე იძირება მწუხარებაც მორჩილის გულში, რადგან მასთანაა ძალი ღვთისა."
სხვაგან იგივე ღირსი მამა გვმოძღვრავს: "გახსოვდეს ორი აზრი და ერიდე მათ. ერთი ამბობს: შენ წმიდა ხარ; მეორე – შენ ვერ ცხონდები. ორივე აზრი ბოროტისგანაა და მათში არაა ჭეშმარიტება. ხოლო შენ ასე იფიქრე: "მე დიდი ცოდვილი ვარ, მაგრამ უფალი მოწყალე და კაცთმოყვარეა და გულწრფელი მონანიებით მომიტევებს ჩემს ცოდვებს."
სასოებით ვისმენთ დღეს ანგელოზთა საშობაო საგალობელს: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება." მშვიდობა და სათნოება მოიტანა ღვთაებრივმა ჩვილმა დედამიწაზე, მაგრამ მაცხოვარი ამ მადლს იძულებით თავს არავის ახვევს. უფალი ჩვენ სრულ თავისუფლებას გვანიჭებს და არჩევანის გაკეთების საშუალებას გვაძლევს; ჩვენი სურვილით, ჩვენი ნებითა და ნებისყოფით გვრთავს ჩვენი გამოხსნის პროცესში. ეს არჩევანი არ არის ადამიანის მარტო ამქვეყნიური ყოფის განმსაღვრელი, იგია არჩევანი მარადიულ სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის.
სამწუხაროდ, მრავალნი ნათელში ყოფნას ბნელში ჯდომას ამჯობინებენ და ზურგს აქცევენ უფალს; ზოგიერთნი კი საერთოდ ღვთისმბრძოლნი ხდებიან.
ჩვენმა ერმაც გადაიტანა ღვთისმბრძოლობის პერიოდი, სულიერი გამოფიტვისა და შიმშილის ჟამი. წლების მანძილზე უფლის ნათელს მოკლებული გონება შეურიგებლად ებრძოდა შემოქმედს. მაგრამ, მადლობა ღმერთს, "ბნელი იგი განგვეშორა და დღე შემოგვეახლა". ბევრი მიხვდა, რომ ჭეშმარიტ რწმენას მოკლებული რაციონალიზმი დამღუპველია როგორც ცალკეული პიროვნების, ისე კაცობრიობისათვისაც; რომ ქრისტეს გარეშე ადამიანები უფსკრულისაკენ მიექანებიან და ამიტომაც სწორად ცხოვრება გვსურს, თუ გვსურს ბედნიერება ჩვენი ხალხისა და ქვეყნისა, "ნათელი მეცნიერებისა" უნდა დაემკვიდროს ყველგან: მთავრობაში, ინტელიგენციაში, სასწავლო დაწესებულებებსა და ჯარში, გლეხობასა და უბრალო მშრომელებში.
არ შეიძლება არ აღვნიშნო, რომ ათეისტური ხელისუფლების პერიოდშიც მრავალმა მეცნიერმა და ინტელიგენციის სახელოვანმა წარმომადგენელმა გაუძლო მძიმე წნეხს. მათ არა მარტო თავად შეინარჩუნეს რწმენა, არამედ რაღაც გზებით ფარულად გადასცეს იგი თავიანთ მოსწავლეებსა და სტუდენტებს. უფალმა აკურთხოს ისინი; მე კი მადლიერებით ვხრი თავს მათ წინაშე.
ყოვლადუსამღვდელოესნო მღვდელმთავარნო, სამღვდელო და სამონაზვნო დასნო, ყოველნო ღვთივკურთხეულნო მკვიდრნო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიისა, საზღვარგარეთ დროებით მცხოვრებნო ძვირფასო თანამემამულენო, მშობლიური აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მკვიდრნო, - ყველას გილოცავთ ქრისტეს შობის დიდ და მაცხოვნებელ დღესასწაულს.
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს: "უფალმა თვისი განხორციელებით ორი დიდი სიკეთე მოიტანა: ღვთაებრივი ბუნება კაცობრივ ბუნებას შეუერთა, რათა კაცი განეღმრთო და ადამიანში საიდუმლო მადლით ყოვლადწმიდა სამება დაემკვიდრებინა".
დაე, ახალი წელი ყველა ჩვენგანისათვის ღვთის დიდების, ბედნიერების, მშვიდობისა და კეთილდღეობის, საქართველოს გაერთიანების, თანხმობისა და ბარაქის მომტანი ყოფილიყოს. ყველას გისურვებთ იყოთ სიხარულის მიმნიჭებელნი ერთმანეთისათვის და ცათა შინაც მარადიული სიხარული მოგეპოვებინოთ.
იმედით შეხვდით მომავალს, ილოცეთ, იშრომეთ, დათრგუნეთ თქვენი ეგოიზმი და ვნებები, რადგან ბოროტს ძლევს მხოლოდ ის, ვინც უკვე ძლია საკუთარ თავს.
ღმერთს ებარებოდეთ.
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი,
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი.
ქრისტეშობა
თბილისი, 2002-2003.
საშობაო ეპისტოლე - 1983
ყოვლადსამღვდელო მიტროპოლიტებს, მთავარეპისკოპოსებს, ეპისკოპოსებსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ სულიერ შვილებს, მცხოვრებთ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ!
... აჰა სამკვიდრებელი ღმრთისაჲ კაცთა თანა და დაიმკვიდროს მათ თანა, და იგინი იყვნენ ერ მისა, და იგი ღმერთი თავადი მკჳდრ იყოს მათ შორის (გამოცხადება 21, 3)
ყოვლადსამღვდელო მწყემსმთავარნო, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სათნო სულიერო შვილნო, მკვიდრნო საქართველოისა და მცხოვრებნო მის საზღვრებს გარეთ!
ღვთის დიდი სიყვარულის წყალობით კვლავაც მშვიდობითა და კეთილდღეობით ვხვდებით უდიდესსა და ღვთივშემოსილ დღესასწაულს - ქრისტეს შობას, ზეიმს, რომელიც მთლიანად მოიცავს ყოველი თაობის ადამიანის გულსა და ცნობიერებას, ზატიკს, რომელიც მეფობს საუკუნეებზე. ეს ის სასიხარულო და ნათელმოსილი დღეა როდესაც ჩვენ ბეთლემელ მწყემსებსა და აღმოსავლელ მოგვებთან ერთად გონებით მივემგზავრებით იმ გამოქვაბულისაკენ, რომელსაც წილად ხვდა ბედნიერება, წიაღსა შინა თვისსა მიეღო ახლადშობილი ყრმა, მაცხოვარი ქვეყნისა.
ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე წარმართული სამყაროს საუკეთესო წარმომადგენელნი ცხოვრობდნენ იმედით, რომ ღვთის გზის მაძიებელი ხალხის გულში ჭეშმარიტი სარწმუნოება აღმოცენდებოდა და ხსნას ყოვლისმიმტევებელი ღმერთის სიყვარულის წყალობით მოიპოვებდა. I საუკუნის რომაელი ისტორიკოსების, ტაციტუსისა და სვეტონიუსის მოწმობით, აღმოსავლეთის ტერიტორიაზე მცხოვრებთა შორის გავრცელებული იყო აზრი იმის შესახებ, რომ მათ მოევლინებოდა მეფე, რომელიც დაამყარებდა მშვიდობასა და წესრიგს ხალხთა შორის. რომაელი პოეტი ვერგილიუსი ადიდებდა იმ ჩვილს, რომელიც გარდამოხდებოდა ზეცით, მომადლებდა ქვეყანას მშვიდობას და დაუბრუნებდა დედამიწას "ოქროს ხანას". კაცობრიობა თრთოლვით მოელოდა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველების აღსრულებას - მოვლინებას ქვეყნის მხსნელისა და ღმრთისა ჩვენისა, იესო ქრისტესი... და ბოლოს, ღმერთი უფალი გამოგვიჩნდა ჩვენ.
ქრისტეს შობის ღამეს ბეთლემის ზეცას მოეფინა ანგელოზთა სადღესასწაულო გალობა: დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქვეყანასა ზედა მშვიდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ (ლუკა 2,14). დღეს ეს დიადი ქებათა ქება კვლავაც ისმის სამყაროში და ქრისტიანთა გულებს ავსებს უსაზღვრო სიხარულით, რომლის არსიც წმ. მოციქულმა იოანე ღვთისმეტყველმა ასე გამოხატა: და სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა ჩუენ შორის... სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა (იოანე, 1,14).
კავშირი უფალთან და ზიარება ღვთიურ მადლსა და ჭეშმარიტებასთან - აი, ის სიხარული, რასაც ემყარება ჩვენი ბედნიერება და კეთილდღეობა. ღმერთთან მიახლოებით ადამიანში ახლდება ყოველივე ის, რაც ცოდვის გამო მოისპო მასში. ქვეყნად მაცხოვრის მოვლინებით სათავე დაედო კაცობრიობის დაბრუნებას ნათლისა და ჭეშმარიტებისაკენ. ამისთჳს შობილ ვარ და ამისთჳს მოვივლინე სოფლად, რაჲთა ვწამო ჭეშმარიტი (იოანე 18,37) - ბრძანებს უფალი. აი, ეს მარადიული და მხსნელი ჭეშმარიტება გვიზიდავს ჩვენ.
მაგრამ როგორ მივაღწიოთ ღმერთთან შინაგან, სულიერ ერთიანობას? თითოეული ჩვენგანი გრძნობს ამის საჭიროებას, რადგანაც ადამიანს უკვე აღარ ძალუძს გაუმკლავდეს იმ ტანჯვასა და წინააღმდეგობებს, რომლებიც გამუდმებით წარმოიშვება მის გარშემო. აუცილებელია შემწეობა ყოვლისშემძლე ძალისა, ზეცით გარდამოვლენილისა ჩვენთვის.
ადამიანსა და ღმერთს შორის კავშირისათვის აუცილებელი პირობაა ურყევი რწმენა და თავდადებული სიყვარული. ეს ის მყარი საფუძველია, რომელზეც უნდა ავაშენოთ ჩვენი სულიერი შენობა. წმ. წინასწარმეტყველმა იოანე ნათლისმცემელმა თავისი ქადაგება შემდეგი სიტყვებით დაიწყო: შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათაჲ (მათე 3,2). სინანულისა და შინაგანი სრულყოფის გარეშე შეუძლებელია ღმერთთან მიახლება. ქრისტესთან რომ ვიყოთ და მისი ყოვლისშემძლე შემწეობა ვიგრძნოთ, პირველ რიგში უნდა განვიწმიდოთ ყოველგვარი სულიერი და ხორციელი ბიწისაგან, ე.ი. უნდა განვთავისუფლდეთ ცოდვებისაგან. ძალიან ხშირად ჩვენი თავი მიგვაჩნია მართალ, წმიდა ადამიანად, და ამავე დროს არად ვაგდებთ ყოველდღიურ ცოდვებს, რომლებიც სატანჯველისკენ გვიბიძგებენ. ასე ვფიქრობთ: მე არავინ მომიკლავს, ხოლო პატარ-პატარა ცოდვები კი ყველას აქვსო. საშიშია ამგვარი მსჯელობა. მთა ხომ როგორც დიდი ქვებისაგან, ისე კენჭებისაგანაც შედგება. ღვთის წინაშე უმნიშვნელო ცოდვა არ არსებობს, ყოველგვარი გარდახდომა უფლის მცნებისაგან შეურაცხჰყოფს მის სიდიადეს და გვაშორებს მას. მეფე და წინასწარმეტყველი დავითი, როდესაც ფსალმუნს წერდა, ძრწოლვით უხმობდა უფალს: უფალო, ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე... არა არს მშვიდობაჲ ძუალთა ჩემთა პირისაგან ცოდუათა ჩემთაჲსა, რამეთუ უშჯულოებანი ჩემნი აღემატნეს თავსა ჩემსა და, ვითარცა ტვირთი მძიმე, დამიმძიმდეს ჩემ ზედა (ფსალმ. 37;2,4,5).
პავლე მოციქული, ეკლესიის ბურჯი, სახარების ქადაგებისათვის ყველაზე მეტად დამაშვრალი, წუხდა, რომ უფლის წინაშე მხოლოდ ცოდვებითა და უძლურებით წარდგებოდა.
სიტყვა სინანული არა მარტო საკუთარი ცოდვების შეგნებას ნიშნავს, არამედ თვითშეგნების გარდაქმნასაც, როდესაც პიროვნება ღმრთისადმი, მოყვასისადმი, თვით თავისი თავისა და ცხოვრებისადმი დამოკიდებულების ახლებურად გააზრებას იწყებს. ასეთი ადამიანი გრძნობს თავის სისუსტეს და, ამასთან ერთად, ეძებს გზას ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად. ღირსი მამა ისააკ ასური ამბობს: ნეტარ არს კაცი, რომელი შეიცნობს უძლურებასა თვისსა, რამეთუ ცოდნა ესე ხდება მისთვის საფუძველი და საწყისი ყოველივე კეთილწარმატებისა (ისააკ ასური, 61-ე სიტყვა).
როდესაც სინანულის გზას შეუდგები, ნუ იქნები უგრძნობელი და გულქვა, არამედ სცან დაცემა შენი და იგლოვდე ცოდვათათვის შენთა. წმიდა იოანე ოქროპირი წერს: სტიროდე არა უბრალოდ, არამედ მწარედ, ვითარცა პეტრე; სულისა შენისა სიღრმეთაგან გადმოღვარე ნაკადულნი ცრემლთანი, რათა უფალმან მოწყალებით შეგინდოს შეცოდებანი. კაცთმოყვარე ღმერთი შენგან შრომას ითხოვს მცირედს და თვით მოგაგებს დიდებულს, შენგან ელის მიზეზს, რათა დაგაჯილდოვოს ცხონებით. შესწირე მას ცრემლნი შენნი და მან მოგანიჭოს შენდობა (თხზ. ტ. II, გვ. 322-323).
ჩვენ ვლაპარაკობთ სინანულზე, აღსარებაზე, მაშინ, როცა ადამიანმა ხშირად არც კი იცის რა უნდა მოინანიოს, რა ითვლება ცოდვად. ზოგიერთს მიაჩნია, რომ ცოდვა ჩვენი თვისებაა, თითქოს იგი ჩვენი ბუნების ნაწილია. ცნობილია, რომ ადამიანი ღვთის მსგავსად არის შექმნილი. ის, რაც არ შეესატყვისება შემოქმედის სახეს, არ არის ჩვენი ბუნებისეული. მაშ, რას წარმოადგენს ცოდვა ღვთისმეტყველთა გაგებით? ცოდვა ბოროტებაა, რომელიც პიროვნებაში მისი ნებით შედის. ბოროტება ანუ ცოდვა ადამიანის ბუნება კი არ არის, მისი მდგომარეობაა. პროკლე დიადოხოსის თქმით: "ბოროტისადმი ჩვენს მიდრეკილებას სძლევს ბუნება სიკეთისა, რადგანაც სიკეთე არსებობს, ბოროტება კი არ არსებობს, უფრო სწორად, ბოროტება არსებობს მაშინ როდესაც მას გამოავლენენ" (საღვთისმეტყველო შრომები, 1972 წ. გვ.69). ცოდვა შედეგია ნების სისუსტისა ან სნეულებისა, იგი ამბოხია ღვთის წინააღმდეგ, რადგანაც ცოდვით ვარღვევთ მის მცნებებს. ამასთან, ის ერთგვარი სენია, რომელიც ცდილობს დამკვიდრდეს ადამიანში და დააავადოს იგი. პიროვნება თავისი სურვილით უთმობს ადგილს ბოროტებას და შეჰყავს ცოდვა თავის სამყაროში, თანხმდება იყოს მისი მორჩილი.
ასე რომ, ცოდვა უცხო, არაბუნებრივი მდგომარეობაა ადამიანისა და მისგან კაცი მხოლოდ სინანულითა და აღსარებით თავისუფლდება. ცოდვა მრავალგვარი არსებობს. ამ ეპისტოლეში მხოლოდ ზოგიერთ მათგანზე შევჩერდებით, ისეთზე, ხშირად რომ გვხვდება და გვაშორებს ღმერთს.
პირველი და ძნელადგამოსასწორებელი ცოდვა ამპარტავნებაა. ეს ის პირველი ცოდვაა, ანგელოზი ეშმაკად რომ აქცია. ბიბლიაში ბევრგანაა თქმული ამპარტავნების შესახებ. ბრძენი სოლომონი ამბობს: მოდის მედიდურობა და მოჰყვება დამცირება (იგავნი 11,2); დამხობას წინ უძღვის ამპარტავნება, დაცემას - ქედმაღლობა (იგავნი 16,18). იაკობ მოციქულთან ვკითხულობთ: ამპარტავანთა შეჰმუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი (იაკობი 4,6).
რა არის ამპარტავნება? მას ძალიან სხარტად და ლაკონურად განმარტავს ღირსი მამა იოანე კიბისაღმწერელი. ამპარტავნება უკიდურესი სიღატაკეა სულისა. ფილოსოფია და მსოფლიო ლიტერატურა მდიდარია მრავალგვარი განსაზღვრებითა და მაგალითით ამ ნაკლისა, მაგრამ დასკვნა საერთოა: ქედმაღლობა მანკიერი გრძნობაა, საძრახი და ყოვლად დამამცირებელი. იგი გვიჩვენებს, რომ პიროვნება არ იცნობს თავის თავს. ამპარტავანს სხვისი უპირატესობა აღიზიანებს. წმ. ეფრემ ასურის თქმით, ამპარტავანი ვერ იტანს მასზე უკეთესს, ასეთისა ან შურს, ან ეჯიბრება მას. იგი ვინმეს შექებას საკუთარ დამცირებად და შეურაცხყოფად იღებს.
მეორე ცოდვა, რომელიც ხშირად გვხვდება და რომელიც დაკავშირებულია ქედმაღლობასთან, არის მრისხანება. ეკლესიასტეს წიგნში ვკითხულობთ: ნუ მოსწრაფე ხარ სულსა შინა თჳსითა გულისწყრომად, რამეთუ გულისწყრომა წიაღთა შინა უგუნურთასა განისუენებს (ეკლ. 7,10). წმ. პავლე მოციქული გვაფრთხილებს: ყოველი სიმწარე და რისხვაჲ და გულის წყრომაჲ და ღაღადებაჲ და გმობაჲ მოისპენ თქუენ შორის ყოვლითურთ უკეთურებით (ეფესელთა, 4,31). უკეთური, მრისხანე ადამიანი პირველ რიგში საკუთარ თავს ვნებს, შემდეგ კი სხვებს. რისხვა უარყოფითად მოქმედებს გონებაზე, გულზე, ნერვიულ სისტემასა და საერთოდ მთელ ორგანიზმზე. ღირსი მამა იოანე კასიანე მრისხანებას სასიკვდილო შხამს უწოდებს. მძვინვარე კაცი ვეღარ საზღვრავს; მან შეიძლება შეურაცხყოს სუსტი, დაამციროს, გაანაწყენოს უძლური, შეიძლება ისეთი საქციელი ჩაიდინოს, სულს მოუშუშებელ ჭრილობად რომ დარჩება სიცოცხლის ბოლომდე. გულისწყრომისა და გულფიცხელობისაგან მორჩილება, სიმშვიდე, სიმდაბლე გვკურნავს. უფალი გვასწავლის: აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ (მათე 11,29). გულფიცხელნი და მრისხანენი საბრალონია; განერიდეთ ამ ცოდვას.
მძიმე ცოდვა, ტვირთად რომ გვაწევს ჩვენ, არის შური. იაკობ მოციქული წერს: სადა არს შური და ჴდომაჲ, მუნ შფოთი და ყოველი ბოროტისა საქმე (იაკობი 3,16). ბრძენი სოლომონი ამბობს: ნუ ისერებ კაცისა თანა მოშურნისა (იგავნი 23,6).
