ადამიანი - ციტატები, გამონათქვამები
ადამიანი - ციტატები, გამონათქვამები ადამიანი, გამონათქვამები, ციტატები
ადამიანი შექმნილია ღვთის ხატად!
სხვა ცოცხალი ორგანიზმებისაგან ადამიანის მთავარ განმასხვავებლად მაინც ის უნდა ჩაითვალოს, რომ იგი შექმნილია ხატად და მსგავსად ღვთისა. იბადება კითხვა: როგორ შეიძლება მოკვდავ, ვნებებისა და გრძნობების მორჩილ, დროითა და სივრცით განსაზღვრულ პიროვნებაში აირეკლოს ის, ვინც უკვდავი, დაუსაბამო და სრულქმნილია? რომ ნაწილნი ვართ უფლისა, ვლინდება ღვთისადმი ჩვენს სწრაფვაში, ხოლო გარეგნულად ეს თავისუფალ ნებისყოფასა და შემოქმედებით უნარში გამოიხატება.
ასეთი საოცარი პოტენციალია ჩადებული ჩვენში!
მორწმუნე გაჭირვების ჟამს ხშირად სთხოვს დახმარებას წმინდანებს, ანგელოზებს, ღვთისმშობელს...
გავიხსენოთ, მაგალითად, წმინდა გიორგი და წმინდა ნიკოლოზი; ერთმა დიდმოწამეობით დაამოწმა ქრისტეს სიყვარული და მისი მცნებების ერთგულება, მეორემ კი - საკვირველი ღვთისსათნო ცხოვრებით; ისინი კონკრეტულ ადგილას და კონკრეტულ დროში მოღვაწეობდნენ, მაგრამ გარდაცვალების შემდეგ ყველა გულმხურვალე მლოცველის შემწე და მფარველნი გახდნენ ყველა ეპოქაში.
აღარაფერს ვამბობთ მოციქულებზე და ღვთისმშობელზე.
ასეთი საოცარი პოტენციალია ჩადებული თითოეულ ჩვენგანში!
ადამიანი ყველაფერზე მაღლა იესო ქრისტემ დააყენა და იგი გახადა თავისი უდიდესი სიყვარულის ობიექტი. ამასთან, მას უდიდესი ნიჭი - თავისუფლება - უბოძა და მისცა არჩევანის საშუალება. თითოეული ჩვენგანი გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად დღესაც ყოველ წუთს აკეთებს არჩევანს კეთილსა და ბოროტს, ღმერთსა და ეშმაკს შორის და ეს ჩვენი უფლებაა.
ანგელოზები მხოლოდ სულნი არიან. ადამიანი კი თავის თავში აერთიანებს სულსა და ხორცს, ანუ ხილულ და უხილავ სამყაროს. სხეულით იგი მატერიას (ნივთიერ, მცენარეულ და ცხოველურ სამყაროს) მოიცავს, სულით კი – ანგელოზთა თანაზიარია. ბუნებითად ყოვლისშემომკრები, ყოვლისმომცველი მხოლოდ უფალია. მან ინება, რომ ჩვენც მსგავსი პატივი გვქონოდა და ამიტომაცაა ადამიანის დანიშნულება განსაკუთრებული.
ყველაფერი ჩვენს თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული