ვაჟა ფშაველას მშობელი მამის, მამა პავლე რაზიკაშვილის ქადაგებანი - ციტატები, გამონათქვამები
ვაჟა ფშაველას მშობელი მამის, მამა პავლე რაზიკაშვილის ქადაგებანი - ციტატები, გამონათქვამები ვაჟა ფშაველას მშობელი მამის, მამა პავლე
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
წინათქმა - მამა პავლეს შესახებ
დიდება მაღალ ღმერთს სიცოცხლისათვის, ივერიაში გაჩენისათვის, ამდენი, ასეთი სახელოვანი, გმირი წინაპრებისათვის, „ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა...“? მუდამ გვიკვლევენ, გვინათებენ ცხოვრების გზას, მათი სიტყვანი, საქმენი სამოღვაწეო და საგმირონი. გაუმქრალ კელეპტრებად ანთიან: მოყვასის, მამულის და ღვთის სიყვარულისკენ გვინათებენ, გვიკაშკაშებენ, ვიწროკლდიან, ეკლიან, სიბნელიდან სინათლისკენ მიმავალ გზებს. ერთ-ერთი ასეთი დიდი წინაპართაგანია თავისი ხალხის, მამულისა და ღვთის მსახური, მღვდელი, მამა პავლე რაზიკაშვილი. მშობელი მამა, ჩვენი ერის დიდი სულიერი წინამძღოლის, პოეტისა და მწერლის, ვაჟა ფშაველასი, მისი სახელოვანი და-ძმებისა. მამა პავლე არის ღირსეული მოღვაწე ივერიის სამოციქულო ეკლესიისა, მოძღვარი და კეთილი, ღირსეული მაგალითი, თავისი ხალხისა. „მამა პავლე კარგი პრატორი, ბრძენი და მაღალი ზნეობის ადამიანი იყო. მთიელებს მისი სწამდათ და ენდობოდნენ. მოძღვარი, ფშავ ხევსურეთის მიუვალ სოფლებში ავრცელებდა უფლის სიტყვას, ნათლავდა, აზიარებდა, ქრისტიანული ცხოვრების წესს ამკვიდრებდა თავის სამწყსოში“. აი მის ანდერძთაგან ერთ-ერთი: „მონათლული, მართლმადიდებელი ქრისტიანი, უნდა გაიწმინდოს ცოდვებისაგან და ქრისტეს წმინდა სისხლისა და ხორცის თანაზიარი გახდეს. ქრისტეს რჯული, ლოცვით, მარხვით, აღსარებით და ზიარებით აღესრულება. მხოლოდ ასეთ მსხვერპლს შეიწირავს უფალი“.
გთავაზობთ მამა პავლეს, ჩვენამდე მოღწეულ, გადარჩენილ ქადაგებათა კრებულს და ცხოვრება მოღვაწეობის მოკლე აღწერას. გვსურს, კვლავაც ისმოდეს „წმინდა სიტყვა“, „უშიშრად მოფენილი“, მამა პავლესაგან, საქართველოს მთასა და ბარში, „ბოროტთ საკლავად“, ჩვენს გასაწვრთნელად რჯულში დღესაც ისეთ სატკივარს ვაწყდებით, მთასა თუ ბარში, რაც მამა პავლეს დროს გვიჭირდა, ზოგმა სენმა კიდევ უფრო გაიდგა ფესვი, ახალი სახე მიიღო, ამიტომ დღესაც სუფთა ჰაერივით გვჭირდება, ჩვენი დიდი წინაპრების სწავლა-დარიგებანი, ქადაგებანი. ღმერთმა მოგვცეს ძალ-ღონე, კეთილგონიერება და გულისხმიერება, რათა ჩვენ „საქმით აღვასრულოთ“, რაც „მათ სიტყვით გვითხრეს“, რათა არ ჩატყდეს „ცხოველმყოფელი“ ხიდი და უნაყოფო, საცეცხლედ განმზადებულ ხეს არ ვემსგავსნეთ.
ქადაგება
თქმული 1976–სა წელსა დღესა ამაღლებაზედა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა.
მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, დღეს თქვენ ნამდვილად აღასრულეთ სჯული ქრისტესი, რადგანაც მოხვედით ეკლესიაში და მაისმინეთ უმაღლესი ღვთისმსახურება. ამისთვის მეც, როგორათაც მწყემსი და მოძღვარი, მოხარული ვარ და მსურს, ორიოდე სიტყვა გითხრათ იმაზე, თუ რისთვის არის დაწესებული ეკლესიის კანონით დღესასწაულები, როგორათაც დღევანდელი დღე, ეგრეთვე სხვა დღეებიცა, რომლებსაც ვეძახით საუფლო დღესასწაულებს.
ძმებო, საჭიროა ვიცოდეთ – ნამდვილი ქრისტიანი ამისთანა დღეებში როგორ უნდა იქცეოდეს. ძმებო, თვითეულს დღესასწაულს აქვის საკუთარი მნიშვნელობა. დღევანდელს დღეს ვდღესასწაულობთ იმისთვისა, რომელ უფალი ჩვენი იესო ქრისტე შემდეგ საფლავით აღდგომისა, დარჩა ქვეყანაზე ოცდაცხრამეტი დღე და ეცხადებოდა თავის მოციქულებსა, ასწავლიდა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ხალხში და გაევრცელებინათ ქრისტიანობა. და მეორმოცეს დღეს განიყვანნა მთასა ზედა ზეთისხილთასა, მისცა უკანასკნელი დარიგება, რომელ ეხლა ის მიდის ცაში თავის მამასთან, რომლმაც ის გამოგზავნა, და გამაუგზავნის სული წმინდასა, რომელიც იმით გაანათლებს და გაამხნევებს თავის მოვალეობაში და იქნება თვითონაც უხილავად იმათთან და, რასაც ითხოვენ იმის სახელით ყოველივე შაუსრულდებათ. იმათ მისცემს ისეთ ძალასა, რომელ მკვდართ აღადგენენ, სნეულთ განკურნებენ, ბრმებს თვალებს თვალებს აუხელენ, ეშმაკეულთ განათავისუფლებენ და კოჭლს ფეხებს შეაბამენ; ერთის სიტყვით, რასაც კი ითხოვენ ქრისტესგან. ყოველიფერს იქმონენ და ვერც არავინ რას ავნებს, რაც უნდა სასიკვდინო რამ ასვან : მხოლოდ ისინი იყვნენ მტკიცედ ტავიანთ მოვალეობაში და ქრისტეს რწმუნებაში.
შემდეგ ესრეთის დარიგებასა აკურთხნა იგინი, ესე იგი, დალოცნა, და თვითონა კი ამაღლდა ზეცად, მოეგებნენ ანგელოზნი. აღისვენ ფრთებზედ და წაიყვანეს დიდებით, ხოლო მოციქულნი გაკვირვებულნი უყურებდნენ ზეცად. ამ დროს დაბრუნდა ერთი ანგელოზთაგანი და უთხრა : რას განკვირვებულხართო? თქვენ ესეც იცოდეთო, როგორც ეხლა იხილეთ ზეცად აღმავალიო, ეგრეთვე კიდევაც იხილავთო, რომ აქავეც მოვიდესო. ამითი, ძმებო, ანგელოზმა ის გამოუცხადა, რომელ ქრისტე კიდევაც მოვა ქვეყანაზე, აღადგენს მკვდართა, განარჩევს მტყუანთა და მართალთა; მტყუანთ გაგზავნის ჯოჯოხეთშია, რომელნიც უნდა იტანჯნენ უკუნისამდე, და მართალთ – სამოთხეშია, რომელნიც უნდა დარჩნენ საუკუნოდ განსვენებაშია.
აი, ძმებო ქრისტიანებო, მიზეზი დღევანდელის დღესასწაულისა, რომელიც მოგვაგონებს იმ ბედნიერს დღესა, როდისაც ამაღლდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე.
და აგრეთვე ყოველი დღესასწაული არის ასრე კანონიერად დაწესებული, ესრეთის დიდისა და ბედნიერის შემთხვევის მოსაგონებლად დაწესებული, მაგრამ ეხლა ის არის საჭირო, გავიგოთ, როგორ უნდა იქცეოდეს ნამდვილი ქრისტიანი ამისთანა დღეებშია.
