წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
რადგანაც საკუთარი შენი სინიდისი და ჭკუა, ძმაო ჩემო, გაგრძნობინებს შენ, რომელ სიმართლე უმჯობესია უმართლოებაზედ, სიწმიდე უწმიდურობაზედ, მადლი ცოდვაზედ, აქედან იწყე ძებნა და შეძენა ღვთის სასუფეველისა. ესრეთ, რომელ შეითვისე ის საღმრთო გრძნობა, რომელიც დანერგა ღმერთმან შენს გულში, გააღვიძე იგი, აღაორძინე, გაადიდე საკუთარითა შენი მეცადინეობითა. მცირე ნაპერწკალი, უკეთუ კაცი ეცადა, აღაგზნებს დიდსა ცეცხლსა. მცირე იგი და სუსტი გრძნობა სიმართლისა და მადლისა მეცადინეობითა აღეგზნება დიდ ცეცხლად და განანათლებს მრთელსა შენს ბუნებასა. მრავალნი ღონისძიებანი მოგცა შენ მაცხოვარმან დიდისა ამის საქმისათვის: იგი მისთვის მოვიდა და განკაცნა, რათა აღადგინოს შენში ხატი ღვთისა; მან მოგანიჭა საღმრთო სჯული, საღმრთო წერილი, – უკვდავნი მდინარენი ცხვორებისა და ნათლისა.
მართალია, ცოდვამან მოიპოვა დიდი ძალა და მოქმედება ბუნებასა ზედა კაცისასა, გარნა მაინც ქვეყანაზედ არ იპოვება ისრეთი კაცი, რომელმანც არ იცოდეს განრჩევა შორის ცოდვისა და მადლისა, სიცრუისა და სიმართლისა. ყოველი კაცი ხშირად სცოდავს, გარნა ვგონებ ისრეთი ადამიანი არ იპოვება ქვეყანაზედ, რომელსაცა თავის ჰაზრში და გრძნობაში მაინც სიმართლე და მადლი არ ერჩიოს სიცრუესა და ცოდვასა. მაშასადამე, კაცის ბუნებაში ახლაც არის თესლი ღვთის სასუფეველისა და ყოველი კაცი პირველად თავის სულში და გულში უნდა ეძიებდეს სასუფეველსა ღვთისასა.
სასუფეველი ღვთისა არს შინაგან კაცისა გულსა და სულსა მისსა, ეგრეთვე გარეგან მისსა, საქმეთა შინა კაცთასა. სასუფეველი ღვთისა შინაგან კაცისა არის მსგავსება და ხატება ღვთისა, რომლითა თვით ღმერთმან შეამკო ბუნება კაცისა ჟამსა დაბადებისა მისისასა. თუმცა აწ ბუნება კაცისა არს ფრიად დაცემულ, მსგავსება და ხატება ღვთისა ცოდვათაგან ფრიად დაბნელებულ, გარნა ახლაცა ყოველ კაცს აქვს რომელიმე კვალი და თესლი ღვთის ხატებისა, ანუ ღვთის სასუფეველისა.
სასუფეველი ღვთისა, ძმანო ქრისტიანენო, არის ის ჭეშმარიტება, სიმართლე, სიწმიდე და სათნოება, ანუ ის სულიერი, წმიდა და მადლიანი ცხოვრება, რომელიცა სიტყვით გვასწავა დასაქმითაც გვაჩვენა მაცხოვარმან ჩვენმან და შემდგომად მისა გვასწავეს და გვაჩვენეს ყოველთა მისთა, მადლით მოსილთა წმიდათა. ესრეთ აღწერს თვით საღმრთოცა წერილი სასუფეველსა ღვთისასა.
ვიცით, რომელ აწმყოს ჩვენს დროებაში, არიან მრავალნი სახელმწიფონი; რომელნიმე მათგანნი აღიარებენ სჯულსა ქრისტესსა, გარნა სხვანი არიან ძველითგანვე ურწმუნონი, კერპთმსახურნი, ანუ მაჰმადიანნი. რომელთა სახელმწიფოთა შინა არის ახლა უმეტესი განათლება, წარმატება, კეთილდღეობა და ბედნიერება? ყოველი დიდება და აღმატება არის ახლა ხელთა შინა ქრისტიანეთასა; ხოლო ურწმუნოთა სამფლობელონი არიან დაცემულნი და დაბნელებულნი. ვინც ღრმად განიზრახავს, თუ რაი არს მიზეზი ბედნირებისა პირველთა და უბედურებისა მეორეთა, იგი სცნობს, რომელ პირველნი გაბედნიერდნენ მისთვის, რომ დააფუძნეს მოქალაქობა თვისი და განათლება სასუფეველსა ზედა ღვთისასა და სიმართლესა მისსა, ხოლო სხვათა არ მიიღეს სიმართლე ესე.
თემა: ქრისტიანობაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ვისაც აქვს გონება და გული აღრეული და აღშფოთებული ცოდვათა და ვნებათაგან, მას არ შეუძლიან იყოს ბედნიერად და კეთილად მდგომარე ქვეყანასა ამას შინა; საფუძველი მშვიდობისა და ბედნიერებისა ამის სოფლისა არის მშვიდობა, სიმართლე და მართლმსაჯულება. სადაცა სუფევს უსამართლობა და შფოთი, იქ კაცი ბედნიერი ვერ იქნება და ვერას შეიძენს.
თემა: ბედნიერებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ყოველი გარეგანი მოძრაობა და მოქმედება კაცისა დამოკიდებულ არს შინაგანსა თვისებასა და მიდრეკილებასა ზედა. უკეთუ შინაგანი კაცისა არ არის წესიერად და კეთილად დაწყობილი და განათლებული, მაშინ გარეგანიცა მისი მოქმედება არ იქნება წესიერად წარმართებული.
თემა: ადამიანიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ისმინეთ, ძმანო ჩემნო საყვარელნო, რასა გვეტყვის მაცხოვარი: „ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ“. ესე იგი უპირველესი და უმთავრესი ზრუნვა თქვენი იყოს სიმართლისა და სასუფევლისათვის ღვთისა, ხოლო ყოველი სოფლიური საჭირო ნივთი, ესე იგი საჭმელი, სასმელი, შესამოსელი და სხვა, თავით თვისით და უადვილესად შეგეძინება თქვენ.