ბოროტი ძალა ებრძვის სიყვარულის მატარებელ ერს, რათა ეს ნიჭი დააკარგვინოს, რადგან იცის, მიზნის მიღწევის შემთხვევაში, უფალს განგვაშორებს; ამიტომაც ამ მადლს განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ და ღმერთთან და ერთმანეთთან სიყვარულის წყალობით გავერთიანდეთ.
უფალი იმიტომ გვაცხოვრებს ამ სოფლად, რომ ღვთისა და მოყვასის სიყვარულმა მთლიანად მოიცვას ჩვენი გული. ამას ელის იგი ყველასგან. ეს არის მიზეზი და მიზანი ქვეყნის არსებობისა
განსაკუთრებული მისია ეკისრებათ ქართველ დედებს. მათ უნდა შეძლონ ცხოვრების გაუკუღმართებული წესის შეცვლა. მათ აკვნიდანვე უნდა ჩაუნერგონ შვილებს ღვთისა და მოყვასის სიყვარული, ერთგულების, თანაგრძნობის უნარი.
უმეტეს ყოველთა შეიყვარეთ ღმერთი, - გვარიგებს ეფრემ ასური, - ვისაც წრფელი გულით უყვარს იგი, მისი გონება მუდამ ზეცისკენ ისწრაფვის, იქიდან იღებს ის სულიერ საზრდოს, იქიდან ნათლდება, იქიდან ივსება იგი ღვთაებრივი სიყვარულის სიტკბოებით
ჭეშმარიტი სიყვარული მოიცავს ქრისტიანის ცხოვრების ყველა მხარეს
ის, ვისი ცხოვრებაც ღვთის რწმენასა და სიყვარულზეა დაფუძნებული, აუცილებლად იქნება ღვთის მოშიში, პატივს მიაგებს მშობლებს, შეიყვარებს მოყვასს, არ მოიპარავს, არ ხელყოფს სხვის სიცოცხლეს, არ დასწამებს ცილს ადამიანს, თავისუფალი იქნება შურისგან, იცხოვრებს ეკლესიურად და უსურვებს ყველას მას, რაც თავისი თავისთვის უნდა, რადგან ჭეშმარიტი სიყვარული მოიცავს ქრისტიანის ცხოვრების ყველა მხარეს, განსაზღვრავს და საფუძვლად ედება ურთიერთობას პიროვნებასა და შემოქმედს შორის, ადამიანთა შორის.
შესანიშნავია წმიდა ისიდორე პელუსიოტის სიტყვები: „თუმცა სიყვარული ღვთისადმი დიდად მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო ძვირფასია შეერთება სიყვარულით მოყვასისადმი. მაგრამ იმისათვის, რომ სხვა შეიყვარო, საჭიროა საკუთარი თავი, ეგოიზმი და სიამაყე დაძლიო“.
სიყვარული აერთიანებს ადამიანს ადამიანთან და ღმერთთან. ასე იქმნება სამი - ღმერთი, შენ და მე. ადამიანები სიყვარულით ერთიანდებიან ერთ მთლიანობაში, ერთ ეკლესიად, ქრისტეს ერთ სხეულად.
რომ შევიცნოთ ღმერთი, აუცილებელია, ვიკითხოთ წმიდა წერილი, წმიდა მამათა შრომები, უნდა ვიაროთ და ვილოცოთ ეკლესიაში, შევისწავლოთ ღვთის ქმნილება - ბუნება და კაცთა მოდგმის ისტორია, შევისწავლოთ ჩვენი სულიერი სამყარო. მაშინ ვიგრძნობთ შემოქმედის უნაპირო სიყვარულს, სიბრძნესა და მიუწვდომლობას, მაშინ ვიგრძნობთ, რომ „უფალი ღმერთი ერთ არს“ და შევიყვარებთ მას ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა და ყოვლითა ძალითა ჩვენითა (მკ. 12, 29–30).
ისევე როგორც სუფთა წყალში მკვეთრად აირეკლება ტყე, მზე, ცა, ასევე სუფთა გულში აისახება ღმერთი. ასეთი გული სულიერად ბეთლემის გამოქვაბულს ემსგავსება. ასეთ გულში იშვება მაცხოვარი და არა მარტო იშვება, მუდმივად დაივანებს იქ.