image
ავტორი: ილია II

თემა: ახალი წელი


საახალწლო ეპისტოლე - 1982

სრულიად საქართველოს ღვთივკურთხეულ შვილებს!


    უსასრულო ჟამთმდინარებას შეერთო მადლშემოსილი ძველი წელი და უფლის ნებით ზეგარდამოვიდა ქვეყნად ახალი, 1982 წელი.
    წარსულ წელს ქართველმა ერმა იაკობის ძალა გამოავლინა შრომაში, მეცნიერებაში, ტექნიკაში, სულიერ ცხოვრებაში ჩვენი სამშობლოს ბედნიერი მომავლისათვის, - მერმისი დღისათვის, რომლისთვისაც ბრძანებს მოციქული პავლე: ეგრეთცა აღდგომაჲ მკუდართაჲ: დაეთესვის ხრწნილებით და აღდგების უხრწნელებით; დაეთესვის გინებით და აღდგების დიდებით; დაეთესვის უძლურებით და აღდგების ძლიერებით; დაეთესვის ჴორცი მშჳნვიერი და აღდგების ჴორცი სულიერი (1 კორ. 15,42-44).
    სამშობლოს უკეთესი მომავლისათვის მეცადინეობა ყოველი ჩვენგანის ვალია. რათა "ივერი აღდგეს ძლიერი და დადგეს ერად სხვა ერთა შორის. წმიდით საყდარით, ენით მდიდარით, სწავლისა შუქით განათებული!.." ეს ეხება ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროს, როგორც სულიერს, ისე მატერიალურს, პირველყოვლისა, ეს ეხება ქართულ ენასაც.
    ძველქართული პოეზიის ბწყინვალე ძეგლის, "ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲს", ავტორი ღირსი მამა იოანე-ზოსიმე ამბობს: "და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქვიან".
    წმიდა ოთხთავის მიხედვით, ლაზარე მეგობარი იყო ქრისტესი. იგი მკვდრეთით აღადგინა მაცხოვარმა, ხოლო მის დებს, როგორც ძმის ჭირისუფლებს, სამარადისო ცხოვრება აღუთქვა. აზრი ნათელია, ღმრთის ნებით, ქართული ენა მკვდრეთით აღდგენილ წმიდა ლაზარესთან არის გაიგივებული, ხოლო მის ჭირისუფლად შერაცხულია მთელი ქართველი ერი, რომელიც ვალდებულია დღენიადაგ უფრთხილდებოდეს, ზრუნავდეს მისთვის, ვითარცა მართალი იოსები იფარავდა მტერთაგან ჩვილ ყრმას, მაცხოვარს ჩვენსას იესო ქრისტეს.
    მადლობა უფალს, ჩვენს კურთხეულ მიწა-წყალზე წინაპართა ნაკვალევი სანთლით საძებარი არა გვაქვს. მიწიერი საქართველოს მთა და ბარიდან 15 ათასზე მეტი ისტორიული ძეგლი შეღაღადებს ზეციურ საქართველოს! ქართველი კაცი სადაც ბარს დაჰკრავს, დღის სინათლეზე გარდასული დიდების უტყვი მოწმენი ამობრწყინდებიან. ყოველი მათგანის მდიდარ ისტორიას მხოლოდ ძუნწი წარწერა გვამცნობს. დგას ქართველი კაცი დიდებული ქართული ტაძრის წინაშე და რაოდენ სავალალოა, რომ მასზე ამოტვიფრულ წარწერას ვერ კითხულობს. სამწუხაროა, რომ დღეს ძველქართული (ასომთავრული და ნუსხა ხუცური) მხოლოდ ენათმეცნიერების საქმედ იქცა.
    გვახსოვდეს, ასომთავრული და ნუსხა-ხუცური დამწერლობის ხმარებიდან განდევნით ჩვენივე ნებით ვაშენებთ ყრუ კედელს წარსულსა და მომავალს შორის. თანამედროვე ქართველი კაცისათვის თანდათან უცხო და გაუგებარი ხდება უძველესი ქართული გამოცემები, თუმცა ისინი იმავე ღვთიური მადლით გასხივოსნებული, დინჯი და დარბაისლური ქართულით გვიამბობენ ერის გარდასული ცხოვრების ჭირსა და დალხინებას.
    ჯერ კიდევ მე-10 საუკუნეში ჩვენს დიდ წინაპრებს მთელი სიღრმით შეუცვნიათ მშობლიური ენის საღვთისმეტყველო ბუნება და რელიგიური ძალისხმევა: "დამარხულ არს ენა ქართული დღემდე მეორედ მოსლვისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა". ღვთის შთაგონებით ასეთი განუზომელი მისია დააკისრეს ქართულ ენას ქრისტიანობის შესანიშნავმა აპოლოგეტებმა, რიაც ავალებს ყოველ ქართველს, უძველეს ანბანთა - ასომთავრულისა და ნუსხა ხუცურის ცოდნას.
