სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები
სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები
ყოველ კაცს უნდა უყვარდეს თვისი ნათესავი, მეუღლე, დედ–მამა, შვილნი, და იმ ზომად უნდა უყვარდეს, რომ ამაში იყოს მისი ნუგეში. თვით ღმერთი გვაცნობებს ჩვენ, რათა გვიყვარდეს მოყვასნი და მონათესავენი ჩვენნი. გარნა შეიძლება, ძმაო, რომ აქაც ზომაზე გადვიდეს კაცი. მართალია, უნდა გვიყვარდეს მახლობელნი ნათესავნი ჩვენნი, გარნა ღმერთი მათზე უმეტესად უნდა გვიყვარდეს. კაცის სიყვარულმან ღვთის სიყვარული არ უნდა დაამციროს ჩვენ გულში. აჰა, მიზეზი, რომლისათვისაც თვით მაცხოვარი გვეტყვის ჩვენ: “რომელსა უყვარდეს მამა ანუ დედა ანუ ცოლი უმეტეს ჩემსა, იგი არა არს ჩემდა ღირს“. სხვაგან მაცხოვარი კიდევ გვეტყვის ამაზე უსაკვირველესსა სიტყვასა: რომელმან არა მოიძულა დედა, მამა, ძენი და მერმეცა თავი თვისი და არა შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს. დედ–მამისა, ანუ თავისა თვისისა მოძულება როგორ შეიძლება, მაგრამ აქედგან ის ისწავლე, ძმაო ჩემო, რომელ საუნჯე ჩვენი არავინ არ უნდა იყოს თვინიერ ღვთისა. ხორციელი არავინ არ უნდა გახადო შენდა საუნჯედ. თუ ისრეთი დრო და გარემოება შეგემთხვია, რომელ დედ–მამის, ანუ ცოლის, ანუ შვილის, ანუ სხვისა ვისიმე სიტყვარული გაგაშორებს შენ ღვთისაგან და წარგწყმედს, მაშინ გირჩევნია დაივიწყო იგინი და განეშორო მათგან და შეუდგე მხოლოდ ღვთის სიყვარულსა.
თემა: სიყვარული ღვთისადმიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
201. ისევე როგორც არას ზრუნავენ ფულისა თუ ქონებისთვის ზენა ძალები, ამგვარადვე არას შფოთავენ უკეთური სულების ბოროტებათა გამო ისინი, რომლებმაც განიწმინდეს მხედველობა სულისა და სათნოება ითვისეს. კიდევ, ისევე როგორც იმათში აშკარად ავლენს თავს ღვთისკენ წარმატებულობის სიმდიდრე, ამგვარადვე აშკარავდება ამათშიც ღვთისადმი ტრფობა და სიყვარული, ღვთისადმი შეკერტება (დაჟინებით მზერა) და ზეაღსვლა, ამასთან ესენი, ზეაღსვლისას საღვთო დაგემოვნებისა და ექსტატური სურვილის შედეგად კვლავ და კვლავ ტრფიალებითა და განუძღომელობით წინგამწვდომნი, არ შეჩერდებიან, ვიდრე არ მიაღწევენ სერაფიმებამდე, არცთუ დაშვრებიან გონებითი მღვიძარებისა და ტრფიალებითი ამაღლებისგან, ვიდრე არ გახდებიან ანგელოზები, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ.
თემა: სიყვარული ღვთისადმიავტორი: წმ. ევსუქი ხუცესი
წყარო: სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი)
154. განწმენდილ და ღვთისმოყვარე სულში მყოფი გონება ჭეშმარიტად ხედავს ღმერთს, _ უშობელს, განუჭვრეტელსა და გამოუთქმელს, ერთადერთს წმინდას გულით განწმენდილთათვის.
თემა: სიყვარული ღვთისადმიავტორი: წმ. ანტონი დიდი
წყარო: სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი)
110. არავის ძალუძს ცას უყუროს და შეიმეცნოს ციურნი, თუ არა მხოლოდ იმ ადამიანს, რომელიც სათნოებით ცხოვრებას ირჩევს, რომელიც იმეცნებს და ადიდებს იმას, ვინც შექმნა ცა ადამიანის ცხონებისა და სიცოცხლისათვის, რადგან ამგვარმა ღვთისმოყვარე ადამიანმა მტკიცედ იცის, რომ ღვთის გარეშე არ არსებობს არაფერი. არის კი ღმერთი ყველგან და ყველაფერში, რადგან შემოუსაზღვრავია იგი.
თემა: სიყვარული ღვთისადმიავტორი: წმ. ანტონი დიდი
წყარო: სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი)
102. ღმერთი კეთილია, ადამიანი - უკეთური. არაფერია ბოროტი ცაში, არაფერია კეთილი მიწაზე (იგულისხმება, რომ რაც მიწისეულია, კერძოდ უსულო ნივთიერებანი, თავისთავად არანაირი სიკეთის შემცველი არაა, თუმცა ადამიანს ძალუძს, რომ კეთილად მოიხმაროს ისინი, რადგან საღვთო ალაგმვის გარეშე, თვითდინებაზე მიშვებული სტიქიონები ყოველივეს ანგრევენ), მოაზროვნე ადამიანი კი უმჯობესს გამოირჩევს და ცნობს ყოველთა ღმერთს, ჰმადლობს და უგალობს მას, და ვიდრე სიკვდილამდე მოძაგებული ჰყავს სხეული, არ ანებებს რა მას დაიკმაყოფილოს უკეთური სურვილები, იცის რა მათი წარმწყმედელობა და ზემოქმედების ძალა.
თემა: სიყვარული ღვთისადმიავტორი: წმ. ანტონი დიდი
წყარო: სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი)