image

თემა: მოთმინება,  უსამართლობა

წმიდაო მამაო, არის უხინჯო ის სიხარული, რომელსაც განვიცდი, თუ რაიმე დანაშაულის გამო შემახურებენ?
უცქირე უდრტვინველად, მაგრამ სიხარულით და იმეორე: - "დიდება შენდა ღმერთო, სწორედ ამას ვიმსახურებ"! საკუთარი წინდაუხედაობის გამო რომ დაისჯები, ამით ნახევარ სიხარულს მიიღებ, მაგრამ თუ დაუმსახურებლად გლანძღავენ, - შენი მხრიდან სრულიად უმიზეზოდ და სასჯელს კეთილი ზრახვებით იწყნარებ, მაშინ შენი სიხარული სრული იქნება. მე იმისკენ კი არ გიბიძგებ, რომ უსამართლოდ მოპყრობა შენით მოითხოვო, იმიტომ, რომ ასეთ დროს ეშმაკი ამპარტავნებისკენ გიბიძგებს, არამედ, იმას უნდა ესწრაფოდე, რომ მიიღო უსამართლობა, როდესაც თავისთავად მოვა და გახარებდეს ის.
    
    უსამართლობასთან მიმართებაში ოთხი სტადია არსებობს. მაგალითად, ვიღაც უსამართლოდ გცემს. თუ შენ პირველ სტადიაზე იმყოფები, მას სამაგიეროდ ურტყამ, თუ მეორეზე ხარ, ძალინ აღელდები, მაგრამ თავს იკავებ და არაფერს ამბობ. მესამე სტადიაზე შენ უკვე აღარც შფოთავ, ხოლო, - უდიდეს ბედნიერებას გრძნობ და ხარობ სულით. თუკი ადამიანს რაიმეში უსამართლოდ ადანაშაულებენ, იგი, როდესაც დაამტკიცებს, რომ დამნაშავე არ არის და საკუთარი თავის რეაბილიტირებას მოახერხებს, დიდ კმაყოფილებას განიცდის. ასეთ შემთხვევაში მისი სიხარული ამსოფლიურია, მაგრამ თუ უსამართლობას სულიერად მიუდგება და საკუთარი უდანაშაულობის მტკიცებას არ შეეცდება, ის განიცდის სულიერ სიხარულს. ანუ, ასეთ შემთხვევაში მას საღმრთო ნუგეში ეძლევა და ღვთის დიდება მის მდგომარეობად იქცევა. იცით, როგორ სიხარულს გრძნობს ადამიანის სული, როდესაც მას უსამართლოდ გაანაწყენებენ და თვითონ კი ამ დროს თავის მართლებას არ მოყვება, არ ცდილობს იმის მიღწევას, რომ მას "ყოჩაღ" ან "ბოდიში" უთხრან?! და სიხარული, რომელსაც ეს სული ამჟამად - უსამართლობის დათმენით გრძნობს, უფრო დიდია, ვიდრე ის თავისმართლება რომ განაცდევინებდა. ვინც ამ მდგომარეობას აღწევს, მოწინააღმდეგისადმი მადლობის გრძნობით არის განმსჭვალული იმ სიხარულის გამო, რომელიც მან მიწიერ ცხოვრებაში მიანიჭა, ასევე იმ სიხარულისთვისაც, რომელსაც მარადიულ ცხოვრებაში მიიღებს. და რაოდენ განსხვავდება სულიერი - ამსოფლიურისაგან!
    
    სულიერ ცხოვრებაში ათვლის სხვა სისტემა არსებობს. თუ რომელიმე უბრალო ან ულამაზო ნივთს შენთვის იტოვებ, თავს შესანიშნავად გრძნობ, ხოლო თუ მას სხვას მისცემ, ცუდად იგრძნობ თავს; თუ უსამართლობას უდრტვინველად იღებ და მოყვასს ამართლებ, მაშინ მთელი გულით იწყნარებ მრავალგზის უსამართლოდ შეურაცხყოფილ ქრისტეს, მაშინ მოქმედი სულიერი კანონის მიხედვით ქრისტე შენი გულის :არენდის ვადას აგრძელებს", თავად იქვე რჩება და მშვიდობითა და სიხარულით გავსებს. ჰოი, ჩემო საყვალებო, თქვენც ეცადეთ, რომ ეს სიხარული გამოსცადოთ! ისწავლეთ, რომ საერო სიხარულით კი არ ხარობდეთ, არამედ ამით - სულიერად. როდესაც ამს ისწავლით, ყოველდღიურად აღდგომა გექნებათ.
    
    არ არსებობს უდიდესი სიხარული, ვიდრე ის, რომელსაც უსამართლობის დათმენისას იღებ. რა კარგი იქნებოდა, ადამიანები რომ უსამართლოდ მექცეოდნენ! მთელი გულწრფელობით გეუბნებით: უტკბესი სულიერი სიხარული სწორედ უსამართლო მოპყრობის დროს განმიცდია.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები