სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები
სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები
როგორც ძველ, ისე ახალ აღთქმაში ერთი და იგივე მცნებებია უმთავრესად მიჩნეული: „შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა, ყოვლითა სულითა შენითა, ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა. ეს არის პირველი მცნება. მეორეა: შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ (მკ. 12, 30–31; შდრ. 2 რჯლ. 6, 5; ლევ. 19, 18). შევნიშნავთ, რომ ქრისტიანისთვის მოყვასი არის ყველა ადამიანი, მათ შორის პირადი მტერიც.
ასეთი პიროვნებისთვის აღარ არსებობს შიში
ბედნიერია ის, ვის გულშიც ღმერთმა თვისი ძის სული გამოავლინა (შდრ. გალ. 4, 6) და აღავსო იგი ჭეშმარიტი რწმენით, სასოებითა და სიყვარულით. ასეთი პიროვნებისთვის აღარ არსებობს შიში ხვალინდელი დღისა, აღარ არსებობს შიში განსაცდელისა და თვით სიკვდილისაც, რადგან იცის და სწამს, რომ „ღვთის მოყვარულთ ყოველივე სასიკეთოდ წარემართებათ...“ ხოლო „თუ ღმერთი ჩვენსკენ იქნება, ვინ გამოვა ჩვენს წინააღმდეგ“ (რომ. 8, 28. 31)!
გული და სული მთლიანად მივუძღვნათ შემოქმედს
რომელია უპირველესი მცნება?
ერთ-ერთი მწიგნობრის კითხვაზე - რომელია უპირველესი მცნება - მაცხოვარმა უპასუხა: ისმინე, ისმინე, ისრაელ! უფალი ღმერთი ჩვენი ერთი უფალია! და გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით, და მთელი შენი სულით, და მთელი შენი გონებით, და მთელი შენი ძალით - აი, უპირველესი მცნება! (მკ. 12, 29–30). - რა იგულისხმება ამაში? - ეს ნიშნავს, რომ არავინ და არაფერი ღმერთზე წინ არ უნდა დავაყენოთ! „ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი!“ - ბრძანებს მაცხოვარი (მთ. 10, 37). - რატომაა ასეთი მკაცრი მოთხოვნა? - იმიტომ, რომ სიყვარული ნიშნავს მთელი არსებით სწრაფვას მისდამი, ვინც გიყვარს. თუ ჩვენ ღმერთზე წინ სხვას დავაყენებთ, მისი გულისთვის რაიმე მიზეზით როდისმე დავივიწყებთ უფალს და სულიერად დავიღუპებით. ჩვენი გული და სული მთლიანად უნდა მივუძღვნათ შემოქმედს, რათა ადგილი აღარ დავუტოვოთ ბოროტს და არ მივცეთ საშუალება, ამა თუ იმ საბაბით განგვაშოროს ღმერთს, როგორც ეს თავის დროზე ადამს და ევას დაემართათ.
გიყვარდეს უფალი მთელი შენი შეძლებით!
თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავითავისოთ ის მცნება, რომელიც ჯერ კიდევ წინასწარმეტყველ მოსეს პირით გამოუცხადა რჩეულ ერს შემოქმედმა: „ისმინე, ისრაელო! ერთია უფალი, უფალი ჩვენი ღმერთი. გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, მთელი შენი გულითა და სულით, მთელი შენი შეძლებით. გულში გქონდეს ეს სიტყვები, რომელიც დღეს გამოგიცხადე. ჩააგონებდე შენს შვილებს და უთხრობდე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას. შეიბი ნიშნად ხელზე და ტვიფრად შუბლზე. წააწერე სახლის წირთხლებს და კარებს“ (2 რჯლ. 6, 4–9).