შური სხვა ადამიანის კეთილდღეობით, უპირატესობით ანდა სხვა რაიმე წარმატებით გამოწვეული წყენა და გაღიზიანებაა. იგი ყველას მიერ დაგმობილი, მაგრამ მაინც მრავალთათვის დამახასიათებელი ნაკლია, რომლის დამალვასაც საგულდაგულოდ ცდილობენ. შურმა შეიძლება კაცი ბოროტმოქმედად აქციოს. საოცარია, ეს ცოდვა მატერიალურ სამყაროში უფრო მეტად ვლინდება; იშვიათად თუ ვინმეს შეშურდეს ადამიანის სულიერი მიღწევებისა. არ შურთ იმისი, ვისაც უფრო დიდი სარწმუნოება და სიყვარული აქვს, ვინც მეტის მომთმენია, ვინც კეთილთა ნიჭთა მოპოვებას ესწრაფვის. იაკობ მოციქულის ეპისტოლეში ვკითხულობთ: ხოლო უკეთუ შური მწარე გაქუნდეს და ჴდომაჲ გულთა შინა თქუენთა, ნუ იქადით და სტყუით ჭეშმარიტებასა ზედა (იაკობი 3,14). ე.ი. ნუ მოიწონებთ თავს ქრისტიანის სახელით და ნუ იცრუებთ, თითქოს შური იმდენად უბრალო რამ იყოს, რომ იგი ჭეშმარიტებას ზიარებული კაცისთვის დასაშვებად მიიჩნიოთ. მოციქული პავლე კორინთელთა ეკლესიას აფრთხილებდა: რამეთუ სადაღა თქუენ შორის შური და ჴდომაჲ და განწვალებანი, არა ჴორციელვეღა ხართა და კაცობრივ იქცევით (1 კორ. 3,3); შურით ანთებული ადამიანი კილავს და აძაგებს ყველას, ვისაც ეჯიბრება: მტერსა თუ მოყვარეს. ხშირად უნიჭოებს დიდი პრეტენზიები აქვთ, საქმით კი არაფერს აკეთებენ და ამ სამწუხარო გრძნობის მორჩილნი პატიოსან და უდანაშაულო ადამიანებს განიკითხავენ.
არ შეიძლება ერთდროულად იყო ქრისტიანი და ამავ დროს შურით შეპყრობილი. სიყვარული და შური ისევე შეუთავსებელია, როგორც ნათელი და ბნელი.
ძმანო და დანო ჩემნო! განარიდეთ გულნი თქვენნი შურსა, ხედვიდეთ რა წარმატებას მოყვასისა თქვენისა, იხარებდეთ მის თანა. დაეხმარეთ ნიჭმიმადლებულს, გამოავლინოს თავისი შესაძლებლობანი. გახსოვდეთ, ღმერთი თქვენს გულს ხედავს და მოგაგებთ სიმდიდრისაებრ გულისა თქვენისა.
აღნიშნულის გარდა არსებობს სხვა ცოდვებიც: პატივმოყვარეობა, სიზარმაცე, სასოწარკვეთილება, მრუშობა, სიძუნწე, სიძულვილი, ღვარძლი, განკითხვა... ისინი გვაშორებენ ღმერთს და შინაგან ჰარმონიას ურღვევენ ჩვენს სულს. ადვილი არ არის ცოდვებისაგან გათავისუფლება. ეს მით უფრო ძნელია, თუ ისინი უკვე ჩვეულებად ქცეულან. მთავარია ადამიანს შინაგანად სძულდეს ცოდვა და მის მოკვეთას ცდილობდეს. თუ გაქვს სურვილი გამოსწორებისა, უკვე სწორ გზაზე დგახარ. ამ დროს უნდა იჩქარო ტაძრისაკენ. მიდი მღვდელთან, როგორც სულის მკურნალთან, და გაუმხილე შენი ნაკლოვანებანი. მისი ლოცვითა და კურთხევით თვით ღვთისაგან მიიღებ შენდობას.
მღვდლის წინაშე თქმული აღსარება აუცილებელი პირობაა სინანულისა, რადგანაც მოძღვარს ღვთისაგან აქვს მინიჭებული უფლება ცოდვათა მიტევებისა. ზოგჯერ ამბობენ: რა საჭიროა ეკლესიაში მღვდელთან მისვლა? განა არ შეიძლება თვით უფალს უთხრა შენი ცოდვები და მოინანიო მის წინაშე? ასეთ ადამიანებს არ ესმით აღსარების საიდუმლო და მღვდლის შენდობის ძალა. აღსარება განწმედაა, მეორე ნათლობაა, როგორც მას წმ. მამები უწოდებენ, იგი შერიგებაა ღმერთთან, შინაგანი სიმშვიდეა, დაწყნარებაა.
როდესაც ჩვენი სულიერი ჭურჭელი განსპეტაკდება, თავმდაბლად და კრძალვით უნდა მივიღოთ წმიდა ზიარება.
რა არის ზიარება და რატომაა იგი აუცილებელი? წმ. ზიარება თვით უფალმა იესო ქრისტემ დაადგინა საიდუმლო სერობისას. წმ. მოციქულის, ლუკას, სახარებაში ვკითხულობთ: იესო ქრისტემ მოიღო პური, ჰმადლობდა, და განტეხა და მისცა მათ და თქუა: ესე არს ჴორცი ჩემი თქუენთვის მიცემული, ამას ჰყოფდით მოსაჴსენებელად ჩემდა. ეგრეთვე სასუმელი შემდგომად სერობისა და თქუა: ესე სასუმელი - ახალი სჯული სისხლისა ჩემისაჲ თქუენთჳს დათხეული (ლუკა, 22,19-20).
ღვთის ხორცად და სისხლად გარდაქმნილი პურითა და ღვინით პირველად მოციქულნი ეზიარნენ. უფლის ხორცისა და სისხლის მიღებისას მაცხოვარი მიუთითებს, რომ ადამიანისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ ხორციელ პურზე ზრუნვა, მისთვის აუცილებელია სულიერი საზრდელი, რომელიც მას შემოქმედთან დააკავშირებს, ხელს შეუწყობს მისი სულის ზეაღსვლას მიწიდან ზეციურ ეკლესიასთან შეერთებისთვის.
მაზიარებელნი, უერთდებიან რა მაცხოვარს, მისი საშუალებით უკავშირდებიან ერთმანეთს მტკიცე ორგანული კავშირით და ქმნიან ქრისტეს ერთიან მისტიურ და ამავე დროს რეალურ სხეულს - ეკლესიას. ყოველი ქრისტიანი თვეში ერთხელ მაინც უნდა ეზიაროს, რომ სულიერად განმტკიცდეს. ეს საიდუმლო ეხმარება ადამიანს ნაკლოვანებათა, ვნებათა დაძლევაში, ხილულ და უხილავ მტერთა წინააღმდეგ ბრძოლაში. მარხვის დღეებში, ვინც მარხვას ინახავს, შეუძლია, ყოველ კვირას ეზიაროს. ასე რომ, ზიარება უდიდესი საიდუმლოა. ზიარებისას ჩვენში ვიღებთ მეუფესა ზეცათასა და ქვეყანისასა, რომლის ძალა და ძლიერებაც საზღვარდაუდებელია. ამით კი გვენიჭება მადლი სიკეთის ქმნისა.
სიკეთის ქმნა ადამიანის ისეთივე ბუნებრივი თვისება უნდა იყოს, როგორც კეთილი ხისათვის კეთილი ნაყოფის გამოღება, ხოლო ბოროტება ისევე შეუძლებელი - როგორც ვერ ჴელ-ეწიფების ხესა კეთილსა ნაყოფისა ხენეშისა გამოღებად (მათე 7,17-18).
"ჭეშმარიტი სიბრძნისმოყვარენი და ძმათმოყვარენი, - ამბობს წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, - ესწრაფვიან ქმნას სიკეთისას თავად სიკეთისათვის და არა პატივისათვის ცათა შინა" (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, თხზ. მ. 1889. გვ.97).
თითოეული ჩვენგანი ღვთივქმნილი მშვენიერი ჭურჭელია, რომელიც უფლის მადლით უნდა იყოს სავსე და წარმოადგენდეს ტაძარს სულისა წმიდისა.
სულიერი განწმენდის, აღსარებისა და ზიარების შემდეგ ადამიანი გარდამავალი ფერებით მბრწყინავ ანდამატივით ნათობს: მისი სული ხდება სავანე სიყვარულისა, თავმდაბლობისა, სიმშვიდისა, მოთმინებისა, სიწმინდისა, ლოცვისა, მარხვისა და სხვა იმ მაღალ ღირსებათა, რომლებიც პიროვნებას ღვთით ენიჭება.
ძმანო და დანო, მოგმართავთ რა საშობაო ეპისტოლეთი, მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო იმ პრობლემაზე, რომელიც დღეს მთელს კაცობრიობას აწუხებს. ეს არის ბირთვული განადგურებისაგან ქვეყნის დაცვის საკითხი.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის იყო და კვლავაც დარჩება თავისი საუკუნოვანი ტრადიციების ერთგული, იგი წმიდად იცავს და მსოფლიოში ქადაგებს ხალხთა შორის ურთიერთგაგებასა და თანხმობას და ამით ხელს უწყობს დედამიწაზე მშვიდობის შენარჩუნებისათვის ბრძოლას. ჩვენი მისწრაფება მშვიდობისკენ - ეს ქრისტიანული რელიგიის არსებითი მხარეა. ყველა ადამიანი და ყველა ხალხი თანასწორუფლებიანია. მიგვაჩნია, რომ თითოეული ადამიანის და განსაკუთრებით კი მორწმუნე ქრისტიანის ვალია, ყოველგვარი საშუალებით წინ აღუდგეს ომის გაჩაღების საფრთხეს. ომისა და მშვიდობის პრობლემა საერთო პრობლემაა. იგი მოიცავს და აღელვებს ყველას, განურჩევლად მისი რელიგიურ-კულტურული თუ პოლიტიკური შეხედულებებისა, რადგანაც ყველა გრძნობს ბირთვული კატასტროფის საფრთხეს. ეს საერთო დაინტერესება განსაკუთრებით ნათლად გამოვლინდა მოსკოვში, 1982 წლის 10-14 მაისს ჩატარებულ მსოფლიო კონფერენციაზე - "რელიგიური მოღვაწენი ბირთვული კატასტროფისაგან სიცოცხლის ღვთაებრივი მადლის გადასარჩენად", სადაც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ აქტიური მონაწილეობა მიიღო. მოსკოვის კონფერენციის შემდეგ მსოფლიო მოწმე გახდა ჩვენი სახელმწიფოს მიერ აღებული მეტად მნიშვნელოვანი ახალი სამშვიდობო ინიციატივის, რომ იგი პირველი არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს. ეს ცალმხრივი ვალდებულება დიდი აღფრთოვანებით მიიღო მსოფლიომ. თუ სხვა ქვეყნების მეთაურნიც იკისრებენ ამგვარ ვალდებულებას, შესაძლებელი იქნება მსოფლიოს ხსნა ბირთვული ნგრევისაგან...
ყველას გვესმის, რომ მშვიდობისათვის ბრძოლის საქმეში მიღწეულით არ შეიძლება დავკმაყოფილდეთ, აუცილებელია გავაერთიანოთ და გავამრავლოთ მშვიდობის მომხრეთა ძალები. ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს მშვიდობისათვის მთელს მსოფლიოში, ხალხთა და სახელმწიფოთა შორის ურთიერთნდობისა და სამართლიანობის განმტკიცებისათვის. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მოციქულთა სიტყვები: მოიძიენ მშჳდობაჲ და მისდევდინ მას (I პეტრე 3,2). გახსოვდეს, რომ მშჳდობასა გჳწოდნა ჩუენ ღმერთმან (I კორინთ. 7,15). სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ (იოანე 8,32).
ჭეშმარიტების ძიებაში საუკუნეთა მანძილზე კაცობრიობამ მრავალი გზა და ბილიკი განვლო, თავის თავზე გამოსცადა და გადაიტანა ყოველივე, რასაც მოიცავს ადამიანის სული: მიწიერების უარმყოფელი უკიდურესი მისტიციზმიდან უკიდურეს ღვთის უარყოფამდე, და მხოლოდ მაშინ, როცა ეს გზები გავლილი იყო და ძალები ამოწურული, დადგა ჟამი, ოდეს სიტყვა ხორციელ იქმნა, მოგვევლინა იესო ქრისტე - ტარიგი ღვთისა, რომელმან აღიღო ცოდვანი სოფლისანი.
მხოლოდ ქრისტიანობაში პოვა შინაგანი სრულყოფა მთელი კაცობრიობის რელიგიური ძიების ხანგრძლივმა და მძიმე მსოფლიო ისტორიულმა პროცესმა.
საშობაო ეპისტოლე წმ. ეფრემ ასურის სიტყვებით მსურს დავამთავრო: "დღეჲ ესე არს დღეჲ ცხონებისა, ღამეჲ ესე მშჳდობასა და მყუდროებას მიანიჭებს მსოფლიოს. აწინდელი ღამე ეკუთვნის მშვიდს (იესო ქრისტეს). ამისთვის განაგდოს ყოველმან რისხუაჲ და სიფიცხლეჲ, დააყუდოს ამპარტავნებაჲ და ზვაობაჲ თჳსი, აწ აღმობრწყინდა დღეჲ იგი წყალობისა და ნუ ეუფლება ვისმეს გრძნობაჲ შურისგებისა წყენისათვს მისისა, ნუ იქმნება ვინმე მიზეზი სხვისი ჭირისა და მწუხარებისა. ეს დღე უღრუბლო და ნათელია, დაე, მოიდრიკოს მის წინაშე რისხვამ, შემმუსრველმა მშვიდობისა და მყუდროებისა" (ეფრემ ასური, 1904, გვ.138).
მადლი უფლისა, სიყვარული, მშვიდობა და სიხარული თქვენ ყოველთა თანა!
კიდევ ერთხელ გილოცავთ დიად დღესასწაულს - ქრისტეს შობას!
გისურვებთ მარადიულ სიხარულს, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!
ქრისტეს შობა
თბილისი, 1983
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
საშობაო ეპისტოლე - 1987
საქართველოს ეკლესიის ღვთივკურთხეულ შვილებს
"ვისაც სურს, იხილოს ღვთაებრივი და მშვენიერი, ჯერ
თვითონ უნდა გახდეს ღვთაებრივი და მშვენიერი" (პლოტინი)
მხოლოდ ადამიანს მიანიჭა არსთა განმრიგემ ხატება თვისი: "და შექმნა ღმერთმან კაცი სახედ თჳსა და ხატად ღმრთისა" (დაბ. 1,27).
თანდათანობით შეიქმნა იგი, სხვა ქმნილებანი კი - წამისყოფით, მხოლოდ მას შთაბერა უზენაესმა თვისი უკვდავი სული: "და შექმნა უფალმან ღმერთმან კაცი მტუერისა მომღებელმა ქუეყანისაგან (ადამი წითელ მიწას - თიხას ნიშნავს) და შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისაჲ და იქმნა კაცი იგი სულად ცხოველად" (დაბ. 2,7).
ამიტომაცაა იგი გვირგვინი ქმნილებისა, ხოლო დანიშნულება მისი - ყველაზე მაღალი და დიადი, ამიტომაცაა ის განღმრთობის ღირსი.
მაგრამ ადამიანმა ბოროტად გამოიყენა თავისუფალი ნება, გაჩენის დღიდან რომ მოემადლა მას. მან უარყო ღვთის მცნება და, იგემა რა ნაყოფი ხისაგან შემეცნებისა კეთილისა და ბოროტისა, დაკარგა ერთობა ღმერთთან, რის გამოც დაკარგა შინაგანი მთლიანობა და სულის მშვიდობა.
პირველქმნილმა ცოდვამ დაარღვია არა მარტო ადამიანის სულიერი წონასწორობა, არამედ სამყაროში არსებული წესრიგი: "ცოდვა შემოხდა სოფლად და მასთან ერთად სიკუდილი".
ცოდვა ფითრივით მოედო ადამიანის სულს, მისი თანდაყოლილი სიკეთის ხარჯზე დაიწყო არსებობა. გაჩნდა შუღლი, მტრობა, სიძულვილი, ძმის მკვლელობა... ბოროტმა ძალამ მდაბალ ვნებათა მსახურად აქცია კაცი.
"ის, რასაც ბოროტება ჰქვია, სხვა არა არის რა თუ არა ნაკლოვანება სიკეთისა, - წერს ნეტარი ავგუსტინე. - ის, რასაც ბოროტება ჰქვია, არის არასრული სიკეთე. ცოცხალ არსებას რაიმე სენი რომ შეეყაროს ან იარა გაუჩნდეს, ეს იარა, ეს სენი ხომ ჯანმრთელობის ნაკლი ანუ არასრული სიჯანსაღე იქნება. ასევე სულიერი ნაკლიც ბუნებრივი სიკეთის დამახინჯებას ნიშნავს. ყოველგვარი ბუნება კეთილია. ეს სიკეთე დიდია, თუ ხრწნილებას არ ექვემდებარება და მცირდება, თუ ნაკლი ან დაზიანება აქვს.
უმეცრისა და გამოუცდელის გარდა სიკეთეს ვერავინ უარყოფს. თუ ბოროტება შთანთქავს სიკეთეს, მაშინ თვითონ ბოროტებაც მოისპობა, რადგანაც მას დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლია. ყოველგვარი ბოროტებისაგან თავისუფალი სიკეთე კი არის სწორედ ნამდვილი, წმინდა სიკეთე (ნეტარი ავგუსტინე. არასუბსტანციურობა ბოროტებისა).
ცოდვა შეიჭრა ჩვენს არსებაში, იქ გაიდგა ფესვი და დამკვიდრდა. პიროვნებაში ერთმანეთს შეეჯახა სიკეთე და ბოროტება. გული მისი კეთილსა და ბოროტს შორის ბრძოლის ასპარეზად იქცა. ეს ბრძოლა სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება.
მშვენივრად წერს წმიდა პავლე: "არა რომელი-იგი მნებავს კეთილი, მას ვჰყოფ, არამედ რომელი-იგი არა მნებავს ბოროტი, მას ვიქმ" (რომ. 7,19).
შინაგანმა გაორებამ ბუნებრივად წარმოშვა ადამიანის ცხოვრების ორი გზა. პირველი ჭეშმარიტებისაკენ მიდის, მეორე შეუცნობელი არყოფნისაკენ.
ჭეშმარიტება ყოფიერების სათავეა, ცხოვრების წყაროა, ქმნადობის მიზეზია. ნათელია იგი დაუღამებელი, სიყვარული დაულევნელი; მას ღმერთს ვუწოდებთ.
ცოდვის, სულიერი სიკვდილის გზას კი შეუცნობელი არყოფნისაკენ მივყავართ. ცოდვა და მისი შედეგი - სიკვდილი ბოროტებაა და როგორც უკვე ითქვა, მხოლოდ სიცოცხლის, სიკეთის ხარჯზე არსებობს. ანგრევს რა სიცოცხლეს, თვითონაც განქარდება, "დაინთქმება ძლევითა" (ესაია).
პიროვნებამ თვითონ უნდა გააკეთოს არჩევანი მათ შორის. ძველი რომაელები ამბობდნენ: Similis simili gaudet - მსგავსი მსგავსს შეჰხარის. ჭეშმარიტად, იდუმალი ძაფები აკავშირებთ მონათესავე სულთ. ისინი გრძნობენ მსგავსებას ურთიერთშორის და მიილტვიან ერთმანეთისაკენ, რათა თავიანთი მისწრაფების შესაბამისი ნაყოფი გამოიღონ.
სახარებაში ვკითხულობთ: "ყოველმან ხემან კეთილმან ნაყოფი კეთილი გამოიღის, ხოლო ხემან ხენეშმან ნაყოფი ხენეში გამოიღის. ვერ ჴელ-ეწიფების ხესა კეთილსა ნაყოფისა ხენეშისა გამოღებად და არცა ხესა ხენეშსა ნაყოფი კეთილი ყოფად" (მათე 7, 17-18).
"ჩვენ ვცანთ და გურწმენა სიყუარული, რომელ აქუს ღმერთსა ჩუენდა მომართ" (I ინ. 4,16), რადგან თვით ძე თვისი საყვარელი გასწირა შემოქმედმან, რათა ვნებებითა და ცოდვებით დამდაბლებული კაცობრიობა ხენეშ ხედ არ ქცეულიყო, რათა აღმდგარიყო დარღვეული კავშირი ადამიანსა და ღმერთს შორის, განახლებულიყო ჩვენი ბუნება და მას უზენაესთან ყოფნის შესაძლებლობა დაბრუნებოდა.
"ამისთჳს გამოცხადნა ძე ღმრთისაჲ რაჲთა დაარღჳნეს საქმენი ეშმაკისანი" (I ინ. 3,8) და ადამიანს დააძლევინოს ცოდვა. იგი ზეციდან მიწამდე დამდაბლდა, რომ კაცი მიწიდან ზეცად აღემაღლებინა. ქრისტე "განკაცდა, რათა ჩვენ განვეღმრთეთ" (ათანასე დიდი).
ბეთლემის მღვიმეში გამობრწყინდა პირველად "ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად" (ინ. I,9). არა სამეფო დარბაზებსა და მეცნიერების წიაღში, არამედ მივარდნილ გამოქვაბულში დაედო სათავე ქვეყნის ახალ ცხოვრებას.
როგორ მწვერვალსაც არ უნდა მიაღწიოს ჩვენმა ცივილიზაციამ, როგორადაც არ უნდა განვითარდეს კაცობრიობა, იგი მაინც ყოველთვის ეახლება და თაყვანსა სცემს ამ მღვიმეს, რადგან აქ დაირწა აკვანი მისი, რომელ არს "გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება" (ინ. 14,6).
ღვთის განკაცების არსი - ადამიანის ღმერთთან შეერთება - ქრისტიანული რწმენის გარეშე ვერ განხორციელდება. რწმენა ანიჭებს ჩვენს ყოფას ღვთიურ აზრს. ოღონდ რწმენა არა ცივი და მკვდარი, არამედ ცოცხალი და მოქმედი, რომელიც ქველი საქმით იცნობა.
სადაც არ არის კეთილი ქრისტიანული საქმე, იქ რწმენასაც ამაოდ დავუწყებთ ძებნას, რადგან "ყოველი, რომელი არა სარწმუნოებით არს, იგი ცოდვა არს" (რომ. 14,23) და პირიქით, სადაც სიკეთის ქმნა ცხოვრების წესია, იქ, უთუოდ, ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრებაა.
"მორწმუნე ის კი არ არის, - გვასწავლის წმიდა იოანე ოქროპირი, - ვისაც ყოველივე სჯერა, არამედ ის, ვისაც სწამს ღმერთი... რწმენა განანათლებს, რწმენა აკურთხებს, რწმენა სულიწმიდის ღირსად ხდის ადამიანს... სადაც რწმენაა, იქაა ძალი, სადაც ურწმუნოებაა, იქ - უძლურებაა. რწმენა სიკეთის სათავეა, რწმენა სიკეთის წყაროა, აღიჭურვე საჭურველითა მხსნელითა".
რწმენა ზეგარდმო ნიჭია, რომელსაც გავყავართ ყოფიერების მიღმა, ტრანსცენდენტურ განზომილებაში, სადაც ღვთისმიერ მხსნელ სიყვარულს ვეზიარებით; მაგრამ ამ სიმაღლეს ვერ მივაღწევთ, თუ ჯერ საკუთარი თავი არ შევისწავლეთ.
თვითშემეცნება გულისხმობს ჩვენი შინაგანი ცხოვრების, ქცევის და მოქმედების დაკვირვებულ განსჯას და მის შეჯერებას ღვთის მცნებებთან, იდეალური ქრისტიანის განზოგადებულ სახესთან. ცხადად უნდა ვიგრძნოთ, რისი ძალა შეგვწევს ან ჩვენს შესაძლებლობებს რა აღემატება. რას ვუმალავთ სხვებს, რას ვუმალავთ საკუთარ თავს...
ქრისტიანული რწმენა გვასწავლის სიკეთის გარჩევას ბოროტებისაგან, გვეხმარება ჩავწვდეთ ჩვენი სულის სიღრმეს და ვიგრძნოთ მასში ორი დაპირისპირებული ძალის არსებობა, მათი ბრძოლა; გვეხმარება, რათა დავძლიოთ შინაგანი გაორება და განწმედის საშუალებით - მონანიების, ლოცვის, მარხვის, აღსარების წმიდა ზიარების გზით ვპოვოთ განკურნება სულთა ჩვენთა, აღვადგინოთ კავშირი ღმერთთან და შევიმოსოთ მისი ძალით და მადლით.
საიდან დავიწყო გლოვა? - კითხულობს ცოდვათა სიმრავლით სულშეძრული წმიდა ანდრია კრიტელი.
რით დავიწყო გლოვა? რით დავიწყო სულიერი განახლება? ეს კითხვები დგას თითოეული ჩვენგანის წინაშე.
შეგახსენებთ, ზოგიერთ მომაკვდინებელ ცოდვას, ალბათ, ყველაზე გავრცელებულს და მათზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას.
უპირველესი და უმძიმესი ცოდვა არის ურწმუნოება. "რომელსა ჰრწმენეს და ნათელ იღოს, ცხოვნდეს, ხოლო რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს" (მარკ. 16,16), - ბრძანებს მაცხოვარი.
რწმენის ნიჭი ყოველ ადამიანს აქვს მომადლებული, ოღონდ მრავალი ცხოვრებისეული და ფსიქოლოგიური ფაქტორის გამო ზოგი აღიარებს მას და ზოგი არა. ღვთის უარყოფა დამღუპველი, მომაკვდინებელი სენია, რადგან იგი ხურავს გულს და არ უშვებს შიგ მას, ვინც მოვიდა შენთან, მოვიდა და "გახარა მშვიდობაჲ თქუენ, შორიელთა და მახლობელთა" (ეფ. 2,17); გონებას ბინდით ბურავს, რათა ბნელში ამყოფოს სული შენი, წაგართვას მადლი და ნიჭი ღვთით მომადლებული, "რამეთუ მადლითა ხართ გამოხსნილ სარწმუნოებისა მიერ, და ესე არა თქუენგან, არამედ ღმრთისა ნიჭი არს" (ეფ. 2,8).
ურწმუნოება, ღვთის უარყოფა, იგივე ღვთის გმობაა. ეს არის სიყვარულის წყაროს დაშრეტა, ადამიანის უკიდურესი დაცემა, მისი დაღუპვა, "სიკუდილი იგი მეორე".
მეორე მძიმე ცოდვა, რომელმაც კაცობრიობა მოიცვა, არის ამპარტავნება. ეს ის ცოდვაა, ანგელოზები რომ დაღუპა და ბოროტ სულებად აქცია. ამ ცოდვამ განაძევა ადამ და ევა სამოთხიდან. იგი საძირკვლამდე ანგრევს კაცის სულს.
ამპარტავნების სათავე პატივმოყვარეობაშია, ეგოიზმში, საკუთარი უპირატესობის დამკვიდრებაში. ამპარტავნებით შეპყრობილი ადამიანი მთელ ქვეყანას თავისი სურვილების დაკმაყოფილების ასპარეზად თვლის, ბუნების ძალნი, მის სამსახურში მყოფად წარმოუდგენია. ასეთი ადამიანისათვის სხვა პიროვნებას არავითარი ღირებულება არა აქვს, მოყვასი და მახლობელი მისთვის იმდენად არსებობს, რამდენადაც მას სჭირდება.
წმიდა მამები ამბობენ, რომ როგორც წყალი ვერ გაჩერდება შემაღლებულზე, ისე ღვთის მადლი ვერ დამკვიდრდება ამპარტავანის სულში. "თუ გაქვს სიმდიდრე უთვალავი, - გვაფრთხილებს წმ. ბასილი დიდი, - მიეკუთვნები მძლავრი სახელმწიფოს მოქალაქეთა რიცხვს, თუ დაჯილდოებული ხარ ჯანმრთელობით და სილამაზით, - მუდამ გახსოვდეს, მიწა ხარ და მიწად მიიქცევი. ყვავილისა და ბალახისებრ დაჭკნება ყოველი, რაიც ხელთ გიპყრია".
ამპარტავნება საძაგელია, დამამცირებელია, დამამდაბლებელია კაცისა, რადგან იგი დაპირისპირებაა მთელ ქვეყანასთან, გამიჯვნაა ადამიანებისაგან, თვით ღვთისაგან. მისგან გათავისუფლება მხოლოდ სიმდაბლით შეიძლება. წმიდა მამები ამბობენ: თუ თავს ჯოჯოხეთის სიღრმემდე დაიმდაბლებ, ზეცამდე ამაღლდები. თუ ამპარტავნება შენი ცამდე ამაღლდა, ჯოჯოხეთამდე დაგცემს.
სიმდაბლე საკუთარი თავის შეცნობით მოიპოვება, სიყრმითგან ჩადენილი ცოდვების მხილებითა და აღიარებით. ღირსი ისიხი წერს: "სამსონზე ძლიერნი არა ვართ, არც სოლომონზე უფრო ბრძენნი, არც ნეტარ დავითზე გონიერნი, პეტრეზე მეტად ღვთისმოყვარენი. ნუ მივენდობით საკუთარ თავს, რამეთუ საღვთო წერილი გვაუწყებს - თუ მხოლოდ საკუთარ თავს მიენდობი, დაეცემი საშინელი დაცემით", რადგან "ამპარტავანთა შეჰმუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი" (იაკ. 4,6).
მესამე ცოდვა ვერცხლისმოყვარეობაა. "ვერცხლის მოყუარება თაყუანისცემა არს კერპთა, და ასული არს ურწმუნოებისა, წინასწარმეტყუელ არს უძლურებისა, ცრუ მოშიში არს სიბერისაგან, მაუწყებელ არს სიყმილისა... დედა არს ყოველთა ბოროტთა... გარნა რომელმან მოიგო სიყუარული, მან განაბნინა საფასენი" (იოანე კიბისაღმწერელი).
ადამიანმა ღმერთი დაკარგა და სიმდიდრე გააღმერთა. ვერცხლის მოყვარეს არაფერი ჰყოფნის; ყველაფერი ეცოტავება. მისთვის ყველაფერი იყიდება: "სიყვარული ღვთისა და მოყვასისადმი, სახელი და ღირსება, სინდისი და პატიოსნება. იგი არ ფიქრობს, რომ მთელი სიმდიდრე, ოქრო და ვერცხლი აქ დარჩება, მიჯნის აქეთ, რომ მარტო თავის საქმეებს წაიღებს თან, რომელთაც მოჰკითხავენ, განსჯიან და კუთვნილს მიუზღავენ. ეს უბრალო ჭეშმარიტება თითქოს ყველამ იცის, მაგრამ ცოტა ვინმეღა თუ მისდევს მას. ადამიანმა თავი დაიბორკა მდაბალი ვნებებით, წვრილმანებით, ხელ-ფეხი შეიკრა, დაემონა ნივთებს, განუდგა მარადიულ იდეალებს, ღვთაებრივს, სულიერს, მშვენიერს, გადააფასა ფასეულობანი, მაგრამ არა თავის სასარგებლოდ. სიმდიდრისკენ სწრაფვამ იგი გააღატაკა.
ვერცხლისმოყვარეობიდან უშუალოდ წარმოიშვა მეოთხე ცოდვა - შური.
ყოველი შრომა და ყოველი წარმატება წარმოშობენ ადამიანთა შორის შურს და იგია ამაოება ამაოებათა. შური ქვენა გრძნობაა, ის შეურაცხყოფს ადამიანის ღირსებას. მოშურნეს ყველაფერი შურს. მოყვასის სიმდიდრე, მისი მდგომარეობა, თანამდებობა, წარმატება. შური აღავსებს მას სიძულვილით, ნგრევის ჟინით, ის მზად არის გაანადგუროს სხვისი კეთილდღეობა. "ხოლო უკუეთუ შური მწარე გაქუნდეს და ჴდომა გულთა შინა თქუენთა, ნუ იქადით და სტყუით ჭეშმარიტებასა ზედა. არა არს ესე სიბრძნე ზეგარდამოსრული, არამედ ქუეყანისაჲ, მშჳნვიერი და საეშმაკოჲ" (იაკ. 3,14-16).
შური სხვათათვის არ წარმოადგენს საფრთხეს, იგი უპირველეს ყოვლისა, ვნებს თვით მოშურნეს და, როგორც რკინას ჟანგი, ხრავს ადამიანის სულს (ბასილი დიდი). "შენ მტერი ხარ არა სხვისი, - ამბობს წმიდა კვიპრიანე, - არამედ შენი სულის ხსნისა. ყველას, ვისი შურიც შენ თან გსდევს, შეუძლია გაგექცეს, ხელიდან გაგისხლტეს, მაგრამ საკუთარ თავს ვერსად გაექცევი, სადაც არ უნდა იყო, მტერს ვერ დაემალები, მან შენს გულში დაიბუდა და შენში მყოფი სენი არ მოგასვენებს" (წმ. კვიპრიანე. "საკვირაო საკითხავი").
ღმერთმა შეიწყალოს და განათავისუფლოს ყოველი ადამიანი ამ ბოროტებისაგან.
ზოგი ფიქრობს, რომ ყოველგვარი ურთიერთობა მამაკაცსა და ქალს შორის ცოდვაა. ეს ასე არ არის. ქორწინება ღვთისაგან კურთხეული საიდუმლოა, მაგრამ სიძვა ერთერთი უმძიმესია სხვა მომაკვდინებელ ცოდვათა შორის, მისგან გამომდინარეობს ყოველი სხვა არაბუნებრივი კავშირი. იგია სიბილწე არა მარტო ხორციელი, არამედ სულიერი. ის ამახინჯებს ადამიანის სულს და გონებას, მის ფსიქიკას, უკარგავს ჭეშმარიტების აღქმის უნარს, მრუდე გზით წარმართავს ცხოვრებას. ფართოდ გავრცელებული თეორიები მორალური და სექსუალური თავისუფლების შესახებ, ხელყოფაა ბუნებისა, დამღუპველია ადამიანისა.
ქორწინება, ოჯახი, შვილები, ერის კეთილდღეობაზე ზრუნვა, - ყოველი ზნესრული ადამიანის ცხოვრების წესია. იგი გულისხმობს მამაკაცსა და ქალს შორის უმწიკვლო ურთიერთობას, ურთიერთნდობას, ურთიერთთავგანწირვას, ურთიერთმსხვერპლგაღებას.
"სიწმიდეში დავანებულია ნათელი და სიხარული და მშვიდობა და მოთმინება, სიძვაში კი მწუხარება, ვაება, უძღები ძილი და წყვდიადი" (ეფრემ ასური). მეძავთა და მემრუშეთა "სასუფეველი ღმრთისაჲ არა დაიმკვიდრონ" (I კორ. 6,10). რადგან ხორცი ჩვენი სიძვას კი არა, უფალს ეკუთვნის, "არა უწყითა რამეთუ ჴორცნი ეგე თქუენნი ასონი ქრისტესნი არიან?.. არა უწყითა, რამეთუ ჴორცნი ეგე თქუენნი ტაძარნი თქუენ შორის სულისა წმიდისანი არიან... ადიდეთ უკუე ღმერთი ჴორცითა მაგით თქუენითა, რომელი-იგი არს ღმრთისაჲ" (I კორნ. 6,15,19-20), - გვასწავლის პავლე მოციქული.
როდესაც იესო ქრისტეს მოუყვანეს მემრუშე დედაკაცი, რათა იგი ქვებით ჩაექოლათ, იესო "თითით ქუეყანასა წერდა და არარას ეტყოდა". შემდეგ მოუწოდა პირველ უცოდველს, დაეკრა ქვა ცოდვილისათვის და "კუალად ქვე დადრკა და წერდა ქუეყანასა" და ოდეს მხილებულნი თითო-თითოდ გაიკრიფნენ, მან კვლავ განაგრძო თითით ხაზვა და დუმილი. "და დედაკაცი იგი დგა შორის".
ქვე-დადრეკილი მაცხოვარი თითით ხაზავს მიწაზე ჩვენთვის შეუცნობელს და ფიქრობს ჩვენთა ცოდვათა გამო. შემდეგ ეუბნება განზე მდგომ ქალს, შეძრულს უფლის წყალობითა და საკუთარი სიცოცხლის გადარჩენით, "არცა მე განგიკითხავ შენ. წარვედ და ამიერითგან ნუღარა სცოდავ" (იოანე 8,4-11).
ამიერიდან ნუღა სცოდავო, გვითხრა უფალმა, და მე არ განგიკითხავო შენ. მაგრამ ადამიანს აქვს უცნაური თვისება, დაიხშოს ყურნი სმენად, გამუდმებით სცოდოს თვითონ, სხვანი კი განიკითხოს.
"განკითხვა მიტაცება არს მხოლოდშობილისა პატივისა და დამაქცეველი სულისა" (იოანე კიბისაღმწერელი). ამ ცოდვით ყველაზე მეტად ისინი არიან დამძიმებულნი, საკუთარ თავს კარგად რომ არ იცნობენ, არ იციან, რა არის ჭეშმარიტი სინანული და ბოლოს, არ იციან, საქმენი ეშმაკისანი, რომელიც ყოვლის ღონით ცდილობს ჩვენი სულის დაღუპვას.
ხშირად კაცი ცხადად დიდ ბოროტ საქმეთ იქმს, მაგრამ უფრო მეტ კეთილს - ფარულად; ჩვენ კი მას მხოლოდ განვიკითხავთ. განმკითხველი აუცილებლად ჩავარდება იმ ცოდვაში, სხვას რომ უძრახა და სასჯელსაც მკაცრს მიიღებს. "რამეთუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, - გვაფრთხილებს მაცხოვარი, - განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ" (მათე 7,2).
თუ ადამიანში არ არის სიძულვილი და ბოროტება, იგი ლოცვით შეეწევა დაცემულს.
მაშ, მოვიზღუდოთ თავი, რადგან "ვითარცა ამპარტავნება თავით თვისით თვინიერ სხვისა ვნებისა შემძლებელ არს წარწყმედად ჩვენდა, ეგრეთვე განკითხვა მოყვასისა მარტოდ შემძლებელ არს სრულიად წარწყმედად ჩვენდა" (იოანე კიბისაღმწერელი).
ჩავიხედოთ ჩვენს სულში და მთელის გულით შევსთხოვოთ უფალს: "მომანიჭე მე განცდაჲ თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, ვითარცა კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ" (ეფრემ ასური).
სხვა კიდევ ბევრი ცოდვა გვაწევს მხრებზე. მათზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება და უნდა ვილაპარაკოთ კიდეც, რადგან "ცხად არიან საქმენი ჴორცთანი, რომელ არიან: არაწმიდებანი, ბილწებანი, კერპთ-მსახურებანი, მწამლველობანი, მტერობანი, ჴდომანი, შურობანი, გულისწყრომანი, წვალებანი, შფოთებანი, კაცის კვლანი, ლირწებანი, მთვრალობანი, სიღოდანი და მსგავსნი ამათნი. რომელსა წინაჲსწარ გეტყვი თქუენ, ვითარცა პირველ გარქუ, ვითარმედ ესევითარისა მოქმედთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკვიდრონ" (გალ. 5,19-21).
ალბათ, ბევრი თქუენგანი იკითხავს, განა შესაძლებელია უცოდველი ცხოვრება?
მართალია, უცოდველი მხოლოდ უფალია, ადამიანი კი მიდრეკილია ცოდვისაკენ, მაგრამ არ არსებობს ცოდვა, ღვთის სიყვარულს რომ აღემატებოდეს და ჭეშმარიტი სინანულით, აღსარებითა და ზიარებით მისი შენდობა არ შეიძლებოდეს.
ჩვენი სული პირვანდელ სახეს დაიბრუნებს და მშვენიერ ბაღს დაემსგავსება, თუ განუწყვეტლივ მოვუვლით მას, მოვაშორებთ ეკალ-ბარდსა და სარეველას, გავწმენდთ ჭუჭყისაგან, თუ მოვიმკით ნაყოფს სულისა.
"ხოლო ნაყოფი სულისა არს: სიყუარული, სიხარული, მშვიდობაჲ, სულგრძელობაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ, მყუდროებაჲ, მოთმინებაჲ" (გალატ. 5,22-23).
ბედნიერია, ვინც თავისი ცხოვრების გზად "გზა ჭეშმარიტი" აირჩია, ვინც არა მარტო ხორცისთვის ზრუნავს, თუ რა ჭამოს, რა სვას და რა შეიმოსოს, არამედ ემზადება საუკუნო ცხოვრებისათვის.
ღმერთმა გაგვიხსნა სრულყოფის კარი და თუ მისი ნათლით გაბრწყინებულნი, რწმენითა და სიყვარულით აღვსილნი წარვმართავთ კაცობრიობის პროგრესს, ჩვენს მომავალს საფრთხე არ დაემუქრება.
დღეს, როგორც არასდროს მთელი კაცობრიობა ესწრაფვის მშვიდობას, მშვიდობას ბირთვული იარაღის გარეშე. სიკვდილის იარაღი ადამიანმა დააგროვა ისეთი რაოდენობით, რომ ძალის პოლიტიკით საუბარი უკვე შეუძლებელია. აუცილებელია ახალი პოლიტიკური აზროვნება; მორატორიუმი, რომელიც ბირთვულ აფეთქებებზე ცალმხრივად ხორციელდება ჩვენი ქვეყნის მიერ, სწორედ ამ ახალი აზროვნებით იყო ნაკარნახევი.
გულისტკივილით შეხვდა მსოფლიო საზოგადოება ამერიკის შეერთებული შტატებისაგან ამ დიდმნიშვნელოვანი წინადადების უგულებელყოფას. ყველამ უნდა გაიგოს, რომ მორატორიუმის უარყოფა საერთაშორისო დაძაბულობის შენელების უარყოფაა.
გვწამს, დედამიწაზე ადრე თუ გვიან აიკრძალება ბირთვული გამოცდები, რადგანაც უარი ამ ნაბიჯის გადადგმაზე, თვითმკვლელობას ნიშნავს.
ყოვლადსამღვდელონო მწყემსთმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ძმანო და დანო ჩემნო, მოგვეახლა ბრწყინვალე დღესასწაული - დღე ღვთის უნაპირო სიყვარულის გამჟღავნებისა, დღე კაცობრიობის უშრეტი სიხარულისა, ბეთლემში იშვა უფალი, მაგრამ დღეს იგი იბადება ყოველი ჭეშმარიტი ქრისტიანის გულში. მოვემზადოთ, რათა მივიღოთ იგი ჩვენი არსების განწმედილ ტაძარში და ეგოს იქ უკუნისამდე.
"ამისთვის შობილ ვარ და ამისთვის მოვივლინე სოფლად რაჲთა ვწამო ჭეშმარიტი. ყოველი, რომელი ჭეშმარიტებისაგან იყოს, ისმინოს ხმისა ჩემისა", - ბრძანებს იესო ქრისტე. დიდ არს ჭეშმარიტება ესე. იგია ჭეშმარიტება მარადიული სიყვარულისა; იგია ჭეშმარიტება ღვთისა და ადამიანის შესახებ, რომელიც გვიჩვენებს გზას საუკუნო ნეტარებისას და გვყოფს ჩვენ უფლად თავისა ჩვენისა. "სცნათ ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ" (იოანე 8,32), - ვკითხულობთ საღმრთო წერილში.
ყველას გილოცავთ მაცხოვრის შობის დღესასწაულს.
დაე, მშვიდობამ და სიყვარულმა დაივანოს თქვენს გულებში, თქვენს ოჯახებსა და მთელს მსოფლიოში.
ღმერთი მშვიდობისაჲ და სიყვარულისაჲ და ჭეშმარიტებისა იყავნ თქუენ თანა მარადის.
თბილისი,
ქრისტეს შობა,
1986/87 წწ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
საშობაო ეპისტოლე - 1993
ივერიის წმიდა მიწის ღვთივკურთხეულ შვილებს
"აჰა, მოვალ ადრე. მტკიცედ იპყარ რაცა გაქვს,
რათა არავინ წარგტაცოს გვირგვინი შენი" (გამოცხ. 3,11)
მშვიდობა, სიხარული და კეთილდღეობა მოგმადლოთ, მოწყალე და სახიერმა უფალმან.
განგვეშორა მძიმე წელი. წელი დიდი იმედებისა და დიდი განსაცდელისა. მწუხარებამ უფრო მეტად დაგვაახლოვა ღმერთს და ერთმანეთს და მეტი სიბრძნეც შეგვძინა, რადგან დაგვაფიქრა არა მარტო პურის არსებობაზე, არამედ მარადიულ ღირებულებებზეც.
სულიერმა და მატერიალურმა გაჭირვებამ დაგვანახა, რომ არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა, ოღონდ აუცილებელია განვითარების ახალი გზების მოძებნა, აუცილებელია, უპირველეს ყოვლისა, ღვთის სასოებით საკუთარ თავზე დაყრდნობა და ჩვენი შესაძლებლობების წარმოჩენა.
წინააღმდეგობების მიუხედავად გასულმა წელმა იმედი ჩაგვისახა, ამიტომაც, მართალია, სულიერი ტკივილით, მაგრამ ღვთის შეწევნის რწმენით ვხვდებით უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს - შობას უფლისას.
შობა ქრისტესი - ეს არის მისტიური აქტი, რომელსაც ბოლომდე ვერასდროს ჩავწვდებით. იგია გამოვლინება ადამიანისადმი ღვთის უსაზღვრო სიყვარულისა და მისთვის თავგანწირვისა; აქტი ღვთისა და კაცის შეერთებისა.
უფალი მოგვიახლოვდა, რათა ჩვენც აღვდგეთ და მივიდეთ მასთან. იგი არ ითხოვს სიმდიდრესა და მაღალ თანამდებობას, არც ოქროს, გუნდრუკსა მურს, რაც მოგვებმა მიართვეს ბეთლემში ახლადშობილს. მისთვის ძვირფასი მხოლოდ ჩვენი გულია. ამიტომაც თითოეულს მოგვმართავს: შვილო, მომეც გული შენი.
რად სურს ღმერთს ჩვენი გული? - მხოლოდ იმიტომ, რომ შეძლოს ჩვენს სულში დაივანოს და თავისი უსაზღვრო სიყვარულით, სიწმიდით და სიმშვიდით გაგვათბოს, დაგვიბრუნოს დაკარგული მადლი და ჩვენთვის ჯვარცმული, კვლავ ჩვენთან ერთად შეხვდეს ჩვენი ცხოვრების ტკივილს, ჩვენთან ერთად დაითმინოს და ევნოს, რათა გვაცხონოს და მარადიული ნეტარების ღირსი გაგვხადოს.
დიდება შენდა უფალო, გმადლობთ უფალო.
მაგრამ, ღმერთო, შენ ხომ იცი ჩვენ ვინ ვართ, რამეთუ ქმნილნი ხელთა შენთანი ვართ. იცი, რომ გული ჩვენი არის არაწმიდა; ოდითგან შეგთხოვთ დავით წინასწარმეტყველის სიტყვებით: "გული წმიდაჲ დაბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა" (ფს. 50,12), "მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა" (ლოცვა).
გმადლობ, უფალო, რომ გვაჯილდოვებ სინანულის გრძნობით, ცოდვის შეგრძნების უნარით და გამოსწორების სურვილით - შენსკენ სწრაფვით.
მეოცე საუკუნე უხეში მატერიალიზმის თაყვანისცემის ხანაა. ესაა დრო, როცა ცდილობდნენ ადამიანებისთვის შეექმნათ წარმოდგენა, თითქოს მატერიალური ყოფის გარდა სხვა სიცოცხლე არ არსებობს და რომ სულიერი მოვლენები ოდენ ჩვენი ტვინისა და ნერვული სისტემის გამოვლინებებია.
რა იყო მიზეზი ღმერთის დავიწყებისა?
პირველ რიგში ამპარტავნება. ადამიანური შესაძლებლობების არასწორი აღქმა, სულიერი დაცემა.
ჯერ კიდევ პლინიუს უმცროსი წერდა: ადამიანის ბუნება გაყალბებულია, რადგან მასში უკიდურეს სულიერ სიღატაკესთან შერწყმულია უსაზღვრო ამპარტავნება.
პასკალი ადამიანს განიხილავდა, როგორც "მოაზროვნე ლერწამს" (ანუ შინაგანად არამყარს), როგორც სამყაროს სივრცეში გაბნეულ ქვიშის მარცვალს, რომლის სიძლიერე სულიერობასა და აზროვნებაშია; და თუ ეს მადლი დაიკარგა, მარცვალიც განქარდება. სამწუხაროდ, არა მარტო ცალკეული ადამიანები, არამედ მთელი რიგი ქვეყნები მსხვერპლნი გახდნენ ამ მარტივი ჭეშმარიტების დავიწყებისა.
გერმანელი ფილოსოფოსი პაულსენი შენიშნავს: ძნელია უარყო მატერიალიზმი არა იმიტომ, რომ იგი სიმართლეს ქადაგებს, არამედ იმიტომ, რომ ძნელია დაუპირისპირდე წმინდა წყლის სისულელეს.
საოცარია, რომ მატერიალიზმის მიმდევართა შორის იყვნენ განათლებული და ზოგჯერ გენიალური ადამიანებიც, რაც მაჩვენებელია იმისა, რომ, მართალია, გენიოსობა ღვთის დიდი მადლია, მაგრამ მთავარი მაინც ნიჭის სწორად წარმართვაა. მრავალია მაგალითი იმისა, თუ რა საშინელი შედეგი მოაქვს გაუკუღმართებულ გენიას.
დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ მატერიალიზმი შობს ტოტალიტარიზმს, ჩვენ კარგა ხანია ვცხოვრობთ ასეთ დროში. ტოტალიტარიზმის მიზანია ადამიანის სრული გარდაქმნა იდეოლოგიური წყობის შესაბამისად. პიროვნების შეცვლა ხდება მის მოქმედებაზე და, რაც მთავარია, აზროვნებაზე მკაცრი კონტროლის დაწესებით. ტოტალიტარიზმი კარნახობს ყველას, როგორ უნდა იფიქრონ და ითხოვს უსიტყვო მორჩილებას, რაც ნიშნავს ინდივიდუალობის, პიროვნული საწყისის გაქრობას.
ამ მოვლენამ საკმაოდ ღრმა კვალი დააჩნია ჩვენს შინაგან სამყაროს. პოსტტოტალიტარულ დროში ყველაზე რთული სწორედ სულიერი მონობიდან განთავისუფლების, ღვთივმომადლებული ინდივიდუალური თავისუფლების მოპოვების, პასუხისმგებლობის შეგრძნებისა და ავისა და კარგის სწორად გარჩევის პროცესი იქნება.
მატერიალიზმის დღემდე არსებული ფორმა თანდათან უკანა პლანზე გადადის და ადგილს უთმობს მის სხვა სახეს - ტექნოკრატიზმს და ეკონომიკას.
საზოგადოების ზრუნვა ეკონომიკის წინსვლისათვის არ არის საშიში, თუ მასთან ერთად განვითარდება ადამიანის სულიერი და ინტელექტუალური შესაძლებლობები: ჭეშმარიტი სარწმუნოება, ეკლესიურობა, ზნეობა, მეცნიერება, ხელოვნება.
ჩვენ არ გვაქვს უფლება თანამედროვე ცივილიზაციის ყველა უბედურების საწყისად მეცნიერება დავსახოთ. ადამიანი უბრალოდ სულიერად მოუმზადებელი შეხვდა მეცნიერულ აღმოჩენებს. პიროვნების სულიერი განვითარების პროცესი მეტად ჩამორჩა ტექნიკურ პროგრესს და რადგან ერთი მეორეს არ განაპირობებს, დაირღვა წონასწორობა; ამან კი წარმოშვა საშიშროება და ჩვენს წინაშე დააყენა მრავალი გადაუჭრელი პრობლემა.
ამიტომ დღეს, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიზრუნოთ ერის სულიერი ამაღლებისათვის, რომ სათანადოდ მომზადებულნი შევხვდეთ დასავლეთის ქვეყნების "უცხო კეთილდღეობას", თორემ იმ მადლსა და თვითმყოფადობასაც დავკარგავთ, რაც წინაპართაგან რაღაც ფორმით დღემდე მაინც შევინარჩუნეთ.
სულიერება ხალხში თავდაპირველად გზას იკვლევს ცალკეულ მადლმოსილ პიროვნებათა წყალობით, შემდეგ კი ეს ნიჭი ეფინება მთელს ერს და ამაღლებს მას, ამიტომაც პიროვნების როლი ქვეყნის ცხოვრებაში უდიდესია.
არიან ადამიანები ღვთის ნიშნით გამორჩეულნი, რომელნიც თესენ სიყვარულს, სათნოებას, ქმნიან, აშენებენ, იწვიან და სხვას გზას უნათებენ. არიან პიროვნებანი დემონური ბეჭდით დაღდასმულნი - დამანგრეველი ძალით აღვსილნი.
მსოფლიო ისტორია იცნობს მრავალ მაგალითს იმისას, თუ როგორ ნადგურდებოდა მასები, იქცეოდა სახელმწიფოები განდიდების მანიითა და ეშმაკეული ამპარტავნებით შეპყრობილი "გენიალური უტვინოების" ხელში, რადგან ისინი, როცა ასპარეზიდან მიდიოდნენ და იღუპებოდნენ, ღუპავდნენ ხალხსაც.
სიწმიდე კი სიმშვიდით მოქმედებს, იგი არ ხმაურობს, არ ყვირის. ამიტომაცაა, რომ ზოგჯერ მთელი წლების თუ საუკუნეების შემდეგღა აღწევს ჩვენამდე სიტყვანი და დარიგებანი ღვთისსათნო და ბრძენ ადამიანთა, გმირული საქმეები ჩვენს წინაპართა. ისინი შეუმჩნევლად უცვლიან ელფერს ჩვენს შინაგან სამყაროს და იდუმალ გავლენას ახდენენ ჩვენს ყოფაზე.
ერთ-ერთი მაგალითი ამისა არის ცხოვრება XVII ს-ში რუმინეთში მოღვაწე, ჩვენი სახელოვანი თანამემამულე ანთიმოზ ივერიელისა, რომელმაც მთელ მსოფლიოს უჩვენა სიწმიდის, მოყვასის სიყვარულის და თავისუფლებისათვის ბრძოლის მაგალითი და რომელიც რუმინეთის ეკლესიამ 1992 წელს წმინდანად შერაცხა.
დღეს განსაკუთრებით ხშირად ვლაპარაკობთ თავისუფლებაზე. თავისუფლება ზოგს თავაშვებული ცხოვრების უფლება ჰგონია, ზოგს დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქეობა; უმთავრესი კი ავიწყდებათ იმიტომ, რომ ამ ცნებაში ხშირად გარეგნულ, მიწიერ გაგებას გულისხმობენ და არ ფიქრობენ მის შინაგან პროცესზე - სულიერ თავისუფლებაზე.
ზნეობრივი თავაშვებულობა ცოდვის მონობაა, წმ. პავლე მოციქული წერს: "თავისუფლებისათვის ხართ ძმანო ხმობილნი, მაგრამ ხორციელი განცხრომისთვის ნუ მოიხმართ თავისუფლებას, არამედ სიყვარულით ჰმონებდეთ ერთმანეთს" (გალატ. 5,13).
რაც შეეხება ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ზრუნვას, ხალხის სულიერი ამაღლების გარეშე იგი მეტად ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს, რადგანაც ერი თავისი უმეცრების და უზნეობის მსხვერპლი გახდება.
პოლიტიკური თავისუფლება მძიმე ცოდვათაგან თავისუფალმა საზოგადოებამ უნდა მოიპოვოს, ეს ღვთის კანონია. ასე რომ, ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა ამავე დროს თითოეული ჩვენგანის შინაგან სრულყოფას, შინაგან თავისუფლებას ითხოვს.
უფალმა კაცი ხატად და მსგავსად თვისსა შექმნა, მაგრამ დაცემის შემდეგ ადამიანის სუფთა სულს შეერია სხვადასხვა ცოდვა და დაბინდა იგი. ის, ვინც შეძლებს ცოდგათაგან განწმენდას, ხდება თავისუფალი, თავისი თავის უფალი, ღვთის მსგავსებით შექმნილი თავისი უბიწო სულის პატრონი. ამიტომაც წერენ ბრძენნი: შეიძლება მონობაში იყო, მაგრამ თავისუფლება ვერ წაგართვან და შეიძლება თავისუფლებაში განცხრომით ცხოვრობდე და მონა იყო, თანაც იმდენი ბატონის, რამდენი მანკიერი თვისებაცა გაქვს.
ადვილი არ არის ჩვენს მდაბალ ვნებებსა და აზრებზე, ჩვენში მიმდინარე სულიერ და ფიზიკურ პროცესებზე გამარჯვება. ჩვენი სული ვიდრე ხორცის ტყვეობაშია ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის დაუსრულებლად იქნება და ვაი მას, ვინც ბოლომდე მდაბალ ვნებათა მსახურად დარჩება.
წმიდა წერილი გვაფრთხილებს: საქმენი ხორცთანი არიან: "სიძვა, უწმინდურება, ბილწება, კერპთმსახურება, მწვალებლობა, მტრობა, შუღლი, შური, რისხვა, განხეთქილება, სიძულვილი, მკვლელობა, მემთვრალეობა" და სხვა მისთანანი. წინასწარ გეტყვით,... რომ "ამის მოქმედნი ვერ დაიმკვიდრებენ ღმრთის სასუფეველს" (გალატ. 5,19-21).
სამწუხაროდ ეს მანკიერებანი ახასიათებს ჩვენს საზოგადოებას და მიუხედავად ამისა გვსურს დამოუკიდებლობა. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა განვთავისუფლდეთ ცოდვის მძიმე უღელისგან; ეს კი შესაძლებელია მხოლოდ ეკლესიის მადლით.
ძალიან ბევრს არ ესმის ეკლესიის ძალა და მნიშვნელობა. წმიდა მამებმა კი, რომლებიც შიგნიდან ხედავდნენ ეკლესიის სიდიადეს, ჯერ კიდევ IV საუკუნეში ასე გამოთქვეს მისი არსი: "მწამს ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია"... რამეთუ მხოლოდ ასეთი ეკლესიის დამაარსებელი და თავი არის იესო ქრისტე.
"ამას კლდესა ზედა აღვაშენო მე ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას" (მათე 16,18) - ბრძანებს უფალი. ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ ეკლესია მუდმივ ბრძოლაში იქნება ბოროტებასა და ცოდვასთან, მაგრამ ჯოჯოხეთის ძალებიც კი ვერაფერს დააკლებენ, რადგან ეკლესია არის წმინდა და გამოსყიდულია უფლის სისხლით. სულიწმიდა ტრიალებს ტაძარში და განწმენდს ყოველივეს და ყველას. ვინც რწმენითა და სიყვარულითაა მოსული. "ნეტარ ხარ შენ ეკლესიავ მართლმორწმუნეთა, რამეთუ მეფემ მეფეთამან დაიდგინა შენში სავანე. ურყევია შენი საძირკველი, რამეთუ უფალი მცველ შენდა არს. ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოგერევიან და მგელნი მტაცებელნი ვერ შეგმუსრავენ და ვერც სიმტკიცეს შენსას შეასუსტებენ. ო, მშვენიერო და ბრწყინვალე სახლო უფლისა, რა დიდებული ხარ შენ!" - წერს წმ. ეფრემ ასური.
ეკლესიამ მისცა საქართველოს ისეთი საოცარი პიროვნებანი, როგორნიცაა: წმ. ნინო, განმანათლებელი ივერიისა, წმ. იოანე ზედაზნელი, დავით გარეჯელი, შიო მღვიმელი, ანტონ მარტყოფელი, წმიდა მეფენი: მირიანი და ნანა, ვახტანგ გორგასალი, არჩილი და ლუარსაბი, დავით აღმაშენებელი, თამარი, ქეთევან წამებული, დემეტრე თავდადებული და სხვანი მრავალნი, სათნონი ქრისტესნი. და, საერთოდ, ყველაფერი ის, რითაც ჩვენ ვამაყობთ ოცსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, ეკლესიური ცხოვრების, ეკლესიური აზროვნების გამოვლინებაა.
