შურიანები მხეცზე უარესნი არიან, რამეთუ მხეცები მხოლოდ მაშინ გვესხმიან თავს, როდესაც შიათ, ანდა - როცა გავაღიზიანებთ; ესენი კი, კეთილის ქმნის შემდეგ კეთილისმყოფელს მტერივით ექცევიან
შური მტრობის ყველაზე გაურკვეველი ფორმაა. სხვა არაკეთილმოსურნეთ ცოტა მოკრძალებულს ხდის ქველმოქმედება, შურიანი კი უფრო ღიზიანდება მისთვის გაკეთებული სიკეთით. იგი უფრო მეტად შეურაცხყოფილია სათნოების ძალით და მადლიერებას არ გრძნობს მისთვის გაკეთებული სიკეთისათვის.
მტრები უდიდეს კეთილისმყოფელებად უნდა მივიჩნიოთ და მათთვის უფრო მეტად უნდა ვილოცოთ, ვიდრე - ჩვენი კეთილისმყოფელებისათვის, რადგან კეთილისმყოფელი, რომელიც დროებით სიკეთეს მოგვაგებს, საკუთარ თავს მეტ სიკეთეს უკეთებს, რადგან უფლისაგან მარადიულ საზღაურს იმზადებს; მტრები კი, შესაძლოა, საკუთარი მარადიული ცხონების დაკარგვით ჩვენი ცხონების საქმეს აღასრულებენ, რომ განწმენდენ ჩვენს ცოდვებს მათ მიერ მიყენებული მწუხარებებით და თავიანთი დევნით თითქოს ძალით გვიბიძგებენ ზეციური სასუფეველისაკენ, საკუთარ თავს კი ჯოჯოხეთის საფრთხეს უქმნიან. როგორ არ ვიყოთ მათი მადლობელნი, როგორ არ ვილოცოთ მათთვის, რათა უფალმა დაიფაროს და შეიწყალოს ისინი!
უნდა ილოცო მტრებისთვისაც: ისინი, უმეტეს შემთხვევაში, თვითონაც ვერ ხედავენ რას ჩადიან, მაგრამ ხომ არიან ჩვენი კეთილისმყოფელნი?! თავიანთი თავდასხმებით სათნოებებში განგვამტკიცებენ, მიწაზევე ამდაბლებენ ჩვენს სულს, ზეცაში კი სამოთხის გვირგვინს გვიმზადებენ.