ავტორი:
წმ. ილია მართალი
თემა: სინანული, აღსარება
დადგა მარხვა სინანულისა, მოვიდა დღე განკითხვისა, იმ განკითხვისა კი არა, რომელსაც საშინელი განკითხვა ჰქვიან და რომელსაც ჯოჯოხეთი და "ღრჭენა კბილთა" მოსდევს, არა ბატონებო, ეს იმისთანა განკითხვაა საცა თითონ ბრალეული თავისის-თავის გამკითხველია და მსაჯული, "კბილთა ღრჭენას" და ჯოჯოხეთს ადგილი არ ექნება. აქ მხოლოდ ის არის საჭირო, რომ კაცმა თავისი ცოდვები ჩამოთვალოს და სთქვას: ვინანიო, რაკი ეგრეა, ყველა კაცი უნდა დაუფიქრდეს თავის წარსულს ცხოვრებას თავისი ცოდვა-მადლის გასარჩევად, თუ სურს ქრისტიანული წესი აღასრულოს და დრო სინანულისა ტყუილ-უბტრალოდ არ გააქარწყლოს.