როდესაც თანამედროვე ისტორიკოსები და ზოგჯერ ღვთისმეტყველნიც ეკლესიაზე წერენ, უფრო ხშირად მის გარეგნულ მხარეზე ამახვილებენ ყურადღებას ან წარსულის მიხედვით აფასებენ მის როლს. ეკლესია გაცილებით იმაზე დიდია, ვიდრე ჩვენ გვგონია. ეკლესია მისტიური სხეულია უფლისა. ეკლესია მასში მყოფი მრევლი კი არ არის მხოლოდ, ან დედამიწაზე მცხოვრები მორწმუნენი, არამედ, უწინარეს ყოვლისა, უფალი, ღვთისმშობელი მარიამი, ანგელოსთა დასი და წმიდანთა მთელი კრებული შეერთებული მლოცველთა ჯგუფთან; ამიტომაც არის ტაძარი - ცა დედამიწაზე.
ის საშინელი მოვლენები, რაც ჩვენს გვერდით ხდება: მკვლელობა, ძალადობა, ძარცვა, ვერაგობა, თავაწყვეტილი ვნება... შედეგია ურწმუნოებისა და არასულიერობისა.
ამიტომ დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა ჩვენი ხალხის, ჩვენი ახალგაზრდობის, ბავშვების, ინტელიგენციის გაეკლესიურება. "ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეული ტაძარია თქვენში დამკვიდრებული სულიწმიდისა, რომელიც გაქვთ ღმრთისაგან და არ ეკუთვნით თქვენს თავს?... ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულითა და სულით" (I კორინ. 19,20).
ჩვენდა სამწუხაროდ, უმრავლესობას დაკარგული აქვს დანაშაულის შეგრძნებისა და განცდის უნარი და თავი უცოდველი ჰგონია. ეს კი ამ პიროვნებათა დაბალი დონის მაჩვენებელია. ადამიანი, რაც უფრო მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე, მით უკეთ ხედავს თავის თავს და აქედან გამომდინარე - თავის ცოდვებსაც, (უცოდველი არავინაა) და ეუფლება გრძნობა სინანულისა და სურვილი გამოსწორებისა.
ეკლესიის მთავარი არსი იმაშია, რომ აქ მღვდლის საშუალებით ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა, ყველა ჩვენი უწმინდურების მიზეზის - ცოდვისგან განთავისუფლებისა; ამქვეყნად მხოლოდ მოძღვარს აქვს ღვთისგან მინიჭებული მადლი ცოდვათა გახსნის და მიტევებისა. აღსარებით და ზიარებით პიროვნებაში ხდება სულიერი ფერისცვალება, შინაგანი წონასწორობის აღდგენა. ღმერთი მწუხარებისაგან გათანგულს ნუგეშს აძლევს, შურისძიების სურვილით შეპყრობილს - მიტევების მადლს, აფორიაქებულს - სიმშვიდეს, დაჩაგრულს - სულიერ ძალას.
"მე ვსუფევ მაღალში, - ბრძანებს უფალი, - და სიწმინდეში, მაგრამ მე ვარ ტანჯულთანაც და სულით გლახაკთან, რათა ცხოველვყო გლახაკთა სული და ცხოველვყო ტანჯულთა გული" (ესაია 57,15); "მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ" (მათე 38,6-7).
ასეთი დაღლილი არასდროს ყოფილა ადამიანთა მოდგმა, არასდროს ყოფილა კაცობრიობა ასეთი კატაკლიზმების წინაშე: ინგრევა ქვეყნები და სისტემები, მსწრაფლ იცვლება მოვლენები, რაც ნიშანია იმისა, რომ ჟამი ახლო არს. "აჩრდილს მიუყვება ადამიანი, მაგრამ ამაოდ ფუსფუსებს, აგროვებს და არ იცის, ვის დარჩება" (ფს. 38,6-7).
წარსული განვლილია, მომავალი არ ჩანს, აწმყო კი მეტად ბუნდოვანია, ერთადერთი ნუგეში არის უფალი. "მე თქუენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა" (მათე 28,20) - ჩაგვესმის მისი სიტყვები.
ხშირად მეკითხებიან, თუ როგორ ვხსნით რელიგიური თვალსაზრისით დღევანდელ ჩვენს მდგომარეობას.
ამჟამად საქართველოში ომია, გარეშე მტრისაგან თავსმოხვეული ომი, ხელოვნურად შექმნილ კონფლიქტთა სერია. ჩვენ ვიცავთ არა მარტო საზღვრების მთლიანობას, არამედ რწმენას, კულტურას, ისტორიას, ტრადიციებს ჩვენი ხალხისა და ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ სხვა ერთა წარმომადგენლებისა.
მართალია, ყველას გვიჭირს, მაგრამ იმედი გვაქვს, ერთად დავძლევთ ამ სიძნელეებს და აუცილებლად გავიმარჯვებთ. ღმერთი არ დაუშვებს საქართველოს გაყოფას. ივერია ღვთისმშობლის წილხვედრია და ათასობით წმიდანთა სისხლით განბანილი მათი ლოცვა შეგვეწევა.
ექსტრემისტებისა და სეპარატისტების მიზეზით მრავალი ახალგაზრდა მოკვდა. დაიღუპნენ ქართველები, აფხაზები, ოსები, რუსები, სომხები, აზერბაიჯანელები და სხვანი. ცრემლმა და სიკვდილმა შეაბიჯა ბევრ ოჯახში, დაქვრივდნენ ახალგაზრდა დედები, დაობლდნენ ბავშვები... ბევრი ახალგაზრდა დახეიბრდა.
მე მინდა ვუთხრა ყველას, აქ მყოფს და იმქვეყნად წასულს (ისინიც ხომ ცოცხლებია და ესმით ჩვენი): დიდია თქვენი ღვაწლი ქვეყნის წინაშე და დიდი იქნება ჯილდოც თქვენი უფლისგან ბოძებული. თქვენ ხომ თავისუფლებისათვის, სარწმუნოებისა და სამშობლოსათვის, ჩვენი ნათელი მომავლისათვის იბრძოდით; თქვენ იბრძოდით წყვდიადისა და უმეცრების წინააღმდეგ. ჭეშმარიტად დიდია თქვენი მსხვერპლი და ამდენად თქვენი დამსახურებაც ღვთისა და სამშობლოს წინაშე.
ჩვენ იმედით ვუყურებთ მომავალს და გვჯერა, რომ გონიერება, სიყვარული, სიკეთე და ძმობა გაიმარჯვებს.
ეს ერთი მხარე მოვლენისა, რაც შეეხება მის სულიერ არსს, მინდა გითხრათ, რომ ადამიანებს ხშირად მაშინ მიაჩნიათ თავი ბედნიერად, როცა ყველაზე უბედურნი არიან. არის პირიქითაც.
ომი, გაჭირვება - სინამდვილეში მოწოდებაა სინანულისა და განწმენდისაკენ; იგია საშუალება ხანგრძლივი ძილისაგან ჩვენი გამოღვიძებისა და ღმერთთან დაახლოებისა. ხილულ მწუხარებაში ყოველთვის უხილავი მადლი იმალება. "როგორც თესლის აღორძინებისათვის აუცილებელია წვიმა, ისე ჩვენთვის ცრემლები. როგორც მიწას სჭირდება დამუშავება, რომ კეთილი ნაყოფი გამოიღოს, ისე ჩვენს სულებს - მწუხარება და განსაცდელი, რომ დარბილდეს ჩვენი სიმკაცრე და დაიძლიოს ჩვენი ამპარტავნება" (იოანე ოქროპირი), რაც განსაკუთრებით გვახასიათებს ჩვენ.
ოქრო და ვერცხლი მაღალი ტემპერატურის გარეშე მინარევებისაგან ვერ განიწმინდება, ასევე ვერც ჩვენი სული - მწუხარების გარეშე.
მახსენდება მაკაბელთა წიგნის შემდეგი ადგილი: "ეს სასჯელი დასაღუპავად კი არა, ჩვენი ხალხის გამოსაფხიზლებლად იყო გამიზნული. ბიწიერებას ხომ დიდი ხანი არ ეძლევა და იმთავითვე სასჯელით აღიკვეთება, სწორედ ესაა დიდი წყალობის ნიშანი.
რაც შეეხება სხვა ხალხებს, ღმერთი მოთმინებით აყოვნებს მათ დასჯას, ვიდრე ისინი მთლიანად არ აივსებიან ცოდვებით. ჩვენ კი ასე არ გვექცევა იგი. არ ელის ჩვენი ცოდვების სავსებას, რომ მერე შური იძიოს ჩვენზე. ამიტომაც არ მოუკლია ჩვენთვის მოწყალება და თუმცა უბედურებით კი გვსჯიდა, მაინც არ გაუწირავს თავისი ხალხი" (II მაკაბ. 6,12-16).
ასე რომ დღეს საქართველოში მიმდინარე მოვლენები არის ნელი და მტკივნეული პროცესი "უძღები შვილის" დაბრუნებისა. ჩვენს სულიერ მდგომარეობაზეა დამოკიდებული, რამდენად მალე განვთავისუფლდებით სასჯელისაგან. სიძნელეებს არ უნდა შევუშინდეთ, რადგან ღვთის ძალა სწორედ რომ უძლურებაში ცხადდება, ოღონდ უფალს უნდა მივენდოთ სრულად, თავშეწირვამდე.
მიწიერი ჩვენი ცხოვრება უდაბნოში მოგზაურობაა. ჩვენ აქ მხოლოდ მგზავრები ვართ: დღე დღეს აუწყებს მარადიულობის კარიბჭესთან ჩვენს მიახლოებას; მთავარია, იქ წარვდგეთ ღირსეულად. ღვთის დიდი წყალობაა, რომ არ ვიცით ჩვენი აღსასრულის დღე, რათა ყოველთვის გვახსოვდეს სიკვდილი და ყოველი დღე გავატაროთ ისე, თითქოს იგი იყოს უკანასკნელი. ამაშია სიბრძნე. ჯერ კიდევ ანტიკური დროის დიდმა პიროვნებამ, პლატონმა, სიბრძნის მოყვარება - ფილოსოფია განმარტა, როგორც მზადება სიკვდილისათვის.
"მართალთათვის და ცოდვილთათვის სიკვდილი იგივეა, რაც მკვდარი ზღვა ძველ აღთქმაში ებრაელთა და ეგვიპტელთათვის. პირველთათვის იგი იყო გადასასვლელი აღთქმულ ქვეყანაში, ხოლო მეორეთათვის - მიზეზი სიკვდილისა. მსგავსად ამისა, მართლის სიკვდილი არის დასაწყისი ნეტარი მარადიულობისა - აღთქმული ქვეყნისა; ცოდვილთათვის კი - მიზეზი მეორე სიკვდილისა - მარადიული სატანჯველისა" (სულიერი მდელო).
ეს საუკუნე ღვთისგან ხალხს სინანულისთვის მიეცა. ფუტუროლოგნი ამტკიცებენ, რომ თუ კაცობრიობამ კიდევ იარსება XXI საუკუნეში, იგი მეტად რელიგიური ასწლეული იქნება, რადგან ხალხი დაიღალა, უღვთოდ დაცარიელდა ტაძარი სიყვარულისა.
დღეს კი ჩვენ ვართ მოწმე არამარტო თანამედროვე ისტორიის ტრაგიზმისა, არამედ მოახლოებული აპოკალიფსური დროისა. სულ უფრო მკვეთრად ჩაგვესმის სიტყვები: "მე ვარ ანი და ჰოე, იტყჳს უფალი ღმერთი, რომელი არს და რომელი იყო და რომელი მომავალ არს, ყოვლისა მპყრობელი" (გამოც. 1,8).
ღვთის მოწყალების იმედით აღვსილი ყველას გულითადად გილოცავთ ქრისტეს შობის დღესასწაულს. დამდეგი ახალი წელი, დაე, იყოს ყველასათვის მშვიდობის, კეთილდღეობისა და სიკეთის მომტანი, წელი სიყვარულისა და შერიგებისა: "განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ" (რომაელთა 13,12).
"იშვა ყრმა, მოგვეცა ძე... და ეწოდა სახელად... ღმერთი ძლიერი, მშვიდობის მთავარი" (ესაია 9,5), "ღმერთმან მშვიდობისამან სრულგყოთ თქვენ ყოველი კეთილი საქმის მის ნებისაებრ აღსასრულებლად და იყოს თქვენში ის, რაც სათნო ჩანს მის წინაშე" (ებრ. 13,20-21). "რომელმან სძლოს, ესრეთ შეიმოსოს სამოსელი სპეტაკი" (გამოცხ. 3,5).
გიხაროდეთ, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი, ამინ.
ქრისტეს შობა,
თბილისი.
1992-1993 წწ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
სააღდგომო ეპისტოლე - 1999
ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული
საქართველოს მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის ყველა ერთგულ შვილს:
ყოვლადუსამღვდელოესნო მწყემსმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონაზონნო, ქრისტესმიერ საყვარელნო ჩვენო ძმანო და დანო, "მარადის ხარობდეთ, ყოველთვის ილოცეთ, მადლიერნი იყავით ყველაფრისათვის" (I თეს. 5,16-18), რათა უფალი მშვიდობისა და სიყვარულისა იყოს თქვენს შორის. მაშ, "იხარებდით, მართალნო, უფლისა მიერ" (ფს. 32,1).ქრისტე აღდგა!
კონსტანტინეპოლის პატრიარქი, წმიდა პროკლე, თავის სააღდგომო სიტყვაში ამბობს: "ჯვარს აქამდე წყევლისაგან არასდროს გამოუხსნია უფლის ქმნილება; კაცობრიობის გადარჩენის საფასურად არასოდეს მიუჩნევიათ 30 ვერცხლი; უცოდველისა და უდანაშაულოს ტანჯვა არასდროს ყოფილა მიზეზი ადამის მოდგმის ბრალთა გამოსყიდვისა, საფლავს არასოდეს მიუღია სიკვდილის დამთრგუნველი... მაგრამ რას ვამბობ? ეს იყო არა საფლავი, არამედ სასახლე ქორწინებისა".
ეკლესია გვასწავლის, რომ, როგორც ჯვარცმული მაცხოვარი აღდგა მკვდრეთით განახლებული, განბრწყინვებული სხეულით, ასევე ყოველი მორწმუნის სხეულიც უკანასკნელ ჟამს ფერნაცვალი აღდგება საფლავიდან, რათა მარადიული დიდების თანაზიარი გახდეს.
აი, როგორ წერს საერთო აღდგომის შესახებ წმ. იოანე ღვთისმეტყველი: "და დააბრუნა ზღვამ მკვდრები, რომლებიც იყვნენ მასში და სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა დააბრუნეს მკვდრები, რომლებიც იყვნენ მათში. და საქმეთაებრ მათისა განისაჯა ყოველი" (გამც. 20,13).
ადამიანის მომავალ აღდგომას ტერტულიანე ადარებს წლის სხვადასხვა დროს, რომელთაგან თითოეული ატარებს ბეჭედს სიკვდილისა და შემდგომი განახლებისა. "ამის მაგალითად, - შენიშნავს იგი, - გამოდგება თუნდაც ზამთარში მცენარეთა კვდომა და გაზაფხულზე მათი გამოცოცხლება, მიწაში გახრწნა ყველა თესლისა და შემდეგ აღმოცენება მისგან შესანიშნავი, საუკეთესო ფორმებისა" ("სხეულის აღდგომის შესახებ", თავი 12).
წმიდა იოანე დამასკელი კი ასე ამბობს: "აღდგომა არის აღდგინება იმისა, ვინც დაეცა. თუ სიკვდილი სულის სხეულთან გაყრაა, მაშინ აღდგომა უეჭველად არის ხელმეორე შეერთება სულისა და სხეულისა და ხელახალი აღდგინება დაცემული და დარღვეული არსებისა" ("მართლმადიდებლური რწმენის შესახებ", თავი 4).
ამ რწმენით აღვიქვამთ ჩვენც ქრისტეს აღდგომის დიად საიდუმლოს. ამიტომაცაა, რომ ვიყრით მუხლს და გამორჩეული სიყვარულითა და რწმენით განვფენთ გულს მისი დიდების წინაშე. ეს გრძნობა უჩვეულო და არამიწიერია იმიტომ, რომ იგი მარადიულ სიტკბოებას გვაზიარებს და სრულყოფილი სიხარულით გვავსებს. სწორედ ამას სთხოვდა უფალი თავის ვედრებაში ზეციურ მამას: "გამოვუცხადე შენი სახელი ადამიანებს, რომლებიც მომეცი მე ქვეყანისაგან. მათთვის გევედრები, წმიდაო მამაო, დაიცევ ისინი შენი სახელით" (ინ. 17; 6,9). "წმიდა ყავ ისინი ჭეშმარიტებით... რათა ჰქონდეთ მათ ჩემი სიხარული სრულად" (ინ. 17; 13,17). "მშვიდობას ჩემსას გაძლევთ თქვენ" (ინ. 14,27). "ეს გითხარით თქვენ, რათა ჩემი სიხარული თქვენში დარჩეს და სრულ იყოს თქვენი სიხარული" (ინ. 15,10).
ასე რომ, იესო ქრისტემ მოგვანიჭა სრულქმნილი მშვიდობა და სიხარული, მაგრამ თანამედროვე ადამიანი ცოდვით სავსე ცხოვრების წესის გამო თითქმის ვეღარ შეიგრძნობს, ვერ აღიქვამს ამ დიად მადლთა ცხოველისმყოფელ ძალას. მოციქული იაკობი ასე ხსნის ამ მდგომარეობას: "არა გაქვთ იმიტომ, რომ არ ითხოვთ" (იაკ. 4,1). ხოლო იმისთვის, რომ სწორად ვითხოვოთ, სწორი და მტკიცე სარწმუნოება უნდა გვქონდეს.
სულიერი თვალსაზრისით ადამიანის ცხოვრება ჯაჭვური რეაქციის მსგავსია. თუ პიროვნება დაღმართზე მიექანება, მისი ყოფა სულ უფრო მძიმდება, ერთი ცოდვა მეორეს შობს, მეორე – მესამეს და ა.შ. ძალიან დიდი ნებისყოფაა საჭირო, რომ კაცმა შეძლოს შეჩერება; ხოლო გაცილებით მეტი ძალისხმევა ჰმართებს მას, რათა დაიწყოს სულიერი კიბის საფეხურებზე ასვლა. ამ კიბის შესახებ მშვენივრად წერს ღირსი მამა მაქსიმე აღმსარებელი, რომელიც ჩვენთვის განსაკუთრებით ახლობელი იმითაც არის, რომ იგი აქ, საქართველოში გარდაიცვალა. მის დარიგებაში ვკითხულობთ: "ნამდვილ სიყვარულს ბადებს მიწიერ ვნებათაგან განთავისუფლება, უვნებობას შობს სასოება უფლისა, სასოებას – მოთმინება და სულგრძელება, მათ – ცხოვრების თავშეკავებული წესი, თავშეკავებულობას – შიში ღვთისა, შიშს კი – რწმენა შემოქმედისა" ("სიყვარულის შესახებ").
ამავე სიტყვაში იგი ასეთ რჩევას გვაძლევს: "როდესაც შენ ვინმესგან შეურაცხყოფილი ან რაღაცით დამცირებული ხარ, ეცადე, განრისხების შედეგად აღძრულ ფიქრებს განერიდო, რათა მათ სიყვარულის გრძნობას არ განგაშორონ და სიძულვილის მორევში არ დაგნთქან".
წმ. ბასილი დიდის აზრით, სულიერი წინსვლის დაწყება შეუძლებელია ლოცვისა და მარხვის გარეშე, რადგან მხოლოდ მათი საშუალებით აღიდგენს ადამიანი დაკარგულ ღვთაებრივ "სამეუფო ხატს" და გაიხსნის გზას უფალთან მიახლებისათვის.
წმ. მამა ამასთან გვაფრთხილებს, რომ ცოდვით დაცემა და განდგომა თავშეუკავებლობისაგან მომდინარეობს, რომ ერთი ცოდვა სხვა მრავალსა შობს, რომ ერთი შეხედვით მარტივი ცოდვისაგან, მაგალითად ნაყროვანებისაგან, სხვადასხვა ბიწიერი გრძნობა ღვივდება: იბინდება შინაგანი სამყარო, სულიწმიდისეული მადლი თანდათან ტოვებს ადამიანს და იგი ღრმა მჭვრეტელობისთვის (სულიერი ცხოვრებისათვის) გამოუსადეგარი ხდება.
