სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები
სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები
ღვთის რწმენისა და სიყვარულის დაკარგვით დაიკარგა მიწიერი სიყვარულიც. სიყვარული, რომელიც უფრო მეტს გასცემს, ვიდრე იღებს, ანუ მშობლების სიყვარული შვილებისადმი და პირიქით, დაიკარგა ან დამახინჯდა შვილების სიყვარული მშობლებისა და წინაპრებისადმი. იმის გამო, რომ დედ-მამა არ უყვართ, ბავშვები ხშირად ბედნიერებას ოჯახის გარეთ ეძებენ და, სამწუხაროდ, მეტწილად იქ, სადაც იგი საერთოდ არ არის. ეს იმიტომ ხდება, რომ მათ ოჯახებში ნამდვილი სიყვარული არ სუფევს.
წმ. ისააკ ასური ბრძანებს: „ღვთის სიყვარული ლოცვით მოიპოვება და შედეგია მისი. სიყვარული უფლისა არის სამოთხე, ხე სიცოცხლისა, მეუფება ღვთისა, იგია «ღვინო», რომელი ახარებს გულსა კაცისასა და ნეტარია, ვინც იგემებს მას. შესვეს იგი განლაღებულთ და დაირცხვინეს, იგემეს ცოდვილთ და დაუტევეს გზა წარწყმედისა, იხმიეს მემთვრალეთ და შეუდგნენ მარხვას, შესვეს მდიდართა და ისურვეს სიღარიბე, მიიღეს გლახაკთა და განმდიდრდნენ სასოებითა, დალიეს სნეულთა და განძლიერდნენ, იგემეს უვიცთა და იქმნენ ბრძენნი“ (სიტყვა 83). ამიტომაც ვამბობთ: მხოლოდ ჭეშმარიტ რწმენას და ღვთის სიყვარულს შეუძლია შეცვალოს და მთლიანად გარდაქმნას ჩვენი ყოფის უღიმღამო რეალობა, ჩვენი დროის დაუნდობლობა და სისასტიკე, რაც არის შედეგი ურწმუნოებისა და სულიერი სიცარიელისა.
ადამიანურ სიყვარულთაგან უპირველესი არის სიყვარული ღვთისადმი, რომელიც აუცილებლად ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ჭეშმარიტი რწმენა საძირკველია ჩვენი სულის შენობისა, იგია განმსაზღვრელი ჩვენი დამოკიდებულებისა ღვთისადმი, ადამიანისადმი და, საერთოდ, სამყაროსადმი. თუ პიროვნებას ჭეშმარიტი სარწმუნოება არა აქვს, მასში ყველა მოვლენა დამახინჯებულად აირეკლება და შედეგიც ასეთივე ექნება.
ღვთაებრივმა სიყვარულმა შესაძლებელი გახადა უფლის განკაცება. „სიტყვა იგი ხორციელ იქმნა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა“ (ინ. 1, 14), - ვკითხულობთ სახარებაში, რაც ერთხელ კიდევ გვახსენებს იმ რეალობას, რომ სიტყვა ღვთისა მთლიანად მოიცავს მადლსა და ჭეშმარიტებას და რომ უფალი, ამავე დროს, ამ ნიჭით აჯილდოებს ყველას, მასთან რწმენით და სიყვარულით მიმავალს.
შინაური ცხოველები და მხეცებიც კი ავლენენ სიყვარულს კეთილისმყოფელთადმი და რაოდენ გვმართებს, ეს განცდა გამოვხატოთ მის მიმართ, რომლისგანაც შეიქმნა ყოველი, რომელმაც მოგვმადლა ქვეყანა „უთვალავი ფერითა“, მოგვანიჭა სიცოცხლე, გონება, თავისუფალი ნება, ჯანმრთელობა, სიყვარულის უნარი, ბედნიერების განცდა, სამყაროს აღქმა, რომელიც გვითენებს ყოველ დღეს, გვაძლევს საკვებს, სითბოს, ჰაერს, წყალს და, რაც ყველაზე მთავარია, თავისი ჯვარცმისა და მსხვერპლშეწირული სიყვარულის ფასად ბოძებული წარუვალი ნეტარი ცხოვრების შესაძლებლობას.
ზოგიერთი ადამიანის გული ისეა დაკნინებული, რომ არათუ ღვთისთვის, თავისი ოჯახის წევრებისთვისაც კი არ არის მასში ადგილი. ასეთ პიროვნებას საკუთარი თავის გარდა არავინ და არაფერი უყვარს.
ზოგის გული კი საოცრად დიდია: იქ დაუმკვიდრებია დიდსა და პატარას, კეთილსა და ბოროტს, წმინდანსა და ცოდვილს... ასე ხდება იმიტომ, რომ ამგვარი გული ტაძარია ღმრთისა, უფალია მასში და ეს ხალხი იქ დავანებული ღვთის გარშემო იკრიბება. ასეთ გულში კეთილი უფრო კეთილი ხდება, ბოროტი და ცოდვილი კი სულიერად იწმინდება და მაღლდება.