    სასიხარულოა, რომ დღეს ჩვენი ხალხი პატრონობას უწევს ისტორიულ ძეგლებს, აღადგენს და მეორე სიცოცხლესაც უბრუნებს მათ. ამ ღვთიურ და ეროვნულ საქმეში გადამწყვეტი სიტყვა ახალგაზრდობას ეკუთვნის. კარგი იქნებოდა, თუ ასეთივე შემართებით დაეუფლებოდა იგი ძველქართულ დამწერლობას, რათა ყოველ ახალ ძეგლთან შეხვედრისას აღარ დაგვჭირდეს ენის სპეციალისტთა მოხმობა ტაძრისა და მონასტრის კარიბჭეზე აღბეჭდილი წარწერის ამოსაკითხად.
    ჩვენი სამეცნიერო დაწესებულებები სათანადო ყურადღებას უთმობენ ძველქართული დამწერლობის გავრცელების საქმეს, მაგრამ ქართული ანბანის ტაბულებისა და პარალელური ტექსტების გამოცემა არ მოგვცემს იმდენ სარგებლობას, რამდენსაც ძველი დამწერლობის თანმიმდევრული შესწავლა.
    ყოველმა საშუალო სკოლადამთავრებულმა უნდა იცოდეს ასომთავრული და ნუსხა ხუცური წერა-კითხვა. ამ საშვილიშვილო საქმეში დაუფასებელი დახმარების გაწევა შეუძლიათ ძველი ქართული ენის მასწავლებლებს.
    დღეს წმიდა ეკლესია ერთადერთი სავანეა, სადაც მოკრძალებით შეფარებულია და ყოველდღიურად იკითხება ძველქართული დამწერლობა, რამეთუ ყველა საეკლესიო წიგნი ხუცურადაა დაბეჭდილი. უფლის შემწეობით, ჩვენს ერში მორწმუნენი მრავლად არიან, მაგრამ ძველქართული დამწერლობის მცოდნენი მცირედნი: ქართველ მრევლში იშვიათად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც შეეძლოს მედავითნეობა გაუწიოს მოძღვარს, რაც ბევრ დაბრკოლებას უქმნის წირვა-ლოცვის დაყენებას.
    ვთხოვ ქართველ მორწუნეთ, გამოიჩინონ სიბეჯითე და გულმოდგინება, შეისწავლონ ასომთავრული და ხუცური დამწერლობა. არ მოშალონ ხიდი - აკვედუკი, გადებული სახელოვან წარსულსა და ბედნიერ მომავალს შორის, როგორც ერთადერთი გზა, რომლითაც მოაღწია ჩვენამდე ენამ, რწმენამ და ქართველი კაცის გენიამ.
    ძველქართული დამწერლობის ცოდნა ყოველი ქართველის ვალია. იგი ფარად და მახვილად ეპყრა მოციქულთა სწორ წმიდა ნინოს, რომელმაც ქართველი ერი საბოლოოდ აზიარა ქრისტეს რწმენას. ძველქართულ ენაზე მეტყველებდნენ ქართველი წმიდანები; ღირსნი მამანი და დედანი, რომელთა ღვაწლი განუზომელია ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოსთვის, მისი წარსულის, აწმყოსა და მომავლის ნათელყოფაში.
    საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ღვთივკურთხეულო შვილებო, გისურვებთ მზეგრძელობას სულიერებასა და ქრისტესმიერ სიყვარულს. შევთხოვ ქვეყნის შემოქმედს, ახალი წელი ყოფილიყოს საწინდარი მარადიული მშვიდობისა, რათა 2000 წელს ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს დედამიწაზე მოსვლის ოცსაუკუნოვან სიხარულს ჩვენი პლანეტა შეხვდეს აყვავებული და სვებედნიერი. ამ ახალმა წელმაც გაგიღოთ კარნი ახალ მიღწევათა, კვლავაც მშვიდობის მზის ქვეშ იფურჩქნებოდეს ერის ცხოვრება.
    ნეტარ იყვნენ მშჳდობის-მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისად იწოდნენ (მათე 5,9). სულგრძელ იყავით ყოველთა მიმართ; კეთილს უყოფდეთ ურთიერთს; სულსა ნუ დაივიწყებთ; ღმერთისა მიმართ ილოცვიდეთ; მარადის გიხაროდენ!
    ღმერთი თქვენთან არს ყოველთა დღეთა და უკუნითი უკნისამდე. ამინ!
    
    1982 წელი, იანვარი.
    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II