ჩვენ კარგად ვიცით, რომ ყოველ საუკუნეს, ყოველ ათწლეულს და თვით ყოველ წელიწადსაც კი, მკვეთრად გამოკვეთილი ნიშნები აქვს და თვით დიდი მონდომების შემთხვევაშიც ვერ შევძლებთ მის სრულ სახეცვლილებას. ნათქვამიც არის, დრონი მეფობენ და არა მეფენიო.
მაგრამ ეკლესიამ როგორმე უნდა მიაღწიოს იმას, რომ დროებითმა განცდებმა მარადიულობა არ დაგვავიწყოს და, ამასთან, მარადიული ყოველთვის განსაზღვრავდეს დროებითს.
ძველი რომაელები ამბობდნენ: "დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად". ამ მარადცვალებად ყოფაში საზოგადოებისათვის ყველაზე მძიმე გადასატანი ყოველთვის გარდამავალი პერიოდი იყო. ჩვენი თაობა სწორედ ასეთი პერიოდის მომსწრე და მონაწილეა: ურწმუნოებისა და მონობის ხანა თავისუფლებამ და ცხოვრების ახალმა წესმა შეცვალა, მაგრამ მას ხალხი მოუმზადებელი შეხვდა. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა დღესაც არ იცის, რა არის სინამდვილეში თავისუფლება.
უნდა გვახსოვდეს, რომ თავისუფლება არ არის ყველაფრის უფლება, არამედ იგი მუდმივი თვითკონტროლი და, მისი საშუალებით, ცოდვის მონობიდან თავის დაღწევაა. მოციქული პავლე გვასწავლის, რომ მხოლოდ ღმერთში და ღმერთით შეგვიძლია ჭეშმარიტი თავისუფლების მოპოვება "თავისუფლებისათვის ხართ, ძმანო, ხმობილნი, - გვარიგებს იგი, - მაგრამ ხორციელი განცხრომისთვის ნუ მოიხმართ თავისუფლებას" (გალ. 5,13).
თავისუფლება მშვენიერია, სასურველი და ახლობელი, მაგრამ იგი ამავე დროს საშიშიცაა, რადგან თითოეულ ჩვენგანს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს; თავისუფლება ადამიანს აძლევს არჩევანის, ინიციატივის გამოჩენის, შეხედულებების შეცვლის საშუალებას... მაგრამ, ამავე დროს, პასუხსაც სთხოვს ყველა მის მოქმედებასა და გადაწყვეტილებაზე.
უფალი ბრძანებს: "შეიცნობთ ჭეშმარიტებას, და ჭეშმარიტება განგათავისუფლებთ თქვენ... ყოველი შემცოდე კი ცოდვის მონაა" (ინ. 8,32).
სამწუხაროდ, ჩვენს დროში ადამიანი სწორედ ცოდვის მსხვერპლი და მისი მსახური ხდება, რასაც იგი უგუნურებით თავისუფლებად აღიქვამს. წმ. მამები ასეთ მდგომარეობას "უმეცარ თავისუფლებას" უწოდებენ. "უმეცარი თავისუფლება, - წერს წმ. ეფრემ ასური, - არის სათავე მიწიერ ვნებათა გამრავლებისა, ხოლო მისი შედეგი უსასტიკესი მონობაა".
მართლმადიდებელ ქრისტიანთათვისაც კი ცოდვის საშიშროება მუდმივად არსებობს. იგი ჩასაფრებული კართან გვიცდის, როგორც მრისხანე გაფრთხილება სიკვდილისა, ამიტომაც სიფხიზლის მოდუნება არავის ჰმართებს.
თავისუფლებაზე საუბრისას უნებურად გვახსენდება წლები ძალადობისა და უხეში მატერიალიზმის ბატონობისა, როდესაც საქართველოს იძულებით ჩამოართვეს პოლიტიკური დამოუკიდებლობა, ხოლო ჩვენს ეკლესიას – ავტოკეფალია; გარეშე ძალები ყოველნაირად ცდილობდნენ ქართველი კაცისთვის დაევიწყებინათ მშობლიური ენა, კულტურა, საუკუნოვანი ტრადიციები...
შემდეგ მოხდა რევოლუცია და ხალხის და ეკლესიის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ასობით და ათასობით ტაძარი და მონასტერი დახურეს და დაანგრიეს. ათასობით ერისკაცი და სასულიერო პირი აწამეს და გადაასახლეს... საზოგადოება დაყვეს ფენებად და ყველას მკაცრი კონტროლი დაუწესეს; ამასთან, ადამიანში პირადი ინიციატივა ჩაკლეს და მას მხოლოდ ე.წ. გენერალური გეგმის ბრმა შემსრულებლის ფუნქცია დაუტოვეს. ყველაფერი მიმართეს იქითკენ, რომ დაემცირებინათ და სახე დაეკარგვინებინათ პიროვნებისათვის, რათა მას მხოლოდ არსებობა მიეჩნია ყველაზე დიდ ბედნიერებად.
ეკლესია გამოყვეს სახელმწიფოსგან და, შეიძლება ითქვას, საზოგადოებისგანაც. მას აუკრძალეს საქველმოქმედო საქმიანობა და სოციალურ პროგრამებში მონაწილეობა. სასულიერო პირებს უფლება არ ჰქონდათ დაეარსებინათ უდედმამო ბავშვთა სახლები, სკოლები, საავადმყოფოები, უფლება არ ჰქონდათ დახმარებოდნენ გაჭირვებულებს.
მართალია, მეოცე საუკუნის დასასრული აღინიშნა ტოტალიტარული რეჟიმის დამხობითა და ახალი ცხოვრების დაწყებით, მაგრამ სერიოზული გართულებები ამასაც მოჰყვა. გარდაქმნის მოთავეებმა ვერ გაითვალისწინეს, რომ ყველაზე ძნელი ხალხის აზროვნებისა და თვითშეგნების შეცვლა იქნებოდა.
ამიტომაც აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ დღეს მაინც შეიმუშაოს ახალი აზროვნების ისეთი პრინციპები, სადაც უმთავრესი ყურადღება ცალკეულ პიროვნებებს, მათ ყოველდღიურ სატკივარს დაეთმობა, შემდეგ კი გათვალისწინებლი იქნება საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესები.
არადა ახლა რა გამოდის?
ადამიანებს, რომლებიც ათწლეულების მანძილზე მექანიკურად ასრულებდნენ სხვათა მითითებებს, ახლა ეუბნებიან, თქვენ თავისუფალი ხართ და გეგმაც და საქმიანობაც სურვილისამებრ აირჩიეთო. მათ კი არ იციან, როგორ მოიქცნენ, როგორ ისარგებლონ ამ თავისუფლებით. პოლიტიკურ-ეკონომიკური და არსებობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემით გარემოცულთ ორიენტირი საერთოდ დაეკარგათ.
მოსახლეობის დაუსაქმებელი ნაწილი ფაქტობრივად განწირულ მდგომარეობაშია. მას წაერთვა იმედი მომავლისა და მისტირის წარსულს – სულიერი, ფიზიკური თუ ინტელექტუალური უძრაობის ხანას და თავისუფლებაც აღარაფრად უღირს.
ზოგიერთებს ნერვული სისტემა იმდენად გადაეღალათ, რომ გამოსავალს თვითმკვლელობაშიღა ხედავენ. ის კი არ იციან, ან ავიწყდებათ, რომ ამით თავს საშინელი მარადიული სატანჯველისთვის იმეტებენ.
მე მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ ხალხმა უნდა იცოდეს, რომ თვითმკვლელთ (სულით ავადმყოფთა გარდა) უკვე ვეღარავინ უშველის, მათთვის ლოცვაც კი აკრძალულია, რადგან ისინი ამ ნაბიჯის გადადგმით თავიანთი ნებით სულს მარადიული მონობისათვის ეშმაკს აბარებენ.
მაშ, რა ვქნათ? დავბრუნდეთ უკან, კომუნისტური ცხოვრებისა და აზროვნების წესისკენ? ამის მოსურნენი არიან, მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც. – არა, ეს დაუშვებელია; იგი ჩვენთვის განვლილი ეტაპია, გუშინდელი დღეა.
ჩვენი ხალხის მდგომარეობა ზოგჯერ ძალიან ჰგავს იმ ებრაელთა სულისკვეთებას, რომელნიც აყვედრებდნენ და განიკითხავდნენ მოსე წინასწარმეტყველს, ეგვიპტიდან მათი გამოყვანის გამო. ისინი ამბობდნენ: "ვინ გვაჭმევს ხორცს? გვაგონდება თევზი, მუქთად რომ ვჭამდით ეგვიპტეში, კიტრები, ნესვები, პრასი, ხახვი და ნიორი. ახლა კი სული გვძვრება, არაფერია მანანის გარდა" (რიცხ. 11,4-6).
უდაბნოში მიმავალ ებრაელებს დაავიწყდათ მონობა, ახსოვდათ მხოლოდ საჭმელი და ამიტომაც სურდათ ეგვიპტეში დაბრუნება! ისინი უკვე უარს ამბობდნენ თავისუფლებაზე და ტყვეობაში ყოფნას ამჯობინებდნენ. მაგრამ უფალმა მაინც შეიწყალა თავისი ერი, არ დააბრუნა ეგვიპტეში და მრავალი განსაცდელის შემდეგ აღთქმულ მიწაზე მიიყვანა.
ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ "ეგვიპტეში" უკან დასაბრუნებელი გზა აღარც ჩვენთვის არსებობს, რომ ღმერთმა მოგვანიჭა თავისუფლება და ვალდებულნი ვართ, ვისწავლოთ თავისუფალ მოქალაქეთა მსგავსად აზროვნება და მოქმედება. ამასთან უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ გაქცევა თავისუფლებისაგან არის გაქცევა ღვთისაგან, რადგან უფალი სულია, ხოლო სადაც არის სული უფლისა, იქვეა თავისუფლება (2 კორინ. 3,17).
საკითხავი ერთია ოღონდ – მივდივართ კი ჩვენ "აღთქმული ქვეყნისა" და ნამდვილი თავისუფლებისაკენ?
ნათელია, რომ მეტად რთულ დროში გვიწევს ცხოვრება. მატერიალურ სიდუხჭირეს ისიც დაემატა, რომ ეს არის ხანა მარადიული ღირებულებების რყევისა და მსხვრევისა. ხდება გაუფასურება საუკუნოვანი ტრადიციებისა და ცხოვრების წესისა, ინგრევა იერარქიული რიგი... ანუ ის, რასაც ეფუძნებოდა საზოგადოებრივი წყობა.
წარსულის სიკეთენი უგულვებელ იყოფა და მის ადგილს იკავებს ახალი, სამწუხაროდ, უარყოფითი ტენდენციები, რაც თავისუფლებას დიდი ეჭვის ქვეშ აყენებს. წმიდა ისააკ ასური ამბობს: "არასრულყოფილ საუკუნეში თავისუფლება, თანაც სრულყოფილი, არ არსებობს". და მართლაც, განა შეიძლება ჭეშმარიტ თავისუფლებაზე საუბარი იქ, სადაც უარს ამბობენ ზნეობრივ ცხოვრებაზე და მის ნაცვლად პროპაგანდა ეწევა პრინციპს "ყველაფერი ნებადართულია". ნუთუ ნორმალური ყოფა ეთქმის იმ გარემოს, სადაც ადამიანის კატასტროფული სულიერი დაცემის პროცესს თავისუფლებისაკენ სწრაფვად სახელდებენ და საშინელი ცოდვის მონობას ადამიანის ბუნებრივ მდგომარეობად აცხადებენ?!
ამიტომაც არის, რომ ყველზე ძვირფასმა – ადამიანის სიცოცხლემაც კი დაკარგა ფასი.
რა არის მიზეზი ამ საშინელი გადაგვარებისა?
პასუხი მხოლოდ ერთია – ჩვენ ვცხოვრობთ სულიერი, კულტურული და ზნეობრივი კრიზისის პერიოდში. რამდენ ხანს გასტანს იგი, ძნელი სათქმელია; ყველაფერი მაინც ისევ ჩვენზეა დამოკიდებული.
ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ მოვესწარით დასაწყისს. სულ მალე იესო ქრისტეს შობის 2000 წლისთავთან ერთად ჩვენი ხალხი იზეიმებს სახელმწიფობრიობის 3000 წლისთავს, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 და საქართველოს ეკლესიისთვის დამოუკიდებლობის მინიჭებიდან 1500 წლისთავს.
როდესაც 2000 წლის ქრისტიანული ცხოვრების გადასახედიდან ვუყურებთ ჩვენი ქვეყნის წარსულს, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, აწმყოსა და მომავლის წინაშე.
საქართველო ხომ ძველი თვითმყოფადი ტრადიციებისა და კულტურის ქვეყანაა, ამან გადაგვარჩინა და განაპირობა ჩვენი ინდივიდუალური სახის შენარჩუნება. აი, ამ ტრადიციებს უნდა მივყვეთ კვლავაც.
ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ნაჭუჭში ჩავიკეტოთ და მხოლოდ ჩვენს ინტერესებზე ვიფიქროთ. საქართველო აბრეშუმის დიდი გზის ქვეყანაცაა და ამიტომაც ოდითგანვე გავლენას განვიცდიდით როგორც დასავლეთიდან, ასევე აღმოსავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდანაც.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, კომპიუტერი (ინტერნეტი)... ახალ ნოყიერ ნიადაგს ქმნიან მსოფლიო კულტურათა და ცივილიზაციათა დიალოგისთვის. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ მას მრავალი უარყოფითი მხარეც ახლავს, ამიტომაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ჩვენმა ინტელიგენციამ, ჩვენმა ხალხმა და ეკლესიამ ღრმად უნდა გააანალიზონ, რისი მიღება შეიძლება და რისი – არა.
ჯერ კიდევ ანტიკურ დროში ფილოსოფოსი პლატონი სახელმწიფო მოღვაწეთათვის ფილოსოფიურ-ანალიტიკური აზროვნების აუცილებლობის შესახებ წერდა: "ვიდრე სახელმწიფოში ხელისუფალნი არ იქნებიან ფილოსოფოსები, ვიდრე მეფენი და მმართველნი კეთილშობილურად და ღრმად არ იფილოსოფოსებენ და ვიდრე სახელმწიფო ხელისუფლება და ფილოსოფია არ გაერთიანდება, სახელმწიფო ბოროტებისგან ვერ გათავისუფლდება" ("სახელმწიფო"). ეს სიტყვები დღესაც აქტუალურია.
მე ჩვენი დროის ერთ-ერთი ცნობილი ფსიქოლოგის ნათქვამიც მინდა შეგახსენოთ: "ადამიანი სუფთა ფურცელი არ არის, რომელზეც ამა თუ იმ კულტურისათვის სასურველ ნიშნებს დაწერ. მას შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს მისთვის მიუღებელი სოციალური თუ კულტურული სისტემების ძლიერ ზეგავლენასაც კი".
ასე რომ, თუ მოვინდომებთ, თითოეულ ჩვენგანს შესწევს ძალა, დაიცვას თავისი თავი, თავისი გარემო და საუკუნეობით განმტკიცებული ჩვენი სულიერ-კულტურული ღირებულებანი.
ზოგჯერ ადამიანები ფიქრობენ, რომ ის იდეოლოგია, რასაც ხელისუფლება ნერგავს თავის ხალხში, აუცილებელია და სწორი. ეს ყოველთვის ასე არ არის. გავიხსენოთ თუნდაც საბჭოთა იდეოლოგია, ანდა იდეოლოგია ნაცისტური გერმანიისა. ამ სახელმწიფოთა დაშლისთანავე გაუფასურდა მათი იდეებიც. ამიტომ მე ხაზს ვუსვამ და თქვენს ყურადღებას ვამახვილებ საუკუნეებგამოვლილ ტრადიციებზე; ებრაული სიბრძნე გვასწავლის: "მე თუ ჩემი თავისთვის არა ვარ, მაშინ ვინ ვარ მე? და თუ ახლა არა, მაშინ როდისღა?"
მართლაც, ვერავინ გააკეთებს იმას, რაც შენ შენი თავისთვის უნდა გააკეთო, მაგრამ, ამავე დროს, არ უნდა შემოიფარგლო მხოლოდ საკუთარი ინტერესებით, რადგან ეგოიზმი დამღუპველია და არა აქვს მომავალი. იმას, რის გაკეთებასაც შენ დღეს მოასწრებ, ნუ გადადებ ხვალისთვის. ის დღე დაკარგულად ჩათვალე, როცა ვერ შეძლებ სიკეთის ქმნას; და თუ გსურს, იყო ბედნიერი, გახსოვდეს, უანგარო კეთილ საქმეთა გარეშე მას ვერ მოიპოვებ.
ეს სწავლება ხომ ჭეშმარიტებაა, ამიტომაც გაუძლო მან საუკუნეებს და დღესაც თითოეული ადამიანისთვის ცხოვრების პროგრამად და იდეოლოგიად შეიძლება ჩაითვალოს.
თვითონ სიტყვა "იდეოლოგია" ბერძნულია და ნიშნავს იდეების შესახებ სწავლებას. იდეოლოგია ისეთი "ფილოსოფიური მიმდინარეობაა, რომელიც ცდილობს, დააწესოს აღზრდის, ეთიკის და პოლიტიკის მისთვის დამახასიათებელი წესები" ("ფილოსოფიური ლექსიკონი", რედ. შმიდტი). საკითხავია, რამდენად სწორ არჩევანს გააკეთებს მმართველი ძალა, ანუ რა საძირკველს დაეყრდნობა ზემოაღნიშნული პრაქტიკული წესები – იქნება იგი ჭეშმარიტ ღირებულებებზე დაფუძნებული თუ ყალბ ლოზუნგებზე აგებული?
ყოველ ადამიანს, ყოველ ქვეყანას უფლისგან თავისი ჯვარი და გზა აქვს მიცემული. მთავარია, მან არ გადაუხვიოს იმ ბილიკს, რომელიც მას ღმერთამდე მიიყვანს.
ჩვენ შეიძლება განსხვავებული სურვილები გვქონდეს, განსხვავებული იყოს ჩვენი აზრები, მაგრამ სამართლიანობა, ღრმა ანალიზის უნარი და სიყვარული მუდამ უნდა იყოს ჩვენი თანამდევი, ესაა საფუძველი მშვიდობისა და ურთიერთგაგებისა როგორც ცალკეულ პიროვნებებს, ისე ხალხებს შორის.
და თუ ჭეშმარიტი რწმენით, სასოებითა და სიყვარულით შევიმოსებით და მივენდობით უფალს, ყველანაირ განსაცდელს გავუძლებთ და გავიმარჯვებთ.
აბბა პალადის ასეთი ისტორია აქვს მოთხრობილი: ეს მოხდა ეგვიპტეში, ქრისტიანობის გარიჟრაჟზე; ერთი მოხუცი წარმართი დაიჭირეს მკვლელობის გამო. ცემისას მან ცილი დასწამა და თავის თანამზრახველად დაასახელა ერთი ახალგაზრდაც. ორივეს საშინელი სატანჯველით სიკვდილი – ჩამოხრჩობა მიუსაჯეს. ახალგაზრდის ყოველნაირმა მცდელობამ, დაემტკიცებინა თავისი უდანაშაულობა, შედეგი ვერ გამოიღო.
დასჯის ადგილზე ხალხი მრავლად შეიკრიბა. ჯერ ყმაწვილის გაყვანა ჰქონდათ გადაწყვეტილი, მერე კი მოხუცებულისა. ბედს შეგუებული ყმაწვილი იმასღა ითხოვდა, პირით აღმოსავლეთისაკენ ჩამოეკიდებინათ, რათა სიკვდილის წინ ლოცვა შეძლებოდა.
