ავტორი:
ილია II
თემა: მოთმინება, გაღიზიანება
სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების წარმომადგენელთა უმრავლესობას არათუ დიდი, არამედ მცირეოდენი მოთმინების უნარიც კი აღარ შესწევს. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ყოფა სამოთხედ არასოდეს იქცევა, რადგან, როგორც წმიდა იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს: "ყოველი სოფელი ბოროტსა ზედა დგას" (I ინ. 5,19); ამ ქვეყნად პრობლემები არ დაილევა, რადგან ბოროტება ებრძვის სიკეთეს და ამ ბრძოლის მთავარი ობიექტი არის ადამიანი. დედამიწაზე განსაცდელისა და ტკივილის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია; წარმოუდგენელია პიროვნება, რომელსაც არ მოუწევს დემონებისაგან წაქეზებული ავი და გაბოროტებული ადამიანების თავდასხმებთან გამკლავება. აი, ამ დროს აუცილებელია, გამოიჩინოთ კეთილგონიერება და მოუხმოთ მოთმინებას, რომ არ მიაგოთ ბოროტი ბოროტისა წილ. თქვენი მოთმინების მტკიცე კედელი აისხლეტს დემონის ისრებს, დაგიცავთ და დაგიფარავთ სულიერი დაცემისაგან. სოლომონ ბრძენიც ასე გვარიგებს: "დამთმენი კაცი გონიერია, ის კი, ვინც ადვილად ღიზიანდება, სიბრიყვეს ავლენს" (იგავ. 14,29). მოთმინებასთან ერთად აუცილებელია, რომ ავისმოსურნე ან თქვენზე ავისმთქმელი ადამიანი კი არ გძულდეთ, არამედ გებრალებოდეთ, როგორც ეშმაკის ცდუნების მსხვერპლი და მისთვის ილოცოთ.