image

თემა: მდუმარება,  მოთმინება

551. იმავე ძმამ მეორე ბერს ჰკითხა: ვინაიდან მე სადურგლო სამუშაოებში სარგებელს ვერ ვღებულობ და ის მრავალ შფოთსა და მწუხარებაში მაგდებს. აზრი მეუბნება: თუ ცხონება გსურს, საერთო საცხოვრებლიდან გამოდი და მამათა სწავლების მიხედვით, მდუმარებას შეუდექიო.
ძმაო! შენ უკვე გითხრეს, რომ შენთვის სასარგებლო არაა საერთო საცხოვრებლიდან წასვლა, და კვლავ გიმეორებ, როგორც კი წახვალ, დაეცემი. თუმცა, თავად იცი, რას აკეთებ. და თუ ჭეშმარიტად ცხონება გსურს, მაშინ სიმდაბლე, მორჩილება და თვინიერება, ანუ საკუთარი ნების მოკვეთა მოიხვეჭე და ზეცაშიც და მიწაზეც იცოცხლებ. რაც შეეხება დუმილს, რომელზეც მამები საუბრობენ, შენ არ იცი და ბევრმაც არ იცის რა არის ის. დუმილი ბაგეებით გაჩუმებას არ ნიშნავს; ვინაიდან ერთი ადამიანი ათას სასარგებლო სიტყვას ამბობს და ის მას დუმილში ერაცხება, ხოლო მეორე ერთ ამაო სიტყვას იტყვის და ეს მას მაცხოვრის სწავლების გაქელვაში ეთვლება, რადგან თავად მან თქვა: „ყოველი სიტყუაი უქმი, რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუაი მისთვის დღესა მას სასჯელისასა“ (მათე 12, 36). შენ ამბობ, სადურგლო სამუშაოებიდან არანაირ სარგებელს არ ვიღებო, მაგრამ დამიჯერე ძმაო, შენ თვითონაც არ იცი იღებ თუ არა სარგებელს. ეს კი სხვა არაფერია, თუ არა დემონებისაგან დაცინვა, რომლებიც შენს აზრს იმას უჩვენებენ, რაც სურთ, რათა შენი ნება აისრულო და მამებს არ მოუსმინო. ვისაც ჭეშმარიტებაში განმტკიცება სურს, ის მამებს ეკითხება: „საზიანოა თუ სასარგებლო ჩემთვის ესა თუ ის საქმე?“. სწამს, რასაც ისინი ეუბნებიან, და აკეთებს იმას, რაც მისთვის სასარგებლოა. მრავალნი ფულს იხდიდნენ, რომ თვინიერებას და მოთმინებას მიჩვეულიყვნენ, შენ კი ფულის გარეშე სწავლობ მოთმინებას, უფლის სიტყვის თანახმად: „მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი“ (ლუკა 21, 19). ჩვენ ჩვენს შეურაცხმყოფელს, უნდა ვუმადლოდეთ, რათა მისი მეშვეობით მოთმინებას ვიძენთ. შენ კარგ ადგილზე იმყოფები. დაე, ნუ გაცდუნებს ეშმაკი. უფალი შეგეწიოს, ამინ.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები