წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
საღმრთო წერილი გვეუბნება, რომ ღმრთის უპირველესი სახელი სიყვარულია და ვისაც სიყვარული არა აქვს, ის ღმერთს ვერ შეიცნობს. საღმრთო სჯული ღმრთის სიყვარულისკენ იმიტომ მოგვიწოდებს, რომ ეს ჩვენთვისაა სასარგებლო, რადგან ღმერთს ჩვენი სიყვარულით არაფერი შეემატება. თუ ღმერთზე ფიქრი ადამიანის გულში მუდმივად სუფევს, მაშინ იგი ცდილობს ღმრთის სიყვარულის ღირსი გახდეს. ეს ფიქრი და ზრუნვა მას განსწმენდს, განამდიდრებს, აღამაღლებს
მტრის სიყვარული ქრისტიანული ცხოვრების ბოლო საფეხურია. თუ ქრისტიანი სარწმუნოების მაღალ საფეხურზე არ დგას, ამ მცნებას ვერ აღასრულებს. ვინმე იკითხავს, როგორ შეიძლება შეყვარება ბოროტი, უსამართლო და უსჯულო კაცისა, - კაცი უნდა შეიყვარო, ღვთის ქმნილება, შენი ძმა, ხოლო ბოროტება და უსამართლობა, რომელიც მის გულშია, უნდა გძულდეს. უდიდესი ნაწილი ჩვენი უბედურებისა მტრობისა და სიძულვილისაგან მომდინარეობს, თუ მტრობასა და სიძულვილს სიყვარულით მოვსპობთ, ჩვენ შორის მშვიდობა, ერთობა, სიწმინდე და ბედნიერება დაისადგურებს.
დღეში ერთხელ მაინც უნდა ჩახედოს კაცმა იმ სარკეს, რომელიც უხილავად ყოველთვის მასთანაა და რომელსაც სინდისი ეწოდება. თუ გონივრულად ჩაიხედავს ამ სარკეში, დაინახავს, რაოდენი ჩირქი დაედო მას დღის განმავლობაში; ამისთვის ორჯერ მაინც დღეში, დილით და საღამოს, თვისი სული ლოცვით, ცრემლითა და სინანულით უნდა განბანოს
მშვიდნი და გულით მდაბალნი იყვნენ პირველი საუკუნეების ქრისტიანები, უსჯულოთაგან დევნილებსა და წამებულებს არც სადგომი ჰქონდათ და არც საზრდო, მაგრამ შევხედოთ, ვინ დაიმკვიდრა ქვეყანა, სად არიან მათი მდევნელები, მაშინ, როცა რაც ქვეყნად განათლება, ძლიერება თუ წარმატებაა, ყოველი ქრისტიანობის ხელშია. აი, კიდევ ერთი მაგალითი ღმრთის სიტყვის აღსრულებისა (I, 524-525).