როდესაც უფალს იპოვი, ყველაფერი შეიცვლება შენში, სხვა თვალით შეხედავ მწუხარებასა და განსაცდელს, დაინახავ მოყვასის გასაჭირს, იმას, რასაც ადრე ვერ ამჩნევდი... ყველას მიენდობი, ყველას შეუნდობ, ყველას შეიყვარებ.
ამ ადამიანს ღმერთთან უსიტყვოდ საუბარი ჰქონდა ნასწავლი
ერთი მორწმუნე ხშირად დადიოდა ეკლესიაში. იჯდა ხოლმე დაცარიელებულ ტაძარში და საათობით შესცქეროდა მაცხოვრის ხატს. ჰკითხეს, რატომ ატარებდა ასე დღეებს. მან უპასუხა: „მე ვუცქერი უფალს, ის მიყურებს მე და გვიხარია, რომ ერთად ვართ“. ამ ადამიანს ღმერთთან უსიტყვოდ საუბარი ჰქონდა ნასწავლი.
ჩვენი ცხოვრება, ჩვენი საქმიანობა, აზრი და ფიქრიც კი, შესაძლებლობისამებრ, ღმერთით უნდა იყოს განმსჭვალული და სწორებას მუდამ მასზე უნდა ვახდენდეთ. ასეთი დამოკიდებულება სასიცოცხლოდ აუცილებელი არის თითოეული ჩვენგანისთვის. მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ, თავი დავიცვათ ცოდვისაგან და მივუახლოვდებით იმ მდგომარეობას, რაც დაცემამდე იყო შემოქმედსა და ჩვენს პირველმშობლებს შორის: შევცურავთ უფლის სიყვარულის ოკეანეში და აღვივსებით მისი მადლითა და წყალობით.
უღმერთოთა ნაწილი სიცოცხლის აზრს მხოლოდ ამქვეყნიური კეთილდღეობის სხვისთვის შექმნაში ხედავს; სხვანი - შვილების ყოლაში, რადგან მომავალს ანიჭებენ დიდ მნიშვნელობას, მაგრამ მათ არა აქვთ პასუხი თუნდაც ისეთ მარტივ კითხვებზე, როგორიცაა: რა აზრი აქვს გამრავლებისათვის ზრუნვას, თუ შთამომავლობა შენთან ერთად არარაობად უნდა იქცეს? მით უმეტეს, რა აზრი აქვს პროგრესს, კაცობრიობისათვის ზრუნვას, თუ ჩვენი მონაპოვარი მოხმარდება მათ, ვინც ხვალ აღარ იარსებებს?
შეიყვარე მოყვასი და ამით შეიყვარებ შემოქმედს. შენი სიკეთე გაგიღებს სამოთხის კარს, თავმდაბლობა შეგიყვანს უფლის სავანეში, სიყვარული კი წარგადგენს შემოქმედთან, - წმ. მამების ეს რჩევა ჩვენი ცხოვრების კანონად უნდა ვაქციოთ.
ეს შეიძლება გამოვთქვათ ერთი ყოვლისმომცველი სიტყვით - ჭეშმარიტების მსახურება, რაც, პირველ რიგში, გამოიხატა უფლისადმი ჩვენს უდიდეს სიყვარულში, მისდამი ერთგულებასა და თავგანწირვაში.
ქრისტიანული ოჯახი – ეს არის მცირე ეკლესია, რომელიც დაფუძნებული უნდა იყოს, პირველ რიგში, ღვთისადმი და შემდეგ ერთმანეთისადმი გამოვლენილ ჭეშმარიტ სიყვარულსა და პატივისცემაზე, ხოლო თუ მათ ეს საფუძველი გამოეცალათ, თავს იჩენს ტირანია, რაც ხშირი კონფლიქტის საფუძველი ხდება.