სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები
სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები
როგორც თევზი ცხოვრობს წყალში და წყლით, ასევე ღვთის მოსიყვარულე სულიც ლოცვაში და ლოცვით ცხოვრობს. ეს იმისაგან ხდება, ღვთის მოსიყვარულე სული განუწყვეტლივ ისწრაფის და სწყურია თავისი საყვარელი შემოქმედი. ეს სწრაფვა ზოგჯერ იმდენად დიდია, რომ ღვთის სიყვარულით ანთებული ადამიანები ძილშიც ლოცულობენ და თანაც, ისე ძლიერად, რომ ზოგჯერ ლმობიერების ცრემლები გამოაღვიძებთ ხოლმე.
შეუძლია ვინმეს თქვას სამოთხის შესახებ, რა იქნება იქ? სამოთხეზე შეუძლია ილაპრაკოს იმან, რომელმაც სულიწმიდით შეიცნო უფალი და მისი სიყვარული ჩვენს მიმართ. უფალი ისეთი საყვარელია, რომ მისი სიყვარულისაგან სული მხოლოდ მასზე ფიქრობს და არ ახსენდება არაფერი სხვა. სულიწმიდის მადლი იმდენად ტკბილია და ისე ცვლის ადამიანს, რომ ივიწყებს იგი თავის მშობლებსაც კი. სულს, რომელმაც სისრულით შეიცნო უფალი და დატკბა იმით, არაფერი სხვა არ უნდა, არაფერს არ ეჯაჭვება დედამიწაზე. მინდა ვთქვა რამდენიმე სიტყვა, რამდენადაც მათქმევინებს მადლი ღვთისა, ღვთის სიყვარულის ზომაზე.
წმინდა მსახურებას თავისი თავგანწირულობით, რომელიც შედეგია უფლის დიდი რწმენისა და სიყვარულისა, ადამიანისათვის სიხარული მოაქვს. მას უხარია, რომ ცოცხალია და მისი გული ანთებულია და ადიდებს თავის კეთილისმყოფელ უფალს და ისიც უხარია, რომ მოკვდება და ისევ ღმერთს მიაშურებს, და იქაც გააგრძელებს მის ქება-დიდებას.
სიყვარული - ეს უპირველესი და მთავარი გრძნობაა, რითაც უნდა აღიბეჭდოს ჩვენი ყოველგვარი დამოკიდებულება უფლისადმი; მაგრამ ცივი, არაფრით გამოხატული სიყვარული, სხვა არაფერია, თუ არა - ცარიელი მოჩვენება, უსიცოცხლო გამოსახულება, ცეცხლის ფერწერული გამოსახულების მსგავსი, რომელიც ფერთა სიმკვეთრის მიუხედავად, არც ანათებს, არც ათბობს; ვინაიდან თუკი რწმენა, მოციქულის მოწმობით, "საქმეთა გარეშე მკვდარია" (იაკ. 2, 20), მაშ, როგორ შეიძლება, არსებობდეს საქმეთა გარეშე სიყვარული, რისგანაც თვით რწმენაც სესხულობს თავის ძალას და ქმედითობას (გალ. 5, 6)?
თუ მოწყენილი ხარ, ეს იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არ გიყვარს უფალი. თუ სასძლოს თავისი სასიძო უყვარს, მაშინ საყვარელ ადამიანთან ერთად მისთვის არც სიღარიბე, არც უბედურებები, არც ჯურღმული არაა ძნელი; მხოლოდ მასთან განშორება უძნელდება: მაშინ ვერც სიმდიდრე, ვერც სიხარული ვერ ანუგეშებს მას. თუკი ადამიანურ სიყვარულს ეს შეუძლია, მაშინ რას არ გააკეთებს ღვთაებრივი სიყვარული? შეიყვარეთ ღმერთი და დაავანეთ იგი თქვენს გულებში და მაშინ არ მოიწყენთ, არამედ ყოველთვის ენითაუღწერელ სიხარულსა და სიტკბოებას იგრძნობთ, ყოველთვის სულიერი ნუგეში გექნებათ (ფს. 33, 9).