ძმებო, ნამდვილი ქრისტიანი უნდა ყოველთვის ესწრებოდეს ეკლესიაში წირვა-ლოცვაზე და ყურს უგდებდეს, რასა ბრძანებს სახარება, ანუ მოციქული, და რასაც თვითონ გაიგონებს, ხო კარგი, და რასაც ვერ გაიგონებს, კითხავდეს ეკლესიის მოძღვარსა და მისგან შეიტყობდეს იმისთვის, რომ შინ რო მუა, უანბოს თავის სახლობასა და იმათაც გააგებინოს. თავისი თავი წმინდათ შეინახოს, თუ მოჩხუბარი ყავ, შაურიგდეს, რომ სავნები და საზიანო გულში არ გაუჩნდეს; სნეული თუ ვინმე არის, ნახოს, ნუგეში მისცეს, თუ რამე იცის აწამლოს; ობოლთ დაუმწყალობნოს, შეეწივოს ღარიბთა და გლახაკთათვის რამე იზრუნოს, რითაც შეიძლება – საქმითა, თუ სიტყვითა, და რომელიც ქრისტიანი ესრეთ არ იქცევა, ის ნამდვილი ქრისტიანი არ არის. ამისთვის საჭიროა ყოველმა ქრისტიანმა იცოდეს ტავისი მოვალეობა, რომელ უცოდინრობით ღმერთი არ გაარისხოს და მითი მოაკლდეს ღვთის მოწყალებასა. ვეცადნეთ, ძმანო, ყველანი ასე ვიქცეოდეთ, რო ღმერთი შეგვეწიოს, ამინ!
სიტყვა
თქმული 1876-სა წელსა მაისის 28-სა, სოფელ ყერყეტაში, მიცვალებულის ტაბლობაში, მათი, რომელთაცა მთხოვეს - ტაბლა ჩვენმა ხუცესმა დალოცოსო.
ძმებო, ა, მე გატყობთ გწყინსთ, რო ნება არ მივეც თქვენს ხუცესს ტაბლის დალოცვისა. ამისთვის მწადიან, სწორედ შეგატყობინოთ, როდისაც ხუცესი ლოცავს, იმის ლოცვით რა ერგება მიცვალებულსა და როდისაც ხუცესი არ დალოცავს, რა დააკლდება, ან მღვდლის კურთხებით რაღა ერგება. ძმებო, თუმცა თქვენა გგონიათ, როდისაც თქვენი ხუცესი ლოცულობს, ვისთვინაც ისა ლოცავს, მართლა ეს ტაბლა იმას მიუვიდეს და, როგორც ხუცესი ანბობს – თვითონაცა სვას, ჭამოს და თავის ტოლ-ამხანაგებსაც ასვას, აჭამოს და ქეიფი გააწევინოს? აბა, კარგათ გულისხმა ადევნეთ ამ ჩემს ლაპარაკსა, თუ თქვენ მოტყუებულნი არა ხართ თქვენს ფიქრებში. ძმებო, როდისაც კაცი კვდება, ხო ხედავთ, თვითონ თქვენის ხელით მიწაში მარხავთ და იმასაც ხედავთ, როდისაც შვიდი წელიწადი შეუსრულდება მიცვალებულს, მაშინ იმის ძვლებს კი ამაყრით და იმის ადგილას სხვასა მარხავთ. აბა, თქვენ იფიქრეთ, თუ მკვდარნი სჭამენ ანა სმენ.
ძმებო, ეს უნდა იცოდეთ, კაცია შემდგარი სულისა და ხორცისაგან. ხორცი გაკეთებულია მიწისაგან და სული არის ჩადგმული უხილავის ღვთისაგან. როდისაც კაცი კვდება, ხორცითა კვდება და არა სულითა. ხორცი ისევ მიწად იქცევა და სული ისევ ღმერთთან წავა. სული არის უხილავი, ხორციელთაგან უხორცო, როგორც ანგელოზნი არიან უხორცონი და უხილავნი. თუმცა, იმისთვის უფრო გინდათ ხუცესისაგან ტაბლის დალოცვა, რომელ ხუცესის ლოცვა გეყურებათ, რასაც ანბობს : „ეს ტაბლა თქვენამც მოგივათო, თქვენსამც ხელთა და ნებას იქნებაო, როგორც ჩვენს ნებას არისო, ვინც გინდათ, იმასამც დაიწევთო, ტაბლასამც დაუგებთო და თქვენს უნებელადამც კი ნურავინ გეცილებათო“. რაკი თქვენ ამისთანა სიტყვები გეყურებათ ხუცესისაგან, მართალი გგონიათ და გჯერავთ, ვითომც მართლა ისე მოხდება, როგორც ხუცესმა თქვა. ძმებო, ეგრე რო იყვეს, მაგ სიტყვების დასწავლა და თქმა განა მე არ შემიძლიან? მაგრამ ეგრე კი არ არის, როგორც თქვენა გგონიათ.
