მართალია დიდად წარმატებული გონება და გული უნდა ჰქონდეს, რომ კაცი შემძლებელი იყოს თავისი თავი გაითვალისწინოს და თავის-თავს მსაჯულად გაუხდეს პირუთვნელად, იმიტომ რომ იგი ერთსა და იმავე დროს მსაჯულიც უნდა იყოს, მოსარჩლეც, ბრალმდებელიც და ბრალდებულიცა.
ის, ვინც ულმობლად უნდა განვსაჯოთ (და გვაქვს კიდევაც ამის უფლება) – ეს ჩვენი ბოროტი "მე" არის. თუ თვითონვე დავსჯით მას ამ ცხოვრებაში მის მიერ ჩადენილი ცოდვებისათვის და არ მოვიკვეთთ ამასთანავე საკუთარ ბოროტ სურვილებს, მაშინ ისინი სამუდამოდ დაგვტანჯავენ.
განუსჯელი მოქმედება უმეტეს შემთხვევაში უფრო მეტ ბოროტებას წარმოშობს, ვიდრე გიჟების მოქმედება, რომლებიც ერთმანეთს თავებს უტეხენ. განსჯადობის არმქონე ადამიანები თავიანთი სიტყვებით მგრძნობიარე გულებს აწყლულებენ და ხშირად სასიკვდილო ჭრილობებს აყენებენ (სულებს სასოწარკვეთაში აგდებენ).
განსჯის უნარის მქონეს კეთილშობილური სიყვარულიც გააჩნია და სიმდაბლეც, და საკუთარი სიკეთიდან გამომდინარე, მწარე სიმართლესაც კი სიტკბოდ აქცევს; იგი ამ სიმართლეს უდიდესი უბრალოებით გამოთქვამს და მას უმეტესი სარგებელი მოაქვს სხვებისათვის, ვიდრე ტკბილ სიტყვას, როგორც არის მწარე ქინაქინა ვაჟინზე მეტად სასარგებლო.
განსჯის უნარი ხელს უწყობს სულში სიმშვიდის გამეფებას, რომელიც ფრიად სასარგებლოა მოსაგრეობისათვის, რადგან იგი სულსა და სხეულს მეტ ძალას აძლევს, ვიდრე ნივთიერი საკვები; ხოლო როცა შინაგანი სიმშვიდე არ გაგვაჩნია, მაშინ საუკეთესო პროდუქტებიც კი საწამლავად გვევლინება და მრავალი ნაღველი ზიანს გვაყენებს.
ყოველი ჩვენი ქმედება და სათნოება საჭიროებს სიმდაბლეს, სიყვარულსა და განსჯადობას, რადგან ისინი სათნოებათა მარილნი არიან. ამიტომ ამბობს ქრისტე სახარებაში: "ყოველი შესაწირავი მარილითა დაიმარილოს" (მარკ. 9, 49).
ყველა ადამიანს გააჩნია ცოტაოდენი განსჯის უნარი, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ამას უმეტესწილად არა საკუთარ თავთან მიმართებაში ვიყენებთ, არამედ ჩვენს თანამოძმეებთან ურთიერთობაში (რომ ვინმეს ისინი სხვებზე უკეთესი არ ეგონოს) და ამ საღმრთო უნარს სხვების განკითხვით ვბილწავთ – მათი განსჯითა და გამოსწორების მოთხოვნილებით; თუმცაღა, გვმართებდა მხოლოდ საკუთარი თავისთვის მოგვეთხოვა აუცილებლობა გამოსწორებისა, რომელსაც ვერ გაუბედნია შემართებით მოსაგრეობა, ვნებების მოკვეთა და საკუთარი სულის გათავისუფლება ზეცაში აღსაფრენად.