როცა ჰკითხეს, - რატომ აღმოსავლეთისკენო, - უპასუხა, რომ ჯერ შვიდი თვეც არ იყო გასული, რაც ღირსი გახდა წმ. ნათლობის მიღებისა და მთელი გულით ნანობდა, რომ ვერ მოასწრო ღვთისსათნო ცხოვრება. ამ სიტყვებმა იმოქმედა მეომრებზე, მათ გადაწყვიტეს, შეესრულებინათ მისი თხოვნა და თანაც ახალგაზრდის ნაცვლად პირველად წარმართი მოხუცის დასჯა გადაწყვიტეს. განაჩენგამოტანილი მოხუცი გაბოროტდა და ღვთისმგმობელმა აღსასრულის წინ წარმართული სამსხვერპლოსაკენ ისურვა ყურება. როდესაც მოხუცის განაჩენი აღსრულდა, მეომრები ახლა ახალგაზრდისაკენ გაემართნენ. ამ დროს სასწაული მოხდა – მისმა გულმხურვალე ლოცვამ შედეგი გამოიღო. უცებ გამოჩნდა ცხენზე ამხედრებული კაცი – ეგვიპტის გამგებლის წარმომადგენელი, ხელში ბარათით, სადაც ეწერა: "ყმაწვილი არ აწამოთ, არამედ უკან დააბრუნეთ". ახალგაზრდა წარუდგინეს ბარათის გამომგზავნს, რომელმაც იგი საერთოდ გაათავისუფლა. ამ საოცარი წყალობის გამო, ღვთისადმი უსაზღვრო მადლიერების გრძნობით აღვსილი ახალგაზრდა ბერად აღიკვეცა და სიცოცხლე ღვთისსათნო ცხოვრებით განვლო ("სულიერი მდელო", გვ. 87).
გულწრფელ მხურვალე ლოცვას ასეთი დიდი ძალა აქვს. ამიტომაც თითოეულმა თქვენთაგანმა ყოველდღიურად სასოებით უნდა შესთხოვოთ უფალს თქვენი თავის, თქვენი ოჯახისა და ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და კეთილწარმატებისათვის, რათა ადამის მოდგმისთვის ხსნისა და განახლების მომნიჭებელმა მაცხოვარმა მოწყალებით გადმოხედოს საქართველოს და მკვიდრთა მას შინა. უფალმა დალოცოს და დაამშვიდოს ჩვენი ერი, დღეგრძელობით, სიხარულითა და კეთილდღეობით გაკურთხოთ და გაგიხსნათ გზა მარადიული ცხოვრებისა და უკვდავებისაკენ.
ღვთაებრივი სიხარულით აღვსილი ყველას გულითადად გილოცავთ წმიდა პასექის დღესასწაულს, იხარეთ!
ჯოჯოხეთის დამთრგუნველი და სიკვდილის შემმუსრველი
ქრისტე აღდგა!
ჭეშმარიტად აღდგა!
"მადლობა ღმერთს, რომელმაც მოგვცა ჩვენ ძლევა" (Iკორ. 15,57).
პასექი ქრისტესი,
11 აპრილი, 1999 წ.
სააღდგომო ეპისტოლე - 1987
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ შვილებს,
რომელთაც უხარის აღდგომა ქრისტესი
"მოვიდა ქორწილი კრავისაჲ"
(გამოცხადება 19,7)
თავისი სიძლიერით ამ გრძნობას ვერ შეედრება მიწიერი კეთილდღეობით გამოწვეული ვერცერთი განცდა. ამ იდუმალ ღამეს, როგორც არასდროს, ჩვენი სული თბება რწმენით, სასოებითა და სიყვარულით; უფალი მოდის თითოეულ ჩვენგანთან და გვეუბნება: "გეშინინ, გარნა გრწმენინ" (ლუკა 8,50).
რით შეგვიძლია ვუპასუხოთ ამ დიდ სიყვარულს? მოწიწებით უნდა მივიღოთ იგი, გულის სიღრმეში უნდა მივუჩინოთ სამყოფელი და გარეშევარტყათ მთრთოლვარე სიყვარული. გვყოფს ტაძრად სულიწმიდისა და შევიმოსებით მისი დიდებით. "ხოლო ნაყოფი სულისაჲ არს: სიყვარული, სიხარული, მშვიდობაჲ, სულგრძელობაჲ, სიტკბოებაჲა, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ, მყუდროებაჲ, მარხვაჲ, მოთმინებაჲ" (გალატ. 5, 22).
სულიწმიდის მადლით აღვსებას გისურვებთ, ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, ღირსნო ბერ-მონოზონნო, უცხოეთში მცხოვრებნო თანამემამულენო და ყოველნო, სულიერნო შვილნო საქართველოს წმიდა ეკლესიისა; სიყვარულით მოგესალმებით და გულით მოგილოცავთ წმიდა პასექის დიად დღესასწაულს.
ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !
"აღსდგა იგი ღმერთი, რომელმანც გვიანდერძა ჩვენ ურთიერთის სიყვარული და გვითხრა: "ესე არს მცნება ჩემი, რათა იყვარებოდეთ ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყვარეთ თქვენ".აღსდგა იგი მეუფეთა მეუფე, რომელმანც აღადგინა ღირსება ადამიანისა და ჰრქვა მონებით შეგინებულს ქვეყნიერებას: "არღა გეტყვით თქვენ მონად, რამეთუ მონამან არა იცის, რასა იქმს უფალი მისი; ხოლო თქვენ გარქუ მეგობრად, რამეთუ ყოველი, რაოდენი მესმა მამისა ჩემისაგან, გაუწყეთ თქვენ", - წერს სააღდგომო მიმართვაში ჩვენი ერისა და ეკლესიის მიერ წმიდანად შერაცხილი დიდი ილია ჭავჭავაძე.
აღდგომა ქრისტესი სიცოცხლის გამარჯვებაა სიკვდილზე.
აღდგომა ქრისტესი სიკეთის გამარჯვებაა ბოროტებაზე.
"სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი? სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაჲ შენი?" (I კორინ. 15,55).
ადამიანი, როგორც ნაწილი ქრისტეს ბუნებისა, უშუალო მონაწილეა ამ ძლევისა. გამარჯვება მოპოვებულია, მაგრამ მას გაფრთხილება და შენარჩუნება უნდა.
სად პოვოს კაცმა ძალა მის დასაცავად?
პასუხი ერთია: ეკლესიაში, რომელი არს სხეული ქრისტესი.
ჩვენთვის განხორციელებული, ჯვარცმული და აღდგომილი ქრისტე განუყოფელია ეკლესიისგან ისევე როგორც ეკლესია წარმოუდგენელია ქრისტეს გარეშე. ეკლესიის საიდუმლოთა მეოხებით ნათლად შევიგრძნობთ, რომ ქრისტეში და ქრისტეთი დაიწყო მსოფლიო პასექი, დაიწყო ქორწილი კრავისაჲ, დაიწყო ჩვენი სვლა სასუფევლისკენ.
ჩვენ სულიერად ვნათლდებით ეკლესიის სიწმიდით, მაგრამ ეკლესია არ შეილახება ჩვენი ცოდვებით, რადგან მისი სიწმიდე ჩვენსმიერი კი არა, მაცხოვრის ჩვენის იესო ქრისტესეულია.
ეკლესია შედგება ჩვენგან, მაგრამ არსი მისი და ცხოველსმყოფელი ძალა მისი ჩვენში არ არის. ადამიანის ხორციელი ბუნებაც ხომ შეიცავს ქსოვილს, სისხლს, ლიმფას... მაგრამ ჩვენი რაობა მათში კი არა, იმ მაცოცხლებელ ძალაშია, რომელიც ორგანული შერწყმით ქმნის ერთიან მთელ სხეულს; მსგავსად ამისა, ეკლესიაც არის არა მხოლოდ ადამიანთა კრებული, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ის ძალა, ხალხს რომ აერთიანებს და ამ ერთობით მათ ღვთის ნაწილად ხდის.
ღმერთკაცის - იესო ქრისტეს მიერ დაარსებული ეკლესია მასავით ორბუნებოვანია - ღვთაებრივ-ადამიანურია. ოღონდ განსხვავება იმაშია რომ იესო ქრისტე სრულყოფილი ღმერთი და სრულყოფილი კაცია, ეკლესიამ კი ჯერ ვერ მიაღწია სრულყოფილ ღვთაებრივ-ადამიანურ საფეხურს. მისი ადამიანური არსი გამუდმებით უნდა მიისწრაფვოდეს სრულქმნისაკენ, რათა შეეფარდოს თავისსავე სულიერ-ღვთაებრივ საწყისს. მიუხედავად ეკლესიის ადამიანური ბუნების ნაკლოვანებისა, ნიკეო-კონსტანტინეპოლის მსოფლიო კრებაზე დადგენილ მრწამსში ვამბობთ: "მრწამს ერთი, წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია". ეკლესია განწმედილია თავისი ღვთაებრივი დამაარსებლის სისხლითა და სულიწმიდის მადლით, რომელიც წმიდა საიდუმლოთა შესრულებისას მოეფინება მლოცველთ.
მაინც რა არის ეკლესია, რა ძალაა მასში? რატომ არ არის საკმარისი ვიყოთ მხოლოდ მორწმუნე?
ქრისტიანული ცხოვრება ეკლესიაში ავლენს თავის ფორმას, ამიტომაც უწოდებს მას წმიდა პავლე მოციქული "სახლს ღმრთისას" (I ტიმ. 3,15), "ქალაქსა ღმრთისა ცხოველისა" (ებრ. 12,22), "დედას მორწმუნეთა" და უფალ იესო ქრისტეს სხეულს, თავი რომლისაც თავად იგია (რომ. 12,5: I კორინ. 6,15; 12,12-28).
წმიდა მამები სახარებაში ფქვილისა და საფუარის შესახებ იგავს რომ განმარტავენ, ამტკიცებენ, რომ სწორედ ეკლესიაა ამ ქვეყნისათვის მოვლენილი ახალი ცხოვრების საფუარი. "რამეთუ სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა" (მათე 18, 20) - ბრძანებს უფალი.
წმიდა მღვდელმოწამე კვიპრიანე პირდაპირ ამბობს: "ვისაც ხშირი და გულწრფელი ურთიერთობა არა აქვს ეკლესიასთან, ქრისტეს სახელისათვის მან თავიც რომ გასწიროს, ცოდვას სისხლითაც ვერ განიბანს; წარუხოცელ და მძიმე ბრალს განყოფისას ტანჯვითაც კი ვერ განიწმენდს; არაეკლესიური არ შეიძლება იყოს მოწამე, ვერ ეღირსება იგი მეფობას". (ქრისტიანული სწავლება, ნაწ. I, ქრისტიანული ეკლესიის ერთობის შესახებ, 1837 წ.).
ღირსი მამა ეფრემ ასური კი ასე წერს: "ნეტარ ხარ შენ, ეკლესიავ მართლმორწმუნეთა, რამეთუ თვით მეფემ მეფეთა დაიდგინა შენში სავანე. მტკიცეა შენი საძირკველი, რადგან უფალი გიცავს შენ. ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ გძლევენ და მტაცებელნი მგელნი ვერ შეგმუსრავენ, ვერ შეარყევენ სიმაგრეს შენსას.
ო, რა დიდი და ბრწყინვალე ხარ შენ, სახლო ღვთისა" (შრომები, მ. 1858, გვ. 28).
"მეზღვაურთათვის, - გვასწავლის წმიდა თეოფილე ანტიოქიელი, - ღმერთმა თავშესაფრად კუნძულნი განაწესა; ცოდვით დაცემულ მსოფლიოს კი მიმადლა წმიდა ეკლესიები, რომელნიც ინახავენ სწავლებას ჭეშმარიტის შესახებ".
"ეკლესია ბურჯი და სიმტკიცეა ჭეშმარიტებისა", - ნეტარი ავგუსტინე.
"ეკლესია ერთადერთი სამეფოა ქვეყანაზედ უზენაესის კანონებით არსებული... ეკლესია უჭეშმარიტესი დამტკიცებაა მომავალი უკვდავებისა და უგანათლებულესი სიბრძნეა ზეგარდმო მონიჭებული", - ბერი ალექსი შუშანია.
ამგვარი გამონათქვამები სხვაც ბევრი შეიძლება მოვიტანოთ, რადგან წმიდა მამები თავისი დიდი სულიერი გამოცდილებით მთელი არსებით გრძნობდნენ ეკლესიის მაცოცხლებელ ძალას, იმას, რომ მხოლოდ ეკლესიის წიაღში ხდება ადამიანის ფერისცვალება, რომ მხოლოდ ეკლესიას შეუძლია მისცეს მას ის უმთავრესი, რაც კაცმა დაკარგა და რასაც ის შეუცნობლად ასე ეძებს და ესწრაფვის.
ეკლესია ის ერთადერთი ადგილია, რომელიც გვიხსნის სულიერი სრულყოფის გზას, ის ოაზისია, სადაც ქრისტესთან ერთობა მიიღწევა და მარადიული ნეტარება მოიპოვება. "მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ, არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ" (იოანე 14,6), - გვაფრთხილებს უფალი.
ეკლესიის არსს მხოლოდ ის მიხვდება და იგრძნობს, ვინც ეკლესიურად ცხოვრობს. გარეშე მაყურებელი კი მხოლოდ მის ზედაპირულ მხარეს ხედავს; სული, ძალა და დიდება ეკლესიისა მისთვის უხილავი და შეუცნობელი რჩება, რადგან თვითონაც უსულოდ ცხოვრობს.
მშვენივრად წერს ნეტარი ავგუსტინე: "სულიწმიდის მადლით დაჯილდოებული პიროვნება ეკლესიურია... ეკლესიის გარეშე მყოფნი მოკლებულნი არიან სულიწმიდას. თუ სხეულს რომელიმე ნაწილს მოვკვეთთ, იგი შეინარჩუნებს ფორმას, ვთქვათ, თითის, ხელის ან ყურისას, მაგრამ მასში არ იქნება სიცოცხლე; ასეთია მდგომარეობაც არაეკლესიურთა" (ქადაგება 268,2).
იესო ქრისტეს ძალდატანებით არავინ მოჰყავს ეკლესიაში, არამედ მხოლოდ ისინი, რომელთაც სურთ, მისდიონ მას და იყვნენ მონაწილე მისი არამიწიერი, ღვთაებრივი სიყვარულისა. "რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, - ბრძანებს იგი, - უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯვარი თჳსი და შემომიდეგინ მე" (მათე 16,24).
ძნელია განდგომა საკუთარი თავისგან; ძნელია უარყოფა ვიწრო ეგოიზმისა, არაწმიდა აზრებისა და გრძნობებისა. ზოგჯერ გვგონია, ვერ შევძლებთ, წინ აღვუდგეთ მიწიერ სურვილთ და ბოროტებას. როგორ დავძლიოთ იგი, როგორ განვიძარცვოთ ტანსაცმელი ძველი კაცისა და შევიმოსოთ სამოსელი სიმართლისა, სიყვარულისა, სამოსელი თანაგრძნობისა, მორჩილებისა, სიწმიდისა?
ჩვენი სულიერი ფერისცვალება მხოლოდ ეკლესიას შეუძლია.
ნუ შიშობ, იტვირთო ჯვარი, უფლის მიერ შენთვის განკუთვნილი. მაცხოვარი მოგვევლინა არა დასასჯელად და წარსაწყმედად, არამედ ხსნისათვის თაყვანისმცემელთა მისთა. იგი ყოველ ჩვენგანს განუმზადებს ისეთ ჯვარს, რომლის ტვირთვაც ძალგვიძს, ოღონდ უნდა მივენდოთ, ვუსმინოთ და მივსდიოთ მას. მორწმუნედ გახდომა არ არის საკმარისი, რომ ქრისტიანი გვერქვას, რომ ეკლესიის ნაწილი ვიყოთ. აუცილებელია ხელახლა შობა, ახალ ადამიანად ქცევა, აუცილებელია ეკლესიური ცხოვრება.
ეკლესიაში აღესრულება საიდუმლოებები: ნათლობისა, მირონცხებისა, აღსარებისა, ზიარებისა, მღვდლობისა, ქორწინებისა, ზეთისცხებისა და სხვა მღვდელმოქმედებანი, რომელთა მიღება ყოვლად აუცილებელია ქრისტიანისთვის.
მონათვლით ადამიანი ეკლესიაში შედის, ქრისტეს ნაწილი ხდება, ხელახლა იბადება; თავისუფლდება როგორც ადამისმიერი პირველქმნილი შეცოდებისგან, ისე ყველა სხვა ცოდვისაგან; აღდგება მასში ხატება ღვთისა, მიენიჭება სულიწმიდის მადლი და ყველა სიკეთე მისი.
"წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი, - მიმართავს იესო ქრისტე საქადაგებლად მიმავალ თავის მოწაფეებს, - და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმდისაჲთა და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ თქვენ" (მათე 28,19-20). ხოლო სხვა ადგილას ბრძანებს: "უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ჴელ-ეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა" (იოანე 3,5).
წმიდა ნათლობის ძალით სულიერი დაბადება ნიშნავს ახალი ცხოვრების დაწყებას, საკუთარი თავის დავიწყებას და მსახურებას ქრისტესთვის და მოყვასისთვის. ამაში პოვებს ნამდვილი მორწმუნე სიხარულსა და ბედნიერებას, თავისი არსებობის აზრსა და მიზანს.
ნათლობისას პიროვნებას ღმერთი უვლენს მფარველ ანგელოზს, რომელსაც ევალება მისი დაცვა და სულიერ სრულყოფაში შემწეობა.
ინათლებიან როგორც სრულასაკოვანნი, ისე მცირეწლოვანნი. ეკლესიაში ბავშვების ნათლობა უძველესი ხნიდან დაწესდა. ბავშვს მღვდელი ნათლავს მშობლებისა და ნათლიების რწმენის ძალით, რომელთა წმიდა მოვალეობაა, ასწავლონ ყრმას სარწმუნოების კანონები და ღვთისსათნო ქრისტიანული ცხოვრება.
ნათლობისას სრულდება ასევე მეორე დიდი საიდუმლო - მირონცხება. როცა მღვდელი მოსანათლს ჯვრის სახით მირონს სცხებს, ამბობს: "ბეჭედი მონიჭებულ არს სულისა მიერ წმიდისა, ამინ".
იღებენ რა ამ ორ უდიდეს საიდუმლოს, ზოგიერთნი, სამწუხაროდ ამით ამთავრებენ ეკლესიაში ცხოვრებას. თუ ახალშობილს საზრდოს დროზე არ მივაწვდით, მოკვდება; ასეა სულიერ ცხოვრებაშიც.
ისინი, რომელნიც არ აღავლენენ ლოცვებს, არ მარხულობენ და ქრისტიანულად არ ცხოვრობენ, სულიერად კვდებიან კიდეც; მოეკვეთებიან ხეს ცხოვრებისას - ეკლესიას, რომლისგანაც გამუდმებით უნდა მიეღოთ სულიერი საზრდო. ჭეშმარიტნი ქრისტიანენი კი ნათლობისა და მირონცხების შემდეგაც უხვად იღებენ სულიერ საკვებს და მადლს.
ნათლობით თუმც განვეშორეთ სატანას და ყოველთა საქმეთა მისთა, მაგრამ თვითონ იგი არ გვტოვებს ჩვენ; მუდამ ცდილობს, კვლავ დაგვიპყროს, კვლავ მოგვიპოვოს. ამიტომაც ჩვენი გული კეთილსა და ბოროტს შორის მუდმივი ბრძოლის ასპარეზია.
სახარებაში ვკითხულობთ, რომ ადამიანისაგან განდევნილი არაწმიდა სული ურწყულ ადგილებს მიაშურებს და რაკი იქ განსასვენებელს ვერ პოვებს, ცდილობს, ძველ სამყოფელს დაუბრუნდეს. თუ კაცი განლაღებული დახვდა, სხვა უბოროტესს ეშმაკთაც მოიყვანს და მათთან ერთად დაემკვიდრება მასში. და კაცი იგი შეიქმნება უფრო ცოდვილი, ვიდრე ადრე იყო (მათე 12,43-45). ამიტომ საჭიროა ცოდვისგან მუდმივი განწმენდა, მისგან გათავისუფლება.
ჩვენს მიერ ჩადენილი ყოველი ბოროტება ცოდვაა. იგი ღვთისა და თვით ჩვენი თავის საწინააღმდეგო მოქმედებაა, ყოფის არყოფნად გარდაქმნაა, ჩვენი ბუნების დამახინჯებაა, ჩვენი დამაქცეველი ძალაა; ესაა მსვლელობა დამღუპველი მიზნისაკენ.
ბოროტებას შესაბამისი ბოროტი შედეგი მოჰყვება. ცოდვის შედეგია ღვთისგან განდგომა, სიყვარულის, მშვიდობისა და ბედნიერების დაკარგვა, სულიერი სიღატაკე, სიკვდილი... "ცოდვაჲ სოფლად შემოჴდა და ცოდვისა ძლით სიკუდილი" (რომ. 5, 12).
დარღვეული შინაგანი მთლიანობა რომ აღდგეს, ადამიანმა აღსარება უნდა თქვას და ღვთის წინაშე მოინანიოს ცოდვები. ასეთ შემთხვევაში მისი დახმარება მხოლოდ მოძღვარს შეუძლია, რადგანაც შენდობის უფლება ღვთისგან მასა აქვს მინიჭებული.
მაცხოვარმა მოციქულებს მისცა განსაკუთრებული ძალა ცოდვილთა მიმართ: "ამინ გეტყვი თქუენ: რაოდენი შეჰკრათ ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რაოდენი განჴსნათ ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა" (მათე 18,18). ეს მადლი მოციქულებიდან მათი საქმის გამგრძელებლებს - ეპისკოპოსებსა და სამღვდელოებას გადაეცა და დღემდე მოდის.
აღსარებისთვის მომზადებულნი უნდა მივიდეთ. ეს საიდუმლო უნდა აღვასრულოთ ისე, თითქოს იგი იყოს ჩვენი უკანასკნელი, სიკვდილის წინა აღსარება. მამები აღსარებას მეორე ნათლობას უწოდებენ, რადგანაც ამ დროს, ისევე როგორც ნათლობისას, პიროვნებას მიეტევება ცოდვები, ოღონდ მხოლოდ ის ცოდვები, რომელთა შენდობასაც მოძღვრისგან მიიღებს.
აღსარებას თვით უფალი იესო ქრისტე იღებს. იგი უხილავად ესწრება ამ საიდუმლოს, მღვდელი კი არის მოწმე და ადამიანისადმი ღვთის დიდი მოწყალების გამოვლენის საიდუმლო აღმსრულებელი.
აღსარებით განწმენდილი ადამიანი მზად არის, მიიღოს მეორე უდიდესი საიდუმლო - ზიარება.
განა შეიძლება ქრისტიანი გვერქვას და არ ვიყოთ მონაწილე ევქარისტიისა - ზიარებისა?! იგი არა მხოლოდ საიდუმლო სერობის გახსენებაა, არამედ ჩვენი ერთობა მაცხოვართან, ჩვენზე გარდამომავალი უდიდესი საიდუმლო ძალა, ჩვენი განღმრთობა.
წმიდა ზიარების მიღების აუცილებლობაზე მიუთითებს მაცხოვრის ეს სიტყვები: "უკუეთუ არა სჭამოთ ჴორცი ძისა კაცისაჲ და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხორებაჲ თავთა შორის თქუენთა" (იოანე 6,53).
ეკლესიის ისტორიის დასაწყისიდანვე წესად იყო მიღებული ხშირი ზიარება. მეორე საუკუნის ცნობილი მამა ეგნატე ღმერთშემოსილი წერს: "ეცადეთ, ხშირად შეიკრიბოთ ზიარებისთვის და ღვთის სადიდებლად" (XIII ეპისტოლე ეფესელთა მიმართ).
წმიდა იოანე დამასკელი კი ამბობს: სულისა და ხორცისგან შედგენილ ადამიანს სჭირდება როგორც სულიერი, ისე ხორციელი საკვები. სულიერ საზრდოდ იესო ქრისტემ მოგვცა თვით თავისი ხორცი და სისხლი, რომელსაც წმიდა ევქარისტიაში ღვინისა და პურის სახე აქვს.
რატომ მისცა უფალმა მოციქულებს საჭმელად თავისი სისხლი და ხორცი ღვინისა და პურის სახით? - კითხულობენ ზოგნი.
პური სიმბოლოა ღვთის ძალისა, სიმბოლო კაცთა ერთობისა. თორმეტი მოციქულის სწავლანში - "დიდაქეში" ვკითხულობთ: "როგორც ეს პური (ხორბლის სახით) იყო განბნეული სხვადასხვა ბორცვზე და შემდეგ შეკრებილი გახდა მთლიანი, დე, ასე შეერთდეს შენს საუფლოში ქვეყნის ყველა კიდიდან ეკლესია შენი (უფალო)" (დიდაქე 9).
ყურძენშიც ღვთის იდუმალი ძალაა დაფარული. წმიდა ესაიას წიგნში წერია: "როცა ყურძნის მტევანში წვენი ჩადგება, მაშინ ამბობენ, ნუ შელახავ მას, რამეთუ მასშია კურთხევა" (ესაია 65,8).
ხშირ ზიარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგიერთნი, მიაჩნიათ რა თავი უღირსად, წელიწადში ერთხელ ან რამდენიმე წელიწადში ერთხელ ეზიარებიან. ეს მიუტევებელი შეცდომა და ბოროტებაა საკუთარი თავის მიმართ.
როგორადაც არ უნდა მოვემზადოთ, განა ოდესმე ვიქნებით ღირსი, მივიღოთ ხორცი და სისხლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი? ჩვენი ცოდვების სიმძიმის შეგნებითა და უფლის მოწყალების იმედით უნდა მივეახლოთ ამ უდიდეს საიდუმლოს.
პირველ საუკუნეებში ქრისტიანები ყოველ წირვაზე იღებდნენ ზიარებას. ეს იყო ხალხი, სულით ძლიერი, ყოველ წუთს მზად რომ იყო, თავი გაეწირა ქრისტესთვის. მაგალითად, წმიდა ბასილი დიდი კვირაში ოთხჯერ ეზიარებოდა: კვირას, ოთხშაბათს, პარასკევს და შაბათს და, აგრეთვე, ყოველ დღესასწაულზე.
ძმანო და დანო ჩემნო, ნურც თქვენ მოიკლებთ ამ დიდ, გადამრჩენელ საიდუმლოს. მარხვის დროს გეძლევათ ლოცვა-კურთხევა ეზიაროთ ყოველ კვირას და, ასევე, ყოველ დიდ დღესასწაულზე. ეს მოგცემთ სულიერ ძალას როგორც ხილულ, ისე უხილავ მტერთან საბრძოლველად და გაქცევთ იმ სულიერ ტაძრად, რომელსაც უფალი არასდროს დატოვებს; მოგეცემათ მშვიდობა და სიხარული.
ზიარებით, ისევე როგორც აღსარებით, მივეახლებით ცოდვაზე და სიკვდილზე უძლიერეს მარადიულ და ყოვლის მომცველ სიყვარულს ღვთისას.
სიყვარულმა გაითვალისწინა ყვვლაფერი, რაც კაცს სჭირდება. თავის მოწაფეებს, ქადაგებისთვის რომ გზავნიდა, სნეულთა განკურნების ძალაც მისცა უფალმა (მათე 10,1). ჭეშმარიტ მორწმუნეებს ისინი ზეთს სცხებდნენ და ავადმყოფნიც სნეულებისგან თავისუფლდებოდნენ (მარკ. 6,13). იაკობ მოციქული ეპისტოლეში წერს: "უძლურ თუ ვინმე არს თქუენ შორის, მოუწოდენ ხუცესთა ეკლესიისათა, და ილოცონ მის ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისაჲთა. და ლოცვამან სარწმუნოებისამან აცხოვნოს სნეული იგი, და აღადგინოს იგი უფალმან. დაღაცათუ ცოდვაჲ რაიმე ექმნეს, მო-ვე-ეტეოს მას" (იაკ. 5, 14-15).
ასე დაწესდა საიდუმლო ზეთისცხებისა. ეკლესიის ზოგიერთი წმიდა მამა ამბობს, რომ ზეთისცხებისას უფალი შეუნდობს ავადმყოფს დავიწყებულ ცოდვებს. ამ საიდუმლოს მადლით მრავალნი განკურნებულან.
ზეთი ყველამ უნდა ვიცხოთ, რადგან ყველას გვაქვს დავიწყებული ცოდვები და მოკლებულნი ვართ როგორც ფიზიკურ, ისე სულიერ სიმართლეს.
ეკლესია ის სულიერი კანაა გალილეისა, სადაც უფალმა დალოცა ქორწილი.
ქორწინება ქალსა და კაცს შორის სიყვარულით განმტკიცებული კავშირია; ეს ურთიერთობა მათი თავისუფალი ნებით ხორციელდება, ერთმანეთისადმი ერთგულების პირობას გულისხმობს და ეკლესიისა და ქრისტეს ერთობის სახით იკურთხება. "რომელნი-იგი ღმერთმან შეაუღლნა, კაცნი ნუ განაშორებენ" (მათე 19,6), - ბრძანებს წმიდა წერილი.
ამ საიდუმლოთი ღმერთი აკურთხებს ოჯახურ ცხოვრებას, ბავშვების ყოლასა და მათ აღზრდას. ბავშვი ეგოიზმის დაძლევაში ეხმარება მშობლებს; ისინი, ორნი, ეწირებიან მესამეს და ამით დიდ ბედნიერებას იღებენ.
როცა ეკლესიაზე და იქ აღსრულებულ ადამიანის ღრმა და იდუმალ ფერისცვალებაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება რამდენიმე სიტყვით მაინც არ შევეხოთ თვით მოძღვარს, რომელიც ამ საიდუმლოთა მთავარი მონაწილეა.
სასულიერო ხარისხში კურთხევა შვიდ საიდუმლოთაგან ერთ-ერთია. ეპისკოპოსები, მღვდელნი და დიაკონნი ქმნიან საეკლესიო იერარქიას. მათი ვალია სახარების ქადაგება, საიდუმლოთა აღსრულება და საეკლესიო საქმეთა წარმართვა.
წმიდა ეგნატე ღმერთშემოსილი წერს, რომ ეპისკოპოსი ეკლესიაში განასახიერებს უფალ იესო ქრისტეს, ხოლო მღვდელი სახეა მოციქულისა, ჯვარცმული პიროვნებისა.
ეპისკოპოსის ხელდასხმითა და წარმოთქმული ლოცვით რჩეულ კეთილმორწმუნე ქრისტიანზე სამღვდელო ხარისხში კურთხევისას გადადის განსაკუთრებული მადლი სულიწმიდისა.
მოძღვარი თავშეკავებული პიროვნება უნდა იყოს. წმიდა პავლე თავის მოწაფეს, მოციქულ ტიმოთეს, ასე არიგებს: "ხოლო სიჭაბუკისა მათ გულის თქუმათა ევლტოდე; შეუდეგ სიმართლესა, სარწმუნოებასა, სიყუარულსა, მშჳდობასა მათ თანა, რომელნი ხადიან უფალსა გულითა წმიდითა" (2 ტიმ. 2,22).
ნამდვილი სასულიერო პირი თავისი თავით კმაყოფილი არასდროს არის; მუდამ ებრძვის ცოდვას, რომ უკეთესი გახდეს და იქცეს მაგალითად სამწყსოსათვის.
მას განსხვავებული კულტურის მქონე საზოგადოებაში უხდება მსახურება. ამიტომაც იგი უნდა იყოს არა მარტო კარგი ღვთისმეტყველი, არამედ სულიერი, განათლებული, კულტურული პიროვნება, მშვიდობისმყოფელი, მოსიყვარულე, მოწყალე მამა.
ხალხი სამღვდელოებას გამადიდებელი შუშით უყურებს და მას მცირე შეცდომასაც არ აპატიებს. მოძღვრის შეუფერებელი საქციელი ან სიტყვა-პასუხი მაშინვე განკითხვის საგნად იქცევა როგორც მორწმუნეთათვის, ისე, მითუმეტეს, ურწმუნოთათვის.
უნდა გვახსოვდეს, რომ მღვდელიც ადამიანია თავისი ადამიანური სისუსტეებითა და უძლურებით. უნდა გვახსოვდეს, რომ მას ბოროტი ძალა გაცილებით ძლიერ ებრძვის, რათა დაამციროს, დაამდაბლოს იგი და ამით მრევლის რწმენა შეარყიოს. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ზოგიერთის მიზეზით სხვებს შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ. განა იუდა ისკარიოტელის გამო შეიძლება უგულველვყოთ ღვაწლი და შრომა სხვა მოციქულებისა, რომელთაც თავიანთი წმიდა ცხოვრებითა და მოწამებრივი აღსასრულით დიდების გვირგვინი მოიპოვეს?
ასე რომ, ეკლესია ერთადერთი სულიერი სავანეა, რომელში ყოფნაც აუცილებელია ქრისტიანისთვის, ყველასთვის, ვისაც სულის ხსნა სურს.
ეკლესიაში ყველაფერი მნიშვნელოვანია და ემსახურება იმ მიზანს, რომ ჩვენში ქრისტე აღიბეჭდოს, რომ ჩვენ ღმერთშემოსილნი გავხდეთ. და რაოდენ საწყალობელია მდგომარეობა მათი, ვინც ამ მადლს მოკლებულია.
ერთადერთი გზა ღმერთთან სიახლოვეშია.
ეშმაკი ეპატრონება იმათ, რომელნიც არ ლოცულობენ და არ მარხულობენ. სახარებაში პირდაპირ წერია: "ხოლო ესე ნათესავი არარაჲთ განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა" (მათე 17,21).
ძალიან დიდი ძალა აქვს ფსალმუნის კითხვას. ყველა მორწმუნემ ზეპირად უნდა იცოდეს 50-ე ფსალმუნი. ამ ლოცვით ცოდვებისაგან იწმინდება კაცი, რადგანაც ეს სინანულის საგალობელია.
ბოროტ ძალებთან საბრძოლველად ღვთისაგან დიდ შემწეობას იღებს ის, ვინც რწმენითა და სასოებით წარმოთქვამს 90-ე ფსალმუნს.
ნუ გამოტოვებთ დილის და საღამოს ლოცვებს, ზიარების წინა და შემდეგ ლოცვებს, ჭამის წინ და ჭამის შემდეგ, საქმის დაწყების ან და დამთავრების შემდეგ ლოცვებს. შეძლებისდაგვარად იკითხეთ ფსალმუნნი.
ყოველი შაბათი მიცვალებულთა დღეა. ნუ დაივიწყებთ გარდაცვლილ მშობლებს, წინაპრებსა და ახლობლებს. ამ დღეს გაკეთებული საკურთხი ეკლესიაში წაიღეთ და პანაშვიდზე მოძღვარს მოახსენებინეთ მათი სულები.
გახსოვდეთ, ადამიანი კი არ კვდება, გარდაიცვლება მხოლოდ. მისი სული უკვდავია, იგი თხოულობს ჩვენგან დახმარებას. ამავე დროს, ისიც შეგვეწევა ღვთის წინაშე თავისი ლოცვით.
თუ ყოველივე ამას გააკეთებთ, ღვთის კურთხევა არ მოგაკლდებათ.
როცა ეკლესიაზე და კაცობრიობისათვის ეკლესიის მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ მისი სამშვიდობო მოღვაწეობა.
ყვვლას კარგად გვესმის, რომ ჩვენთვის აუცილებელია როგორც შინაგანი, ისე გარეგანი მშვიდობა. ამის გარეშე შეუძლებელია არა თუ სულიერობა, არამედ საერთოდ არსებობა.
ჩვენ მეტად საპასუხისმგებლო დროს ვცხოვრობთ, საშინელი განსაცდელის წინაშეა თითოეული სახელმწიფო, მთელი მსოფლიო. თუ მოვლენები კვლავ ასე განვითარდა, ექნება კი საერთოდ აზრი რაიმეს ან მომავალი?
გულგატეხილობამ და ურწმუნოებამ მოიცვა ჩვენი გული, თუმც მათ ბოლომდე მაინც ვერ დაგვიმორჩილეს, რადგან ყოველ ჩვენგანში წარუხოცელი ბეჭედია ღვთის მსგავსებისა, რადგან, ტერტულიანეს თქმისა არ იყოს, სული ყოველი კაცისა ბუნებით ქრისტიანია. ოღონდ საჭიროა უფრო ღრმა აზროვნება, ახლებურად აღქმა და გააზრება ყოველივე იმისა, რაც ხდება. სახელმწიფოთა შორის კულტურულმა, პოლიტიკურმა თუ სოციალურმა სხვაობამ ხელი არ უნდა შეუშალოს იმის შეგნებას, რომ ჩვენ ყველა ვცხოვრობთ სახლში, რომლის სახელიც დედამიწაა და მთავარი საუნჯე ამ დედამიწაზე ადამიანია.
დღეს, როცა კაცობრიობა იტანჯება შიმშილისაგან, სიღარიბის, ავადმყოფობისა და სოციალური უსამართლობისაგან, სულ უფრო მეტი ხარჯები მიდის შეიარაღებაზე. მდგომარეობა რომ გამოსწორდეს, აუცილებელია თანამედროვე ადამიანის ზნეობრივ-მორალური ცხოვრების დონის შეცვლა უფრო მაღალი კრიტერიუმებით, ხოლო ხალხთა და სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის ახალი ფორმების გამოძებნა.
ამ საკითხების გადაჭრაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეკლესიას, მის ლოცვას და იმ საქმიანობას, რასაც იგი სამშვიდობო მიზნით ახორციელებს.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, მორწმუნენი, მთელ ხალხთან ერთად მოწონებით შეხვდა ჩვენს ქვეყანაში სულიერი და მატერიალური განახლების პროცესის დაწყებას.
სულიერი და მატერიალური პრობლემები ჩვენი მუდმივი თანამდევია. ისინი განუყრელნია, როგორც სახარებისეული დები მართა და მარიამი. მაგრამ ცხოვრების ორომტრიალში ჩაფლულთ კრავის სიტყვები არ უნდა დაგვავიწყდეს: "აჰა ესერა მოვალ ადრე, და სასყიდელი ჩემი ჩემ თანა მიგებად თითოეულსა, ვითარცა საქმე მისი იყოს" (გამოცხადება 22, 12); არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოახლოებულია ქორწილი კრავისა, რის შესახებაც უფალი სხვადასხვა საშუალებით გვაფრთხილებს.
მძიმე განსაცდელით დაიწყო ჩვენთვის ეს წელიწადი. დასავლეთ საქართველოში, სვანეთსა და სხვა მთიან რაიონებში მომხდარმა სტიქიურმა უბედურებამ დიდი მწუხარება და ცრემლი მოგვიტანა. ფეხზე დადგა მთლად საქართველო... გაჭირვებამ ყველა გაგვაერთიანა.
"მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის", - წარმოთქვა წმიდა იოანე ოქროპირმა. ჩვენც, მის მსგავსად მადლიერნი ვართ უფლისა ყოველივესთვის: ჩვენი ჯვრისათვის, განსაცდელისა და მწუხარებისთვის, ღვთის ჩვენდამი უნაპირო სიყვარულისა და ჩვენთვის თავგანწირვისთვის. გული უნდა გავუხსნათ ამ უსაზღვრო სიყვარულს, ღრმად დავიმარხოთ იგი და არასოდეს განვშორდეთ მას. მაშინ ჩვენი ცხოვრების გზა იქნება ერთადერთი და გადამრჩენელი, მაშინ სულში მუდამ პასექის ზეიმი იქნება.
"იქმენ მორწმუნე ვიდრე სიკუდილადმდე, და მოგცე შენ გჳრგჳნი იგი ცხორებისაჲ" (გამოცხადება 2,10), - გვმოძღვრავს უფალი.
კურთხეული ივერიის ღვთისსათნო შვილნო ღვთაებრივი სიყვარულით გამთბარი ერთხელ კიდევ გულითადად მოგილოცავთ ქრისტეს აღდგომის უბრწყინვალეს დღესასწაულს. "მოვედით, და ვიდოდით ნათელსა უფლისასა" (ესაია 2,5), "ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა".
მხოლოდ მისი მადლით მოსილნი მოვიპოვებთ ჭეშმარიტ ბედნიერებას, მხოლოდ მასშია ნამდვილი სიყვარული და სიხარული.
ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !
ჭ ე შ მ ა რ ი ტ ა დ ა ღ დ გ ა !
პასექი ქრისტესი
თბილისი, 1987 წ.