სინანული - ციტატები, გამონათქვამები
სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები
ქრისტიანული სინანული განსხვავებულია
ამბავი ანტონ სუროჟელის მონათხრობიდან
მინდა შეგახსენოთ ანტონი სუროჟელის მიერ მოხმობილი ერთი ამბავი: "იყო ახალგაზრდა მოძღვარი, რომელსაც სხვისი ცოდვების დანახვის უნარი მიეცა და როცა ერთხელ მასთან მეტად მძიმე ცოდვებით სავსე ადამიანი მივიდა აღსარებისათვის, არ მიიღო. თუმცა მალე სინდისმა შეაწუხა და ამის შესახებ გამოცდილ ბერს უამბო. მან უსაყვედურა: როგორ გააბრუნე? ის ხომ სინანულით მოვიდა და შენ იყავი მისი ბოლო იმედი?
ახალგაზრდა მოძღვარი ისე შეწუხდა, ღმერთს სთხოვდა, ნათელხილვის უნარი აღარ ჰქონოდა. გულწრფელი სინანულისათვის უფალმა მას თანალმობის მადლი მიანიჭა. და აი, ერთხელაც, როცა მას მეტად მძიმე ხასიათის სახლის მეპატრონესთან მოუწია ღამის გათენება, იგი აღარ დაბრკოლდა მისი ცოდვების გამო, არამედ ერთ კუთხეში გულმხურვალედ დაიწყო ლოცვა მეპატრონისთვის და თან მის დანაშაულობებს ამბობდა.
მასპინძელი სასულიერო პირის ლოცვით დაინტერესდა და ჩუმად დაუგდო ყური. იგი გაოგნებული ისმენდა თავისი ცოდვების შესახებ ახალგაზრდა მოძღვრის ღვთისადმი ვედრებას და ამან იმდენად შეძრა, რომ იმ დღიდან სრულიად განსხვავებული ცხოვრება დაიწყო.
ასეთი მაგალითები მის ცხოვრებაში მრავლად იყო და როცა ეკითხებოდნენ, როგორ ახერხებდა ადამიანების მოქცევას, მოძღვარი პასუხობდა: "როდესაც ჩემთან მოდის ცოდვით დამძიმებული პიროვნება, რომელიც ვერ ხედავს თავის დანაშაულს და სინანული არა აქვს, ვცდილობ სულიერად მის შინაგან სამყაროს ჩავწვდე და იმ აზრით, რომ ჩვენ ვართ ხორცი ხორცთაგანი და სისხლი სისხლთაგანი ერთმანეთისა, ვიწყებ სინანულით ლოცვა-ვედრებას მისი და ჩემი, ანუ ჩვენი ცოდვებისათვის და ეს ადამიანიც, ღვთის მადლით, თანდათან იწყებს შემობრუნებას".
ღვთის სათნო ყოფისათვის
სრული თავისუფლებით მოქმედი და, ამავე დროს, ჭეშმარიტი სინანულით განმსჭვალული პიროვნება იღებს სულიწმინდის მადლს, რომელიც ცვლის მის სულიერ და ყოფით სამყაროს და მას ღვთის სათნო შვილად აქცევს; შემდეგ კი უკვე იგი თვითონ ხდება გზის მაჩვენებელი სხვათათვის; ამაზე წერდა წმინდა სერაფიმე საროველი: მოიხვეჭე სულიწმიდის მადლი და შენს გარშემო ათასები ცხონდებიანო.
ეკლესია ყველას აძლევს განწმენდის საშუალებას
ეკლესია სულის განსაკურნებელი სავანეა. აქ მოდიან ყველანი: კეთილნი და ბოროტნი, ქვრივნი და ღატაკნი, მდიდარნი და მრუშნი, მკვლელები; მოდიან ცხოვრებით დაღლილნი, მოდიან ტვირთმძიმენი და სნეულნი, კეთილშობილნი და ბოროტი ძალით შეპყრობილნი, მოდიან, რათა უკეთესი გახადონ თავიანთი ცხოვრება, გამოასწორონ ჩადენილი დანაშაული, ჩამოიბანონ ბიწი სულისა. ეკლესია ყველას აძლევს საშუალებას განწმენდისა და სულიერი ფერისცვალებისა, ოღონდ უნდა იყოს ჭეშმარიტი სინანული და დიდი სურვილი ცოდვისაგან განთავისუფლებისა.
ნეტარ არს რომელსა არა შეერაცხა ცოდვები
მათი აღსასრული ურთიერთსაწინააღმდეგო აღმოჩნდა!
იმას, თუ მარადიულობაში სად დავიმკვიდრებთ ადგილს, ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრების წესი განსაზღვრავს, მაგრამ პიროვნებას შეუძლია, სიცოცხლის ბოლოსაც კი რადიკალურად შეცვალოს თავისი მდგომარეობა.
გავიხსენოთ იესო ქრისტესთან ერთად ჯვარცმული, მონანული ავაზაკი, რომელმაც პირველმა დაიმკვიდრა ზეციური სასუფეველი; გავიხსენოთ იუდა ისკარიოტელი, რომელიც მოციქულის პატივში იყო ამაღლებული და სხვა მოწაფეთა მსგავსად სასწაულებსაც ახდენდა, მაგრამ საკუთარი არჩევანით ჯოჯოხეთის მკვიდრი გახდა.
ამ ორი ადამიანის ყოფამ ერთ ეპოქასა და სივრცეში განვლო. ერთი მათგანი მაცხოვრის უახლოესი მოწაფეთაგანი იყო და ღვთის მადლს ეზიარებოდა, მეორე კი ყაჩაღობდა და უღმერთოდ ცხოვრობდა.
მათი აღსასრული ურთიერთსაწინააღმდეგო აღმოჩნდა!
თუმცა ხაზგასმით უნდა ითქვას ისიც, რომ ასეთი მაგალითები ერთეული, გამონაკლისი შემთხვევებია; ისინი, ერთი მხრივ, ნუგეშის მიმცემია ცოდვით დამძიმებული ადამიანებისათვის, ხოლო, მეორე მხრივ, გაფრთხილებაა ღვთისსათნოდ მცხოვრებთათვის.