ესე არის: სანამ კაცი ცოცხალი არის სოფელში, ბევრს ცოდვასა იქს და ბევრს აწყენს ღმერთსა. ვთქვათ : ან იბოზებს, ან იქურდებს, ან კაცს მოკლავს, ან დასჭრის, ან ძალით ვის რასმე წაართმევს, ან ცილს დასწამებს, ან აყვედრებს და გააჯავრებს, ან მაატყუებს, ან იამპარტავნებს, ან ილოთებს ; ერთის სიტყვით, რაც აკრძალული გვაქვს ღვთისაგან, იმისი დარღვევა ყველაფერი ცოდვა არის. და როგორათაც სააქაოს ხელმწიფისა და მის სჯულის წინააღმდეგს კაცებს დაიჭერენ ციხეში, ანუ გაგზავნიან ცინბირსა, ისე, როდისაც კაცი მოკვდება, თუ ცოდვა რამ შაყვა, იმის სულს დაიჭერენ და ჩააგდებენ სულების სატუსაღოშია, ესე იგი, ჯოჯოხეთშია. ამისათვის მიცვალებულის პატრონს ვალი აქვს, ისეთი შუაკაცი უნდა შაუყენოს ღმერთსა, რო იმის თხოვნას პატივი დასდვას, ხათრი შაუნახოს და ის მოდანაშავე სული განათავისუფლოს და მართალის კაცების სულებთან დააყენოს. ჯერეთ აქ რო ვინმე მთავრობამ დაიჭიროს, მისი მეპატრონე ცდილობს, კარგი შუაკაცი იპოვოს და, ვინც დაიჭირა, გააშვებინოს; მაგრამ ესეც უნდა ვიცოდეთ, როგორი შუაკაცი გამოადგება იმასთან, ვისგანაც დაჭერილია. განა ის უფრო გამოდგება, რომელიც უფრო უყვარს და მახლობელი მეგობარია ტუსაღის დამჭერისა? მაშ თუ ხორცილეს კაცთან უბრალო კაცი არ გამოდგება შუაკაცად, ეგრეთვე უფრო არ გამოდგება უბრალო კაცი ღმერთთანა.
ძმებო, უნდა იცოდეთ, მღვდელი ღვთისაგან არის დაყენებული და ნება აქვს მიცემული შუაკაცობისა, ვისთვისაც უნდა შუაკაცობა – ცოცხლისთვინა თუ მკვდრისთვინა – უნდა მღვდელი აშუაკაცოს კაცთა, ღმერთთანა.
მღვდელი როდისაც ტაბლას აკურთხებს, მაშინის ღმერთს ევედრება : ესა და ეს სული განათავისუფლეო, თუ რომელისამე დანაშაულისთვინ დაჭერილი გყავსო, და, სადაც მართალი კაცების სულებია, იქ დააყენეო.
როდესაც, ძმებო, მღვდელი შინ არ არის, მაშინაც დიდად უნდა წუხდეთ და, სადაც იყვეს, მოძებნოთ, არათუ მღვდელი აქა გყავთ და კიდენ იმას მთხოვთ, ჩვენმა ხუცესმა დალოცოსო. ესეც რატო არ იცით, თუკი უმღვდლოდ საქმე გაკეთდება, მთავრობა როდი გამოგზავნის. უნდა ისწავლოთ და ქვეყანად მიხედოთ, მართალი ქრისტიანები როგორ იქცევიან; ან მკვდარს როგორა მარხავენ და ან ღმერთს როგორ ადიდებენ, და თქვენც ისე მოიქეცით.